Category: ჯანმრთელობა

  • ძაღლის ყოლა სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის

    ძაღლის ყოლა სიკვდილიანობის რისკს ამცირებს. ამის შესახებ საუბარია კვლევაში, რომელიც ამერიკის გულის ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა. მეცნიერებმა დაადგინეს ძაღლის ყოლის კავშირი არტერიული წნევის დაბალ დონესთან, ლიპიდური პროფილის გაუმჯობესებასა და სტრესტზე სიმპატიკური რეაქციის შემცირებასთან. ჯერჯერობით დაუდგენელია, უკავშირდება თუ არა ძაღლის ყოლა ზოგადად სიცოცხლის ხანგრძლივობას, რადგან აქამდე არსებული კვლევები წინააღმდეგობრივ მონაცემებს შეიცავს. თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ის გავლენას ახდენს გულ სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით გარდაცვალების რისკის შემცირებაზე.

    ნაშრომის მიხედვით, ძაღლის ყოლა სიკვდილიანობის რისკს საშუალოდ 24%-ით ამცირებს. საუბარია მთლიანად სიკვდილიანობის მაჩვენებელზე, თუმცა ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია ადამიანებში, ვინც ინფარქტი (33%-ით), ან ინსულტი(27%–ით) გადაიტანა.

    მეცნიერებმა კვლევის ფარგლებში ჯამში 4 მილიონამდე პაციენტის მონაცემები შეისწავლეს აშშ–ს, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის და ევროპის ქვეყნებიდან.

    კვლევები მხოლოდ მონაცემებს აანალიზებს და არ ცდილობს მთავარი მიზეზების დადგენას, თუმცა მეცნიერების აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება იყოს ის, რომ ძაღლის მეპატრონეთა შორის გაცილებით მაღალია ფიზიკური და სოციალური აქტივობის შანსი. გარდა ამისა, ძაღლთან ურთიერთობა, მასთან თამაში და ფერება, ამცირებს სტრესს და დაბლა წევს სისხლის წნევას.

    მეცნიერების აზრით ძაღლის პატრონები ნაკლებად არიან იზოლირებულები და უფრო აქტიური სოციალიზაცია უწევთ, რაც ფსიქიკური ჯანმრთელობისთვისაც მნიშვნელოვანია.

    როგორც ცნობილია, ფიზიკური აქტივობა არეგულირებს წნევის და ქოლესტერინის დონეს, სოციალური აქტიურობა კი სტრესების დაძლევის შანსებს ზრდის, რაც საბოლოო ჯამში გულ სისხლძარღვთა დაავადებებით გარდაცვალების რისკს ამცირებს.

    ამიტომაც მეცნიერებისთვის მაინცდამაინც მოულოდნელი არ ყოფილა კვლევის შედეგად იმის დადასტურება, რომ ის ხალხი, ვისაც ძაღლი ჰყავს, უფრო დიდ ხანს ცოცხლობს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით მათი დაღუპვის რისკი დაბალია.

    დასავლეთის ქვეყნებში ძაღლის, ან სხვა შინაური ცხოველის ყოლა სულ უფრო პოპულარული ხდება. შეერთებული შტატების შინაურ ცხოველთა მფლობელების ეროვნულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ შინაური ცხოველი ამერიკელების 68 პროცენტს ყავს. 48%-ს კი ერთი, ან ერთზე მეტი ძაღლი ყავს. ბრიტანეთში შინაური ცხოველი ყავს მოსახლეობის ნახევარს.

  • პროდუქტები, რომლებიც დაბერებას ანელებს და ჯანმრთელობას გვინარჩუნებს

    მეცნიერებმა შეისწავლეს სხვადასხვა ქვეყნის ხანდაზმული ადამიანების რაციონი და დაამტკიცეს, რომ მათ რაციონს პირდაპირი კავშირი აქვს სიცოცხლის ხანგრძლივობასთან. პირველ რიგში საქმე ეხება იმ პროდუქტებს, რომლებიც ანტიოქსიდანტებს შეიცავენ. ეს არის ნივთიერება, რომელიც თავისუფალი რადიკალებს ებრძვის, რომლებიც დნმ–ს ანგრევენ და უჯრედების ნელ კვდომას იწვევენ.

    1. ფინიკი

    შემთხვევითი არ არის, რომ ფინიკს „სიცოცხლის კენკრას„ უწოდებენ. ფინიკი 23 ამინომჟავას შეიცავს, მათ შორის ტრიპტოფანს დიდი ოდენობით. ეს ამინომჟავა პასუხისმგებელია ჩვენს განწყობაზე და ფსიქიკის სტაბილიზატორია. გლიუტამინის მჟავა, რომელსაც ფინიკი შეიცავს კუჭნაწლავის ტრაქტის მუშაობას აუმჯობესებს. ნიკოტინის მჟავა კი დაზიანებულ უჯრედებს აღადგენს.

    2. ქაცვი

    ქაცვი შეიცავს დიდი რაოდენობით რეტინოლს (A ვიტამინს). ის ჟანგვა–აღდგენითი პროცესების კატალიზატორია, რომლებიც კანის და თვალების ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.

    3. მწვანე ჩაი

    ანტიოქსიდანტების რაოდენობით ერთ–ერთი ლიდერი მწვანე ჩაია. ის მსუბუქი შარდმდენი და ნივთიერებათა ცვლის კატალიზატორია. აუცილებელია ის ყოველდღე დალიოთ.

    4. რძემჟავა პროდუქტები

    ხაჭო, იოგურთი, კეფირი, კუმისი… ნატურალური რძემაჟავა პროდუქტები სასარგებლო ამინომჟავებს, ვიტამინებს, კალციუმს, ფტორს, სპილენძს და სელენს შეიცავენ.

    5. მოცვი

    ეს კენკრა სავსეა მიკროელემენტებით, რომელთა შორის განსაკუთრებული უდგილი უკავია მარგანეცს. ის ჰიალურონის მჟავის ფორმირებაში მონაწილეობს, ასევე აუცილებელია ჰორმონების და სისხლის უჯრედების სინთეზისთვის. მოცვი კიდევ ერთი სასარგებლო ელემენტს – ანტოციანს შეიცავს, რომელიც სიმსივნის საწინააღმდეგო აქტივობით გამოირჩევა.

    6. პომიდორი

    პომიდვრის მთავარი ღირსება ანტიოქსიდანტი ლიკოპინია. ის სიმსივნური და გულ სისლძარღვთა დაავადებებისგან გვიცავს, ასტიმულირებს სასქესო და ნერვული სისტემების მუშაობას.

  • რომელ პოზაში ძილია ჯანმრთელობისთვის საშიში

    კარდიოლოგები გვირჩევენ, რომელ პოზაში ძილია საშიში ჯანმრთელობისთვის. მათი აზრით ყველაზე საშიში გვერდულად წოლაა, რადგან ასეთ პოზაში ხერხემალი ზიანდება. არ ღირს მუცელზე წოლით ძილი, რადგან ამ დროს ინტრაპერიტონეალური წნევა იმატებს. თუმცა, ყველაზე საშიშია ჯდომით ძილი. სწორედ ეს პოზა მოქმედებს ყველაზე ცუდად გულზე. ასეთ მდგომარეობაში ორგანიზმში ინტრაპერიტონეალური წნევა იმატებს, ჩნდება შეშუპება და შესაძლოა ვენების გაგანიერება და ტრომბოზი გამოიწვიოს.

    ექიმების რჩევით ყველაზე გამართლებული ზურგზე ძილია.

    საყოველთაოდ ცნობილია, რომ უხარისხო ძილი და ქრონიკული უძილობა აჩქარებს დაბერებას, აუარესებს განწყობას და შრომისუნარიანობას, ასუსტებს იმუნიტეტს, ზრდის ინსულტის, დეპრესიის რისკს და ზოგიერთ ონკოლოგიურ დაავადებასაც კი აპროვოცირებს.
  • 5 შეცდომა, რომელიც თავის დაბანის დროს უმეტესობას მოგვდის

    შეცდომა №1. შამპუნის დიდი რაოდენობით წასმა

    ყოველდღიურად არ არის საჭირო შამპუნის რამდენჯერმე წასმა. დიდი რაოდენობის შამპუნი აზიანებს როგორც თმას, ასევე კანს.

    შეცდომა №2. თავის აგრესიულად დაბანა

    თმაში შამპუნის  აგრესიულად წასმა არ ღირს. ეს თმის ცვენასა და კანის გაღიზიანებას გამოიწვევს. 

    უმჯობესია თითების მსუბუქი მოძრაობით გაიკეთოთ მასაჟი, რომელიც სისხლის მიმოქცევასაც გააუმჯობესებს.

    შეცდომა № 3 თმის პირსახოცით შეშრობა

    სველ თმაზე პირსახოცის შეხება, მითუმეტეს უხეშად, თმის სტრუქტურას აზიანებს. უმჯობესია, დაბანის შემდეგ თმა პირსახოცით რამდენიმე წუთით შეიკრათ, რათა სისველე პირსახოცმა შეიწოვოს. თუმცა არ არის სასურველი დიდი ხნით გაჩერება.

    შეცდომა № 4 თმის ფენით გაშრობა ხშირად

    სასურველია, რომ სველი თმა ფენით არ გაიშროთ. სისტემატიურად ფენით გაშრობის შედეგად, თმა მტვრევადი და მშრალი ხდება. ფენი განსაკუთრებით მავნებელია სველ თმაზე, დაელოდეთ თმის ოდნავ შეშრობას და ფენი შემდეგ გამოიყენეთ. 

    შეცდომა № 5 თავის ცხელი წყლით დაბანა

    მეტისმეტად ცხელი წყალი თმის ძირებსა და თავის კანს აშრობს. სასურველია, თავი თბილი  ან ნელთბილი წყლით დაიბანოთ და ბოლოს კი  თავზე  ცივი წყალი გადაივლოთ.

  • ჩაის რეგულარული სმა ტვინის დაბერებას ანელებს. ახალი კვლევა

    ფიზიოლოგების ჯგუფმა სინგაპურის უნივერსიტეტიდან პროფესონ ფენ ლეემის მეთაურობით გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ამტკიცებს, რომ იმ ადამიანების ტვინი, რომლებიც ჩაის რეგულარულად სვამენ უფრო მაღალი ორგანიზებულობით გამოირჩევა და ზოგადად უფრო ჯანმრთელია, ვიდრე იმ ადამიანების ტვინი, რომლებიც ჩაის არ სვამენ.ასეთ დასკვნამდე მეცნიერები 36 ხანდაზმული პაციენტის მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფიის შედეგების ანალიზით მივიდნენ.

    კვლევაში მონაწილეობდნენ ბრიტანელი ფიზიოლოგებიც , კვლევის შედეგები კი ჟურნალ Aging -ში გამოქვეყნდა.

    დიდი ხანია ცნობილია, რომ ჩაი დაკავშირებულია ემოციონალურ მდგომარეობასთან და გულ–სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას აუმჯობესებს. გარდა ამისა, იმავე სინგაპურელი მეცნიერების მიერ ორი წლის წინ გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩაის რეგულარული მიღება ორჯერ ამცირებს ხანდაზმულ ასაკში ნეიროდეგენერატიული დაავადებების განვითარების რისკს.

    ამჯერად მკვლევარებმა მიზნად დაისახეს ტვინის ცალკეულ უბნებზე ჩაის გავლენის ნიშნების აღმოჩენა.მათ 60 წლის ზევით 36 მოხალისე შეკრიბეს და დაიწყეს მათი ჯანმრთელობის, კვების, ჩვევების და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ მონაცემების შეგროვება. კვლევა სამი წლის მანძილზე – 2015 დან 2018 წლამდე გრძელდებოდა.

    ექსპერიმენტის მონაწილეთა კოგნიტიური უნარების ანალიზმა მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფიის პასუხებთან ერთად აჩვენა, რომ მათი ტვინის უბნების შორის ურთიერთქმედება, ვინც 25 წლის მანძილზე მწვანე ან შავ ჩაის სვამდა კვირაში მინიმუმ ოთხჯერ, ბევრად უფრო ეფექტური იყო.ტვინის უბნებს შორის უფრო ეფექტური კავშირი კი ნერვული სიგნალების უფრო სწრაფ გადაცემას ნიშნავს, რაც თავის ხანდაზმულ ასაკში მეხსიერების და სხვა კოგნიტიური ფუნქციების უფრო ნელ დაქვეითებას ნიშნავს.

    ახლა ფიზიოლოგებს განზრახული აქვთ დაადგინონ, ჩაიში შემავალი კონკრეტულად რომელი აქტიური ნივთიერებები ახდენენ დადებით გავლენას ტვინზე.

  • ტკბილი გაზიანი სასმელის უარყოფით გავლენას ორგანიზმზე კიდევ ერთი კვლევა ადასტურებს

    დიეტოლოგებმა უკვე დიდი ხანია დაადგინეს კავშირი შაქრის მაღალი შემცველობის მქონე გაზირებული სასმელების მოხმარებასა და მთელი რიგი დაავადებებით სიკვდილიანობას შორის.ცოტა ხნის წინ დასრულებულმა კვლევამ, რომელიც 10 განვითარებულ ქვეყანაში 452 000 ადამიანის მონაწილეობით ჩატარდა კიდევ უფრო საგანგაშო შედეგი აჩვენა – შაქრის დაბალი შემცველობის მქონე გაზიანი სასმელებიც კი ჯანმრთელობისთვის მომეტებულ რისკს შეიცავს.

    ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში მრავალწლიანი კვლევის შედეგებია მოყვანილი. დასკვნა ასეთია: ადამიანები, რომლებიც დღეში ორ ან მეტ ჭიქა გაზიან სასმელს მიირთმევენ, უფრო ადრე კვდებიან ვიდრე ისინი, ვინც თვეში ერთ ჭიქას სვამს.

    აღმოჩენილია მნიშვნელოვანი განსხვავება იმ სასმელების ჯანმრთელობაზე ზემოქმედებას შორის, რომლებიც შაქარს შეიცავენ და რომლებიც შაქრის ხელოვნური შემცველებით არის დამზადებული. შაქრით დამზადეული სასმელები იწვევს სიკვდილიანობის რისკის ზრდას ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის და კუჭნაწლავის სხვადასხვა დაავადებებსგან.

    შაქრის შემცვლელით დამზადებული სასმელები კი საშიშია გულ–სისხლძარღვთა სისტემისთვის.

    არის კარგი ახალი ამბავიც: მეცნიერებმა ვერ აღმოაჩინეს კავშირი გაზიანი სასმელების მოხმარებასა და კიბოს შორის. არ დადასტურდა კავშირი არც ალცჰეიმერის დაავადების განვითარებასთან. რაც შეეხება პარკინსონს, ტკბილი გაზიანი სასმელების რეგულარული მიღება ამ დაავადების რისკს ზრდის.

    კვლევა 1992 წლიდან 2000–იანი წლების ჩათვლით ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ნიდერლანდებში, დანიაში, ნორვეგიაში, ესპანეთში და შვედეთში მიმდინარეობდა. კვლევაში 50 მეცნიერი მონაწილეობდა კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლის, ნილ მერფის ხელმძღვანელობით.

  • მეცნიერებმა სიბერის შესაჩერებელ უმარტივეს მეთოდს შემთხვევით მიაგნეს

    კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული სამედიცინო ექსპერიმენტის მონაწილეები შემთხვევით “გაახალგაზრდავდნენ“ მათთვის ექსპერიმენტის ფარგლებში დანიშნული პრეპარატების შედეგად. ანუ მათი ბიოლოგიური ასაკი შემცირდა, რომელიც დნმ–ს სპეციალური მარკერებით განისაზღვრება.

    ამის შესახებ სამეცნიერო ჟურნალი Nature წერს, რომელიც ექსპერიმენტის შედეგებს იმის მინიშნებად თვლის, რომ ორგანიზმის “ბიოლოგიური ასაკის შემობრუნება“ შესაძლებელია.

    ამავე დროს ჟურნალიც და კვლევის ავტორებიც ხაზს უსვამენ, რომ ეს არ ყოფილა მაშტაბური კვლევა და არც საკონტროლო ჯგუფი ყოლია.

    საქმე იმაშია, რომ მეცნიერები თვითონ არ ელოდნენ მსგავს შედეგებს და ამ შედეგის მიღწევის ამოცანაც არ ქონიათ. მათ უბრალოდ იმის გარკვევა უნდოდათ, რა გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე და იმუნურ სისტემაზე ერთდროულად სამი საკმაოდ ფართოდ გამოყენებადი პრეპარატის მიღება.

    თუმცა პრეპარატების ერთწლიანი მიღების შემდეგ გაირკვა, რომ კვლევაში მონაწილე მოხალისეები საშუალოდ 2.5 წლით “გაახალგაზრდავდნენ“. გარდა ამისა, აღდგენა შეინიშნებოდა მათ იმუნურ სისტემაში.

    “მე ველოდი რომ ბიოლოგიური საათის შენელება მოხდებოდა, თუმცა არ ველოდი რომ ის უკან დატრიალდებოოდა. ეს ყველაფერი საკმაოდ ფუტურისტულად გამოიყურება“ –განუცხადა სამეცნიერო ჟურნალს კვლევის ერთ–ერთმა ავტომა, გენეტიკის პროფესორმა სტივ ხორვატმა.

    შემთხვევითი აღმოჩენა:

    ადამიანის ბიოლოგიურ ასაკს ე.წ. ეპიგენური საათი განსაზღვრავს. ეს არის დნმ–ს მარკერების ნაკრები, რომელიც დაბერებასთან ერთად იცვლება. ის ორგანიზმის ფუნქციონალურ მდგომარეობას ასახავს და შეიძლება რეალურ ასაკს უსწრებდეს, ან ჩამორჩებოდეს.

    დაბერების ბიომარკერები ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ აღმოაჩინეს. მას შემდეგ ბევრი მეცნიერი ცდილობს მოიგონოს ბიოლოგიური საათის შენელების ხერხი, რათა ახალგაზრდობა გაახანგრძლივოს.

    თუმცა სტენფორდის სამედიცინო ცენტრის ექსპერიმენტი სრულიად სხვა მიზანს ისახავდა. თავიდან ლოს ანჯელესელმა იმუნოლოგმა გრეგორი ფახმა გადაწყვიტა შეემოწმებინა, რამდენად უსაფრთხოა ზრდის ჰორმონის– სომატოტროპინის გამოყენება თიმუსის ჯირკვლის ქსოვილების აღდგენისთვის.

    ეს პატარა ორგანო ადამიანის გულმკერდის ზედა მხარეს არის განლაგებული და მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმუნურ სისტემაში, თუმცა ასაკთან ერთად ის ზომაში მცირდება და ცხიმოვანი ქსოვილით იფარება.

    ზოგიერთმა კვლევამ, რომლებიც ძირითადად ცხოველებზე ჩატარდა აჩვენა, რომ ზრდის ჰორმანი თიმუსის ჯირკვლის რეგენერაციას ეხმარება, მაგრამ ამავე დროს ხელს უწყობს შაქრიანი დიაბეტის განვითარებას. ამიტომაც სომატოტროპინის ინექციებთან ერთად ექსპერიმენტის მონაწილეებს ორი ფართოდ გავრცელებული ანტიდიაბეტური პრეპარატი – პრასტერონი და მეტფორმინი დაუნიშნეს.

    სულ კვლევაში ცხრა მოხალისე მონაწილეობდა – ყველა თეთრკანიანი მამაკაცი51–დან 65 წლამდე ასაკში, რომლებსაც ერთი წლის განმავლობაში რეგულარულად უღებდნენ სისხლის ანალიზს, ასევე მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარეს კვლევის დასაწყისში და ბოლოს.

    შედეგად, სისხლის მაჩვენებლები ცხრავე მონაწილეს გაუუმჯობესდა, შვიდი მათგანის ორგანიზმში კი რეალურად მოხდა თიმუსის ჯირკვლის ქსოვილების რეგენერაცია.

    ფახის ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდა.

    მხოლოდ ამის შემდეგ მოუვიდა მეცნიერს თავში აზრად თავისი კვლევის შედეგები სტივ ხორვატისთვის ეჩვენებინა, რომელიც ბიოლოგიური ასაკის განსაზღვრის ყველაზე ზუსტი მეთოდების შემმუშავებელია.

    ზორვატმა თავისი კვლევა ჩაატარა და აღმოაჩინა, რომ ექსპერიმენტის ყველა მონაწილის ბიოლოგიური ასაკი მნიშვნელოვნად შემცირდა. მათ შორის ექვსი მოხალისის, რომლებმაც ბოლო სისხლის ანალიზი პრეპარატების მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ ჩააბარეს, ანუ ირკვევა, რომ თერაპიის “ასაკობრივი ეფექტი“ განგრძობადი აღმოჩნდა.

    ახლა აუცილებელია მიღწეული შედეგის ტესტირება სპეციალური, უფრო მაშტაბური კვლევის ფარგლებში მოხდეს.

    “შესაძლოა გარკვეულ ეფექტს მივაღწიეთ, მაგრამ ეს შედეგები არ შეიძლება სრულიად საიმედოდ ჩაითვალოს, იმიტომ რომ კვლევის მაშტაბი ძალიან მცირე იყო და კვლევის დროს კონტროლი არ ყოფილა საკმარისი. “ – ამბობს უჯრედული ბიოლოგიის პროფესორი ვოლფგანგ ვაგნერი.
    თავად ხორვატი ოპტიმისტურად არის განწყობილი, რადგან მისი თქმით “გაახალგაზრდავების “ ეფექტი კვლევის აბსოლუტურად ყველა მონაწილეში იმდენად ძლიერი და თვალშისაცემი იყო, რომ შემდგომი კვლევები დიდი ალბათობით წარმატებული იქნება.
  • რისთვის არის სასარგებლო საზამთრო

    საზამთროს სეზონი ჯერჯერობით კვლავ ძალაშია. ამჟამად საზამთრო იაფი და ხელმისაწვდომია. რა რაოდენობით შეიძლება მივირთვათ საზამთრო, რა სარგებლობა და რა ზიანი მოაქვს მას.

    საზამთროს მაღალი კვებითი ღირებულების პროდუქტს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ცილა საზამთროში მინიმალური რაოდენობით არის. ცხიმს საერთოდ არ შეიცავს. ვიტამინებისა და მიკროელემენტების შემცველობა საზამთროს გულში ძალიან მცირეა. ამიტომაც, ვიტამინებს საზამთროს ჭამით ვერ მიიღებთ.
    ტკბილ გემოს შაქრის მაღალი შემცველობა განაპირობებს და ეს უფრო ცუდია, ვიდრე კარგი, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც დიაბეტი და ზედმეტი წონა აწუხებს. თუმცა საზამთროს კალორიულობა ძალიან დაბალია – სულ 38 კილოკალორია 100 გრამ პროდუქტზე. ამ ბახჩეულ კულტურას მაღალი გლიკემიური ინდექსი აქვს, ანუ სწრაფად იწვევს სისხლში შარის დონის მატებას. ამიტომაც სპეციალისტები ეჭვქვეშ აყენებენ საზამთროს დიეტის სარგებლიანობას.
    ერთი, რითაც ნამდვილად ფასეულია საზამთრო, ლიკოპინის მაღალი შემცველობაა. დამტკიცებულია, რომ ეს ნივთიერება პროსტატის კიბოს განვითარებას უშლის ხელს. ლიკოპინი საზამთროში უფრო დიდი რაოდენობით არის, ვიდრე პომიდორში, რომელიც “კაცური მენიუს“ ერთ–ერთ მნიშვნელოვან პროდუქტად ოფიციალურად არის აღიარებული.

    კიდევ ერთი სასარგებლო საზამთროში ის არის, რომ ის ბევრ წყალს შეიცავს – 93% საზამთროში წყალია. ამიტომაც მას სამკურნალო თვისებებიც გააჩნია.

    საზამთროს აშკარად გამოხატული შარდმდენი თვისებები აქვს. წყლის მაღალი შემცველობის გამო საზამთრო შარდს და მასთან ერთად პათოგენურ მიკროფლორას შარდის ბუშტში დაგროვების საშუალებას არ აძლევს. ეს კი ძალიან სასარგებლოა ცისტიტების, შარდსადენი და ბილეარული ტრაქტების ინფექციების მკურნალობისას. ზოგიერთი ექიმი თვლის, რომ საზამთროს დიეტა შეიძლება კენჭის დაგროვების პროფილაქტიკადაც ჩათვალოთ – შარდის ინტენსიური გამოყოფა თირკმელებს და საშარდე გზებს “რეცხავს“ და მათ ქვიშისგან ათავისუფლებს.
    სახაზამთრო სასარგებლოა პაციენტებისთვის, რომლებსაც პადაგრა აწუხებთ. ამ დაავადების სრულად განკურნება შეუძლებელია, მაგრამ საზამთრო ხელს უწყობს ორგანიზმიდან პურინების (შარდმჟავის მარილების) აქტიურ გამოყოფას. ამის წყალობით პაციენტების მდგომარეობა უმჯობესდება.

    მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთის ქვეყნებში საზამთროს ხშირად დესერტად მიირთმევენ, დიეტოლოგები თვლიან, რომ ჯობს საზამთრო ცალკე მიირთვათ, ძირითადი საკვებისგან დამოუკიდებლად, შუალედებში. საზამთრო დიდი რაოდენობით ბოჭკოვან ქსოვილებს და პეკტინს შეიცავს, რაც პერისტალტიკას ააქტიურებს. თუ ნოყიერი სადილის შემდეგ საზამთროს მიირთმევთ, ამან შეიძლება მუცლის გვრემა გამოიწვიოს.

    დიდი რაოდენობით საზამთროს ჭამა არ არის რეკომენდირებული კუჭ–ნაწლავის ტრაქტის პრობლემების მქონეთათვის, რადგან შესაძლოა ამან დიარეა გამოიწვიოს.

    საზამთროს ბევრი მოყვარული ამტკიცებს, რომ საზამთრო მთლიანათ უნდა მიირთვათ – ქერქის და თესლის ჩათვლით.იმისა, რომ სახალხო მედიცინა არაერთ რეცეპტს გვთავაზობს საზამთროს ქერქისა და თესლებისთვის, მათი საკვები ღირებულება მინიმალურია. ეს არის უხეში ბოჭკოვანი, რომელსაც ორგანიზმი პრაქტიკულად ვერ ითვისებს. თუ თესლს ორგანიზმი ასე თუ ისე მოერევა, ქერქი ვერანაირად ვერ გადამუშავდება. ასეთ შემთხვევაში გასტრიტის გამწვავება გარანტირებულია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საზამთროს ქერქი ყველაზე მეტად ნიტრატებს შეიცავს, ამიტომაც ის არაფერში გამოგადგებათ.

    საზამთრო სამწუხაროდ სეზონური პროდუქტია და მისი მოყვარულები ფიქრობენ, როგორ გაიხანგრძლივონ საზამთროსთან დაკავშირებული სიამოვნება.

    საზამთროს ყველა სახეობის ხანგრძლივი შენახვა გამორიცხულია. და თანაც შესანახად სპეციალური ნაგებობაა საჭირო – დიდი, ბნელი და გრილი. სპეციალისტების რჩევაა საზამთრო სპეციალურ ჩანთებში, ე.წ. “ბადე ჩანთაში“ შევინახოთ, რომელიც ძველ დროში ადვილად მოიპოვებოდა. ასეთი ჩანთით საზამთრო კედელზე რაც შეძლება ზევით, ჭერთან ახლოს უნდა დაკიდოთ და შესაძლოა საკმაოდ დიდხანს –რამდენიმე თვეც კი შეინახოთ. იატაკზე დადებული საზამთროს შენახვა არ ღირს – ზედაპირზე შეხების გამო ლპობის პროცესი განვითარდება.

    სპეციალისტები ვერანაირ სასარგებლო თვისებას ვერ ხედავენ საზამთროს მურაბაში, რომელიც მისი ქერქისგან მზადდება.

  • სისხლის ანალიზის ახალი მეთოდი განსაზღვრავს, გემუქრებათ თუ არა უახლოეს 10 წელიწადში სიკვდილი

    გერმანელმა მეცნიერებმა დაბერების ბიოლოგიის ინსტიტუტიდან გაარკვიეს სისხლის ანალიზის რა მაჩვენებლები მიანიშნებს, რომ ადამიანს უახლოეს 10 წელიწადში სიკვდილის რისკი ემუქრება.

    მკვლევარების გუნდმა 44 168 ევროპელის სისხლის ანალიზის ნიმუში შეისწავლა, რომელთა ასაკი 18–დან 109 წლამდე იყო. მათგან სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მიზეზით 5 512 ადამიანი დაიღუპა.

    ექსპერიმენტის მონაწილეთა სისხლში 226 მეტაბოლური ბიომარკერის გაანალიზებისას მეცნიერებმა გამოვლინეს 14 , რომლებიც ყველაზე ხშირად ხვდებოდათ იმ ადამიანების სისხლში, რომლებიც მალე გარდაიცვალნენ ასაკისა და ორგანიზმის დაბერების გამო (მათი სისხლის აღებიდან სიკვდილამდე პერიოდი 2–დან 16 წლამდე იყო).

    იმის შესაფასებლად, რამდენად კარგად შეიძლება ეს ბიომარკერები მიანიშნებდეს სიკვდილის რეალურ რისკზე, მკვლევარებმა შედეგები ანალოგიური ექსპერიმენტის შედეგებს შეადარეს, რომელშიც 7600 ფინელი პაციენტი მონაწილეობდა.

    დაკვირვების პერიოდში მათგან 1213 გარდაიცვალა. ბიომარკერებმა კი უახლოესი 5–10 წლის მანძილზე გარდაცვალება დაახლოებით 83%–ის სიზუსტით “იწინასწარმეტყველეს“.

    მკვლევარები ამბობენ, რომ ტესტზე მუშაობას განაგრძობენ და კლინიკურ პირობებში მის გამოყენებამდე ჯერ ადრეა. თუმცა სამუშაოს დასრულების შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება სისხლის ანალიზის ახალი მეთოდის შემუშავება, რომელიც განსაზღვრავს, ემუქრება თუ არა პაციენტს უახლოესი ათი წლის მანძილზე სიკვდილი.
  • რატომ არის საშიში დაცემინებისას ცხვირზე ხელის მოჭერა

    ეტიკეტის წესებით დაცემინებისას რეკომენდირებულია პირზე ხელის აფარება. თუმცა ბევრი ადამიანი ხმამაღლა დაცემინებას ერიდება ხალხის თანდასწრებით, ამიტომაც დაცემინებისას ცხვირზე ხელსაც იჭერს. ექიმები ამბობენ, რომ ეს დაუშვებელია.

    ადამიანმა შეიძლება რეფლექსურად დააცემინოს, როცა თვალის ბადურას მზე მოხვდება ბნელი შენობიდან ქუჩაში გამოსვლისას, ალერგიული რეაქციისას ან გაციებისას. არ არის საჭირო ალერგენებისა და ინფექციის შეკავება. ჯობს ისინი გარეთ გამოვიდეს.

    ჯერ ერთი, დაცემინებამ მოკუმული პირით და ცხვირზე მოჭერილი ხელით შეიძლება სმენის ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს. ცემინებისას ჰაერის ნაკადის სიჩქარემ შესაძლოა 120 მეტრს წამში მიაღწიოს. თუ ცხვირს და პირს მოვკუმავთ, ლორწო შეიძლება წნევის ძალით ყურის აპარატის მილებში მოხვდეს, რომლებიც ცხვირს შუა ყურთან აკავშირებს. შედეგად შესაძლოა ამ მილის ანთება მივიღოთ, რომელსაც ევსტახიტი ეწოდება.

    გარდა ამისა, წნევის ძალით მიკრობები შესაძლოა ცხვირის მიმდებარე უბეებში –  მაგალითად ჰაიმორის ღრუში მოხვდეს. ცემინების  დროს ცხვირზე ხელის მოჭერამ შეიძლება სინუსიტი, ჰაიმორიტი ან ფრონტიტი გამოიწვიოს.

    კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ცემინების დროს ცხვირზე ხელის მოჭერა და პირის მოკუმვა არ შეიძლება, შიდაქალის წნევის აწევაა. ადამიანი, რომელსაც წნევის პრობლემა არ აქვს სერიოზულ შედეგებს ვერ იგრძნობს, თუმცა ხანდაზმული ადამიანები და პაციენტები სისხლძარღვების სუსტი კედლებით ან ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიით თავს ცუდად იგრძნობენ.

    თუ ადამიანს ცხვირიდან სისხლდენისკენ აქვს მიდრეკილება, მოკუმული პირით და ცხვირზე ხელის მოჭერით დაცემინებამ შეიძლება სისხლდენაც გამოიწვიოს.