Category: ჯანმრთელობა

  • ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევა – ახალი პროდუქტი თიბისი დაზღვევისგან

    პარტნიორის კონტენტი

    თიბისი დაზღვევა მომხმარებელს, ახალ განსხვავებულ პროდუქტს სთავაზობს, რომლის მთავარი მიზანია მომხმარებლი დაიცვას ხარჯისგან, რომელიც სხვადასხვა კრიტიკული დაავადებების აღმოჩენას მოჰყვება.

    ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევა მოიცავს ისეთი დაავადებების დაზღვევას როგორებიცაა:
    • ავთვისებიანი სიმსივნე
    • მიოკარდიუმის (გულის) ინფარქტი
    • ინსულტი
    • კორონარული არტერიების გულის შუნტირება
    • თავის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნე
    • დამბლა
    • სიბრმავე

    ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევა ზემოთჩამოთვლილ დაავადებების გარდა, ითვალისწინებს 2 დამატებით მომსახურებას: ალტერნატიული სამედიცინო აზრის მოძიება და სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას საზღვარგარეთ.

    ალტერნატიული სამედიცინო აზრის მოძიება – გულისხმობს ნებისმიერი დიაგნოზისა და / ან მკურნალობის გეგმის გადამოწმებას მსოფლიოს წამყვან კლინიკებში, წამყვანი კლინიკის მოძიებას, საჭირო სამედიცინო დოკუმენტების მომზადებას, წამყვან სპეციალისტებთან ვიდეო კონსულტაციების დაგეგმვას და განხორციელებას და ასისტანსის მომსახურებას.

    სამედიცინო მომსახურების ორგანიზება საზღვარგარეთ – გულისხმობს საზღვარგარეთ შერჩეულ კლინიკაში მკურნალობის, ვიზიტისა და განთავსების ორგანიზებას, შერჩეულ ქვეყანაში ტრანსპორტირებას, დახვედრასა და გადაადგილებას, კლინიკასთან ახლომდებარე სასტუმროში განთავსებას, კლინიკაში ვიზიტებისა და განთავსების ორგანიზებას, მკურნალობის პროცესის მეთვალყურეობას, დანიშნული მედიკამენტების შესყიდვის ორგანიზებას, საქართველოში დაბრუნების ორგანიზებას.

    ამას გარდა, ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობისას, 1-18 წლამდე შვილების დაზღვევა ანალოგიური პირობებით ხდება და დამატებითი თანხის გადახდა საჭირო არ არის.
    ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევის ღირებულება განსხვავდება სასურველი ასანაზღაურებელი ლიმიტის და ასაკის მიხედვით. მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს:
    • მინიმალური ლიმიტი – 25 000 ლარი / 10 000 $
    • მაქსიმალური ლიმიტი – 150 000 ლარი / 60 000 $

    ლიმიტი დაზღვეულს აუნაზღაურდება სრულად, რომლის განკარგვა შესაძლებელია დაზღვეულის სურვილისამებრ, ყოველგვარი დამატებითი დოკუმენტის წარდგენის გარეშე.
    დაზღვევის შეძენა შესაძლებელია თიბისის ფილიალებში და ასევე ონლაინ, ვებგვერდიდან online.tbcinsurance.ge.

  • რევოლუციური აღმოჩენა:მეცნიერებმა სიმსივნის ზუსტი მიზეზის დადგენის მეთოდს მიაგნეს

    ბრიტანელმა მეცნიერებმა მიაგნეს ხერხს, რომლითაც შესაძლებელია ნებისმიერი ონკოლოგიური დაავადების ზუსტი მიზეზის დადგენა კიბოს უჯრედების დეენემის მიხედვით.აქამდე ექიმებს მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა ქონდათ იმის შესახებ, რა ნივთიერებებია კანცეროგენული და რა იწვევს კიბოს (მაგალითად აზბესტი ან გამონაბოლქვი გაზები), თუმცა ყოველი ცალკეული პაციენტის დაავადების მიზეზზე მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეეძლოთ.
    მაგალითად, თუ ადამიანს ფილტვის კიბოს დაუდგენდნენ, ზუსტად ძნელი იყო იმის თქმა, მოწევის შედეგად გაჩნდა ის, დაბინძურებულ გარემოში ცხოვრებისგან თუ სამუშაო ადგილზე რომელიმე მავნე ნივთიერების რეგულარული ჩასუნთქვისგან.
    კემბრიჯის უნივერსიტეტისა და ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერებმა კი შეძლეს დეენემის უნიკალური მუტაციების კატალოგის შედგენა, რომელთა მიხედვით შესაძლებელი იქნება ზუსტად დადგინდეს, რომელი გარე ფაქტორების ზემოქმედებით განვითარდა ნებისმიერი კონკრეტული სიმსივნე – მაგალითად, იყო ის ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული თუ პესტიციდებთან კონტაქტით.
    ორშაბათს ჟურნალ Cell–ში გამოქვეყნდა კიბოს მარკერების ვრცელი ჩამონათვალი, რომელსაც ჟურნალისტებმა უკვე უწოდეს “კიბოს შავი ყუთები“, თავად მეცნიერები კი თითის ანაბეჭდს ადარებენ.
    “მომავალში ჩვენი კატალოგი ექიმებს საშუალებას მისცემს ზუსტად განსაზღვრონ, კონკრეტულად რომელმა ნივთიერებამ გამოიწვია კიბოს განვითარება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. ეს ინფორმაცია შესაძლოა ფასდაუდებელი აღმოჩნდეს, რადგან შესაძლებელი გახდება სხვა ადამიანების დაცვა პოტენციურად საშიში კანცეროგენებისგან“ – წერს კვლევის ერთ–ერთი ავტორი, კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი სერენა ნიკ–ზანაი.
    “კიბოს ხელწერა“
    ჩვენი დეენემი გრძელ ჯაჭვს წარმოადგენს, რომელიც მოლეკულების – ნუკლეოტიდების გარკვეულ თანმიმდევრობისგან შედგება. ისინი სულ ოთხნაირია და ბიოლოგიაში მათ აღნიშნავენ ლათინური ასოებით – A, C, G და T.
    ხანდახან ეს თანმიმდევრულობა ირღვევა და მაგალითად, A გადაიქცევა G–დ. ასეთ ცვლილებას მუტაციას უწოდებენ და ის შეიძლება უამრავი სხვადასხვა ფაქტორით იყოს გამოწვეული, მათ შორის გარე ფაქტორებით, როგორიცაა მზის გამოსხივება ან ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება, რომელსაც თამბაქოს კვამლი ან მანქანის გამონაბოლქვი შეიცავს.
    უჯრედები დაყოფით მრავლდება, და ამავე დროს ყოველი მათგანი საკუთარი დეენემის ზუსტ ასლს შობს, მასში არსებული შეცდომებიანად. დროთა განმავლობაში ასეთი შეცდომები დიდი რაოდენობით გროვდება და ამან შეიძლება უჯრედების უკონტროლო ზრდა, ანუ კიბოს განვითარება გამოიწვიოს.
    ადრე ძალიან რთული იყო იმის განსაზღვრა, კონკრეტულად რამ გამოიწვია სიმსივნე. ახლა კი მეცნიერებს უკვე აქვთ საშუალება საკმაოდ სწრაფად მთლიანად მოახდინონ ადამიანის გენომის სკანირება, რის შედეგადაც კიბოს უჯრედებში ყველა მუტაციის მოძებნა და ერთგვარი “კიბოს ხელწერის “ , ანუ იმ ნიშნების გამოვლენა იქნება შესაძლებელი, რომელიც ამა თუ იმ კონკრეტული გარე ფაქტორისთვის არის დამახასიათებელი.
    კიბოს პირველი კატალოგის შესადგენად ბრიტანელმა ბიოლოგებმა ჯანსაღი ღეროვანი უჯრედები აიღეს და 79 სხვადასხვა ცნობილი კანცეროგენის ზემოქმედებას დაუქვემდებარეს, შემდეგ კი ყოველ უჯრედში მომხდარი დეენემის ცვლილებები შეისწავლეს.
    გაირკვა, რომ მინიმუმ 41 ამ ქიმიური ნივთიერებიდან, რომლებსაც კიბოს გამოწვევა შეუძლია, სულაც არ არის ძნელად ამოსაცნობი “მუტაციის ხელწერით“, რომელიც ისეთივე უნიკალურია, როგორც თითის ანაბეჭდი.
    “ფაქტიურად ეს საშუალებას გვაძლევს კიბოს ყოველი შემთხვევა განვიხილოთ როგორც დანაშაულის ადგილი, და როგორც გამომძიებლებს შეუძლიათ მტკიცებულებების დახმარებით დამნაშავე იპოვნონ, ჩვენც შევძლებთ განვსაზღვროთ, კონკრეტულად რა იყო პასუხისმგებელი კიბოს განვითარებაზე “ – ამბობს პროფესორი ნიკ ზანაი.
    ახლა მკვლევარების ამოცანაა უკვე არსებული კატალოგი შეავსონ და გააფართოვონ, მათ შორის შეისწავლონ და დაადგინონ როგორ ამოიცნონ რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობის შედეგად განვითარებული კიბოს შემთხვევა.
  • რა უნდა ვიცოდეთ სუნამოს შესახებ აუცილებლად

    როგორ ვირჩევთ პარფიუმს? მაგალითად, მაღაზიაში სპეციალურ ქაღალდზე სხვადასხვა სუნამოს ვასხამთ კონსულტანტთან ერთად და არომატებს ვსინჯავთ. თუ მოგვწონს, იქვე ვყიდულობთ. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ შესაძლოა აღმოვაჩინოთ, რომ ეს ის არ არის, რაც გვინდოდა. რატომ ხდება ასე და რატომ უშვებს სუნამოს შერჩევისას შეცდომას ყოველი მეორე ქალი? გთავაზობთ რამდენიმე რჩევას სუნამოს სწორად შესარჩევად.
    1. სუნამოს შესარჩევად ძირითადად სპეციალურ წვრილ ქაღალდებს ვიყენებთ. ვასხამთ მასზე სუნამოს, ვყნოსავთ და ვიღებთ გადაწყვეტილებას. სინამდვილეში ქაღალდის ტესტერები იმისათვის არის, რომ მიხვდეთ, როგორი იქნება არომატი მას შემდეგ, რაც სუნი “გაიშლება“. საბოლოო შედეგს კი მოკლე დროში და ადგილზე, მაღაზიაში ვერ განსაზღვრავთ. ჯობს აიღოთ ქაღალდის რამდენიმე ტესტერი, წააწეროთ ზედ რა სუნამოს აპკურებთ და თან წამოიღოთ. ჩაიდეთ ქაღალდი ჯიბეში, ჩანთაში, და დააკვირდით, როგორი იქნება თქვენი რჩეული სუნამოს არომატი დროთა განმავლობაში. თუ შედეგმა დაგაკმაყოფილათ, შემდეგ უკვე ტესტი კანზე ჩაიტარეთ. პარფიუმს კანზე უფრო განსხვავებული სურნელი აქვს, ვიდრე ქაღალდზე, რადგან ჩვენს სხეულს გარკვეული ტემპერატურა აქვს, რომლის ზემოქმედებით არომატი უფრო ძლიერად და მკვეთრად იხსნება. თუ სუნამოს სხვაგვარად შეარჩევთ, დიდი ალბათობაა შეცდეთ და მოგვიანებით უკვე ნაყიდი სუნამოს სუნი არ მოგეწონოთ.
    2. ბევრი თვლის, რომ ზაფხულობით მძიმე არომატების გამოყენება არ შეიძლება, ზამთარში კი მსუბუქის. არადა, ეს მოსაზრება მცდარია. წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ იხმაროთ სუნამო, რომელიც მოგწონთ. თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი მძიმე არომატებთან დაკავშირებით: როცა ქუჩაში + 30 გრადუსია, კანი უფრო სწრაფად ხურდება და ესეიგი პარფიუმის სუნიც უფრო ინტენსიურად იხსნება. ამის გამო მძიმე არომატების შლეიფის მოყვარულებმა ზომიერებას უნდა მოუხმონ და საყვარელი სუნამო მცირე რაოდენობით იპკურონ. გვერწმუნეთ, ქუჩის მაღალი ტემპერატურა და თქვენი კანი მცირე რაოდენობასაც გაამძაფრებენ.
    3. ბევრი ფიქრობს, რომ კარგი სუნამო კარგი შეფუთვით იწყება. მაგრამ არის ბრენდები, რომლებიც არა გარეგნულ ატრიბუტებზე, არამედ შიგთავსზე არიან ორიენტირებული. რა თქმა უნდა, კარგი შეფუთვა შესანიშნავი მარკეტინგული სვლაა, რომელზეც ბევრი მომხმარებელი ეგება. თუმცა ბრწყინვალე ფლაკონი არ ნიშნავს, რომ შიგთავსიც ბრწყინვალე და ხარისხიანია. ექსპერტები, ვინც საავტორო პარფიუმის და მასობრივ ბაზარზე გათვლილი პარფიუმის მაღაზიების პროდუქტებს აანალიზებენ, ამბობენ, რომ ფორმა და შიგთავსი ყოველთვის არ შეესაბამება ერთმანეთს. ხანდახან მშვენიერ ფლაკონში საშინელი არომატის სუნამო შეიძლება აღმოჩნდეს. ამიტომაც სუნამოს შერჩევისას გარეგნული მხარით ნუ იმსჯელებთ.
    4. ბევრი დარწმუნებულია, რომ არომატი წერტილოვნად მაჯებზე უნდა იპკუროს, შემდეგ მაჯები ერთმანეთს გაუსვას, ან წვეთები ყურს უკან შეიპკუროს, სადაც ვენა პულსირებს, რათა სუნამოს უფრო მკაფიო სუნი ჰქონდეს. ამას მყისიერი ეფექტისთვის აკეთებენ. თუმცა, პარფიუმი კარგად იხსნება, თუ მას არა კონკრეტულ წერტილებზე, არამედ თმაზე და სამოსზე ცოტა შორიდან მოიპკურებთ. მათ კი, ვინც წერტილოვან მიპკურებას ამჯობინებს პატარა საიდუმლოს გავუმხელთ: არომატს ძალიან კარგად ინახავს ხელთათმანი. თუ საყვარელ სუნამოს ამ აქსესუარზე მიაპკურებთ, ის დიდხანს შერჩება და მშვენიერ განწყობას შეგიქმნით.
    5. სუნამოს კოლოფს ალბათ ცოტა ვინმე თუ ინახავს. როგორც წესი, მას გახსნისთანავე ვაგდებთ, თავად ფლაკონს კი სარკესთან, ან პარფიუმერიის მაგიდაზე ვდებთ. ეს დიდი შეცდომაა, რადგან დაუშვებელია სუნამოს მზის სხივები ხვდებოდეს. მზის შუქი არომატის კომპოზიციას ცვლის და ძლიერი გადახურების შემდეგ შესაძლოა საყვარელი არომატის გარეშე დარჩეთ. ჯობს სუნამო ყუთში შეინახოთ, რომელიც მას პირდაპირი მზის სხივებისგან დაიცავს და არომატს უცვლელად შეინარჩუნებთ. თუ ყუთში ჩადება არ შეგიძლიათ, უბრალოდ თქვენი სუნამოები ბნელ ადგილზე შეინახეთ. მაგალითად კარადაში ან უჯრაში. ქალის ჩანთაც არ არის ცუდი არჩევანი.
    6. არ დაიჯეროთ, რომ ძვირფასი პარფიუმერიის არომატი აუცილებლად მდგრადი იქნება. ბევრი თვლის, რომ თუ ძვირფასი სუნამო იყიდა, მისი სუნი აუცილებლად დიდხანს შენარჩუნდება. თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის. რატომ? არსებობს ნატურალური ზეთები და არსებობს სინთეტიკური, ანუ ალდეგიდები. ეს უკანასკნელი ქიმიური გზით არის მიღებული და ნატურალური, ბუნებრივი კომპონენტების შემცვლელად გამოიყენება. რაც მეტი ალდეგიდებია სუნამოში, მით უფრო დიდხანს ნარჩუნდება მისი სუნი. თუმცა არის ერთი არსებითი მინუსი – მისი სუნი მჭახეა და ნაკლებად დახვეწილი. ნატურალური ზეთები უფრო მსუბუქია, შესაბამისად, არომატების კომპოზიცია უფრო გარდამავალი და სასიამოვნოა. მაგალითად, ხილის ზეთები თავისთავად დადხანს არ ცოცხლობენ, თუნდაც ეს იყოს ძალიან ძვირიანი ზეთი. ვერცერთი სუნამოს სუნი, რომელიც ამ კომპონენტის საფუძველზეა დამზადებული 8 საათზე დიდხანს ვერ გაძლებს. და აქ ფასი არაფერ შუაშია. ასეთი პარფიუმი შესაძლოა ძალიან ძვირიც ღირდეს და ძალიან იაფიც.
  • მეტისმეტად ცხელი ჩაის სმა საყლაპავი მილის სიმსივნეს იწვევს

    რეგულარულად მეტისმეტად ცხელი ჩაის ან სხვა ცხელი სასმელების სმა საშიშია და შესაძლოა საყლაპავი მილის სიმსივნე გამოიწვიოს. ასეთია მაშტაბური კვლევის შედეგები, რომელშიც 50 000ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
    კვლევა ირანის ჩრდილო აღმოსავლეთში ჩატარდა. მეცნიერები 10 წლის მანძილზე აკვირდებოდნენ 45–დან 70 წლის ასაკამდე ქალებს და მამაკაცებს, რომლებიც ცხელ ჩაის სვამდნენ. კვლევის დროს სასმელის ტემპერატურას და მისი მოხმარების რაოდენობას აკონტრლებლნენ, ასევე დროის პერიოდს ადუღებული წყლის ჭიქაში დასხმიდან მის დალევამდე.
    მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კვლევის ის მონაწილეები, რომლებიც დღეში მინიმუმ ორ ჭიქა ჩაის სვამდნენ მინიმუმ 60 გრადუსი ტემპერატურით, ორჯერ უფრო მეტად ექვემდებარებოდნენ საყლაპავი მილის კიბოს რისკს, ვიდრე ისინი, ვინც ჩაის გაგრილების შემდეგ მიირთმევდნენ.

    აშშ–ში სიმსივნის ეს სახეობა ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებების სიაში რიგით მერვეა. თუმცა სხვა ქვეყნებში სტატისტიკა განსხვავებულია. მაგალითად, ირანში და ჩინეთში საყლაპავი მილის კიბო ბევრად უფრო გავრცელებულია, როგორც ჩანს ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიც არის კვება და მოწევა.

  • ქალები და მამაკაცები ტკივილს სხავადასხვაგვარად გრძნობენ

    მსფოლიოში 50 მილიონზე მეტი ადამიანი იტანჯება ქრონიკული დაავადებებით. ამასთან, ქალები უფრო ხშირად ავადდებიან ისეთი ქრონიკული დაავადებებით, როგორიც არის ართრიტი, ფიბრომიალგია და შაკიკი.
    დღეისათვის ტკივილგამაყუჩებელი და ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების უმრავლესობა, რომლებსაც ექიმები იყენებენ, ოპიუმს ან სალიცილის მჟავას შეიცავს. ისინი კარგად უმკლავდებიან ტკივილის შეტევებს, თუმცა რთულად ერევიან ქრონიკულ ტკივილებს, რომლებიც თვეობით და ხანდახან წლობით გრძელდება.
    მეცნიერების ახალი მონაცემების მიხედვით, მამაკაცებს და ქალებს ტკივილის სინდრომის განსხვავებული ბიოლოგიური მექანიზმები აქვთ , ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი სხვადასხვა პრეპარატებზე სხვადასხვაგვარად რეაგირებენ და შესაძლოა ისეთი ანესთეტიკების შექმნა, რომლებიც უშუალოდ პაციენტის სქესის გათვალისწინებით იმოქმედებს.
    ბოლო დრომდე ლაბორატორიული კვლევები ახალი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების შესაქმნელად ძირითადად მამრობითი სქესის ვირთხებზე და თაგვებზე ტარდებოდა. შესაბამისად, შედეგი დამახინჯებული გამოდიოდა და ბაზარზე ისეთი პრეპარატები ჩნდებოდა, რომლებიც ქალებზე ნაკლებად მოქმედებდა.
    ცოტა ხნის წინ ჟურნალ Brain–ში გამოქვეყნდა ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის მიერ დაწერილი სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ სიგნალები, რომლებიც ქრონიკული ტკივილებისას ქალის და მამაკაცის ზურგის ტვინს მიეწოდება, ერთმანეთისგან განსხვავდება.
    გაირკვა, რომ ნევროპათიული ტკივლების სინდრომის მქონე მამაკაცებში უფრო აქტიური უჯრედები მაკროფაგებია, რომლებიც იმუნური სისტემის ნაწილს წარმოადგენენ. ქალებში კი უფრო აქტიური ნეიროპეპტიდებია, ანუ ცილოვანისმაგვარი ნივთიერებები, რომლებსაც ნეირონები გამოყოფს.
    მეცნიერების აზრით ეს პირველი მტკიცებულებაა იმისა, რომ ადამიანის ტკივილის თავისებურება მის სქესზეა დამოკიდებული.
  • რა საფრთხეებს შეიცავს პოპულარული ცილოვანი დიეტები

    ბოლო დროს ძალიან პოპულარულია ე.წ. ცილოვანი დიეტები – განსაკუთრებით დუკანის და ატკინსის დიეტა. კვების ამგვარ რაციონში, როგორც წესი ჭარბობს ცილით მდიდარი პროდუქტები და იზღუდება ნახშირწყლების მიღება.

    ცილოვანი დიეტით ადამიანები წონაში შედარებით იოლად იკლებენ და ის ეფექტურია როგორც ახალგაზრდებში, ისე ხანდაზმულებში. ამერიკელი მეცნიერების მიერ უეიქ ფორესტის უნივერსიტეტში ახლახან დასრულებული ექსპერიმენტი ადასტურებს, რომ ამ ცილოვანი დიეტით ადამიანები წონაში ისე იკლებენ, რომ ძვლოვან და კუნთოვან მასას ინარჩუნებენ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულთა ჯანმრთელობისთვის და მათი მობილურობის შენარჩუნებისთვის.

    კვლევის საკონტროლო ჯგუფის მონაწილეებმა წონაში 6 თვის მანძილზე, დაახლოებით 8.1 კგ დაიკლეს. აღმოჩნდა, რომ დაკლებული წონის 87% შუატანის ცხიმზე მოდიოდა. ცილის მიღების დღიური ნორმა ექსპერიმენტის მონაწილეებს ექიმებმა ასე განუსაზღვრეს: სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე – 8 გრამი ცილა.

    თუმცა, მეცნიერები თანხმდებიან იმაზე, რომ კვების დროს უმეტესად აუცილებელია ბალანსის და მრავალფეროვნების დაცვა. როცა ერთი ტიპის საკვებს მეორეს შემცირების ხარჯზე გაზრდი, იზრდება ჯანმრთელობის რისკებიც. ე.წ. ცილოვანი დიეტების მიმდევრებს ხშირად აღენიშნებათ კალციუმის და ვიტამინ D-ს ნაკლებობა, მაღალი ქოლესტერინი, მცენარეული ბოჭკოს მიღების სიმცირით გამოწვეული საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. რისკებს შორის სახელდება ნაწლავის კიბოებიც. რისკების გათვალისწინებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დიდი ხანია რაციონში წითელი ხორცის შემცირების რეკომენდაციით გამოდის.

    ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ავსტრალიელ მეცნიერთა კვლევა, რომელიც ამბობს, რომ ცილის დიდი რაოდენობით მიღებაზე დაფუძნებული დიეტები ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს და სიცოცხლის ხანგრძლივობასაც ამცირებს.  ნაშრომის ავტორები ამტკიცებენ, რომ ორგანიზმს ნახშირწყლებიც სჭირდება და ამ უკანასკნელის დრამატულად შემცირება ჯანმრთელობას ვნებს.

    ავსტრალიელი მეცნიერები ამბობენ, რომ ცილების ჭარბად მიღების შემთხვევაში, უჯრედში ცილების სინთეზის პროცესი ჩქარდება. სწრაფ სინთეზთან ერთად, იზრდება ჯანმრთელობის რისკებიც. ეს დაახლოებით ისევე ხდება, როგორც მანქანის ტარების დროს, რაც უფრო მაღალი სიჩქარით მივდივართ, მით მეტია შეცდომის დაშვების რისკი და ამ შეცდომით გამოწვეული შედეგის მასშტაბი – განმარტავენ მკვლევარები.

    “ნახშირწყლებზე ბევრი ცუდი იწერება, განსაკუთრებით როცა საქმე დიეტას ეხება. მაგრამ, საბოლოო ჯამში, მთავარი საიდუმლო ბალანსშია და იმის ცოდნაში, თუ რა განსხვავებაა “კარგ” და “ცუდ” ნახშირწყლებს შორის” – ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი, პროფესორი ქრისტოფერ პროდი.

    ის გახდომის მსურველებს ურჩევს ნახშირწყლები ხილით, ბოსტნეულით და გადაუმუშავებელი ბურღულეულით მიიღონ. გასახდომად და გაჯანსაღებისთვის კი ხმელთაშუა ზღვის დიეტაზე დაფუძნებული რაციონი არჩიონ, რომელსაც წონაში კლების დადასტურებული ეფექტი აქვს და არც ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს.

    გახდომის ყველაზე ჯანმრთელ გზად ისევ მაქსიმალურად დაბალანსებული,  დღიური კალორიების 10-20 პროცენტამდე შემცირებაზე დაფუძნებული და მრავალფეროვანი კვება რჩება. მაქსიმალური ეფექტურობისთვის და დაკლებული წონის შესანარჩუნებლად, კვების ახალი რეჟიმი თვეების მანძილზე უნდა გაგრძელდეს.

  • კვირაში სამზე მეტი კვერცხის ჭამა არ შეიძლება. მეცნიერების ახალი დასკვნა

    მრავალი წლის მანძილზე მეცნიერები დაობენ ადამიანის ჯანმრთელობაზე კვერცხის დადებითი და უარყოფითი გავლენების შესახებ. დიეტოლოგების აზრი იმასთან დაკავშირებით, რამდენი კვერცხის ჭამა შეიძლება კვირაში, ხშირად ერთმანეთისგან განსხვავდება.
    ამერიკელი მეცნიერების ახალი კვლევის შედეგების თანახმად, რომელიც სამედიცინო ჟურნალ JAMA –ში გამოქვეყნდა, 2-3 კვერცხი კვირაში ადამიანის ჯანმრთელობისთვის ოპტიმალური ვარიანტია. თუ კვერცხს უფრო ხშირად მიირთმევთ, ამან შესაძლოა სისხლში ქოლესტერინის დონის მომატება გამოიწვიოს, რაც გულ–სისხლძარღვთა პრობლემებს იწვევს – ამტკიცებენ მეცნიერები.
    ამერიკელ მეცნიერთა კვლევაში 30 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. მონაცემები 17 წლის მანძილზე გროვდებოდა.
    ადამიანის ჯანმრთელობისთვის კვერცხის დიდი რაოდენობით მოხმარების საფრთხე კვერცხის გულში ქოლესტერინის მაღალ შემცველობას უკავშირდება. საშუალოდ კვერცხის გულში 185 მილიგრამი ქოლესტერინია.
    ამერიკელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ 300 მილიგრამი ქოლესტერინი დღეში გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკს 17%–ით ზრდის, ნაადრევი სიკვდილის რისკს კი 18%–ით.
    ამ კლვევისას არ ყოფილა გათვალისწინებული მონაწილეთა ასაკი, მათი ფიზიკური აქტივობის დონე ან მწეველობა. მეცნიერები ასევე არ დაინტერესებულან კვლევის მონაწილეთა შორის მაღალი არტერიული წნევის დადგენის საკითხით.როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, იმისგან დამოუკიდებლად, რამდენად ჯანმრთელია ადამიანის გული, რაც მეტ კვერცხს მიირთმევთ, მით მეტად რისკავთ რომ გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადება დაგემართოთ, მათ შორის იშემიური დაავადება ან გულის შეტევა.
    “ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ თუ ორი ადამიანი ერთნაირად იკვებება, მაგრამ კვერცხის განსხვავებულ რაოდენობას მიირთმევს, მას, ვინც მეტ კვრეცხს ჭამს გულ სისხლძარღვთა დაავადების მეტი რისკი აქვს, ვიდრე მას, ვინც ნაკლებ კვერცხს ჭამს “ ამბობს კვლევის თანაავტორი ნორინა ალენი.
    არის თუ არა კვლევა წინააღმდეგობრივი?
    მეცნიერთა ამ ჯგუფის დასკვნები წინააღმდეგობაში მოდის წინა კვლევებთან, რომლებშიც გვიმტკიცებდნენ, რომ კვერცხის მიღება გულ–სისხლძარღვთა დაავადებებთან , იშემიურ დაავადებებთან ან გულის შეტევასთან არაფერ კავშირშია.
    თუმცა როგორც ნორინა ალენი ამტკიცებს, წინა კვლევები როგორც წესი უფრო ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ტარდებოდა და რიგ მნიშვნელოვან ფაქტორებს არ ითვალისწინებდა.თუმცა მკვლევარები არ გამორიცხავენ, რომ შეცდომები მათ კვლევაშიც იყოს.
    მონაცემები კვერცხის საკვებად გამოყენების შესახებ კვლევის მონაწილეთა გამოკითხვის გზით გროვდებოდა, რომლებსაც ეკითხებოდნენ, როგორ იკვებებოდნენ ბოლო დროს. ამიტომაც მონაცემები, რომლებსაც მკვლევარები ეყრდნობიან კვლევის მონაწილეთა მეხსიერებას ეყრდნობა.შესაბამისად, კვლევა შეგვიძლია მიმოხილვით ნაშრომად ჩავთვალოთ. ანუ მეცნიერებმა შეიძლება ივარაუდონ, რომ ბევრი კვერცხი მავნებელია, მაგრამ ცალსახად მიზეზ–შედეგობრივი კავშირის დადგენა არ შეუძლიათ.

    ბოლოს და ბოლოს, რამდენი კვერცხის ჭამა შეიძლება?
    ნორინა ალენი გვირჩევს კვირაში 2–3 კვერცხზე მეტი არ მივირთვათ. მათ კი, ვისაც გარკვეული მიზეზების გამო ამ რჩევის გათვალისწინება არ შეუძლია, ურჩევს ცილა ჭამონ და გულს მოერიდონ, რომელშიც ქოლესტერინის ყველაზე დიდი კონცენტრაციაა.
    დიეტოლოგების დიდი ნაწილი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ არა მხოლოდ კვერცხის, არამედ ყველა იმ პროდუქტის მიღება უნდა შეიზღუდოს, რომლებიც ქოლესტერინს შეიცავენ.
    თუმცა მეცნიერების სხვადასხვა ჯგუფები მაინც სხვადასხვა აზრზე რჩებიან. მაგალითად გასულ წელს ჟურნალ Heart–ში გამოქვეყნდა ბრიტანელი მეცნიერების კვლევის შედეგები, რომლებმაც დაასკვნეს, რომ თუ ყოველდღიურად ერთ კვერცხს მაინც მიიღებთ, გულ–სისხლძარღვთა დაავადების რისკი მცირდება და ამას იმით ხსნიან, რომ კვერცხი სასარგებლო ნივთიერებებით ერთ–ერთი ყველაზე დატვირთული პროდუქტია. ის შეიცავს ბევრ ცილას, ვიტამინებს : A, D, B და B12, ასევე ლუტეინს და ზეაქსანტინს, რომელიც მხედველობას აუმჯობესებს. თუმცა მეცნიერთა ეს ჯგუფიც გვირჩევს, რომ ერთი ან ორი კვერცხი დღეში ნორმალურია და მეტისმეტი არ უნდა მოგვივიდეს, რადგან ორგანიზმში ცილის სიჭარბე თირკმელების ზედმეტ გადატვირთვას იწვევს.
  • როგორ დავძლიოთ ქალური ეჭვიანობა

    ეჭვიანობა სრულიად ბუნებრივი ადამიანური ემოციაა.ეჭვიანობის გრძნობა გონივრულ დოზებში ნორმალურია და საფრთხეს არ წარმოადგენს. სამწუხაროდ ზოგჯერ ეჭვიანობის საფუძველი მართლაც არსებობს, თუმცა ზოგჯერ ადამიანს შეუძლია ყოველგვარი მიზეზის გარეშე იეჭვიანოს და ეს ეჭვიანობა ისეთი ფორმებით გამოხატოს, რომ პარტნიორთან ურთიერთობა თანდათანობით დაანგრიოს. არსებობენ ქალები, რომლებიც ემოციებს ვერ აკონტროლებენ და ხშირად ამის გამო სერიოზული ოჯახური პრობლემები ექმნებათ. თუ დროულად არ შეჩერდებით, შესაძლოა ეჭვიანობამ პათოლოგიური ფორმა მიიღოს, ოჯახურმა ბუდემ კი ნგრევა დაიწყოს. განვიხილოთ მთავარი მიზეზები, რამაც ქალის ეჭვიანობა შეიძლება გამოიწვიოს.

    ოჯახური ფსიქოლოგების აზრით ეჭვიანობის მთავარი მიზეზი რამდენიმეა:

    1 . დაბალი თვითშეფასება
    დაბალი თვითშეფასება ქალის მთავარი მტერია, ისევე როგორც გადაჭარბებული თვითშეფასება. ყველაფერში ჯობს ოქროს შუალედი მოძებნოთ. არიან ქალები, რომლებიც ქმარსი დღეში ათჯერ ურეკავენ, რათა დარწმუნდნენ, რომ ის არ ღალატობს, ან ჩუმად ამოწმენებენ მათ ტელეფონს და ფოსტას, რათა ღალატის კვალი იპოვნონ. ყველაზე ხშირად ქალის ასეთი ქცევის მიზეზი საკუთარ გარენობასთან დაკავშირებული ეჭვებია და იმის შიში, რომ ქმარმა შეიძლება უფრო ლამაზ ქალთან უღალატოს.
    თუ რამე დისკომფორტს გიქმნით, უნდა გამოასწროთ. მაგალითად თუ გარეგნობის კომპლექსი გაქვთ, ეცადეთ სპორტს მისდიოთ და ფიგურა ფორმაში მოიყვანოთ, ან კოსმეტოლოგთან მიხვიდეთ. მთავარია თვითშეფასება აიმაღლოთ. გახსოვდეთ – შპიონაჟი ეჭვიანობის ნიადაგზე პირდაპირი გზაა რეგულარული სკანდალებისკენ, შერყეული ფსიქიკისკენ და საბოლოო ჯამში განქორწინებისკენ.
    2. მესაკუთრეობა
    როცა არ გინდა ქმარმა თუნდაც მცირე დრო მეგობრებთან დროის ტარებას, მაგალითად თევზაობას დაუთმოს და მოითხოვ ამის ნაცვლად ოჯახის საქმებს მიხედოს. ოჯახი იმას არ ნიშნავს, რომ მეორე ნახევარის სრულად პრივატიზება შეგიძლიათ. არ შეიძლება საყვარელ მამაკაცს ჰობი, გართობა და დასვენება აუკრძალოთ. ყოველ მამაკაცს უნდა ქონდეს თავისუფალი დრო, რომელსაც ისე განკარგავს როგორც უნდა(ისევე, როგორც ნებისმიერ ქალს).
    მოექეცით პატივისცემით პარტნიორს და მის სურვილებს. დღეს თქვენ დაუთმობთ, ხვალ ის. დაძლიეთ მესაკუთრეობის გრძნობა და მიხვდებით, რას ნიშნავს ურთიერთპატივისცემა და ნდობა.
    ქვეყანა არ დაიქცევა, თუ უცნობ ქალს ეზოში გამოელაპარაკება. ამის გამო სკანდალს ნუ მოაწყობთ. რა თქმა უნდა, თუ უცნობ ქალთან საუბარი რეგულარული გახდა, შეიძლება დაინტერესდეთ ხანგრძლივი დიალოგის თემით, თუმცა ნურც ამ შემთხვევაში ატეხავთ სკანდალს. უბრალოდ კითხეთ და პასუხით თავად მიხვდებით, ღირს თუ არა ნერვიულობა.
    3. ემოციური და სექსუალური შიმშილი
    როცა ქალს ქმართან ურთიერთობის და ინტიმური სიახლოვის ნაკლებობა აქვს, ძირითად შემთხვევაში კითხვა უჩნდება: ხომ არ გაიჩინა ქმარმა საყვარელი? ან ისევ ძველებურად უყვარს თუ არა. შესაძლა არც დაფიქრდეს, რომ სინამდვილეში ბევრს მუშაობს და იღლება. იმის ნაცვლად, რომ ქმარს პრობლემებზე დაელაპარაკოს და გაიგოს რა უჭირს, ჩნდება დაუსაბუთებელი ეჭვიანობა, დაძაბულობა, ურთიერთობების მუდმივი გარჩევა, გაბრაზება, წყენა და სასოწარკვეთა. რა თქმა უნდა, ზოგჯერ რთულია საკუთარ თავს აჯობო და ემოციები შეიკავო. თუმცა ჯობს თუ ასე მოიქცევით. ჯობს თავი მოთოკოთ, რაციონალურად შეხედოთ სიტუაციას და გაარკვიოთ – რეალურად არსებობს პრობლემა და მართლაც გაქვთ საეჭვიანო თუ უბრალოდ ქმარს ცუდი პერიოდი აქვს და შესაძლოა თქვენი გვერდში დგომაც სჭირდება.
  • ცნობილები, ვინც ბოტოქსზე უარი თქვა და ბუნებრივი სახე დაიბრუნა

    ბევრმა ვარსკვლავმა, ვინც ბოტოქსი და სხვა კანქვეშა შემავსებლები მოსინჯა, საბოლოოდ ამაზე უარი თქვა და საკუთარი სახის დაბრუნება ამჯობინა. ისინი მიხვდნენ, რომ ჯობს ბუნებრივი გარეგნობა გქონდეს, ვიდრე რეზინის თოჯინას დაემსგავსო. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს და თავად განსაჯეთ, რა უფრო უხდებათ – ბოტოქსით და ფილერებით დაბერილი სახე თუ ბუნებრივი.
    კამერონ დიასი – 46 წლის. 7 წლის წინ ბოტოქსის გადაჭარბებული გამოყენებისგან კამერონის სახე თანდათან ცვილის ფიგურას დაემსგავსა. თუმცა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ჯობს დაბერდეს, ვიდრე “სხვისი სახე ატაროს.“

    რენე ზელვეგერი – 49 წლის. მისი ამჟამინდელი გარეგნობა  ისეთია, როგორიც მაყურებელმა შეიყვარა. როცა ჰოლივუდის ვარსკვლავი 2014 წელს ერთ–ერთ ღონისძიებაზე სრულიად შეცვლილი გამოჩნდა, თაყვანისმცემლები შოკში ჩავარდნენ. აშკარა იყო, რომ მან ღაწვები და ცხვირტუჩის ნაოჭი ამოივსო, ასევე თვალების გარშემო ბოტოქსი გაიკეთა. ბოლოს კი რენე ზელვეგერმაც გადაწყვიტა საკუთარი სახე დაიბრუნოს.

    კორტნი კოქსი – 54 წლის . მსახიობმა ფილერების და ბოტოქსის გამოყენება 40 წლის ასაკში დაიწყო, რადგან როგორც თვითნ ამბობს საკუთარი გარეგნობით კმაყოფლი არ იყო. თუმცა შეჩერდა, როცა მიხვდა რომ უკვე საკუთარ თავს აღარ გავდა.

    კაილი მინოუგი – 50 წლის. ამბობს, რომ ბოტოქსის პროცედურების მრავალწლიანი გამოყენების შემდეგ გადაწყვიტა გახდეს ისეთი, როგორიც არის და ბოტოქსს და სხვა შემავსებლებს ახლოსაც აღარ ეკარება.

    კაილი ჯენერი – 21 წლის. ტუჩების დაბერვაზე საუბრისას კაილი ჯენერი ამბობს, რომ მეტისმეტად ღრმად შეტობა და ეს ძალიან მტკივნეული იყო. ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, თუმცა 17 წლიდან ტუჩის შემავსებლებს იყენებს, რადგან მუდმივად ქონდა კომპლექსი, რომ წვრილი ტუჩები აქვს. გასული წლის ივლისში მან შემავსებლებზე უარი თქვა და ბუნებრივ სახეს იბრუნებს.

  • 2 ნივთიერება, რომლებიც მამაკაცის უშვილობას იწვევს დადგენილია

    კაცებში უნაყოფობის პრობლემასთან დაკავშირებით, შეშფოთება მთელ მსოფლიოში იზრდება. ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ  მამაკაცებში სპერმის ხარისხმა ბოლო 70 წლის მანძილზე, საშუალოდ, 50%-ით იკლო.
    პარალელურად, იზრდება სათესლე ჯირკვლის კიბოს შემთხვევების სიხშირე და იმ გეოგრაფიული რეგიონების არეალი, სადაც კაცებში სპერმის რაოდენობა იკლებს – ნათქვამია 4 მარტს გამოცემულ სამეცნიერო კვლევაში. მისი ავტორები არიან ბრიტანელი მეცნიერები ნოტინგემის უნივერსიტეტიდან.
    მეცნიერების ჯგუფის დაკვირვებით, ანალოგიური პროცესები შეინიშნება შინაურ ცხოველებშიც, კერძოდ ძაღლებში. ადრეულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ბოლო 26 წლის მანძილზე შესწავლილ ძაღლებში სპერმის ხარისხი 30 პროცენტით გაუარესდა.
    მკვლევარებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ მიზეზი შეიძლება შენობებში არსებული გარემოს დაბინძურების ფაქტორები იყოს, რომელიც ერთნაირ გავლენას ახდენს როგორც ადამიანებზე, ასევე მის ყველაზე ახლო მეგობარ ცხოველებზე. ახალ კვლევაში სპერმაზე ორი ნივთიერების უარყოფითი გავლენა დადასტურდა, ორივე ქიმიკატი სპერმის დე-ენ-ემს აზიანებს.

    ეს მავნე ნივთიერებები ადამიანის მიერ ხელოვნურადაა შექმნილი. პირველია ფტალატების ჯგუფის DEHP აბრევიატურით ცნობილი პლასტმასის დამარბილებელი, რომელიც მას მეტ პლასტიურობას და გამძლეობას ანიჭებს. ის გამოიყენება ხალიჩების, იატაკის, ავეჯის, ნაჭრების, ტანსაცმლის, მილსადენების, სათამაშოების, ჭურჭლის და ბევრი სხვა საყოფაცხოვრებო ნივთის წარმოებაში.

    მეორე ნივთიერებააა პოლიქლორირებული ბიფენილი PCB 153. ეს ქიმიკატი წესით ბევრ ქვეყანაშია აკრძალული, მაგრამ შემოწმების შედეგად, ჩანს, რომ გარემოში და საკვებშიც კი ის მაინც ფართოდ ფიქსირდება.
    ექსპერიმენტი ბრიტანეთში ადამიანების და ძაღლების სპერმაზე იდენტურად ჩატარდა. შედეგი ანალოგიური მიიღეს: ქიმიკატები იმ კონცენტრაციით, რაც გარემოშია, ერთნაირად მავნე, დამაზიანებელ გავლენას ახდენს როგორც ადამიანზე, ისე ძაღლზე.
    ნაშრომის წამყვანი ავტორი რიჩარდ ლი ამბობს, რომ სწორედ ეს “ხელოვნური ქიმიკატები, რომელიც ფართოდ გამოიყენება თანამედროვე სახლებში და სამუშაო ადგილებზე, უნდა იყოს პასუხისმგებელი სპერმის ხარისხის ვარდნაზე იმ გარემოში, რომელიც საერთოა ადამიანებისთვის და ძაღლებისთვის”. მეცნიერებს ჯერჯერობით არ შეუსწავლიათ ორივე ნივთიერების ზემოქმედება კომბინაციაში.

    პროფესორ გარი ინგლანდის თქმით, “რაკი გარემოს დამაბინძურებელი ნივთიერებები ძირითადად დასავლური ინდუსტრიალიზაციის და ცხოვრების სტილისთვის არის დამახასიათებელი, შესაძლოა ქიმიკატების კონცენტრაცია გარემოში გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით, განსხვავებული იყოს. მნიშვნელოვანი იქნება მომავალ კვლევებში იმის შესწავლა, თუ როგორ ახდენს ესა თუ ის რეგიონი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, გავლენას სპერმის ხარისხზე კაცებში და ძაღლებში”.

    ზოგადად, უშვილობა მთელ მსოფლიოში მცხოვრები წყვილების სულ ცოტა, 15 პროცენტს აწუხებს. საუბარია მინიმუმ 48.5 მილიონ წყვილზე. აქედან მამაკაცების უშვილობის გამო, ბავშვი არ უჩნდება დაახლოებით ნახევარს. მონაცემები მართალია გლობალურია, მაგრამ მთელ რიგ რეგიონებში არასრული აღრიცხვის გამო, სავარაუდოდ, ბოლომდე ზუსტი არ არის.
    დედამიწაზე სულ ცოტა, 30 მილიონი კაცი უნაყოფოა. კაცებში უშვილობის პრობლემა ყველაზე მეტად აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის სახელმწიფოებში, ასევე აფრიკის ქვეყნებში ფიქსირდება.
    გამოკითხვები ადასტურებს, რომ მომავალში დამატებითი კვლევებია საჭირო პრობლემის გამომწვევი მიზეზების და მკურნალობის მეთოდების დასადგენად. აუცილებლად შესასწავლია სტერეოტიპების და კულტურული ბარიერების გავლენაც სხვადასხვა რეგიონში.