Category: ჯანმრთელობა

  • “ინტერნეტი სავსეა ცრუ ინფორმაციით და სიცოცხლისთვის საშიში რეკომენდაციებით“–რას გვირჩევს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი

    “ინტერნეტი სავსეა ცრუ ინფორმაციით და სიცოცხლისთვის საშიში რეკომენდაციებით“–რას გვირჩევს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი

    ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჩკორი კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ აქტიურად ერთვება ქართულ ტელეეთერებში და საკუთარ ფეისბუქ გვერდზეც ქართულ აუდიტორიას მუდმივად აწვდის ინფორმაციას და რჩევებს. ის The Mount Sinai Hospital–ში მუშაობს და კოლეგებთან ერთად კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობს. გთავაზობთ მის ბოლო რჩევებს, რომლებიც ექიმმა ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა:

    “რაც ეს ეპიდემია დაიწყო, ყოველ დღე ვესაუბრები უამრავ უცნობ ადამიანს. ვცდილობ შეძლებისდაგვარად ვუპასუხო მათ კითხვებს და დავეხმარო დაავადების სახლში მართვაში (თუ ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებენ). ძალიან ხშირად ვაწყდები შემთხვევებს, როცა თვითნებურად ღებულობენ სხვა და სხვა ანტიბიოტიკებს, განსაკუთებით კი ორი ცნობილი ანტიბიოტიკის კომბინაციას (სახელებს შეგნებულად არ ვწერ, რომ ვინმეს არ გაუჩნდეს მიღების სურვილი). გთხოვთ ნუ იზამთ ამას!

    კორონავირუსით გამოწვეული დაავადების სამკურნალოდ მედიკამენტები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პაციენტს აღენიშნება სუნთქვის მძიმე უკმარისობა და არის ჟანგბადზე დამოკიდებული ან მართვით სუნთქვაზე. სხვა შემთხვევაში არანაირ მედიკამენტს არ ვიყენებთ! მეტიც, ორივე ამ ცნობილ წამალს ახასიათებთ ძალიან მძიმე გვერდითი ეფექტები, მათ შორის სიკვდილის რისკის შემცველი არითმია, ეგრეთ წოდებული პარკუჭოვანი ფიბრილაცია.
    არ მიიღოთ ეს წამლები ექიმის ნებართვის გარეშე, გთხოვთ!

    ჩემს კოლეგებს კი ვთხოვდი ნუ გამოწერთ ამ წამლებს სახლის პირობებში.კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კორონავირუსით გამოწვეული დაავადების მსუბუქ ფორმებს არ სჭირდება არანაირი მედიკამენტოზური მკურნალობა.

    ასეთი ფორმების მართვის მთავარი პრინციპებია:

    1. აღრიცხეთ სიმპტომების გამოვლენის პირველი დღე.
    2. ყურადღებით დააკვირდით სიმპტომებს და ყოველი ახალი სიმტომის გამოვლენა ასევე აღნიშნეთ (ეს ექიმს დაეხმარება დაავადების მიმდინარეობის პროგნოზირებაში).
    3. მიიღეთ საკმარისი რაოდენობით სითხეები.
    4. ეცადეთ იკვებოთ სრულფასოვნად, რამდენადაც მოახერხებთ. დაავადებას ახასიათებს ყნოსვის და გემოს გაქრობა და შეიძლება კვება სასიამოვნო არ იყოს, მაგრამ ეს აუცილებელია იმისთვის რომ ელექტროლიტური. ბალანსი არ დაირღვეს და დეჰიდრატაცია არ მოხდეს.
    5. თუ საშუალება გაქვთ იზოლაციის პირობების დაცვით, გაატარეთ დრო სუფთა ჰაერზე (ეზოში ან აივანზე, ნუ ისეირნებთ იქ სადაც სხვები სეირნობენ).
    6. ეცადეთ იძინოთ მუცელზე, ეს განსაკუთებით იმათ ეხება ვისაც ხველა ან სუნთვის უკმარისობა აქვს გამოხატული. მუცელზე ძილი (ეგრეთ წოდებული ფრონინგი) წამალზე უკეთესი საშუალებაა ფილტვების დასაცავად. ფრონინგი არაა რეკომდენირებული სიმსუქნით დაავადებულებისთვის. ამ ჯგუფში ხშირად, უარყოფით შედეგსაც კი ვღებულობთ.
    7. ასევე, სუნთქვის უკმარისობის მქონეთ შეგიძლიათ მარტივი მეთოდებით ავარჯიშოთ ფილტვები რომ აერაცია სრულფასოვანი იყოს ყველგან. არსებობს მარტივი მოწყობილობა incentive spirometer (ქართულადაც მგონი სპირომეტრი ჰქვია) და ავარჯიშეთ ფილტვები ამის გამოყენებით. ჩვეულებრივ აფთიაქებში იყიდება. თუ სპირომეტრი არ გაქვთ შეგიძლიათ ჩვეულებრივი გასაბერი ბურთი ან ბუშტი გამოიყენოთ და ბეროთ დღეში რამდენჯერმე (რაც მეტი მით უკეთესი). დაავადებას ახასიათებს ძლიერი, ზოგადი სისუსტე, მაგრამ შეეცადეთ ფილტვების კარგი აერაცია როგორღაც უზრუნველყოთ.
    8. სასურველია შეიძინოთ პულსოქიმეტრი. ძალიან მარტივი, თითზე წამოსაცვამი მოწყობილობაა. ასევე იყიდება ჩვეულებრივ აფთიაქებში. ამით შეძლებთ სისხლში ჟანგბადის შემცველობის მონიტორინგს. მაჩვენებლები გაუზიარეთ თქვენს ექიმს. ამ და სხვა კლინიკური მონაცემების დაჯამება საშუალებას მისცემს თქვენს ექიმს გადაწყვიტოს შესაძლებელია თუ არა სახლის პირობებში მკურნალობის გაგრძელება. თუ პულსოქსიმეტრი არ გაქვთ დარდს ნუ მიეცემით, გამოცდილი ექიმი ამის გარეშეც მიიღებს სწორ დაგაწყვეტილებას.
    8. ტემპერატურის საკონტროლებლად გამოიყენეთ ტალინოლი, თუმცა ისიც იცოდეთ რომ შეიძლება სრულად კონტროლი ვერ მოხერხდეს. ეს საშიში არაა, ტალინოლი უფრო იმისთვისაა საჭირომ რომ დისკომფორტი შეიმსუბუქოთ.
    9. არ დაგავიწყდეთ ქრონიკული დაავადებების მკაცრი კონტროლი. განსაკუთრებით დიაბეტის იდეალური მართვაა აუცილებელი.
    10. ეცადეთ დაავადების პერიოდში არ დაიწყოთ რამე ახალი პრეპარატი სხვა დაავადების სამართავად თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა არ არსებობს.
    11. დაისვენეთ ბევრი, ეცადეთ განიტვირთოთ და ნუ ჩაეჭიდებით ნეგატიურ ინფორმაციას.
    12. სასურველია არ მისდიოთ არაექიმი მეზობლების, მეგობრების, ბიცოლების და მამიდების რეკომენდაციებს. აირჩიეთ ერთი ექიმი ვისაც ენდობით და მოუსმინეთ მას. ბევრ წყაროზე დამოკიდებულება შეცდომების ალბათობას ზრდის.
    13. ნუ დაეყრდნობით არაოფიციალურ წყაროებს. ინტერნეტი სავსეა ცრუ ინფორმაციით, ხშირად სიცოცხლისთვის საშიში რეკომენდაციებითაც კი.
    14. არავითარი სპორტი და დიეტები ავადობის დროს. სხეულის გალამაზებას დაავადების გადავლის შემდეგაც მოასწრებთ.
    15. და ბოლოს ყველაზე მთავარი, ავადობის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მკაცრი იზოლაციის დაცვა. ასევე აუცილებელია კარანტინის პირობების დაცვა სიმპტომების გაქრობის შემდგომ პერიოდში.
    16. და ისევ, ნუ მკურნალობთ თვითნებურად მედიკამენტებით. ეს სიცოცხლისთვის საშიშია!!!
    ვეცდები შეძლებისდაგვარად ვუპასუხო ყველა წერილს. გთხოვთ იყავით ლაკონურები კითხვებში. ეს დროს დამიზოგავს და მეტი ადამიანის დახმარებას შევძლებ. აქვე გთხოვთ, არასამედიცინო კითხვებს და თხონებს ეხლა ნუ გამომიგზავნით. ამის დროც მოვა და ყველაფერს გავაკეთებ რომ ყველას გიპასუხოთ რეზიდენტურასთან, სტაჟირებასთან და სხვა არასამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებულ კითხვებზე. ეხლა უბრალოდ შეუძლებელია, ჩემს მდგომარებაში, დღეში ათეულობით წერილის პასუხი და ამასობაში არ მინდა გამომრჩეს ისინი ვისაც სამედიცინო დახმარება სჭირდება.

    სანამ სიტუაცია გამოსწორდება, დარჩით სახლში, დაიცავით საკუთარი თავი და ამით გადაარჩენთ უამრავ სიცოცხლეს.

    ხშირად მწერენ, რომ მე და ჩემი კოლეგები გმირები ვართ. ვერ დავეთანხმები ამაში ვერაფრით. ჩვენ ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას. როცა ამ პროფესიას ვირჩევთ, ჩვენ ვიცით რომ ის რისკებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ვალდებულები ვართ ასეთ დროს ვიყოთ თქვენს გვერდით.
    ნამდვილი გმირები არიან ის ადამიანები ვისაც სრულად აქვს გაცნობიერებული სოციალური დისტანცირების აუცილებლობა და ყველა რეკომენდაციის დაცვით უფრთხილდებიან საკუთარ და სხვის სიცოცხლეს. ხშირად საარსებო წყაროს დაკარგვის ფასად.
    და ბოლოს, ჩვენ აუცილებლად გადავლახავთ ამ ურთულეს პერიოდს. ყველანი ერთად გამოვალთ აქედან მეტი ცოდნით, მეტი გამოცდილებით და ახალი ფასეულობებით.

  • “ვირუსი ლაპარაკის დროსაც გამოიყოფა“– ამერიკის მთავარი ინფექციონისტის პასუხები ამ დროისთვის მთავარ კითხვებზე

    “ვირუსი ლაპარაკის დროსაც გამოიყოფა“– ამერიკის მთავარი ინფექციონისტის პასუხები ამ დროისთვის მთავარ კითხვებზე

    კორონავირუსის გავრცელების დღიდან ამერიკული მედიის ყველაზე ხშირი და სასურველი სტუმარი ამერიკელი იმუნოლოგი და ინფექციონისტი, ენტონი ფაუჩია, რომელიც 1984 წლიდან აშშ–ს ალერგიისდა ინფექციური დაავადებების ნაციონალური ინსტიტუტის დირექტორია, 2020 წლის იანვრიდან ის არის თეთრი სახლის კორონავირუსთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფის წევრი. მის რჩევებს ითვალისწინებს თეთრი სახლის ადმინისტრაცია კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგიის დაგეგმვისას. სწორედ მან გადააფიქრებინა დონალდ ტრამპს გადაწყვეტილება აღდგომამდე კარანტინის შეწყვეტის შესახებ და დაარწმუნა, რომ ის მინიმუმ ერთი თვით უნდა გაეგრძელებინა.  ის არის ყველაზე კვალიფიციური ადამიანი ამ სფეროში ამერიკაში და პანდემიის დაწყების დღიდან სხვადასხვა გადაცემების ხშირი სტუმარია. ბოლო ინტერვიუში ის საუბრობს ნიღბების ტარების აუცილებლობაზე, რაც აქამდე თითქოს და აუცილებლად არ ითვლებოდა.

    “სულ უფრო მეტი ინფორმაცია მოგვდის იმის შესახებ, რომ ადამიანები, ვისაც არავითარი სიმპტომი არ აქვთ, შეიძლება იყვნენ ვირუსის გადამტანები და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამის გაკეთება(ვირუსის გადაცემა)შეუძლიათ უბრალოდ ლაპარაკის დროს. ამდენად სულ ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ ლაპარაკისას ხმის გამოყოფის სისწრაფესთან ერთად ხდება ვირუსის გამოყოფა, ვირუსი ძალიან შორს არ აღწევს ასეთ დროს, მაგრამ მინიმუმ 2 მეტრიანი დისტანცია არის აუცილებელი. ადამიანები ისეთი ელემენატრული საქმეეების მოსაგვარებლად გადიან ხოლმე სახლიდან, როგორიცაა სურსათის ან წამლის ყიდვა და უნებლიედ, შესაძლოა, აღმოჩნდენენ ისეთ სიტუაციაში, როცა ძალიან ახლოს დგანან ვირუსის მატარებელ ადამიანთან. ასეთ დროს ტრანსმისია(გადაცემა) შესაძლოა მოხდეს.. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა ნიღბები ატაროს, რადგან ორივე, ის ვინც დაინფიცირებულია და ის, ვინც ჯანმრთელია დაიცავს ერთმანეთს.

    პირველ რიგში დამცავი ნიღბები ჭირდება სამედიცინო პერსონალს, რომელიც ფრონტის წინა ხაზზეა, ამიტომ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხალხი მასობრივად დაიწყებს ნიღბების შეძენას, ჩვენი სამედიცინო პერსონალი არ დაზარალდეს, ვინც უშუალოდ იბრძვის კორონავირუსით დაავადებულთა სისცოცხლის გადასარჩენად. ამიტომ არ არის აუცილებელი ასეთი ნიღაბი პროფესიონალური ტიპის იყოს, ეს შეიძლება იყოს სხვა ნებისმიერი საშუალება, რომელიც სახეს დაგიფარავთ.

    ჟურნალისტი დაინტერესდა, რა ახალი ინფორმაცია არსებობს, იმის შესახებ, თუ რამდენი ხანი ჩერდება ჰაერში ეს ვირუსი, ან თუნდაც ნივთების ზედაპირზე–მაგალითად პარკების სახელურებზე, რომელიც სასურსათო მაღაზიიდან მოგვაქვს, ქაღალდის ფურცლებზე, ან სხვა ნივთებსა თუ ზედაპირებზე. რა არის ცნობილი ამის შესახებ ამ დროისთვის?

    დოქტორი ფაუჩი: კვლევები ჩატარდა კონკრეტულად რადმდენ ხანს ცოცხლობს ეს ვირუსი მეტალზე, ემალზე, სხვა ზედაპირებზე, ტანსაცმელზე… ვირუსი რჩება სხვადასხვა დროის განმავლობაში, შესაძლოა რამდენიმე საათი, 1 ან 2 დღე, თუმცა მისი კონცენტრაცია შესაძლოა იყოს იმდენად მცირე, რომ არ წარმოადგენდეს საფრთხეს. იმისთვის რომ ნებისმიერ შემთხვევაში საფრთხე თავიდან ავიცილოთ, უნდა მუდმივად ვწმინდოთ ის ადგილები, რომელსაც ხშირად ვეხებით სპირტის შემცველი ან სხვა სადეზინფექციო ხსნარებით. რასაკვირველია პირველი რეკომენდაცია ხელები ხშირად დავიბანოთ. მე მაგალიტად 50ჯერ ვიბან ხელებს დღის განმავლობაში…

    კითხვა:როდის შეიძლება მოეშვას, მოდუნდეს, ამოისუნთქოს ხალხმა?

    დოქტორი ფაუჩი:ჩვენ შესაძლოა შევქმნათ პროგრამა, რომელიც რამდენიმე კვირის პროექციას გააკეთებთ და დავინახავთ როგორ ეშვება ქვემოთ მრუდი, მაგრამ, საქმე ისაა, რომ ვირუსი თავად ქმნის საკუთარ გრაფიკს და, არა მე ან თქვენ, ჩვენს მიერ წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით.
    ახლა იმ გრაფიკზე, რომლესაც პირველ რიგში ვაკვირდებით, იზრდება ახალი შემთხვევების რაოდენობა… თუ ეს დასტაბილურდა, იმის მაგივრად, რომ იზრდებოდეს, ამის შემდეგ ჰოსპიტალიზაცია, ინტენსიური თერაპია და სიკვდილიანობაც დასტაბილურდება.

    საქმე ისაა, რომ არის ყოველთვის ჩამორჩენა ახალი შემთხვევების სტაბილიზაციასა და სიკვდილიანობის ზრდას შორის. შესაძლოა, პარადოქსულად გამოიყურებოდეს, მაგრამ ასეა: სტაბილიზაციას როცა მივაღწევთ, სიკვდილიანობის მატება კვლავაც გაგრძელდება, სანამ სტაბილიზაციის მაჩვენებელს არ დაეწევა და გაუტოლდება, ერთ დონეზე არ დადგება. და იმის უტყუარი ნიშანი, რომ რაღაც სასიკეთო ხდება იქნება ის, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებლები დაიწყებს კლებას. სწორედ ამ პროცესს ვაკვირდებით ნიუ იორკში,ნიუ ორლეანში, ჩიკაგოში, დეტროითში – ვაკვირდებით როდის დაიწყება ახალი შემთხევევების მონაცემთა სტაბილიზაცია. ახლა ძალიან ცუდ ეტაპზე ვართ. იქნება გაუარესება მანამ, სანამ გაუმჯობესება დაიწყება.მინდა ამერიკელებს ვუთხრა და გავამხნევო, რომ მოვლენები უკეთესობისკენ აუცილებლად შეიცველბა და ჩვენ აუცილებლად გამოვალთ ამ კრიზისიდან.

    კითხვა: ვიცი არ გიყვართ წარსულზე ლაპარაკი, მაგრამ პირველად როდის მიხვდით რომ ეს ვირუსი უჩვეულო რამაა, რომ არ გავს იმას, რაც აქამდე იცოდით და გაცილებით სერიოზული საფრთხეა?

    დოქტორი ფაუჩი: სადღაც იანვარის დასაწყისში, როცა ჩინელებმა განაცხადეს, რომ ეს იყო უბრალოდ ვირუსი, რომელიც ცხოველისგან ადამიანს გადაეცა და რომ ადამინიდან ადამიანზე გადაცემა არ მომხდარა, ძალიან მალე ცხადი გახდა, რომ სინამდვილეში ასე არ იყო…რომ ეს იყო ვირუსი, რომელიც ადამიანიდან ადამიანს გადაეცემოდა. მაგრამ კოშმარული სწორედ ის იყო, თუ როგორ ეფექტურად ახერხებდა ვირუსი ამას, ის მოქმედებდა ძალიან სწრაფად და როდესაც პირველი რიცხობრივი მონაცემები სიკვდილიანობის შესახებ გახდა საჯარო, ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ეს არ იყო არც მეორე SARS არც მეორე MERS, ეს იყო რაღაც განსხვავებული.

    კითხვა: უკვე ყველამ ვიცით, რომ ჩინელები არ იყვნენ საკმარისად გამჭვირვალე მონაცემების და ფაქტების მოწოდებაში თავიდანვე. ჩინელები რომ ყოფილიყვნენ უფრო ღია და დანარჩენი მსოფლიოსთვის ზუსტი ინფორმაცია მიეწოდებინათ ამ ვირუსის ბუნების და ზიანის მასშტაბის შესახებ, ეს შეამცირებდა თუ არა იმ გავლენას, რაც ამ პანდემიამ დანარჩენ მსოფლიოზე მოახდინა და კერძოდ შეერთებულ შტატებს მიეცემოდა თუ არა ამით მეტი დრო იმისთვის, რომ შესაბამისად მომზადებულიყო?

    დოქტორი ფაუჩი: არ მგონია, რომ რამე შეძლებდა ამ ვირუსის გავრცელების შეჩერებას, ერთადერთი: რომ გვცოდნოდა მაშინ, როდესაც ეს ვირუსი ჯერ კიდევ ჩინეთში ვრცელდებოდა, თუ რამდენად სწრაფად გადამდები იყო ის, მე ვფიქრობ სხვა ქვეყანები სწრაფად შეაჩერებდნენ ჩინეთიდან მოგზაურთა რაოდენობას, ეს დაგვიანება გამჭვირვალობაში იყოს გავლენის მომხდენი.

    კითხვა:არის თუ არა ეს ჩინეთის ხელისუფლებსი პასუხისმგებლობა?

    დოქტორი ფაუჩი:მგონია, რომ დიახ, არის

  • აშშ–ს მედიკამენტების სამმართველომ კორონავირუსის ახალი ტესტი დაამტკიცა

    აშშ–ს მედიკამენტების სამმართველომ კორონავირუსის ახალი ტესტი დაამტკიცა

    ხუთშაბათს აშშ–ს პროდუქტების და მედიკამენტების კონტროლის სამმართველომ კორონავიურსის ახალი ტესტი დაამტკიცა. ეს არის ანტისხეულების პირველი ტესტი ამერიკაში მოხმარებისთვის.

    აქამდე ხელმისაწვდომი ტესტები განკუთვნილია ვირუსული გენების ფრაგმენტების მოძიებისთვის, რაც მიმდინარე დაავადებაზე მიუთითებს.

    ახალი ტესტი კი პირიქით, სისხლში ანტისხეულებს ეძებს. ის ექიმებს უჩვენებს, ქონდა თუ არა პაციენტს ვირუსი და აქვს თუ არა ამჟამად რამენაირი იმუნიტეტი მის წინააღმდეგ.

    ეს მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო: იმუნიტეტიანი ადამიანები შეძლებენ საკუთარი სახლიდან უშიშრად გამოვიდნენ და იმუშაონ. განსაკუთრებით ექიმებისთვისა და ექთნებისთვის არის მნიშვნელოვანი იმის ცოდნა, აქვთ თუ არა ორგანიზმში ანტისხეულები.

    ანტისხეულებზე ტესტირება საბოლოო ჯამში მეცნიერებს დაეხმარება იმის გაგებაში, რამდენად ფართოდ არის გავრცელებული ინფექცია მოსახლეობაში და რამდენია რეალურად სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

    “თუ ჩვენთვის უცნობი დარჩება დაავადების უსიმპტომო ან მსუბუქი შემთხვევები, ვერასოდეს გავიგებთ კლავს თუ არა ახალი ვირუსი ადამიანების მნიშვნელოვან ნაწილს, თუ მხოლოდ მათ ერევა, ვისაც თანმდევი დაავადება აქვს ან უბრალოდ ძალიან არ გაუმართლა“– ამბობს სიეტლში მდებარე ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების ექსპერტი კარლ ბერგსტრემი.

    ანტისხეულების ტესტები უკვე გამოიყენება ჩინეთში, სინგაპურში და სხვა რამდენიმე ქვეყანაში. ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურმა ანტისხეულების მილიონობით ტესტი შეიძინა და იმედი აქვს, რომ მათ სახლის პირობებში მოხმარებისთვისაც ხელმისაწვდომს გახდის.

    Cellex–ის მიერ შემუშავებული ახალი ტესტი  შედეგს 15 წუთში იძლევა. თუმცა ჯერჯერობით არ არის საბოლოო მტკიცებულება, რომ ანტისხეულების არსებობა კორონავირუსისგან დამცავი იმუნიტეტის გარანტიაა.

    კოლუმბიის უნივერსიტეტის ვირუსოლოგის, ანჟელა რასმუსენის თქმით, ახალი ტესტი მხოლოდ ანტისხეულებს ეძებს და კვალიფიციურ დადებით ან უარყოფით პასუხს გვაძლევს, თუმცა ის ვერ განსაზღვრავს, რამდენად წარმატებით მუშაობს ანტისხეულები.

    ზოგიერთი დაინფიცირებულის ორგანიზმში ძლიერი იმუნური რეაქციები გამომუშავდება, ზოგთან არა. და მეცნიერებმა არ იციან, რამდენად დიდხანს ინარჩუნებს ორგანიზმი ვირუსის მიმართ იმუნიტეტს.

  • როგორ განვასხვავოთ გრიპი,  ალერგია და  კორონავირუსი? – იმუნოლოგის რჩევები

    როგორ განვასხვავოთ გრიპი, ალერგია და კორონავირუსი? – იმუნოლოგის რჩევები

    რა ძირთადი სიმპტომებით ვლინდება კორონავირუსული ინფექცია, ჰგავს თუ არა ის გრიპს ან ალერგიას – ამ თემაზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია გოთუამ ისაუბრა.

    „მე, როგორც ალერგოლოგი,  ვცდილოდ ვისაუბრო ჩემი თვალსაწიერიდან. ახლა საქართელოში არის მცენარეთა ყვავილობის პერიოდი და პაციენტებს, რომელთაც აქვთ პოლინოზი, ანუ მცენარეული ალერგია, აქვთ მოლოდინი, რომ შესაძლოა ჰქონდეთ კატარალური მოვლენები, თვალების ქავილი, სურდო, ცემინება. ეს კი ერთის მხრივ, ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ ვირუსულ ინეფექციას. მეორეს მხრივ, კატარალური მოვლენები შეიძლება  ახლდეს კორონავირუსულ ინფექციასაც. საქართველოს მოსახლება ახლა არის სახლში, ამიტომ ადამიანები იშვიათად გამოდიან გარეთ, მაგრამ თუ მაინც მოხდა კონტაქტი გარემოსთან, იწყება სიმპტომები, სურდო და ცემინება. ვირუსული ინფექცია კი, ადამიანს მთელი დღის მანძილზე აქვს და ის ალერგიაში ვერ აგვერევა.

    ვირუსული ინფექცია, მაგალითად გრიპი, იწყება უეცრად, მაშინ როდესაც კორონავირუსული ინფექცია იწყება თანდათანობით, ამიტომ ძალიან ძნელია თავიდან  მიხვდეთ, რომ ეს სწორედ ის ინფექციაა. გრიპი უეცარი და სწრაფია, ხოლო კორონავირუსული ინფექცია, თანმიმდევრობითი.

    კორონავირუსული ინფექციის მთავარი ნიშანი არის ცხელება, ამიტომ დღეს ყველგან, პირველ რიგში ხდება ტემპერატურის შემოწმება. ასევე ხშირი სიმპტომია ხველა, რომელიც შეიძლება იყოს მშრალი, იშვიათად სველი. ცხელებაც და ხველაც შეიძლება ასევე იყოს გამოხატული გრიპის დროს, მაგრამ ამ დროს დასაწყისი არის უეცარი, რაც მას უფო ალერგიასთან აახლოვებს, მაგრამ კორონავირუსული ინფექციის დროს, კატარალური მოვლენები ურო იშვიათია.

    ახლა დავუბრუნდები ალერგიას, რადგან ჩვენ ვაკეთებთ დიფერენციალურ ანალიზს, როდის არის ალერგია, გრიპი და ახალი კორონავირუსი. ალერგიის დროს, პირველი ეს არის კონტაქტი მცენარეებთან. წვიმიან ამინდში ადამიანს სურდო, ცემინება არ აქვს, ამ დროს ილექება მცენარეული მტვრის ნაწილაკები და შესაძლოა პაციენტს არც ჰქონდეს სიმპტომები, თუ მას გარე სამყაროსთან გამოხატული კონტაქტი არ ჰქონია. გრიპსა და ალერგიას კატარალური სიმტომები ახასიათებს, მაგრამ ალერგის შემთხვევაში ისინი კარგად ემორჩილება ანტიჰისტამინურ პრეპარატებს, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა კარგია. მაშინ, როდესა გრიპის ან კორონავირუსული ინფექციის შემთხვევაში, მას შეიძლება ჰქონდეს ინტოქსიკაციის ნიშნები. აქ მნიშვნელოვანია ასაკიც.  ატოპია ანუ ალერგისაადმი მიდრეკილება, უფრო ხშირია შუა ასაკში. ეს არ გამორიცხავს, რომ  ადამიანს ეს სიმპტომები სხვა ასაკშიც ჰქონდეს გამოხატული. გრიპი კი ნიბისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს.

    უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ჩვენ სადიფერენციო სიმპტომებზე ვსაუბრობთ, ეს ყოველთვის არის მეტნაკლები, რადგან მკაცრი ხაზით ამის თქმა, რთულია.”

  • სისხლის მარტივ ანალიზს კიბოს 50 სახეობის ადრეული გამოვლენა შეუძლია. ახალი წარმატებული კვლევა

    სისხლის მარტივ ანალიზს კიბოს 50 სახეობის ადრეული გამოვლენა შეუძლია. ახალი წარმატებული კვლევა

    სისხლის მარტივ ანალიზს 99%–ის სიზუსტით შეუძლია კიბოს 50–ზე მეტი სხვადასხვა სახეობის გამოვლენა ჯერ კიდევ სიმპტომების გამჩენამდე.

    კვლევა, რომლის დროსაც 6000 ადამიანის სისხლის ანალიზი შეისწავლეს, ამერიკელი და ბრიტანელი მეცნიერების ერთობლივმა ჯგუფმა ჩაატარა. ის სილიკონის ველის სტარტაპმა დააფინანსა.

    მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ასეთი ანალიზებით შესაძლებელი იქნება კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენა და მისი წარმატებით მკურნალობა.

    კვლევები ჰარვარდის მედიცინის სკოლის ონკოლოგიის ინსტიტუტის და ბრტანეთის ბრენსის კრიკის ინსტიტუტის მეცნიერებმა ჩაატარეს. შედეგები აკადემიურ ჟურნალ Annals of Oncology–ში გამოქვეყნდა, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის გამოცემაა.

    მართალია ანალიზების 99%, რომლებმაც კიბო გამოავლინა დადასტურდა, მაგრამ მეცნიერებს უნდათ კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ მათ მეთოდს ონკოლოგიური დაავადება არ გამოეპარება. იმისათვის, რომ მცდარი იმედები არავის გაუჩინონ, მეცნიერები კვლევის გარძელებას აპირებენ.

    გარდა ამისა, კლინიკური შემოწმების შედეგებმა აჩვენა, რომ სისხლის ანალიზი უკეთ ავლენს პროგრესირებად ონკოლოგიას, ვიდრე ავადმყოფობის სულ საწყის სტადიას.

    როგორ მუშაობს მეთოდი

    ანალიზი ეძებს ქიმიურ ცვლილებებს, რომლებიც სიმსივნისგან სისხლში, დნმ–ს გენეტიკურ კოდში ხვდება.

    კვლევაში კიბოს 50 სხვადასხვა სახეობის ანალიზი ჩართეს, მათ შორის სწორნაწლავის, საკვერცხეების და ფილტვების კიბოსი. 96%–ში ტესტმა ზუსტად განსაზღვრა ონკოლოგიის ტიპი.

    რას ამბობენ ექსპერტები

    კვლევას სილიკონის ველის სტარტაპი, Grail აფინანსებს, რომლის  ინვესტორთა შორის ამაზონის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსიც არის.

    “როგორც ჩანს ამ სისხლის ანალიზს ყველა საჭირო ნიშან–თვისება აქვს მასობრივი გამოყენებისათვის კიბოს სხვადასხვა სახეობების გამოსავლენად“ – ამბობს კვლევის ერთ–ერთი ავტორი, ჯოფ ოსკნარდი.

    “ყველა გვეკითხება, როდის იქნება ტესტი მზად. წარმატებული კლინიკური შემოწმების შემდეგ 1000 პაციენტზე ეს ტესტი უკვე კლინიკურ ცდებში შეზღუდული გამოყენებისთვის ჩაეშვება“– ამბობს ის.

    თუმცა ამ ანალიზის ფართოდ გამოყენებაზე მხოლოდ მას შემდეგ იქნება საუბარი შესაძლებელი, რაც ამ კლინიკური ცდების შედეგები გახდება ცნობილი.

    “მართალია ეს ანალიზი შემუშავების ადრეულ ეტაპზეა, პირველი შედეგები იმედის მომცემია. ონკოლოგიის გამოვლენას  ყველაზე ადრეულ ეტაპებზე, როცა ის ნაკლებად აგრესიულია და მკურნალობას ექვემდებარება, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანების გადასარჩენად, მაგრამ ამ პოტენციალის რეალიზაციისთვის ტექნოლოგიური ინოვაციები აუცილებელია“ – ამბობს ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია Cancer Research UK–ის წარმომადგენელი დევიდ კროსბი, რომელიც კიბოს ადრეულ გამოვლენაზე მუშაობს.

  • Covid-19  ვაქცინა 2021 წლის დასაწყისში მზად იქნება

    Covid-19 ვაქცინა 2021 წლის დასაწყისში მზად იქნება

    ფარმაკოლოგიური გიგანტი “ჯონსონი და ჯონსონი” აცხადებს, რომ კომპანიის მიერ შემუშავებული ექსპერიმენტალური ვაქცინის გამოცდა სექტემბერში დაიწყება და საგანგებო სიტუაციაში გამოსაყენებლად 2021 წლის დასაწყისში იქნება მზად.

    კომპანიის განცხადებით, ვაქცინის შემუშავებასა და ტესტირებაზე ამერიკის ჯანდაცვის დეპარტამენტთან ერთად ერთი მილიარდი დოლარი გამოყო. თუ ადამიანებში ვაქცინის ტესტირება წარმატებით ჩაივლის, კომპანია მომავალი წლისთვის 1 მილიარდ დოზაზე მეტი ვაქცინის წარმოებას გეგმავს.

    კომპანია ასევე დასძენს, რომ ვაქცინის პირველი ნაწილი საგანგებო სიტუაციებში გამოსაყენებლად 2021 წელის დასაწყისში იქნება მზად.

    კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა ალექს გორსკიმ ტელეკომპანია “ენ-ბი-სის” უთხრა, რომ შემუშავებული აქვთ “კანდიდატი, რომელიც მაღალი ალბათობით წარმატებული იქნება კოვიდ-19-ის წინააღმდეგ.”

    გორსკის განცხადებით, კომპანია ვაქცინას “მოგების მიღების მიზნით” არ იმუშავებს. თუმცა შეკითხვაზე, თუ რა დაუჯდებათ ადამიანებს ვაქცინა, მან პროგნოზის გაკეთებისვგან თავი შეიკავა.

  • ე.წ. “ბეცეჟე“–ს აცრა კორონავირუსის წინააღმდეგ შესაძლოა ძლიერი იარაღი აღმოჩნდეს. კვლევები რამდენიმე კლინიკაში დაიწყო

    ე.წ. “ბეცეჟე“–ს აცრა კორონავირუსის წინააღმდეგ შესაძლოა ძლიერი იარაღი აღმოჩნდეს. კვლევები რამდენიმე კლინიკაში დაიწყო

    კორონავირუსის წინააღმდეგ ე.წ. “ბეცეჟე“–ს აცრა სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლებები და მეცნიერები ეძებენ გზებს, როგორ დაიცვან ისინი, ვინც პანდემიასთან ბრძოლაში ფრონტის წინა ხაზზე იმყოფება. მკვლევარების ნაწილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კორონავირუსისგან სიკვდილიანობის მაჩვენებელი მით ნაკლებია, რაც მეტია ამა თუ იმ ქვეყანაში ეგრედწოდებული ბეცეჟე–ს ვაქცინით აცრილი.

    ჟურნალმა Science–მა დაწერა, რომ ნიდერლანდებში ამ კვირაში დაიწყება ბეცეჟე–თი რევაქცინაცია მოხალისეთა მონაწილეობით. ყველა მოხალისე მედიკოსია.

    ჩვენთან ბეცეჟე–ს(BCG) სახელით ცნობილი აცრა  Calmette-Guerin-ის ( ორი ფრანგი ვირუსოლოგის)   შემოკლებული სახელწოდებაა.ეს არის ტუბერკულოზის შესუსტებული ჩხირის შტამი, რომელსაც ადამიანისთვის ვირულენტურობა დაკარგული აქვს.

    კვლევის მონაწილეები ორ ჯგუფედ დაყვეს. ერთ ნაწილს   ბეცეჟე–ს(BCG) –ს გაუკეთებენ, მეორე ნაწილს კი პლაცებოს, შემდეგ კი შედეგებს შეადარებენ.

    იგივე პროტოკოლს იყენებენ მელბურნელი ვირუსოლოგები.

    ბლუმბერგი წერს, რომ ვაქცინა, რომელიც ტუბერკულოზის პროფილაქტიკისთვის გამოიყენებოდა, მელბურნელ მედიკოსებს გადაეცათ იმის შესამოწმებლად, რამდენად წარმატებით იმუშავებს ის კორონავირუსის წინააღმდეგ.

    ეს ვაქცინა ფართოდ გამოიყენებოდოა 100 წლის განმავლობაში და დროთა განმავლობაში მისი მოქმედების დადებითი შეფასებები სულ უფრო იზრდება. ეს არის არა მხოლოდ ჩვეულებლივი იმუნოთერაპია შარდის ბუშტის სიმსივნის ადრეული სტადიისთვის, არამედ ორგანიზმის პირველი რიგის იმუნური დაცვის გავარჯიშება ინფექციებთან უკეთ საბძროლველად.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თვლის, რომ უშუალოდ Covid19-ის წინააღმდეგ მიმართულ ვაქცინასთან მინიმუმ ერთი წელი გვაშორებს, ამიტომაც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, მართლაც ამცირებს თუ არა BCG-ს ვაქცინა კორონავირუსით დაინფიცირების ალბათობას და მოუწოდებს საერთაშორსო ჯგუფებს, ითანამშრომლონ ნიგელ კურტისის მკვლევართა ჯგუფთან, რომელიც მელბურნის მერდოკის ინსტიტუტში ინფექციური დაავადებების კვლევას ხელმძღვანელობს.

    საავადმყოფოს პერსონალმა, რომელიც ნებაყოფლობით დათანხმდა ექვსთვიან ცდაში მონაწილეობაზე, კვლევაში ჯანდაცვის 4000 მუშაკი ჩართო , რომლებიც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ორშაბათიდან სეზონური გრიპის და ტუბერკულოზის ვაქცინით აიცრებიან.

     

     

  • კორონავირუსი ჰაერით არ ვრცელდება-ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

    კორონავირუსი ჰაერით არ ვრცელდება-ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით კორონავირუსი ჰაერით არ ვრცელდება. ის ძირითადად პერსონალური კონტაქტებით გადადის, როცა ადამიანი ურთიერთობისას ახველებს, აცემინებს ან საუბრობს და ერთი ადამიანის ნერწყვის წვეთები მეორეს ხვდება. ჯანმოს ინფორმაციით Covid19-ის წვეთები მეტისმეტად მძიმეა იმისათვის, რომ ჰაერში გაჩერდეს ან შორ მანძილზე გადაადგილდეს. ის მაქსიმუმ ერთი მეტრის მანძილზე ეცემა ახლომდებარე ზედაპირზე. ჯერჯერობით ზუსტად დაუდგენელია, რამდენ ხანს რჩება ვირუსი ზედაპირზე, ამიტომაც ჯანმო მოგვიწოდებს რაც შეიძლება ხშირად ვწმინდოთ ზედაპირები, რადგან მაზე ვირუსის არსებობისას ხელით შეხების შემთხვევაში, თუ ამ ხელს თვალზე ან პირზე მოისვამ, შესაძლოა ვირუსი გადაგედოს. ამიტომ გვირჩევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაუსრულებლად ხელების ხშირ დაბანას.

    თუმცა,  ყველაზე მეტად  დაინფიცირება ვირუსიანთან ერთმეტრიანი დისტანციიდან ან უფრო ახლოს კონტაქტისას ხდება, როცა დაინფიცირებულის ნერწყვი ადვილად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენს სასუნთქ გზებში.

     

  • როგორ ვრცელდება ვირუსები ოფისში

    როგორ ვრცელდება ვირუსები ოფისში

    კორონავირუსის პანდემიის ფონზე მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს მოუწია საკუთარი ოფისების დატოვება, რადგან მთავრობები კომპანიებს ავალდებულებენ თანამშრომლები დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადაიყვანონ. ეს ზომები კორონავირუსის შესაკავებლად ტარდება და სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ გადავსებული ოფისების დაცლით ვირუსის გავრცელება შეჩერდება.

    ცენტრალიზებულ ოფისებში სამუშაოს აკრძალავა ეს არ არის მხოლოდ სიფრთხილის ზომა. ოფისები ვირუსებისა და ბაქტერიების გავრცელების ძირითადი ადგილები იყო ყოველთვის და ახლაც ასეა. ალბათ დაახლოებით წარმოგიდგენიათ როგორ მუშაობს ეს ციკლი: ყოველ სეზონზე ჩნდება ვირუსი. ერთი ადამიანი მიდის ოფისში, ახველებს, აცემინებს და ვირუსს კოლეგებს გადასცემს. და ციკლი გრძელდება. ყოველ სეზონზე ვირუსი ახლიდან დატრიალდება ხოლმე კოლეგების წრეში.


    არაერთი მკვლევარი ხსნის იმას, თუ რაოდენ ადვილად ვრცელდება ოფისებში მიკრობები, ბაქტერიები და ვირუსები. მათი თქმით, ადამიანები ყოვლდღიური ცხოვრების დიდ ნაწილს ოფისებში ატარებენ, სადაც საერთო სივრცეებია და დიდია საერთო ზედაპირებზე შეხების ხარისხი, რაც ზედაპირებზე და ჰაერზე მიკრობების რაოდენობას ზრდის.

    სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენს ოფისებში ბერი ადგილი და სივრცე შესაძლოა ვირუსის გავრცელების ვექტორები იყოს.რაც უფრო ხშირად ეხებიან მათ კოლეგები, მით მაღალია დაინფიცირების რისკი.

    არიზონას უნივერსიტეტის ჯანდაცვის მკვლევარი ამბობს, რომ ისეთი ადგილები, როგორიც არის მაცივრები, უჯრების სახელურები, ონკანის სახელურები, კარის სახელურები, ყავის აპარატები, როგორც წესი მიკრობების მაღალი კონცენტრაციით გამოირჩევიან.

    ეს მიკრობები ძალიან სწრაფად მოგზაურობენ. ამერიკის მიკრობიოლოგიის საზოგადოების მკვლევარება უვნებელი ვირუსი საოფისე შენობებში ერთადერთი კარის სახელურზე და მაგიდის ზედაპირზე განათავსეს. მკვლევარის, ჩარლზ გერბას თქმით ამის შემდეგ, პირველი ადგილი, სადაც მასობრივი დავირუსება მოხდა შესვენებების ოთახი იყო, სადაც თანამშრომლები ყავის დასალევად იკრიბებოდნენ. ამის შემდეგ კი ორ საათში ვირუსი უკვე ისე გავრცელდა, რომ თანამშრომლების 40–დან 60%–ს აღმოაჩნდა, ასევე ოფისის სტუმრებს და ობიექტებს, რომლებსაც ხშირად ეხებოდნენ.

    პრობლემა შეიძლება ოფისის თანამშრომელთა მხრიდან ჰიგიენის დაუცველობამ გააღრმავოს. დიდ ბრიტანეთში 2019 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ოფისის თანამშრომელთა მხოლოდ 61% იბანდა სწორად ხელებს ტუალეტის მოხმარების შემდეგ.

    ჭუჭყიანი თითები და ზედაპირები ერთია, თუმცა ვირუსების გარვცელების მთავარი საფრთხე ის არის, რომ ისინი ჰაერში “მოგზაურობენ“. ეპიდემიოლოგი , პროფესორი ალი ჰანი ამბობს, რომ რისკი შენობას კი არა, დაავადებულ თანამშრომლებს უკავშირდება. “თუ ერთი ადამიანი დაავადებულია, მას შეუძლია ხველის, ცემინების, ზედაპირზე შეხების და სხვებთან მჭიდრო კონტაქტის დროს მიკრობები გაავრცელოს. შესაძლოა ეს საკუთარ მაგიდასთან მჯდომმაც მოახერხოს, რადგან მიკრობებს შეუძლიათ მფრინავი წვეთების სახით გავრცელდნენ.“მიკრობების გავრცელებას შესაძლოა ოფისის ცირკულირებადმა ჰაერმაც შეუწყოს ხელი. შენობებში მიკრობები ჰაერში, გათბობის, ვენტილაციის და კონდიცირების სისტემის საშუალებითაც ცირკულირებს.

    ჯერჯერობით ზუსტად არ არის დადგენილი ახალი კორონავირუსის ქცევა, რამდენ ხანს ჩერდება ის ზედაპირებზე, ჰაერში და რომელია მისი გადაცემის უფრო ეფექტური გზა. თუმცა ფაქტია, რომ საშინაო ოფისები, საიდანაც ახლა მილიონობით ადამიანი მუშაობს უფრო ადვილად კონტროლირებადი სივრცეა ნაკლები ადამიანით და ნაკლები დაბინძურებული ზედაპირით. თანაც მხოლოდ საკუთარ ჰიგიენურ ჩვევებზე ხართ დამოკიდებული და აღარ გიწევთ დარდი იმაზე, რამდენად კარგად იცავენ მას კოლეგები.

    რა თქმა უნდა, ბოლომდე დაცული არც ახლა ხართ, რადგან შეიძლება ვირუსი სახლში ქუჩაში გასვლის შემდეგაც მოიტანოთ. ვირუსი სახლში თავისთავად ვერ აღმოჩნდება. თქვენ ის დაინფიცირებული ადამიანისგან უნდა გადმოგეცეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ დაავადებულთან კონტაქტში უნდა შეხვიდეთ, ან დაინფიცირებულ ზედაპირს შეხოთ, შემდეგ კი თქვენს სახლში არსებულ ზედაპირზე გადმოიტანოთ.

    თუნდაც ვირუსი თქვენს ხელზე იყოს, ის დაავადებისთვის არ არის საკმარისი. იმისათვის, რომ დაავადდეთ, ის თქვენს ორგანიზმში უნდა მოხვდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაც გზით თქვენვე უნდა შეიტყვანოთ თქვენს ორგანიზმში – მაგალითად, სახეზე ხელის ხშირად შეხებით. ეს ეხება ახალ კორონავირუსსაც. ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი სანიტარული ნორმების დაცვა.

    კორონავირუსის პანდემია და ის შიში, რასაც მილიონობით ადამიანი განიცდის ალბათ დაგვეხმარება იმ ჩვევების გამომუშავებაში, რომლებიც სამომავლოდაც გამოგვადგება, რათა უფრო დაცულები ვიყოთ სხვადასხვა ბაქტერიებისა და ვირუსებისგან, რომლებიც ოფისშიც შეიძლება გველოდეს და ქუჩაშიც.

  • დეფიციტი მედიკამენტებზე არ შეიქმნება – GM Pharma-ს (ჯი-ემ-პი) მიმართვა მოსახლეობისადმი

    დეფიციტი მედიკამენტებზე არ შეიქმნება – GM Pharma-ს (ჯი-ემ-პი) მიმართვა მოსახლეობისადმი

    ფარმაცევტული კომპანია GM Pharma განცხადებას ავრცელებს , რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში მედიკამენტების დეფიციტი არ შეიქმნება:

    “საქართველოში მედიკამენტების დეფიციტი არ არის მოსალოდნელი, რადგან ფარმაცევტული კორპორაცია GM Pharma 2020 წლის დასაწყისიდან კორონავირუსული ინფექციის ფართოდ გავრცელების რისკთან დაკავშირებით გადავიდა წარმოების საგანგებო რეჟიმზე ჩვენი ქვეყნისათვის მედიკამენტების სტრატეგიული მარაგების შესაქმნელად. კომპანიას გააჩნია მზა პროდუქტების, საჭირო ნედლეულისა და მასალების საკმარისი მარაგი, გაზრდილი მოთხოვნის პირობებშიც კი – აცხადებენ ფარმაცევტული კორპორაცია GM Pharma-ს მესვეურები.

    აღნიშნული განცხადების გაკეთების აუცილებლობა გამოიწვია პანიკამ, რასაც მედიკამენტების მარაგების გაკეთების ტენდენცია მოჰყვა მოსახლეობის მხრიდან – გვინდა მოგმართოთ, ნუ აყვებით პანიკას და ნუ დაიმარაგებთ GM Pharma-ს (ჯი-ემ-პის) წარმოებულ პრეპარატებს, განსაკუთრებით კი ანტიბიოტიკებს, სიცხის დამწევ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, რადგან ჩვენ შევძლებთ მათ უწყვეტად მოწოდებას, ნებისმიერი სცენარის განვითარების შემთხვევაში საქართველოს მათი დეფიციტი არ ემუქრება.“ – აცხადებენ GM Pharma -ში.