Category: ახალი ამბები

  • გიორგი გახარია ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

    საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა სომეხ კოლეგას მისი მოწვევის მიღებისა და ოფიციალური ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე გამახვილა ყურადღება.

    „მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ საქართველოში. ჩვენ მთავრობების დონეზე ყოველდღიურად ვმუშაობთ, საქართველოსა და სომხეთს შორის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების გასაღრმავებლად. ჩვენ ყოველთვის ვთანხმდებოდით, რომ მაღალი დონის შეხვედრები არის ის საფუძველი, რომელიც მთავრობებს სამინისტროების დონეზე ეფექტური მუშაობის საშუალებას აძლევს. ჩემი ვიზიტი ერევანში ძალიან ნაყოფიერი და შთამბეჭდავი იყო და მის შედეგებზე დღეს ჩვენ სამუშაო რეჟიმში ვისაუბრებთ. დარწმუნებული ვარ, თქვენი დღევანდელი სტუმრობაც მოიტანს მეტ შედეგებს ჩვენს ხალხს შორის მეგობრული და ეფექტური თანამშრომლობისთვის. ჩვენ რთულ რეგიონში ვცხოვრობთ და ჩვენს მთავრობებსაც კარგად აქვთ გააზრებული, რომ მშვიდობა და სტაბილურობა არის საფუძველი ჩვენი ქვეყნების განვითარებისთვის. ჩვენ პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ მშვიდობაზე და შემდგომ ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ, კულტურულ განვითარებაზე, განათლებაზე და ყველა იმ სფეროზე, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ. საქართველოს, ქართველი ხალხის ურყევი გადაწყვეტილებით, მისი მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების გარანტი არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ჩვენ ამ მიმართულებით ვვითარდებით. დარწმუნებული ვარ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანია ჩვენს სახელმწიფოებს და ხალხებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება ყველა იმ სფეროში, რომელიც აღელვებს ჩვენს მოსახლეობას. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ გეგმის განსახორციელებლად დღეს კიდევ ერთ წარმატებულ ნაბიჯს გადავდგამთ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

    საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა.

    „დიდი მადლობა ოფიციალური ვიზიტით მოწვევისა და თბილი მიღებისთვის. ჩვენს ქვეყნებს ღრმა კულტურული ეკონომიკური და ისტორიული კავშირები აქვთ. ჩვენ ათასწლეულებია გვერდიგვერდ ვვითარდებით. საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების გაგრძელება სტრატეგიულ ჭრილში წარმოგვიდგენია. ჩვენ გვაქვს ურთიერთობების უფრო ფართო განვითარების შესაძლებლობები და სფეროები. ჩვენს ურთიერთობებს რეგიონული თვალსაზრისით, მეზობლებს შორის საქართველოსთან, განსაკუთრებულ ჭრილში განვიხილავთ. ჩვენი ხალხების ურთიერთობის განვითარების კიდევ უფრო გამამყარებელ ფაქტორად მიგვაჩნია ჩვენი ქვეყნების დემოკრატიული განვითარების გზა. აღნიშნული გარემოება სხვა მრავალ გარემოებასთან ერთად ჩვენი განვითარების კიდევ ერთი ქვაკუთხედია. ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში საქართველოსთან ურთიერთობები ხარისხობრივად სხვა დონეზე გადავიდა და გვჯერა, ამ შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო გამყარდება. ჩვენ ჩვენი შეთანხმებების ყველა პუნქტს ვახორციელებთ. თბილად ვიხსენებ ჩვენს პირველ შეხვედრას ერევანში. დიდი სიამოვნებით ვსტუმრობ საქართველოს და ჩვენი შეხვედრები არის ის საფუძველი, რაც ჩვენს ორ ხალხს კიდევ უფრო აახლოებს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

    პირისპირ საუბრის შემდეგ გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

    საუბრისას მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება და კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა ინტენსიური ორმხრივი პოლიტიკური დიალოგისთვის.

    ასევე, ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს და აქტიურ თანამშრომლობას ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, კულტურა, განათლება, ინოვაციები და სხვა

  • ამირან გამყრელიძე კორონავირუსის პრევენციის საკითხზე პატრიარქს შეხვდება

    მე მინუსად ჩამითვალეს, როცა ვთქვი, რომ ვერ მივცემ რეკომენდაციას, რამე რელიგიური რიტუალი შეიცვალოს, – ამის შესახებ „TV პირველის“ ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

    ამირან გამყრელიძის განცხადებით, ის აპირებს ილია მეორეს შეხვდეს და ვირუსის პრევენციის გზებზე ესაუბროს.  

    „მაქვს ეს ბედნიერება, რომ გარკვეული პერიოდით მქონდეს პირადი კონტაქტი მის უწმინდესობასთან, პატრიარქთან. ეს ადამიანი ბრძენია. ის ყოველთვის მარიგებს. როდესაც ეს ვირუსი დაიწყო მსოფლიოში მე საპატრიარქოს დავუკავშირდი პირადად.ზოგადი ჰიგიენური წესების დაცვა გულისხმობს ხშირად ხელების დაბანას, სველი წესით დალაგებას. დეზინფექციას, იმას, რომ ერთჯერადად გამოვიყენოთ პირბადეები, ჭიქა, თუ საინექციო საშუალებები. ეს არის ჩემი რეკომენდაცია ყველასადმი, საპატრიარქოსადმი, ეკლესიისადმი. ეკლესიას ისიც კი შევთავაზე, რომ როცა მრევლი იკრიბება, იქნებ ეკლესიამ მოახერხოს, რომ იქ დისპენსერები იდგეს, სადაც შესვლის და გამოსვლის წინ ჩვენ ხელებს დავიბანთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

  • მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 3 119-მდე გაიზარდა

    მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა  3 119-ს მიაღწია, ოფიციალურად ინფიცირებულია 90 932 ადამიანი. გამოჯანმრთელებული 48 163 პაციენტია.

    ბოლო 24 საათში ვირუსით 31 ადამიანი დაიღუპა.ჩინეთში ამ დროისთვის ვირუსი 80 151 ადამიანს აქვს.

    30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

  • “შარშანაც გვქონდა კორონა საქართველოში”- პაატა იმნაძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა, რომ საქართველოში კოროონავირუსის შემთხვევები შარშანაც იყო,თუმცა არა ახალი კორონა ვირუსის.

    “რახან ახალი ვირუსია, დაემართება ბევრს – ესაა პრობლემა, თორემ კორონავირუსები ყოველწლიურად ემართება ადამიანს, შარშან 10% გაციებულების, კორონავირუსის წილი იყო, ეს კორონავირუსები არის ისეთი ვირუსები, რომელიც მსუბუქად მიმდინარეობს”-განაცხადა იმნაძემ.

    იმნაძის თქმით, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველომ ზომები სწრაფად მიიღო, განსხვავებით ირანისგან, რომელმაც დაავადებულთა სტატისტიკა დამალა.

  • კორონავირუსის გამო ბიძინა ივანიშვილმა 180 მლნ დოლარი დაკარგა

    საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი 180 მილიონი დოლარით გაღარიბდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბლუმბერგი ავრცელებს.

    ბლუმბერგის მილიარდელების ინდექსის მიხედვით რეიტინგში ბიძინა ივანიშვილი 354-ე ადგილზე იმყოფება და მისი ქონება დღევანდელი მდგომარეობით – 5.37 მილიარდს შეადგენს, მაშინ როცა, მიმდინარე წლის 23 თებერვლის მონაცემებით, ივანიშვილის ქონება 5.55 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.

    “ბლუმბერგის” მიხედვით, მდიდარმა ადამიანებმა არაერთი მილიონი კორონავირუსის გამო დაკარგეს.

    მათივე ცნობით, გასული კვირის განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილის მსგავსად, მსოფლიოს უმდიდრესმა 499 ადამიანმა, ჯამში 444 მილიარდი დოლარი იზარალა.

  • ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთი ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატი ინტოქსიკაციით საავადმყოფოშია გადაყვანილი

    ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთი ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატი, ასლან ბჟანია მოწამვლის ნიშნებით სოჭის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაციას ამის შესახებ „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

    „ის სოჭში იმყოფებოდა, როცა  თავი ცუდად იგრძნო. ის კლინიკაში გადაიყვანეს. ეჭვია კვებით ინტოქსიკაციაზე“, – აცხადებს „ინტერფაქსთან“ ასლან ბჟანიას მეგობარი.

  • ევროკავშირმა კორონავირუსის საფრთხე უმაღლეს ნიშნულამდე გაზარდა

    ევროკავშირმა კორონავირუსის საფრთხე უმაღლეს ნიშნულამდე გაზარდა. ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღეს  გააკეთა.

    „ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში დღეს განაცხადეს, რომ ევროპაში კორონავირუსით დაავადების რისკი უმაღლეს ნიშნულამდე იზრდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვირუსი გავრცელებას აგრძელებს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

    ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოდან ვირუსი 18-ში გამოვლინდა, ახალი კორონავირუსის შედეგად  ევროკავშირის 38 მოქალაქე დაიღუპა.

  • თბილისში ჩამოწერილი ყვითელი ავტობუსები რეგიონებში იგზავნება

    თბილისის მერია ე.წ. ყვითელ ავტობუსებს, რომლებიც ჩამოწერა და  სხვა ავტობუსებით ჩაანაცვლა, რეგიონებში აგზავნის.

    ყვითელი ავტობუსები, რომლებიც თბილისისთვის გამოუსადეგარი გამოდგა ოზურგეთისა და ონის მუნიციპალიტეტებში უკვე ჩაიყვანეს. 

    5 ავტობუსი თბილისის მერიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს აჩუქა. 

    გასულ თვეში, თბილისის მერიამ , 4 ავტობუსი  ონის მუნიციპალიტეტსაც გადასცა.

  • განათლების მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ თანამდებობა დატოვა.

    ინფორმაცია ირინა აბულაძემ სოციალურ ქსელში დაადასტურა. 

    “მეგობრებო, შემიძლია გაგიზიაროთ ახალი ამბავი. მივიღე გადაწყვეტილება, არსებული პოსტი დავტოვო და ცხადია, გავაგრძელო ამ საქმის და გუნდის ერთგულება რეფორმის დანერგვის შემდეგ ეტაპზე. ჩემს გეგმებზე ოდნავ მოგვიანებით.

    ძალიან მოკლედ გავიხსენებ ამ პერიოდის ჩემთვის ერთ-ორ მნიშვნელოვან განვითარებას, და აქვე, პირველ რიგში, დიდ მადლობას გადავუხდი ყოფილ მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს, ჩვენს გუნდს სამინისტროში, ჩემს კოლეგა მინისტრის მოადგილეებს ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და სხვა სამინისტროებიდან, ასეთი აქტიური და ნამდვილად შესაშური (7/24) თანამშრომლობისთვის!

    პირველი ოფიციალური შეხვედრა, დანიშვნიდან პირველივე შაბათს ფინანსთა სამინისტროში გვქონდა, სადაც ითქვა, რომ უნდა დაიდოს განათლების რეფორმის სისტემური ხედვა ყველა დონეზე, არა ცალკეულად აღებული ზოგადი ან რომელიმე საფეხურის. რა თქმა უნდა აქ მნიშვნელოვანი მათ შორის კავშირების დანახვა იყო,თუ როგორ უწყობს თითოეული საფეხურის განვითარება, შემდეგის განვითარებას ხელს. იმ და შემდეგ ბევრ შეხვედრაზე, მათშორის საერთაშორისო და საფინანსო ორგანიზაციებთან ვმსჯელობდით განათლების სისტემის განვითარებაზე, კვლევებზე და საქართველოს სპეციფიკაზე, ესგ ჯგუფის მიერ მომზადებულ კონცეფციაზე, რომელიც რეფორმის დაწყებას სწორედ საკლასო ოთახიდან გულისხმობდა… მიღწევებზე და იმ ფუნდამენტზე, რაზეც აუცილებლად უნდა დაშენებულიყო ეს ხედვა.

    ამ ყველაფერთან სინქრონში დავიწყეთ მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება, საპენსიო ასაკს მიღწეულ მასწავლებლებს შევთავაზეთ არჩევანი – სურვილის შემთხვევაში მათი ღირსეული გაცილების გზით.

    წახალისებაზე ორიენტირებული სისტემა, სკოლების მართვის სისტემის ეფექტიანობის გაზრდა, ამისათვის სკოლების “დარუქების” პროექტის დაწყება (რომლის სოფტი MCC/MCA შეგვიძინა), – სადაც EMIS ბაზაზე ამ ეტაპისთვის სისტემაში ჩაშენდა უამრავი მონაცემი და დაიხაზა საფეხმავლო გზებიც კი, უბნის დონეზეა შესული მონაცემები მოსწავლების შესახებ და განათლებაზე ხელმისაწვდომობის სრული ანალიზია შესაძლებელი. შემდგომ კი მოსწავლეთა შედეგების და სკოლების თვით/შეფასების ინტეგრირების შესაძლებლობას იძლევა.

    ეს ყველაფერი კი მიმართულია სკოლების გაძლიერებისკენ გადაიქცნენ სოციალურ-კულტურულ, მულტიფუნქციურ განათლებისა და აღზრდის კერებად, რაც ასე მნიშვნელოვანია ქვეყნის, რეგიონის და სოფლის გასაძლიერებლად. ამ ხედვის შეთავაზებით, წელიწადნახევარში 300 მლნ ზე მეტი აშშ დოლარის საინვესტიციო პროექტების მოძიება გახდა შესაძლებელი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან და ყოველწოიურად მნიშვნელოვნად მზარდი სახელმწიფო ბიუჯეტის დადასტურება!

    დიდი მადლობა თითოეულ მასწავლებელს, განათლების მუშაკებს, ჩვენს ყველა დარგობრივ, ფინანასურ და ადმინისტრაციულ დეპარტამენტს, ჩვენს სსიპ-ებს, საერთაშორისო პარტნიორებს, და პოლიტიკურ გუნდს!

    “რეფორმა”- პროცესია, მნიშვნელოვანია მუდმივი განვითარება და მდგრადობა, მონაცემებზე დაფუძნებით მუდმივი დახვეწა. ყველაფერი გრძელდება და კიდევ უამრავ და მასშტაბურ სიახლეს შემოგვთავაზებს, რაშიც დიდ წარმატებას ვუსურვებ სამინისტროში ჩემს კოლეგებს!

    და რა თქმა უნდა, მადლობა მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს, მისი ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, ჩვენი თანამშრომლობის ყველა ეტაპზე!” – წერს აბულაძე.

  • პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 2 პირი (ვიდეო)

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 2 პირი.

    უწყების განცხადებით, სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი ორი პირი – 1989 წელს დაბადებული ი.გ. და 1989 წელს დაბადებული ი.ქ. ქუთაისში დააკავეს.

    ი.გ.-ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება, ხოლო ი.ქ.-ს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.

    დანაშაულები 7-დან 15 წლამდე და 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით ინფორმაციით, ი.გ.-მ თბილისში, კარლო ჩხეიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ დ.ნ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან – ი.ქ.-სთან ერთად მიიმალა.

    დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწია. დ.ნ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    დ.ნ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია, თუმცა ინციდენტის დროს არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.

    სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე ბრალდებული ქუთაისში, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

    გამოძიება ი.გ.-ს მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-108 მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ხოლო ი.ქ.-ს მიმართ – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.