Category: ახალი ამბები

  • “შესაძლოა, ამის თქმის უფლება არ მქონდეს”-ნიკა გვარამიას განცხადება

    “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. გვარამია მოითხოვს, რომ პოლიტიკური მოლაპარაკებების დროს არ იყოს გამოყენებული მისი  სისხლის სამართლის საქმე იმგვარი ფორმით,რომ გამოიწვიოს ან დაზიანდეს ქვეყნის ინტერესები. 

    “ვაცნობიერებ, რომ შესაძლოა, ამის თქმის უფლება არ მქონდეს, იმიტომ რომ ციხეში არ ვზივარ, სხვებივით (ჯერ) და აქვე ბოდიშს ვუხდი პატიმრებს;

    ვაცნობიერებ, რომ შესაძლოა სულაც არამკითხე ვარ და საერთოდ არც ვარ მოლაპარაკებების დღის წესრიგში (ეჭვი მაქვს რომ კი, მაგრამ არასდროს არ მომიკითხავს ეგ საკითხი, თუ დაიჯერებთ)

    მაგრამ, რაკი ამ საკითხზე საჯაროდ მიმდინარეობს დისკუსია, ჩემი სახელიც ხმოვანდება და პროცესი უკვე გადამწყვეტ ფაზაში შევიდა;

    მაგრამ, რაკი, მათ შორის, ამ საკითხის გათვალისწინებით მიღებული გადაწყვეტილება, ქვეყნისთვის გადამწყვეტად ნეგატიური დათმობის მიზეზი შეიძლება გახდეს;

    მაგრამ, რაკი ეს საკითხი საზოგადოებრივად უმნიშვნელოვანესი, მაგრამ, ამავე დროს უკიდურესად პირადი და პრინციპულია ჩემთვის,

    საჯაროდ და პირდაპირ ვაცხადებ:

    თუ უზურპატორ ივანიშვილს პოლიტიკური ვაჭრობის შესაძლებლობას მისცემს და გაუმარტივებს მოლაპარაკებებისას მისი ანტიხალხური და არადემოკრატიული პოზიციის გათრევას;

    თუ უზურპატორ ივანიშვილს ერთ მაჟორიტარს მაინც აჩუქებს;

    თუ ქართული ოცნების უზურპატორულ რეჟიმს ერთი დღით მაინც გაუხანგრძლივებს მმართველობას,

    მოვითხოვ, კატეგორიაულად არ იყოს გამოყენებული ჩემი, ნიკა გვარამიას ღიად პოლიტიკური და სამართლებრივი შინაარსის არმქონე სისხლის სამართლის საქმე ქვეყნის სისხლის მსმელ უზურპატორთან მოლაპარაკების მაგიდასთან, რაიმე იმგვარი ფორმით, რაც ზემოთ მოყვანილ საკითხებიდან რომელიმეს თეორიულად მაინც გამოიწვევს ან დააზიანებს (თუნდაც, პროცესის მონაწილეების მხრიდან, რაციონალური დათმობად ჩათვლის გამო) ქვეყნის სხვა ლეგიტიმურ ინტერესს .

    მესმის, რომ ბოლო წლების ჩემი პირადი ბრძოლა უზურპატორულ რეჟიმთან და მის მიერ ჩემი და ჩემი ოჯახის, ჩემი გუნდის და კომპანიის უკანონო დევნა-შევიწროება, არა მხოლოდ ჩემი პირადი პრობლემაა და, პირველ რიგში, სწორედ ამ კუთხით არის ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის, მედიის და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გააზრებული.

    მიუხედავად ამისა, ეს ჩემი პირადი ბრძოლაცაა და, ამ თვალსაზრისით, ჩემთვის სრულიად მიუღებელია, ჩემი ციხეში უკანონოდ ყოფნა-არყოფნის საკითხი ერთად იქნეს აწონილი და გადაწყვეტილი უმნიშვნელოვანეს და ისტორიულ საქვეყნო საკითხთან, ან/და შესაძლოა, მის ხარჯზეც კი.

    მოკლედ და მარტივად რომ ვუთხრა ოპოზიციას, ერთი ნაბიჯით და ერთი გრამით არ დაიხიოთ უკან ჩემი საკითხის გამო. კატეგორიულად არ მინდა ამ პასუხისმგებლობის აღება და ნურც თქვენ “ამკიდებთ” თვქენი გამარჯვება ამ პროცესში და შემოდგომის არჩევნებში გაცილებით მნიშვნელოვანია! ერთი მაჟორიტარის ფასი თუ ვღირვარ, პირობითად, ჩემ გამო ის ერთიც არ დაუთმოთ უზურპატორს და არ გაუზარდოთ 2020ის მერე უზურპაციის შესაძლებლო ბის შანსი. ჩემი პატიმრობა ამდენად ნამდვილად არ ღირს, სრულიად პირიქით!

    წინასწარ ვუხდი მადლობას ყველას, ვინც ჩემი ინტერესების დასაცავად იბრძვის და ვინც ანგარიშს გამიწევს ჩემს ამ თხოვნაში.

    უზურპატორი წავა! თავისუფლება მოვა!”-წერს გვარამია.

  • ლავასოღლი საქართველოსა და თურქეთს სტრასბურგში უჩივლებს — ადვოკატი

    კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი  საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფოებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში უჩივლებს. ამის შესახებ ინფორმაცია ლავას ოღლის ადვოკატმა გაავრცელა.

    მისი განცხადებით, მინდია გორაძის უფლებები უხეშად შეილახა, რადგან საექსტრადიციო პროცესი გაიწელა. კერძოდ, დაპატიმრების ვადა თურქეთში 28 თებერვალს ამოიწურა და აქამდე ის საქართველოსთვის უნდა გადმოეცათ. ადვოკატი აცხადებს, რომ მსიი დაცვის ქვეშ მყოფი 28 თებერვალს გაათავისუფლეს და სადეპორტო სივრცეში გადაიყვანეს, საიდანაც საქართველოს ხელისუფლებას უნდა წაეყვანა, თუმცა 29 თებერვალს ის ისევ დააპატიმრეს და ციხეში დააბრუნეს.

    “საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ ყველა საბუთი გაუგზავნეს და უნდათ გადმოყვანა. თურქეთის ხელისუფლება ამბობს, რომ ყველა საბუთი არ არის, ან ამბობს არის, მაგრამ წაიყვანონ, ჩვენ ხომ არ წავიყვანთო. აი, ასე ერთმანეთზე გადაბრალებით გრძელდება”, — განაცხადა მან მედიაცენტრ მთავარში პრესკონფერენციაზე.

    შეგახსენებთ, კანონიერი ქურდი ლავასოღლი 2019 წლის ოქტომბერში, ტრაბზონში დააკავეს.

  • თალაკვაძის განცხადებით, ინიციატივა, რომ 40%-ის ან უფრო ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიამ მთავრობა ვერ დააკომპლექტოს, ოპოზიციის მხრიდან მოდიოდა

    პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ინიციატივა, რომ 40%-ის მქონე ან უფრო ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიამ მთავრობა ვერ დააკომპლექტოს, ოპოზიციის მხრიდან მოდიოდა და ახლა მათგან ამის უარყოფა უცნაურია. ამის შესახებ თალაკვაძემ ჟურნალისტებს მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განუცხადა.

    პარლამენტის თავმჯდომარის  თქმით, „ქართულ ოცნებას“ ყოველთვის 40%-ზე მაღალი მხარდაჭერა ჰქონდა.

    მისი თქმით, დღეს არსებული შეთავაზებით მომგები პარტიები ნამდვილად მოიგებენ, ხოლო ის, ვინც წააგებს, ნამდვილად ობიექტურად წააგებს.

    “40%-ის პრინციპი არის დაკმაყოფილებული და უცნაური იქნება, თუ ოპოზიცია დღეს ცვლის თავის რიტორიკას და ამბობს, რომ ეს აღარ არის მისთვის მთავარი. ის პოლიტიკური პარტია, რომელიც ჩაშლის ამ მოლაპარაკებას, ამ პარტიას მოუწევს საზოგადოებისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის ახსნა, თუ რატომ ჩაშალა ეს მოლაპარაკებები”, — განაცხადა თალაკვაძემ.

  • „საქსტატის“ მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ხილი 25%-ით, რძის ნაწარმი 19%-ით, ხორცი კი 15%-ით გაძვირდა

    სტატისტიკის ეროვნული სამსახური თებერვლის ინფლაციის მაჩვენებელს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც წლიური ინფლაციის დონემ 6.4 % შეადგინა.

    „საქსტატის“ მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ხილი 25%-ით, რძის ნაწარმი 19%-ით, ხორცი კი 15%-ით გაძვირდა.

    წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

    სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 12.7 პროცენტით. კერძოდ, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (25.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (19.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (15.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (11.1 პროცენტი), თევზეული (10.3 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (7.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (5.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5.0 პროცენტი).

  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, თანამზრახველებთან ერთად, 1998 წლით დათარიღებული, მიწის ნაკვეთების მიღება – ჩაბარების აქტისა და სხვა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, უკანონოდ დაირეგისტრირეს მიწის ნაკვეთი 3 460 კვ.მ. დღეისთვის მიწის ნაკვეთები დაყადაღებულია. დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა – მხილების მიზნით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.

    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

  • ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

    დღეს 2 მარტს, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია და 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
    გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მონაწილეებმა რეგისტრაცია ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge უნდა გაიარონ.

    აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება.

    ცენტრის განმარტებით, რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს სპეცპირობა. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 7 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ეძლევათ.

    იმ შემთხვევაში თუ რეგისტრირებულ აპლიკანტს რეგისტრაციის გაუქმება სურს, განცხადებით უნდა მიმართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს.

    „იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტმა ასეთი განცხადებით ცენტრს 7 მაისის 18:00 საათამდე მიმართა, მას თანხა უკან დაუბრუნდება. რეგიონებში განცხადება მიიღება საგანმანათლებლო რესურსცენტრებში“, – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

  • საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში მიხეილ სააკაშვილის შტაბი იხსნება

    ორშაბათს, 2 მარტს 17:30 საათზე საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში მიხეილ სააკაშვილის შტაბი გაიხსნება.

    ექს-პრეზიდენმა შტაბის დაარსება 8 თებერვალს, სოციალურ ქსელში დააანონსა:

    „პირველი მარტიდან, „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ბაზაზე, მე ვხსნი ჩემს შტაბს, პირად შტაბს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად, რომელიც მოდის პარტიების გარეშე, შევქმნათ კიდევ მეტი საფუძველი და დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა.

    ძალიან ბევრი ადამიანი მიდგას მე გვერდით, ძალიან დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს ქართველ ხალხს და მაქვს მე და ყველა ჩემს რესურს, ყველა ჩემს კონტაქტს ადამიანურს, პოლიტიკურს ჩემს გამოცდილებას მოვახმარ იმას, რომ ეს უბედურება სწრაფად გადაილახოს“, – განაცხადა  სააკაშვილმა.

  • ჩეხეთში კორონავირუსის პირველი სამი შემთხვევა დაფიქსირდა

    ჩეხეთში კორონავირუსის პირველი სამი შემთხვევა დაფიქსირდა. 

    “როიტერსის” ინფორმაციით, ყველა პაციენტი ჩრდილოეთ იტალიიდან ჩამოვიდა.

    3 პაციენტიდან 1 ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა. სამივე მათგანი მილანში სწავლობს.

  • იტალიიდან დაბრუნებული თანამშრომ​ლები 2 კვირის განმავლობაში სამსახურში არ დაუშვათ – პაატა იმნაძე

    “იტალიიდან დაბრუნებული თანამშრომ​ლები 2 კვირის განმავლობაში სამსახურში არ დაუშვათ” – ასე მოუწოდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კომპანიების ხელმძღვანელებს ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

    „ჩვენი ინფორმაციით, იტალიაში საქართველოს საკმაოდ ბევრი მოქალაქეა დარჩენილი. ჩამოსვლისას თუ მათ რაიმე სიმპტომი ექნებათ, ჩვენ მოვუვლით კარანტინში, მაგრამ მათ, ვისაც არ ექნებათ რაიმე ნიშანი, თხოვნა გვექნება, ნუ შეუქმნიან რისკს თავიანთ თავსა და ოჯახის წევრებს. მოვუწოდებთ, მაქსიმალურად დაიცვან ყველა წესი. ხოლო სამსახურის ხელმძღვანელებმა, რომლებმაც იციან, რომ მათი თანამშრომლები იტალიიდან დაბრუნდნენ, მოვუწოდებ მათ, რომ ისინი 2 კვირის განმავლობაში სამსახურში არ დაუშვან, – განაცხადა იმნაძემ „ფორმულას ეთერში.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 3 შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა.

  • “ქართველების შოკისმომგვრელი აქტიურობის გამო, სამსახურში დააწინაურეს”-როგორ გაიმარჯვა თბილისმა Ryanair-ის კონკურსში

    რამდენიმე დღის წინ  Ryanair-ის ინსტაგრამის გვერდს  მთელი საქართველო შეესია. როგორც იცით, თბილისმა ევროპის რამდენიმე ქალაქი გაანადგურა და  კონკურსში 500 ათასი ხმა აიღო, საქართველოს დედაქალაქმა ევროპის ისეთ ტურისტულ ქალაქებს აჯობა, როგორებიცაა: რომი, პარიზი, ბარსელონა, სანტორინი. შედეგად თბილისი Ryanair’s 2020 Destination-ის გამარჯვებული გახდა.

    პირველად სოციალური ქსელის მომხმარებლებს ერთიანობისკენ მოგზაურთა კლუბში ერთ-ერთმა მოქალაქემ თემო მაჩიტაძემ მოუწოდა. ერთიანობის იდეამ გაამართლა. საქართველოს მოქალაქეების ერთიანობით Ryanair-ის მენეჯერები გაოცდნენ და იდეის ავტორის სანახავად საქართველოში პირადად ჩამოვიდნენ.

    “რამდენიმე დღის წინ დამირეკეს McCann Tbilisi-დან და ასე გავიცანი დღეს Ryanair-ის სოციალური მედიის მენეჯერი სტეფანი, რომელიც Top destination 2020-ში ქართველების შოკისმომგვრელი აქტიურობის გამო, სამსახურში დააწინაურეს 

    ფოტოზე ასახულ მომენტში, მადლობას მიხდის ჩემ მიერ შეტანილი წვლილისთვის, მის დაწინაურებაში  თუ არ იცით, გეტყვით რომ ჩემდაუნებურად მე დავიწყე მთელი ეს ამბავი, რამაც თბილისის გამარჯვება გამოიწვია 
    სტეფანმა გასული 3 დღე საქართველოში გაატარა და მის ამ მოგზაურობაზე “მაკკენი” იღებს ვიდოს, რომელსაც მოუთმენლად ველი”-აცხადებს თემო მაჩიტაძე.

    თემო მაჩიტაძე ციფრული მარკეტინგის მენეჯერია და აქტიურად მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო.

    “ვმუშაობ რამდენიმე კომპანიაში დისტანციურად, რაც საშუალებას მაძლევს რომ ვიმოგზაურო ბევრი. რადგან ოფისში არ მიწევს ჯდომა”-ამბობს თემო.