Blog

  • პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს დაიხურება

    დღეს საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხურება.  

    ბოლო სხდომა  12:00 საათზე დაიწყება და რამდენიმე კანონპროექტის განხილვის შემდეგ დაიხურება.

    რეგლამენტის მიხედვით საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის გაგრძელება რიგგარეშე სხდომების ფორმატში შეუძლია.

    პარლამენტის საშემოდგომო სესია სექტემბერში გაიხსნება.

  • ქოცებო ცოტა კიდე მომაწექით და აუცილებლად გადავდგები — სააკაშვილი

    “ქოცებო, ცოტა კიდე მომაწექით და აუცილებლად გადავდგები” — წერს  საქართველოს მესამე პრეზიდენტი  მიხელ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

    ფეისბუქის ამ სტატუსით სააკაშვილი მამუკა ბახტაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას და მიხეილ სააკაშვილს დააკისრა.

    “პასუხისმგებლობა შედეგებზე ეკისრება მსჯავრდებულ სააკაშვილს და მის აგრესიულ ჯგუფს, რომლებმაც სცადეს გამოეყენებინათ ახალგაზრდების პროტესტი და იერიში მიიტანეს კონსტიტუციაზე”, — განაცხადა ბახტაძემ გუშინ გამართულ  პრესკონფერენციაზე.

    სააკაშვილი სოციალურ ქსელში გუშინდელ აქციასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამაყობს ახალგაზრდობით, რომლებმაც გუშინ ივანიშვილის სახლისკენ მშვიდობიანი  მსვლელობა  გამართეს.

  • თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

    საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, სიმონ ჩიქოვანის, ბალანჩივაძისა და დოლიძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის სასწავლო მეურნეობის, ნუცუბიძის, შავიშვილის, თოფურიასა და ფერაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თამარაშვილისა და ცინცაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიდი დიღმისა (ნაწილობრივ) და სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნუცუბიძის, ასათიანისა და ზემო დელისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი გლდანის, გლდანის ხევის დასახლების, ლიბანის, გაგრის, ღამბაშიძის, 9 ძმა ხერხეულიძის, სალხინოს, დოდო აბაშიძის, აკაკი ხორავასა და გრიშაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის IV, V მიკრორაიონების მაცხოვრებლებს. 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დავით სარაჯიშვილის, გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რუსთავის გზატკეცილის, სოფელი თელეთის, სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, სოღანლუღის, მარნეულისა და ვაგზლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილი მასივის ზედა პლატოს, ვარკეთილი-3 II, III, IIIა მიკრორაიონების, ვარკეთილი-3 I, IV, X კვარტლების, ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), მერვე ლეგიონის დასახლების, აეროპორტის დასახლების, სამხედრო დასახლების, კახეთის გზატკეცილის, კალოუბნის, კაკლიანის, აბაშვილის, საცხენისის, ვიქტორ კუპრაძის, სესილია თაყაიშვილის, დვალის, ელდარის, ლაღიძის, ნოე რამიშვილის, შუამთის, ზურაბ ჩაჩუას, ჯავახეთის, ლორთქიფანიძის, თრიალეთის, წულუკიძისა და გიორგი მელიქიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ისნის რაიონი – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, კახეთის გზატკეცილის, აწყურის, ცუცხვათის, შორაპნის, შირაქისა და ლასხიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აღმაშენებლის გამზირის, ივანე ჯავახიშვილის, ჩაჩუას, მარჯანიშვილის, ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, წინამძღვრიშვილის, ზურაბ ჭავჭავაძისა და კიტა აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სპირიდონ კედიას, ლუბლიანას და ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აბაშიძის, ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

  • 17 წლის ბიჭმა ფანჯრიდან გადმოვარდნილი 2 წლის ბავშვი დაიჭირა

    თურქეთში 17 წლის ბიჭმა საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი 2 წლის ბავშვი ხელით დაიჭირა.

    კადრებში ჩანს, რომ უყურადღებოდ დატოვებული ბავშვი, ბიჭმა დროულად შენიშნა და მის დასაჭერად მოემზადა.

    ბავშვს დაზიანებები არ მიუღია. დოჰა მუჰამედი, რომელმაც ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა სირიიდან არის დევნილი.

  • შეფასებისა და გამოცდების ცენტრი აბიტურიენტებს აფრთხილებს

    #არდაიგვიანო – ამ საინფორმაციო კამპანიით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს, იყვნენ მაქსიმალურად მობილიზებულნი და არ დაიგვიანონ საგამოცდო ცენტრებში.

    ზოგიერთ ქალაქში რამდენიმე საგამოცდო ცენტრია გახსნილი. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, აპლიკანტი ყურადღებით გაეცნოს საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას, თუ როდის და კონკრეტულად რომელ საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდეს რეგისტრაციაზე.

    შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ ახსენებს საზოგადოებას, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აპლიკანტები არ დაიშვებიან.

    2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყება და 23 ივლისს დასრულდება.

  • ოკუპირებული აფხაზეთის რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა

    ოკუპირებული აფხაზეთის  რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა. მიზეზად  საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში გამართული საპროტესტო აქციებს ასახელებენ, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.  მთავრობის განცხადებით, პროვოკაციულია.

    ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის განცხადებით, შეზღუდულია  უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა, ასევე აფხაზეთიდან მოქალაქეების გამგზავრება საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე.

    ენგურის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად გუშინ 20:00 საათიდან ჩაიკეტა. 

  • “ივანიშვილი შეშინებული დარბის შეკვეთილსა და ჭორვილას შორის“– მიხეილ სააკაშვილი

    27 მაისის საღამოს საპროტესტო აქციას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სოლოლაკის რეზიდენციასთან მსვლელობით დასრულდა, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოთი ეხმაურება:

    “სრულიად აღტაცებული ვარ იმითი , რასაც ვუყურე ივანიშვილის სასახლესთან. სპეციალურად ააშენა სასახლე თბილისის თავზე, რომ ვერ მიწვდეს ხალხი.

    ქვემოთ აქვს ბუნკერი ხუთი სართულის სიღრმის. იქ აქვს მომარაგებული იარაღი, ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ 2012 წელს მერიას სთხოვა ნებართვა მის აშენებაზე. მაგრამ თვითონ არ არის თბილისში, ივანიშვილი შეკვეთილსა და ჭორვილას შორის მოძრაობს. ძალიან შეშინებულია. ახლა პრაკქტიკულად კედელთან მიყუჟულია ვირთხა და მთავარია იქიდან თავი არ დაიძვრინოს.
    მე ვარ მთლიანად თქვენს მხარეს. ძალიან ვამაყობ, განსაკუთრებით ახალგაზრდობით.
    ეს აბსურდის თეატრი უნდა დამთავრდეს. ეს კაცი მიიჩნევს რომ თქვენ ყველანი ხართ ბრიყვები.
    ნუ მიაქცევთ ყურადღებას ყანდიაშვილის ტროლებს. ყანდიაშვილი აორთქლდება ივანიშვილთან ერთად და წავა თავის რუსეთში. ჩვეულებრივი ეფესბეს აგენტია, ძველი, დიდი ხნის აგენტია. დავერბოვკებული ყავდათ ჯერ კიდევ როცა რუსული არხის, ერტეერის კორესპონდენტი იყო საქართველოში. ეფესბემ დაავერბოვკა ძაან ისეთი, ოჯახური საკითხების გამო. ეს მე ვიცი დანამდვილებით.
    ივანიშვილის საქმე არის წასული ახლა ის დარბის ყვარყვარესავით ერთი რეზიდენციიდან მეორეში. და ყვარყვარეს ადგილი არ არის საქართველოს სათავეში.
    ფეოდალიზმის დრო დიდი ხანია დამთავრებულია.

  • “გახარია წადი”-აქციის მონაწილეები ივანიშვილის რეზიდენციასთან მივიდნენ

    პროტესტის მე-8 დღეს აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მივიდნენ. რუსთაველის გამზირიდან მათ მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყვეს. აქციაში მონაწილეობას ახალგაზრდები, სტუდენტები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იღებენ.

    ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლემდე აქციის მონაწილეებმა გზად გიორგი გახარიას სახლთანაც გაიარეს და წარწერები დატოვეს: “გახარია წადი!”

    ივანიშვილის რეზიდენციასთან კი ხალხმა პროტესტის ნიშნად ფულიც გადაყარა და ყვითელი ბარათების პერფომანსი მოაწყო.

    აქციის ორგანიზატორების თქმით, ამ პერფორმანსის შემდეგ, ისინი რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიას მშვიდობიანად დატოვებენ.