Category: ჯანმრთელობა

  • “გატეხილი გულის სინდრომი“ – დაავადება, რომელმაც შესაძლოა სიკვდილი გამოიწვიოს

    შვეიცარელი მეცნიერები ატარებენ კვლევას, რომელიც ეგრეთწოდებულ “გატეხილი გულის სინდრომს“ ეძღვნება.
    ფსიქოლოგიურმა სტრესმა შესაძლოა გულის მარცხენა პარკუჭოვანას დისფუნქცია გამოიწვიოს. სინდრომი გულის უკმარისობის უცაბედი განვითარებით და მკერდში ტკივილებით ვლინდება, რომელიც ელექტრო კარდიოგრამაში მიოკარდის ინფარქტის მსგავსი ცვლილებებით ფიქსირდება.
    ყველაზე ცშირად ეს სინდრომი სტრესული სიტუაციების ფონზე ვითარდება, რომლებიც ძლიერ, უარყოფით ემოციებს იწვევენ. ასეთი შეიძლება იყოს ახლობელი ადამიანის სიკვდილი ან განშორება.
    მეცნიერები ჯერჯერობით ზუსტად ვერ ხსნიან, როგორ ხდება ეს. სამედიცინო გამოცემა European Heart Journal ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში გამოთქმულია ვარაუდი, რომ სინდრომი სტრესზე ტვინის რეაქციის მიერ არის პროვოცირებული.
    პირველად “ გატეხილი გულის სინდრომი“ იაპონელმა მეცნიერმა, ხიკარუ სატომ 1990 წელს აღწერა და მას “ტაკოცუბოს კარდიომიოპათია“ ეწოდა (იაპონურად ტაკოცუბო მრგვალი კერამიკული ქოთანია წვრილი ყელით).
    ეს სინდრომი განსხვავდება ჩვეულებრივი გულის შეტევისგან, როცა გულის კუნთში სისხლის ნაკადი იბლოკება. გულისთვის სისხლის მიწოდების
    ბლოკირება კორონარულ არტერიებში ტრომბის არსებობის დროს ხდება.თუმცა გატეხილი გულის სინდრომი და გულის შეტევის სინდრომები ძალიან გავს ერთმანეთს. პირველ რიგში ეს არის ტკივილი მკერდში და სუნთქვის გაძნელება.
    ხშირად ცხოვრებაში გადატანილი ტრაგედია და დარტყმა სინდრომის გაჩენის მაპროვოცირებელია, თუმცა გატეხილი გულის სინდრომის განვითარება სასიხარულო მოვლენებსაც შეულია, რომლებიც ძლიერ ემოციებს იწვევს. მაგალითად ქორწილს ან თუნდაც ახალი სამსახურის შესახებ მოულოდნელ სასიხარულო ინფორმაციას.
    გატეხილი გულის სინდრომი შესაძლოა დროებითი მოვლენა იყოს. ასეთ შემთხვევაში გულის კუნთი რამდენიმე დღეში, კვირაში ან თვეში აღდგება, ზოგიერთ შემთხვევაში კი სინდრომის განვითარებამ შესაძლოა სიკვდილი გამოიწვიოს.
    ბრიტანეთში გატეხილი გულის სინდრომი ყოველწლიურად დაახლოებით 2500 პაციენტს უდგინდება.სინდრომის გაჩენის ზუსტი მიზეზი მეცნიერებისთვის უცნობია. თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა სტრესის ჰორმონების, მაგალითად ადრენალინის მომატებასთან იყოს დაკავშირებული.

    ციურიხის საუნივერსიტეტო კლინიკის მეცნიერებმა 15 პაციენტის თავის ტვინის აქტივობები შეისწავლეს, რომლებსაც გატეხილი გულის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს.ტომოგრაფიის მონაცემებმა აჩვენა, რომ ამ პაციენტების ტვინის აქტივობა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ჯანმრთელი ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფის წევრთა ტვინის აქტივობისგან.

    აღინიშნა კავშირის შემცირება ემოციების მაკონტროლებელ ტვინის უბნებსა და ნაკლები ტვინის ტვინის იმ უბნებს შორის, რომლებიც არაცნობიერ (ავტომატურ) რეაქციებს აკონტროლებენ (მაგალითად გულისცემას).
    მკვლევარების აზრით ემოციების ფორმირება თავის ტვინში ხდება, ამიტომაც შესაძლებელია ამ დაავადების ფორმირებაც ტვინში ხდება, შემდეგ კი ტვინი შესაბამის სიგნალებს გულს უგზავნის.
    სინდრომის ფორმირების მექანიზმის გასარკვევად მეცნიერები კვლევებს განაგრძობენ
    შვეიცარელ მეცნიერებს, რომლებიც კვლევას ატარებენ არ ქონდათ პაციენტთა ტომოგრაფიული კვლევის შედეგების მონაცემები იმ პერიოდამდე, სანამ მათ გატეხილი გულის სინდრომი დაუდგინდებოდათ. ამიტომაც მეცნიერები ჯერჯერობით ვერ ადგენენ, სინდრომმა გამოიწვია ტვინის სხვადასხვა უბნებს შორის კავშირის შემცირება თუ ამ კავშირების შემცირების შედეგად განვითარდა სინდრომი.
    მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ რა როლს თამაშობს სინდრმის ფორმირებაში ტვინი და რატომ არის, რომ ზოგ ადამიანს სინდრომი უჩნდება, ზოგს კი არა.
    ჯერჯერობით კი ფაქტი ის არის, რომ ტრადიციულ მედიცინაში კარგად ცნობილი გულის შეტევა მისი სიმპტომებით და სავალალო შედეგებით შესაძლოა არა უშუალოდ გულის–სისხლძარღვთა აქამდე ცნობილი პრობლემებით, არამედ ტვინიდან იყოს გამოწვეული.
  • რატომ არ გვშველის დიეტა? 5 მიზეზი

    სწორად იკვებებით, სპორტდარბაზში დადიხართ, მაგრამ კილოგრამები არ გაკლდებათ? ხშირად ხდება ასე. აი, რამდენიმე მიზეზი, რატომაც დიდი ძალისხმევის მიუხედავად წონაში დაკლება გიჭირთ.

    1. თქვენ კვების არასწორი გეგმა შეარჩიეთ

    ყველა ადამიანი განსხვავებულია, ისევე როგორც მათი მოთხოვნილებები. შესაძლოა ერთი დიეტა სხვისთვის ეფექტური იყოს, თქვენთვის არა. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, დაწყებული სისხლის ჯგუფიდან, დამთავრებული თქვენი ჰორმონალური ფონით და ინდივიდუალური მეტაბოლიზმით. მიდით კარგ დიეტოლოგთან ან რამდენიმე ვარიანტი მოსინჯეთ. ამის შემდეგ მიხვდებით, რა ტიპის კვებაა თქვენთვის უფრო ეფექტური.

    2. მეტისმეტად დიდი პორციები

    მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სწორი კვება, არამედ მოზომილი კვებაც. შესაძლოა გაუცხიმოვნებული იოგურთი ნაკლებკალორიულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ლიტრობით დალიოთ. ჩაიწერეთ ყველაფერი, რასაც ჭამთ და მალე აღმოაჩენთ, სად იმალება ზედმეტი კალორიები, რომლებიც ხელს გიშლით წონის დაკლებაში.

    3. ნაკლები აქტივობა

    სპორტი კარგია. მაგრამ თუ კვირაში რამდენჯერმე სპორტდარბაზში ვარჯიშობთ, დანარჩენ დროს კი მანქანაში, ოფისში, დივანზე გაუნძრევლად ატარებთ შედეგი არ გექნებათ. ხშირად იარეთ ფეხით, ირბინეთ, ადით კიბეზე.

    4. ძილის ნაკლებობა

    ძილი ყველაფერთან ერთად მეტაბოლიზმზეც მოქმედებს. ამიტომ დღეღამეში მინიმუმ 7 საათი უნდა გეძინოთ. წონის დაკლების პროცესში ძილის დარეგულირება მნიშვნელოვანია.

    5. პლატოს მიაღწიეთ

    ეს ნორმალურია. ხშირად ხდება, რომ წონა ერთ ადგილზე ჩერდება და შესაძლოა ერთი თვე ვერაფერი დაიკლოთ. თუმცა ამის ნუ შეგეშინდებათ. თუ ყველაფერს დანარჩენს სწორად აკეთებთ, პროცესი აუცილებლად დაიძვრება ადგილიდან და წონის კლებაც გაგრძელდება.

  • ციტრუსების 7 სასარგებლო თვისება

    ითვლება, რომ ციტრუსების (მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი, გრეიფრუტი, პომელო…) რეგულარული მიღება გაციების თავიდან აცილებაში გვეხმარება. თუმცა მათი სასარგებლო თვისებები ამით არ ამოიწურება.
    აი, 7 მიზეზი, რატომაც ციტრუსები რეგულარულად უნდა მიირთვათ:

    1. ტვინი
    კვლევებმა აჩვენა, რომ ციტრუსები სასარგებლოა ტვინის მუშაობისთვის, ასევე ამცირებს პარკინოსონის და ალცჰეიმერის დაავადებების განვითარების რისკს. 13 ათასი ხანდაზმული იაპონელის რაციონის შესწავლის შემდეგ გაირკვა რომ ისინი, ვინც ციტრუსებს ყოველდღე მიირთმევენ, 23% –ით ამცირებენ დემენციის განვითარების რისკს. ეს დაავადებები უჯრედების კვდომით არის გამოწვეული, ფლავონოიდები კი ამას ხელს უშლიან.

    2. თირკმელები
    თირკმელებში კენჭის ერთ–ერთი სახეობა სწორედ შარდში ციტრატების დაბალი დონის გამო ფორმირდება. ციტრუსები კი შარდში ციტრატების დონის მომატებას უწყობს ხელს.

    3. წონა
    ციტრუსები შაქრის დონის ნორმალიზებას უწყობენ ხელს, განსაკუთრებით სხვა ჯანსაღ საკვებთან ერთად. თუმცა ამისათვის თავად ხილი უნდა მიირთვათ და არა მისი წვენი: წვენში მეტი შაქარია და არ არის საკვები ბოჭკოები.

    4. გული
    მეცნიერების დასკვნით გრეიფრუტის ყოველდღიური მიღების შემთხვევაში ერთ თვეში ორგანიზმში ქოლესტერინის დონე იკლებს. ფლავონოიდები და ვიტამინები, რომლებსაც ციტრუსები შეიცავს გულის მუშაობას აუმჯობესებს.

    5. რკინა
    ვიტამინ C–ს მაღალი დოზები ორგანიზმს საკვებიდან რკინის ათვისებაში ეხმარება, განსაკუთრებით სასარგებლოა ის ვეგეტარიანელებისთვის.

    6. გაციება
    რა თქმა უნდა, ციტრუსები ვიტამინ C–ს ერთადერთი წყარო არ არის, სამაგიეროდ ძალიან საიმედოა. დღეში ერთი ფორთოხალი და ვირუსებისაგან უკეთ იქნებით დაცული!

    7 . ნაოჭები
    ვიტამინი C ორგანიზმს მეტი კოლაგენის გამომუშავებაში ეხმარება, ამის წყალობით სახეზე ნაკლები ნაოჭები ჩნდება.
  • როგორ მოვიშოროთ ცხიმი მუცლის არეში

    ექიმები იმ საფრთხეზე საუბრობენ, რომელსაც ადამიანის მუცლის ღრუში ვისცერული ცხიმების დაგროვება იწვევს. საქმე იმაშია, რომ ასეთი ცხიმგროვები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებთან სიახლოვეს ჩნდება და შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს. თანაც მათი მოშორება არც ისე ადვილია. შეიძლება ჩველუბრივი დიეტა და ვარჯიში უძლური აღმოჩნდეს. ღრმა ცხიმების თავიდან მოშორებაში ცილის დიდი რაოდენობით შემცველი რაციონი დაგეხმარებათ. ეს ნივთიერებათა ცვლასაც აჩქარებს და ადამიანის საკვებისადმი ლტოლვას 60 %–ით ამცირებს.
    დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომლებსაც შეუძლიათ მუცლის არეში ცხიმის დაგროვება აგარიდოთ თავიდან.
    პირველი ადგილი კვერცმა დაიკავა.

    მეორე ადგილზეა ქათმის მკერდი.

    მესამე ადგილი – თინუსი

    მეოთხე ადგილი – ოსპი

    მეხუთე ადგილი – ნუში

    მეექვსე ადგილი – გამომშრალი ბარდეული

    გარდა ამისა, თუ გინდათ მუცლის ცხიმები დაამარცხოთ, ტკბილეულზე უარი უნდა თქვათ. ასეთ რაციონთან ერთად კარგი იქნება მცირე ფიზიკური დატვირთვაც. ჯობს ხშირად იაროთ ფეხით და იცურაოთ.
    მუცლის ცხიმის დაწვის მსურველებს ექიმები სპორტდარბაზში ვარჯიშს არ ურჩევენ, რადგან ასეთ შემთხვევაში წონა პირველ რიგში ნაკლებად პრობლემური ზონებიდან იკლებს. მუცელი და თეძოები კი მოცულობაში ყველაზე ბოლოს მცირდება.
  • ათი პროდუქტი, რომლებიც სიმსივნური დაავადებების რისკს ამცირებს

    რა საკვები უნდა ჩავრთოთ მენიუში რეგულარულად, რომ სიმსივნური დაავადებების რისკი შევამციროთ.ონკოლოგიური დაავადებების განვითარების ზუსტი მიზეზი თანამედროვე მედიცინისთვის უცნობია. ექიმები მხოლოდ რამდენიმე ფაქტორს გამოყოფენ, რომლებმა შეიძლება სიმსივნის გაჩენას ხელი შეუწყონ. მათ შორის არის გარემო და ეკოლოგია, ცხოვრების არაჯანსაღი წესი და არაჯანსაღი კვება. გთავაზობთ რამდენიმე პროდუქტს, რომელთა მიღებამ შესაძლოა ბევრ უსიამოვნებას აგარიდოთ.


    ბროკოლი

    ბროკოლი დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავს, რომლებიც დადებით ზემოქმედებას ახდენენ ორგანიზმზე, მათ შორის სიმსივნით დაავადების რისკს ამცირებენ.ეს ბოსტნეული მდიდარია სულფოროფანით – ნივთიერებით, რომელიც ადამიანის იმუნურ სისტემას აძლიერებს და მინიმუმამდე დაჰყავს სიმსივნის ჩამოყალიბების რისკი. დიეტოლოგები გვირჩევენ ბროკოლი კვირაში ერთხელ მაინც მივირთვათ. ასეთივე სასარგელო თვისებები აქვს ბრიუსელის კომბოსტოს, ამიტომაც ეს ბოსტნეული შეგიძლიათ მენიუში მონაცვლეობით შეიტანოთ.

    მოცვი
    მოცვი ანტოციანინის წყაროა. ეს კი ძლიერი ანტიოსიდანტია, რომელიც თავისუფალ რადიკალებს “ბოჭავს“ და სიმსივნეს განვითარების საშუალებას არ აძლევს. გარდა ამისა, ის ელაგის მჟავას შეიცავს, რომელიც არა მხოლოდ ორგანიზმს აახალგაზრდავებს, არამედ სიმსივნურ უჯრედებსაც ბლოკავს. გარდა ამისა, ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისთვის სასარგებლოა ჟოლო და მაყვალი, თუმცა ამ სიაში მოცვი ყველაზე ეფექტურია, თანაც მხედველობისთვისაც სასარგებლოა.

    პომიდორი

    ლიკოპინს, რომელსაც პომიდორი შეიცავს და რომელიც ამ ბოსტნეულს წითელ ფერს აძლევს, შეუძლია თავისუფალი რადიკალები გაანადგუროს და ეფექტურად ებრძოლოს სიმსივნურ უჯრედებს. განსაკუთრებით ბევრია ეს ნივთიერება პომიდორ ჩერიში. ლიკოპინის უკეთ ასათვისებლად პომიდორს ზეითუნის ზეთი უნდა მოასხათ: ცხიმი ანიოქსიდანტის მოქმედებას აძლიერებს.

    ავოკადო

    გლუტატიონის მაღალი შემცველობის გამო ავოკადო ცნობილია როგორც ძალიან ეფექტური ანტიოქსიდანტი. ეს ნივთიერება ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან იცავს და სიმსივნის გაჩენას ხელს უშლის. გარდა იმისა, რომ სასარგებლოა, ავოკადოსგან უამრავი გემრიელი კერძის გაკეთება შეიძლება.
    ციტრუსები
    ციტრუსებში ბევრი სასარგებლო ნივთიერებაა. ფორთოხალი და ლიმონი იმუნიტეტს ასტიმულირებს და სიმსივნური უჯრედების განადგურებას უწყობს ხელს. გრეიფრუტს კი ორგანიზმიდან კანცეროგენები გამოყავს და ამით ბევრად ამცირებს ონკოლოგიური დაავადებების გაჩენის რისკს.

    მწვანე ჩაი
    მწვანე ჩაის დადებითი თვისებები დიდხანს შეიძლება ჩამოვთვალოთ. ის ნერვულ სისტემას ამშვიდებს, ორგანიზმს წმენდს და ონკოლოგიური დაავადებების განვითარებასაც უშლის ხელს. მწვანე ჩაი კიბოს უჯრედებს გამრავლებაში უშლის ხელს. ექიმები გვირჩევენ დღეში ერთხელ მაინც დავლიოთ მწვანე ჩაი.

    კაკალი

    კაკლის სასარგებლო თვისებებზე ბევრს არ საუბრობენ, არადა ის იმუნური უჯრედების აქტიურობას ზრდის. ექიმები თვლიან, რომ კაკალი ადრეულ სტადიაზე კიბოსთან ბრძოლასაც კი უწყობს ხელს, რადგან კიბოს უჯრედების გამრავლებას აფერხებს.

    ჯანჯაფილი

    ჯანჯაფილის ფესვი ძლიერი ანტიოქსიდანტია და ანტიკანცეროგენული თვისებებით გამოირჩევა. ის იმუნიტეტს აძლიერებს, სიმსივნურ უჯრედებს ბლოკავს და ორგანიზმში ახალწარმონაქმნების ზრდას აჩერებს. ჯანჯაფილი შეგიძლიათ არა მხოლოდ საკვებში არამედ ჩაიშიც ჩაიმატოთ. ეს სასმელს პიკანტურ გემოს მისცემს და ორგანიზმს გააჯანსაღებს.


    ყურძენი
    ყურძენი რესვერატროლს შეიცავს. ეს არის მცენარეული ჰორმონი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს. ეს ნივთიერება სიმსივნით უკვე დაავადებულ ორგანიზმსაც წაადგება, რომ აღარაფერი ვთქვათ სიმსივნის პროფილაქტიკაზე.

    ნიორი
    ყველასათვის ცნობილია, რომ ნიორი ვირუსებთან საბრძოლველად ეფექტურია. თუმცა როგორც ირკვევა მას არა მხოლოდ გაციების, არამედ ონკოლოგიის პრევენციაც შეუძლია. ნიორი ფიტოცინციდებს შეიცავს, რომლებიც სიმსივნურ უჯრედებს გამრავლებაში ხელს უშლის. ერთი კბილი ნიორი დღეში და თქვენი ორგანიზმი დაცულია. ამასთან, ნიორი აუცილებლად ნედლი სახით უნდა მიირთვათ. ტემპერატურული დამუშავებისას სასარგებლო ნივთიერებები არ ნარჩუნდება.

  • ექსპრესგახდომა . 4 რჩევა მათთვის, ვისაც რამდენიმე დღეში რამდენიმე კილოგრამის დაკლება უნდა

    რამდენიმე დღეში წვეულებაზე ხართ დაპატიჟებული და უცებ აღმოაჩინეთ, რომ თქვენი საუკეთესო კაბა ისე ლამაზად აღარ გადგათ ტანზე როგორც ადრე? როცა სპონტანურ საზღვაო დასვენებამდე, მნიშვნელოვან შეხვედრამდე ან პაემნამდე რამდენიმე დღე რჩება, რადიკალური ზომებია საჭირო. გთავაზობთ ხუთ ყველაზე ეფექტურ მეთოდს, როგორ დავიკლოთ რამდენიმე დღეში რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი.
    სწორი შიმშილი
    მოკლევადიანი შიმშილის ყველაზე ცნობილი მიმდევრები ჰოლივუდელი ვარსკვლავები – ჰაიდი კლუმი და კეტი ჰოლმსი არიან. საკვებზე სრულიად უარის თქმა წონის სწრაფად დასაკლებად რთული და ჯანმრთელობისთვის საშიშიც კია. ექსპრეს–შიმშილის დროს დაკარგული კილოგრამები მალევე დაბრუნდება, თუ შემდეგ დეტას არ დაიცავთ და ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებთ კვებას. დიეტასაც და შიმშილობასაც ბევრი უკუჩვენება აქვს, მაგრამ ერთდღიანი შიმშილობა და დაბალკალორიული დიეტა მთელი დარჩენილი კვირის განმავლობაში სასწაულმოქმედია. თუ ერთი დღის მანძილზე კვებას სრულად შეზღუდავთ, 1 დან 3 კილოგრამამდე წონის დაკლებაა შესაძლებელი.
    შიმშილობა ესთეტიური და გამაჯანსაღებელი მიზნით ორშაბათ დღეს არის რეკომენდირებული.დღის მანძილზე მინიმუმ 3 ლიტრი წყალი უნდა დალიოთ და 4–5 ჭიქა მწვანე ჩაი. ამ დღეს ნებისმიერი საკვები, ყავა, შავი ჩაი, ხილი და ბოსტნეული უნდა გამორიცხოთ.
    მოდელების ექსპრეს დიეტა

    ყოველ სუპერმოდელს წონის შენარჩუნების თავისი უნიკალური საიდუმლო აქვს. მაგალითად, ჟიზელ ბიუნდჰენი გადაღებების და ჩვენებების წინ პიერ დუკანის დიეტაზე გადადის და უცხიმო ცილოვანი საკვებით იკვებება. ირინა შეიკი უპირატესობას ხილის სმუზებს ანიჭებს. კლაუდია შიფერს კი დაბალანსებული ვეგეტარიანული დიეტა რამდენიმე დღეში 3 კილოს დაკლებაში ეხმარება. კარლ ლაგერფილდის მუზამ აღიარა, რომ გადაღებებამდე 5 დღით ადრე ხილით და ბოსტნეულით კვებაზე გადადის.

    მოდელების უნივერსალური ექსპრესდიეტა პროდუქტების მკაცრად რეგლამენტირებული სიისგან შედგება. კვება განსაზღვრული გრაფიკით და რაციონიდან მინიმალური გადახვევით უნდა მოხდეს. არ იფიქროთ, რომ ერთი კვების გამოტოვება უფრო მეტად გაგახდუნებთ. დიეტა მხოლოდ სამ დღეს გრძელდება. თუ მას ზუსტად დაიცავთ, შეგიძლიათ 5 კილომდე დაიკლოთ. ექსპრეს დიეტის შემდეგ პერიოდში აუცილებელია დაბალკალორიული, უცხიმო ცილოვანი საკვების და ნაკლები ნახშირწყლების მიღება, რათა დიეტიდან თანდათანობით ჩვეულებრივ კვების რეჟიმზე გადახვიდეთ და წონა შეინარჩუნოთ.
    კვების რაციონი:
    8:00 თოხლო კვერცხი, ერთი ჭიქა მწვანე ჩაი.
    13:0 170 გრამი უცხიმო ხაჭო და ერთი ჭიქა მწვანე ჩაი.
    16:00 ისევ 170 გრამი უცხიმო ხაჭო და ერთი ჭიქა მწვანე ჩაი.
    18:00 ერთი მწვანე ვაშლი.

    დეტოქს დიეტა
    ეფექტური დეტოქს დიეტის ნათელი მაგალითი მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალების დახვეწილი სხეულია – ნაომი ქემფბელი, გვინეტ პელტროუ, სელმა ჰაიეკი, ანჯელინა ჯოლი. დეტოქს დიეტის მთავარი მიზანი არა მხოლოდ ზედმეტი წონის დაკლება, არამედ ორგანიზმის ტოქსინებისა და შლაკებისგან გაწმენდაა.
    დეტოქს დიეტა ხელს უწყობს სახის კანის მდგომარეობის და ფერის გაუმჯობესებასაც, ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს და იმუნიტეტს ზრდის. 5 დღიანი დეტოქს დიეტის საშუალებით შესაძლოა 5–7 კილო დაიკლოთ.
    დეტოქს დიეტა დამატებით მომზადებას საჭიროებს: დაწყებამდე მინიმუმ ორი კვირით ადრე რაციონიდან მაღალკალორიული საკვები უნდა გამორიცხოთ. დეტოქს დიეტა შემდეგი პროდუქტების მიღებას გულისხმობს: ბროკოლი, ჭარხალი, ყურძენი, ტკბილი წითელი წიწაკა, ვაშლი, ციტრუსები, შავი ქლიავი, ბანანი, სტაფილო, ზღვის კომბოსტო, შვრია, მწვანილი, სატაცური, არტიშოკი, ბროწეული. ეს ყველაფერი შეგიძლიათ ნედლი სახით მიირთვათ, მოხარშოთ ან ზეთის მინიმალურ რაოდენობაში შეწვათ.
    ყოველ დილით აუცილებელია თბილი ლიმონიანი წყლის დალევა. ბოლო კვება საღამოს 8 საათის შემდეგ არ შეიძლება.

    სასარგებლო და უსარგებლო პროდუქტები

    გახდომის საიდუმლო მარტივია :

    1. დაივიწყეთ კვებასთან დაკავშირებული ზოგიერთი მავნე ჩვევა, შეამცირეთ პორციები და გააკონტროლეთ საკვების მიღების დრო.
    2. კარტოფილის, ძეხვეულის, ტკბილის, ფქვილეულის აკრძალვა .
    3. კალცით მდიდარი რძის, კეფირის,არაჟნის, ხილის იოგურთების მიღება, მარილიანი და შებოლილი საკვები შეიძლება დაბალკალორიული საკვებით შეცვალოთ, საკვები დანამატების გარეშე. სხვათაშორის, ოხრახუში, სტაფილო და ზოგიერთი ბოსტნეულიც შეიცავს კალციუმს და ფიგურისთვის სრულიად უსაფრთხოა.
    4. დიეტისა და სწორი კვების დროს ყველაზე უსაფრთხო პროდუქტი, თუ პირადად თქვენ მის მიმართ ალერგია არ გაქვთ პომიდორია, ასევე კომბოსტო, ტყის კენკრეული, ნიგოზი, მწვანილი და ყველა ხილია გარდა ბანანისა.
  • რა უნდა ვიცოდეთ წითელას შესახებ

    განვითარებულ ქვეყნებში წითელას დაავადება საფრთხეს ნაკლებად წარმოადგენს. თუმცა 2018 წელს წითელას შემთხვევებმა ევროპაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ევროპის მაშტაბით წითელას გავრცელების მხრივ საქართველო ერთ–ერთ მოწინავე ადგილზეა. წითელა სერიოზულ დაავადებად საქართველოში არასოდეს  ითლვებოდა, თუმცა ბოლო ერთ თვეში წითელას ეპიდემიაზე სერიოზულად ალაპარაკდნენ და საზოგადოება გარკვეულწილად პანიკამაც მოიცვა.
    ჯანდაცვის ექსპერტების თქმით, ქვეყანაში 20–დან 40 წლის ასაკამდე ასაკის ნახევარი მილიონი ადამიანი აუცრელია. ასეთ შემთხვევაში კი წითელა სულაც არ არის სახუმარო დაავადება. ქვეყანაში ამ დრომდე სავალდებულო ვაქცინაცია არ არსებობდა, თუმცა დაავადების გავრცელების მაშტაბებიდან გამომდინარე შესაძლოა წითელას აცრა საქართველოში სავალდებულო გახდეს.
    დაავადების მასობრივი გავრცელების დროს ბევრი მითი, რეალური თუ არარეალური ინფორმაცია ვრცელდება. მოკლედ გთავაზობთ ინფორმაციას, რაც წითელას შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ.
    1. წითელა ვირუსული ინფექციაა, რომლისთვისაც ძალიან მაღალი მგრძნობებლობაა დამახასიათებელი. თუ ადამიას ეს დაავადება არ გადაუტანია და არც აცრილია მის წინააღმდეგ, დაავადებულთან კონტაქტის შემთხვევაში დაინფიცირების საფრთხე 100 % ია. წითელას ვირუსი ძალიან მაღალი გავრცელები ს უნარით გამოირჩევა. ის შეიძლება სავენტილაციო მილებით და ლიფტის შახტებითაც კი გავრცელდეს და შენობის სხვადასხვა სართულებზე მცხოვრები ადამიანები დააავადოს. წითელათი დაავადებულთან კონტაქტსა და პირველი სიმპტომების გამოჩენას შორის პერიოდი 7 დან 14 დღემდეა.
    2. დაავადება გამოკვეთილი თავის ტკივილით, სისუსტით, ტემპერატურის 40 გრადუსამდე მატებით იწყება . მოგვიანებით ჩნდება სურდოს ნიშები, ხველა და მადის პრაქტიულად სრული დაქვეითება. წითელასთვის დამახასიათებელია კონიუქტივიტის გაჩენა – თვალის ლორწოვანი გარსის ანთება, რაც თვალის მკვეთრ ჩაწითლებას იწვევს, შემდეგ კი გამონადენს. ეს სიმპტომები 2 დან 4 დღემდე გრძელდება. მეოთხე დღეს ჩნდება გამონაყარი, რომელსაც წითელი წვრილი სხვადასხვა ზომის წერტილების ფორმა აქვს 1 დან 3 მილიმეტრამდე დიამეტრით. გამონაყარი ჩნდება სახეზე და თავზე, ყურების უკან და რამდენიმე დღეში მთელ სხეულზე ვრცელდება. წითელასთვის დამახასიათებელია დაავადების შემდეგ პიგმენტაციის დატოვება – მუქი ლაქები რამდენიმე დღის განმავლობაში ნარჩუნდება, შემდეგ კი იმავე თანმიმდრევრობით ქრება, რა თანმიმდევრობითაც გამონაყარი გაჩნდა.
    3. წითელას საწინააღმდეგო წამლები არ არსებობს. დაავადება ადვილად გადამდებია. ერთადერთი რეალური დაცვა მისგან აცრაა, რაც ვირუსისგან დაცვის ალბათობას მაქსიმალურად ზრდის, თუმცა განგაშის საფუძველი მაინც არსებობს. წითელას გავრცელება ე.წ. “აუცრელებისგან “ იწყება. სამწუხაროდ, ამჟამად აცრებზე უარის თქმა საკმაოდ მოდური ტენდენციაა. თუმცა ვაქცინაციას ბევრი მშობელი შვილებს დროულად, კალენდრის მიხედვით უტარებს.
    4. წითელა ძალიან ადვილად გადაედება და წითელათი დაავადების შანსი აუცრელი ადამიანის დაავადებულთან კონტაქტის შემთხვევაში 100% ია, თუ ადრე ეს დაავადება არ “მოუხდია“. დაავადების ერთხელ გადატანის შემდეგ მის მიმართ იმუნიტეტი მთელი ცხოვრება ნარჩუნდება. პირველი აცრის შემდეგ კი შეიძლება დროთა განმავლობაში აცრის ეფექტი შესუსტდეს. ამიტომ ბავშვებს ორჯერ ცრიან – 6 თვის ასაკში და შემდეგ 6 წლის ასაკში.
    5. წითელას აცრის გაკეთება ნებისმიერ ასაკში შეიძლება. თუმცა უფროსებმა ამის შესახებ ნაკლებად იციან და თვლიან, რომ აცრა მხოლოდ ბავშვებისთვის არის. აქამდე ზრდასრულები წითელას აცრას ნაკლებად იკეთებდნენ, თუმცა ექიმები უკვე ცალსახად გვეუბნებიან, რომ ვაქცინაცია ზრდასრული ადამიანისთვისაც აუცილებელია, თუ მას ბავშვობაში წითელა არასოდეს გადაუტანია, აცრა ბავშვობაში არ გაუკეთებია ან მხოლოდ ერთხელ გაიკეთა. ასე რომ, თუ ჯერ კიდევ არ ხართ აცრილი წითელას წინააღმდეგ, აღარ გადადოთ.

    6. სერიოზული პრობლემაა ის, რომ წითელათი დაავადებული ადამიანი ვირუსის გამავრცელებელი იმაზე რამდენიმე დღით ადრე ხდება, ვიდრე წითელას სიმპტომები ღიად გამოაჩნდება. ამიტომაც მნიშვნელოვანია წითელას რაც შეიძლება ადრე დიაგნოსტირება. ყველაზე ხშირად ინფექცია გაციების მსგავსი სიმპტომებით იწყება და მხოლოდ 4–5 დღის შემდეგ ჩნდება გამონაყარი. ბუნებრივია, ზამთარში გრიპის სეზონზე დაავადების საწყის ეტაპზე წითელაზე ნაკლებად ფიქრობენ და ამიტომაც ამ დღეებში დაავადებული შესაძლოა ვირუსის გამავრცელებელი იყოს. ამიტომაც ბავშვს თუ გაციების სიმპტომები შენიშნეთ, თვითმკურნალობის ნაცვლად მაშინვე ექიმს მიმართეთ. გამოცდილ ექიმს წითელას განსაზღვრა საწყის ეტაპზევე შეუძლია.

    7. წითელას ინფექცია იმდენად ადვილად გადამდებია, რომ ავტობუსში ერთი დაავადებულის ყოფნამ შეიძლება მგზავრების უმრავლესობა დააავადოს, თუ ისინი აუცრელები არიან. იმ შემთხვევაში თუ აცრილთა რიცხვი დიდია, ვირუსის გავრცელება სწრაფად ვეღარ ხდება. ჩვეულებრივ გარემოში ვირუსი აქტიურობას 2 საათის განმავლობაში ინარჩუნებს. თუ ამ ხნის მანძილზე მსხვერპლი ვერ ნახა, უსაფრთხო ხდება. თუმცა აუცრელები თვითონაც დაავადდებიან და სხვებსაც გადასდებენ დაავადებას. რაც მეტია აუცრელი, მით მეტია ინფექციის მაშტაბები. ამაშია კოლექტიური იმუნიტეტის არსი, იმ საზოგადოებებში, სადაც აუცრელთა რიცხვი მცირეა, წითელას ინფექცია მალევე მინელდება ხოლმე და ეპიდემიად არ იქცევა.
    8. არ არის გამორიცხული წითელა აცრის მიუხედავად მაინც დაგემართოთ, თუმცა ბევრად უფრო ადვილად ჩაივლის. შესაძლოა უსიმპტომოდაც კი.
    9. დაინფიცირებული ადამიანი გადამდები ხდება გამონაყარის გაჩენამდე ოთხი დღით ადრე, და გადამდებია გამონაყრის გაჩენიდან კიდევ ოთხი დღე. ამის შემდეგ ვირუსის გამოყოფას წყვეტს.
    10. წითელას სერიოზულ პრობლემად განვითარებულ საზოგადოებებში თითქოს არ აღიქვამენ, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ის მსოფლიოში ბავშვთა სიკვდილიანობის ერთ–ერთ მთავარ მიზეზად რჩება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში ყოველწლიურად წითელასგან 130 ათაზე მეტი ადამიანი იღუპება. აქედან უმრავლესობა იმ ღარიბი ქვეყნების მოსახლეობაა, სადაც აცრების ორგანიზება დაბალ დონეზეა. ეს რიცხვი მცირე არ არის, თუმცა თუ გავიხსენებთ 1970 – იან წლებს, როცა აცრები მასობრივად არ ტარდებოდა, ყოველწლიურად წითელას მსხვერპლი მსოფლიოში 2.6 მილიონი ადამიანი ხდებოდა. სხვაობა მართლაც დიდია.
    11. ყველაზე ხშირად წითელასგან 5 წლამდე ასაკის ბავშვები იღუპებიან. ინფექცია მძიმედ უფრო ხშირად იმ ბავშვებში ვითარდება, რომლებიც ცუდად იკვებებიან. ვიტამინი A ს ნაკლებობა ამ შემთხვევაში კრიტიკულია. მისი დეფიციტისას ღარიბ ქვეყნებში წითელათი დაავადებულთა თითქმის 10% იღუპება.
    12. გართულებების მაღალი რისკია ორსულებში. წითელამ შესაძლოა მუცლის მოშლა ან ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს. წითელას ყველაზე გართულებული შემთხვევა ენცეფალიტი ( ტვინის ანთება) და პნევმონიაა (ფილტვების ანთება). მათ შეიძლება სუნთქვის მძიმე უკმარისობა გამოიწვიონ, რასაც რეანიმაციული მკურნალობა ჭირდება.
  • სუპერბაქტერიები, რომლებსაც ანტიბიოტიკები ვეღარ ამარცხებს. რა საფრთხე ემუქრება კაცობრიობას

    კაცობრიობას სუპერბაქტერიები ემუქრება, რომლებიც წამლების მიმართ მდგრადობით გამოირჩევიან. რეზისტენტული ბაქტერიებით გამოწვეული დაავადებებისგან მსოფლიოში ყოველწლიურად 700 000 ადამიანი იღუპება. თუ სასწრაფოდ ზომები არ იქნა მიღებული, 2050 წლისთვის ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ბაქტებრიებით შესაძლოა წელიწადში 10 მილიონამდე ადამიანი დაღუპოს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ბრიტანეთის მთავრობის მიერ შეკვეთილი კვლევის ავტორები.

    ანტიბიოტიკების უწესრიგო მიღება, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა მათ გარეშეც შეიძლება დაავადების მკურნალობა, სუპერბაქტერიების გაჩენას იწვევს, რომლებსაც ვერც ერთი დღემდე არსებული ანტიბიოტიკი ვეღარ ამარცხებს. ამის გამო ისეთი დაავადებებიც კი, რომლებიც აქამდე საშიში არ იყო, რთულად ექვემდებარება მკურნალობას. ეს კი ყოველწლიურად ათასობით ადამიანის სიკვდილს იწვევს ანტიბიოტიკორეზისტენტული სუპერბაქტების მიერ გამოწვეული დაავადებებისგან.

    2017 წელს აშშ–ში გარდაიცვალა 70 წლის პაციენტი, რომელსაც სუპერბაქტერია Klebsiella pneumonia –თი გამოწვეული ინფექცია აღმოუჩინეს. პაცენტს სეფსისი განუვითარდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სუპერბაქტერიას 26 ანტიბიოტიკიდან ვერცერთი ვერ მოერია, მათ შორის ექიმების “უკანასკნელი იმედი“, ანტიბიოტიკი კოლისტინი.
    ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა დავოსში გამართულ ფორუმზე ამ პრობლემასთან ბრძოლის გეგმა წარმოადგინა.

    ბრიტანეთის მთავრობა აპირებს ფარმაკოლოგიური კომპანიების დაფინანსების სქემა იმგვარად შეცვალოს, რომ მათ ახალი წამლების შემუშავებისკენ უბიძგოს.
    გეგმა ასევე გულისხმობს მთელი რიგი ზომების მიღებას, რომლებიც ხელს შეუწყობს ანტიბიოტიკების უფრო მკაცრად რეგულირებულ მიღებას ან მათზე უარის თქმას იმ შემთხვევაში, თუ დაავადების განკურნება სხვა საშუალებითაც შეიძლება.

    გლობალური პასუხი

    სამთავრობო გეგმის მიზანია სხვადასხვა დაავადების გამომწვევი ბაქტერიების ანტიბიოტიკორეზისტენტულობის კონტროლი და ზრდის შეჩერება. ანტიბიოტიკორეზისტენტულობა ტერმინია, რომელიც აღწერს იმ ბაქტერიების, ვირუსების, პარაზიტების და დაავადებების სხვა მაპროვოცირებლების მიერ ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადობის გამომუშავებას.


    გეგმა ასევე ითვალისწინებს უახლოესი ხუთი წლის მანძილზე ანტიბიოტიკების გამოყენების 15 %–ით შემცირებას 2016 წლის დონესთან შედარებით. მთავრობის გეგმა გულისხმობს უკვე მომავალი წლიდან ანტიბიოტიკების გამოყენების 25% –ით შემცირებას ცხოველების მკურნალობისას.ინგლისის ჯანდაცვის და სამედიცინო დახმარების ხარისხის ნაციონალური ინსტიტუტი და ჯანდაცვის სახელმწიფო სამსახური ასევე გეგმავენ ფარმაცევტული კომპანიების დაფინანსების ახალი სისტემის დანერგვას, რათა ისინი არა დიდი რაოდენობის ანტიბიოტიკების გაყიდვაზე, არამედ ახალი ეფექტური პრეპარატების შექმნაზე გახდნენ ორიენტირებული.

    “ყოველი ჩვენგანი იღებს ბონუსს ანტიბიოტიკების არსებობისგან და მათი არსებობის გარეშე ვეღარც წარმოგვიდგენია ცხოვრება. მაგრამ წარმოიდგინეთ რა მოხდება მსოფლიოში, თუ ანტიბიოტიკები ეფექტურობას დაკარგავენ. ანტიბიოტიკორეზისტენტულობა დიდი საფრთხეა კაცობრიობისთვის. არანაკლები, ვიდრე კლიმატის ცვლილება ან ომი. ამიტომაც სასწრაფოდ უნდა მოვიფიქროთ გლობალური პასუხი –განაცხადა ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეტ ჰენკოკმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე 20წლიანი სტრატეგიის წარდგენისას.

    2014 წლიდან ბრიტანეთში ანტბიოტიკების მომხმარება 7% ით შემცირდა. თუმცა სისხლში ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი ინფექციების რაოდენობა 2017 წლისთვის 35 %–ით გაიზარდა. ხელისუფლება ექიმებისთვის დეტალური რეკომენდაციების შემუშავებას გეგმავს, რა შემთხვევებში შეუძლიათ დაუნიშნონ ანტიბიოტიკები თავის პაციენტებს.

    როგორც ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა ბრიტანეთში ექიმები ხშირად უწერენ პაციენტს ანტიბიოტიკს ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, რომლებსაც მედიკამენტოზური მკურნალობა შეიძლება არც ჭირდებოდეს, მაგალითად მსუბუქი გაციების დროს, ან ისეთი დაავადებების დროს, როცა ანტიბიოტიკის გამოყენება საერთოდ არაეფექტურია.

    ანტიბიოტიკების ზღვარგადასული გამოყენება მხოლოდ ბრიტანეთისთვის არ არის დამახასიათებელი. ანტიმიკრობული საშუალებების მოხმარების კონტროლის ევროპულმა ქსელმა ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი ბაქტერიების გავრცელებას მსოფლიო მოსახლეობისთვის დიდი საფრთხე უწოდა. მიახლოებითი გათვლებით ყოველწლიურად ევროპაში ამ ბაქტერიებთან დაკავშირებული ინფექციებით 33 ათასი ადამიანი იღუპება.

    2015 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გლობალური გეგმა წარმოადგინა ანტიმიკრობული რეზისტეტნტობის დასაძლევად. გეგმის მიხედვით ქვეყნებმა საკუთარი გეგმა უნდა შეიმუშაონ, რათა ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადობა დაძლიონ.

    ექიმების თქმით ანტიბიოტიკების მეტისმეტად ხშირი გამოყენება იწვევს იმას, რომ მიკროორგანიზმები მის მოქმედებას აღარ ექვემდებარებიან და მდგრადობა გამოუმუშავდებათ. რაც უფრო ხშირად იყენებენ ადამიანები ანტიბიოტიკებს, მით ნაკლები ხდება მათი ეფექტურობა და ისეთ რთულ შემთხვევებში, როცა ანტიბიოტიკები სასიცოცხლოდ მნიშვნელვანია, ისინი უკვე უძლურნი არიან.


  • მეცნიერებმა სიგამხდრის გენი აღმოაჩინეს

    მეცნიერები ამბობენ, რომ იპოვნეს პასუხი კითხვაზე – რატომ ხდება, რომ ზუსტად ერთნაირი  კვებისას ზოგი ადამიანი არ სუქდება, ზოგი კი სწრაფად იმატებს. ყველაფერი გენების ბრალია.

    ჟურნალ PLOS Genetics –ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგები მოწმობს, რომ არსებობენ გენები, რომლებიც მის მფლობელებს პრაქტიკულად სიგამხდრის გარანტიას აძლევენ. როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, ადამიანთა ნაწილს გაუმართლა და მათი სიგამხდრის მიზეზი არა სწორი კვება ან რეგულარული ვარჯიში, არამედ გენეტიკური მოცემულობაა.


    ბოლო ათწლეულების მანძილზე მკვლევარებმა ასობით გენი აღმოაჩინეს, რომლებიც ადამიანის სიმსუქნისკენ მიდრეკილებას განაპირობებენ. თუმცა ბევრად ნაკლებია ისეთი გენებისადმი მიძღვნილი კვლევები, რომლებიც სიგამხდრეს იწვევს.

    კვლევის პროცესში მეცნიერებმა 1600 გამხდარი და ჯანმრთელი ბრიტანელის გენეტიკური მონაცემები შეისწავლეს, რომელთა სხეულის მასის ინდექსი 18–ზე დაბალია. ასევე შეისწავლეს 2000 ადამიანი სიმსუქნის მძიმე ფორმით, და 10 400 ადამიანი სხეულის ნორმალური მასით. კვლევის მონაწილეებს უნდა გაეცათ პასუხი კითხვებზე მათი კვებისა და ცხოვრების წესის შესახებ.


    მეცნიერებმა დაადგინეს რომ მსუქან ადამიანებს იმ გენების მთელი კრებული აღმოაჩნდათ, რომლებიც სიმსუქნისკენ მიდრეკილებას იწვევს. იმ დროს, როცა კვლევის გამხდარ მონაწილეებს არათუ ეს გენები არ აღმოაჩნდათ, არამედ ის გენები გამოვლინდა, რომლებიც ჯანმრთელ სიგამხდრეზეა პასუხისმგებელი.


    “ნუ იჩქარებთ კრიტიკას“



    კვლევის ავტორი, კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი სადაფ ფარუკი ყველას მოუწოდებს ნუ გააკრიტიკებენ მსუქან ადამიანებს ზედმეტი ჭამის ან ცხოვრების არაჯანსაღი წესის გამო.


    როგორც კვლევა აჩვენებს, გამხდრები იმიტომ არიან გამხდრები, რომ მათში ნაკლებია გენები, რომლებიც ადამიანს სიმსუქნისკენ განაწყობს, და არა იმიტომ, რომ ისინი უფრო სწორად ცხოვრობენ. ადვილია დასკვნების გაკეთება და ადამიანების გაკრიტიკება ზედმეტი წონის გამო, მაგრამ როგორც სამეცნიერო მონაცემები გავიჩვენებს, ეს საკითხი რთულია. ჩვენ ბევრად ნაკლები საშუალება გვაქვს ჩვენი წონა ვაკონტროლოთი, ვიდრე ვისურვებდით “– ამბობს სადაფ ფარუკი.


    მეცნიერები ამბობენ, რომ კვლევის შემდეგ ეტაპზე ისინი შეეცდებიან დაადგინონ  ზუსტად რომელი გენების თანხვედრა განაპირობებს ჯანმრთელ სიგამხდრეს.


    მეცნიერების უფრო გრძელვადიანი ამოცანაა იმის გარკვევა, როგორ შეიძლება “სიგამხდრის გენის“ შესახებ ცოდნა გახდომის ახალი მეთოდების შესამუშავებლად გამოიყენონ.

    გენები თუ ცხოვრების წესი?

    დიეტოლოგების თქმით, ზედმეტი წონა ხშირად გენებით არის განპირობებული, მაგრამ სხვა ფაქტორებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. მაგალითად ცხოვრების წესი ან ნაწლავის მიკროფლორა, რაც წონაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.


    კვლევის შედეგების კომენტირებისას ლონდონის სამეფო კოლეჯის დიეტოლოგიის პროფესორი ტომ სანდერსი ამბობს: “ეს მნიშვნელოვანი და კარგად ჩატარებული კვლევაა, რომელიც ამტკიცებს, რომ სიმსუქნისკენ მიდრეკილება გენეტიკურად არის განპირობებული. ასევე კვლევა აჩვენებს, რომ გამხდარი ადამიანები სხვებისგან გენეტიკურად განსხვავდებიან. თუმცა არ ღირს აჩქარება და ყველაფრის „ცუდი„ ან „კარგი“ გენეტიკით ახსნა. ხშირ შემთხვევაში ზედმეტი კილოგრამები უკვე ასაკში გროვდება და უშუალოდ უკავშირდება ცხოვრების უძრავ წესს ან მაღალკალორიული პროდუქტების გადამეტებულ მოხმარებას“ – ამბობს ტომ სანდერსი.


    ექიმები ხაზს უსვამენ, რომ მიუხედავად იმისა, რომელი გენებით დაგაჯილდოვათ ბუნებამ, ჯანსაღი ფიზიკური დატვირთვა და გონივრული დიეტა აუცილებელია.