Category: ახალი ამბები
-
გახარია თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს თანაგრძნობას და სოლიდარობას უცხადებს.
„თანავუგრძნობ და სოლიდარობას ვუცხადებ თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებსა და დაშავებულებს და მათ ოჯახებს. ამ მძიმე წუთებში საქართველო გვერდში უდგას თურქეთს”, – წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე.
-
ლევან ხაბეიშვილს მიღებულ დაზიანებებზე ექსპერტიზა ჩაუტარდება
თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ლევან ხაბეიშვილს საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების დროს მიღებულ დაზიანებებზე ექსპერტიზა ჩაუტარდება. ამის შესახებ საგამოძიებო უწყებიდან გამოსულმა ხაბეიშვილმა განაცხადა.
„გამოძიებას მივეცი ჩვენება, მაგრამ ახალს ვერაფერს ვეტყოდი იმის გარდა, რაც საზოგადებამ ნახა. ეს ყველაფერი ზედაპირზე დევს და ფაქტობრივად, არაფერია გამოსაძიებელი. ანრი ოხანაშვილს რომ ვიღაც სიტყვიერ შეურაცხყოფას მიაყენებს, ის კაცი დააკავეს, საკრებულოს წევრს პოლიტიკური განცხადების გამო რომ ტურებივით დაესევიან, ის ხალხი დღეს თავისუფალი დადის.
ჩემი აზრით, არავინ არავის დასჯის, მარტივი რამის გამო, ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში გუშინ ისინი ჩემს პროვოცირებას ცდილობდნენ, მათ შორის, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით. ანუ მათ უნდოდათ, რომ მე დამეწყო ფიზიკური დაპირისპირება, რაც უკაცრავად, მაგრამ ვერ მივართვი. ჩემი საქმე არ არის ფიზიკური დაპირისპირება, ჩემი საქმეა მათი კორუფციაში მხილება და მათ შორის, კონკრეტული ადამიანების დაცვა. რაც შეეხება ექსპერტიზას, როგორც კანონმორჩილი ადამიანი ჩავიტარებ ექსპერტიზას“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
-
პოლიციამ ახმეტის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
პოლიციამ ახმეტის მუნიციპალიტეტის, სოფელ კასრისწყალში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
“გამოძიებით დადგინდა რომ, კ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სოფელ კასრისწყალში, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1972 წელს დაბადებულ პირს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა”, —აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო. მუხლი განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
-
ფოთში 24 წლის ბიჭს უკვე მესამე კვირაა ეძებენ
უკვე 21 დღეა ფოთში 24 წლის გიგა თავბერიძეს ეძებენ. ის სახლიდან 4 იანვარს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. ოჯახს მის შესახებ ამ დრომდე არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია. მათ ასევე არ აქვთ ვერსია დაკარგულის შესაძლო ადგილსამყოფელის შესახებ.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომ საგამოძიებო, სამძებრო სამუშაოები დღემდე აქტიურად მიმდინარეობს.
-
ვიზიარებთ თურქი ხალხის, განსაკუთრებით დაღუპულთა ოჯახების მწუხარებას – საგარეო საქმეთა სამინისტრო
„ჩვენ გვინდა გამოვხატოთ უდიდესი მწუხარება თურქეთში მომხდარი ტრაგიკული მიწისძვრის გამო, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ის საშუალებით მიმართვას ავრცელებს.
„საქართველო უცხადებს სრულ სოლიდარობას თავის მოკავშირესა და მეგობარს. ჩვენ ვიზიარებთ თურქი ხალხის, განსაკუთრებით კი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების მწუხარებას და დაზარალებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. – აღნიშნულია სამინისტროს მიმართვაში.
თურქეთში მიწისძვრის სიმძლავრე 6,8 მაგნიტუდა იყო, რასაც ათეულობით განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. თურქეთის ხელისუფლების ცნობით, მიწისძვრის შედეგად დაინგრა 30 სახლი, დაზიანდა ათობით შენობა. ბოლო მონაცემებით 22 ადამიანია დაღუპული.
-
ახმეტაში 48 წლის მწყემსი მოკლეს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში 48 წლის მწყემსი მოკლეს.
მკვლელობას წინ უძღოდა ორ პირს შორის ურთიერთშელაპარაკება, რომელიც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, 34 წლის მამაკაცმა სანადირო თოფიდან ისროლა, რის შედეგადაც მწყემსი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშავლის მკვიდრია, ხოლო მამაკაცი, რომელმაც ისროლა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორის მცხოვრებია.
ორივე მამაკაცი კასრისწყალში, ერთმანეთთან ახლოს მდებარე საქონლის ფერმებში, დაქირავებულ მწყემსებად მუშაობდნენ.
არსებული ინფორმაციით, პირი, რომელმაც გაისროლა, პოლიციას თავად დაუკავშირდა და მომხდარი დანაშაულის შესახებ აცნობა.
მომხდარ ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით დაიწყო.
-

“საქართველოს კორუმპირებული მთავრობა ჩართულია დემოკრატიულ ღირებულებებზე თავდასხმაში“–მეშვიდე ამერიკელი კონგრესმენი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ კიდევ ერთი კონგრესმენი, პიტ ოლსონი გამოდის. მას გახარიასთვის წერილი არ მოუწერია, თუმცა ტვიტერის გვერდზე გააზიარა კოლეგების, ადამი კინზინგერის და გერი კონელის 16 დეკემბრის წერილი და თან დაურთო მწვავე კომენტარი:
„ვეთანხმები ჩემს კოლეგას, ადამ კინზინგერს: საქართველოს კორუმპირებული მთავრობა ჩართულია დემოკრატიულ ღირებულებებზე თავდასხმაში, სამოქალაქო პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ სისასტიკესა და ამერიკის შეერთებული შტატების ინვესტიციების წინააღმდეგ ანტაგონიზმში, რომელიც ორივე ქვეყანას გამოადგებოდა. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს!“, – წერს „ტვიტერზე“ პიტ ოლსონს.

-

“ვუერთდები ჩემს კოლეგებს“– კიდევ ერთი კონგრესმენის კრიტიკული წერილი გახარიას
საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას კრიტიკულ წერილს აშშ-ის კონგრესის კიდევ ერთი წევრი, ბრაიან ბაბინი უგზავნის.
წერილი, რომლითაც კონგრესმენი შეშფოთებას გამოხატავს დემოკრატიის მზარდ და განგრძობად უკუსვლასთან და ეკონომიკური განვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით, ბაბინმა ტვიტერზე გამოაქვეყნა.
“ძვირფასო პრემიერ მინისტრო გახარია
როგორც კონგრესის წევრი , გწერთ ამ წერილს, რათა ჩემი ხმა შევმატო მზარდ შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევისა და ეკონომიკური წინსვლის შეჩერების გამო.
ვუერთები ჩემს კონგრესმენ კოლეგებს, ადამ კინზინგერს, გერი კონოლს, საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის წევრებს, რომლებმაც 2019 წელს გამოგზავნეს წეილი და გამოხატეს შეშფოთება დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმებზე უარის თქმის გამო, ასევე ძალადობის გამო მშვიდობიანი პროტესტის მიმართ. უფრო მეტიც, ასევე მინდა შევუერთდე ჩემს კოლეგა კონგრესმენ მარკვინ მულინს და მესიჯების, რომლებიც მან ჩამოაყალიბა მის ბოლოდროინდელ წერილში 2020 წლის 13 იანვარს.
როგორც იცით, მას შემდეგ, რაც საქართველომ 1991 წელს დამოუკიდებლობა მოიპოვა, ის სარგებლოდა აშშ–ს მხრიდან ძლიერი მხარდაჭერით წლების მანძილზე. გასულ წელს აშშ–ს წარმომადგენელთა პალატამ მიიღო საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელიც ამჟამად აშშ–ს სენატში განიხილება.
უნდა აღინიშნოს ამ აქტის ტექსტში მთავარი პრინციპი, რომელიც სპეციალურად პირველ რიგშია ხაზგასმული შემდეგია:
“ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა:ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაა: მხარი დაუჭიროს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების განგრძობად განვითარებას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, საჯარო სექტორის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების, კანონის უზენაესობის და ანტიკორუფციული ძალისხმევის ჩათვლით.“
ამ პოლიტიკის სულისკვეთებიდან გამომდინარე გწერთ ამ წერილს, რადგან აშკარად გამოხატულია ნეგატიური ტრენდი საქართველოს დემოკრატიის და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორების თვალსაზრისით, რაც იწვევს აშშ–ს კონგრესის წევრების შეშფოთებას.
ამ ტრენდის შედეგია ის, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საქართველოში მცირდება, რადგან აშშ–ს და ევროპის ბიზნესინტერესები ექვემდებარება ზეწოლას, ხდება კონტრაქტების გაუქმება და ექსპროპრიაციული შეტევები. ამის ნათელი მაგალითია ნავთობისა და გაზის კომპანია ტეხასიდან, ფრონტერა. ასევე საგანგაშოა იმის ნახვა, რომ აშშ–ს სოციალური მედიის კომპანიამ, ფეისბუქმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ აღმოაჩინა ანგარიშების ქსელი, დაკავშირებული საქართველოს მმართველ პარტიასთან, ქართულ ოცნებასთან, რომლებიც შეჩნეულ იქნენ “კოორდინირებულ არაავთენტურ ქმედებაში“ იმისათვის, რომ თავს დასხმოდნენ ოპოზიციურ შეხედულებებს საქართველოში და გაევრცელებინათ ანტიდასავლური მესიჯები, განსაკუთრებით აშშ–ს წინააღმდეგ.ამ გაუარესებული გარემოს ფონზე აშშ–ს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ზედიზედ ორ კანონს ყოველწლიური ასიგნებების შესახებ აშშ–ს კონრესისგან 2019 და 2020 წლებისთვის, რომლებშიც კონკრეტულად განიხილებოდა საკითხები საქართველოს მთავრობის მხრიდან დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი სააბაზრ პრინციპების და ამერიკულიბიზნეს ინტერესების წინააღმდეგ პროგრესირებადი ანტაგონისტური ქმედებების შესახებ. პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიაში თქვენი ქვეყანა განიხილებოდა ნეგატიურ და ფრთხილ შუქზე აშშ–ს მთავრობის მხრიდან მხარდაჭერის თვალსაზრისით.
იმ ნეგატიური ტრენდის გამო, რომელიც აღვწერე და რომლის შეჩერებას ვცდილობ, სანქციებისა და სხვა ჯარიმების შესახებ მოწოდებები იზრდება. მე ვუერთდები კონგრესმენების მზარდ რიცხვს, რომლებიც მოგიწოდებენ რეფორმებისკენ, და ვუერთდები კანონს საქართველოში სამართლიანი ბიზნეს პრაქტიკების შესახებ, რომელიც აშშს წარმომადგენელთა პალატაშია წარმოდგენილი.
გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო განაგრძობს აშშ–ს თან სტრატეგიულ პარტნიორობას მრავალი წლის განმავლობაში და ააშენებს დემოკრატიული ინსტიტუტებს და თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას, რომელიც დაფუძნებული იქნება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე, საჯარო სექტორის გამჭვირვალობაზე და ანგარიშვალდებულებაზე, კანონის უზენაესობაზე და ანტიკორუფციულ ძალისხმევაზე. ასევე ვიმედოვნებ, რომ თქვენი მთავრობა მოძებნის გზებს აშშ–ს კომპანიების მიმართ აგრესიული ქმედებების შესაჩერებლად და იმუშავებს მზარდ საგანგაშო ნიშნების შესაჩერებლად, რომლებიც ნათელს ხდის არსებულ საფრთხეებს დემოკრატიისთვის, ეკონომიკური კეთილდღებისა და თავისუფლებისთვის, რომელიც ქართველი ხალხისთვის ღმერთისგან ბოძებული უფლებაა.“ –ნათქვამია წერილში.

გიორგი გახარიას კრიტიკულ წერილს ამჯერად უკვე 4 კონგრესმენი უგზავნის“შოკში ვართ“ – ამერიკელი კონგრესმენების უმწვავესი წერილი გიორგი გახარიას
-
შსს-მ დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის საქმე გახსნა-დაკავებულია ერთი პირი
ყოფილი თადარიგის პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმე გახსნილია.
დაკავებულია 45 წლის ზ.მ. ამის შესახებ შსს-ში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე კახა საბანაძემ განაცხადა.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 2018 წელს თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის გახმაურებული საქმე გახსნილია.
სამართალდამცველებმა, გრიგოლ გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობისა და დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 1975 წელს დაბადებული ზ.მ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2018 წლის 7 თებერვალს, თბილისში, დოდო გუგეშაშვილის დროებით საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სხეულზე დაზიანებები მიაყენა დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს – გრიგოლ გუგეშაშვილს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. თავად დოდო გუგეშაშვილი, დროული სამედიცინო დახმარების შედეგად, სიკვდილს გადაურჩა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და ოპერატიული სამმართველოების და თბილისის პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დადგინდა აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირი, რომელიც 2020 წლის 24 იანვარს თბილისში, ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული.
განზრახ მკვლელობისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმა 2018 წლის 7 თებერვალს დიღომში, მის საცხოვრებელ სახლში მოხდა. თავდასხმის შედეგად დაიჭრა თავად დოდო გუგეშაშვილი, მისი 33 წლის ვაჟი ნოდარ გუგეშაშვილი კი ადგილზე გარდაიცვალა.