Category: ჯანმრთელობა

  • კორონავირუსიან პაციენტთა მესამედში საშიში ტრომბოზი ჩნდება– მედიკოსები

    კორონავირუსიან პაციენტთა მესამედში საშიში ტრომბოზი ჩნდება– მედიკოსები

    კორონავირუსით სერიოზულად დაავადებულ პაციენტთა 30%–ს მწვავე ტრომბოზის ნიშნები აქვთ. ასეთ საგანგაშო დასკვნამდე მივიდნენ ბრიტანელი სამედიცინო ექსპერტები

    ტრომბები, რომლებიც სისხლში ჩნდება შესაძლოა ბევრი სიკვდილის მიზეზი იყოს. ისინი ფილტვების სეროიზული ანთების შედეგად ჩნდება, რაც ვირუსის არსებობაზე ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა.

    ამასთან, პაციენტებს მთელ მსოფლიოში ბევრი გართულება აქვთ, რომელსაც ვირუსი იწვევს და რომლებიც შესაძლოა სიკვდილის მიზეზი გახდეს.

    მარტში, როცა კორონავირუსის პანდემია მთელ მსოფლიოში აღმავლობის სტადიაზე იყო, ექიმებმა მთელ მსოფლიოში შენიშნეს ტრომბოზის აშკარად მოხშირებული შემთხვევები.

    სხვა უსიამოვნო აღმოჩენებს შორის იყო კორონავირუსით დაავადებულთა ფილტვებში ასობით მიკროტრომბის აღმოჩენა.

    ვირუსი ასევე იწვევს ღრმა ვენების ტრომბოზს, რომელიც როგორც წესი ფეხებს აზიანებს. როდესაც ტრომბი მოწყდება, ის ფილტვებისკენ მოძრაობს და სისხლძარღვებს ახშობს, რაც ძალიან საშიშია სიცოცხლისთვის.

    “ბოლო კვირებში ძალიან ბევრი ინფორმაცია შემოდიოდა და აშკარა გახდა, რომ ტრომბოზი დიდი პრობლემაა. განსაკუთრებით კორონავირუსით დაავადებული მძიმე პაციენტებისთვის. ბოლო კვლევამ გვიჩვენა, რომ ასეთ დაავადებულთა თითქმის ნახევარს ფილტვის ემბოლია აქვს, ან ფილტვებში სისხლის კოლტები.“– ამბობს ლონდონის სამეფო კოლეჯთან არსებული საავადმყოფოს პროფესორი რუპენ არია.

    ის ვარაუდობს, რომ კორონავირუსით სერიოზულად დაავადებულ პაციენტთა რაოდენობა, ვისაც ტრომბები უყალიბდება ბევრად მაღალია, ვიდრე 30%,  რაზეც ევროპის ოფიციალურ მონაცემებშია საუბარი.

    კორონავირუსით დაავადებულთა ფილტვების სკანირებამ ტრომბების უჩვეულოდ დიდი რაოდენობა აჩვენა

    მეცნიერთა ჯგუფი მისი მეთაურობით საავადმყოფოს პირობებში იკვლევს, როგორ ცვლის და ასქელებს კორონავირუსი პაციენტთა სისხლს. გასქელებული სისხლი კი ტრომბების ჩამოყალიბებას იწვევს.

    სისხლში ასეთი ცვლილებები ფილტვების ძლიერი ანთების შედეგად ხდება, რაც ვირუსზე ორგანიზმის რეაქციაა.

    “მძიმედ დაავადებულ პაციენტებში ჩვენ ვხედავთ სისხლში ქიმიური ნივთიერებების გამოტყორცნას, რომლებიც ტრომბების ჩამოყალიბების აქტივაციას აკეთებენ“– ამბობს პროფესორი არია.

    ეს კი, თავის მხრივ ავადმყოფთა მდგომარეობის გაუარესებას იწვევს.

    ტრომბოზების სპეციალისტის, პროფესორ ბევერლი ჰანტის თქმით, გასქელებული სისხლი საშიშია არა მხოლოდ იმით, რომ ტრომბების ჩამოყალიბებას იწვევს. ის ასევე გულის შეტევების და ინსულტების საფრთხეს ზრდის და სიკვდილიანობის მაჩვენებლის გაზრდას იწვევს.

    ამ პრობლემებს ემატება ისიც, რომ დღეისათვის სისხლის გათხევადებისთვის გამოყენებული საშუალებები ყოველთვის არ მუშაობს. მათი დოზების მნიშვნელოვნად მომატებამ კი შესაძლოა სისხლდენა გამოიწვიოს, რაც მომაკვდინებელი შეიძლება აღმოჩნდეს.

    პროფესორი არია ამბობს, რომ აუცილებელია წონასწორობის დაცვა ტრომბოზის მკურნალობასა და სისხლდენის პროვოცირებას შორის.

    საბედნიეროდ, მედიკოსები მთელი მსოფლიოდან გაერთიანდნენ ვირუსით გამოწვეული ტრომბოზის უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის მეთოდების ძებნაში.

    უკვე მიმდინარეობს კლინიკური კვლევები მედიკამენტების ოპტიმალური დოზის მოსაძებნად, რომლებიც სისხლს ათხევადებენ და რომელსაც საყოველთაოდ გამოიყენებენ.

    ამის მიუხედავად, ზოგიერთი სპეციალისტი ვარაუდობს, რომ პრობლემა სხვაგვარად შეიძლება გადაიჭრას: უნდა მოიძებნოს შესაძლებლობა, სწორედ ფილტვების მწვავე ანთება განეიტრალდეს, რაც ტრომბების წარმოქმნას იწვევს.

     

  • აშშ–ში რემდესივირზე კლინიკური კვლევები შეჩერდა. რატომ შევიდა სიტუაცია ჩიხში

    აშშ–ში რემდესივირზე კლინიკური კვლევები შეჩერდა. რატომ შევიდა სიტუაცია ჩიხში

    აშშ–ში რემდესივირზე კლინიკური კვლევები შეაჩერეს. ეს არის ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც ბოლო დრომდე ყველაზე პერსპექტიულ პოტენციურ მედიკამენტად ითვლებოდა Covid19–ის სამკურნალოდ. ამის შესახებ ამერიკის ალერგიის და ინფექციური დაავადებების ნაციონალურმა ინსტიტუტმა(NIAID) განაცხადა, რომელიც ექსპერიმენტს ატარებდა.

    საინტირესოა, რომ ცდები მათი წარუმატებლობის გამო არ შეჩერებულა. შესაძლოა ითქვას, რომ პირიქით. ექსპერიმენტი ისე შეაჩერეს, რომ საბოლოო შედეგებს არ დალოდებიან, რათა არ დაეშვათ ზედმეტი მსხვერპლი საკონტროლო ჯგუფის იმ პაციენტებში, რომლებიც პლაცებოს იღებდნენ.

    ამის მიუხედავად, პრაქტიკაში ეს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ რემდესივირის ეფექტურობის შემოწმება  კორონავირუსთან ბრძოლაში ფაქტიურად თავიდან უნდა დაიწყოს.

    ამოუხსნელი პარადოქსი

    ექსპერიმენტის წინასწარი შედეგები ორი კვირის წინ, ორთვიანი კვლევების შემდეგ შეჯამდა.

    შედეგები ორგანიზატორებს იმდენად იმედისმომცემად მოეჩვენათ, რომ ამერიკის ხელისუფლებამ სპეციალური განცხადებაც კი გავრცელა, რომელშიც ფრთხილი ოპტიმიზმი იყო გამოთქმული: პაციენტებისთვის რემდესივირის დანიშვნამ საავადმყოფოს პირობებში მისი საავადმყოფოდან გაწერის დრო თითქმის ერთნახევარჯერ შეამცირა(15–დან 11 დღემდე).

    “მონაცემები გვიჩვენებს, რომ რემდესივირი ცალსახად და არსებითად პოზიტიურ ეფექტს ახდენს და გამოჯანმრთელებას აჩქარებს“– განაცხადა მაშინ ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ.

    რამდენიმე დღეში ამერიკის ხელისუფლებამ Covid19-ის სამკურნალოდ რემდესივირის გამოყენება დაჩქარებული წესით დაამტკიცა, ანუ სავალდებულო სერთიფიცირების გავლამდე.

    თუმცა მტკიცებულებითი მედიცინა პრეპარატის ეფექტურობის შემოწმების მხოლოდ ერთ გზას აღიარებს – ორმაგი ბრმა ტესტირების მეთოდს. ამისათვის ექსპერიმენტების მონაწილეებს შემთხვევითობის წესით ორ ჯგუფად ყოფენ. ერთი ჯგუფის პაციენტები ახალ პრეპარატს იღებენ, მეორე ჯგუფი კი მის იმიტაციას, ანუ პლაცებოს.

    გასაკვირი არ არის, რომ პანდემიის პირობებში მტკიცებულებითი მეცნიერების მკაცრი მოთხოვნები ხშირად კონფლიქტშია საექიმო ეთიკასთან.

    თუ გამოყენებულ პრეპარატს შეუძლია თუნდაც ოდნავ დაეხმაროს ინფექციასთან ბრძოლას, მძიმე პაციენტები, რომლებიც მის მაგივრად პლაცებოს იღებენ და თან ამის შესახებ არაფერი იციან, შესაძლოა უბრალოდ გარდაიცვალონ მხოლოდ იმიტომ, რომ შემთხვევით საკონტროლო ჯგუფში მოხვდნენ.

    თუმცა, თუ საცდელ პრეპარატს ყველა მძიმე ავადმყოფს მისცემენ გამონაკლისის გარეშე, მაშინ პრეპარატის შემოწმების და ექსპერიმენტის წესები ირღვევა, ანუ პრეპარატის ეფექტურობის დადგენა შეუძლებელი ხდება.

    სწორედ ასეთი პარადოქსის წყალობით მოხდა, რომ რემდესივირის კვლევის შუალედური შედეგების გამოცხადების შემდეგ ექსპერიმენტი შეწყდა. როგორც კი ნათელი გახდა, რომ წამალი შესაძლოა ეფექტური იყოს, მაშინვე დაიწყეს მისი მიცემა ყველა დაავადებულისთვის და საკონტროლო ჯგუფის ლიკვიდაცია მოხდა, შესაბამისად კი კვლევამ აზრი დაკარგა.

    “რამდენი პაციენტის სიცოცხლით გარისკვისთვის ვართ მზად, რომ საჭირო მონაცემები მივიღოთ?“– სვამს რიტორიკულ კითხვას NIAID–ის კლინიკური დირექტორი, კლიფორდ ლეინი.

    “ალბათ შესაძლებელია ამ თემაზე დისკუსიები ვაწარმოოთ, ასეთ სიტუაციაში ყველა ცდილობს ეშმაკის ადვოკატის როლში გამოვიდეს, მაგრამ ჩვენს ინსტიტუტში აზრთა სხვადასხვაობა არ გვქონია იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოვქცეულიყავით“– ამბობს ის.

    უნდა ითქვას, რომ ფაუჩის ოპტიმიზმს ექსპერიმენტული თერაპიის შესახებ თავიდანვე ბევრი არ იზიარებდა. პრეპარატზე ცდების შუალედური შედეგებიც კი საკმაოდ წინააღმდეგობრივად გამოიყურება.

    მაგალითად, ჟურნალი ფორბსი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ანტივირუსული პრეპარატის გამოცდისას პირველ რიგში აზრიანი იქნებოდა პაციენტების ვირუსულ დატვირთვაზე დაკვირვება. ანუ, იცვლება თუ არა სისხლში დაავადების აღმგზნების კონცენტრაცია. თუმცა, კვლევის ავტორებმა შუალედური შედეგების გამოცხადებისას რატომღაც ეს საკითხი საერთოდ არ ახსენეს.

    ჩინეთში მანამდე ჩატარებული ანალოგიური ექსპერიმენტის ავტორებმა კი გაარკვიეს, რომ კორონავირუსით დაავადებულთა ვირუსულ დატვირთვაზე რემდესივირი არანაირ გავლენას არ ახდენს. გასაკვირი არ არის, რომ ეს კვლევა საპირისპირო დასკვნამდე მივიდა: ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში რემდესივრი უსარგებლოა.

    არსებობს სხვა მიზეზებიც, რის გამოც ბევრი ექსპერტი  იმედგაცრუებულია NIAID–ის გადაწყვეტილებით ექსპერიმენტის დროზე ადრე დასრულების შესახებ. მითუმეტეს, რომ ექსპერიმენტში ოთხჯერ მეტი პაციენტი მონაწილეობდა, ვიდრე ჩინურ კვლევაში.

    “გლობალური ლოქდაუნი იმისთვის არ შემოუღიათ, რომ ინფიცირებულებს საავადმყოფოში რამდენიმე დღით ნაკლები გაეტარებინათ, არამედ იმისათვის, რომ ნაკლები ადამიანი მომკვდარიყო. და სანამ არ გაგვირკვევია, მოქმედებს თუ არა პრეპარატი სიკვდილიანობის დონეზე, გაჩერება არ შეიძლებოდა“ – ამბობს ნიუ იორკის ჯანდაცვის პოლიტიკის ცენტრის ხელმძღვანელი, პიტერ ბახი.

  • დედის რძეში კორონავირუსის ანტისხეულები აღმოჩნდა, რომლებიც ბავშვს იცავს

    დედის რძეში კორონავირუსის ანტისხეულები აღმოჩნდა, რომლებიც ბავშვს იცავს

    მედიკოსები და მეცნიერები მთელ მსოფლიოში განაგრძობენ პრეპარატების შემუშავებას კორონავირუსის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

    ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ანტისხეულები, რომლებიც ახალ კორონავირუსს უწევს წინააღმდეგობას შეიძლება კორონავირუსით დაინფიცირებული მეძუძური დედების რძეშიც იყოს.

    „მეძუძურმა დედებმა, რომლებსაც ახალი კორონავირუსი აღმოაჩნდათ, ბავშვის ძუძუთი კვება უნდა განაგრძონ დაავადების მთელი პერიოდის განმავლობაში და გამოჯანმრთელების შემდეგაც. საქმე იმაშია, რომ როგორც სხვა ჯგუფის მეცნიერებმა დაადგინეს, ინფექცია დედის რძით არ გადადის. ჩვენ კი, ჩვენის მხრივ დავადგინეთ, რომ რძეში თითქმის ასპროცენტიანი ალბათობით ანტისხეულები არსებობს. და მათ შეუძლიათ ბავშვი ინფექციისგან დაიცვან.“– ამბობს სააგენტო როიტერთან საუბრისას სამედიცინო ცენტრ მაუნთ სინაის კვლევების ხელმძღვანელმა, რებეკა პაუელსმა.

  • კორონავირუსის გამო ადამიანები სხვა ჩივილებით ექიმს ვეღარ მიმართავენ, რაც მათ ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის

    კორონავირუსის გამო ადამიანები სხვა ჩივილებით ექიმს ვეღარ მიმართავენ, რაც მათ ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის

    ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კორონავირუსის პანდემიის არაპირდაპირ ზემოქმედებაზე საუბრობს, რომელსაც ის ადამიანების ჯანმრთელობაზე ახდენს. ეპიდემიით გამოწვეულმა კარანტინმა მისი აზრით სხვა დაავადებების გამო ადამიანების ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემები  შეიძლება შეუქმნას, რადგან ადამიანები ექიმს ვეღარ მიმართავენ. მას ამერიკის სტატისტიკაც მოჰყავს:

    “COVID-19 პანდემიამ შესაძლოა მნიშვნელოვნად გააუარესოს ადამიანთა ჯანმრთელობა მისი არაპირდაპირი ზემოქმედებით, ანუ იმის გამო, რომ ადამიანები დროულად აღარ მიმართავენ ჯანდაცვის დაწესებულებებს სხვადასხვა ჩივილების დროს და ასევე ნაკლებად იტარებენ პროფილაქტიკურ გამოკვლევებს.

    მაგალითად, აშშ მკვლევართა მიერ დათვლილია მხოლოდ ამ ქვეყანაში კოვიდ პანდემიის სამი თვის განმავლობაში 36000 არადიაგნოსტირებული ან დაგვიანებულად დიაგნოზისტირებული ძუძუს კიბოს, 22600 პროსტატის კიბოს, 18800 ნაწლავის კიბოს, 2500 საშვილოსნოს კიბოს და 450 ფილტვის კიბოს შემთხვევა. ჯამურად ეს შეადგენს დაგვიანებული ან არადიაგნოსტირებული სიმსივნის 80,000-ზე მეტ შემთხვევას მხოლოდ აშშ-ში. საქართველოში, სადაც ისედაც პრობლემა გვაქვს სიმსივნის დროულ გამოვლენაში, შესაძლოა კორონავირუსის გამო ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუარესდეს.

    გარდა ამისა, სერიოზული პრობლემა შეიძლება შეიქმნას ვაქცინით პრევენტირებადი დაავადების მხრივაც და სხვადასხვა ინფექციური დაავადებების აფეთქებები მივიღოთ, რადგან გეგმიური ვაქცინაციის მოცვის მნიშვნელოვანი კლება აღინიშნება. ისევ აშშ მაგალითზე, 5 აპრილის კვირაში წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინაცია შემცირდა 50%-ით, ხოლო ყივანახველას – 42%-ით.

    სხვადასხვა ჩივილების შემთხვევაში არ უნდა შევიკავოთ თავი ექიმთან მისვლისგან კორონავირუსის შიშით, რადგან უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრი სხვა მძიმე დაავადება არსებობს და დედამიწა მხოლოდ კორონავირუსის ირგვლივ არ ბრუნავს. ასევე, არ უნდა გადავდოთ ბავშვების გეგმიური ვაქცინაცია.“– აცხადებს ბუწაშვილი.

  • როგორ გადავარჩინოთ ურთიერთობა კარანტინში – ფსიქოლოგების რჩევები

    როგორ გადავარჩინოთ ურთიერთობა კარანტინში – ფსიქოლოგების რჩევები

    კორონავირუსი მთელ მსოფლიოს მოედო და მილიონობით ადამიანი სახლში გამოკეტილი აღმოჩნდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წყვილებს რომლებიც აქამდეც ერთად ცხოვრობდნენ ან კარანტინის ერთად გატარება გადაწყვიტეს, ერთმანეთთან ზედმეტად ბევრი დროის გატარება და ზოგჯერ ცხოვრების წესის რადიკალურად შეცვლაც კი უწევთ.

    ბუნებრივია, ბევრი წყვილისთვის ეს მარტივი არ აღმოჩნდა და როგორც ჩინეთის მაგალითმა აჩვენა, ბევრი ოჯახი დაინგრა კიდეც. თუმცა, ფსიქოლოგები ფიქრობენ, ყველაფერი ასე ცუდად არ არის და პირიქით, ამ დროის სასარგელოდ გამოყენება და ურთიერთობის გამყარებაც შეიძლება. მიზნის მისაღწევად ბევრი მუშაობა და არამხოლოდ საკუთარი არამედ პარტნიორის ინტერესების გათვალისწინებაც აუცილებელია.

    ექსპერტებმა შეარჩიეს რამდენიმე საკითხი, რომელიც კარანტინულმა წყვილებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ:

    დღის ჩვეული რუტინა არავითარ შემთხვევაში არ შეცვალოთ

    თვითიზოლაციისა და სოციალური დისტანციის პირობებში ბევრი ადამაინის კარიერა სახლიდან გრძელდება. შედეგად, ადრე გაღვიძება, ყავა, თავის მოწესრიგება თუ სხვა წესები შეცვლილი ან საერთოდ უგულვებელყოფილია. ფსიქოლოგები კი ფიქრობენ, რომ წყვილებისთვის პრე–კარანტინული რუტინის შენარჩუნება სასიცოცხლოდ აუცილებელია.

    იმისათვის, რომ წყვილს ურთიერთობა არ გაუფუჭდეს, თითოეულს თავისი ცხოვრება და რუტინა უნდა ქონდეს. პრიორიტეტი ის ქცევები უნდა იყოს, რასაც ისინი პანდემიამდე ყოველ დღე ასრულებდნენ.

    პოზიტიური აზროვნება

    არც თუ ისე მარტივ რეალობაში დადებით მხარეებზე ფოკუსირება წყვილს ახალი ენერგიებით აავსებს. ფსიქოლოგები არავის ურჩევენ ცუდ ასპექტებზე ყურადღების გამახვილებას, მაგალითად ჩხუბს იმაზე რომ ვიღაცამ სახლი არ დაალაგა, საჭმელი არ გააკეთა თუ ჭურჭელი დატოვა გასარეცხი. სამყაროში ნეგატიური ენერგია ისედაც საკმარისზე მეტია, ამიტომ უმჯობესია თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში მას ნაკლებად შემოუშვებთ.

    ბევრი რამის საკუთარი ხელით კეთება

    როდესაც რამეს საკუთარი ხელით აკეთებთ – ნერვულ სისტემას ძალიან დიდ სამსახურს უწევთ. ფსიქოლოგთა აზრით, საუკეთესო გამოსავალი სამზარეულოში ფუსფუსი ან ფაზლების აწყობაა. ორივე საქმიანობა ტვინის უჯრედებს ავარჯიშებს, სასიამოვნო ემოციებს იწვევს და ნერვებსაც ამშვიდებს. ასე რომ 24 საათის განმავლობაში ფილმებისა და სერიალების ყურებას აჯობებს, რამე საკუთარი ხელით გააკეთოთ.

    ისაუბრეთ ყველა თემაზე

    არ აქვს მნიშვნელობა იმას თუ რამდენად უსიამოვნოა თემა, წყვილმა ყველაფერი უნდა განიხილოს. უნდა ისაუბროს ყველა პრობლემაზე და მათ გადაჭრას მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს. ქალები და კაცები სტრესულ სიტუაციებს განსხვავებულად უმკლავდებიან, ამიტომ შესაძლოა თქვენთვის ნაკლებად მტკივნეული საკითხი თქვენი პარტნიორისთვის ნამდვილი კატასტროფა იყოს.

    იფიქრეთ ურთიერთობაზე როგორც ბიზნესზე და დეტალურად დაგეგმეთ

    წყვილებისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის ვისაც შვილებიც ყავთ, კარანტინმა ცხოვრების ჩვეული სტილი რადიკალურად შეცვალა. მათ დამატებითი მოვალეობები დააკისრა, მაგალითად ისეთი როგორიცაა ბავშვების განათლება. ასეთ ვითარებაში გვერდში დგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ახალი მოვალეობები მშობლებმა თანაბრად უნდა გადაინაწილონ და ცუდი არ იქნება თუკი შეადგენენ გეგმას, რომელსაც დეტალურად მიყვებიან.

    გამოიჩინეთ ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობა

    ურთიერთობის ექსპერტები ფიქრობენ, რომ სტრესულ გარემოში წყვილებმა ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული თანაგრძნობა უნდა გამოიჩინონ. ხშირ შემთხვევაში ოჯახების დანგრევის მიზეზი სწორედ გულგრილობა ხდება ხოლმე.

    თანაც, კორონავირუსის ეპოქაში პრობლემები მომრავლდა, ბევრმა ადამიანმა სამსახური დაკარგა და პარტნიორის გვერდში დგომა ასეთ დროს ორმაგად უფრო მნიშვნელოვანია.

     

    წყარო :Fortuna.ge

  • „ფაიზერი“ და „ბიონტექი“ ამერიკაში კორონავირუსის ვაქცინის გამოცდის დასაწყებად მზად არიან

    „ფაიზერი“ და „ბიონტექი“ ამერიკაში კორონავირუსის ვაქცინის გამოცდის დასაწყებად მზად არიან

    ორი ფარმაცევტული კომპანია „ფაიზერი“ და „ბიონტექი“ (Pfizer Inc და BioNTech SE) აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებში კორონავირუსის ექსპერიმენტული ვაქცინის შემოტანა დაიწყეს, რომელიც გამზადებულია ადამიანებში ტესტირებისთვის.

    ამერიკული და გერმანული ფარმაცევტული კომპანიები აცხადებენ, რომ თუ ვაქცინის უსაფრთხოება დადასტურდა, მას ფართო გაყიდვაში წლის ბოლომდე შემოიტანენ.

    ეს ვაქცინა mRNA-ს ტექნოლოგიას იყენებს და წინასწარი ინფორმაციით, აქვს პოტენციალი გახდეს პირველი ეფექტური ვაქცინა, რომელიც კორონავირუსის გავრცელებას შეაჩერებს.

    ამ დროისთვის არ არსებობს მკურნალობის დამტკიცებული მეთოდი კოვიდ-19-ის სამკურნალოდ. თუმცა ბოლო პერიოდში მოხდა რამდენიმე მედიკამენტის დამტკიცება საგანგებო ვითარებაში გამოსაყენებლად.

    მსგავსი ტექნოლოგიით (MRNA.O) ვაქცინაზე მუშაობს კომპანია მოდერნაც, რომელიც ვაქცინას შეერთებული შტატების მთავრობასთან თანამშრომლობით იმუშავებს. ამ ვაქცინის ტესტირების პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია. გამოცდების შუალედურ ფაზაზე ვაქცინა ამ კვარტალში გადავა.

    კომპანიები აცხადებენ, რომ სინთეტიკური mRNA ტექნოლოგიის გამოყენება საშუალებას იძლევა ვაქცინა უფრო სწრაფად იქნას შემუშავებული და წარმოებული.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • რეკომენდებულია თუ არა მცირე ასაკის ბავშვებისთვის პირბადის გამოყენება. სპეციალისტების რჩევა

    რეკომენდებულია თუ არა მცირე ასაკის ბავშვებისთვის პირბადის გამოყენება. სპეციალისტების რჩევა

    რეკომენდებულია თუ არა მცირე ასაკის ბავშვებისთვის პირბადის გამოყენება? ინფექციონისტ მაია ბუწაშვილს ამ კითხვაზე პასუხად აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) ბოლო რეკომენდაცია მოჰყავს, რომლის თანახმად, თავშეყრის ადგილებში (განსაკუთრებით მაღაზიებსა და აფთიაქებში) უნდა გამოიყენებოდეს ნიღბები, თუმცა ეს რეკომენდაცია არ ვრცელდება 2 წლამდე ასაკის ბავშვებზე და იმ ადამიანებზე, რომელთაც სუნთქვის გაძნელება აქვთ. ეს განსაკუთრებით ხაზგასმით არის ნათქვამი ქსოვილისგან დამზადებული პირბადეების შესახებ. ამის მიზეზებია:

    – ბავშვებს ნიღბით უფრო მეტად უჭირთ სუნთქვა, ვიდრე მოზრდილებს
    – ბავშვს სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში თავისით არ შეუძლია ნიღბის მოხსნა და ეს შეიძლება მოხრჩობის რისკის შემცველი აღმოჩნდეს
    – ბავშვები ხშირად ეხებიან ნიღაბს და ამიტომ ნიღბის სწორად გამოყენება მათთან შეუძლებელია.

    ამიტომ, ბუწაშვილის განცხადებით რამდენიმე ექიმმა სოციალური მედიით გააპროტესტა ამაზონზე განთავსებული, 0-3 წლამდე ასაკის ბავშვთა პირბადეების რეკლამა.

    “ვრცელდება რამდენიმე პროფილაქტიკური რეკომენდაცია მცირე ასაკის ბავშვებისათვის:
    – ეტლით გასეირნებისას სასურველია ეტლს გადავაფაროთ.
    (ეს რეკომენდაცია ისედაც არსებობდა ტრანსპორტით დატვირთულ ქუჩებში სეირნობისას გამონაბოლქვის ჩასუნთქვის რისკის შესამცირებლად).
    – მეძუძურმა დედებმა სასუნთქი გზების დაავადების თუნდაც მცირედ გამოხატული სიმპტომების შემთხვევაში უნდა გამოიყენონ პირბადე ბავშვის კვებისას.
    – გარედან სახლში შემოსვლისას ჯერ მოზრდილმა უნდა დაიბანოს ხელი და შემდეგ დაბანოს ბავშვს.“– ამბობს მაია ბუწაშვილი.

  • “არსებობენ ვირუსის მატარებელნი, რომელთაც ვირუსი მხოლოდ ცხვირის ლორწოვანში აქვთ და თავად არ ინფიცირდებიან“–ფაქტები კორონაზე იაგო ფრანგიშვილისგან

    “არსებობენ ვირუსის მატარებელნი, რომელთაც ვირუსი მხოლოდ ცხვირის ლორწოვანში აქვთ და თავად არ ინფიცირდებიან“–ფაქტები კორონაზე იაგო ფრანგიშვილისგან

    გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს საკუთარ მოსაზრებებს და ფაქტებს ახალი კორონავირუსის შესახებ და ხშირად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლების და ჯანდაცვის სისტემის მეთოდებს ვირუსთან ბრძოლაში.  ამჯერად მან ვრცლად დაწერა იმის შესახებ, თუ როგორ ხდება დაინფიცირების და განკურნების პროცესი, რა შემთხვევაშია კარანტინი გამართლებული,  რა საჭიროა ტესტირება, როგორ ჯობს ინფიცირებულთა მკურნალობა და ა.შ.

    “ფაქტები კორონაზე“– ასე დაარქვა სტატუსს იაგო ფრანგიშვილმა:

    1. ცხოველიდან ადამიანზე ვირუსის გადადება არის ვარაუდი და არსად დადასტურებულა.
    გადადება ხდება ადამიანიდან ადამიანზე, 1,5მეტრის, ან 15 წუთი ურთიერთობის ან პირბადის არ დაცვით.

    ვირუსით ინფიცირება შეუძლებელია საგნებიდან, თუკი არ მოხდინე ზედიზედ და რამდენჯერ ახლა მილორწოვანებული საგნიდან ლორწოს გადატანა ცხვირის ლორწოვანში.

    2. ვირუსზე ტესტირება არცერთი სახის არაა იმის დასტური, რომ ხარ ინფიცირებული. თუკი დაგიმტკიცდა ლორწოვანში ვირუსის გენეტიკა, შეიძლება იყოს გადატანილი ვირუსის ნარჩენები. ვირუსს გამრავლების უნარი აქვს თუ არა, ეს უკვე ჩინეთში თებერვლიდან და დასავლეთში მარტის შუა რიცხვებიდან არასად მოწმდება. თუკი დაგიმტკიცდა ვირუსის ანტიგენი, ეს შეიძლება იყოს ასევე სხვა სახის კორონა ვირუსის ნაწილი. ტესტირებას არ შეუძლია 200მდე კორონას ტიპის ვირუსების დიფერენცირება. თუკი დაგიმტკიცდა ანტისხეული, აქაც, შეიძლება სხვა კორონასი იყოს, უმეტეს შემთხვევაში გადატანილი ინფექციის.

    3. არსებობენ ვირუსის მატარებელნი, რომელთაც ვირუსი მხოლოდ ცხვირის ლორწოვანში აქვთ და თავად არ ინფიცირდებიან.

    არსებობენ მსუბუქ სიმპტომიანები ანუ ინფიცირებულნი.

    არსებობენ ვირუსით დაავადებულნი, როცა ვირუსის დიდი რაოდენობა აღწევს ფილტვს. აი ამ შემთხვევათა ჰოსპიტალიზაცია და სიმპტომური, ანუ ჩივილების მიხედვით მკურნალობაა მიზანშეწონილი.

    დაავადების ეს ფაზა მხოლოდ სასიცოცხლო სამი პარამეტრის შემდეგი ცვლილებიდან მინიმუმ ორის არსებობისას დგინდება.

    ესენია არტერიული წნევის დავარდნა 80ზე და ქვემოთ, სუნთქვის გახშირება 30ზე და ზემოთ წუთში. ჟანგბადის შემცველობის დავარდნა სისხლში 90 ზე დაბლა.

    4. ვირუსის რაოდენობა და მისი სიხშირე, ანუ რამდენჯერმე მიღება განსაზღვრავს დაავადების სიმძიმეს. ამიტომაცაა აუცილებელი თავის შეკავება უსიმპტომოების ერთად კოლექტიური კარანტინისაგან, საშუალო და მძიმე ავადმყოფების ერთად მკურნალობისაგან. ამ შემთხვევაში ხდება ინფექციის სხვადასხვა ფაზების გადაფარვა და ვირუსის რაოდენობის მკვეთრი გზა.
    ინტუბირებული და მართვით სუნთქვამდე ადამიანების არ მიყვანა ხდება მხოლოდ და მხოლოდ სუფთა ჰაერის, განიავების, ფილტვების ფიზიკური დატვირთვით ვენტილაციის დროს.
    ინტუბირებულ ავადმყოფთა 90% იღუპება.

    3. ამ ვირუსს გააჩნია ძალიან ხანმოკლე, 2 და მაქსიმუმ 4 დღემდე ვირუსის სისხლის, ანუ ვირუსემიის ფაზა. განსხვავებით სხვა ვირუსებისაგან, კორონას არცერთი ვირუსი, არც ის ყველაზე აგრესიული სარს 1, არ მრავლდება სისხლში. ამიტომაცაა ძნელი და ნაკლებ ეფექტური ვაქცინაც და რაიმე წამალიც, რომელთა მოქმედება მხოლოდ სისხლიდან ხდება.

    სამაგიეროდ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ლოკალური ლორწოვანის მდგომარეობას, ე.წ. მუკოცილიერულ კლირენსს, ანუ მუკოზის, ანუ ლორწოვანის გამასუფთავებელ ფუნქციას, რომელიც ძირითადად მიკრო და მაკროფაგოციტური ხასიათისაა. აქედან გამომდინარე, ვაქცინაზე ან წამალზე ლოდინი არ შეიძლება იყოს გზა და განმსაზღვრელი, თუ როდის უნდა შეწყვიტო ,,კარანტინები,,.

    4. ეპიდემიოლოგიას, როგორც მეცნიერებას და პრაქტიკულ მედიცინასაც აქვს თავისი სამოქმედო, სტრატეგიული პარამეტრები და ესენია, Rt ანუ ვირუსის რეპროდუქციის მაჩვენებელი ამ კონკრეტულ მომენტში, დაავადებულთა და არა ვირუსმატერებელთა გაორმაგების დრო,
    გამოჯანმრთელებულთა და მძიმე ავადმყოფთა თანაფარდობა.

    თუ Rt არის 1 ზე დაბალი, ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი უკვე ბუნებრივად იმუნიზირებულია და ეპიდემია დამთავრდა. ეს რიცხვი კორონა 2 ვირუსისათვის წარმოადგენ 70%. მოსახლეობის 70%ის იმუნიზებას კარანტინების ტემპით დაჭირდება 3 და 7 წლამდე. ამიტომაც ახდენენ ბევრ ქვეყანაში მასობრივ ტესტირებას მხოლოდ და მხოლოდ ამ რიცხვის დასადგენად, იმუნიზირებულთა გამოსავლენად და არა მათ გასაკარანტინებლად. უკვე საკმარისი დროა გასული და ვირუსის ინკუბაციის 4ჯერ მეტი დროა გასული და იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ შეზღუდვაში, მხოლოდ გადატანილი ან არააქტიური ფორმები შეიძლება ჰქონდეთ.

    5. ყველა ქვეყანაში მასობრივი ტესტირება უმკაცრესი და უზუსტესი მეთოდებით ხდება მხოლოდ სამედიცინო პერსონალისა, კვირაში ერთხელ, მაქსიმუმ 10 დღეში ერთხელ. საჭირო იქნებოდა ყოველ 4 დღეში ეპიდემიის დასასრულამდე, მაგრამ, ეს არარეალურია.

    ყველა ქვეყანა წარმოებული ტესტირების მხოლოდ 10% ხარჯავს არასამედიცინო და არასერვის პერსონალზე.

    6. არა უსიმპტომოთა კოლექტიური, ერთ შენობაში არსებული კარანტინები, არამედ, სარისკო ადამიანების იდენტიფიცირება და მათთან ურთიერთობაში მკაცრი ჰიგიენური წესების დაცვა, როგორც ეს მაგალითად ტრანსპლანტაციის პერიოდის ან მძიმე ქიმიოთერაპიის პაციენტების შემთხვევაში ხდება, არის საზოგადოებისათვის, ეპიდემიის მსხვერპლის მინიმუმადე დაყვანისათვის საჭირო ეფექტური გზა.

    სხვა ყველა შემთხვევაში უნდა იქნას ელემენტარული ჰიგიენის წესების დაცვა ჩაკეტვების და კარანტინების გარეშე. ინფიცერებულთა მაქსიმალური თვითშეზღუდვები არის 14 დღე. ამ პერიოდის მერე არცერთ პიროვნებას არ შეუძლია სხვა პიროვნების ინფიცირება. ამ შემთხვევაში აღნიშნული დადებითი ტესტი ან ვირუსის მკვდარ ნარჩენს, ან ანტისხეულს გვიჩვენებს გადატანილი ინფექციის მერე.

    7. სიკვდილიანობის სიმძიმის დასადგენად უნდა განსაზღვროს საშუალი თვიური სიკვდილიანობა და მოხდეს ამ რიცხვთან იმ გარდაცვლილთა რიცხვის შედარება, რომელსაც ვირუსი დაუმტკიცდა.
    ამ გზით მხოლოდ განსაზღვრავ საერთოდ, გაქვს თუარა ქვეყანაში ეპიდემია. თუ ეს რიცხვი ძალიან დაბალია და თანაფარდობა კი ძალიან მაღალი, ანუ თუ ერთეულები დაიღუპა ვირუსით და საერთო სიკვდილიანობა არ შეიცვალა, მაშინ 100%ით არ გაქვს ეპიდემია.

    თუკი საერთო სიკვდილიანობამ იმატა და მაინც ერთეულია კორონა ვირუსით გარდაცვლილი, მაშინ არ მოახდინე მძიმე ავადმყოფების საკმარისი ტესტირება. თუ რა სიტუაციაა, აი ამის გარკვევა ძალიან ადვილია. სიკვდილიანობის საერთო წინა წლების სატატისტიკებით ან დაახლოებითი სტატისტიკით. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის წლიურად გარდაცვალების რაოდენობა დაახლოებით 0,3 დან მაქსიმუმ 0,5%მდეა, წლიურად, ანუ საქართველოს პირობებში წლიურად 12,5 დან 13,5 ათასამდე ადამიანი იღუპება წლიურად. ძალიან ცივ და ძალიან ცხელ თვეებში სიკვდილიანობა 1,5 ჯერ აღემატება სხვა თვეების სიკვდილიანობას.

    არსებობს მეორე მაჩვენებელი და ესაა 80 წელზე გადაცილებულთა სივდილიანობა, რომელიც თვეში 1 დან 2 % მდეა ასევე ცხელი და ცივი თვეების განსხვავებულობით.

    საქართველოში 120 ათასი 80 წელს გადაცილებულია. მათ შორის მხოლოდ 15% ია დედაქალაქში, საერთოდ კი 25%მდეა დიდ ქალაქებში.

    ამ ფაქტების და მიკვლევების გათვალისწინებით, არაა ძნელი განვსაზღვროთ:

    გვაქვს თუ არა ეპიდემია საქართველოში.

    აღირიცხა თუ არა ამ ინფექციის მსხვერპლი მიახლოებით მაინც.

    გვყავს თუ არა სუფთა სამედიცინო პერსონალი.

    რა სახის იმუნიტეტი არსებობს.

    ბოლოს კი, ვისაც მოკლედ და 1 წინადადებაში სურს.

    კორონა ვირუსის ინფექცია, დაავადებულობა და ინფექციურობა ქრება მაქსიმუმ 14 დღეში, ან ავადმყოფი მძიმდება და უმძიმესი ჩივილები ეწყება სულ მცირე მე11ე დღიდან.

    დასკვნების გამოტანას არ უნდა არც ექიმობა, არც პროფესორობა, არც ვირუსოლოგობა და არც პოლიტიკოსობა.“– წერს იაგო ფრანგიშვილი.

  • რატომ უნდა მიირთვან მწეველებმა რეგულარულად ბროკოლი

    რატომ უნდა მიირთვან მწეველებმა რეგულარულად ბროკოლი

    თამბაქოს კვამლი ასუსტებს იმუნურ სისტემას, აქვეითებს ამ უკანასკნელის უნარს ამოიცნოს და გაანადგუროს გადაგვარებული უჯრედები. მეტიც, თამბაქოს კვამლის გავლენით ზიანდება უჯრედების დნმ-ი, პროვოცირდება ავთვისებიანი პროცესები.
    აღმოჩნდა, რომ ბროკოლი მნიშვნელოვნად აქვეითებს თამბაქოს მავნე გავლენებს ორგანიზმზე. მასში შემავალი ანტიოქსიდანტები ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს.

    ბროკოლი ლუთეინისა და სულფორაფანის უნივერსალური წყაროა, ეს ორივე ნივთიერება კი ძლიერი ანტიოქსიდანტია.  აღსანიშნავია აგრეთვე ინდოლ-3-კარბინოლის როლიც. ამ უკანასკნელს ძლიერი დეტოქსიკაციური ეფექტი აქვს.

    ამგვარად, მწეველებმა, რომლებსაც არ შეუძლიათ მავნე ჩვევის უკუგდება, თამბაქოს ნეგატიურ გავლენათა “გასანეიტრალებლად” ბროკოლი მაინც უნდა მიირთვან რეგულარულად!

     

    წყარო:  Mkurnali.ge

  • ჯანმო ფრანგი ექიმების წინააღმდეგ, რომლებიც ამბობენ, რომ Covid19-ით მწეველები ნაკლებად ავადდებიან. ვინ არის მართალი

    ჯანმო ფრანგი ექიმების წინააღმდეგ, რომლებიც ამბობენ, რომ Covid19-ით მწეველები ნაკლებად ავადდებიან. ვინ არის მართალი

    ფრანგი ექიმების ცოტა ხნის წინანდელ დასკვნას იმის შესახებ, რომ კორონავირუსით მწეველები ნაკლებად ავადდებიან დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. დასკვნა იმის შესახებ, რომ მწეველები კორონავირუსით ნაკლებად ავადდებიან პარიზის პიტიე–სალპეტრიერის საავადმყოფოს მედიკოსებმა საკუთარ პაციენტებზე დაკვირვებით გამოიტანეს. თუმცა ეს დასკვნა ეწინააღმდეგება იმას, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამტკიცებს და მას შემდეგ დავა არ წყდება.

    “მოწევა როგორც ჩანს დამცავ ფარად იქცევა. ნიკოტინი პოტენციური დამცავი ნივთიერებაა, რომელიც ვირუსს ორგანიზმში შეღწევის საშუალებას არ აძლევს“– ნათქვამია საავადმყოფოს კვლევაში.

    ამ საავადმყოფოში ჰოსპიტალიზირებული 340 პაციენტიდან მწეველი მხოლოდ 4.5 % აღმოჩნდა, პაციენტების საშუალო ასაკი 65 წელი იყო. თითქმის 140 ამბულატორულ პაციენტს შორის კი მაჩვენებელი ოდნავ მაღალი– 5.3% აღმოჩნდა(საშუალო ასაკი 44 წელი).

    გარდა ამისა, AP-HP ცენტრის გათვლით, რომელიც პარიზის და დედაქალაქის რეგიონის საავადმყოფოს აერთიანებს, კოვიდ 19 –ით ჰოსპიტალიზირებულ 11 000 პაციენტს შორის მხოლოდ 8.5% აღმოჩნდა მწეველი, იმ ფონზე, როცა საფრანგეთში ყოველდღიურად მოსახლეობის მეოთხედი ეწევა.

    “პაციენტებს შორის, რომელთა ჰოსპიტალიზაცია პიტიე–სალპეტრიერის საავადმყოფოში  კორონავირუსის დიაგნოზით მოხდა და რომლებიც კონსულტაციაზე მოვიდნენ, მწეველი იმაზე ხუთჯერ უფრო ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით. მონაცემები ვეიფინგის შესახებ ჯერჯერობით არ გვაქვს. დამატებითი კვლევა უნდა ჩატარდეს. შესაძლოა საქმე ნიკოტინშია, მაგრამ ეს ჯერ დამტკიცებული არ არის. არ უნდა დავივიწყოთ, რომ მოწევა უფრო მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე კორონავირუსი“– დაწერა ტვიტერზე პროფეოსრმა ბერტრან დაუტცენბერგმა.

    საავადმყოფოს ექიმები ვარაუდობენ, რომ ნიკოტინი შესაძლოა კორონავირუსის პროფილაქტიკის საშუალება იყოს. უახლოეს მომავალში ისინი ნიკოტინის პლასტრების კორონავირუსიან პაციენტებზე გამოცდას აპირებენ.

    როცა ეწევით, ვირუსი ხელებიდან პირში ხვდება

    ფრანგი მეცნიერების მიერ წარმოდგენილი მონაცემები გაოცების მიზეზი გახდა ბევრისთვის, თუ გავითვალისწინებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკას. ორგანიზაციის მონაცემებით ნიკოტინი ყოველწლიურად დაახლოებით 8 მილიონ ადამიანს კლავს. მწეველების ნახევარი სწორედ ამ ჩვევის გამო კვდება.

    ისინი ვინც  ეწევიან ინფექციის მიმართ უფრო მგრძნობიარეები არიან– ამბობს ჯანმო. და საქმე მხოლოდ ფილტვების მდგომარეობაში არ არის.

    “როდესაც ეწევით, თითები და შესაძლოა სიგარეტიც, რომლებზეც უკე მოხვდა ვირუსი ტუჩებს ეხებიან. ეს ზრდის იმის შანსს, რომ ვირუსი, რომელიც თქვენს ხელზეა პირში მოხვდეს“–წერს ჯანმო.

    გარდა ამისა, მწეველებს შესაძლოა აწუხებდეთ ფილტვების პრობლემა, მათ შორის მათი მოცულობის შემცირება, ეს კი მძიმე დააადებების განვითარების შანსს ზრდის.

    “როცა ჟანგბადის მოთხოვნილება იზრდება, ფილტვებს კი მისი მიღების უნარი დაქვეითებული აქვს, იზრდება ფილტვების მძიმე დაავადების განვითარების რისკი, მათ შორის პნევმონიის“– ამბობენ ჯანმოში.

    ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის მარტის ანგარიშში მწეველები მოწყვლად ჯგუფში მოხვდნენ.

    საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირების რისკი მწეველებში ისეთივეა, როგორიც არამწეველებში, თუმცა მათ უფრო ხშირად ემართებათ პნევმონიის მძიმე ფორმა.

    ადრე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ახლოაღმოსავლური რესპირატორული სინდრომის, მერსის აფეთქებისას 2012 წელს მწეველები უფრო ხშირად კვდებოდნენ, ვიდრე არამწველები.

    თუმცა, ამჯერად ფრანგი მეცნიერების კვლევამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. კვლევის გამოქვეყნებიდან მალევე ქვეყნის ხელისუფლებამ მკვეთრად შეამცირა ნიკოტინის შემცველი პროდუქტების გაყიდვა.

    ის, ვინც ნიკოტინდამოკიდებულებას ებრძვის 11 მაისიდან აფთიაქებში ნიკოტინის შემცველი პროდუქციის მხოლოდ ერთი თვის მარაგის შეძენას შეძლებს, როგორიც არის მაგალითად პლასტირები და საღეჭი რეზინი. ონლაინ გაყიდვები მთლიანად შეწყდა.

    ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ იძულებული გახდნენ ეს ზომები მიეღოთ, რადგან გაჩნდა ნიკოტინის შემცველი პროდუქციის მასობრივად ყიდვის ტენდენცია,  Covid19-ისგან თავის დასაცავად.