Category: ახალი ამბები

  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

    4-6 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    მათივე ცნობით, დღის საათებში ჰაერის ტემპერატურა +12, +17 გრადუსამდე გათბება.

    „4-6 მარტს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +21, +26, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +17, +22 გრადუსამდე იქნება.

    თბილისშიც თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 3-6 მარტს +19, +21 გრადუსამდე დაფიქსირდება,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • ივანიშვილის სანქცირების პაკეტი უკვე მზად არის. რა შემთხვევაში აამოქმედებს დასავლეთი სადამსჯელო ზომებს

    ივანიშვილის სანქცირების პაკეტი უკვე მზად არის. რა შემთხვევაში აამოქმედებს დასავლეთი სადამსჯელო ზომებს

    “ვფიქრობ, ის რასაც გავაკეთებთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება. ამას აქ (შეერთებულ შტატებში) გადავწყვეტთ. მე ვიტოვებ იმედს, რომ გამოსავალი მიღწეული იქნება დაკავებების, დაკავებების მუქარის და იმის თაობაზე თუ როგორი იქნება საარჩევნო სისტემა 2020 წელს.“ – ასეთი პასუხი გასცა ამერიკის ხმასთან ბოლო ინტერვიუში ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა ჟურნალისტის კითხვას, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება.

    რა არის ის, რაც “ბევრისთვის მოულოდნელობა იქნება“, კონგრესმენი არ აკონკრეტებს, თუმცა ინფორმირებული წყაროები დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ აშშ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისთვის ემზადება. ინფორმაცია ივანიშვილის აქტივების, ქონების და საბანკო ანგარიშების შესახებ, რომლებიც ქართული ოცნების ლიდერს დასავლეთის ქვეყნებში აქვს, უკვე თავმოყრილი და აღრიცხულია. შესაბამისმა სტრუქტურებმა ივანიშვილის ოფშორული კომპანიებისა და ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მოძიებაზეც იზრუნეს.

    კონკრეტულად როდის და რა ფორმით მოხდება ამ პაკეტის რეალიზება, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა აშშ–ში მკაფიოდ აცნობიერებენ, რომ ივანიშვილის მიმართ გადამწყვეტი ზომების მიღება მოუწევთ, რადგან ის არ აპირებს ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის, პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებების, სასამართლო სისტემის ბოროტად გამოყენების შეჩერებას და საკუთარი შეუზღუდავი ძალაუფლების შეზღუდვას.

    ამ პრობლემებთან დაკავშირებით დასავლეთის კრიტიკა ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ გასული წლის ბოლოდან მზარდი და ინტენსიური გახდა. დემოკრატიის უკუსვლაზე, პოლიტიკურად მოტივირებულ დაჭერებზე, პროტესტის ძალადობრივი გზით ჩახშობაზე, სასამართლო სისტემის პრობლემებზე ღიად საუბარი 20 ივნისის შემდეგ გააქტიურდა, მას შემდეგ კი, რაც ივანიშვილის უმრავლესობამ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო, კრიტიკა გამწვავდა. 2019 წლის ბოლოს კი დაიწყო ამერიკელი კონგრესმენების და სენატორების მიერ პრემიერ გახარიასთვის გამოგზავნილი წერილების სერია, რომლებშიც ქართული დემოკრატიის პრობლემებზე იყო საუბარი. წერილებში არაპირდაპირ სანქცირების თემაც იყო ნახსენები, თუმცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად აცხადებდნენ, რომ ეს წერილები ცალკეული კონგრესმენების პოზიციას გამოხატავდა და არა თეთრი სახლის ადმინისტრაციისას.

    ამის მიუხედავად ოცნებამ, რომელიც მანამდე აცხადებდა, რომ საარჩევნო სისტემა 2020–ის არჩევნებამდე აღარ შეიცვლებოდა და თემა დაიხურა, ოპოზიციასთან მოლაპარაკებები დაიწყო, ჯერჯერობით რეალური დათმობების გარეშე და სავარაუდოდ მხოლოდ დასავლეთის კრიტიკის გასანელებლად.

    დასავლეთიდან ივანიშვილს და მისი ხელისუფლების წევრებს არაერთხელ განუმარტეს, რომ მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული შეთანხმება, პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის შეწყვეტა და დემოკრატიის უკუსვლის შეჩერება, თუმცა გიგი უგულავას დაკავებამ დასავლელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ ივანიშვილი მათი შენიშვნების გათვალისწინებას არ აპირებს და ოპოზიციასთან მოლაპარაკებები მხოლოდ დროის მოგების ტაქტიკაა.

    ერთ–ერთი ყველაზე მწვავე წერილი, რომელიც გახარიამ (რეალურად კი ივანიშვილმა) ამერიკიდან 30 იანვარს მიიღო, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, რესპუბლიკელ სენატორ ჯიმ რიშს და ევროპის ქვეკომიტეტის უმცირესობის დემოკრატ ლიდერს, სენატორ ჯინა შაჰინს ეკუთვნის. წერილის ტონი უკიდურესად მკაცრია და პრაქტიკულად პირდაპირ არის ნათქვამი, რომ თუ ხელისუფლებამ ასე გააგრძელა, აშშ იძულებული გახდება კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღოს:

    “ჩვენ წლებია საქართველოსთან შეერთებული შტატების პარტნიორობის მტკიცე მხარდამჭერები ვართ და კვლავ გვჯერა, რომ ძლიერი დემოკრატიული ფუნდამენტი გაქვთ. თუმცა, ეს მოვლენები გვაპაუზებს და კითხვებს გვიჩენს, რამდენად ერთგულია საქართველო ჩვენი საერთო ღირებულებების. მეტიც, ვშიშობთ, რომ რეფორმების შეფერხება და საქართველოს შიგნით დაძაბულობის ზრდა, რუსეთის უფრო მეტად ჩარევას განაპირობებს ქვეყანასა და რეგიონში. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ქმედებები, უფრო მეტად შეექმნება საფრთხე საქართველოს უსაფრთხოებას და ჩვენ შეიძლება იძულებული გავხდეთ, რომ ჩვენს პარტნიორობას გადავხედოთ.

    დამოუკიდებელ, დემოკრატიულ საქართველოს ბევრი საერთაშორისო მხარდამჭერი ჰყავს და ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ თქვენი ქვეყნის მხარდაჭერა. თუმცა, გვაქვს მოტივაცია მხარი დავუჭიროთ საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელი იქნება, საქართველოს დავეყრდნოთ, როგორც სტაბილურ, სანდო და დემოკრატიულ პარტიორს. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ სწრაფად შეეცდებით ამ უკუსვლის შემობრუნებას და შეუსრულებთ დანაპირებს ქართველ ხალხს"-წერია წერილში.

    ივანიშვილის მიმართ დასავლეთი არაერთი გაფრთხილების და მოწოდების უპასუხოდ დატოვების შემდეგ solostudio.agency/ -ს ინფორმაციით პარტნიორებმა შესაბამისი ქმედებებისთვის მზადება დაიწყეს. ისინი ივანიშვილს აღარ ენდობიან და თვლიან, რომ ის ყველაფერს გააკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. აშშ–კი არ აპირებს საქართველოში ავტორიტარიზმის ფორმირებას გულგრილად უყუროს და პარტნიორობა გააგრძელოს ქვეყანასთან, სადაც დემოკრატია ფეხქვეშ ითელება.

    19 თებერვალს თბილისში ჩამოვიდა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელი კრის სოჩა. მან შეხვედრები გამართა ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან, ასევე სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფებთან.

    ოფიციალური ინფორმაციით შეხვედრაზე სოჩამ განიხილა საქართველოს მიმდინარე პოლიტიკური კლიმატი და ისაუბრა მსგავსი ჯგუფების მნიშვნელოვან როლზე ქვეყნის დემოკრატიული ტრადიციების გაღრმავებაში.

    19 თებევალს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ აპარატის ხელმძღვანელმა ისაუბრა “საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის შესუსტების პრობლემებზე”.

    განცხადების მიხედვით, სოჩამ “ჩამოიტანა სენატის კომიტეტის თავმჯდომარის სენატორ ჯიმ რიშის მკაფიო გზავნილი იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, თუმცა, სახელმწიფო ორგანოებმა პატივი უნდა სცენ ყველას პოლიტიკურ უფლებებს და განაგრძონ ანგარიშვალდებულების სისტემის განმტკიცება, რაც უზრუნველყოფს ხელისუფლების ძალაუფლების სათანადო შეზღუდვას.”

    ეს არის ოფიციალური განცხადება, რომელიც პრაქტიკულად ადასტურებს იმ არაოფიციალურ ინფორმაციას, რომ კრის სოჩამ საქართველოში ივანიშვილისთვის უმკაცრესი გაფრთხილება და სანქცირების პაკეტი ჩამოიტანა. გადაწყვეტილება აშშ–ში უმაღლეს დონეზეა მიღებული. არც ჯიმ რიშია რიგითი სენატორი და არც კრის სოჩა სენატის რიგითი კლერკი.

    სარწმუნო წაყაროს ცნობით, ერთ–ერთ ვარიანტად საქართველოსთან პარტნიორობის რამდენიმე პროექტის შეჩერებაც განიხილებოდა, თუმცა აშშ–სთვის საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია და ავტორიტარიზმის გზაზე მდგარი ოლიგარქის გამო ის ამ ქვეყანასთან პარტნიორობაზე უარის თქმას არ აპირებს, მითუმეტეს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა პროდასავლური განწყობას იზიარებს და ქვეყანას დიდი ხანია არჩეული აქვს ევროატლანტიკური კურსი. შესაბამისად, მთავარი სამიზნე პერსონალურად ივანიშვილი ხდება, რომელმაც ეს კურსი და არჩევანი ეჭვქვეშ დააყენა. სანქციებიც პირადად მას შეეხება. საუბარია ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის – მისი ოჯახის წევრების, გარემოცვის გავლენიანი ფიუგრების, მასთან დაახლოებული ბიზნეს ელიტის ანგარიშებისა და ქონების დაყადაღებაზე და გადაადგილების შეზღუდვაზე.

    რა თქმა უნდა, ივანიშვილის მთელ ქონებას სანქციები ვერ შეეხება – მას დღემდე რჩება ქონება რუსეთში, ასევე საქართველოში აქვს ისეთი აქტივები და ქონება, რომელსაც სანქციები შესაძლოა ვერ შეეხოს, თუმცა სანქციებისთვის სავარაუდოდ ისეთი დრო და ფორმა იქნება შერჩეული, რაც გამყინავ ეფექტს იქონიებს და ივანიშვილის ფულზე დაფუძნებულ პოლიტიკურ გავლენას მთლიანად ჩამოშლის.

    ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს შანსი მოვლენების ამგვარი განვითარება შეაჩეროს, თუ ის საარჩევნო სისტემის რეფორმას დათანხმდება, პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებებს შეწყვეტს და დასავლეთს დაარწმუნებს, რომ არ აპირებს ძალაუფლების ნებისმიერ ფასად შენარჩუნებას, თუმცა ამის იმედი პარტნიორებს პრაქტიკულად აღარ დარჩათ.

  • კლავს თუ არა ჭაჭა ახალ კორონავირუსს-გამყრელიძის პასუხი

    ახალი კორონავირუსის გამოჩენასთან ერთად საზოგადოებაში კამათობენ შველის თუ არა ჭაჭა ვირუსს. ამ მითის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

    „დღეს ამ საშუალებებთან დაკავშირებით ძალიან ინტენსიურად მუშაობენ ფარმაცევტული კომპანიები საქართველოში რომ ეს დეფიციტი ყველგან სწრაფად აღმოიფხვრას, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ გვაქვს სხვა საშუალებებიც – საპნის დეფიციტი ნამდვილად არ არის, შეგვიძლია საპნით დავიბანოთ ხელი. შეგვიძლია, გავაზავოთ სპირტი წყალში – ჭაჭის დალევა კი არ შველის დასალევად კი არ შველის, ის შეგიძლიათ გააზაოთ წყალში. ანტისეპტიკური თვისებები აქვს ჭაჭას და შეიძლება გამოიყენოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

  • ლუგარის ცენტრში კორონავირუსზე გამოკვლეული 23-ვე ნიმუშის პასუხი უარყოფითია

    ლუგარის ცენტრში კორონავირუსზე გამოკვლეული 23-ვე ნიმუშის პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძმ ეჟურნალისტებს განუცხადა.

    „დღეს დილიდან ლუგარის ცენტრში 23 ნიმუში იყო შესული გამოსაკვლევად სხვადასხვა საავადმყოფოდან – ძირითადად ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოდან, ასევე ქუთაისის და ბათუმის ერთი შემთხვევა და ყველა ეს ნიმუში გახლავთ უარყოფითი. ამჟამად დამატებით შესულია 6 ნიმუში და კვლევა მიმდინარეობს“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

    შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 3 შემთხვევაა გამოვლენილი.

  • “ჩინეთში მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ სამწუხაროდ ეპიდსიტუაცია უარესდება ჩინეთს გარეთ”-ამირან გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში ბოლო მონაცემებით, ეპიდსიტუაცია არ შეცვლილა და კორონავირუსის 3 შემთხვევა ფიქსირდება. გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის შემთხვევები იმატებს ევროპის ქვეყნებში, ირანსა და აშშ-ში, სადაც 6 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქისრდა.

    “გლობალურად, დღევანდელი დღით დადასტურებულია 92 ათასამდე შემთხვევა მთელ მსოფლიოში და აქედან 80 ათასი გახლავთ ჩინეთში. ჩინეთში, ბოლო ათი დღის განმავლობაში აღინიშნება დინამიური შემცირება ახალი შემთხვევების და დღეს გახლავთ ყველაზე უფრო ნაკლები ახალი შემთხვევა – 123 და ასევე, ყველაზე უფრო ნაკლები – 31 ლეტალური შედეგი. ანუ, ჩინეთში, ეპიდსიტუაცია, შეიძლება ვთქვათ, რომ სერიოზულად უმჯობესდება, თუმცა, რა თქმა უნდა, პრობლემა კვლავ სერიოზული რჩება.

    ჩვენ დღეს გვქონდა პირდაპირი ტელეკონფერენცია ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოდან ჩინეთთან, რომელიც მოაწყო ჩინეთის ჯანმრთელობის სამინისტრომ საელჩოების მეშვეობით და ჩართული იყო რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საქართველოც. გაკეთდა ძალიან საინტერესო ორი პრეზენტაცია ჩინეთის მეცნიერების მიერ. ერთი ეხებოდა ეპიდსიტუაციას და მათ მიერ გატარებულ ღონისძიებებს და მეორე – მკურნალობის კლინიკურ საკითხებს. იყო დასმული ბევრი შეკითხვა ჩვენ მიერაც და გაცემული იქნა პასუხები ამ შეკითხვებზე. შევთანხმდით, რომ ამ ტიპის ბილატერალური კონფერენციები ჩინეთთან გაგრძელდება და მოგეხსენებათ, ჩინეთს უკვე დაუგროვდა ამ ორი თვის განმავლობაში უზარმაზარი გამოცდილება ამ პრობლემის მართვის და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ გამოცდილება,“-განაცხადა გამყრელიძემ.

  • ოკეანისგაღმა გაიგო კიზინგერმა და შემოგითვალათ ” თბილი სიტყვები” თქვენ კიდე რით ვერ გაიგეთ?-დავით ბერძენიშვილი

    “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი დავით ბერძენიშვილი კინზინგერთან ინტერვიუს ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

    “76(უმრავლესობა) არის 130-ის 40%.
    ჰა, ჰაა – 125-ის( საარჩევნო კალკულაციით). ეგერ, ოკეანისგაღმა გაიგო კიზინგერმა და შემოგითვალათ ” თბილი სიტყვები”.
    თქვენ კიდე რით ვერ გაიგეთ? რა ჩახლაფორთებული “ჩამკეტი” მოგინდათ?”- წერს ბერძენიშვილი.

  • ეკლესიებს სიფრთხილე მართებთ, ევქარისტიის აღსრულება ეპიდემიის შესაძლო მიზეზია-ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი

    საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, მალხაზ სონღულაშვილი კორონავირუსთან დაკავშირებით ღია წერილს აქვეყნებს და კოლეგებს ვირუსის  გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებას სთხოვს. 

    წერილში ვკითხულობთ:

    “ღია წერილი ჩემს ძვირფას კოლეგებს

    დღევანდელი მსოფლიო ისეთმა ვირუსმა მოიცვა, რომლის მსაგავსიც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) აზრით, აქამდე არასდროს დაფიქსირებულა. ეს ვირუსი, მათი დასკვნით „უნიკალურია“. მისი საპირწონე მედიკამენტები დღემდე არ არსებობს.

    „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმასაც გვაფრთხილებს, რომ სტიგმა, რომელიც შეიძლება კორონავირუსმა გამოიწვიოს, „ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე თავად ვირუსი.“

    სხვადასხვა სახის ვირუსული აფეთქება არაერთხელ გვინახავს ბოლო დეკადების განმავლობაში, მაგრამ მსგავსი აჟიოტაჟი სხვა ვირუსებს არ გამოუწვევიათ. წამყვანი ეპიდომოლოგების მოსაზრებით, ადვილი შესაძლებელია, რომ ვირუსმა მსოფილო მოსახლეობის 40 -იდან 70 პროცენტი მოიცვას.

    საბედნიეროდ, ვირუსის შეკავება შესაძლებელი ჩანს, თუკი ჯეროვან ძალისხმევას მიმართავენ ხელისუფლების წარმომადგენლები და თითოეული ადამიანი.

    ადამიანი მოწყვლადია ამ ვირუსთან მიმართებაში ხალხმრავალ ადგილებში, რომელთა შორისაც, ცხადია, უნდა ვიგულისხმოთ რელიგიური დანიშნულების მქონე შენობა-ნაგებობები: ეკლესიები, მეჩეთები, სინაგოგები, ზიარათები და ტაძრები.

    იმის გამო, რომ ვირუსი ჰიგიენური წესების დაუცველობის შემთხვევაში უფრო იოლად ვრცელდება, საგანგებო მნიშვნელობას იძენს ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული რჩევების გათვალისწინება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სასულიერო პირებმა ღმერთის სახელზე აპელირების ხარჯზე არ უგულებელჰყონ შემოთავაზებული რჩევები და აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ამ რჩევების პროპაგაციაში თავიანთი რელიგიური თემების წიაღში.

    საგანგებო სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ქრისტიანულმა ეკლესიებმა, რადგან ევქარისტიის აღსრულება ადვილად შეიძლება გახდეს ეპიდემიის გავრცელების მიზეზი. ევქარისტია ყოველთვის იყო და დარჩება ქრისტიანული რელიგიური პრაქტიკის გულისგულად. ევქარიტიული პურისა და ღვინის მიღების წესის ნიუანსური ცვლილება არანაირ გავლენას არ ახდენს ევქარისტიის თეოლოგიაზე.

    შექმნილ ვითარებაში რელიგიურობა და სასულიერო ტრადიციის ერთგულება უნდა გამოიხატოს არა ამა თუ იმ რიტუალის გაკაპასებულ დაცვაში, არამედ ვირუსით დაავადებული ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოხატვაში და ადამიანის სიცოცხლის გაფრთხილებაში. ეს არის ჩვენი სამოძღვრო და სამწყემსთავრო პასუხისმგებლობის საქმე.

    ფეოდალური საზოგადოებისთვის დამახასიათებელი დისკურსი ამ შემთხვევაში მიუღებელი, გაუმართლებელი და დანაშაულებრივია.

    მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს: ეპისკოპოსებს, მღვდლებს, რაბინებს, მუფთებს, ხოჯებს, ახუნდებს, მჯევარებს, პასტორებს… ყველა სასულიერო პირს, რომ თავიანთი ავტორიტეტი თავიან რესპექტაბელურ თემებში გამოიყენონ ადამიანის სიცოცხლის გასაფრთხილებლად”-წერს სონღულაშვილი.

    შეგახსენებთ, რომ ახლაი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, გაჩნდა მოსაზრება რომ ზიარება ერთჯერადი კოვზებით მოხდეს. ამ ინიციატივას ეკლესიის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა.

  • დარწმუნებული ვარ, კორონავირუსი კიდევ დადასტურდება, მთავარია დროული გამოვლენა – ამირან გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის  შემთხვევები საქართველოში გაიზრდება, თუმცა მტავარია დროულად გამოვლინდეს ყველა ინფიცირებული.  

    “არ უნდა შეგვეშინდეს თუ ეს რიცხვი გაიზრდება, მთავარია შევინარჩუნოთ ნაკლები დადასტურების ფაქტი. მაგრამ დარწმუნებული ვარ იქნება დადასტურებული შემთხვევები კიდევ და აქ მთავარია ეს ადამიანები დროულად იყვნენ იდენტიფიცერებულები”-  განაცხადა გამყრელიძემ “რუსთავი2-ის” ეთერში.

    ამ ეტაპზე, ინფექციურ საავადმყოფოში 25 პაციენტი იმყოფება, აქედან 11 დღეს შეიყვანეს. საქრთველოში ახალი კორონავირუსი ამ ეტაპზე  სამ პაციენტს  დაუდასტურდა.

  • “გუშინ დაცვის წევრებს დავემშვიდობე”-მარგველაშვილი

    საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს პირადი დაცვა მოეხსნა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

    „გუშინ მთელი გულით მადლობა გადავუხადე არაჩვეულებრივი სამსახურისთვის და დავემშვიდობე ჩემი პირადი დაცვის წევრებს.

    ეს დამარცხებული „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა, რომ ძირი გამოუთხაროს პრეზიდენტის ინსტუტუტს“,- წერს მარგველაშვილი.

    კანონმდებლობის თანახმად, უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 1 წლის შემდეგ მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის“ დასაცავ პირთა სიაში აღარ ირიცხება და შესაბამისად, მას დაცვა ეხსნება.

  • “თუ ვერ ვიხილავთ პროგრესს, რასაც გავაკეთებთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება“–კონგრესმენი კინზინგერი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე

    “თუ ვერ ვიხილავთ პროგრესს, რასაც გავაკეთებთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება“–კონგრესმენი კინზინგერი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე

    ამერიკელი კონგრესმენი, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ვრცლად საუბრობს საქართველოში უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე და აშშ–ს პოზიციაზე. ადამ კიზნინგერი საქართველოს მთავრობისადმი კონგრესიდან გაგზავნილი ერთ–ერთი მწვავე წერილის ავტორია, რომელშიც ის „ქართულ ოცნებას“ პროპორციული საარჩევნო სისტემის დაპირების შესრულებისკენ მოუწოდებდა. კინზინგერი ბოლო დროს აშშ–ში ვიზიტით მყოფ პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდა.

    კითხვაზე, რას ფიქრობს ის პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, რომელიც ამერიკელი კონგრესმენების წერილების და შეშფოთების მიუხედავად არ წყდება, კინზინგერი პასუხობს:
    “მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ინტერესი საქართველოს შემთხვევაში გამოსავლის პოვნაა. ჩვენ გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ჩვენთვის. საქართველო რჩება მტკიცე პარტნიორად. მე საქართველოში ვიყავი, ერთი კვირით ადრე სანამ [საარჩევნო სისტემის] რეფორმას კენჭი უყარეს და ის ჩავარდა, მე ამით ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი. ახლა, ყველა მხარე ცდილობს გამოსავალზე მოლაპარაკებას. ეს ასე უნდა იყოს დემოკრატიაში. ერთადერთი გზა, რათა განსხვავებული ინტერესების მქონე ხალხმა თანაცხოვრება მოახერხოს, ორივე მხარეზე გარკვეულ დათმობაზე წასვლაა. ამიტომ, მე ვაგრძელებ მოწოდებას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის სპიკერის და ოპოზიციისადმი, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან რაიმე შეთანხმებას მიაღწიონ და შემდეგ ბრძოლა პოლიტიკურ საარჩევნო ყუთთან გადაიტანონ ოქტომბერში. ერთი რამ, რასაც ჩვენ ახლოს ვაკვირდებით, იმის უზრუნველყოფაა, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყოს.“

    რაც შეეხება გიგი უგულავას დაკავებას, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ამერიკაში ვიზიტს დაემთხვა, კონგრესმენი ამბობს, რომ ამან ძალიან შეაშფოთა და საკუთარი პოზიცია ქართული ოცნების ლიდერებს გააცნო:

    “გავაცანი, ვუთხარი, რომ ეს საშინელი და ძალიან ცუდი იქნებოდა. ქართველ ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მათი სასამართლო სისტემა, როგორც აქ შეერთებული შტატების, სამართლიანი და თავისუფალია და არაა პოლიტიკურად მიკერძოებული. ჩვენ ძალიან ვღელავთ, როცა ვხედავთ რომ ტელევიზიის მმართველებს, რომლებიც ოპოზიციისადმი სიმპათიით არიან განწყობილი, დევნიან, ან პოლიტიკურ ლიდერებს ხელახლა აკავებენ საქმეზე, რომელზეც უკვე მოიხადეს სასჯელი. მე მოვუწოდებდი საქართველოს მთავრობას აქედან გამოსავალი იპოვოს, გამოიყენოს სასამართლო სისტემა, სამართლისთვის და მხოლოდ სამართლისთვის. ეს იქნებოდა კეთილსინდისიერი ნაბიჯი ყველას გასაერთიანებლად მოლაპარაკებების მაგიდასთან. მმართველი დაოპოზიციური პარტიების ინტერესებშია იპოვონ გამოსავალი, და საარჩევნო ყუთამდე სწორად მივიდნენ. არსებული სიტუაცია დღეს საქართველოსთვის კარგი არაა, არავისთვის არაა კარგი, განსაკუთრებით მთავრობისთვის.“– ამბობს კონგრესმენი.

    კიზინგერი ამბობს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულება ეს საქართველოს გრძელვადიანად უფრო მეტ პრობლემებს შეუქმნის.

    კითხვაზე, რა ბერკეტები აქვს კონგრესს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მისი მოწოდებები გაითვალისწინოს, კინზინგერი პასუხობს:

    “თუ ვინმე კონგრესის როლს სათანადოდ არ აფასებს, ის ცდება. შეერთებული შტატები ძალზედ განსხვავდება, მაგალითად საქართველოსგან, და აქ ძალაუფლება ერთ შტოში არ არის კონცენტრირებული. კონგრესს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, ისევე როგორც პრეზიდენტს. მნიშვნელოვანია ამის აღნიშვნა, რადგან ვნახე ეს შეფასებები ქართულ ადგილობრივ მედიაში. პრეზიდენტს და კონგრესს ერთი პოზიცია აქვს. ჩვენ ერთად ვმოქმედებთ. მე ახლახანს შეხვდი ჩვენს ელჩს საქართველოში და ჩვენ ყველა ერთ პოზიციაზევართ. მე ძალიან დიდი ნდობა მაქვს (ელჩის) მიმართ. ის შესანიშნავი იქნება და მასაც სურსპოლიტიკური გამოსავლის პოვნა.

    მე მესმის როგორ მუშაობს შიდა პოლიტიკა აქ და ასევე გარკვეულწილად, საქართველოში. თუ გეტყვიან, რომ კონგრესი და პრეზიდენტი სხვადასხვა აზრზეა, ეს მცდარი იქნება. არც ისაა მართალი, რომ ჩვენ ინტერესი დავკარგეთ. ჩვენ ძალიან დაინტერესებულები ვართ.“

    რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო სისტემის გარშემო პროგრესს ვერ ვიხილავთ, ამ კითხვაზე კინზინგერი პასუხობს:

    “ვფიქრობ, ის რასაც გავაკეთებთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება. ამას აქ [შეერთებულ შტატებში] გადავწყვეტთ. მე ვიტოვებ იმედს, რომ გამოსავალი მიღწეული იქნება დაკავებების, დაკავებების მუქარის და იმის თაობაზე თუ როგორი იქნება საარჩევნო სისტემა 2020 წელს. 2024 წელს სრულიად პროპორციული არჩევნების გარანტია იქნა გაცემული. ჩვენ ვნახავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. ვგეგმავ, საქართველოში დაბრუნებას. თუმცა, საბოლოოდ ჩვენს ნაბიჯებზე უფრო მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ რა მოხდება საქართველოში, და ეს ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს დემოკრატიულად.