Blog

  • კუპრაძე და თევზაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

    კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე და კოალიცია ცვლილებების წევრი, თენგო თევზაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ორივე მათგანი პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას ითხოვენ.

    • “ქართული ოცნება აგრძელებს საგამოძიებო ფარსს პროკურატურის მონაწილეობით.
      დამირეკეს და დამიბარეს გამოკითხვაზე პროკურატურაში. რა თქმა უნდა პროკურატურას ვუცხადებ უნდობლობას. თუმცა, მზად ვარ, სასამართლოში, მაგისტრატ მოსამართლესთან წარვადგინო და ვამხილო ქართული ოცნების გაყალბების სქემა”. – წერს კუპრაძე სოციალურ ქსელში.
    • “პროკურატურაში დამიბარეს არჩევნების გაყალბების საქმეზე. რა თქმა უნდა არ ვაპირებ არჩევნების გაყალბების საკითხზე პროკურატურაში მისვლას (იქ მისვლა ჩემთვის არ იქნებოდა არანაირი პრობლემა ჯერ ქოცები და საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები რომ გამოეკითხათ და რეალური მოტივაცია რომ ჰქონდეთ გამოძიების), მოვითხოვე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა. ძალიან ვხალისობ, ჯერ თენგო, თენგოო “ვითომ კამპანია” ააგორეს ახლა მოგვიყევი/გვასწავლე როგორ გაყალბდაო. აუცილებლად მოვყვები, ამ გამოძიების არ მჯერა და ოცნების მხრიდან ფორმალურ სახეს ატარებს (საერთაშორისო პარტნიორებისთვის არის, აი ვიძიებთ და არაფერი არ დადასტურდაო) მაგრამ ეს გამოძიება აუცილებლად განახლდება და დაადგენს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას”. – წერს თევზაძე.

    პროკურატურაში ასევე დაიბარეს კოალიცია ძლიერი საქართველოს კიდევ ერთი ლიდერი, საბა ბუაძეც. ბუაძე,  გამოკითხვას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვს.

  • ოპოზიციური კოალიციები ხვალ 15:00 საათზე საპროტესტო მსვლელობას გამართავენ

    3 ოპოზიციური კოალიციის გაერთიანება ხვალ, 9 ნოემბერს, 15:00 საათზე საპროტესტო აქციას აანონსებს. საპროტესტო მსვლელობა ორი ლოკაციიდან – მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და მეტროსადგურ მარჯანიშვილიდან დაიწყება.

    “საერთო სახალხო საპროტესტო მსვლელობა! 9 ნოემბერს, 15:00-ზე ვიკრიბებით ორ ლოკაციაზე, საიდანაც დაიწყება მასობრივი მსვლელობა თბილისის ქუჩებში. მეტროსადგური მარჯანიშვილი! მეტროსადგური სახელმწიფო უნივერსიტეტი! შემოგვიერთდით!”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • ივანიშვილი დგას ყველა პროცესის უკან, ვიცით რამდენად ღრმაა მისი ურთიერთობა რუსეთთან! – გიტანას ნაუსედა

    ეს პიროვნება [ბიძინა ივანიშვილი] დგას ყველა ამ პროცესის უკან. ვიცით რამდენად ღრმა და ინტენსიურია მისი ურთიერთობა რუსეთთან. ესაა მიზეზი რატომაც ვლაპარაკობთ არამხოლოდ ევროკავშირთან დაშორებაზე, არამედ დაახლოებაზე რუსეთთან. შუალედურ გზას ვერ აირჩევ. თუ იღებ გადაწყვეტილებას, დგამ გეოპოლიტიკურ ნაბიჯებს, შუაში ვერ დადგები. მარტივია, მიდიხარ დასავლეთისკენ ან აღმოსავლეთისკენ.

    განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ევროკავშირის ლიდერების არაფორმალურ სამიტზე ჟურნალისტების კითხვის პასუხად.

  • შოლცს თავისი პრობლემები აქვს, კოალიცია დაეშალა და როგორ მოიცალა საქართველოსთვის, არ ვიცი – კობახიძე

    შოლცს თავისი პრობლემები აქვს, კოალიცია დაეშალა და როგორ მოიცალა საქართველოსთვის, არ ვიცი – კობახიძე

    „პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ოლაფ შოლცს თავისი პრობლემები აქვს და როგორ მოიცალა საქართველოსთვის არ ვიცი. მას დაეშალა კოალიცია, უახლოეს მომავალში დაინიშნა რიგგარეშე არჩევნები. მგონი, გერმანიის კანცლერს უფრო მეტად უნდა ეცალოს საკუთარი პრობლემებისთვის და არა საქართველოს თემებთან დაკავშირებით აკეთებდეს განცხადებებს – ეს ერთი. რაც შეეხება ორ კანონს – პირველი დავიწყებ მეორე თემიდან, ეს არის ოჯახური ღირებულებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი. ეს კანონი არის უმარტივესი და სინამდვილეში ერთადერთ რამეს ემსახურება, რომ საქართველოში არ უნდა წარმოებდეს ლგბტ პროპაგანდა. ქალს უნდა ერქვას ქალი, კაცს უნდა ერქვას კაცი. არის არა ერთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მაგალითად, სადაც ქალს შეუძლია მივიდეს საჯარო რეესტრში თუ სამოქალაქო რეესტრში და შეუძლია გადაეწეროს კაცად, ან კაცი შეიძლება მივიდეს რეესტრში და შეიძლება გადაეწეროს ქალად. ეს არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი. ეს არის ერთი პუნქტი, რასაც ეხება ეს კანონი. თუ ვინმეს დაამტკიცებს რომ ეს არის ჯანსაღი მოვლენა, რომ ქალი რომ ხარ შეგიძლია მიხვიდე და ჩაეწერო კაცად, ან კაცი რომ ხარ შეგიძლია ჩაეწერო ქალად, მაშინ კი ბატონო, გავაუქმოთ ეს კანონი. თუ ამას დაგვიმტკიცებენ, რომ ეს არის ჯანსაღი მოვლენა, შემიძლია ხვალ წარმოვიდგინო საკუთარი თავი მაგალითად, რომელიმე ცხოველად და რატომ არ უნდა ჩავეწერო ასეთად?! ან რატომ არ უნდა გაუქმდეს ჩემი როგორც ადამიანის რეგისტრაცია, ხომ?! ამ დონის აბსურდზეა საუბარი. ასევე საუბარია იმაზე, რომ ბავშვებში არ არ შეიძლება წარმოებდეს ლგბტ პროპაგანდა, არ შეიძლება ეს მოხდეს საბავშვო ბაღებში და სკოლებში, არ შეიძლება ტელევიზია, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იყოს გამოყენებული ლგბტ პროპაგანდისთვის. ჩვენი აზრით, ეს არის ჯანსაღი კანონი თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ საპირისპირო რამე არის ჯანსაღი, კი ბატონო, ვიმსჯელოთ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ზოგადად, საზოგადოება როცა ამ ყველაფერს უყურებს, მე არ მგონია, რომ კარგი შთაბეჭდილება რჩებოდეს. არ შეიძლება ევროპელი ლიდერები მოგვიწოდებდნენ ამას, რომ ქალი ქალი არ არის და კაცი კაცი არ არის“,

    ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც საფრანგეთის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერის და პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ერთობლივი განცხადება შეაფსა, სადაც ევროპელი ლიდერები საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო შეშფოთებას გამოხატავენ და ხელისუფლებას კურსის შეცვლისა და რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ.

  • საქართველოს გზა ევროპისკენ მისმა ლიდერებმა შეაჩერეს! – ესტონეთის პრემიერი

    „გულწრფელად რომ ვთქვა, ბოლოს ჩატარებული არჩევნები არ განიხილება, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. უნდა ვთქვათ, რომ ევროპისკენ საქართველოს გზა მისმა ლიდერებმა შეაჩერეს. ასე რომ, ჩვენ ამას განვიხილავთ“

    ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე, ამის შესახებ, ჟურნალისტებს განუცხადა.

  • საქართველოში ჩატარდა არჩევნები, რომელზეც არის გაყალბების სერიოზული ეჭვები! – შარლ მიშელი

    “პირველ რიგში, მე ვიცი ქართველი ხალხის გულწრფელი მისწრაფება, რომ გახდნენ ევროკავშირის წევრები. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ, როცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ საქართველოს.  მეორეს მხრივ, საქართველოში ჩატარდა არჩევნები, რომელზეც არის გაყალბების სერიოზული ეჭვები და ყველაფერი უნდა იქნას გამოძიებული.

    ჩვენ გვჭირდება დარწმუნება, რომ ყველაფერი გაკეთებული იყო სამართლიანად და გამჭვირვალედ, რაზეც ახლა სერიოზული ეჭვები არსებობს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. მე იმედი მაქვს, რომ მექნება შესაძლებლობა მოსაზრებები გავუზიარო პრემიერმინისტრს ამ საკითხთან დაკავშირებით.”

    აცხადებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი.

  • შოლცი და მაკრონი ვის დაუჭერენ მხარს, რატომ არის მნიშვნელოვანი?! – მაჭარაშვილი

    ” შოლცი და მაკრონი ვის დაუჭერენ მხარს, რატომ არის მნიშვნელოვანი?!” – ასე უპასუხა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერის და პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ერთობლივ განცხადებაზე დასმულ კითხვას, სადაც ევროპელი ლიდერები საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო შეშფოთებას გამოხატავენ და ხელისუფლებას კურსის შეცვლისა და რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ.

    “მე არ ვიცი, რა გრძნობა შეიძლება დაეუფლოს ევროპის წამყვანი სახელმწიფოს ლიდერს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს საკითხს განიხილავს და მეორე დღეს კოალიცია დაეშლება და არჩევნები დაინიშნება.

    არ მესმის, მაკრონის, რომლის პარტიაც მეორე ადგილას გავიდა და არჩევნები დასჭირდა. შოლცის პარტიაc მესამე ადგილზე გავიდა და საერთოდ კოალიცია დაეშალა. ისინი რატომღაც საქართველოს არჩევნებისთვის იცლიან. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ფარსია, მათ ავალებენ და ამიტომაც ამბობნენ!

    მინიმუმ კომიკურია – ამას ქართული და გერმანული საზოგადოება უყურებს.

    შე დალოცვილო, შენი მთავრობისთვის ვერ მიგიხედავს, კოალიცია თავზე დაგემხო და არჩევნები დაგენიშნა – რა საქართველოს არჩევნებზე ლაპარაკობ, როდესაც ეუთო/ოდირმა დაგიწერა, რომ აქ ნორმალური არჩევნები ჩატარდა.

    საფრანგეთისა და გერმანიის მსგავსად, ბაიდენის ადმინისტრაციაც გვემუქრებოდა და მიიღეს ტრადიციული, ოჯახის ღირებულებების დამცავი ადამიანი პრეზიდენტად.

    პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება, რომელმაც “ქართულ ოცნებას“ 54%-ით მხარი დაუჭირა. ამ კანონების უკან ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა დგას – კეთილი ინებონ, ქართულ საზოგადოებას პატივის სცენ და თავის საქმესა და თავის სახელმწიფოს მიხედონ – ჩვენ გვინდა პარტნიორული ურთიერთობა და არა ვასალური დამოკიდებულება!“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

  • 2024 წელს ყურძენს სულ 23 კომპანია ჩაიბარებს, აქედან 11 “ოცნებასთანაა” დაკავშირებული და მათ ბიუჯეტიდან 5.5 მლნ გადაუხადეს – “ფლანგვის დეტექტორი”

    “ფლანგვის დეტექტორი” აცხადებს, რომ 2024 წელს ყურძენს სულ 23 კომპანია ჩაიბარებს, აქედან 11 “ოცნებასთანაა” დაკავშირებული და მათ ბიუჯეტიდან 5.5 მლნ გადაუხადეს.

    “2024 წელს რთველის სუბსიდირების პროგრამიდან შესყიდული ყურძნის გადასამუშავებლად  8.97 მილიონი ლარის შესყიდვა განხორციელდა, საიდანაც 5.5 მილიონამდე მილიონი ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ ან ქართული ოცნების შემომწირველ კომპანიებს გადაეცათ.

    რთველის  სუბსიდირება საქართველოში უკვე 17 წელია ხორციელდება. რთველის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო. გადაწყვეტილების თავდაპირველი მიზანი რუსული ემბარგოს უარყოფითი ზეგავლენის შერბილება და მევენახეობისა და მეღვინეობის დარგების წახალისება იყო, თუმცა როგორც ჩანს სუბსიდირების პროგრამამ დროთა განმავლობაში დამატებითი მიზნები შეიძინა, მათ შორის როგორიც არის ხელისუფლების მხარდამჭერთა და ან დაახლოებულ პირთა ბიზნესის ხელშეწყობა.

    გასული წლების მსგავსად, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 14 ივნისის #873 განკარგულების მე-6 პუნქტის საფუძველზე ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ მმართველობაში მყოფ შპს “მოსავლის მართვის კომპანიას’’დაევალა 2024 წლის რთველის პერიოდში ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ჩატარება. აღნიშნული გულისხმობს, როგორც კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და აჭარის რეგიონში შპს ,,მოსავლის მართვის კომპანიის’’ მიერ კერძო კომპანიების შესყიდვის შემდეგ ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის შესყიდვას, გადამუშავებას, დასაწყობებასა და შენახვას.

    2024 წელს ღვინის სუბსიდირების პროგრამისთვის 85 მილიონი ლარი იყო გათალისწინებული. საიდანაც 35 მილიონი რქაწითლის შესყიდვას, ხოლო 50 მილიონი ბაზარზე დარჩენილი ყურძნის შესყიდვას უნდა მოხმარებოდა. ყურძნის შესყიდვის შემდეგ მეორე ეტაპი, ყურძნის გადამუშავება იწყება. ამ მომსახურებას მიღების მიზნით მოსავლის მართვის კომპანია ყოველწლიურად აფორმებს კომპანიებთან გამარტივებული შესყიდვის წესით ხელშეკრულებებს.

    სწორედ ეს უკანასკნელი წარმოადგენს ჩვენი ინტერესის სფეროს. შესყიდული ყურძნის გადამუშავების და სპირტად გამოხდის მომსახურების მიღების მიზნით მოსავლის მართვის კომპანიამ ჯამში 35 გამარტივებული შესყიდვა განახორციელა 23 კომპანიასთან.

    35 შესყიდვიდან 20 შესყიდვა (ჯამში 23-დან 11 კომპანია) გაფორმდა კომპანიებთან, რომელთა დირექტორი ან/და მესაკუთრეები ქართული ოცნების შემომწირველები ან ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირები არიან. მსგავსი სურათი ფიქსირებოდა გასულ წლებშიც, რაზეც ფლანგვის დეტექტორი ადრეც წერდა.

    2024 წელს ყველაზე დიდი რაოდენობით თანხები ღვინის გადასამუშავებლად შპს უნივერსალ სპირტმა მიიღო. მასთან საერთო ჯამში 1.7 მილიონი ლარი ღირებულების 2 ხელშეკრულება გაფორმდა. შპს უნივერსალ სპირტის 100% მესაკუთრე  შპს სპირტსახდელების გაერთიანებაა, რომლის 50% მესაკუთრე რუსეთის და საქართველოს მოქალაქე და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის უჩა მამაცაშილის ბიზნესპარტნიორი  ვახტანგ კარიჭაშვილია, 20%-ის მესაკუთრე ასევე რუსეთის და საქართველოს მოქალაქე გიორგი ღამბაშიძე. აღსანიშნავია, რომ ვახტანგ კარიჭაშვილი უკრაინის მიერ არის დასანქცირებული.

    თუმცა, შპს უნივერსალ სპირტი ვახტანგ კარიჭაშვილის ერთადერთი კომპანია არ არის, რომელმაც თანხები მიიღო ბიუჯეტიდან 2024 რთველის ფარგლებში. 480,000 ლარი მიიღო კომპანია შპს მეღვინეობა კაჭრეთმა. კომპანიის 100% წილების მესაკუთრე შპს მილადა ინტერნეშინელია, თავის მხრივ მისი 100% მესაკუთრე კი ვახტანგ კარიჭაშვილი.

    2024 წელს ვახტანგ კარიჭაშვილის კიდევ ერთი კომპანია მოხვდა შესყიდვების სიაში. მოსავლის მართვის კომპანიამ 150,000 ლარიანი კონტრაქტი გააფორმა შპს Bolero & Company-სთან, რომლის 100% მესაკუთრე  ასევე ვახტანგ კარიჭაშვილია.

    სიაში მოხვდა, ვახტანგ კარიჟაშვილის მე-4 კომპანიაც შპს გრუზვინპრომი. კომპანიის 100% მესაკუთრე შპს Bolero & Company არის, რომლის 100% მესაკუთრე  თავის მხრივ  ვახტანგ კარიჭაშვილია.

    საერთო ჯამში ვახტანგ კარიჭაშვილის 4-მა კომპანიამ 2024 წელს ყურძნის გადამუშავების მომსახურების ფარგლებში ყველაზე მეტი 3 220 000 ლარი მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

    სიაში მოხვდნენ ქართული ოცნების შემომწირველი კომპანიებიც, რომელთა სიაც და მიღებული თანხები ასე გამოიყურება:

    • სს თელავის ღვინის მარანი – კომპანიამ 181 000 ლარი მიიღო. ქართული ოცნების შემომწირველია კომპანიის დირექტორი ზურაბ რამაზაშვილი, რომელმაც 2017-2023 წლების განმავლობაში  ოცნებას ჯამში 150 000 ლარი შეწირა.
    • შპს ბარაკონი  – 35 000 ლარი მიიღო. კომპანიის 34% მესაკუთრემ ვაჟა ღვალაძე ქართულ ოცნებას 2020 წელს 60 000 ლარი შეწირა, ხოლო კიდევ ერთმა მესაკუთრემ დავით თოფურიძემ 2018 წელს ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს შეწირა 50 000 ლარი.
    • შპს ბერიკა  – კომპანიის ორივე მესაკუთრე მამუკა გვალია და ლაშა რევაზიშვილი ქართული ოცნების შემომწირველია. მათ ჯამში ოცნება 41 400 ლარი შეწირეს. აღსანიშნავია, რომ თითოეულმა 20 000 ლარი შეწინა 2024 წლის 6 სექტემბერს. მოსავლის მართვის კომპანიამ მათთან ხელშეკრულებას ხელი  მომდევნო დღეს  7 სექტემბერს მოაწერა. ამ ხელშეკრულების შედეგად კომპანიამ 180 000 ლარი მიიღო.
    • შპს ყვარლის სარდაფი – ქართული ოცნების შემომწირველია კომპანიის დირექტორი ვაჟა ღვალაძე. მან ოცნებას 2020 წელს 60 000 ლარი შეწირა. კომპანიამ 2024 წელს ყურძნის გადამუშავებისთვის 1 360 000 ლარი მიიღო.
    • შპს შალვინო  – კომპანიის მესაკუთრეებმა  შალვა და ლევან გვარამაძეებმა ოცნებას 2020 წელს ჯამში 30 000 ლარი შეწირეს. კომპანიამ ყურძნის გადამუშავებისთვის 90 000 ლარი მიიღო.
    • შპს წინანდალი – XXI საუკუნის საუკეთესო ღვინოები – კომპანიის 100% მესაკუთრე ზაზა ბახტურიძემ ოცნებას 2020 წელს 40 000 ლარი შეწირა. კომპანიამ ღვინის გადამუშავებისთვის 2024 წელს 421 000 ლარი მიიღო.

    გარდა იმისა, რომ გამარტივებულ შესყიდვებს/პირდაპირი შესყიდვის წესით   მოსავლის მართვის კომპანია ხშირ შემთხვევაში  ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ ან ოცნების შემომწირველ კომპანიებს უფორმებს, აღსანიშნავია ისიც რომ ამ კომპანიების ნაწილის ღვინის გაყიდვების ძირითად ბაზარს რუსეთი წარმოადგენს. მაგალითად, შპს Bolero & Company ფინანსურ ანგარიშში პირდაპირ არის მითითებული, რომ კომპანიის შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი გენერირდება პროდუქციის რუსეთის ბაზარზე რეალიზაციით.

    აღსანიშნავია, ისიც, რომ 2006 წელს დაწესებული ემბარგოს შემდეგ საქართველოს რუსეთზე ფინანსური დამოკიდებულების მაჩვენებელი ეპატობრივად მცირდებოდა. საქართველომ ბაზრის დივერსიციკაცია დაიწყო და სანდო, სტაბილურ, არამტრულ ბაზარზე ცდილობდა ღვინის გატანას, მათ შორის ევროპა, ამერიკა, იაპონია, ჩინეთი….  თუმცა, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომი ტენდენციები აჩვენებს, რომ 2012 წლიდან რუსეთზე ფინანსური დამოკიდებულება კვლავ იზრდება, ისევე როგორც გაზრდილია რუსეთში ღვინის ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში.

    მიუხედავად, იმისა, რომ როგორც ეს ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებშია (მაგ. 2023 წლის ანგარიში) მითითებული ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციის, ექსპორტის ზრდის, პოპულარიზაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით ყოველწლიურად გარკვეული ღონისძიებები ტარდება, როგორიც მათ შორის გამოფენებში მონაწილეობის მიღება, სარეკლამო კამპანიებია. თუმცა, მეორეს მხრივ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სარგებელს ოცნებასთან დაახლოებული კომპანიები იღებენ, რომელთა ნაწილი შემოსავალის დიდ ნაწილს სწორედ რომ ღვინის რუსეთში ექსპორტით იღებენ.

    “, – წერს კვლევითი ორგანიზაცია.

  • არ მინდა მოგატყუოთ.. დღეს ჩვენ არ გვაქვს კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან – ზელენსკი

    მჯერა, რომ ჩვენ გვექნება ძალიან ძლიერი ურთიერთობები. ჩვენ გვქონდა ეს და გვექნება მომავალშიც. ამაში დარწმუნებული ვარ. დღეს ჩვენ არ გვაქვს კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან ცუდია… [ბუდაპეშტში სამიტზე] კობახიძესთან კომუნიკაცია არ გვქონია. არ მინდა რომ მოგატყუოთ.

    განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავარ არხთან ინტერვიუში.

  • ქართული არჩევნები იყო ბევრად ხარისხიანი, ვიდრე მოლდოვური და ამერიკული – კობახიძე

    ქართული არჩევნები იყო ბევრად ხარისხიანი, ვიდრე მოლდოვური და ამერიკული – კობახიძე

    „არაფერი მასობრივი დარღვევა ხმის ფარულობის არ ყოფილა. თუ სადმე იყო მასობრივად დარღვეული ხმის ფარულობა, ეს იყო, იგივე, მოლდოვა – პირდაპირ, გამჭვირვალე ყუთებში კონვერტების გარეშე აგდებდნენ ბიულეტენებს. ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაშიც თქვენ ხედავდით – პირდაპირ, აბსოლუტურად ცხადად ჩანდა, თუ ვინ-ვის აძლევდა ხმას საარჩევნო უბნების უმრავლესობაში. საქართველოში ჩატარდა უმაღლესი ხარისხით არჩევნები“

    ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში განუცხადა.