Category: ახალი ამბები

  • ავღანეთში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

    ავღანეთში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.

    ადგილობრივი მედიის ინფორმაციით,თვითმფრინავი ქაბულის აღმოსავლეთით, ღაზნის რეგიონში ჩამოვარდა.მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.

    გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავში დაახლოებით 80 მგზავრი იმყოფებოდა.

    ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა გადარჩენილები. თვითმფრინავი ქაბულიდან ჰერათში მიფრინავდა.

  • ხმაური საკრებულოსთან-ოპოზიციონერ დეპუტატებს შენობაში არ უშვებენ

    ხმაური საკრებულოსთან- ოპოზიციონერ დეპუტატებს საკრებულოს შენობაში არ უშვებენ. მათ შორის არიან ზაალ უდუმაშვილი და სალომე სამადაშვილი.

    საკრებულოსთან ინციდენტი გამოიწვია ასევე კედელზე სტიკერების გაკვრამ.ფაქტი სამართალდამცავებმა აღკვეთეს. პოლიციელების განმარტებით, ისინი საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.

  • კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას მამა-შვილი ემსხვერპლა

    ველისციხე-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ავარიას მამა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

    მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

    შემთხვევის შედეგად, 24 წლის ახალგაზრდა და მისი 3 წლის შვილი დაიღუპნენ,მანქანაში მყოფმა კიდევ ერთმა პირმა  კი სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო.

    სამივე მათგანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის მკვიდრია.

  • პატრიოტთა ალიანსმა საქართველოში „ენდიაის“ და „აირაის“ აკრძალვის მოთხოვნით აშშ–ს საელჩოსთან აქცია გამართა

    “არა- NDI-სა და IRI-ს ტყუილს! აეკრძალოთ ე. წ. კვლევები! დაიწყოს გამოძიება!“– ამ მოთხოვნებით პატრიოტთა ალიანსმა თბილისში ამერიკის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართა.

    „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, დღევანდელი აქციის მოთხოვნებს, რეალურ რეიტინგებს, „ენდიაის“ შესახებ ნდობის მაჩვენებელს კონგრესმენებსა და სენატორებს მიაწვდიან.

    „მივმართავთ აშშ-ის ხელისუფლებას, დავიღალეთ, შეურაცხყოფილი ვართ ხალხი. ვითხოვთ, აიკრძალოს „ენდიაის“ და „აირაის“ საქმიანობა საქართველოში, დამთავრდეს ეს ტყუილი. დღევანდელი აქციის მოთხოვნებს, რეალურ რეიტინგებს, „ენდიაის“ შესახებ ნდობის მაჩვენებელს, რომ არ ენდობა მათ ხალხი, მივაწვდით კონგრესმენებსაც, სენატორებსაც, ევროდეპუტატებსაც, ყველას, ვიმოქმედებთ ისე, რომ ერთად დავიცვათ საქართველო“ ,- განაცხადა ინაშვილმა.

    ინაშვილი ითხოვს, საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისმა სტრუქტურებმა „ენდიაის“ საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყონ. 

    ჩვენ არა ვართ თორნტონების და ბრაიზების საცდელი ლაბორატორია – ამბობს ინაშვილი.

  • ჰარი და მეგანი დოკუმენტურ ფილმებს გადაიღებენ. როგორ აპირებს წყვილი ფულის შოვნას

    მედიაში ვრცელდება ინფორმაცია პრინცი ჰარის და მეგან მარკლის ცხოვრების და გეგმების შესახებ მას შემდეგ, რაც მათ ოფიციალურად თქვეს უარი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრის მოვალეობების შესრულებაზე. წყვილთან დაახლოებულმა წყარომ მედიას უამბო, როგორ აპირებენ ისინი შემოსავლის მიღებას.

    ინსაიდერის ცნობით მეგანი და ჰარი დოკუმენტური ფილმების გადაღებას და გახმოვანებას აპირებენ სოციალურად მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის ფსიქიკური ჯანმრთელობა და კლიმატის ცვლილება. ამ ვერსიას ადასტურებს სტრიმინგ გიგანტის, Netflix–ის კონტენტ დირექტორის, ტედ სარანდოსის სიტყვები. მან ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ძალიან არის დაინტერესებული ჰარისთან და მეგანთან თანამშრომლობით.

    “ისინი დოკუმენტური ფილმების გადაღებას აპირებენ. სასექსის ჰერცოგები ძალიან მოტივირებულები არიან და უნდათ ოჯახს დაუმტკიცონ, რომ ეს მართლაც გამოუვათ. თუ გავითვალისწინებთ მეგანის სამსახიობო წარსულს, ასევე ჰარის ინტერესებს ამ სფეროში, მათი არჩევანი სწორია. მეგანი და ჰარი არ ჩქარობენ კონტრაქტების გაფორმებას. საეჭვო ხელშეკრულებები გამორიცხულია“– ამბობს ინსაიდერი.

    შეგახსენებთ, რომ ჰარიმ და მეგანმა სამეფო უფლებამოვალეობებზე უარი იანვრის დასაწყისში თქვეს და განაცხადეს, რომ უნდათ ფინანსური დამოუკიდებლობა მოიპოვონ. ამიერიდან ისინი ვეღარ მიიღებენ წილს სუვერენული გრანტიდან, რომელიც სამეფო ოჯახის შემოსავლის ძირითადი წყაროა. პირველი წლის განმავლობაში ჰარის მამა, პრინცი ჩარლზი წყვილს საკუთარი პირადი ფონდებიდან დაეხმარება. მომავალში კი მათ თავად უნდა იშოვონ საარსებო თანხები სხვადასხვა პროექტების, საჯარო გამოსვლების, მოდურ ბრენდებთან თანამშრომლობის და საკუთარი წიგნების გაყიდვის გზით.

  • თბილისში ნარკოდანაშაულისთვის აზერბაიჯანის 2 მოქალაქე დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2 მოქალაქე: 1985 წელს დაბადებული ხ.ნ. და 1982 წელს დაბადებული ნ.გ. თბილისში დააკავეს.

    დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, „ალფა პვპ“-ს, „ჰეროინის“, „მორფინის“, „მეტადონისა“ და „კოდეინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

    დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

  • თანამედროვე მსოფლიოს 10 ყველაზე ლამაზი ქალი დასახელდა

    ლონდონის კოსმეტიკური და პლასტიკური ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელმა, ჯულიან დე სილვამ 10 ქალის სია შეადგინა, რომლებსაც იდეალური გარეგნობა აქვთ. მის სათავეში პალესტინური წარმოშობის ამერიკელი სუპერმოდელი ბელა ჰადიდია.

    სილამაზის შესაფასებლად ექიმმა ფოტოს ციფრული კარტირება გამოიყენა. მიღებული მონაცემები კომპიუტერმა დათვალა მათი შესაბამისობის დასადგენად ოქროს კვეთასთან, ანუ მათემატიკურ პროპორციასთან, რომლებიც ძველმა ბერძნებმა გამოიგონეს “სილამაზის გასაზომად“. ბელა ჰადიდის სახე სრულყოფილებასთან ყველაზე ახლოს აღმოჩნდა – 94.35%–ით.კომპიუტერული კარტირების ინოვატორული მეთოდები გვაძლევს საშუალებას გავარკვიოთ, რა განაპირობებს ადამიანის სილამაზეს. ექიმი სილვას თქმით ეს ტექნოლოგია პაციენტებში პლასტიკური ოპერაციების დაგეგმვისას გამოიყენება.

    1. ბელა ჰადიდი 94.35%

    2. ბიონსე 92.44%

    3. ამბერ ჰერდი 91.85%

    4. არიანა გრანდე 91.81%

    5. ტეილორ სვიფტი – 91.64%

    6. კეიტ მოსი –91.05%

    7. სკარლეტ იოჰანსონი – 90.91%

    8. ნატალი პორტმანი – 90.51%

    9. კეტი პერი – 90.08%

    10. კარა დელევინი – 89.99

  • თვალთმაქცობა ეკლესიის სახელით – მრევლისგან მიღებულ მოწყალებას ყინწვისელი მორჩილი პირადი მიზნებისთვის იყენებდა

    ყინწვისის მონასტერში ახალი სასულიერო პირები გამოჩნდნენ, თუმცა რეალური მიზეზი, რის გამოც ეპარქიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით მღვდელმსახურები შეცვალეს, მრევლის მხოლოდ მცირე ნაწილმა იცის. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მათგანი, დიდ გაუგებრობას და ერთი კონკრეტული სასულიერო პირის თვითნებობას შეეწირა.

    რუსთავი2–ის ინფორმაციით მონასტრის მორჩილი ხარიტონ გოგიშვილი ეკლესიის სახელით მრევლსა და მოქალაქეებს მოწყალების გაღებას სთხოვდა. მოტყუებით მიღებულ თანხას კი, პირადი მიზნებისთვის იყენებდა და მონასტრამდე არაფერი მიჰქონდა.

    ეპარქიაში დიდი ცვლილებების მიზეზი სავარაუდოდ ერთი მორჩილის დამოუკიდებელი ქმედებები გახდა. ხარიტონ გოგიშვილთან ერთად მოღვაწე სასულიერო პირების ნაწილი სხვადასხვა ტაძრებში გადაანაწილეს. ზოგი იქვე მახლობლად მდებარე მონასტრებში გააგზავნეს, ზოგსაც კი ეპარქიის საზღვრები დაატოვებინეს.

    სასულიერო პირის თვალთმაქცობაზე ადგილობრივ მრევლს ეჭვები დიდი ხანია ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ინფორმაცია ეპარქიის ხელმძღვანელობამდე მივიდა, ისინი საკითხით დაინტერესდნენ და დადასტურდა, რომ ხარიტონ გოგიშვილს საზოგადოება შეცდომაში მიზანმიმართულად შეჰყავდა. რის გამოც ის განტევებული იქნა ეკლესიიდან. მიზეზები კი მხოლოდ წერილობით განმარტეს.

    “რუის-ურბისის ეპარქიის ყოფილი მორჩილი, ხარიტონ გოგიშვილი განმოსილია და განტევებულია ეპარქიიდან. ჩვენთვის ცნობილია, რომ იგი ეპარქიის და ყინწვისის მონასტრის წევრობის სახელით სარგებლობს და მოწყალების სახით დახმარებას ითხოვს.

    საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ მისი ქმედება ლოცვა-კურთხევას არ ექვემდებარება, იგი თვითნებურად მოქმედებს და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს,” – ნათქვამია ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    იმაზე, რაც ოფიციალურად დადასტურებულია, ეკლესია-მონასტრების მსახურებს საჯაროდ საუბარი ისევ არ სურთ. გაუგებრობამ და ინციდენტებმა კი ადგილობრივებს ეკლესიის მიმართ ნდობა თითქმის დაუკარგა.

    ეს არ არის თვითნებური საეკლესიო საქმიანობის პირველი შემთხვევა. კიდევ უფრო ადრე იყო ბერი აბელის ინციდენტი. როცა ის დაოჯახდა და ამის გამო საეკლესიო ცხოვრებაზე უარი თქვა. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ, სასულიერო საქმიანობა დასავლეთ საქართველოში მანაც თვითნებურად და ეპარქიასთან შეუთანხმებლად გააგრძელა.

    ეპარქიაში დაწყებულ დიდ გაუგებრობაზე ადგილობრივი თემის საეკლესიო ხელმძღვანელის გადაწყვეტილება მისაღებია საპატრიარქოსთვის. დამატებითი განმარტებები არც ეპარქიის ხელმძღვანელმა გააკეთა. მიმდინარე პროცესები საჯარო მას შემდეგ გახდა, რაც მაღალი სასულიერო პირებისთვის ეკლესიიდან გაშვებული ბერისა და მორჩილის ცალკეული, პირადი საეკლესიო საქმიანობის შესახებ გახდა ცნობილი.

  • ამერიკელი სენატორის წერილი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება მალავდა გასაჯაროვდა

    ამერიკელი სენატორის წერილი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება მალავდა გასაჯაროვდა

    ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა გაასაჯაროვა იმ წერილის შინაარსი, რომელიც მისი თქმის საქართველოს პრემიერ–მინისტრ ამერიკელმა სენატორმა, როჯერ ვიკერმა გასული წლის დეკემბერში გამოუგზავნა და რომელიც მისი თქმით საქართველოს ხელისუფლებამ დამალა. სალომე სამადაშვილს წერილის ორიგინალი არ წარმოუდგენია, თუმცა მედიას გააცნო ფრაგმენტები ამ წერილიდან. წერილის ავტორია როჯერ ვიკერი, სენატის შეიარაღებული ძალების და ვაჭრობის კომიტეტების წევრი. სალომე სამადაშვილი ხაზს უსვამს, რომ სწორედ ეს კომიტეტები განაგებენ საქართველოსთან სამხედრო დახმარების და სავაჭრო ურთიერთობების საკითხებს.

    გარდა ამისა, სამადაშვილის თქმით ვიკერი არის ჰელსინკის კომისიის წევრიც, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას მთელ მსოფლიოში და შესაბამისად, მისი წერილის მნიშვნელობა კიდევ უფრო დიდია.

    სალომე სამადაშვილის თქმით, ხელისუფლებამ ეს წერილი იმიტომ გადამალა, რომ სხვა წერილებისგან განსხვავებით ამ წერილში პირდაპირ არის საუბარი ბიძინა ივანიშვილზე და მის როლზე პოლიტიკური ოპოზიციის სამართლებრივ შევიწროვებაში და დევნაში. კონკრეტულად, სენატორი აცხადებს რომ მისთვის უკიდურესად შემაშფოთებელია ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, რომ კიდევ არაერთი პოლიტიკოსი აღმოჩნდება ციხეში და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ფაქტიურად ციხით ემუქრება ოპონენტებს, მაშინ, როდესაც მიმდინარეობს სამართლებრივი დევნა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ლიდერების, როგორიც არის მაგალითად ნიკა მელია ან გიგა ბოკერია.

    სენატორი აღნიშნავს, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველო ჩამოყალიბდა როგორც ლიდერი ქვეყანა რეგიონში დემოკრატიის თვალსაზრისით და ეს პირველ რიგში იყო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების დამსახურება. მაგრამ უკანასკნელ პერიოდში ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებამ დაპირებული საარჩევნო სისტემის უკან წაღების შესახებ და იმან, რომ ხელისუფლებამ დაამყარა სრული კონტროლი სასამართლო სისტემაზე უზანაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის გზით, ფაქტიურად შეაჩერა ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების შანსი და უკან დახია ქვეყანა.

    სენატორი მიმართავს საქართველოს პრემიერ მინისტრს რომ გამოიყენოს შესაძლებლობა და უახლოეს მომავალში განიხილოს საარჩევნო სისტემის იმ ცვლილებების უზრუნველყოფა, რომელიც ქართველ ხალხს დაუბრუნებს საარჩევნო სისტემის რწმენას.

    “ეს წერილი არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმის, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ივანიშვილის მეთაურობით ქვეყანა შეყავს პოლიტიკურ ჩიხში, რადგან სენატორი საუბრობს იმაზე, რაც მთავარი პრობლემაა ქვეყანაში – უნდობლობა საარჩევნო სისტემის მიმართ და ჩიხში შეყავს ჩვენი მომავალი ურთიერთობები აშშ–სთან“ – აცხადებს სამადაშვილი.

    მისი თქმით, წერილში სენატორი ბევრს საუბრობს იმაზე თუ როგორ სურს დაუჭიროს მხარი საქართველოს და მის სტრატეგიულ ურთიერთობებს მის ქვეყანასთან, თუმცა აქვე ხაზს უსვამს, რომ ამისთვის აუცილებელია რომ ჩვენ გვქონდეს წინსვლა და პროგრესი დემოკრატიის თვალსაზრისით.

    სალომე სამადაშვილმა დღეს პრესკონფერენცია გამართა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა გაასაჯაროვოს წერილი, რომელიც გახარიას გასული წლის დეკემბერში სენატიდან გამოუგზავნეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დღის ბოლოს წერილის გასაჯაროებით დაიმუქრა. საქართველოს ხელისუფლებას ამ მოწოდებაზე რეაქცია არ ქონია, შესაბამისად სამადაშვილმა ბრიფინგი საღამოს ცხრა საათზე გამართა და წერილის შინაარსი მედიას გააცნო.

    მანამდე ცნობილი იყო ოთხი წერილის შინაარსი, რომლებიც დეკემბრიდან დღემდე ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს მთავრობის მეთაურს გამუგზავნეს და რომელთა ტონი უკიდურესად კრიტიკული და მწვავეა.

    “რჩება შთაბეჭდილება, რომ ბოლოდროინდელი სისხლის სამართლებრივი დევნის მოულოდნელი ტალღა მიზანმიმართულად დაიწყო პოლიტიკური ოპონენტების და ოპოზიციური მედიების მისამართით.

    ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინდელმა მინიშნებებმა, რომლებიც გამოხატავენ მუქარას პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრების შესახებ, გააღრმავა შეშფოთება დევნის და სასამართლო პროცესების დაწყების დროისა და გარემოებების გამო. საქმე ეხება ისეთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, როგორებიც გიგა ბოკერია და ნიკა მელია არიან.

    ქართული ოცნების მიერ უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლის უვადოდ არჩევაზე ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილება, მათ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნების არსებობის მიუხედავად, ხელს შეუწყობს სასამართლოს მიმართ ნდობის კლებას. დამტკიცებული მოსამართლეების რაოდენობა, როგორც ჩანს, ბევრად აღემატება ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც, “უზენაესი სასამართლოს წევრთა რაოდენობა მოსამართლე უნდა იყოს იმდენი, რამდენიც საჭიროა სასამართლოს ფუნქციონირებისთვის”. რეკომენდაცია ვენეციის კომისიამ მოსამართლეთა შერჩევის პროცესის მიმართ დაბალი ნდობის გამო გასცა.

    არჩევნების გამო, რომლამდეც 1 წელზე ნაკლები დროა დარჩენილი, მე მოვუწოდებ თქვენს მთავრობას, სწრაფად მიიღოს საარჩევნო სისტემა, რომელსაც ექნება მოქალაქეთა მხარდაჭერა და ყველასთვის უზრუნველყოფს თამაშის თანაბარ წესებს.

    თუ ეს ზომები მიღებული არ იქნება, კიდევ უფრო შემცირდება შიდა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობა, რამაც შესაძლოა, შეამციროს არჩევნების ლეგიტიმაცია”, – წერს სენატორი როჯერ ვიკერი წერილში.


  • დეპუტატებს მოთმინების ფიალა აევსოთ – ნარმანია ხაბეიშვილის ცემაზე

    თბილისის ყოფილი მერი და სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია „ქართული ოცნების“ წევრების მიერ ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს ეხმაურება.

    „ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი მათ შორის, საჯაროდ, ეთერების მეშვეობით აზრის და სიტყვის გამოხატვასაც. ეს საზღვარი, როგორც ჩანს, იქნა გადალახული ოპოზიციის მხრიდან. მოთმინების ფიალა აევსოთ უმრავლესობის დეპუტატებს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ „მთავარ არხთან“.

    ცნობისთვის, გუშინ საკრებულოში სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. კამათის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.