[poll id=”2″]
Category: ახალი ამბები
-
იტალიაში საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა
იტალიაში, ქალაქ ვიტერბოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა. მოქალაქე ამჟამად რომის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე გაავრცელა.
“იტალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე დაუკავშირდა იტალიის ქალაქ ვიტერბოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ქალი, რომელმაც განაცხადა, რომ აღენიშნებოდა მაღალი სიცხე და სისუსტე. საქართველოს საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს, რის შემდეგაც მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა რომის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა”, — წერია უწყების განცხადებაში.
-
მარიანა ჩოლოიანი თავს დამნაშავედ არ ცნობს
15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული გამომძიებლი მარიანა ჩოლოიანი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამის შესახებ ჩოლოიანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. პროცესი ამ წუთებშიუ მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ლუკა სირაძის საქმეზე, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომა გამოკვეთა. უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა პოლიციის მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.
-
“მე პირადად ძალიან მრცხვენია. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გავაკეთე, რომ არ ყოფილიყო”-გვარამია ზურაბიშვილის გამოსვლაზე
“მთავარი არხის” დირექტორი ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილის მოხსენებას “სამარცხვინოს” უწოდებს.
“ღმერთო, რეებს ბოდავს ეს სამარცხვინო საქართველოს პრეზიდენტების რიგში, სადაც პირველი ზვიად გამსახურდია იყო, მესამე მიშა სააკაშვილი, ეს სტიქიური უბედურება რომ არის წარმოდგენილი, მე პირადად ძალიან მრცხვენია. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გავაკეთე, რომ არ ყოფილიყო”-წერს გვარამია.
-
სიძულვილს, შეურაცხყოფასა და აგრესიას მიაქვს ჩვენი ენერგია-სალომე ზურაბიშვილი
პარლამენტში პლენარული სესია, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური მოხსენება მიმდინარეობს.
სხდომას 89 დეპუტატი ესწრება.
“გლობალური და საკუთარი გამოწვევების ფონზე ისმის კითხვა: სად ვართ ამ დროს ჩვენ?
იმის მაგივრად, რომ ერთად, ყველა ჩვენი ძალითა და რესურსით ვფიქრობდეთ ქვეყნის მომავალსა და ამოცანების დაძლევაზე, გაბედულად ვეძებდეთ გამოსავალს, ახალ ინიციატივასა თუ იდეას, გაჩერებული ვართ და წრეზე ვტრიალებთ.
ერთობის ნაცვლად, ჭარბობს აგრესია, სიძულვილი, შური, შეურაცხყოფა – ყველაფერი, რაც საზოგადოებას ნაწილებად შლის; ყველაფერი, რაც ხელს გვიშლის გამოსავლის პოვნასა და წინსვლაში.
აგრესიამ, სიძულვილმა, შეურაცხყოფამ შეცვალა ქართულ ღირებულებათა სისტემა. მივიღეთ: აგრესია – შემწყნარებლობის ნაცვლად; სიძულვილი – სიყვარულის ნაცვლად; შეურაცხყოფა – ზრდილობის ნაცვლად; ეგოიზმი და კარჩაკეტილობა – სოლიდარობის ნაცვლად; შიში – ტრადიციული სიმამაცის ნაცვლად. ღირებულებები, რომლებიც ქართული კულტურის წიაღიდან, ქრისტიანობიდან, რუსთაველიდანაა ამოზრდილი, დღეს მთლიანად, ან თითქმის მთლიანად უარყოფილია. საზოგადოება ერთგვარ დეპრესიაშია. ჩვენ საკუთარ თავს ვეღარ ვცნობთ.
ეს, ძირითადად, იმიტომ გვემართება, რომ ჩაძირული ვართ საკუთარ თავში, პოლიტიკურ ციებ-ცხელებაში. სიძულვილს, შეურაცხყოფასა და აგრესიას მიაქვს ჩვენი ენერგია”-აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობილია, რომ დღევანდელი სხდომა კითხვა- პასუხის რეჟიმში არ წარიმართება. პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ ფრაქციის თავმჯდომარეებს სიტყვით გამოსვლის საშუალება მიეცემათ.
დღევანდელ სესიას არ ესწრება “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო”, რომელიც ბოიკოტის რეჟიმშია. ცნობილია ასევე, რომ პრეზიდენტის მოხსენებას ბოიკოტს უცხადებენ ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები”. რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსს“ და „სოციალ- დემოკრატებს“, როგორც დღეს ფრაქციის ლიდერმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა, ფრაქცია ბოიკოტის რეჟიმს განაგრძობს, თუმცა, ის დაკავშირებულია არა პრეზიდენტის გამოსვლასთან, არამედ საარჩევნო სისტემასთან. ამდენად, შესაძლოა, ფრაქციის ცალკეული წევრები სხდომას დაესწრონ.
-
ოპოზიციის გეგმა „ა“ და გეგმა „ბ“ არის რევოლუცია-სოფო კილაძე
ოპოზიციის გეგმა „ა“ და გეგმა „ბ“ არის რევოლუცია-ამის შესახებ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია რევოლუციურ სცენარს განიხილავს.
„მათ ზუსტად იციან, რომ მოცემულ მომენტში, ამ ადამიანებს ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ აქვთ არც ერთი დემოკრატიული საარჩევნო სისტემით, ამიტომ ავითარებენ რევოლუციურ სცენარს.
მათი გეგმა „ა“ და გეგმა „ბ“ არის რევოლუცია, რადგან ზუსტად იციან, რომ დემოკრატიული არჩევნებით ხელისუფლებაში ვერ მოვლენ“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
-
ლიფტის შახტში ჩავარდნილი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
ბათუმში, ერთ-ერთი კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდნილი 9 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.მოზარდი მკურნალობას ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში გადის. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შემთხვევა გუშინ, 3 მარტს, ღამით მოხდა. ბავშვი ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტში მე-7 სართულის სიმაღლიდან ჩავარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
-
ფიქრის გორაზე „ორი ნაბიჯი“ გაქურდეს
ფიქრის გორაზე „ორი ნაბიჯის” მაღაზია გაქურდეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს.
-
კორონავირუსით დაავადებული რომ მოვიდეს და ეზიაროს, მის შემდეგ მე ვეზიარები, არაფერი გადამედება – მამა საბა ჭიკაიძე
კორონავირუსით დაავადებული, რომ მოვიდეს და ეზიაროს, მის შემდეგ მე ვეზიარები – ამის შესახებ მამა საბა ჭიკაიძემ განაცხადა.
„თუ ვინმე დაავადებულია, რწმენით, რომ მოვა და მოეახლება წმინდა ზიარებას, პირიქით განიკურნება ის. კორონავირუსით დაავადებული, რომ მოვიდეს და ეზიაროს, მის შემდეგ მე ვეზიარები. აი ნახავთ, რომ არაფერი გადამედება. იმიტომ კი არა, რომ მე ვარ მაგარი, იმიტომ, რომ მე მწამს რომ ეს ქრისტეს სისხლი და ხორცია. ვისაც არ სწამს, რომ წმინდა ბარძიმში ქრისტეს უხრწნელი სისხლი და ხორცია, ის რისთვის მოდის საერთოდ ეკლესიაში, ვერ ვხვდები“ – განაცხადა მამა საბა ჭიკაიძემ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ყველა ქვეყნის მოქალაქეს კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით ჰიგიენის მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდა.
-
გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ამ დროისთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.
