Category: ახალი ამბები

  • პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველის განცხადებებს პასუხობს

    სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, სახალხო დამცველის დასახელებული არცერთი ნორმა რელევანტური არ არის და ის არ დარღვეულა.

    განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მედიისგან საიდუმლოების დაცვის გარანტი სპეციალური პენიტენციური სამსახური ვერ იქნება, ასევე, სამსახურს აკისრია ვალდებულება, მედიის კითხვის შემთხვევაში, იმყოფებოდა თუ არა ომბუდსმენი პენიტენციურ დაწესებულებაში, გასცენ პასუხი.

    ,,2020 წლის 23 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველის N9 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტის თაობაზე სახალხო დამცველისა და მისი აპარატის თანამშრომლების მიერ გუშინ და დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ არც ერთი საკანონმდებლო ნორმა, რომელიც იქნა დასახელებული, რელევანტური არ არის, მით უფრო ვერ იქნება საუბარი მათ დარღვევაზე.

    სპეციალური პენიტენციური სამსახური მიიჩნევს, რომ თუ სახალხო დამცველი იმის გამო მივიდა პენიტენციურ დაწესებულებაში გაუფრთხილებლად (რისი სრული უფლებაც მას აქვს), რომ საკუთრივ დაწესებულებაში ვიზიტის ფაქტის მედიისგან და ფართო საზოგადოებისაგან გასაიდუმლოება სურდა, მოცემული საიდუმლოების მედიისგან დაცვის გარანტი სპეციალური პენიტენციური სამსახური არამცთუ პრაქტიკაში ვერ იქნება, მას ამგვარი ვალდებულება არც კანონით არ აკისრია. პირიქით, მედიასაშუალებების მხრიდან შემოსულ კითხვას იმის შესახებ, მართალია თუ არა, რომ სახალხო დამცველი პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტი ვალდებულია, პასუხი გასცეს,”- წერია განცხადებაში.

    მათივე თქმით, შეხვედრის ფაქტი მით უფრო ვერ იქნება კონფიდენციალური, თუ საქმე ეხება საზოგადოებისათვის ცნობილ მსჯავრდებულებს.

    ,,შეხვედრის ფაქტი არ არის და ვერ იქნება საიდუმლოთი დაცული, მით უფრო, როცა საქმე ეხება საზოგადოებისათვის ცნობილ მსჯავრდებულებს გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებზე. აქვე შევნიშნავთ, რომ N9 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, სახალხო დამცველმა ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე ეთერში თავად განაცხადა: „რაც შეეხება ვის შევხდი (…) ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული კონფიდენციალური საკითხი“- ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

    ცნობისთვის, 23 იანვარს სპეციალურმა პენიტენციურმა დაწესებულებამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ე.წ მატროსოვის ციხეში ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს და კახაბერ ნაკანს შეხვდნენ.

    ლომჯარიას თქმით, პატიმრებთან მისი შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება დანაშაული და სახალხო დამცველის საქმიანობაში ჩარევაა.

  • ვინმეს რომ ფარჩაკს დავუძახებ, უნდა ველოდო პასუხს -“ოცნების” დეპუტატი ხაბეიშვილის ცემის ფაქტს აფასებს

    “ქართული ოცნების” საკრებულოს დეპუტატი ბექა დავითულიანი ხაბეიშვილის ცემის ფაქტს ამართლებს.

    “ადამიანები ვართ და ზოგი სიტყვიერად აყენებს ერთმანეთს შეურაცხყოფას და ზოგი ფიზიკურად. ორი წელია ეს ადამიანი ყველაფერს შვება იმისათვის, რომ აქამდე მიიყვანოს ხალხი. ფიზიკურს რა თქმა უნდა და არც სიტყვიერს გამართლება არ აქვს, მაგრამ ხდება ხანდახან… ვინმეს რომ ფარჩაკს დავუძახებ, უნდა ველოდო პასუხს”- აცხადებს დეპუტატი.

  • “შესაძლოა გამოიკვეთოს პოლიტიკური მოტივები”-ლომჯარია ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე

    საკრებულოს დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის კომისიის სხდომაზე ცემის ფაქტს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმაურება და გამოძიების დაწყებას მოითხოვს. 

    “ეს ფაქტი არის კრიმინალური შემთხვევა, ვინაიდან ადგილი აქვს ფიზიკურ ანგარიშწორებას, თუმცა მე ველოდები რომ გამოძიება დაიწყება და აუცილებლად უნდა დაიწყოს გამომდინარე იქიდან რომ პირი დაზარალებული არის პოლიტიკური პარტიის წევრი შესაძლოა, გამოიკვეთოს პოლიტიკური მოტივები. ესეთი ტიპის საქმეებს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ, რადგან არ არის ეს ჩვეულებრივი კრიმინალური შემთხვევა. საარჩევნო წელი დაიწყო და თუ ესეთ ფაქტებს არ ექნება რეაგირება, ჩვენ სამწუხაროდ, ძალიან მძიმე საარჩევნო წელი გველოდება, ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი რომ ძალადობის ესკალაციას არ ჰქონდეს ადგილი”-აცხადებს ნინო ლომჯარია.

  • “ჩვენ ვუცხადებთ საპასუხო ომს ბიძინა ივანიშვილს”-ნიკა გვარამია

    “ჩვენ ვუცხადებთ საპასუხო ომს ბიძინა ივანიშვილს”-ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან განაცხადა.

    „მთელი ოჯახი მერვე წელია ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ არა როგორც მეორე ხარისხოვანიმოქალაქეები, არამედ, როგორც მიზანში ამოღებული საზარბაზნე ხორცი, აქამდე ძირითადად ეს ჩემს წინააღმდეგ ვლინდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, არანაირი წითელი ხაზები უკვე ფსიქოპატური მებრძოლი რეჟიმის წინააღმდეგ არ არსებობს და ყველა ლოგიკურად შემაკავებელი ხაზი გადაკვეთილია.ჩემი ოჯახი განუწყვეტელი თვალთვალის, ზემოქმედების და საფრთხის წინაშეა ამ ხელისუფლების გამო.

    ერთ-ერთი საქმე ეხება მანქანას, რომელიც ჩვენი ოჯახის სარგებლობაში იყო, არც დაგვიმალავს, სარგებლობდნენ მეუღლე და ბავშვები. ცხადია, ამაში დანაშაულებრივი არაფერია, ნასყიდობის ხელშეკრულებით მოხდა. პროკურატურას უნდა დაედგინა, არის თუ არა ჩვენი ოჯახის საკუთრებაში, ეს მანქანა ჩვენს სადგომზე იდგა. არსებობდა საჯარიმო კადრები, სადაც ჩანს, სოფო როგორ მართავს მანქანას.

    მიუხედავად ამისა, გამოიტანეს ამ საკუთრების დასადგენად თვალთვალის გამოყენების დადგენილება. პირობას ვაძლევ ყველას, ყველა დონეზე გადაწყვეტილების მიმღებს – ​აუცილებლად გარდაუვლად და მძიმედ დავსჯი. ჩემს მეუღლეს 28 დღის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. აღწერილია მისი და არა მანქანის გადაადგილებები. სულ ორში ფიგურირებს ის მანქანა, დანარჩენია ან ჩემი, ან ჩვენი მეგობრების. როცა ადამიანი სამსახურში მიდის, იქ ელოდებიან და უთვალთვალებენ, მანქანა რა შუაშია, რომელიც თითქოს უნდა დადგინდეს?!

    ჩვენ რომ გვისმენენ და გვითვალთვალებენ ძალიან კარგად ვიცით, ეს გრძელდება 7 წელია. გვიგზავნიან ჩემი შვილების ვიდეოკადრებს, უკვე ოფიციალურს. მე მგონია, რომ ეს არის საომარი მოქმედებები საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩვენმა ოჯახმა ომის გამოცხადება უკვე დიდი ხანია მიიღო და დღეს საბოლოოდ ვაცხადებთ: ჩვენ ვიღებთ გამოწვევას, ჩვენ შევდივართ ომში. ჩვენ საპასუხო ომს ბიძინა ივანიშვილს ვუცხადებთ და ამ ომში მას დავამარცხებთ, ჩვენ მას ამ ომში დავამარცხებთ, როგორც ადამიანები, რომლებიც ვისჯებით სიმართლისთვის, ჩვენი პოზიციისტვის, ჩვენი სიმტკიცისთვის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულისთვის“, – ამბობს გვარამია.

  • კახა დამენია სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 15 000 ლარით დააჯარიმა

    ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ქ.ზუგდიდში არსებული, კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე, დადიანების ბაღისა და სასახლეთა კომპლექსის შემადგენლობაში შემავალი მიწის ნაკვეთის უკანონოდ პრივატიზების ფაქტზე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია დამნაშავედ ცნო და 15 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

    „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2007 წლის 15 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ კ.დ-მ, რომელიც კურირებდა სახელმწიფო ქონების პრივატიზების საკითხებს და უშუალოდ ჰქონდა დავალებული პრივატიზების მიმდინარეობაზე კონტროლი, არაჯეროვნად შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული იგნორირებით, უკანონოდ, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პირობების გარეშე, მოახდინა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, ყოფილი ღია თეატრის ნაგებობისა და მასზე დამაგრებული 994,6 კვ.მ. მიწის ფართობის პრივატიზება.

    სახელმწიფოს მხრიდან სათანადო კონტროლით, მოვლა-პატრონობის პირობის გარეშე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლის გასხვისებამ გამოიწვია პრივატიზებული ტერიტორიის გავერანება, დაირღვა დადიანების ბაღისა და სასახლეთა კომპლექსის, როგორც საბაღე-საპარკე ხელოვნების შემადგენელი ნაწილის ერთიანი კონტექსტი და საფრთხე შეექმნა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

    ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კ.დ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა) და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა ჯარიმა 15 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

  • დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ტოვებს – დედოფალმა „ბრექსითის“ შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა

    დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ტოვებს. ცოტახნისწინ  დედოფალმა ელისაბედ მეორემ “ბრექსითის” კანონპროექტს ხელი მოაწერა და დოკუმენტმა ბრიტანეთის კანონის სტატუსი მიიღო.  შესაბამისად, მომავალი კვირიდან ქვეყანა დაიწყებს ევროკავშირიდან გასვლის პროცესს.

    24 იანვარს ევროკავშირის ლიდერები ხელს მოაწერენ შეთნხმებას დიდი ბრიტანეთის ბლოკიდან გასვლის შესახებ. 29 იანვარს კი, ევროპარლამენტი ამ შეთანხმების განსახილველად და მის სარატიფიკაციოდ შეიკრიბება.
    დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა 31 იანვრიდან აღარ იქნება.

    რა არის ბრექსითის კანონპროექტი? 

    ბრექსით (Brexit)  არის შემოკლებული “British exit”-ის ფორმა. რომელიც ქართულად  „ბრიტანეთიდან გასვლას“ ნიშნავს.
  • პრეზიდენტს იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადაეცა

    იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე მესამემ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო „მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი“ გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

    რეზიდენციაში გამართულ შეხვედრისას პრეზიდენტმა და პატრიარქმა იმსჯელეს, ასევე ქართველი მეცნიერების შესახებ და გადაწყდა, რომ ქართველ მეცნიერებს იერუსალიმის ეკლესიაში დაცულ ხელნაწერებზე და ხელოვნების ნიმუშებზე კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემათ და მათ საქმიანობას პატრონაჟს საქართველოს პრეზიდენტი გაუწევს.

    საქართველოს პრეზიდენტმა დახმარება იერუსალიმის პატრიარქს, თეოფილე მესამეს სთხოვა, რომლისგანაც საკითხის მოგვარების თანხმობა მიიღო.

    პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, „სალომე ზურაბიშვილს იერუსალიმის პატრიარქი პირადად წარუძღვა მაცხოვრის საფლავის ეკლესიაში, სადაც სიწმინდეები მოილოცეს“.

    საქართველოს პრეზიდენტმა იერუსალიმის პატრიარქს ფოკის მონასტერში დაწერილი ღვთისმშობლის ხატი აჩუქა.

  • საქართველოს მთავრობა 4 კონგრესმენის მიერ გამოგზავნილ წერილს ასაჯაროვებს

    საქართველოს მთავრობა 4 კონგრესმენის მიერ გამოგზავნილ წერილს ასაჯაროვებს

    საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ 4 ამერიკელი კონგრესმენის მიერ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილი წერილი გაასაჯაროვა.

    წერილს ხელს ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, მაიკლ მაკკოლი ​ და ელიოტ ენგელი აწერენ.რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა წერილის თაობაზე, გუშინ სოციალურ ქსელ “ტვიტერში” დაწერა. როგორც კინზინგერი აღნიშნავს, კონგრესმენებმა წერილი გაუგზავნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს სერიოზულად შეშფოთებულებმა პოლიტიკური დევნით და ეკონომიკის ვარდნის ტრენდით, რაც პრობლემას უქმნის საქართველოს გზას დემოკრატიული რეფორმებისა და დასავლეთში ინტეგრაციისკენ.

    “კონგრესის წევრები მხარს ვუჭერდით საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და დემოკრატიული რეფორმების მიმართ.

    რამდენიმე ჩვენგანმა 2019 წლის 13 დეკემბერს გამოქვეყნებულ წერილში, აღვნიშნეთ, რომ შეშფოთებული ვართ დაპირებული დემოკრატიული პროცესების ჩაგდებით და მასთან დაკავშირებული მშვიდობიანი პროტესტის წეინააღმდეგ გამოხატული ძალადობით.

    ჩვენ, ასევე შეშფოთებულები ვართ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტის საკითხის პოლიტიზირებით.

    საქართველო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში, ვიმეორებთ მოწოდებას, რომ დაიცვათ არჩევნების ლეგიტიმურობა და უზრუნველყოთ პრევენცია საარჩევნო პროცესში საშინაო და საგარეო ჩარევისგან.

    თქვენ საპასუხო წერილში, რომელიც 2019 წლის 17 დეკემბრით თარიღდება, გვპირდებოდით, რომ 2020 წლის არჩევნები უმაღლესი სტანდარტებით ჩატარდება.  მიმდინარე ანგარიშები მიუთითებს იმაზე, რომ ფეისბუკმა დახურა დიდი რაოდენობის ანგარიში, რომელიც ფინანსებოდა “ქართული ოცნების” მიერ. ამ ანგარიშებიდან ვრცელდებოდა ანტიდასავლურ და ანტიდემოკრატიულ მასალა, რაც უბრალოდ მიუღებელია.

    ჩვენ შეშფოთებული ვართ ასევე  ანგარიშებით, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნების” მიერ შერჩეული პროკურორები ხელახლა იძიებენ  პარტიის პოლიტიკური ოპონენტების ძველ საქმეებს. ასევე საქმეებს რომლებიც პოლიტიკურ ოპონენტებს, მედიის წარმომადგენლებს, საერთაშორისო კორპორაციებს და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს უკავშირდებათ.

    კანონის უზენაესობის პატივისცემა და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა არის ჯანსაღი დემოკრატიის გასაღები. ამასთან, საჭიროა დავრწმუნდეთ, რომ ჩატარდება თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. ეს პირობა თქვენი პარტიის მხრიდან მივიღეთ.

    მას შემდეგ, რაც 1991 წლიდან საქართველო დამოუკიდებელია, მოწმეები ვართ, რომ ქართველი ხალხი მიიწევს დემოკრატიისკენ და უფრო ღრმა პარტნიორობისკენ დასავლეთთან. თუმცა, მიუხედავად დაპირებისა ბოლო 30 წლის განმავლობაში მიმდინარე დემოკრქტიული და ეკონომიკური ტენდენციები ნეგატიურად აისახება საქაართველოს იმიჯზე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

    სამწუხაროდ, ეკონომიკური მაჩვენებელი მიგვითითებს საქართველოში გამოკვეთილ გადახვევაზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისგან. ამერიკული და ევროპული კომპანიები განიცდიან ზეწოლას. მივიჩნევთ, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკური სამიზნეა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი ანაკლიის განვითარების კონსორციუმი. მთავრობამ მოახდინა ამერიკული კომპანიების მიერ დაგეგმილი ინვესტიციების პრევენცია. ასეთი არახელსაყრელი ბიზნესგარემო მომავალში ამერიკულ კომპანიებს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაზე უარს ათქმევინებს. შემცირებული ინვესტიცია კი ზიანს არამხოლოდ ქართველებს მიაყენებს, არამედ მოსახლეობას იმედს გაუცრუებს დასავლურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციის შესახებ.ეს, ასევე, გააძლიერებს ვლადიმერ პუტინის გავლენას რეგიონში.

    საქართველოს შეუძლია იყოს სასიცოცხლო ჰაბი სავაჭრო ურთიერთობების კუთხით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან ცენტრალურ აზიაში და პირიქით. ეს იქნებოდა ხელსაყრელი ქართული ეკონომიკისთვის.

    იმედი გვაქვს, რომ საქართველო გააძლიერებს დემოკრატიას და მოახდენს ორპარტიულობის პრევენციას. კონგრესში საკმაოდ ნეგატიურად არის აღქმული. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა იმუშავებს შტატების კონგრესთან, ელჩ კელი დეგნანთან, ევროკავშირთან და არასამთავრობო ორგანიზციებთან დემოკრატიული ინსტიტუციებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის გაძლიერებისთვის იმისათვის, რომ საქართველომ შეძლოს გააგრძელოს და იყოს ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი მომავალშიც. მოუთმენლად ველით თქვენს პასუხს.”- ნათქვამია კონგრესმენების წერილში.

  • ვთქვი რომ ჩვენ საპრეზიდენტო კამპანიის დროს პირველებმა დავიწყეთ ამაზე საუბარითქო-ვაშაძე საკუთარ განცხადებას განმარტავს (ვიდეო)

    “მთავარია ყველამ ისარგებლოს სიტყვის თავისუფლებით”- ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ტელეკომპანია  “კავკასიის” ეთერში, გადაცემა “სპექტრში” გააკეთა.

    “მე ვთქვი რაც სათქმელი მქონდა, ამას კომენტარები გაუკეთეს ისე როგორც ჩათვალეს საჭიროდ, ჟურნალისტებმა მიიღეს განსახილველი თემა.

    მინდა ხაზი გავუსვა, არ მითქვია მე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამსახურება არისმეთქი, ვთქვი რომ ჩვენ საპრეზიდენტო კამპანიის დროს პირველებმა დავიწყეთ ამაზე საუბარითქო, საპრეზიდენტო კამპანიის დროს ხაზს ვუსვამ. მე არ მითქვია, რომ 1990-იანი წლების აღდგენიდან სხვა დანარჩენი პარტიები ამას ითხოვდნენ. 

    ჩემთვის პრობლემა არ არის აბსოლუტურად, კონსტიტუციური უფლება აქვს ყველას ყველაფერი ილაპარაკოს, ამისთანა განცხადებები კიდევ 150 ათასი იქნება, მთავარია, საშუალება გვქონდეს ყველამ ისარგებლოს სიტყვის თავისუფლებით”-განაცხადა ვაშაძემ დავით აქუბარდიას გადაცემა “სპექტრში”.

    შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძის გუშინდელ განცხადებას გადაცემა “კვირის აქცენტებში” ოპოზიციურ პარტიებში უკმაყოფილება  მოჰყვა.

    “გირჩმა”გრიგოლ ვაშაძის განცხადება გააპროტესტა.

    “ისინი თუ ეს ადამიანი იქნება “ნაციონალური მოძრაობის” აზრის გამხმოვანებელი შეხვედრებზე, ჩვენ იმ შეხვედრებში მონაწილეობას არ მივიღებთ”, – განაცხადა ზურაბ  ჯაფარიძემ.

    ვაშაძის განცხადების შინაარსი გააპროტესტეს  ალეკო ელისაშვილის “სამოქალაქო მოძრაობაშიც”.

    “პოლიტიკურ გაუმაძღრობას და ამპარტავნობას თუ არ მოთოკავთ დარჩებით ისევ თქვენი დიდი ხნის პოლიტიკური მოკავშირეების ამარა იმ მაგიდაზეც”-აგანაცხადა “სამოქალაქო მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა ლევან იოსელიანმა.

    ვაშაძემ “ღამის აქცენტებში” განაცხადა, რომ თავდაპირველად  პროპორციულ არჩევნებზე საუბარი ენმ-მ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ დაიწყო.

  • სახალხო დამცველი თეა წულუკიანის ქმედების კანონიერების შესწავლის მიზნით სახელმწიფო ინსპექტორს მიმართავს

    საქართველოს სახალხო დამცველი იუსტიციის მინისტრის ქმედების კანონიერების შესწავლის მიზნით სახელმწიფო ინსპექტორს მიმართავს. საქმე ეხება იუსტიციის მინისტრის მიერ 2020 წლის 21 იანვარს საქართველოს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროების ფაქტს.

    „ვიდეო ჩანაწერებიდან ორი – ასახავდა სახალხო დამცველის რწმუნებულების პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრებთან ვიზიტის კონკრეტულ მონაკვეთებს. ჩანაწერები, იმავე დღეს, გამოქვეყნდა იუსტიციის სამინისტროს Facebook გვერდზეც. საჯაროდ გავრცელებულ ჩანაწერებში სახალხო დამცველის რწმუნებულების სახეები არ არის დაფარული და მათი იდენტიფიცირება მარტივად შესაძლებელია.

    ნიშანდობლივია, რომ „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი უკრძალავს იუსტიციის სამინისტროს სახალხო დამცველის რწმუნებულისა და პატიმარის შეხვედრის რაიმე სახის მიყურადებას ან თვალთვალს.

    ამასთან, პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზუალური ან/და ელექტრონული მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესს ადგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის N35 ბრძანება. ბრძანება ადგენს ვიდეო ჩანაწერების დაარქივების კონკრეტულ საფუძვლებს, მათი დაარქივების მიზნობრიობას, დაარქივებაზე პასუხისმგებელ პირებს, პროცედურას და შენახვის ვადებს.

    ვინაიდან სახალხო დამცველის ერთ-ერთი რწმუნებულისა და პატიმრის შეხვედრის ამსახველი ვიდეო ჩანაწერის დროს რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ იკვეთება და ცალსახად გაუგებარია ვიდეო ჩანაწერის დაარქივების მიზნობრიობა, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამინისტროს მხრიდან ვიდეო ჩანაწერების დაარქივებისა და ხანგრძლივი ვადით შენახვის პროცესში სახეზეა ცალსახა კანონსაწინააღმდეგო ქმედება. ასევე, ორივე რწმუნებულის ეპიზოდში – მათი მაიდენტიფიცირებელი ვიდეო კადრების გასაჯაროება არღვევს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

    შესაბამისად, სახალხო დამცველი მიმართავს სახელმწიფო ინსპექტორს, რათა მისმა სამსახურმა შეისწავლოს იუსტიციის მინისტრის ქმედება, შეაფასოს ხსენებული ვიდეო ჩანაწერების მოპოვებისა და გავრცელების კანონიერების საკითხი და გამოიყენოს მის ხელთ არსებული სანქცირების მექანიზმი.

    გარდა ზემოაღნიშნული საკითხების გადამოწმებისა, სახალხო დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევს, სახელმწიფო ინსპექტორმა შეისწავლოს იუსტიციის სამინისტროში ვიდეო ჩანაწერების დაარქივების ზოგადი პრაქტიკა და სხვა კანონსაწინააღმდეგო შემთხვევების აღმოჩენის შემთხვევაშიც გაატაროს კანონშესაბამისი ღონისძიებები,“-აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.