Blog

  • “გადაეცით სააკაშვილს, რომ ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ რა მოთხოვნები დავაყენოთ და რა არა“ – აქციების ორგანიზატორი

    “არც მოთხოვნების გადაკეთებას ვაპირებთ, არც რამის დამატებას და არც რამის გამოკლებას. არავითარი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა ჩვენი მხრიდან არ იქნება“, – ასე უპასუხა სააკაშვილის მოწოდებას თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ–ერთმა მონაწილემ, შოთა დიღმელაშვილმა.
    აქციის ორგანიზატორის თქმით, ისინი თავად გადაწყვეტენ, თუ რა მოთხოვნებს წაუყენებენ მთავრობას, აქციები კონკრეტული მოთხოვნებით დაიწყო და ამ კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილებისთანავე დამთავრდება.
    “ჩვენ 5 დღეში მოვახერხეთ ის, რაც ვერ მოახერხეს ამ პოლიტიკოსებმა დიდი ხნის განმავლობაში.“ –აცხადებს დიღმელაშვილი.
    მიხეილ სააკაშვილმა აქციის ორგანიზატორებს ვადამდელი არჩენების მოთხოვნისკენ მოუწოდა. ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ვიდეოში სააკაშვილმა თქვა: “არ ვაპირებ თქვენთვის ჩემი აზრის თავზე მოხვევას ან რაიმე კატეგორიული რჩევის მოცემას იმედია ვერავინ ვერ შეძლებს თქვენით მანიპულირებას. თქვენ გამოაჩინეთ, გონიერება, საღი აზრი და გამბედაობა. უბრალოდ

    მაქვს რამდენიმე კითხვა.

    თქვენს უკან, პროტესტანტების უკან ვხედავდი ლოზუნგს რიგგარეშე არჩევნების. სად გაქრა ეს ლოზუნგი? ეს კითხვა მაქვს მე და აქვს ბევრ სხვას.
    ჩემი აზრით ჩვენ არ უნდა მივცეთ ივანიშვილს თავის დაძვრომის საშუალება.უსამართლობა იმიტომ კი არ არის, რომ მისი ცალკეული მოჯამაგრიეები სჩადიან დანაშაულს, არამედ იმიტომ რომ არის ივანიშვილი. გახარიამ გუშინ ფაქტიურად თქვა, რომ დარბევის და დახვრეტის ბრძანება გასცა ივანიშვილმა.
    ეს კითხვა იმისთვის, რომ ამ დღეებში ვერავინ ვერ შეძლოს ივანიშვილისთვის უკანა კარებიდან გამოსასვლელის მიცემის უფლება. იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცას ასე უნდოდეს.
    რატომ არ ისმის სუსის უფროსის სახელი, რატომ არ ისმის დაცვის სამსახური უფროსის ანზორ ჩუბინიძის სახელი. ეს არის ივანიშვილის პირადი მცველი. ეს არის კითხვები.“
    შეგახსენებთ, რომ მრავალათასიანი საპროტესტო აქციები რუსთაველზე მას შემდეგ იმართება, რაც 20 ივნისს, რუსი დეპუტატის, გავრილოვის პარლამენტის სპიკერატის ტრიბუნაზე გამოჩენას ხალხმრავალი საპროტესტო აქცია მოჰყვა. სპეცრაზმმა კი აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების საშუალებით დაშალა. ფიზიკური დაზიანებები მიიღო ათეულობით ადამიანმა. რამდენიმემ თვალი დაკარგა. დააკავეს 300 ადამიანი.
    მეორე დღიდან რუსთაველზე საპროტესტო აქცია არ შეწყვეტილა. 3 მთავარი მოთხოვნიდან 2 უკვე დაკმაყოფილდა:
    ყველა დაკავებული გაათავისუფლეს და ხელისუფლებამ პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებაზე თანხმობა განაცხადა.

    მესამე მოთხოვნა, შსს მინისტრის გადადგომა ჯერჯერობით არ კმაყოფილდება. ამიტომაც აქციის ორგანიზატორები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. შაბათს 7 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე თავისუფლების მარში გაიმართება. აქციებში ძირითადად ახალგაზრდები მონაწილეობენ. პოლიტიკოსები ტრიბუნებზე ნაკლებად ჩანან. აქციის ორგანიზატორთა ჯგუფიცი უპარტიო ადამიანებისგან შედგება.

  • ხმაური შეკვეთილში – აქციის მონაწილეები ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში შესვლას ითხოვდნენ

    ხმაური იყო შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, სადაც მეოთხე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
    აქციის მონაწილეებმა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკთან გადაინაცვლეს და შიგნით შესვლას ითხოვდნენ, რის უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა.
    „რომ გადატყავებული აქვს ენა მთელ მსოფლიოში და ყვირის და მისი მთავრობა, რომ ხალხისთვის აკეთებს, გადათხარა საქართველო, შეჭამა ბიუჯეტი, ხალხის ფულით აკეთებს ამას, ჯიბის ფულით არ აკეთებს ნამდვილად. ვნახო მინდა, რა გააკეთა, ხეებს ვნახავ, რას ვშვრებით ასეთს, რას ვითხოვთ. ხალხისთვის არისო და ხალხისთვის თუ არის, რატომ არ გვეძლევა შესვლის საშუალება, ვერ ვხვდებით,“ – ამბობს აქციის მონაწილე.
    მოქალაქეების თქმით, ივანიშვილის დაპირების თანახმად დენდროლოგიური პარკი 2018 წელს საზოგადოებას უნდა გადასცემოდა, თუმცა ტერიტორია შემოღობილია და იქ უცხო პირთათვის შესვლა აკრძალულია.
    “ელემენტარული, უნდა გაითვალისწინოთ ჩვენი მოთხოვნები. მაქსიმალურად, ჩვენ ხელებაწეულს მშვიდად გვინდა მოვინახულოთ აჭარიდან მოპარული ხეები,” – მიმართა სამართალდამცავს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
    შეგახსენებთ, რომ შეკვეთილში, ივანიშვილის სახლთან აქციების პარალელურად, 3 მოქალაქე შიმშილობს. ისინი რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს სოლიდარობას უცხადებენ.
  • “სადამსჯელო ოპერაცია თავისუფალი სიტყვისა და დაუმორჩილებლობისთვის“-მწერლები მწერლის სახლის გაუქმებას აპროტესტებენ

    სადამსჯელო ოპერაცია თავისუფალი სიტყვისა და დაუმორჩილებლობისთვის – ასე აფასებენ მწერლები მთავრობის გადაწყვეტილებას მწერალთა სახლისა და წიგნის ცენტრის გაუქმების შესახებ.
    მწერალთა სახლის ისტორიულ დარბაზში დღეს ხელისუფლების მისამართით მწვავე ბრალდებები ისმოდა. მას მოიხსენიებდნენ როგორც ცენზორს და რევანშისტს. დარწმუნებულები არიან, რომ ამ სადამსჯელო ოპერაციას კონკრეტული დამკვეთი ჰყავს.
    მწერლებისთვის სიმბოლურია ამ ორი სახელმწიფო ორგანიზაციის გაუქმების თარიღიც. მწერალთა სახლი და წიგნის ცენტრი ოფიციალურად 20 ივნისს გაუქმდა და მათ ნაცვლად ერთი ორგანიზაცია – ლიტერატურის ეროვნული ფონდი შეიქმნა.
    რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, განათლებისა და კულტურის სამინისტროს მწერლებისთვის აზრი არ უკითხავს.
    მწერლები აცხადებენ, რომ ხელისუფლებას მათი დამორჩილების უფლებას და შესაძლებლობას არ მისცემენ. საქართველოს პრემიერ მინისტრის სახელზე შექმნილ პეტიციას უკვე 3 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.
    მიხეილ გიორგაზე ირწმუნება, რომ მწერლების აჟიოტაჟი ხელოვნურია და ამ რეორგანიზაციით არავინ დაუსჯიათ. მისი მტკიცებით, მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ მწერლების საკეთილდღეოდ მოხდა.
    მწერლები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. ისინი პეტიციაზე პრემიერ-მინისტრის პასუხს დაელოდებიან. სათადარიგო გეგმა, სავარაუდოდ, სასამართლო იქნება.
  • ექსპერიმენტი გასაოცარი შედეგით: ადამიანების უმრავლესობამ ნაპოვნი საფულე პატრონს დაუბრუნა

    ხალხი უმეტეს შემთხვევაში აბრუნებს დაკარგულ საფულეს, რომელშიც ნაღდი ფული დევს. ამ  საოცარ დასკვნამდე მივიდნენ მკვლევარები, რომელთაც ექსპერიმენტი მთელი მსოფლიოს მაშტაბით ჩაატარეს. ექსპერიმენტის კიდევ ერთი გასაოცარი შედეგი: რაც მეტი ფული დევს საფულეში, მით მეტია პატრონისთვის მისი დაბრუნების შანსი.
    ოთხმა მეცნიერმა –   ორმა ამერიკელმა და ორმა შვეიცარელმა, გადაწყვიტა შეესწავლა, თუ რამდენად წესიერები არიან ადამიანები სხვადასხვა ქვეყანაში. ამისთვის მათ ექსპერიმენტი 40 ქვეყნის 355 ქალაქში ჩაატარეს.
    ისინი ძირითადად ირჩევდნენ ქვეყნის 5 უდიდეს ქალაქს, სადაც ქუჩებში და სხვადასხვა შენობებში 17 000-ზე მეტი  საფულე” მიმოაბნიეს“. მეცნიერებმა შიგნით სხვადასხვა რაოდენობის თანხა ჩადეს და აკვირდებოდნენ, თუ რამდენი მპოვნელი დაუკავშირდებოდა ე.წ. მფლობელს.
    საფულე გამჭვირვალე იყო, რათა მპოვნელს თავიდანვე დაენახა, იდო თუ არა იქ ფული და დაახლოებით რა თანხა იპოვა. ზოგ საფულეში ფული საერთოდ არ იდო. თანხა იწყებოდა დაახლოებით 13 დოლარის ეკვივალენტით ადგილობრივ ვალუტაზე.
    საფულეში იდო პატრონის რამდენიმე სავიზიტო ბარათი, რომელზეც მითითებული იყო სახელი, გვარი და ელექტრონული მისამართი. დამაჯერებლობისთვის, ასევე იდო ჩანაწერი საყიდლების სიით, რომელიც ადგილობრივ ენაზე, ხელით იყო დაწერილი.
    ექსპერიმენტის განმავლობაში, მოხალისე მიდიოდა საჯარო ადგილებში, როგორიცაა თეატრი, მუზეუმი, ფოსტა, ბანკი, სასტუმრო, ან რაიმე საჯარო დაწესებულება. შემდეგ, ის ამ უწყების თანამშრომელს გადასცემდა საფულეს და ეუბნებოდა: “გამარჯობა. ეს ვიპოვე აქვე, ქუჩაში. ალბათ ვიღაც ეძებს, მაგრამ მე ძალიან მეჩქარება და უნდა გავიქცე. თუ შეიძლება, იქნებ მიაქციოთ ყურადღება”? ამის შემდეგ ის უცებ გადიოდა შენობიდან, ისე რომ ახალ “მპოვნელს” არც თვითონ ეკითხებოდა არაფერს და ისიც ვეღარ აზუსტებდა ინფორმაციას.
    მკვლევარების თქმით, შედეგი იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ მისი პროგნოზირება ვერავინ შესძლო. წინასწარ შედეგი დაახლოებითაც კი ვერ განსაზღვრეს ვერც ეკონომისტებმა, ვერც ფსიქოლოგებმა და ვერც რიგითმა, მსგავსი ექსპერტიზის არმქონე ადამიანებმა. 3 ათასამდე ადამიანი მეცნიერებმა ექსპერიმენტის ჩატარებამდე გამოკითხეს.
    40-დან 38 ქვეყანაში, მოქალაქეები უმეტეს შემთხვევაში საფულის “ მფლობელს “ უკავშირდებოდნენ, თუკი იქ ფული იდო. მკვლევარები ამბობენ, რომ ყველა ქვეყანაში, სადაც კი ექსპერიმენტი ჩატარდა, გამონაკლისის გარეშე, საფულის დაბრუნების შანსი იმის მიხედვით იზრდებოდა, რაც მეტი თანხა ედო მასში “პატრონს”. სტატისტიკურად, საფულეში ფულის დამატება მისი დაბრუნების შანსს, საშუალოდ 40%-ით ზრდიდა.
    მთლიანობაში, საფულეს, რომელშიც ფული არ იდო, მპოვნელთა მხოლოდ 40% აბრუნებდა. თუკი მასში მცირე ოდენობით თანხა იდო, საფულეს 51% აბრუნებდა. ცოტა უფრო მოზრდილი თანხის შემცველი საფულე მპოვნელთა 72%-მა დააბრუნა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ საფულის დაბრუნების შანსი ასევე მაღალი იყო, როცა მასში არ იდო ფული, თუმცა იდო გასაღები.
    ქვეყნების მიხედვით მონაცემები სხვადასხვა იყო. დანიელები, შვედები და ახალი ზელანდიელები ყველაზე წესიერები აღმოჩნდნენ, როცა საქმე დიდ თანხებზე ეხებოდა.
    ყველაზე დაბალი მონაცემები ჰქონდა ჩინეთს, პერუს, ყაზახეთს და კენიას. იქ საფულე საშუალოდ 8-დან 20%-მდე მპოვნელმა დააბრუნა. დაბრუნების მაჩვენებელი შედარებით დაბალი იყო მექსიკაშიც.
    მკვლევარები ყველაზე უფრო გააოცა იმან, რომ საფულეები არ დაბრუნდა ვატიკანიდან და ორი ანტი-კორუფციული ბიუროდან. მაგრამ, საბოლოო ჯამში, საბოლოო სტატისტიკურ მონაცემებზე ამ რამდენიმე ფაქტმა დიდი გავლენა ვერ მოახდინა.
    “ჩვენ შეცდომით ვასკვნით ხოლმე, რომ ადამიანები ჩვენს ირგვლივ ეგოისტები არიან” – ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი ელინ კონი. ის მიჩიგანის უნივერსიტეტში ეკონომიკის პროფესორია. “სინამდვილეში, კი საკუთარი იმიჯი, როგორც წესიერი მოქალაქის, გაცილებით მნიშვნელოვან აღმოჩნდა ადამიანებისთვის, ვიდრე მოკლევადიანი ფულადი მოგება” – აღნიშნავს ის.
    კვლევა სახელწოდებით “მოქალაქეთა წესიერება დედამიწის გარშემო”, სამეცნიერო ჟურნალში Science Magazine გამოქვეყნდა.
  • პარლამენტის წინ ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა

    პარლამენტის წინ აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც პროტესტს შიმშილით გამოხატავს, შეუძლოდ გახდა. მას იძულების წესით შიმშილობა შეაწყვეტინეს.

    საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ ამინდის გაუარესების მიუხედავად გრძელდება. პარლამენტის წინ შეკრებილების მოთხოვნა უცვლელია – გადადგეს შს მინისტრი, გიორგი გახარია. 

  • პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი უკვე დარეგისტრირდა

    პარლამენტში დღეს ოფიციალურად დარეგისტრირდა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი შემდგომი არჩევნების პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ. 

    ცვლილებების მიხედვით “საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150–ზე და იყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150–ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად მანდატს მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას.“

    პროექტის ინიციატორად უმრავლესობის 93 დეპუტატია დარეგისტრირებული. 

    შეგახსენებთ, რომ პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება ხალხმრავალი საპროტესტო აქციების ერთ–ერთი მოთხოვნა იყო. მისი დაკმაყოფილების პირობა ივანიშვილმა ორი დღის წინ დადო.

    კიდევ ერთი მოთხოვნა – შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა ჯერჯერობით არ დაკმაყოფილებულა.

  • „ვამაყობ, რომ მშვიდ ცხოვრებას ეს გზა არჩიე“-ნანუკა ჟორჟოლიანი შვილს მიმართავს

    ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი, მარიამ გეგუჩაძე სამოქალაქო აქტივისტია, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოვლენებში აქტიურად არის ჩართული.

    მარიამი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორიც არის, მის გუშინდელ გამოსვლას, სადაც გახარიას გადადგომისკენ მოუწოდებს, საზოგადოებაში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა სოციალურ ქსელში იყო ნეგატიური კომენტარებიც. ამასთან დაკავშირებით პოპულარული ტელეწამყვანი საკუთარ შვილს ამხნევებს და მის აქტიურობას დადებითად აფასებს.

    “ამ ნიუსის ქვევით ბევრი ნეგატივია. ზოგი ბოტია, ზოგი ქოცი და ყველა დაიკიდე. შენი გზა გაქვს და ამ გზაზე ყველა მაყეფარს თუ ქვის სროლა დაუწყე, მიზნამდე ან ვერ მიხვალ, ან დაგაგვიანდება.

    Go,მარიამ Go. ბოლომდე შენს გვერდით ვარ და ძალიან ამაყი ვარ რომ მშვიდ ცხოვრებას, ეს გზა არჩიე. ეს სწორი გზაა და არსად გადაუხვიო”-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

  • „ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს

    პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება “ განცხადებას ავრცელებს.

    „პირველ რიგში, გვსურს მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ყველა მხარდამჭერს და გულშემატკივარს, თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ხედავს და რეალურად აფასებს შექმნილ მდგომარეობას, სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიტანილი შეტევების რეალურ მიზნებს.

    განვითარებული მოვლენების ფონზე, საზოგადოებაში ხშირად ისმის კონტრაქციის ორგანიზების მოწოდებები.

    ხაზგასმით ვაცხადებთ, საქართველოში დაცულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული ჩვენი მოქალაქის პოზიციას და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩვენი მოქალაქეების ეს უფლება იყო, არის და იქნება დაცული.

    ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ასევე განუხრელად არის და იქნება დაცული ქვეყნის კონსტიტუცია და სახელმწიფო ინსტიტუტები ყოველგვარი აგრესიისა და ძალადობისგან.

    სახელმწიფო იცავს როგორც მოქალაქეებს, მათი გამოხატვის თავისუფლებას, ასევე კონსტიტუციას და საზოგადოებრივ მართლწესრიგს.

    არსებულ ვითარებაში, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ვთხოვოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც განიცდიან და ემოციურად რეაგირებენ უკანასკნელ დღეებში შექმნილ სურათზე, თავი შეიკავონ ყოველგვარი კონტრაქციისგან და იმგვარი ქმედებებისგან, რომელმაც შესაძლოა დამატებითი დაძაბულობა შემოიტანოს და საფუძველი შეუქმნას დესტრუქციულ ძალებს პროვოკაციებისა და დაძაბულობის ინსპირაციისთვის“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

  • “გავრილოვისთვის ბოდიში არ მომიხდია”-ზურაბ აბაშიძე

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვისთვის 20 ივნისს ბოდიში მას არ მოუხდია.

    “მე იგი ვნახე აეროპორტში, როდესაც თვითმფრინავი მიფრინავდა, იმ პერიოდში იქ ვიყავი ახლო-მახლო. მივედი მასთან, ვნახე, როგორ მიმდინარეობდა მათი გამგზავრება და ძალიან მოკლე საუბარი მქონდა. სულ რამდენიმე ფრაზა იყო გავრილოვთან. ბოდიშები არ მოგვიხდია. მივედი, ვნახე, როგორ მიმდინარეობდა მათი გამგზავრება. შემიძლია ეს დაგიდასტუროთ. დეგელაცია მიემგზავრებოდა. მას აცილებდნენ შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენლები და რამდენიმე წუთის შემდეგ ის თვითმფრინავი გაემგზავრა“, – განაცხადა აბაშიძემ.

    შეგახსენებთ, რომ სერგეი გავრილოვმა 20 ივნისს საქართველოს ნაჩქარევად  დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩაშლის გამო  მას მოსკოვში გამგზავრების წინ  რამდენიმე ქართველმა პოლიტიკოსმა ბოდიში მოუხადა. მან ამ დეპუტატების ვინაობა არ დაასახელა.

  • „მე დარწმუნებული ვარ, ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში” – მარიამ ჯაში

    მე დარწმუნებული ვარ ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში – განაცხადა  საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა. 

    შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის წევრმა მარიამ ჯაშმა  ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას ხმა არ მისცა.

    „მე დარწმუნებული ვარ, ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. ვწუხვარ, თუკი უხერხულობა შევუქმენი ჩემს კოლეგებს, მაგრამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი, არც შევცვლიდი, თუნდაც ყოფილიყო დამატებითი კონსულტაციები.მე ვფიქრობ, დგება საკითხები, სადაც განსხვავებული აზრი არსებობს. მე მიმაჩნია, რომ ჩემი გადაწყვეტილება იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით იყო მართებული და ეს არის ჩემთვის მთავარი,“-ამბობს მარიამ ჯაში.

    ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი უმრავლესობის 91 დეპუტატმა დაუჭირა.

    ხოლო “ქართული ოცნების” ოთხმა წევრმა გუნდისგან განსხვავებით პროკურატურის მოთხოვნას  მხარი არ დაუჭირა. ეს წევრები  მარიამ ჯაში, რომან კაკულია, ბიძინა გეგიძე და ალექსანდრე ერქვანია, არ არის გამორიცხული, გუნდიდან გარიცხონ.