Category: ჯანმრთელობა

  • კორონავირუსი განკურნებულ პაციენტებში მძიმე კვალს ტოვებს. ჩინელი მეცნიერების დასკვნა

    კორონავირუსი განკურნებულ პაციენტებში მძიმე კვალს ტოვებს. ჩინელი მეცნიერების დასკვნა

    ჩინელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს, რა შედეგები ემუქრებათ მათ, ვინც ახალი კორონავირუსი გადაიტანა. გაირკვა, რომ ყველაზე მეტად კორონავირუსი ფილტვების ფუნქციას აზიანებს– განკურნებული პაციენტები სწრაფი სიარულისას სუნთქვის გაძნელებას გრძნობენ. ამის შესახებ ჰონკონგის საავადმყოფოთა გაერთიანების მართვის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

    მედიკოსებმა ეს დასკვნა 12 პაციენტის კვლევის შედეგად გააკეთეს, რომლებიც კორონავირუსისგან განიკურნენ. რამდენიმე პაციენტს 20–30%–ით ქონდა დარღვეული ფილტვების ფუნქცია და და მათ სიარულისას სუნთქვა ეკვროდათ.

    გარდა ამისა, ექიმებმა ჩაატარეს ყველა გამოჯანმრთელებულის ფილტვების ტომოგრაფია. მათ ფილტვებში აღმოჩნდა ე.წ. დაბურული მინის სიმპტომის მსგავსი ნიშნები, რაც შინაგანი ორგანოების დაზიანების სიგნალია.

    ამჟამად მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ, რამდენად დიდხანს ნარჩუნდება ორგანიზმში კორონავირუსის უარყოფითი შედეგები. ყველა გამოჯანმრთელებულს ექიმებმა ურჩიეს გულის და ფილტვების გაძლიერებაზე იზრუნონ. გარდა ამისა, ცურვით დაკავდნენ.

  • კორონავირუსის რა ვაქცინები იტესტება ამჟამად და რომელ ქვეყნებში

    კორონავირუსის რა ვაქცინები იტესტება ამჟამად და რომელ ქვეყნებში

    მედიკოსები სხვადასხვა ქვეყანაში ინტენსიურად მუშაობენ Covid19–ის ვაქცინის შექმნაზე და ტესტირების ახალ პროცედურებზე. ვინ ატარებს ცდებს ვაქცინებზე და შეიძლება თუ არა იმედი გვქონდეს, რომ ახლო მომავალში ადვილად ხელმისაწვდომი წამალი გვექნება?

    მარტის შუა რიცხვებში ჯანმომ ჩამოთვალა “კანდიდატი–ვაქცინების“ 41 ვარიანტი.

    მათ შემმუშავებლებს შორის დასახელებულები არიან მსოფლიოს მსხვილი ფარმაცევტული ჰოლდინგები და ცნობილი უნივერსიტეტები– ოქსფორდის უნივერსიტეტი ინგლისში, პასტერის ინსტიტუტი საფრანგეთში.

    ბოლო კვირის განმავლობაში რამდენიმე მათგანმა განაცხადა, რომ კლინიკური ტესტირება ადამიანებზე დაიწყო.

    რა ვაქცინები იტესტება ამჟამად და რომელ ქვეყნებში:

    ბოლო დღეებში აშშ–ს რამდენიმე ქალაქში დაიწყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური ცდები მოხალისეებზე.
    სან დიეგოში მდებარე კვლევითი ცენტრის, Inovio-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცდებს რამდენიმე თვე დაჭირდება, თუმცა თუნდაც სრული წარმატების შემთხვევაში მასობრივად ხელმისაწვდომი ვაქცინა მხოლოდ მომავალი წლის შუა პერიოდში იქნება.

    პარასკევს Covid19- ის საწინააღმდეგო ვაქცინის ცდების დაწყების შესახებ განაცადა რუსულმა როსპოტრებნადზორმა. ისინი ამბობენ, რომ ვაქცინა 2020 წლის მეოთხე კვარტალში ექნებათ მზად. მას ცხოველებზე ცდიან.

    მანამდე პოტენციური ვაქცინის ადამიანებზე ტესტირების შესახებ განაცხადა ბოსტონის ორმა საავადმყოფომ. მასაჩუსეტსის ცენტრალური საავადმყოფოს პროგრამაში სამი მოხალისე მონაწილეობს, თუმცა მათი ნაწილი პლაცებოს მიიღებს.

    სიეტლში Kaiser Permanente–ის კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ექსპერიმენტული დოზით აცრა გაუკეთეს ოთხ მოხალისეს. ამის შესახებ 17 მარტს სააგენო ასოშეითედ პრესმა განაცხადა.

    გასული კვირის სამშაბათს ჩინურმა კომპანიამ CanSino Biologics განაცხადა, რომ ვაქცინის მის მიერ შემუშავებული ვერსია მოწონებულია კლინიკური ცდების პირველი ფაზისთვის. ვაქცინა ვირუსის გენეტიკური კოდის ფრაგმენტს შეიცავს.

    კორონავირუსის ტესტირების მეთოდების ოპტიმიზაცია ეპიდემიასთან ბრძოლის მნიშვნელოვანი ასპექტია. ზოგიერთი ევროპული ქვეყანა და აშშშ ტესტირების კომპლექტების დეფიციტის წინაშე აღმოჩნდნენ.

    ბრიტანეთის პრემიერმა ჯონსონმა ამ კვირაში პირობა დადო, რომ ბრიტანეთში ვირუსზე ტესტირებას დღეში 25000 ადამიანს ჩაუტარებენ. მაგრამ ოთხშაბათს ბრიტანეთის თერაპევტთა კოლეგიის თავმჯდომარემ, მარტინ მარშალმა აღიარა, რომ ბრიტანეთს ტესტების დეფიციტი აქვს.

    დეფიციტზე ჩივის ჩრდილოეთ იტალიაც, რომელიც ევროპის ყველაზე დაინფიცირებული რეგიონია.
    პარალელურად მუშავდება ვირუსის ტესტირების ახალი მეთოდები. ხუთშაბათს მეთოდის პირველი წარმატებული გამოცდის შესახებ განაცხადა ისრაელის მეცნიერთა ჯგუფმა. ეს არის მოლეკულური ტესტირების მეთოდი, რომლითაც ერთდროულად რამდენიმე ნიმუშის დამუშავება შეუძლია.

    ევროპასა და აშშ–ში ერთდროულად რამდენიმე კომპანიამ გამოუშვა გასულ კვირას სწრაფი ტესტები, რომლის გაკეთება ადამიანებს სახლის პირობებში შეუძლიათ, თუმცა ამერიკაში პრობლემა შეიქმნა ლიცენზირებასთან დაკავშირებით. აშშ–ს სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის მიერ ჯერჯერობით არცერთი არ არის ლიცენზირებული.

    პრიტანეთის პრემიერიც პირობას დებს, რომ შეიძენს ტესტებს ანტისხეულებზე, რომლებიც ორგანიზმში კორონავირუსის საპასუხოდ გამოიყოფა. ეს ტესტები ფეხმძიმობის ტესტს გავს. მათი გაკეთება ადამიანებს თავად შეუძლიათ, რათა დაადგინონ, ხომ არ გადაიტანეს უკვე Covid 19.

    ეს მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი ამ დაავადებას უსიმპტომოდ იხდის და ვირუსის გადამტანია. ადამიანები, რომლებმაც ის უკვე გადაიტანეს და იმუნიტეტი გამოიმუშავეს, შეძლებენ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ ისე, რომ გარშემომყოფებისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდნენ.

  • რა ვიცით გავრცელებიდან 3 თვის თავზე Covid-19–ის შესახებ. მთავარი კითხვები და პასუხები

    რა ვიცით გავრცელებიდან 3 თვის თავზე Covid-19–ის შესახებ. მთავარი კითხვები და პასუხები

    Covid-19–ის ეპიდემიის განვითარების პარალელურად ექსპერტების უმრავლესობა იხრება მოსაზრებისკენ, რომ ადრე თუ გვიან კორონავირუსით პლანეტის მოსახლეობის დიდი ნაწილი დაავადდება. არსებობს მოსაზრებაც, რომ ეს ვირუსი ჩვეულებრივ სეზონურ გრიპებს შორის დაიკავებს მუდმივ ადგილს.

    და თუ დაინფიცირება მხოლოდ დროის საკითხია, საფიქრალია არა იმდენად ის, თუ როგორ დავაღწიოთ მას თავი, არამედ ის, როგორ მოვემზადოთ მისთვის.

    მოკლედ გთავაზობთ მაქსიმალურად ამომწურავ ინფორმაციას და პასუხებს კითხვებზე, რაც ამდროისთვის SARS-CoV-2–ის შესახებ არსებობს.

    რას წარმოადგენს ახალი ვირუსი?

    ვირუსი– ეს არის გენეტიკური კოდის პაწაწინა ნამცეცი, რომელსაც დამცავი ცილოვანი გარსი აქვს. მისი ნაწილაკები იმდენად მცირეა, რომ მათი დანახვა ჩვეულებრივი მიკროსკოპით შეუძლებელია.

    სწორედ უმცირესი ზომაა ერთ–ერთი მიზეზი, რის გამოც ვირუსისგან თავის დაცვა ასეთი ძნელია. ხველისას ინფიცირებული გარემოში ნერწყვის უწვრილეს წვეთებს გამოყოფს, და ყოველ მათგანში შეიძლება ვირუსის მილიონობით ნაწილაკი იყოს.

    უჯრედში შეღწევისას ვირუსი მას აიძულებს ნორმალური ცილების ნაცვლად მისი ასლები წარმოქმნას. ასე ვითარდება დაავადება.

     

    საიდან გაჩნდა ახალი კორონავირუსი

    მეცნიერებისთვის ათეულობით მილიონი ვირუსია ცნობილი და მუდმივად ხდება ახალი, აქამდე უცნობი სახეობების აღმოჩენა. ამასთან, მათი უდიდესი უმრავლესობა სრულიად უვნებელია ადამიანისთვის. საშიშროებას წარმოადგენს მხოლოდ რამდენიმე ასეული ვირუსი და მათ უმრავლესობასთან ბრძოლას ჩვენი იმუნური სისტემა ევოლუციის განმავლობაში წარმატებით მიეჩვია.

    თუმცა, ევოლუციას ვირუსებიც განიცდიან და ზოგჯერ მუტაციის შედეგად ინფექცია, რომელიც ადრე მხოლოდ ცხოველებში არსებობდა, ადამიანის ორგანიზმში აღწევს.

    ასეთი ახალი ვირუსები განსაკუთრებით საშიშია, რადგან ჩვენი იმუნიტეტი მას არასოდეს შეჯახებია და ჯერ არ აურჩევია დამცავი მექანიზმი.

    შედეგად ვირუსი აქტიურად ვრცელდება ადამიანებს შორის და ეპიდემიას იწვევს. სწორედ ეს მოხდა შიდსთან, SARS, MERS–თან, ამჟამად კი ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით.

    რით განსხვავდება ახალი კორონავირუსი წინამორბედი SARS და MERS–ისგან?

    ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის დირექტორის, პიტერ პიოტის თქმით, ახალ კორონავირუსს ოთხი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი აქვს:

    პირველ რიგში, დაინფიცირებიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში ადამიანს არანაირი სიმპტომი არ უვლინდება, თუმცა უკვე შეუძლია სხვებს გადასდოს დაავადება. ეს განსაკუთრებით უსიამოვნო თვისებაა, რადგან მნიშვნელოვნად ართულებს ვირუსის იზოლაციას.

    SARS–ის შემთხვევაში მაგალითად ყველაფერი პირიქით იყო: სიმპტომი თავიდანვე ჩნდებოდა, თუმცა გარშემომყოფებისთვის საფრთხეს დაავადებული მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ წარმოადგენდა.

    მეორეც: დაავადებულთა 80% მხოლოდ მსუბუქ უსიამოვნებას გრძნობს, ჩვეულებრივი გაციების ან გრიპის მსგავსს. ყოველი მეხუთე, ანუ 18% კი საერთოდ ვერ გრძნობს ვერანაირ სიმპტომებს, მაგრამ ამავე დროს ინფიცირების წყაროა, ისე რომ თვითონაც არ იცის.

    მესამე: რადგან Covid19–ის სიმპტომები ძალიან გავს ჩვეულებრივ გრიპს, ბევრი დაავადებული არცკი ეჭვობს, რომ ახალი ვირუსის მატარებელია და გარშემომყოფთა დაინფიცირებას განაგრძობს.

    და მეოთხე: დაავადების პირველ ეტაპზე ვირუსი აქტიურად მრავლდება სწორედ ყელში, ამიტომაც ნებისმიერ დაცემინება და წამოხველება ინფიცირებულის გარშემო მილიარდობით ვირუსულ ნაწილაკს გამოყოფს. ხველა კი ინფიცირებულს ყველაზე ადრე ეწყება. ყველა დანარჩენი სიმპტომი, თუ ისინი საერთოდ გამოჩნდა, მხოლოდ მოგვიანებით ჩნდება.

    როდის უნდა ველოდეთ ვაქცინას?


    მოკლე პასუხია – არ ელოდოთ. თუნდაც უახლოეს მომავალში ვაქცინის შემუშავება მოხერხდეს, თქვენ ალბათ აღარ გამოგადგებათ.

    მართალია ვაქცინის პირველი კლინიკური კვლევები უკვე დაიწყო, თანაც სხვადასხვა ქვეყნებში ერთდროულად რამდენიმე ვარიანტს ტესტავენ, მაგრამ საუკეთესო შემთხვევაში ვაქცინის მასობრივი წარმოება 2021 წლის ბოლომდე არ დაიწყება, როცა მათი უდიდესი ნაწილი, ვისაც ვირუსი ემუქრება სავარაუდოდ მას უკვე მოიხდის.

    უფრო მეტიც, მართალია ექსპერტების უმრავლესობა ოპტიმისტურად არის განწყობილი, მაგრამ არ გვაქვს გარანტია, რომ ვაქცინის შექმნა საერთოდ მოხერხდება. პიტერ პიოტი მაგალითად გვახსენებს, რომ შიდსის ვაქცინის შექმნის მცდებოლობები 35 წელია უშედეგოდ გრძელდება. თუმცა ამ პერიოდის მანძილზე გამოჩნდა უკვე რამდენიმე პრეპარატი დაავადების ეფექტური პროფილაქტიკისთვის.

    რამდენად საშიშია ვირუსი სინამდვილეში?

    უნივერსალური შკალა ასეთი რისკის შესაფასებლად არ არსებობს. თუმცა არსებობს ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ყოველი დაავადების საშიშობას განსაზღვრავენ: გადამდებობა, ანუ მისი გავრცელების სიადვილე და სისწრაფე და სიკვდილიანობის დონე.

    ჩინელი ექიმების თავდაპირველი გათვლებით, უხანში , ანუ კორონავირუსის ეპიცენტრში ყოველი ინფიცირებული საშუალოდ 2.2 ჯანმრთელი ადამიანის დაინფიცირებას ასწრებდა. იმისათვის, რომ ეპიდემია კლებისკენ წავიდეს, ეს მაჩვენებელი 1–ზე დაბალი უნდა იყოს.

    თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ უხანი სწრაფად ჩაკეტეს კარანტინში, ასე რომ გავრცელება სინამდვილეში ბევრად მაღალი უნდა ყოფილიყო. როდესაც ვირუსის აფეთქება იტალიაში დაიწყო, იქ ყოველი დაავადებული უკვე საშუალოდ 3–4 ჯანმრთელ ადამიანს გადასცემდა დაავადებას.
    და მართალია ახალი ვირუსი ისევე მარტივად ვრცელდება, როგორც სეზონური გრიპი, ის ბევრად უფრო გადამდებია. ჰაერში ის სამი საათის განმავლობაში ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას, პლასტმასის და ფოლადის ზედაპირებზე – სამ დღემდე.

    სიკვდილიანობა

    მეცნიერები ახალი კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელს დაავადებულთა 1–2%–ის დონეზე აფასებენ. ეს დაახლოებით 20–ჯერ მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი სეზონური გრიპის მაჩვენებელი, თუმცა ახლოსაც ვერ მივა წინა კორონავირუსების SARS–ის (10%) და MERS–ის (35%) მაჩვენებლებთან.

    ყველაზე დიდ საფრთხეს ვირუსი ხანდაზმულებისთვის წარმოადგენს, რომლებსაც დასუსტებული იმუნიტეტი და ქრონიკული დაავადებები აქვთ. 70 წლის ზევით ასაკობრივ ჯგუფში სიკვდილიანობა 5%–ს აღემატება. 80 წლის ასაკის ზევით კი ვირუსისგან ყოველი მეათე იღუპება.

    არსებობს თუ არა სპეციფიური თერაპია ვირუსის წინააღმდეგ

    მოკლე პასუხია – ჯერჯერობით არა. დაავადებულებს მხოლოდ სიმპტომატურად მკურნალობენ, ანუ ებრძვიან არა თვითონ დაავადებას, არამედ მის გამოვლინებებს.

    თუმცა, ექიმები ხაზს უსვამენ, რომ ეს პანიკის საფუძველი არ არის. დაავადებულთა უმრავლესობას – 80%–ზე მეტს ექიმების დახმარება საერთოდ არ ჭირდება. ისინი სახლში, გრიპის ჩვეულებრივი საშუალებებით მკურნალობენ და იკურნებიან, როგორც წესი ერთ კვირაში ან ცოტა მეტ დროში.

    ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ ყოველ მეხუთე ან მეექვსე ინფიცირებულს ჭირდება, ძირითადად ასაკოვან ადამიანებს და მათ, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვთ.

    თუ დაავადება ვირუსულ პნევმონიაში გადადის და პაციენტს სუნთქვის პრობლემები ეწყება ის რეანიმაციაში გადაყავთ. ასეთი ავადმყოფების რიცხვი დაახლოებით 4%–ს შეადგენს ყველა დიაგნოსტირებულიდან.

    რა უნდა ვქნათ დაინფიცირების შემთხვევაში?


    როგორც მრავალრიცხოვანი კვლევები და მოდელები აჩვენებს, ვირუსთან  ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა კარანტინია, რათა გარშემომყოფები არ დააინფიცირო.

    პირველივე ეჭვისას , ანუ ხველისა და დაბალი ტემპერატურისას თვითიზოლირება უნდა მოახდინოთ ოჯახის წევრებთან ერთად და სრულ გამოჯანმრთელებამდე გარეთ არ გამოხვიდეთ.

    არ მიიღოთ ანტიბიოტიკები. ისინი ვირუსთან ბრძოლაში მაინც ვერ გიშველით.

    ნებისმიერი პირადი ურთიერთობისას ქირურგიული ნიღაბი ატარეთ. პროფილაქტიკის თვალსაზრისით ის უსარგებლოა, თუმცა საკმაოდ კარგად იცავს გარშემომყოფებს დაავადებულისგან, რადგან მის ნერწყვს აკავებს.

    იმის გათვალისწინებით, რა სწრაფად და ადვილად გადაეცემა ახალი კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანს, სავარადოთ ამ ვირუსით ადრე თუ გვიან პლანეტის მნიშვნელოვანი ნაწილი, ან შესაძლოა უმრავლესობაც დაავადდება.

    1918–1919 წლებში ე.წ. “ესპანური ვირუსი“ პლანეტის თითქმის ყოველ მესამე მაცხოვრებელს მიწვდა, ახალ ვირუსს კი ბევრად უფრო ეფექტური გადაადგილების საშუალებები აქვს და ის გადამდებობით ესპანურ ვირუსს არ ჩამოუვარდება.

    ამიტომაც პიტერ პიოტი გვაფრთხილებს: მზად უნდა ვიყოთ დაავადებისთვის, მათ შორის ფსიქოლოგიურად. უახლოეს კვირებში , და შესაძლოა თვეების განმავლობაშიც დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი მხოლოდ გაიზრდება, განსაკუთრებით, როცა მოსახლეობის მასობრივი ტესტირება დაიწყება.

    მთავარია პანიკაში არ ჩავარდეთ. არ არის გამორიცხული, რომ თქვენ უკვე მოიხადეთ კიდევაც ვირუსი და მხოლოდ მსუბუქი ხველით გადარჩით, ისე რომ არც ტემპერატურა მოგმატებიათ და არცკი შეგიმჩნევიათ “საშიში ვირუსი“.

  • 5 პროდუქტი ანტისეპტიკური თვისებებით

    5 პროდუქტი ანტისეპტიკური თვისებებით

    იცით თუ არა რომ არსებობენ ბუნებრივი ანტისეპტიკები? ეს არის კვების პროდუქტები, რომლებიც გლიკოზიდებს, ტანინებს ან ფიტონჯიდებს შეიცავენ. მათი დახმარებით პროდუქტები ბაქტერიოსტატიკურ მოქმედებას იძენენ და მიკროორგანიზმების ზრდას აფერხებენ.

    რუკოლა

    რუკოლა ჩვენს ქვეყანაში დიდი ხანი არ არის რაც ცნობილია, თუმცა უკვე პოპულარული გახდა. ის წელიწადის ნებისმიერ დროს იყიდება. ოდნავ მწარე გემოს ბალახი ფიტონციდებს, გლიკოზიდებს და ეთერზეთებს შეიცავს, რომლებიც ორგანიზმს ბაქტერიებთან და ვირუსებთან ბრძოლაში ეხმარება. რუკოლათი შეიძლება სხვადასხვა სალათი მოამზადოთ. რუკოლას სალათი სხვადასხვა კერძებს უხდება, მათ შორის ხორცის და თევზის კერძებს.

    ანანასი


    ეს ეგზოტიკური ხილი გარდა ვიტამინებისა შემკვრელ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც ორგანიზმს მიკროორგანიზმებთან გამკლავებაში ეხმარება. გარდა ამისა, ანანასი შეიცავს ფერმენტ ბრომელაინს, რომელიც ცილების გადამუშავებას უწყობს ხელს. კარგი იქნება, თუ ანანასს თქვენს რაციონში ხანდახან მაინც ჩართავთ. ის შეგიძლიათ პირდაპირ მიირთვათ, ან სალათებში გამოიყენოთ. თუმცა, ფრთხილად იყავით, რადგან ანანასმა შეიძლება ანტიბიოტიკების მოქმედება გააძლიეროს.

    დარიჩინი

    დარიჩინი არა მხოლოდ კერძებს გემოს და სურნელს აძლევს, არამედ ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედებაც აქვს. ეს კი ეთერზეთის – ევგენოლის ხარჯზე ხდება. როგორც წესი, დარიჩინს ცომეულში ხმარობენ, ან ყავას ამატებენ. მთავარია ნამდვილი დარიჩინი სუროგატში არ აგერიოთ.მსოფლიოში ორი სახის დარიჩინი არსებობს – ცეილონური და კასია. ცეილონურ დარიჩინს სასარგებლო თვისებები აქვს და ძვირიც ღირს. კასიას კი, რომელსაც მაღაზიაში ხშირად როგორც დარიჩინს ისე ყიდიან, არათუ ანტიბაქტერიული თვისებები არ აქვს, არამედ საკმაოდ ტოქსიკურიც არის და სხვადასხვა დაავადებებს იწვევს.

    ლიმონი


    გაციებისას ციტრუსები, განსაკუთრებით ლიმონი ხშირად პირველ რიგში გვახსენდება. ეს ტყუილად არ ხდება. ლიმონის კანი ფიტონციდებს შეიცავს, რის გამოც ის თავისი ანტისეპტიკური მოქმედებით გამოირჩევა: ანადგურებს მიკრობებს და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია. გარდა ამისა, ლიმონი ვიტამინების ნამდვილი საბადოა (С, А B1, B2, D, P). გაითვალისწინეთ, რომ ლიმონი ადუღებულ წყალში სასარგებლო თვისებებს კარგავს. ამიტომ ნუ ჩააგდებთ ახლად წამოდუღებულ წყალში. დაელოდეთ სანამ ოდნავ გაგრილდება.

    ხახვი


    ხახვი სერიოზულ კონკურენციას უწევს ნიორს, როცა საქმე ვირუსებისგან და ბაქტერიებისგან დაცვას ეხება. ის შეიცავს ბუნებრივ ანტისეპტიკებს – ფიტონციტებს. მკვეთრი გემოს მქონე ბოსტნეული პათოგენურ მიკროორგანიზმებს კლავს, იმუნიტეტს ამაღლებს და სისხლის გაწმენდას უწყობს ხელს. საკვებში ხახის გამოყენება არა მხოლოდ გემოს აძლევს მას, არამედ ორგანიზმს ვირუსებთან და მიკრობებთან, მათ შორის სტეპტოკოკებთან ბრძოლაში ეხმარება.

  • ამერიკაში კორონავირუსის სამკურნალოდ 2 მედიკამენტს ტესტავენ

    ამერიკაში კორონავირუსის სამკურნალოდ 2 მედიკამენტს ტესტავენ

    ამერიკელი მეცნიერები კორონავირუსის სამკურნალოდ 2 ახალ მედიაკამენტზე მუშაობენ. ისინი მედიაკამენტებს ცდიან, რომლებიც მოსახლეობისთვის ფინანსურად ხელმისაწვდომი იქნება.

    ამჟამად, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვაქცინა არ არსებობს. ვირუსი სწრაფად გადადის ჰაერწვეთოვანი გზით და პაციენტებს, მხოლოდ ზოგადი სამედიცინო დამხარების მიღება შეუძლიათ.

    მიმდინარე კვირაში მინესოტის უნივერსიტეტმა 1,500 ადამიანის მონაწილეობით კვლევა დაიწყო იმის დასადგენად, შეიძლება თუ არა მალარიის სამკურნალო მედიკამენტმა თავიდან ააცაილოს პაციენტს ან შეუმციროს კორონავირუსით გამოწვეული სიმპომები. კიდევ 2 სხვა კვლევა სწავლობს იმას, შეუძლია თუ არა წნევის წამალ “ლოსარტანს” გამოდგეს ვირუსის სამკურნალოდ.

    მალარიის სამკურნალო პრეპარატზე კვლევა ჩაატარეს ჩინეთში, ავსტრალიასა და საფრანგეთშიც. ამ პრეპარატს პოპულარიზაციას კომპანია “თესლას” აღმასრულებელი დირექტორი, ელონ მასკი უწევს, რომელმაც ის 2000 წელს დალია და მალარიისგან განიკურნა.

    “ჩვენ ვცდილობთ, მეცნიერების ბერკეტები გამოვიყენოთ და ვნახოთ შეგვიძლია თუ არა რაიმეს გაკეთება კონტაქტების შეზღუდვის გარდა” – თქვა ექიმმა ჯეიკობ ტოლარმა, მინესოტის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის რექტორმა. “შედეგები რამდენიმე კვირაში გვექნება” – დასძინა მან.

  • როგორ გავუფრთხილდეთ ფსიქიკურ ჯანმრთელობას კორონავირუსის პანდემიის პირობებში

    როგორ გავუფრთხილდეთ ფსიქიკურ ჯანმრთელობას კორონავირუსის პანდემიის პირობებში

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს აქვეყნებს, რომელიც კორონავირუსის პირობებში ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის მოსახლეობისთვის გაიცა.

    როგორც რეკომენდაციაშია აღნიშნული, იმის გამო, რომ COVID-19 ბევრ ქვეყანაში გავრცელდა, მოსახლეობას მიმართავენ, არ დააკავშიროთ ვირუსი რომელიმე ეთნიკურ ჯგუფსა თუ ეროვნებასთან, გამოიჩინონ თანაგრძნობა მათ მიმართ, ვისაც ეს პრობლემა გაუჩნდა, მიუხედავად რეგიონისა და ქვეყნისა.

    გთავაზობთ ფსიქოლოგ, ჯანა ჯავახიშვილის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების თარგმანს :

    მოსახლეობისთვის

    1. COVID-19 გავრცელდა ბევრ ქვეყანაში. ამიტომ, გთხოვთ, არ დააკავშიროთ ის რომელიმე ეთნიკურ ჯგუფსა თუ ეროვნებასთან. გამოიჩინეთ თანაგრძნობა მათ მიმართ, ვისაც ეს პრობლემა გაუჩნდა, მიუხედავად რეგიონისა და ქვეყნისა. მათ, ვინც ავად გახდნენ, არაფერი დაუშავებიათ.

    2. ნუ უწოდებთ დაავადებულ ადამიანებს „კორონავირუსის შემთხვევებს”, „მსხვერპლებს” „კორონავირუსიან ოჯახებს” ან „ავადმყოფებს”. ისინი არიან „ადამიანები, ვისაც აქვს კორონავირუსი”, „ადამიანები, რომლებიც გადიან მკურნალობას კორონავირუსის გამო”, „ადამიანები, რომლებიც არიან კორონავირუსისგან განკურნების პროცესში” და COVID19-სგან განთავისუფლების შემდგომ დაუბრუნდებიან თავიანთ სამსახურებს, ოჯახებსა და საყვარელ ადამიანებს.

    3. თავი აარიდეთ იმგვარი ახალი ამბებისა თუ გადაცემების ყურებას, რომლებიც თქვენში შფოთვას გაამძაფრებს. ინფორმაცია, ძირითადად, მოიძიეთ იმ მიზნით, რომ განახორციელოთ პრაქტიკული ნაბიჯები თქვენი და თქვენ გარშემო მყოფი ადამიანების თავდაცვის მიზნით. ეძიეთ განახლებული ინფორმაცია დღეში ერთხელ ან ორჯერ. უეცარი და თითქმის უწყვეტი ახალი ამბების ნაკადი ვირუსის გავრცელებაზე ნებისმიერს შეაშფოთებს. გაამახვილეთ ყურადღება ფაქტებზე. შეაგროვეთ ინფორმაცია რეგულარული ინტერვალებით, ჯანმოს ვებგვერდიდან და სხვა ავტორიტეტული და სანდო პლატფორმებიდან – იმისთვის, რომ ფაქტები ჭორებისგან განასხვაოთ.

    4. თავი დაიცავით და სხვებსაც გაუფრთხილდით. სხვისი დახმარება ამგვარი კრიზისის დროს ეხმარება როგორც იმას, ვისაც ეხმარებიან, ასევე თავად დამხმარეს.

    5. ეცადეთ გააზიაროთ პოზიტიური ამბები (მაგალითად – გამოჯანმრთელების თაობაზე) და პოზიტიური იმიჯები ადგილობრივი ადამიანებისა, რომლებმაც გამოიარეს დაავადება და გამოჯანმრთელდნენ, ან მათი, ვინც თავის ახლობლებს თანადგომას უწევს.

    6. აღნიშნეთ იმ ადამიანების ღვაწლი, ვინც ეხმარება დაინფიცირებულ ადამიანებს და ზრუნავს თემის/საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვაზე.

    ჯანდაცვის მუშაკებისთვის

    7. ჯანდაცვის მუშაკები ამჟამად იღებენ ისეთ გამოცდილებას, რომელიც იწვევს სტრესს. ამიტომ, მოცემულ ვითარებაში აბსოლუტურად ნორმალურია იგრძნოთ სტრესი. სტრესი და მასთან დაკავშირებული შეგრძნებები/გრძნობები არ არის იმის მანიშნებელი, რომ თქვენ არ შეგიძლიათ საქმის კეთება, ან რომ სუსტი ხართ. პირიქით. საკუთარი სტრესის მართვა ასეთ დროს იმდენადვე მნიშვნელოვანია, როგორც თქვენი ფიზიკური მდგომარეობის მართვა.

    8. დაუკვირდით და შეეცადეთ, დაიკმაყოფილოთ თქვენი საბაზო საჭიროებები და გამოიყენოთ სტრესთან გამკლავების კონსტრუქციული სტრატეგიები: აუცილებლად მიეცით თავს დასვენების საშუალება – როგორც მუშაობისას, ასევე მორიგეობებს შორის ინტერვალში; იკვებეთ ჯანსაღად, იყავით ფიზიკურად აქტიური, იყავით კონტაქტში მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. თავი აარიდეთ სტრესთან გამკლავების საზიანო სტრატეგიებს: თამბაქოს, ალკოჰოლს და სხვა ნარკოტიკებს. გრძელვადიანი პერსპექტივით ამას თქვენი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გაუარესება შეუძლია. ეს უნიკალური და უპრეცენდენტო გამოცდილებაა ჯანდაცვის ბევრი მუშაკისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, თუ მათ არ აქვთ მსგავსი კრიზისის მოგვარებაში მონაწილეობის გამოცდილება. მიუხედავად ამისა, ძალიან დაგეხმარებათ წარსულში გამოცდილი კონსტრუქციული გამკლავების სტრატეგიების გამოყენება.

    9. ზოგიერთმა თქვენგანმა შესაძლოა საკუთარ თავზე გამოსცადოს ახლობლების, ოჯახის წევრების, მეზობლების მხრიდან თავის არიდების ქცევა – სტიგმისა და შიშის გამო. ამან შესაძლოა, კიდევ უფრო დაგიმძიმოთ სტრესული გამოცდილება. თუ შესაძლებელია, იყავით კავშირში თქვენს საყვარელ ადამიანებთან დიგიტალური საშუალებების გამოყენებით. ასევე, ეძიეთ სოციალური მხარდაჭერა კოლეგების წრეში, თქვენს მენეჯერთან ან სხვა სანდო ადამიანებთან – თქვენი კოლეგები, შესაძლოა, იმავე სირთულეებს განიცდიან, რასაც თქვენ, და ერთმანეთის მხარდაჭერა დაგეხმარებათ, უკეთ იგრძნოთ თავი.

    10. განსაკუთრებული (ინტელექტუალური, შემეცნებითი, ფსიქოსოციალური) საჭიროებების მქონე ადამიანებთან კომუნიკაციისას ვირუსზე გამოიყენეთ მარტივი და გასაგები ენა. თუ ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ხართ, არ შეიზღუდოთ თავი კომუნიკაციის მხოლოდ წერილობითი ფორმით.

    ჯანმრთელობის დაცვის და სამკურნალო ორგანიზაციების მენეჯერებსა და ლიდერებს

    11. შეეცადეთ დაიცვათ თქვენი თანამშრომლები ქრონიკული სტრესისგან და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისგან – ამ შემთხვევაში ისინი უკეთ შეძლებენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას.

    12. იზრუნეთ თანამშრომლებთან კომუნიკაციის მაღალ ხარისხსა და ინფორმაციის რეგულარულ განახლებაზე. გააკეთეთ მუშაკების როტაცია მუშაობის მაღალი სტრესისა და დაბალი სტრესის პირობების მონაცვლეობით. ნაკლები გამოცდილების თანამშრომლები ამუშავეთ პარტნიორობაში უფრო გამოცდილ კოლეგებთან. ორგანიზაციაში/გუნდში წაახალისეთ უერთიერთდახმარების კლიმატი – ეს უზრუნველყოფს მხარდაჭერას, ერთმანეთის სტრესის მონიტორინგსა და უსაფრთხოების პროცედურების დაცვას. ადამიანები, ვინც თემში გადიან სამუშაოდ, აუცილებლად უნდა მუშაობდნენ წყვილებში. წაახალისეთ, მონიტორინგი გაუწიეთ და თავად გააკეთეთ ინიცირება სამუშაო შესვენებებისა, საჭიროების მიხედვით. გააკეთეთ მოქნილი გრაფიკი იმ თანამშრომლებისთვის, ვინც უშუალოდ ექვემდებარება სტრესულ მოვლენებს, ან ვისი ოჯახიც ამგვარ მოვლენებს დაექვემდებარა.

    13. თუ გუნდის ან სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი ხართ – უზრუნველყავით, რომ საჭიროების შემთხვევაში თქვენს თანამშრომლებს ჰქონდეთ ფსიქოლოგიური და ფსიქოსოციალური მომსახურების მიღების შესაძლებლობა. მენეჯერებიცა და გუნდის ხელმძღვანელებიც სტრესორთა იმავე სისტემის ზემოქმედებას განიცდიან, რასაც მათი თანამშრომლები, და ზოგჯერ – გამომდინარე მაღალი პასუხისმგებლობიდან, უფრო მეტსაც კი. ამიტომ, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია, ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, და მეორე მხრივ – მენეჯერებმა პირადი მაგალითით უჩვენონ თანამშორმლებს სტრესთან გამკლავების კონსტრუქციული სტრატეგიები.
    14. გაათვიცნობიერეთ პირველადი ემოციური და ფსიქოლოგიური დახმარების მეთოდებში და პრაქტიკულ ხერხებში მედპერსონალი, სასწრაფოს მძღოლები, მოხალისეები, მასწავლებლები; ისინი, ვინც შემთხვევებს ავლენენ და კარანტინის მუშაკები.

    ბავშვებზე მზრუნველ პირთათვის

    15. დაეხმარეთ ბავშვებს, რათა გამონახონ პოზიტიური გზები (მაგ., ხატვის საშუალებით და სხვ.), რათა გამოხატონ შემაწუხებელი გრძნობები – მაგ., შიში და სევდა. თითოეულ ბავშვს გამოხატვის თავისი გზა აქვს. ზოგჯერ ამის ხელშემწყობია ისეთ შემოქმედებით აქტივობებში ჩართვა, როგორიცაა თამაში, ხატვა, და ა.შ.. შემაწუხებელი გრძნობების გამოხატვა/კომუნიკაცია უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოში ეხმარება ბავშვებს, გაუმკლავდნენ სტრესს.

    16. ამყოფეთ ბავშვები ახლოს თავის მშობლებთან და ოჯახთან, თუ ეს უსაფრთხოა ბავშვებისთვის, და რამდენადაც შესაძლებელია, თავი აარიდეთ ბავშვებისა და მათზე მზრუნველი ადამიანების (მშობლების, ძიძების და ა.შ.) დაცილებას. თუ აუცილებელი გახდა ბავშვის დაშორება მის ძირითად მზრუნველთან, მაშინ დარწმუნდით, რომ მას კარგ ალტერნატიულ ზრუნვას უწევენ და სოციალური მუშაკი ან მისი ექვივალენტი რეგულარულად შეამოწმებს ბავშვის კეთილდღეობას. ამასთან, დაშორების პერიოდში, უზრუნველყავით ბავშვის რეგულარული კონტაქტი მისი ოჯახის წევრებთან/მზრუნველებთან – იქნება ეს დღეში ორჯერ სატელეფონო საუბარი, ან ვიდეო ზარი, თუ სხვა, ასაკისთვის შესაფერისი კომანუნიკაციის ფორმატი (მაგ, სოციალური მედია).

    17. მაქსიმალურად შეინარჩუნეთ ჩვეული რუტინა, განსაკუთრებით, როცა ბავშვი სახლშია იზოლირებული. ჩართეთ ბავშვი ასაკისთვის შესაფერის აქტივობებში. რამდენადაც შესაძლებელია, წაახალისეთ ბავშვი, ურთიერთობა ჰქონდეს და ითამაშოს სხვებთან – თუნდაც საკუთარი ოჯახის წევრებთან, თუ ოჯახი იზოლაციის მდგომარეობაშია.

    18. სტრესისა და კრიზისის პერიოდში, ბავშვებს მეტი ურთიერთობა სჭირდება და ისინი ითხოვენ კიდევაც მშობლების ყურადღებას. განიხილეთ კორონავირუსი თქვენს შვილებთან გულწრფელად და მათი ასაკისთვის შესაბამისი ფორმით. თუ შეატყობთ, რომ ბავშვი წუხს, განიხილეთ მისი წუხილი ერთობლივად, ამან შესაძლოა, შეამსუბუქოს მისი მდგომარეობა. ბავშვები აკვირდებიან ზრდასრულთა ემოციებსა და ქცევას და მათგან სწავლობენ რეაგირებას და ემოციების მართვას განსაცდელის დროს.

    მათთვის, ვინც ხანდაზმულებზე ზრუნავს

    19. ხანდაზმულებმა, განსაკუთრებით მათ, ვინც იზოლაციაში არიან, ან ვინც დემენციის მდგომარეობაშია, შესაძლოა მეტად იშფოთონ, ჰქონდეთ მეტი ბრაზი, სტრესი, იყვნენ აჟიტირებული ან გაითიშონ ამგვარი კრიზისის/კარანტინის დროს. გაუწიეთ პრაქტიკული და ემოციური დახმარება არაფორმალური კავშირებისა (ოჯახის) და პროფესიონალების დახმარებით.

    20. გაუზიარეთ მარტივი ფაქტები იმის თაობაზე, რა ხდება, და მკაფიო ინფორმაცია იმაზე, როგორ არის შესაძლებელი ინფიცირების რისკის დაქვეითება – ისეთი ფორმით, რომ ადვილად გასაგები იყოს შემეცნებასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე მოხუცებისთვისაც. რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ გაუმეორეთ ინფორმაცია. ინსტრუქციები უნდა იყოს არტიკულირებული მკაფიოდ, მოთმინებითა და პატივისცემის გამოხატვით. შესაძლოა, დავეხმაროთ, ასევე, წერილობითი ფორმით, ან ნახატებით. ჩართეთ ოჯახის წევრები და სხვა დამხმარეები ინფორმაციით უზრუნველყოფის პროცესში და აგრეთვე, თავდაცვითი ქცევის გამომუშავებაში (მაგ., ხელების დაბანის).

    21. წაახალისეთ ხანდაზმულები (მაგ., კეთილდღეობაში მცხოვრები პენსიონერები), რომ მოხალისეობრივი აქტივობები ჩაატარონ თემში – დაეხმარონ თანატოლებს, გადაამოწმონ მეზობლების მდგომარეობა, იზრუნონ სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალის შვილებზე და ა.შ.

     

    მათთვის, ვინც იზოლაციაშია

    22. იყავით აქტიური სოციალურ ქსელებში. იზოლაციაშიც კი შეეცადეთ, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ თქვენი პირადი საყოველდღეო ჩვეული რუტინა. თუ რეკომენდებულია, რომ ფიზიკური კონტაქტი შეზღუდოთ, რათა გადადების საფრთხე შემცირდეს, შეგიძლიათ იაქტიუროთ სოციალური ქსელებში, იმეილზე, ვიდეოკონფერენციებსა და სატელეფონო საუბრებით.

    23. სტრესის დროს, მიაქციეთ ყურადღება თქვენს საკუთარ საჭიროებებსა და გრძნობებს. ჩაერთეთ ჯანსაღ აქტივობებში, რომელიც გსიამოვნებთ და მარელაქსირებელია. ივარჯიშეთ, შეინარჩუნეთ ძილის ჩვეული რუტინა, იკვებეთ ჯანსაღად. შეხედეთ მოვლენებს პერსპექტივაში. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სააგენტოები და ექსპერტები ყველა ქვეყანაში მუშაობენ, რათა უზრუნველყონ საუკეთესო ზრუნვის ხელმისაწვდომობა მათთვის, ვინც ინფიცირებულია.

    24. თითქმის უწყვეტი ახალი ამბების ნაკადმა ინფექციის გავრცელების შესახებ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება აგრძნობინოს შფოთვა და დისტრესი. ეძიეთ განახლებული ინფორმაცია დროის კონკრეტულ/გარკვეულ პერიოდებში ჯანდაცვის პროფესიონალებისგან და ჯანმოს ვებგვერდზე, და თავი აარიდეთ ჭორების მოსმენას, რაც დისკომფორტს იწვევს.

  • ავსტრალიელმა მეცნიერებმა შეისწავლეს როგორ ებრძვის იმუნური სისტემა კორონავირუსს.აღმოჩენა ვაქცინის შექმნის პროცესს დააჩქარებს

    ავსტრალიელმა მეცნიერებმა შეისწავლეს როგორ ებრძვის იმუნური სისტემა კორონავირუსს.აღმოჩენა ვაქცინის შექმნის პროცესს დააჩქარებს

    ავსტრალიელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მათ მოახერხეს გაერკვიათ კონკრეტულად როგორ ებრძვის ადამიანის იმუნური სისტემა კორონავირუსს. მათი კვლევის შედეგები დღეს ჟურნალ Nature Medicin–ში გამოქვეყნდა. კვლევა აჩვენებს, რომ ახალი ვირუსული ინფექციის დაძლევის მექანიზმი პრაქტიკულად არ განსხვავდება ჩვეულებრივ გრიპთან ბძროლისგან.
    ეს კი იმას ნიშნავს, რომ კვლევა დაეხმარება კორონავირუსის ვაქცინის შემუშავების პროცესს.

    ამ მომენტისთვის მთელ მსოფლიოში კორნავირუსით დაინფიცირების 190 000–ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. უკვე გარდაიცვალა 7500 ადამიანი.

    “ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია იმით რომ ჩვენ პირველად მივხვდით დანამდვილებით, როგორ ებრძვის ჩვენი ორგანიზმი კორონავირუსს“ –ამბობს კვლევის თანაავტორი, პროფესორი კეტრინ კედზირსკა.

    ბევრი ექსპერტი დადებითად გამოეხმაურა კვლევას, რომელიც მელბურნის ინფექციის და იმუნიტეტის ინსტიტუტში ტარდებოდა.

    რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა:

    Covid-19–ით დაინფიცირებული ადამიანების უმრავლესობის გამოჯანმრთელება ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანის იმუნურ სისტემას ვირუსის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა შეუძლია.
    თუმცა, კონკრეტულად როგორ ხდება ეს ბრძოლა? სწორედ ეს დაადგინეს ავსტრალიელმა მეცნიერებმა, რომლებმაც ამ ბრძოლაში მონაწილე იმუნური უჯრედების ოთხი ტიპი გამოავლინეს.

    კვლევაში მოხალისეები მონაწილეოდნენ, რომლებიც მანამდე ჯანმრთელობას არ უჩიოდნენ და რომელთაც ვირუსი მსუბუქი ფორმით გადაიტანეს.

    ამგვარად, ავსტრალიის ერთ–ერთ საავადმყოფოში მოხვდა 47 წლის ქალი უხანიდან, რომელიც 14 დღეში გამოჯანმრთელდა.

    ბიბისისთან ინტერვიუში პროფესორი კერძირსკა ამბობს, რომ მკვლევარებმა ამ პაციენტის იმუნური სისტემის რეაქცია სრულად შეისწავლეს.

    სამი დღით ადრე, სანამ გამოჯანმრთელებას დაიწყებდა ქალის სისხლში სპეციფიური უჯრედები შენიშნეს. მეცნიერის თქმით, სწორედ ეს უჯრედები ჩნდება გამოჯანმრთელებამდე ცოტა ხნით ადრე, ანუ ზუსტად იგივე პერიოდში ჩვეულებრივი გრიპით დაინფიცირებულებს.


    ფოტოებზე ჩანს როგორ სუფთავდება დაავადებულის ფილტვები იმუნური უჯრედების გამოჩენის შემდეგ

    პროფესორი ამბობს, რომ ძალიან გაახარა ამ შედეგებმა და იმ ფაქტმა, რომ მათ შეძლეს დაინფიცირებულ პაციენტებში კლინიკურ გამოჯანმრთელებამდე იმუნური უჯრედების გამოჩენის დაფიქსირება. ათობით მეცნიერი ოთხი კვირის განმავლობაში 24 საათის განმავლობაში ატარებდა ანალიზებს ამ შედეგის მისაღწევად.

    როგორ შეიძლება ამან გავლენა იქონიოს კორონავირუსთან ბრძოლაზე?

    “როდესაც იცით რა მომენტში ამოქმედდება იმუნური უჯრედები შეგიძლიათ განსაზღვროთ განკურნების რა სტადიაზეა პაციენტი“– ამბობს პროფესორი ბრიუს ტომპსონი.

    თავის მხრივ, ავსტრალიის ჯანდაცვის მინისტი, გრეგი ხაზს უვამს, რომ აღმოჩენამ შეიძლება კორონავირუსის ვაქცინისა და სამკურნალო პრეპარატების შემუშავება დააჩქაროს.

    კვლევის ავტორებს კი უკვე ახალი ამოცანა აქვთ დასახული: გაარკვიონ, რატომ რეაგირებს მძიმე შემთხვევებში იმუნური სისტემა სუსტად დაავადების წყაროზე. მათ უნდათ მიხვდნენ, რით განსხვავდებოდნენ გარდაცვლილი ან მძიმედ დაავადებული პაციენტები დანარჩენებისგან და ამის შედეგად შეიმუშავონ მათი გადარჩენის მეთოდი.

  • მედიკოსებმა დაადგინეს, სისხლის რომელი ჯგუფის ადამიანები არიან უფრო მგრძნობიარე ახალი კორონავირუსის მიმართ

    მედიკოსებმა დაადგინეს, სისხლის რომელი ჯგუფის ადამიანები არიან უფრო მგრძნობიარე ახალი კორონავირუსის მიმართ

    მეორე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები კორონავირუსით სხვებზე უფრო ხშირად ავადდებიან. ამის შესახებ ჩინელ მეცნიერთა ჯგუფის სტატიაშია ნათქვამი, რომელიც სამედიცინო კვლევების საიტ medrxiv–ზე არის გამოქვეყნებული.

    ჩინელმა მეცნიერებმა მიზნობრივი კვლევა ჩაატარეს იმის დასადგენად, არსებობს თუ არა კავშირი პაციენტების სისხლის ჯგუფსა და ახალი ტიპის კორონავიურსის მიმართ მათ მდგრადობას შორის. მათ აიღეს 2173 Covid19-ით დაინფიცირებული პაციენტის ანალიზის ნიმუშები უხანის და შენჩჟენის სამი საავადმყოფოდან , რომელთაგან 206 კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტების იყო.

    მეცნიერებმა თავდაპირველად უხანის 3694 ჯანმრთელი მცხოვრებისგან შემდგარი საკონტროლო ჯგუფი გამოიკვლიეს და გაარკვიეს, რომ მათ შორის 33,84% – ს 1 ჯგუფის სისხლი აქვს, 32,16% – ს II–ე ჯგუფის სისხლი, 24,90% – ს III ჯგუფის სისხლი, 9,10% – ს კი IV–ე.

    ცზინიატანის საავადმყოფოს 1775 დაავადებული პაციენტის ტესტებმა (მათ შორის 206 გარდაცვლილის) აჩვენა, რომ 25.8%–ს სისხლის I ჯგუფი ქონდა, 37.75%–ს მეორე ჯგუფი, 26.42 %–ს მესამე, ხოლო 10.03%–ს მეოთხე ჯგუფის სისხლი.

    ანალოგიური შედეგები აჩვენა უხანის კიდევ ერთი საავადმყოფოს და შენჩჟენის საავადმყოფოს 398 პაციენტის კვლევებმა, რის შედეგადაც მეცნიერებმა გააკეთეს დასკვნა, რომ Covid19–ის მიმართ მდგრადობა გარკვეულწილად სისხლის ჯგუფზეც არის დამოკიდებული: II-ე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებისთვის ეს ვირუსი უფრო საშიშია, ვიდრე დანარჩენებისთვის.

  • არიან თუ არა მწერები კორონავირუსის გამავრცელებლები

    არიან თუ არა მწერები კორონავირუსის გამავრცელებლები

    გაზაფხულის მოახლოვებასთან ერთად კორონავირუსის ფონზე გაჩნდა შეშფოთება, რომ ზამთრის ძილიდან გამოღვიძებულმა მწერებმა შესაძლოა ვირუსის გავრცელების ახალი საფრთხე და ახალი მაშტაბი შექმნან. თუმცა სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ ეს მხოლოდ მითია.
    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სპეციალურად შეაგროვა და განმარტა რამდენიმე ყველაზე გავრცელებული მცდარი წარმოდგენა კორონავირუსულ ინფექციაზე. მათ შორის მწერების მიერ მათი გავრცელების შესახებ, უფრო კონკრეტულად კი იმ მოსაზრებაზე, რომ კორონავირუსი შეიძლება მათი ნაკბენით გადაგედოთ.

    კორონავირუსი 2019-nCoV რესპირატორული ვირუსია, ანუ მისი გადაცემის ძირითადი გზა ჰაერ წვეთოვანია. მაგალითად, შეიძლება დაავადდეთ ინფიცირებულის გვერდით, რომელიც ახველებს ან აცემინებს, იმ წვეთების შესუნთქვისას, რომელიც ინფიცირებულის სასუნთქი გზებიდან გამოიყოფა. ამჟამად არ არსებობს არანაირი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ კოღოს ნაკბენის შედეგად შესაძლოა კორონავირუსი გადაგედოთ.

    რა დაავადებები გადააქვთ მწერებს:

    დაავადებებს, რომლებიც მწერების საშუალებით ვრცელდება ტრანსმისიურს უწოდებენ. მათგან ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი მალარიაა. თუმცა, ის ყველა კოღოს როდი გადააქვს. მალარიის გამავრცელებელი მხოლოდ Anopheles–ის სახეობის მდედრი კოღოები არიან. კოღოებს შეუძლიათ მაგალითად ყვითელი ცხელების, ჰემორაგიული ცხელების გადატანა. ეპიდემიის კერებში ეს მწერები შეიძლება ენცეფალიტის გადამტანებიც გახდნენ.

  • როგორ მოვიქცეთ, რომ კორონავირუსი ხანდაზმულ ახლობლებს არ გადავდოთ

    როგორ მოვიქცეთ, რომ კორონავირუსი ხანდაზმულ ახლობლებს არ გადავდოთ

    როგორ მოვიქცეთ, რომ კორონავირუსი ხანდაზმულ ახლობლებს არ გადავდოთ

    ასაკი – ერთ–ერთი მთავარი ფაქტორია, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირებისას სიკვდილიანობაზე ახდენს გავლენას. ჩინეთში ჩატარებულმა კვლევებმა, სადაც Covid-19–ით დაინფიცირების პირველი შემთხვევები გამოვლინდა აჩვენა: რაც უფრო ხანდაზმულია ადამიანი, მით უფრო საშიშია მისთვის კორონავირუსის შედეგები.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით სიკვდილიანობა კორონავირუსის დროს 3.5%–ს შედაგენს, მაგრამ ეს ციფრი არ უნდა აღიქვათ, როგორც Covid-19–ით გარდაცვალების ალბათობა. ჩინელი სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ 80 წელს გადაცილებულ ადამიანებში სიკვდილიანობა დაახლოებით 14.8 პროცენტია, იმ დროს, როცა 10–დან 39 წლამდე ადამიანებში 0.4 %–ს შეადგენს.

    გარდა ამისა, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის ყველა შემთხვევა აღრიცხული არ არის, რადგან ბევრი მას მსუბუქი ფორმით, ისე გადაიტანს ხოლმე რომ თვითონაც ვერ ხვდება და ექიმებს არც კი მიმართავს.

    ამიტომაც დაავადებულებსა და გარდაცვლილებს შორის თანაფარდობა შესაძლოა გაცილებით ნაკლები იყოს, თუ ვირუსის ყველა შემთხვევა აღირიცხება. ბრიტანეთის მთავრობის ექსპერტები მაგალითად ვარაუდობენ, რომ სინამდვილეში ახალი კორონავირუსით სიკვდილიანობა 1%–ს არ აღემატება.

    თუმცა ხანდაზმული ადამიანებისთვის რისკი საკმაოდ მაღალია. რა ზომები უნდა მიიღონ ხანდახმულებმა და მათმა ახლობლებმა: პირველ რიგში, არ არის საჭირო პანიკა. მშვიდად უნდა მიუდგეთ შექმნილ ვითარებას.

    “არსებობს საკმაოდ მარტივი წესი: თუ 65 წლის ასაკს გადააბიჯეთ, დარჩით სახლში. თავდაცვის მთავარი მეთოდებია: ახლო კონტაქტის შეზღუდვა სხვა ადამიანებთან და ურთიერთობისას დისტანციის დაცვა. კორონავირუსი ორი გზით გადადის: ადამიანიდან ადამიანზე ან ზედაპირზე შეხებისას. როგორც წესი, ადამიანები არ უფიქრდებიან, რა ხშირად ეხებიან სხვადასხვა ზედაპირს საზოგადოებრივ ადგილებში. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ამაზე დაფიქრება. ხშირად კითხეთ საკუთარ თავს: მართლაც გადაუდებლად აუცილებელია სუპერმარკეტში ან ბანკში წასვლა? მუდმივად მიგზავნიან ფოტოებს იტალიიდან: მასზე ჩანს განცხადებები სუპერმარკეტებში, სადაც ნათქვამია: თუ 65 წელზე მეტის ხართ, დარჩით სახლში, დაგვირეკეთ ტელეფონით და ჩვენი მოხალისეები მოგიტანენ საკვებს“ – ამბობს ლონდონის სენტ ჯორჯის უნივერსიტეტის პროფესორი, ვირუსოლოგი ელიზაბეტ გროპელი.

    როგორ არ გადავდოთ ვირუსი:

    ჯერჯერობით კორონავირუსის ვაქცინა ან წამალი არ გვაქვს. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა ხანდაზმულებზე ვიზრუნოთ. უნდა ვეცადოთ მათ ვირუსი არ გადავდოთ“ – ამბობს დოქტორი გროპელი და აზუსტებს, რომ აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა, თუმცა არ ღირს პანიკაში ან პარანოიაში ჩავარდნა.

    ხანდაზმულ ადამიანთან კონტაქტამდე დაფიქრდით და დააზუსტეთ: გაქვთ თუ არა სიცხე, 37.5 გრადუსი ან მეტი. გაქვთ თუ არა მშრალი ხველა.

    გახსოვდეთ, რომ იზოლაცია მხოლოდ სახლში გამოკეტვას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს მუდმივად გააზრებულ, დაფიქრებულ ქმედებებს და გადაწყვეტილებებს.


    აშშ–ს დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრები გვირჩევენ, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი ხანდაზმული ნათესავებისთვის:

    • გაიგეთ, რა წამლებს იღებენ თქვენი ახლობლები, დააზუსტეთ, შეგიძლიათ თუ არა მიუტანოთ მათ ეს წამლები საჭიროების შემთხვევაში.
    • მიუტანეთ საკვები.
    • ხანდაზმულებისთვის ჯობს არამალფუჭებადი პროდუქტები იყიდოთ, რომ მაღაზიაში სიარულის საჭიროება მინიმუმამდე დაიყვანოთ.

    რა ვქნათ, თუ ოჯახში ხანდაზმული გვყავს:

    ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში საქართველოში ხანდაზმული ადამიანები ხშირად შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობენ. ასეთ სიტუაციაში კონტაქტების თავიდან არიდება შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია რისკის შემცირება.

    იტალიურმა გაზეთმა La Repubblica–მ ამ კვირაში შეადგინა სპეციალისტების რეკომენდაციების სია, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ სახლში ვირუსით დაინფიცირებული გვყავს. ზოგიერთი რეკომენდაცია მათაც გამოადგებათ, ვისაც სურს ხანდაზმულ ოჯახის წევრს განსაკუთრებით გაუფრთხილდეს.

    მაგალითად, ერთ–ერთი რჩევის მიხედვით ხანდაზმულ ადამიანს ჯობს ცალკე ოთახი გამოუყოთ, რომელიც კარგად ნიავდება. მასთან ურთიერთობისას სამდიცინო ნიღაბი გაიკეთოთ, გარდა ამისა, დღეში რამდენჯერმე გააკეთოთ იმ ზედაპირების დეზინფიცირება, რომლებსაც ოჯახის წევრები ეხებიან.