Blog
-
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედების ვადა 4 თვით გადავადდა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედების ვადა 4 თვით გადავადდა.
დღეს სესიაზე პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედება ივლისის თვიდან იგეგმებოდა, თუმცა პირველ ნოემბერს ამოქმედდება.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, სამსახურის ფუნქციონირებისთვის დრო არის საჭირო, რადგან აუცილებელია მისი აღჭურვა და კადრების შერჩევა. ამ პერიოდში უნდა ჩატარდეს ასევე შენობის რემონტიც.
“ივლისის შუა რიცხვებამდე მოხდება თანხის გამოყოფა იმისთვის, რომ განხორციელდეს სარემონტო სამუშაოები უკვე კონკრეტულ ინფრასტრუქტურაში, სადაც იქნება შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა იმისთვის, რომ განხორციელდეს შესაბამისი საპროცესო ღონისძიებები.“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
-
კობახიძეს ჰქონდა მზადყოფნა, დაეტოვებინა თანამდებობა იმ დღესვე – ბახტაძე
„ირაკლი კობახიძეს ჰქონდა მზადყოფნა, დაეტოვებინა თანამდებობა იმ დღესვე, მაგრამ ის ამ პერიოდში იყო საერთაშორისო ვიზიტით ბაქოში,“ – ეს განცხადება, პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.
მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა ირაკლი კობახიძის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე. პრემიერის თქმით, კობახიძემ თანამდებობა 20 ივნისს იმიტომ არ დატოვა 20 ივნისსვე, რომ ის საზღვარგარეთ იმყოფებოდა.
ბახტაძის განცხადებით, კობახიძე საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისში თანაგუნდელებს შეხვდა და გააცნო მისი გადაწყვეტილება.
„მან შეწყვიტა ვიზიტი, დაბრუნდა საქართველოში პირველივე რეისით და იმ მომენტშივე მოხდა მის მიერ ამ განცხადების გაკეთება, მათ შორის, პოლიტიკური საბჭოს ფორმატში, ეს იყო ზუსტი ქრონოლოგია,“ – განაცხადა ბახტაძემ.
-
მინისტრს და შსს-ს საზოგადოების ყველა წევრისგან ეკუთვნით მადლობა -ბახტაძე
“მინისტრს და შსს-ს საზოგადოების ყველა წევრისგან ეკუთვნით მადლობა და მხარდაჭერა”-ეს განცხადება მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
“მინისტრს და შსს-ს პირადად ჩემგან და საზოგადოების ყველა წევრისგან ეკუთვნით მადლობა და მხარდაჭერა.თითოეულ ჩვენთაგან კარგად უნდა ახსოვდეს ჩვენი უახლესი ისტორია, როგორ სარგებლობდა ყოველთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტერი. ძალიან რთული წუთები იყო ის რაც ჩვენ გავიარეთ, ის რაც ვიხილეთ თითოეული ქართველისთვის, ამ წუთებში ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა. რამდენიმე მათგანი უკვე საზღვარგარეთაა საუკეთესო ჰოსპიტალებში, ჩვენ ვეხმარებით მათ.
ჩვენ გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და არ არსებობს არანაირი კითხვის ნიშანი იმ საკითხთან დაკავშირებით, იყო თუ არა ძალა, რომელიც გამოვიყენეთ ლეგიტიმური. დიახ, ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, ვინაიდან სხვა არჩევანი და სხვა გზა არ არსებობდა. ამას ადასტურებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და საერთაშორისო პარტნიორი. რა თქმა უნდა, ამასთან ერთად საზოგადოებას და ჩვენც, როგორც საზოგადოების ნაწილს, გვაქვს კითხვის ნიშნები, ხომ არ მოხდა რამდენიმე შემთხვევაში კონკრეტული სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტება, ვინაიდან ამის გარკვეული კადრებიც არსებობს და ეს ჩვენ ვიცით. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ჩვენ კონკრეტულ შეფასებას მივცემთ ყველაფერს. მიმდინარეობს გამოძიება ტრანსფარენტულობის უმაღლესი ხარისხით. მასში ჩართულია სახალხო დამცველის აპარატი და ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ გამოძიების ჩატარებას ტრანსფარენტულობის ყველაზე მაღალი ხარისხით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
-
ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, ვინაიდან სხვა არჩევანი და სხვა გზა არ არსებობდა – პრემიერი
ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, ვინაიდან სხვა არჩევანი და სხვა გზა არ არსებობდა – ეს განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. მამუკა ბახტაძემ დღეს უკვე მესამედ, 20 ივნისის სისხლიანი ღამის მოვლენებზე, ბრიფინგზე ისაუბრა.
“ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, ვინაიდან სხვა არჩევანი და სხვა გზა არ არსებობდა. ამას ადასტურებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და ყველა საერთაშორიო პარტნიორი. რა თქმა უნდა ამასთან ერთად საზოგადოებას და ჩვენს როგორც საზოგადოების ნაწილს გვაქვს კითხვის ნიშნები , ხომ არ მოხდა გარკვეული სამართადამცველების მხრიდან ძალის გადამეტება. მიმდინარეობს გამოძიება, მას ში ჩართულია სახალხო აპარატი და ჩვენ ვუზრუნველყოფთ გამოძიების ჩატარებას ტრანსფარენტულობის მაღალი ხარისხით,”-განაცხადა პრემიერმა.
-
ხალხს თვალებში, ჩანერგილმა სპეცრაზმელებმა სპეციალურად ესროლეს -ქუთაისის საკრებულოს წევრი
“ხალხს თვალებში, ჩანერგილმა სპეცრაზმელებმა სპეციალურად ესროლეს” -ეს განცხადება ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე “ქართული ოცნების” დეპუტატმა განაცხადა.
საკრებულოს დეპუტატმა 20 ივნისის მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი თავად მოაწყო იმ ხალხმა, ვისაც ხელისუფლებაში მოსვლა უნდა.“თქვენ ხომ ნახეთ, რაც მოხდა თბილისში. ძალიან საშინელება იყო, რაზეა საუბარი, ახალგაზრდებში ეს არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა. როდესაც ვარდების რევოლუცია ხდებოდა, ვარდები დაიკავეს ხელში და იმ წუთშივე გაჩნდა კითხვის ნიშანი, რატომ ვარდები – იმიტომ, რომ შემდეგ ვარდების რევოლუციის სახელით მონათლულიყო.
მე ღრმად ვარ დარწმუნებული და საპირისპიროს მერე ალბათ გამოძიება იტყვის, რომ ჩანერგილმა სპეცრაზმელებმა სპეციალურად, შერჩევით, დამიზნებით, ზუსტად თვალში ისროლეს, იმიტომ რომ ძალიან დიდი არის ალბათობა, რომ თვალში მოგხვდეს ადამიანს, რომ ახლა იძახონ, თვალები დაგვთხარესო. რომ ის სახელმწიფოებრიობა, რომელსაც დღეს ეს ხელისუფლება სათავეში უდგას, დაინგრეს, შემდეგ ან დანგრეულზე მოვიდნენ და თვითონ იბატონონ და ვინ – ხალხმა, რომლისთვისაც არაფერს წარმოადგენს სულიერება, ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა”, – განაცხადა ახალაძემ.
-
საქართველოს საგარეო ვალი გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით 17.8 მლრდ აშშ დოლარი (48.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 110.1 პროცენტია. 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 10.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო საგარეო ვალი 5.6 მლნ აშშ დოლარით, ფასის ცვლილებების გამო – 50.2 მლნ. აშშ დოლარით და სხვა ცვლილებების გამო – 23.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ამავდროულად, საკურსო ცვლილებების გამო ვალი 69.1 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა.
სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.4 მლრდ აშშ დოლარი (20.0 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 45.9 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.4 მლრდ აშშ დოლარი (14.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 33.1 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 376.4 მლნ აშშ დოლარი (1.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.3 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 810.3 მლნ აშშ დოლარი (2.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.0 პროცენტი) და 886.2 მლნ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.5 პროცენტი).
საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.2 მლრდ აშშ დოლარი (11.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.2 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 5.4 მლრდ აშშ დოლარი (14.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 33.6 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა – 2.4 მლრდ აშშ დოლარი (6.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 14.9 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 89.7 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 10.4 მლრდ აშშ დოლარი (28.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 64.4 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.9 მლრდ აშშ დოლარია (10.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 24.2 პროცენტია.
2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 7.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 8.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო, ვალი 0.8 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2019 წლის პირველი კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 376.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 200.2 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.
-
პრემიერმა მთავრობის სხდომა დანიშნა
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომა დანიშნა.
მინისტრთა კაბინეტი მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს 14:00 საათზე შეიკრიბება. სავარაუდოდ, შეხვედრის თემა კვლავ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები იქნება.
უცნობია, გააკეთებს თუ არა ბახტაძე ტრადიციულად კომენტარს სხდომის დაწყებამდე, რადგან ის ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ შეხვდა.
-
რომელი დაავადებებია საქართველოში გარდაცვალების ყველაზე ხშირი მიზეზი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში 46 524 ადამიანი გარდაიცვალა.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, გარდაცვალების ყველაზე გავრცელებულ შორის პირველ ადგილზე სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებებია.
ამ მიზეზით 2018 წელს 21 549 ადამიანი დაიღუპა,რაც წინა წელთან შედარებით 1700-თაა გაზრდილი.
გარდაცვალების მიზეზებს შორის მეორე ადგილზე ონკოლოგიური დაავადებებია. 2018 წელს 7 329 ადამიანის დაღუპვის მიზეზი სხვადასხვა სახის სიმსივნე გახდა. ეს დაავადებაც მზარდია. 2017 წელს ონკოლოგიური დაავადების მიზეზით გარდაცვალების 7 095 შემთხვევა დაფიქსირდა.
შემდეგ მოდის სასუნთქი სისტემის დაავადებები, რის შედეგად საქართველოში 2018 წელს 3 676 ადამიანი გარდაიცვალა, წინა წელს კი – 2 608.
-
იტალიაში ძლიერი სიცხის გამო სამი ადამიანი დაიღუპა
იტალიაში ძლიერი სიცხის გამო, სამი ადამიანი დაიღუპა.
იტალიის სამხრეთში ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა, რის გამოც 16 დიდი ქალაქში განგაშის უმაღლესი, წითელი დონე გამოცხადდა.
მოქალაქეებს ურჩევენ შუადღის საათებში ქუჩაში გასვლისგან თავის შეიკავონ.
ამ დღეებში მაღალი ტემპერატურა არის მოსალოდნელი ქვეყნის ჩრდილოეთში და ასევე დედაქალაქ რომში, სადაც სინოპტიკოსები 38-39 გრადუსს პროგნოზირებენ.
იტალიური მედიის ცნობით, ჰაერის ასეთი მაღალი ტემპერატურა 1950-იანი წლების შემდეგ იტალიაში აღარ დაფიქსირებულა.