Category: ჯანმრთელობა

  • მარტოობის უპირატესობები

    მამაკაცის გარეშე ცხოვრება სულაც არ არის “უბედურება“

    თუ საყვარელ ადამიანს ახლახანს დაშორდით, ან თუ ჯერ არ გიპოვნიათ “ის ერთადერთი“, გულს ნუ გაიტეხთ. მარტოობას ბევრი უპირატესობა აქვს.

    {{ARTICLEIMAGE}}

    ყოველი ქალი მარტოობას სხვადასხვაგვარად განიცდის. ზოგი რამდენიმე წარუმატებელი რომანის შემდეგ თავს მთლიანად კარიერას უძღვნის და ცხოვრების უსამართლობაზე ხანდახან, ჭიქა ღვინის დალევის შემდეგ დაქალებს თუ შესჩივლებს. ზოგი დეპრესიაში ვარდება და აღარ ჯერა, რომ დედამიწაზე ღირსეული კაცები არსებობენ. ზოგი კი სერიალ “სექსი დიდ ქალაქში“ გმირების მსგავსად, მარტოობის ყველა სიკეთით ტკბება.

    წარმოგიდგენთ ცხრა უპირატესობას, რომელიც მარტო ცხოვრებას აქვს. კიდევ ბევრი რამ შეიძლებოდა გვეთქვა, მაგრამ ეს ჩამონათვალიც დაგარწმუნებთ, რომ მამაკაცის გარეშე ცხოვრება ქალისთვის სულაც არ ნიშნავს უბედურებას.

    მეტი დრო გაქვთ, რომ იდეალურ ქალად იქცეთ

    თითქოს კომიკურად ჟღერს, მაგრამ ასე არ არის. მარტოობა გეხმარებათ საკუთარ თავს სხვა კუთხით შეხედოთ, ყველა პლიუსი და მინუსი დაინახოთ, აწონ–დაწონოთ და კონტროლს დაუქვემდებაროთ. გარდა ამისა, გაქვთ დრო არა მხოლოდ შინაგან პრობლემებს მიხედოთ, არამედ გარეგნობასაც მეტი დრო დაუთმოთ. უბრალოდ შეხედეთ საკუთარ თავს სარკეში და დაფიქრდით: რისი შეცვლა გინდოდათ დიდი ხნის მანძილზე, თუმცა ამისთვის დრო და ენერგია არ გქონდათ. ახლა კი შეგიძლიათ კომპლექსებისგან გათავისუფლდეთ, გარეგნობას მეტი დრო დაუთმოთ, სხეული დახვეწოთ და გარდერობიც განაახლოთ. ყოველთვის გახსოვდეთ: თუ საკუთარი თავი მოგწონთ, გარშემომყოფებსაც მოეწონებით.

    გადაწყვეტილებების მიღებისას თავისუფალი ხართ

    ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ აიღოთ ბილეთი და სადაც გინდათ იქ გაფრინდეთ, ისე რომ არავის ჩააბაროთ ანგარიში. შეგიძლიათ მაგალითად ტანგოს შემსწავლელ გაკვეთილებზე იაროთ და თავი არავისთან იმართლოთ იმის გამო, რომ სიმპათიური პარტნიორი გყავთ. იყიდოთ კაბა, რომელიც შეიძლება ძვირი დაგიჯდეთ, მაგრამ სამაგიეროდ თავი წვეულების დედოფლად იგრძნოთ. აღარაფერს ვამბობთ იმ სიამოვნებაზე, როცა თავად შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, რომელი გზით ატაროთ მანქანა, როგორ აუაროთ გვერდი საცობებს ან რა ფრად შეღებოთ კორიდორის კედლები.

    თავად ხართ საკუთარი თავის ბატონ–პატრონი

    არ გჭირდებათ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ დრო გაატაროთ უცნობ ადამიანებთან, ან უბრალოდ იმათთან, ვინც არ მოგწონთ. მსხვერპლად გაიღოთ დასვენების დღეები მის მშობლებთან ვახშმის გამო. შეგიძლიათ უყუროთ საყვარელ ფილმს ახლავე და არ ელოდოთ, სანამ ფეხბურთის მატჩი დამთავრდება, რომელიც “თვეში ერთხელ არის“, მაგრამ სინამდვილეში ლამის ყოველ მეორე დღეს.

    შეგიძლიათ იფლირტაოთ და ურთიერთობები გაგაბათ

    არ აქვს მნიშვნელობა, შემთხვევითი ნაცნობობა იქნება, მეგობრების წრეში გაცნობა თუ საქმიან გარემოში, თქვენ თავისუფალი ხართ ახალი ურთიერთობებისთვის. შეგიძლიათ მამაკაცების ყურადღება თავისუფლად მიიღოთ და დატკბეთ ამით. უწყინარი ფლირტი ხანდახან ცხოვრებას ახალისებს. ფლირტის გაგრძელება შესაძლოა სულაც არ იყოს “იმ ერთადერთის“ პოვნა, მაგრამ შეიძლება კარგი მეგობარი, ანუ ბრალოდ საინტერესო თანამოსაუბრე შეიძინოთ.

    შეგიძლიათ ისე გამოიყურებოდეთ, როგორც გინდათ

    ბევრი მამაკაცი თვლის, რომ უფლება აქვს საყვარელ ქალს მიუთითოს, რა უხდება და რა არა, თუნდაც ეს სულაც არ ემთხვეოდეს თქვენს გემოვნებას. მაგრამ ხშირად ქალები მეორე ნახევრის გემოვნებას ემორჩილებიან და იმას იცვამენ, რაც თავად სინამდვილეში სულაც არ მოსწონთ.

    შეგიძლიათ იმოგზაუროთ

    დიდი ხანია ინდოეთში მოგზაურობაზე ოცნებობთ, თუმცა არც გიფიქრიათ, იმიტომ რომ თქვენს მამაკაცს ეს ქვეყანა არ მოსწონს (მიუხედავად იმისა, რომ იქ არ ყოფილა). ახლა შეგიძლიათ ნებისმიერ კონტინენტზე გაემგზავროთ და მხოლოდ საკუთარ სურვილებს და დროის ლიმიტს გაუწიოთ ანგარიში.

    თავად განკარგავთ საკუთარ დროს

    მაღვიძარაზე დაყენებულ დროზე ადრე არ გიწევთ ადგომა იმის გამო, რომ ის მეტისმეტად ხმაურიანად დგება და ემზადება სამსახურში წასასვლელად. არ გიწევთ თავის მართლება იმის გამო, რომ სახლში გვიან ბრუნდებით ან დაქალებთან ერთად სადმე კაფეში გინდათ საღამოს გატარება. შეგიძლიათ მთელი საღამო საყვარელი წიგნის კითხვას დაუთმოთ ან სპორტდარბაზში წახვიდეთ. არც ვახშამი მოამზადოთ და მაცივარში მომარაგებული მსუბუქი საკვები იკმაროთ.

    შეგიძლიათ ძლიერ პიროვნებად ჩამოალიბდეთ

    ბევრი თვლის, რომ ქალები ისედაც ბევრს იღებენ საკუთარ თავზე ამიტომაც მამაკაცთან ურთიერთობებს იმისთვის ელტვიან, რომ “ძლიერი ზურგი ჰყავდეთ“ და თავად მოდუნდნენ. მარტოობა ცხოვრებისა და საკუთარი თავის ობიექტური ხედვისკენ გვიბიძგებს. სწორედ თავისუფლების ატმოსფეროში ვითარდება ადამიანი უფრო სწრაფად. იზრდება და ზუსტად ხვდება, როგორი ადამიანი უნდა იყოს მის გვერდით. როცა საკუთარ თავში დარწმუნებული და ძლიერი ხარ, შემდგომ ურთიერთობებსაც ისე ააწყობ, როგორც შენთვის არის მისაღები და კომფორტული.

    შეგიძლიათ ახლიდან აღმოაჩინოთ სამყარო

    ხანგრძლივი ურთიერთობების დროს არა მხოლოდ პარტნიორის თვისებებს ვიძენთ, არამედ მის ცხოვრებისეულ შეხედულებებსაც თანდათანობით და შეუმჩნევლად ვიზიარებთ. ერთხელაც შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში ჩვენს აზრს და შეხედულებებს ეწინააღმდეგება. როგორც ირკვევა, იმდენად ხშირად გარწმუნებდნენ საწინააღმდეგოში, რომ ბოლოს საერთოდ დაგავიწყდათ რა გსურთ პირადად თქვენ და რა აზრის ხართ სინამდვილეში. ასე რომ, გილოცავთ, ახლა შეგიძლიათ საკუთარი თავი ახლიდან გაიცნოთ და სამაროს ახალი თვალით შეხედოთ.

  • რა იწვევს სტრესს ბავშვებში

    ერთ შეხედვით ბავშვობა და სტრესი შეუთავსებელი ცნებებია. რა სტრესი შეიძლება ქონდეთ ბავშვებს? ისინი ხომ ძირითადად ერთობიან და მხიარულობენ, თამაშობენ, მულტფილმებს უყურებენ და არც კი იციან რა არის საზრუნავი და პრობლემები.

    ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ჩვეული ცხოვრების რეჟიმის ნებისმიერი დარღვევა ბავშვისთვის სტრესია. თუ მაგალითად დედა სახლში ჩვეულ დროს არ დაბრუნდა და ბავშვს ზღაპარი არ წაუკითხა . ბავშვი ძიძას მიეჩვია და შემდეგ მასთან განშორება მოუწია. ახალ სკოლაში გადავიდა და პირველივე დღეს ვერავისთან შეძლო დამეგობრება. სკოლისთვის რთული დავალება აქვს დასაწერი – ეს ყველაფერი ბავშვისთვის სტრესია.

    დიდებს ეჩვენებათ, რომ ეს ყველაფერი პრობლემას არ წარმოადგენს , წვრილმანია და თუნდაც ბავშვი განიცდიდეს, საშიში არაფერია, დარდი მალე გაუვლის და ისევ გამხიარულდება. მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ არის. სტრესს ორგანიზმში დაგროვების უნარი აქვს და ეს საბოლოოდ ცუდ შედეგებს იძლევა.

    გეცნობათ თუ არა სიტუაცია, როცა დამჯერი ბავშვი ერთ წამში სრულიად უმართავ არსებად გადაიქცევა, რომელსაც არაფერი მოსწონს – არც დილის ჩახუტება, არც დაბანა, არც საყვარელი კერძები და აღარც საყვარელი ლეკვი? რაც ადრე მოსწონდა, ახლა კატეგორიულად აღარ უნდა და თანაც არ შეუძლია აგიხსნათ რაშია საქმე – უბრალოდ ისტერიკას მართავს და თქვენს მიერ შეთავაზებულ ყველა ვარიანტს უარყოფს.

    ასეთი პრობლემა ნებისმიერ ასაკში შეიძლება გაჩნდეს – ბაღში წასვლისას, ახალ სკოლაში გადასვლისას, გარდატეხის ასაკისას. თანაც ცვალებადი პირობებით და აკვიატებებით.

    სიჯიუტე, აგრესია, აღგზნებადობის ზრდა, ანურეზი, მადის დარღვევა… ფსიქოლოგი ამ სიმპტომებს ალბათ მორიგი ასაკობრივი კრიზისის გამოვლენას დარაქმევს და გირჩევთ ბავშვს უფრო დიპლომატიურად და მოთმინებით მოექცეთ. მაგრამ ფსიქოლოგიური ნიუანსები შესაძლოა მხოლოდ აისბერგის წვერი იყოს.

    იცით თუ არა, რომ მაგნიუმის ნაკლებობა შესაძლოა სტრესის გაჩენის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი იყოს. საქმე იმაშია, რომ მაგნიუმი თავისი ბუნებით თავის ტვინის განსაკუთრებული რეცეპტორების ბუნებრივი სტაბილიზატორია, რომლებიც ნებისმიერი სტრესის დროს აღეგზნებიან. ანუ მაგნიუმის დეფიციტი – ეს არის ერთ–ერთი მიზეზი, რის გამოც სტრესი შეიძლება განვითარდეს.

    მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის დროსაც მოხალისეებს ინტენსიურ ხმაურში ამყოფებდნენ. შედეგად გაირკვა, რომ ასეთი უმნიშვნელო სტრესული სიტუაციაც კი შარდთან ერთად მაგნიუმის გამოყოფას მნიშვნელოვნად ზრდის. ანუ სტრესი სისხლში მაგნიუმის დონის შემცირების ერთ–ერთი მთავარი მიზეზია.

    გამოდის შეკრული წრე: სტრესი ორგანიზმში მაგიუმს ამცირებს, ამ მიკროელემენტის უკმარისობა კი მნიშვნელოვნად აქვეითებს სტრესმედეგობას. მიაქციეთ ყურადღება იმას, თუ რა ხარისხით ვლინდება ეს სიმპტომები და გაითვალისწინეთ, რომ თქვენმა განწყობამ და ქცევამ შესაძლოა სიტუაციაზე არსებითი გავლენა მოახდინოს. სტრესის გარდა მაგნიუმის ქრონიკული დეფიციტი ორგანიზმში სერიოზულ და ზოგჯერ შეუქცევად ცვლილებებს იწვევს. მაგნიუმის ნაკლებობა შაქრიანი დიაბეტის, გულ–სისხლძარღვთა პათეოლოგიების, ოსტეოპოროზის, ფსიქიკური მოშლილობის და სხვა დაავადებების მიზეზი შეიძლება გახდეს.

    მაგნიუმი ორგანიზმისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე კალციუმი და ნატრიუმი. ის ხომ პრაქტიკულად ორგანიზმის ყველა უჯრედშია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ბიოქიმიურ პროცესებში მონაწილეობს. ამიტომაც ამ მიკროელემენტის დაბალანსება აუცილებელია საკვებით ან სპეციალური პრეპარატებით.

  • როგორ ავიწყოთ კარიერა: 10 რჩევა

    როგორც ზოგადად ცხოვრებაში, ისე პროფესიონალურ ცხოვრებაში ორი ტიპის ადამინი არსებობს: ისინი, ვინც მიზნისკენ ჯიუტად მიდიან და ისინი, ვინც შანსებს ყოველთვის ხელიდან უშვებენ. ტაქტიკა შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ პრინციპები უცვლელი რჩება. იმისათვის, რომ წარმატებული კარიერა ააწყოთ, გახსოვდეთ, რომ წარმატების მთავარი გასაღები თქვენი დამოკიდებულებაა საკუთარი თავის, სხვა ადამიანების და ზოგადად სამყაროს მიმართ.

    {{ARTICLEIMAGE}}

    1. გჯეროდეთ საკუთარი თავის

    გინდათ“შიგანაგი ხმა“ უწოდეთ, გნებავთ ინტუიცია ან მეექვსე გრძნობა, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, რომლებმაც თქვენი ცხოვრება და კარიერა უნდა განსაზღვრონ, გახსოვდეთ, რომ ბედის ყველა ზიგზაგი ლოგიკას არ ექვემდებარება. როცა არგუმენტები არ გყოფნით, მხოლოდ ინსტინქტს შეგიძლიათ დაეყრდნოთ. ამისათვის კი საჭიროა საკუთარ თავს კარგად მოუსმინოთ და გაუგოთ.

    2. იყავით გახსნილი სიახლეებისათვის

    შესაძლებელი რომ იყოს, ყოველი ჩვენგანი საკუთარ კომფორტის ზონაში დარჩენას ამჯობინებდა. სასიამოვნო და მარტივია – ყოველთვის საკუთარ ჩვევებს მისდიო. თუმცა გლობალური და სწრაფი ცვლილებების ეპოქაში მნიშვნელოვანია ახალი იდეებისთვის და აზროვნების წესისთვის გახსნილი იყოთ. თქვენს წარმოდგენებს სხვებს ნუ მოახვევთ თავზე. მოისმინეთ გარშემომყოფთა აზრიც: შესაძლოა თქვენი მუშაობის მეთოდი სულაც არ არის საუკეთესო.

    3. აუწყვე ფეხი ახალ ტექნოლოგიებს

    ყოველთვის ეცადეთ ახალი ტექნოლოგების შესახებ მათი გამოჩენისთანავე ბევრი რამ შეიტყოთ. კარგი იქნება დროის მოთხოვნებს ფეხი დროულად აუწყოთ. ეს არ ნიშნავს, რომ ყოველ ახალ გაჯეტს გამოეკიდოთ, თუმცა მინიმალურ დონეზე მაინც იყავით ჩართული. არ არის გამორიცხული, სწორედ ახალი ტექნოლოგიების დახმარებით აღმოაჩინოთ სრულიად ახალი შესაძლებლობა და შანსი თქვენი კარიერისთვის.


    4. მუდმივად ისწავლე

    თუნდაც ჯიბეში ძალიან პრესტიჟული დიპლომი გედოთ, ცოდნის მიღება განაგრძეთ. ეს წარმატებისკენ მიმავალი ყველაზე სწორი სტრატეგიაა. თქვენი ცოვრებისეული გამოცდილება თქვენთვის საუკეთესო ცოდნაა. კარიერის დასაწყისში მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა გაქვთ, რა მოგელით მომავალში. მაგრამ ვერაფერი შეედრება პრაქტიკულ გაკვეთილებს. მუდმივად იარეთ კურსებზე, ტრენინგებზე, სემინარებზე. გაიარეთ ონლაინ კურსები და მიღებული ცოდნა დაუყოვნებლივ გამოიყენეთ.

    5. ითანამშრომლე და დაეხმარე სხვებს

    კარიერაში წარმატებას ყოველთვის მოჰყვება დიდი პასუხისმგებლობა. ნუ მიუდგებით დიდ თუ მცირე მიღწევებს როგორც რაღაც თავისთავადს. გაიაზრეთ, რომ რაც უფრო მაღალ პოზციაზე ხართ, მით უფრო მეტად შეგიძლიათ ამ პოზიციის გამოყენება სხვების დასახმარებლად. იმას არ ვგულისხმობთ, რომ ყველაფერი სხვებს შესწიროთ. უბრალოდ ხელი გაუწოდეთ და შანსი მიეცით ადამიანებს, ვისთვისაც ეს ბევრს ნიშნავს.

    6. ცხოვრება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე სწიგნები

    ნუ გაუკეთებთ იგნორირებას თუნდაც ყველაზე “არაპრესტიჟულ“ გამოცდილებას. “უნივერსიტეტის დასრულებისთანავე 60 000 დოლარიან სამსახურს ვერ იშოვნით და ვერც კომპანიის ვიცე პრეზიდენტი გახდებით სამსახურეობრივი მანქანით სადარბაზოსთან და სმარტფონის ბოლო მოდელით ხელში. ფასთფუდში შემწვარი კარტოფილის გაყიდვა სულაც არ არის სამარცხვინო. პირიქით. თქვენი მშობლების ეპოქაში ამას შანსს ეძახდნენ“ – ამბობს ბილ გეითსი.

    7. იზრუნეთ საკუთარ თავზე

    კარიერის აწყობა იგივეა, რაც მარათონულ დისტანციაზე სირბილი. თუ გინდათ წარმატებას მიაღწიოთ და არა პროფესიულ “გადაწვას“, ეცადეთ “სწორად ისუნთქოთ“ და ფიზიკური ფორმა შეინარჩუნოთ. სიგარეტი და ლიტრობით ყავა, ღამით, დასვენების და სადღესასწაულო დღეებში ზღვარგადასული მუშაობა – ეს ყველაფერი შეიძლება სამსახურში რაღაც ეტაპზე გამოგადგეთ, მაგრამ პერსპექტივაში მოგისპობთ შანსს გამარჯვებით სრულფასოვნად დატკბეთ. მაშინ რაღა აზრი აქვს ასეთ წარმატებას?

    8. იყავით ზრდილობიანი დად პატივისცემით მოექეცით სხვებს

    არავის უყვარს იმის შეგრძნება, რომ მას უბრალოდ იყენებენ. ამიტომაც მოექეცით კოლეგებს ისე, როგორც გინდათ რომ თქვენ მოგექცნენ. არ ეცადოთ ყველა ურთიერთობიდან სარგებლის ნახვას. ვერასოდეს გამოიცნობთ წინასწარ როგორ შემობრუნდება სიტუაცია მომავალში. კორექტულობა, პატიოსნება და პატივისცემა სხვების მიმართ – ეს საკმაოდ ფასეული კაპიტალია.

    9. გააანალიზეთ შეცდომები

    თვითანალიზი ჩვევად უნდა აქციოთ. ხშირად ვუშვებთ შეცდომებს და წინააღმდეგობებს ვაწყდებით, რომლებიც წინსვლაში ხელს გვიშლიან. თუ ამ ყველაფერს არ გავაანალიზებთ და დასკვნებს არ გამოიტანთ მუდმივად ერთ ადგილს დავტკეპნით. ნურც სხვების შეცდომების ანალიზს დაივიწყებთ. ეს ძალების დაზოგვაში ძალიან დაგეხმარებათ.

    10. იპოვნეთ თქვენი სიბერე

    თქვენი მიზანი დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ამიტომაც სწორად შეარჩიეთ მიზანი, რომელშიც მზად ხართ ეს ორი მთავარი რესურსი ბოლომდე ჩადოთ. მხოლოდ სწორად შერჩეული მიზნისთვის დახარჯული დრო და ენერგია მოგიტანთ შთაგონებას და სიამოვნებას. თუ დროთა განმავლობაში მიხვდით, რომ ინტერესი დაკარგეთ, შესაძლოა დადგა დრო პრიორიტეტები შეცვალოთ. საკუთარი ოცნების განსაზღვრა ყოველთვის ადვილი არ არის. მაგრამ ვერაფერს მიაღწევთ, თუ აზრს და მიზანს ვერ ხედავთ იმაში, რასაც აკეთებთ. წარმოიდგინეთ როგორი გინდათ იყოს თქვენი ცხოვრება სიბერეში – ეს ძალიან დაგეხმარებათ მიზნის სწორად განსაზღვრასა და კარიერის აწყობაში.

  • სამი მარტივი სავარჯიშო ცხოვრების შესაცვლელად

    თუ გინდათ წარმატებული იყოთ, საკუთარი თავი უნდა გიყვარდეთ

    არც ისე დიდი ხნის წინ ამერიკელმა ფსიქოლოგებმა საინტერესო კანონზომიერება აღმოაჩინეს: გარშემომყოფთათვის იმის გამჟღავნების შიშმა, რომ თქვენი მიღწევებით ამაყობთ, შეიძლება სერიოზულად დაამუხრუჭოს თქვენი კარიერული წინსვლა. როგორც წესი,ასეთი ქცევა დაბალი თვითშეფასებით არის გამოწვეული, განსაკუთრებით, თუ თქვენ გეჩვენებათ რომ თქვენი წარმატებები მხოლოდ ბედნიერი შემთხვევითობის ბრალია და არა იმის, რომ საკუთარი საქმის პროფესიონალი ხართ. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ფსიქოლოგები რამდენიმე მარტივ სავარჯიშოს გვთავაზობენ, რომლებიც დაგეხმარებათ მთლიანად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება.

    პირველ რიგში უნდა განსაზღვროთ, საიდან გაგიჩნდა ჩვევა, რომ საკუთარი მიღწევების გრცხვენოდეთ. აიღეთ მშობლების ძველი ფოტოები და დააკვირდით, როგორ იქცევიან ამ ფოტოებზე. გაიხსენეთ, ხშირად ამაყობდნენ თუ არა ისინი საკუთარი თავით და საუბრობდნენ იმაზე, რა წარმატებებს მიაღწიეს. თუ პირიქით, ცდილობდნენ ჩრდილში დარჩენილიყვნენ. რა დამოკიდებულება ქონდათ მათ თქვენი მიღწევებისადმი? რამდენად ხშირად გაქებდნენ სკოლაში მიღებული მაღალი ნიშნების გამო? ფსიქოლოგები თვლიან რომ ამ კითხვებზე პასუხები დაგეხმარებათ იმის გაგებაში, ხომ არ მოქმედებს თქვენს კომპლექსებზე მშობლების ქცევის მოდელი. თუ ასეა, შეძლებთ განსაზღვროთ ბავშვობიდან ჩადებულ რომელ “პროგრამას“ უნდა დაემშვიდობოთ სამუდამოდ.

    არ უნდა დაივიწყოთ, რომ ჩვენი ხასიათი დაგროვილი გამოცდილების გავლენით ფორმირდება. ამიტომაც თუ ცხოვრებაში გლობალური ცვლილებები გინდათ, წარსულის ინვენტარიზაცია გააკეთეთ. ამ გზით შეძლებთ გაიგოთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. მაგალითად, უმაღლესი განათლების დიპლომის აღება შეგიძლიათ მიღწევების გრაფაში ჩაწეროთ. ამავე დროს აქცენტი არა მხოლოდ სანატრელ “ქაღალდის ფურცელზე“ უნდა გააკეთოთ, არამედ , მაგალითად, უამრავ უძილო ღამეზე, რომლებიც გამოცდების წინ გაატარეთ და იმაზე, რომ ათობით წიგნის წაკითხვას და გამოცდებისთვის მომზადებას მოკლე დროში ახერხებდით. მართალია ეს მიღწევები წარსულში იყო, მაგრამ კვლავ შეგიძლიათ ამ მიღწევებით იამაყოთ.

    თეორიული ნაწილიდან დროა პრაქტიაზე გადავიდეთ. შეეცადეთ უახლოესი 90 დღის განმავლობაში სრულად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. ამისათვის არ არის აუცილებელი მაინცდამაინც სამსახურიდან წამოხვიდეთ ან ბოიფრენდს დაშორდეთ. დაიწყეთ იმით, რომ თქვენს მიერ ყოველდღიურ “გმირობებს“ სხვა თვალით შეხედეთ. თქვენი პატარა მიღწევები კოლეგებს და ახლობელ ადამიანებს გაუზიარეთ, შემდეგ კი უფრო შთამბეჭდავ აუდიტორიაზე გადადით. ამით არა მხოლოდ უფრო მეტად დააფასებთ საკუთარ შრომას, არამედ გარშემომყოვებისთვისაც და ხელმძღვანელობისთვისაც უფრო შესამჩნევი გახდებით.

  • ადამიანს ფინანსური მდგომარეობა სახეზე აწერია

    კანადელ მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა აშკარა კავშირი ადამიანის სახის გამომეტყველებასა და მის ფინანსურ მდგომარეობას შორის. გინდათ იცოდეთ რა თანხა გაწერიათ პირდაპირი გაგებით შუბლზე? მიიღეთ ნეიტრალური, უემოციო სახე და მიდით სარკესთან.
    {{ARTICLEIMAGE}}

    ფსიქოლოგებმა ტორონტოს უნივერსიტეტიდან ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის დროსაც მოულოდნელი დასკვნა გააკეთეს: თქვენმა ნეიტრალურმა, ანუ ყოველგვარ ღიად გამოხატულ ემოციას მოკლებულმა სახემ შეიძლება ბევრი ინფორმაცია გასცეს თქვენი ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. ყურადღებიანმა დამკვირვებელმა შეიძლება ისიც განსაზღვროს, რომელ სოციალურ კლასს მიეკუთვნებით. როგორც გაირკვა, წარმატებული თუ წარუმეტებელი ცხოვრებისეული გამოცდილება სახი ს ნაკვთებს ცვლის და მათ სრულიად კონკრეტულ ემოციურ კვალს ამჩნევს. ამასთან, თუ ადამიანი იმ კონკრეტულ მომენტში რაღაცით გაკვირვებულია, რამე უხარია ან პირიქით, ნაწყენია, მის სახეზე “ფინანსური მონაცემების“ ამოკითხვა უფრო რთულია. სწორი ინფორმაციის მისაღებად სახის მშვიდი გამომეტყველებაა საჭირო.

    კვლევის ერთ–ერთი ავტორის, ფსიქოლოგ თორა ბიერნსდოტირის განცხადებით აქედან შეისძლება საინტერესო დასკვნა გამოვიტანოთ: “მდიდარი“ და “ღარიბი“ სახის ადამიანებს ნაცნობობის პირველივე წუთიდან ურთიერთობის განვითარების განსხვავებული შანსები აქვთ. განსაკუთრებით ძლიერად ამან გავლენა შეიძლება მოახდინოს სამსახურში მიღებისას გასაუბრების შედეგებზე. “ასეთი პირველი შთაბეჭდილება ადვილად იქცევა ხოლმე საკუთარი თავისთვის წარუმატებლობის წინასწარმეტყველების ახდენად. თქვენს მიმართ მოსაუბრის დამოკიდებულება ქვეცნობიერად ნაცნობობის პირველივე წუთიდან ჩნდება და თქვენს შანსებზე ახდენს გავლენას “– ამბობს ფსიქოლოგი

    რა გზით მივიდნენ მეცნიერები ასეთ დასკვნამდე?

    მათ რამდენიმე ათეულ მოხალისეს ფოტოს გადაღება შესთავაზეს მაქსიმალურად ნეიტრალური, ემოციებისგან დაცლილი სახით. ამის შემდეგ მონაწილეთა ფოტოები ჯგუფებად დაყვეს მათი შემოსავლების მიხედვით. შემდეგ კი ექსპერიმენტში მონაწილეთა კიდევ ერთ ჯგუფს შესთავაზეს ფოტოების დათვალიერება და გამოცნობა, რამდენად ფინანსურად უზრუნველყოფილი იყო ფოტოზე ნაჩვენები ადამიანი.

    ვარაუდები ძირითადად გამართლდა. “დროთა განმავლობაში თქვენი სახე თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილების ანარეკლი ხდება – ამბობს პროფესორი ნიკოლას როული. მაგალითად მარტივად შეგვიძლია ამოვიცნოთ ადამიანი, რომელიც ხშირად განიცდის ბედნიერებას და კმაყოფილებას, საზოგადოებაში მაღალი და მყარი პოზიცია უკავია. ეს კი მის ფინანსურ სტაბილურობას ნიშნავს. სახის სწორი ნაკვთები და ნათელი მზერა ზოგად კეთილდღეობაზე მეტყველებს, ტუჩების დაშვებული კუთხეები და თვალებში უნებლიე დარდი კი წარუმატებლობაზე მიგვანიშნებს.

    ჩვენ გვგონია ჩვენი ნეიტრალური, უემოციო სახე არაფერს მეტყველებს, არადა სწორედ ის გასთქვამს ჩვენი ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას.
    საინტერესო დეტალი: “ფულადი დიაგნოზის“ სიზუსტე არანაირად იყო დამოკიდებული ექსპერიმენტში მონაწილეთა სქესზე და რასაზე. არც იმაზე, რა დრო ქონდათ კვლევის მონაწილეებს ფოტოების დასათვალიერებლად და შესაფასებლად.

  • ჯენიფერ ლოპესი სიბერის შეჩერების ფორმულას ყველას გაუზიარებს

    {{ARTICLEIMAGE}}

    ჯენიფერ ლოპესის  სახის კანის მოვლისთვის საჭირო კოსმეტიკის ხაზს ჩაუშვებს. მომღერალი მზად არის “სიბერის შეჩერების“ ფორმულა საზოგადოებას გაუზიაროს.

    49 წლის ასაკში ჯენიფერ ლოპესი ბევრად ახალგაზრდად გამოიყურება და მზად არის სხვებსაც დაეხმაროს, მუდმივად ახალგაზრდებად დარჩნენ. “ვგეგმავ თავის მოვლის კოსმეტიკური ხაზის ჩაშვებას. ამაზე დიდი ხანია ვმუშაობ. ყველაზე ხშირად სწორედ ასაკთან დაკავშირებით მეკითხებიან – როგორ ვუვლი თავს? მინდა რომ ჩემი კოსმეტიკური ხაზი ამ კითხვებზე პასუხი გახდეს, ეფექტური იყოს და არაფერი ჰქონდეს საერთო სახის გაჭიმვასთან და ძაფებთან.“ –ამბობს მომღერალი და მსახიობი.

    ჯენიფერ ლოპესი ჯერ არ აკონკრეტებს როგორი იქნება პროდუქციის ასორტიმენტი და ფასები. მხოლოდ იმას ამბობს, რომ მისი საავტორო პროდუქტი გაყიდვაში სავარაუდოდ 2019 წლის ბოლოს გამოჩნდება.

    ეს პოპულარული მსახიობის პირველი მცდელობა არ არის სილამაზის ინდუსტრიაში საკუთარი სიტყვა თქვას: 2018 წლის დასაწყისში მან მაკიაჟის კოლექცია წარმოადგინა, თავისი კარიერის მანძილზე კი ორ ათეულზე მეტი სუნამოს არომატი გამოუშვა, მათ შორის ბესთსელერი Glow J. Lo.

  • 10 აუცილებელი ატრიბუტი მამაკაცის გარდერობისთვის

    სამოსი ნებისმიერი შემთხვევისთვის

     




    მამაკაცებს ნაკლებად უყვართ მაღაზიებში სიარული, თუმცა ბევრ მათგანს აქვს სურვილი კარგად გამოიყურებოდეს. როგორ შევქმნათ იდეალური გარდერობი, სადაც ყველა საჭირო შემთხვევისთვის შესაფერისი სამოსი და აქსესუარები მოიძებნება. გთავაზობთ მამაკაცის გარდერობის ათ აუცილებელ ატრიბუტს:


    {{ARTICLEIMAGE}}


    1. შავი, ტანზე კარგად მომდგარი კლასიკური შარვალ– კოსტუმი



     

     

    საკვანძო სიტყვა აქ არის – კარგად მომდგარი. არ დაიზაროთ საგულდაგულოდ შერჩევა, ან მკერავთან მისვლა და შეკერვა. შარვლის სწორ სიგრძეს კოლოსალური მნიშვნელობა აქვს. ტანზე კარგად მომდგარი კარგი კოსტუმი ყოველთვის ამშვენებს მამაკაცს. ერთი ხელი ასეთი სამოსი დიდხანს მოგემსახურებათ.  ის ოფისშიც შეგიძლიათ ჩაიცვათ  და საზეიმო ღონისძიებებზეც. მრავალფეროვნების შეტანა კი აქსესუარების ცვლით, მაგალითად სხვადასხვა ჰალსტუხებით შეიძლება.


     

    2. თეთრი პერანგი

    მამაკაცის გარდერობის საფუძველთა საფუძველი თეთრი პერანგია. მისი სწორად შერჩევაც ძალიან მნიშვნელოვანია. გახსოვდეთ, რომ ოდნავ გამოწეული მუცელი შეიძლება კლასიკური თარგით დაიფაროს. მხრებთან სწორად გაკეთებული ნაკერები კი მხრებს გამოკვეთს და უფრო მამაკაცურ იერს მოგცემთ. თეთრი პერანგი უხდება როგორც პიჯაკს, ასევე ჯინსსაც.

    3. საბაზო მაისურები



    გარდერობში ასეთი მინიმუმ შვიდი მაისური უნდა გქონდეთ. სასურველის სხვადასხვა ფერის. სამი მათგანი აუცილებლად პოლოსი უნდა იყოს. ფავორიტია თეთრი კლასიკური მაისური. ის უნივერსალურია და ნებისმიერ  სამოსს უხდება. რაც შეეხება ნახატებიან და წარწერებიან ჭრელ მაისურებს კლასიკურ საბაზო კომპლექტაციაში არ შედის. ისინი მხოლოდ შესაბამის შემთხვევაში, შესაბამის ადგილზე და დროს შეგიძლიათ ჩაიცვათ. ამიტომ თქვენი შეხედულების მიხედვით განსაზღვრეთ, არის თუ არა მათი ადგილი თქვენს გარდერობში.

    4. მეზღვაურის მაისური

    ეს ტრენდი არასოდეს ძველდება და მოდიდან არ გადადის, საკმაოდ მამაკაცური და მოსახერხებელია. ზოლიანი სამოსი საკმაოდ უნივერსალურია და თანამედროვე მამაკაცის ყოველდღიურ გარდერობს კარგად ავსებს.

    5.
    კლასიკური ჯინსი


    მუქი ლურჯი ან მუქი ნაცრისფერი ჯინსი მამაკაცის გარდერობში აუცილებლად უნდა იყოს. არ არის საჭირო გამორჩეული სილუეტი და თარგი. ჯინსი ტანზე იდეალურად უნდა იჯდეს, როგორც თქვენი სხეულის განუყოფელი ნაწილი. და რა თქმა უნდა, მიაქციეთ ყურადღება სიგრძეს. ის ზუსტად თქვენი უნდა იყოს. მოკლე ჯინსის ადგილი საბაზო გარდერობში არ არის.

    6. ტყავის ქურთუკი

    ბევრი მამკაცისთვის ტყავის ქურთუკი გარდერობის საბაზო ელემენტია. ამჟამად ეს სამოსი აქტუალობის პიკზეა და პრაქტიკულად ყველა სეზონზე გამოყენებადია. ასეთი ქურთუკის შეხამება ნებისმიერ სამოსთან შეიძლება. თუმცა ძირითადად ჯინსთან და სვიტრთან ერთად იყენებენ, რომელიც თქვენს საბაზო გარდერობში შედის. ჟანრის კლასიკაა შავი ტყავის ქურთუკი და თეთრი მრგვალყელიანი მაისური.

    7. ე.წ. ოქსფორდები

    ეს არის კლასიკური ფეხსაცმელი ყველა დროისთვის და ყველანაირი შარვლისთვის. უხდება კლასიკურ შარვალ–კოსტუმს და ჯინსსაც.  სასურველია შავი ოქსფორდები. ამ მოდელის ნაცვლად შეგიძლიათ კლასიკური დერბი შეიძინოთ.

    8. კედები

    უნივერსალური ფეხსაცმელი სასეირნოდ, სამსახურში სასიარულოდ და ზოგჯერ წვეულებაზე ჩასაცმელადაც კი. კარგი კედი რა თქმა უნდა ჯინსს და მაისურს უხდება, თუმცა მამაკაცები ხშირად მას კლასიკურ პიჯაკსაც წარმატებით უხამებენ.

    9. ჯემპრი

    ყველა მამაკაცის გარდერობში უნდა იყოს რამდენიმე ნეიტრალური ფერის v–ს ფორმის ყველიანი ჯემპრი, რომლის შიგნითაც პერანგსაც ჩაიცვამთ და მაისურსაც.ნეიტრალური ფერის ამ სტილის ჯემპრის კომბინირება მთელ დანარჩენ გარდერობთან შეგიძლიათ. შავი ფერი მაინც ყველაზე მომგებიანია.

    10. ყოველდღიური პიჯაკი

    ყოველდღიური პიჯაკი შეიძლება უფრო არაფორმალური თარგის იყოს, ვიდრე ოფიციალური პიჯაკი. თუმცა სასურველი ისიც კარგად იყოს ტანზე მომდგარი. იდეალურია, თუ ეს პიჯაკი მუქი ყავისფერი იქნება. ეს საუკეთესო ფერია იმისათვის, რომ ნებისმიერ სხვა სამოსს შეუხამოთ. ყოველდღიური პიჯაკი ნებისმიერი შემთხვევისთვის გამოგადგებათ. თან თქვენს იმიჯს სერიოზულობას და მამაკაცურობას შემატებს.