Category: ჯანმრთელობა

  • კორონავირუსი მელოტებში ყველაზე მძიმე ფორმებით მიმდინარეობს – მეცნიერების დასკვნა

    კორონავირუსი მელოტებში ყველაზე მძიმე ფორმებით მიმდინარეობს – მეცნიერების დასკვნა

    მელოტი ადამიანები კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან. ესპანეთის საავადმყოფოში, აღმოაჩინეს რომ დაინფიცირებულ მელოტი ადამიანებს განსაკუთრებით მძიმედ გადააქვთ კოვიდ19.

    როგორც საავადმყოფო აცხადებს, მიზეზი თმის ცვენის გამომწვევი ჰორმონი ანდროგენია, რომლის გააქტიურების შემდეგ ადამიანის ორგანიზმი მეცნიერთა აზრით, ვირუსულ ინფექციათა მიმართ მოწყვლადი ხდება. უთმო მამაკაცებს ორგანიზმში ისეთ ჰორმონები უვითარდებათ, რომლის შემდეგაც ვირუსული ნაწილაკებისთვის უფრო მარტივდება ორგანიზმის დასნებოვნება.

    ტელეგრაფთან ინტერვიუში ამ აღმოჩენის მთავარი ავტორი, პროფესორი კარლო უემბიერ, რომელიც ამ აღმოჩენის ერთ-ერთი მთავარი ავტორია, განაცხადა, რომ სიმელოტე ინფიცირებულ პაციენტებს შორის ხშირ შემთხვევაში დაავადების რთული ფორმების გამომწვევია.

    „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ანდროგენები აშკარად არის ე.წ კარიბჭე, რომლის გავლითაც ვირუსი უჯრედში მარტივად შედის“- განაცხადა კარლო უემბიერმა.

    ერთ-ერთი კვლევით დადასტურდა, რომ ესპანეთში 122 კოვიდ ინფიცირებული პაციენტიდან თ ითქმის 80% მელოტი იყო. მეორე კვლევით  მადრიდში ერთ-ერთი საავადმყოფოში მყოფი 41 დაავადებული პაციენტიდან 71 % მელოტი იყო.

  • მეცნიერებმა გაჭაღარავების მექანიზმი ამოხსნეს

    მეცნიერებმა გაჭაღარავების მექანიზმი ამოხსნეს

    ყველასთვის ცნობილია, რომ ჭაღარის გაჩენა არა მხოლოდ ორგანიზმის დაბერებასთან, არამედ სტრესთანაც არის დაკავშირებული. ალბათ გსმენიათ ფრაზა, რომელსაც შიშის ან ნერვიულობის შემდეგ ამბობენ– “კინაღამ გავჭაღარავდი“. თუმცა, მეცნიერულად დასაბუთებული ურთიერთკავშირი გაჭაღარავებასა და სტრესს შორის მხოლოდ ცოტა ხნის წინ დადგინდა და ეს ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა მოახერხა. მათი დასკვნები სამეცნიერო ჟურნალში – Nature არის აღწერილი.

    სწორედ ასეთივე პრინციპი მოქმედებს, როცა ქამელეონი შეფერილობას იცვლის. ეს საფრთხის მომენტში ხდება, როცა ცხოველი სტრესს განიცდის.

    ადამიანში კი მექანიზმი, რომელიც ჩვენი თმის ფერზეა პასუხისმგებელი სათავეს იღებს მეზენქიმალურ ღეროვან უჯრედებში. ისინი მელანოციტებს გამოტყორცნიან, რომლებიც თმის ძირების ფოლიკულებისკენ მიგრირებენ და იქ პიგმენტ მელანინს გამოიმუშავებენ, ის კი თავის მხრივ ჩვენს თმას შეფერილობას აძლევს.

    ეს პროცესი ჩვეულებრივ პირობებში უწყვეტია. ეს თვალსაჩინოდ ჩანს ხელოვნურად სხვა ფრად შეღებილ თმაზე: გაზრდილი ძირები სხვა, ადამიანის ბუნებრივი თმის ფერის არის.

    როცა ორგანიზმი ნეგატიურ ემოციურ შეტევას განიცდის, ამ პროცესის ერთ–ერთ ეტაპზე სისტემა ფერხდება, და ჩვენი ბუნებრივი ფერის ნაცვლად თმის ფოლიკულები ნაცრისფერი პიგმენტის დოზას იღებენ.

    როგორ ხდება ეს კონკრეტულად:

    ექსპერიმენტი თაგვებზე ჩაატარეს, რომლებსაც ფიზიკური ტკივილით გამოწვეული სტრესი განაცდევინეს. ტკივილმა ჰიპერაღგზნებითი რეაქცია გამოიწვია, რომელსაც ასევე უწოდებენ  fight or flight(იბრძოლე ან გაიქეცი). ამ ეფექტმა ვირთხებში ნეიროტრანსმიტერ ნორადრენალინის გამომუშავების აქტივაცია გამოიწვია.

    ნორადრენალინი ყურადღების მომატებასა და ქმედებაზეა პასუხისმგებელი და დაკავშირებულია მეზენქიმალურ ღეროვან უჯრედებთან. როგორც კი ვირთხები ტკივილს განიცდიდნენ,  მათში ნორადრენალინი გამოიტყორცნებოდა, მელანოციტების ღეროვანი უჯრედები დაჩქარებულ რეჟიმში მრავლდებოდნენ, მიგრირებდნენ და იფიტებოდნენ.

    ამასთან, მეზენქიმალური ღეროვანი უჯრედების მარაგი, რომელიც შეზღუდულია, შემცირდა. არადა, რაც ნაკლებია ორგანიზმში ეს უჯრედები, მით ნაკლები ხარისხიანი მელანოციტი მონაწილეობს თმის პიგმენტაციაში.

    ცხოველებისგან განსხვავებით, ადამიანს  ფიზიკური ტკივილის გარდა სულიერი ტანჯვა, ძლიერი ემოციური განცდები და ხანრძლივი ნერვიულობაც ახასიათებს. ამიტომაც ჩვენი თმის პიგმენტაციაში შეფერხებები ბევრად უფრო ხშირად ხდება.

    ალბათ არაერთხელ გსმენიათ ისტორიები იმის შესახებ, როგორ გაჭაღარავდა ადამიანი სრულიად ახალგაზრდა ასაკში.

    ბუნებრივი დაბერების პროცესში მეზენქიმალური ღეროვანი უჯრედების ამოწურვა წლების მანძილზე ბუნებრივად ხდება და ადამიანი გაჭაღარავებას იწყებს.

    ადრეული გაჭაღარავების მიზეზი შედარებით იშვიათად მემკვიდრეობითი მიდრეკილებაც არის.

  • “სხვა ქვეყნებში არ გაცემულა კონდიციონერის აკრძალვის რეკომენდაცია“–ინფექციონისტის არგუმენტები, რატომ არ არის სწორი კონდიციონერების აკრძალვა

    “სხვა ქვეყნებში არ გაცემულა კონდიციონერის აკრძალვის რეკომენდაცია“–ინფექციონისტის არგუმენტები, რატომ არ არის სწორი კონდიციონერების აკრძალვა

    ხშირად დასმული კითხვები კორონავირუსთან დაკავშირებით.

    უნდა აიკრძალოს თუ არა კონდიცირება შენობებში COVID პანდემიასთან დაკავშირებით? ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამ თემაზე განმარტებას აკეთებს. მისი თქმით,  ეს გადაწყვეტილება  შესაბამისი უწყებების მისაღებია, თუმცა, მისი  აზრით, ამ რეკომენდაციასთან დაკავშირებით არსებობს მთელი რიგი კითხვის ნიშნები და პრობლემები:

    1. ვირუსის გადაცემის გარკვეული რისკი, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა კონდიცირებასთან დაკავშირებით კორონავირუსის დადასტურებული გადაცემის მხოლოდ ერთი შემთხვევაა აღწერილი მსოფლიოში ჩინეთის ერთ-ერთ რესტორანში. სხვა ასეთი ტიპის ინფორმაცია სამედიცინო ლიტერატურაში კოვიდთან დაკავშირებით არ ვრცელდება. ამიტომ, როგორც ჩანს, ეს რისკი ძალიან დაბალია.

    2. მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანი მუშაობს ან დადის კონდიცირების/ცენტრალური ვენტილაციის მქონე შენობებში და ამ გზით კორონავირუსის გადაცემის დადასტურებული შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

    3. სხვადასხვა ქვეყნებში მაღალი რეპუტაციის სამედიცინო/საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ ასე ცალსახად გაცემული რეკომენდაცია კონდიცირების აკრძალვის შესახებ არ არის (ყოველ შემთხვევაში არ იძებნება:)

    4. კონდიცირების აკრძალვა და შესაბამისად, მაღალი ტემპერატურა გამოიწვევს პირბადეების გამოყენების გაძნელებას – ერთი მხრივ, სიცხეში უფრო მეტად გართულდება სუნთქვა პირბადით და მეორეს მხრივ, პირბადის დასველების რისკი ოფლით მოიმატებს, რაც ადამიანებს გაუძნელებს პირბადის გამოყენებას, ხშირად მოიხსნიან/მოკიდებენ ხელს პირბადეს. პირბადის გამოცვლა უფრო ხშირად გახდება აუცილებელი, რასაც ალბათ ნაკლებად გააკეთებენ. შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვის საშუალება ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდება.

    5. აფთიაქებსა თუ მაღაზიებში, სადაც მალფუჭებადი პროდუქტებია, კონდიცირების გარეშე ვერ შენარჩუნდება ოპტიმალური ტემპერატურა, რაც აუცილებელია წამლების თუ სხვადასხვა პროდუქციის ხარისხის შესანარჩუნებლად.

    6. რა თქმა უნდა, იდეალური იქნებოდა, თუ ყველა შენობას ექნება ისეთი კონდიცირების სისტემა, რომელიც ჰაერის სრულ ცვლას უზრუნველყოფს, მაგრამ ეს სრულიად არარეალისტურია. ასევე გამოსავალი იქნებოდა ჰეპა ფილტრების დაყენება, მაგრამ ესეც არარეალისტურია, კლინიკებისთვისაც კი. ორივე ეს სისტემა ძალიან ძვირია და ამას ქართულ რეალობაში დაწესებულებათა უმრავლესობა ვერ შეძლებს.

    7. აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრი გვირჩევს, რომ ხშირად გავაღოთ ფანჯრები და ასეც უნდა მოვიქცეთ. კონდიცირებულ შენობებში ხშირად გავაღოთ ფანჯარა/კარი, რაც გარედაც ჰაერის ცვლას უზრუნველყოფს და შენობაც გრილი იქნება კონდიცირების გამო.

    8. აშშ გათბობის, გაგრილების და კონდიცირების ინჟინერთა ასოციაციამ (ASHRAE), რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა ამ მიმართულებით, გააკეთა განცხადება, რომ კოვიდთან დაკავშირებით უარი არ უნდა ვთქვათ კონდიცირების გამოყენებაზე: „In general, disabling of heating, ventilating, and air-conditioning systems is not a recommended measure to reduce the transmission of the virus“.

    9. თუ ჩვენ იმაზე ვწუხვართ, რომ კონდიცირებულ ოთახებში ვირუსის კონცენტრირება მოხდება, რადგან ფანჯრები ამ დროს დაკეტილია, ხოლო კონდიცირების დროს ჰაერის ცვლა უმეტეს სისტემებში ძალიან მინიმალურად ხდება, ზამთარში ჩვენ ზუსტად ამ სიტუაციაში უკვე ვიყავით, როდესაც ადამიანები დახურულ სივრცეებში იყვნენ. ამიტომ ამ მხრივ დიდად არაფერი იცვლება.

    10. კონდიცირების აკრძალვა გაზრდის ვენტილატორების გამოყენებას, რაც, თავისთავად, ცუდი არ არის, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, თუ სწორად არ მოვახდენთ ვენტილატორის მიერ ჰაერის ნაკადის წარმართვას, შეიძლება ინფიცირებული ადამიანიდან ვენტილატორის საშუალებით ჯანმრთელზე წვეთების (და ვირუსის) შეფრქვევას ხელი შევუწყოთ და თუნდაც დისტანციას იცავდნენ ადამიანები, ეს დისტანცია შემცირებული გამოვა. ამ დეტალების გათვალისწინება კი, ძნელად დასაჯერებელია, ადამიანებმა მოახერხონ.

    11. მთელ რიგ ქვეყნებში, სადაც ტემპერატურა მაღალ ციფრებს აღწევს, შეიძლება მოხდეს ორგანიზმის გადახურება, რაც, თავისთავად, ჯანმრთელობას სერიოზულ პრობლემას უქმნის და ასევე, იმუნური პასუხის დაქვეითების გამო შეიძლება კორონავირუსით ინფიცრების რისკი, პირიქით, გაიზარდოს.

    ამიტომ, კონდიცირების აკრძალვის თემასთან დაკავშირებით ბევრი საკითხი უნდა იქნას გათვალისწინებული და მხოლოდ შემდეგ იქნას გადაწყვეტილება მიღებული.“– ამბობს ბუწაშვილი.

  • როგორ დაგეხმარებათ 16 საათიანი შიმშილი სწრაფად გახდომაში. მსოფლიოში ინტერვალური კვება მოდური ხდება

    როგორ დაგეხმარებათ 16 საათიანი შიმშილი სწრაფად გახდომაში. მსოფლიოში ინტერვალური კვება მოდური ხდება

    იდეალური რეჟიმი მათთვის, ვისაც დიეტები და საათობრივი კვების რეჟიმი არ გამოსდის.
    ბოლოს და ბოლოს გამოჩნდა გზა, ჭამოთ ყველაფერი რაც გინდათ და ამავე დროს გახდეთ. ამ მეთოდს ინტერვალურ შიმშილობას უწოდებენ. მეთოდის ეფექტურობა უკვე არაერთმა დიეტოლოგმა დაადასტურა. ბოლო წლებში კვების ასეთი რეჟიმი დიდ პოპულარობას იკრებს მათ შორის, ვისაც ზედმეტი წონის დაკლება ზედმეტი წვალების გარეშე სურს. დიდი ხნის მანძილზე ექსპერტები პროპაგანდას უწევდნენ საკვების რეგულარულ მიღებას და გვარწმუნებდნენ, რომ დღეში ხუთჯერადი კვება მეტაბოლიზმს აჩქარებს და სწრაფად გახდომაში გვეხმარება. შედეგად, გახდომის მსურველები ცდილობენ საუზმე არ გამოტოვონ და თავს აიძულებენ წაიხემსონ, თუნდაც იმ მომენტში არ შიოდეთ. მართლაც ჭირდება თუ არა ჩვენს ორგანიზმს ასთი რეჟიმი? დასავლეთში სპეციალისტები ბოლო დროს მივიდნენ დასკვნამდე, რომ არაფერია საშიში იმაში, თუ საუზმეს და ლანჩს გამოტოვებთ და სადილამდე, ან ვახშმამდე პატარა “შიმშილობას“ მოიწყობთ. თუნდაც ეს ეწინააღმდეგებოდეს სწორი კვების ყველა პრინციპს, რომელიც აქამდე ვიცოდით. ფაქტია, რომ ინტერვალური კვება გახდომას და ორგანიზმის გაჯანსაღებას ხელს უწყობს.

    ვნახოთ რაში მდგომარეობს ინტერვალური კვების არსი:

    ინტერვალური შიმშილი – ეს არის კვების რეჟიმი გახდომისთვის, რომლის დროსაც პერიოდულად საკვებზე მთლიანად ამბობთ უარს. ამ პერიოდში მხოლოდ წყალს მიირთმევთ . ყველაზე პოპულარული მეთოდია სისტემა 16/8 – საკვებზე უარის თქმა 16 საათის განმავლობაში, შემდეგ კი რვა საათის განმავლობაში კვება. მსგავსი კვება ორგანიზმს აიძულებს ცხიმის მარაგები დაწვას. ფასტინგის მთავარი პლუსი იმაშია, რომ არ არის საჭირო საკვებზე მთლიანად უარის თქმა. საკმარისია საუზმე, სადილი ან ვახშამი გამოტოვოთ. ემოციონალურად ეს ბევრად მარტივია, ვიდრე აბსოლუტური შიმშილობა, ან მაგალითად განტვირთვის დღეები წვენებით. ამასთან, არ არის არავითარი შეზღუდვა პროდუქტებში, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ დესერტიც მიირთვათ, შემწვარ–მოხრაკულიც და ცომეულიც.

    რა არის ინტერვალური შიმშილის პრინციპი

    კვებაზე 16 საათიანი უარის თქმა ინსულინის სეკრეციის ოპტიმიზირებას იწვევს, რაც ორგანიზმს ნაკლებად მგრძნობიარეს ხდის მაღალი გლიკემიური ინდექსის ნახშირწყლების მიმართ, ამცირებს შიმშილის გრძნობას. ჩვენი ორგანიზმი შიმშილობის პერიოდში იწყებს სათადარიგო ცხიმების წვას, არ ცდება საჭმლის მონელებაზე. უფრო მეტიც, ცარიელი კუჭი “ისვენებს“, და ეს იმუნიტეტს ამაღლებს და ჰორმონალურ ფონს აუმჯობესებს.

    ზოგი დიეტოლოგი დარწმუნებულია, რომ კვების ასეთი პრინციპი აქვეითებს ანთებით პროცესებს ორგანიზმში, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, აუმჯობესებს აზროვნებას. ინტერვალური შიმშილისა და ვარჯიშების შედეგად შესაძლებელია ცხიმის დაწვის ხარჯზე კუნთოვანი მასის გაზრდა, სხეული უფრო რელიეფური და აჭიმული ხდება.

    როდის შეიძლება კვება

    თავიდან ჯობს განსაზღვროთ, როდის უფრო ადვილია თქვენთვის საკვებზე უარის თქმა – დილით თუ საღამოს. თუ საუზმობა ისედაც არ გიყვართ, შეგიძლიათ გამოტოვოთ. მაგალითად, თუ საღამოს 8 საათზე ივახშმეთ, ესეიგი შეგიძლიათ მეორე დღის 12 საათიდან გემრიელად მიირთვათ საკვები. ძილის გათვალისწინებით კვების გარეშე 16 საათი გამოგივათ. საღამოს 8–ზე კი შეგიძლიათ კარგად ივახმშოთ. შემდეგი 16 საათი კი საკვებს აღარ გაეკაროთ.

    მოკლედ, შეგიძლიათ ეს ინტერვალი თქვენი რეჟიმის და სურვილის მიხედვით გადაანაცვლოთ. მთავარია 16 საათი საკვები არ მიიღოთ, 8 საათის მანძილზე კი საკვები მიირთვათ.

    ვისთვის არ შეიძლება ინტერვალური შიმშილი

    ფასტინგს, ისევე როგორც ყველა სხვა დიეტას უკუჩვენებები აქვს. ამიტომაც, სანამ ექსპერიმენტს ჩაატარებთ, ჯობს ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია. ინტერვალური შიმშილობა არ არის სასურველი მათთვის, ვისაც გასტრიტი, ნაღვლის ბუშტის ან თირკმელების პრობლემები აქვს, ასევე ფეხმძიმე ქალებისა და მეძუძური დედებისთვის.

  • კავშირი მოწევას და Covid19-ს შორის – ნიუ იორკელი მეცნიერების ახალი კვლევა

    კავშირი მოწევას და Covid19-ს შორის – ნიუ იორკელი მეცნიერების ახალი კვლევა

    ფრანგ მეცნიერთა ერთი მცირე ჯგუფის ჰიპოთეზა, თითქოს თამბაქოს მოწევა შეიძლება ადამიანს ახალი კორონავირუსისგან იცავდეს, მალევე გაბათილდა. მას თავისთავად ბევრი ლიმიტი გააჩნდა და კრიტიკას ვერ უძლებდა. თუმცა, ამ საკითხზე არცერთ სხვა კვლევას, ან პუბლიკაციას, რომელიც პირველად მონაცემებს უარყოფდა, მსგავსი რეზონანსი არ მოჰყოლია, არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე, არც შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის განმარტებაზე და არც თავად საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე.

    უახლესი კვლევის ავტორები თამბაქოს მოწევას და კოვიდ-19-ს შორის არსებულ კავშირის შესახებ ნიუ-იორკელი მეცნიერები არიან. ქოლდ-სპრინგის ლაბორატორიის მკვლევარები (Cold Spring Harbor Laboratory) შეეცადნენ დაედგინათ, თუ რატომ არიან მწეველები უფრო მგრძნობიარე სხვადასხვა ინფექციების მიმართ, კერძოდ – ვირუსის სარს-კოვ-2-სადმი, რომელიც იწვევს კოვიდ-19-ს. კვლევის შესახებ სტატიას ამერიკის ხმა ავრცელებს.

    როგორც ცნობილია, ადამიანთა უმრავლესობას ახალი კორონავირუსი ისე ემართება, რომ სიმპტომებს ან საერთოდ ვერ გრძნობს, ან ის იოლი ფორმით გადააქვს. თუმცა, იმუნოდეპრესირებულები, ხანდაზმულები, კაცები, ჭარბწონიანები, მწეველები – ეს ადამიანთა ის ჯგუფებია, რომლებშიც კოვიდ-19-ის გართულებების რისკი მაღალი რჩება.

    ნიუ-იორკში, ქოლდ-სპრინგის ლაბორატორიაში ჩატარებულ კვლევას ხელმძღვანელობდნენ ჯეისონ შელცზერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი და ჯოან სმიტი, ინჟინერი კომპანიაში „გუგლი“. ვინაიდან პანდემიის გამო, ლონგ-აილენდზე მდებარე ამ ლაბორატორიის სამეცნიერო სამუშაოების უდიდესი  ნაწილი შეჩერებული იყო, მათ გადაწყვიტეს, უკვე გამოქვეყნებული მონაცემები შეესწავლათ და გაეანალიზებინათ.

    მეცნიერებს აინტერესებდათ ეპოვათ ის მთავარი მახასიათებელი, რაც მწეველს გაცილებით მგრძნობიარეს ხდის ახალი კორონავირუსით ინფიცირების მიმართ. „დავიწყეთ ყველა მონაცემის შეგროვება, რაც კი მოიპოვებოდა“ – წერს შელცზერი ლაბორატორიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.

    მისი ჯგუფი ფილტვებში გენების აქტოვობას სწავლობდა და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, ორივე სქესში, მწეველებში და არამწეველებში მიღებულ შედეგებს, ერთმანეთს ადარებდა. „როცა ყველაფერს თავი მოვუყარეთ და ანალიზი დავიწყეთ, შევნიშნეთ, რომ როგორც თაგვებში, რომლებსაც თამბაქოს ასუნთქებდნენ, ისე მწეველ ადამიანებში, გაზრდილი რაოდენობით იყო ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტი 2 (ACE2)“ – აღნიშნავს მეცნიერი.

    ეს სწორედ ის ცილაა, რომელსაც ახალი კორონავირუსი ადამიანის ორგანიზმის უჯრედებში შესაღწევად იყენებს. როგორც ირკვევა, სიგარეტის მოწევა ფილტვებში ზუსტად ამ ცილის წარმოქმნას ასტიმულირებს და შესაბამისად, გამოდის, რომ ვირუსს საკუთარი ორგანიზმის ინფიცირებაში ეხმარება.

    გასაოცრად დიდი იყო თამბაქოს კვამლის გავლენა, აღნიშნავს ჯეისონ შელცზერი. თუმცა, მისი თქმით, კვლევის მონაცემებმა ისიც აჩვენა, რომ ამ ცილის გაზრდილი რაოდენობა ფილტვებში დროებითია და პროცესი შეუქცევადი არ არის: როცა პაციენტი მოწევას თავს ანებებს, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტი 2-ის რაოდენობა რეგულირდება და ხშირად არამწეველის რაოდენობას უტოლდება. მეცნიერთა ვარაუდით, თუ მწეველი თამბაქოს მიღებას შეწყვეტს, ახალი კორონავირუსის მწვავე ფორმით ინფიცირების რისკიც შემცირდება.

    „მწეველებს, არამწეველებთან შედარებით, კოვიდ-19-ის მწვავე ფორმით დაავადება უფრო მეტად ემუქრებათ“ – ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 11 მაისს გამოქვეყნებული განცხადება. ამ დასკვნამდე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები არსებული კვლევების შეჯამების საფუძველზე მივიდნენ.

    „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს მკვლევარებს, მეცნიერებს და მედიას, ფრთხილად იყვნენ და ზედმეტად ნუ გააშუქებენ მოსაზრებას, თითქოს თამბაქო ან ნიკოტინი კოვიდ-19-ის რისკებს ამცირებს“ – ნათქვამია გაეროს ჯანდაცვის წამყვანი ორგანიზაციის ვებგვერდზე, რადგან ამ მოსაზრების დამადასტურებელი ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.

    ორგანიზაციის განმარტებით, კოვიდ-19 ინფექციური დაავადებაა, რომელსაც მთავარი შეტევა ფილტვებზე მიაქვს. მოწევა კი ფილტვების ფუქნციებს აზიანებს, რაც კორონავირუსთან ბრძოლას აფერხებს.

    ამას გარდა, მოწევა ბევრი სხვა არაგადამდები დაავადების რისკფაქტორია, როგორიცაა გულსისხლძარღვთა დაავადებები, კიბო, რესპირატორული დაავადებები და დიაბეტი, რომლებიც თავისთავად არიან კოვიდ-19-ის გართულებების უფრო მაღალი რისკის ჯგუფში. „არსებული კვლევები მიუთითებს, რომ მწეველები მწვავე დაავადების და სიკვდილობის უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან“ – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც გამუდმებით, რეალურ დროში აჯამებს ახალი სამეცნიერო ნაშრომების შედეგებს.

    ნიუ-იორკის მეცნიერების მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევა დაფინანსებულია შეერთებული შტატების ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის, კიბოს ამერიკული საზოგადოების და ნიუ-იორკის საზოგადოებრივი ფონდის მიერ. ნაშრომი 16 მაისს გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში Developmental Cell. ჯეისონ შელცზერის და ჯოან სმიტის გარდა, კვლევის თანაავტორები არიან: ერინ სოსვილი, ვიშრუთ გირიში, მონე ლუ იანი, ანანდ ვასუდევანი და კრისტენ ჯონი.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • რა გავლენა მოახდინა კარანტინმა ადამიანების ფსიქოლოგიაზე და ჩვევებზე. ექსპერტები გრძელვადიან შედეგებზე საუბრობენ

    რა გავლენა მოახდინა კარანტინმა ადამიანების ფსიქოლოგიაზე და ჩვევებზე. ექსპერტები გრძელვადიან შედეგებზე საუბრობენ

    კარანტინი, სოციალური დისტანცირება, სახლიდან მუშაობა, სუპერმარკეტში ნიღბით სიარული და თავყრილობები ზუმში – ამ ყველაფერმა უკვე მთლიანად შეცვალა ჩვენი ცხოვრების ჩვეული რიტმი. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი ცვლილებებისა, რომლებიც ყოველ ქვეყანაში და ყოველ საზოგადოებაშ მოხდება.

    უკვე ჩატარდა პირველი კვლევები იმის გასარკვევად, როგორ მოქმედებს პანდემია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მეცნიერები ამ საკითხებზე მუშაობას სულ უფრო დიდ დროს უთმობენ.

    ავსტრალიის ფსიქოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, მარია კოლინზმა თავის სტატიაში ხუთი ძირითადი სტადია ჩამოთვალა, რომლებსაც ადამიანები კარანტინის და თვითიზოლაციისას განიცდიან.

    კორონავირუსის იზოლაციისას კოლინზის აზრით ადამიანი შემდეგ სტადიებს გადის:

    უნდობლობა (უარყოფა), მრისხანება, სევდა, მიმღებლობა და იმედი.

    კოლინზი წერს, რომ პირველ სტადიაზე, რომელიც უმრავლესობამ მარტის შუა რიცხვებიდან მარტის ბოლომდე გაიარა, ადამიანები უბრალოდ უარს ამბობდნენ მიეღოთ ის ფაქტი, რომ საკუთარი ჩვევების შეცვლა და ცხოვრების შეზღუდვა მოუწევდათ იმ მიზეზის გამო, რომელიც მათთვის ხილულიც კი არ იყო.

    უნდობლობა მრისხანებამ შეცვალა იმის გამო, რომ ადამიანის ცხოვრების ჩვეული წესი დაინგრა, მას კი არაფრის გაკეთება შეეძლო ამის შესაჩერებლად. ეს ეტაპი იზოლირებულმა ადამიანებმა უკვე გაიარეს.

    ამის შემდეგ სევდის სტადია მოდის, როცა მაგალითად ადამიანი სევდიანად უყურებს ფანჯრიდან ერთ დროს ხალხმრავალ ქუჩას, ჩაუვლის გაურკვეველი ვადით დახურულ მაღაზიებს, გაივლის ცარიელ ქუჩაში და ცდილობს გაიხსენოს როგორ გამოიყურებოდა ყველაფერი პანდემიამდე, სოციალურ ქსელებში მაინც ხედავს, რომ მანამდე აბსტრაქტული კორონავირუსი ვიღაც ნაცნობს შეეხო.

    მარია კოლინზის თქმით ამჟამად მოსახლეობის უმრავლესობა მეოთხე, მიმღებლობის სტადიაშია. ახალი ყოველდიღური რიტუალები ჩვევად იქცა, უკვე მივაღწიეთ იმ წერტილს, როცა ახალ რეალობას ვიღებთ და ვეთანხმებით მას, იქნება ეს სახლიდან მუშაობა, ბავშვების დისტანციური სწავლება თუ სახლში საკვების მზადება, ან სამსახურის დაკარგვა და ხელისუფლების შემწეობის ლოდინი.

    მეხუთე სტადია, ანუ ოპტიმიზმი კი ფსიქოლოგის თქმით კარანტნის ზომების შემსუბუქების შემდეგ იწყება.

    “მიმღებლობის სტადიაში ნერვული სისტემა სტაბილურდება და ორგანიზმი ადრენალინის გამოყოფას იწყებს, ადამიანები უფრო კრეატიულები და პროდუქტიულები ხდებიან, მათში რაციონალური აზროვნება კარგად იწყებს მუშაობას“– ამბობს ის.

    თუმცა, ლოქდაუნის სრულ მოხსნამდე ჯერ შორია, კრიზისის შედეგები კი წლობით იქნება შესამჩნევი. ეს კი უკვე აისახა, ან აუცილებლად აისახება ჩვენს ყოველდღიურ ქცევაზე.

    რესტორანი ამსტერდამში იზოლირებული კაბინებით

    ექსპერტები იმ რიტუალის გაქრობის შესაძლებლობაზეც საუბრობენ, რომელიც ურთიერთობების განუყოფელი ნაწილია – ხელის ჩამორმევის კულტურა შესაძლოა თანდათანობით გაქრეს. პრაქტიკულად ყველამ კარგად იცის, რომ ხელის ჩამორთმევაზე უარის თქმა სპეციალისტების რეკომენდაციაა და ურთიერთობების ხარისხთან ან ემოციებთან არაფერ კავშირშია, მაგრამ ნეგატიურ ნალექს ამ რიტუალზე უარის თქმა მაინც ტოვებს – ამით ხომ შეხვედრისას ადამიანებს აღარ ეძლევათ საშუალება ერთმანეთის მიმართ პატივისცემა, მეგობრული და კარგი დამოკიდებულება გამოხატონ.

    ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ონლაინ შეხვედრების კულტურაც უკვე იმდენად დამკვიდრდა, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც კიდევ დიდხანს პირადი შეხვედრები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

    პანდემიის პერიოდში ბევრი ცხოვრებისეული ჩვევა და წესი შეიცვალა. მაგალითად, ადამიანებმა, რომლებიც ძირითადად სახლის გარეთ იკვებებოდნენ, სახლში დაიწყეს საჭმლის მზადება. ბუნებრივად შემცირდა მათი სხვადასხვა ხარჯები და სამომხმარებლო ჩვევები.

    ბრიტანული საინვესტიციო და სადაზღვევო კომპანიის, Legal&General– ის ანგარიშის მიხედვით კარანტინის გამოცხადების შემდეგ ადამიანების ხარჯები ოთხ ძირითად კატეგორიად დაიყო: პროდუქტები, ალკოჰოლი, ონლაინ გართობები და ჰობი.

    ამ კატეგორიებზე ადამიანებმა ბევრად მეტის ხარჯვა დაიწყეს. მთლიანობაში სამომხმარებლო ხარჯები კი მარტიდან მკვეთრად შემცირდა, მათ შორისაც კი, ვისაც სამსახური არ დაუკარგავს და ხელფასს სრულად იღებდა.

    კარანტინის შედეგები ყოველდღიური ცხოვრების თვალსაზრისით ძალიან მაშტაბური და ამავე დროს არაპროგნოზირებადია.

    ნიუ ჯერსის კოლეჯის ანთროპოლოგიის პროფესორი, ჯორჯ ლიდერი ჟურნალ  Sapiens–ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ კარანტინის და სოციალური დისტანცირების ზომები ცივილიზაციის საფუძვლებზე დარტყმაა, რადგან მთელი ევოლუციის მანძილზე ადამიანები გაერთიანებისკენ ისწრაფვოდნენ, ზრდისა და განვითარებისთვის.

    კაფე ტაილანდში

    არსებობს სხვა მოლოდინებიც: მაგალითად , ალკოჰოლის გაზრდილი მოხმარების გამო ბრიტანელი მედიკოსები ღვიძლის დაავადებების აფეთქებას ელიან. მათ ისიც აწუხებთ, რომ ადამიანებს გაუჩნდათ ჩვევა სპირტიანი სასმელი ვირტუალური სამუშაო დღის დასრულებამდე, ან მუშაობის პროცესში მიიღონ.

    ამერიკული მედია წერს, რომ პანდემიის შედეგად უთანასწორობა და მასთან დაკავშირებული კონფლიქტები გაიზრდება.

    Washington Post–ს სტატისტიკა მოჰყავს, რომლის თანახმად სახლიდან მუშაობა აზიური წარმოშობის ამერიკელთა 37%–ისთვის და თეთრკანიანი მოსახლეობის 30%–ისთვის იყო ხელმისაწვდომი, მაშინ, როცა ეს შესაძლებლობა აფროამერიკული წარმოშობის ამერიკელთა 20%–ს და ესპანური წარმოშობის ამერიკელთა 16%–ს ქონდა.  მათ უმუშევრობა ყველაზე მეტად შეეხო და ყველაზე მეტად რისკავდნენ მაგალითად, ვაჭრობის სჭეროში მუშაობით.

    კომპანია Legal&General–ის აღმასრულებელი დირექტორი, ნაიჯელ უილსონი ამბობს, რომ ახლო მომავალში არქიტექტორებს ბინებისა და სახლებისთვის ახალი კონცეფციის მოგონება მოუწევთ იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანებს შესაძლოა სახლში არა მხოლოდ ცხოვრება, არამედ მუშაობა და უდიდესი დროის იქ გატარება მოუწიოთ.

    რაც შეეხება ონლაინ განათლების მიღებას, ექსპერტების დიდი ნაწილი ამბობს, რომ მან არ გაამართლა. ამას არაერთი მიზეზი აქვს –ინტერნეტ კავშირის ხარისხით დაწყებული იმით დამთავრებული, რომ ბევრი მასწავლებლისთვის ძალიან არაკომფორტული აღმოჩნდა აუდიტორიის გარეშე მუშაობა და ამის კომპენსირებას ბავშვებისთვის ვიდეოს გამორთვის აკრძალვით ცდილობდნენ.

    ექსპერტები თვლიან, რომ სოციალური დისტანცირების ზომების გაუქმების შემდეგაც ადამიანები ინერციით მაინც შეინარჩუნებენ ერთმანეთის შიშს და ჩვევას, აუცილებლობის გარეშე ერთმანეთს არ მიუახლოვდნენ.

     

  • კოვიდ19-ით უკვე იმაზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე ყოველწლიურად გრიპით ინფიცირდება

    კოვიდ19-ით უკვე იმაზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე ყოველწლიურად გრიპით ინფიცირდება

    მსოფლიოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა. ბოლო კვირების მონაცემებით, ყოველდღიურად, ამერიკის შეერთებულ შტატებზე და ევროპაზე მეტი ინფიცირების შემთხვევები ლათინურ ამერიკაში ფიქსირდება.

    სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს კოვიდ19-ის გავრცელების ახალი ფაზაა. თებერვალში პიკი ჩინეთში დაფიქსირდა, შემდეგ უფრო დიდი მასშტაბით იყო ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

    ამ კვირაში აღრიცხული შემთხვევების უმრავლესობა ლათინურ ამერიკაში ფიქსირდება. ევროპაზე და შეერთებულ შტატებზე ახალი შემთხვევების 20-20 პროცენტი მოდის.

    კოვიდ-19-ის ახალი დადასტურებული შემთხვევების დიდი ნაწილი ბრაზილიაში აღირიცხა. ქვეყანამ მონაცემებით გერმანიას, საფრანგეთს და დიდ ბრიტანეთს გადაუსწრო და ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის შემდეგ, მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

    ბრაზილია ამ დროისთვის მსოფლიო რუკაზე ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით მესამე ადგილზეა. თუმცა, ყოველდღიური მატებით, ის ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, მეორე პოზიციას იკავებს.

    სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, ყოველ ორ კვირაში მსოფლიოში კოვიდ19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1 მილიონით იზრდება.

    მსოფლიოში ახალი კორონავირუსი ​6 თვეში 5 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, მაშინ როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გრიპის შემთხვევები ყოველწლიურად 3-5 მილიონის ფარგლებში მერყეობს. მონაცემები აჩვენებს, რომ კოვიდ19-ით უფრო მეტი ადამიანი ინფიცირდება, ვიდრე ერთად აღებული ყველა შტამის გრიპით.

    პანდემიის გამო მსოფლიოში 326 000 ადამიანი გარდაიცვალა და მონაცემები ყოველდღიურად იზრდება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ რეალურად გარდაცვლილთა რაოდენობა გაცილებით დიდია. გარდაცვალების აღრიცხული შემთხვევების ნახევარი ევროპაში ფიქსირდება.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • რატომ არ უნდა დავტოვოთ სადეზინფექციო ხსნარი მანქანაში

    რატომ არ უნდა დავტოვოთ სადეზინფექციო ხსნარი მანქანაში

    ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ახალი კორონავირუსული ინფექციის (COVID-19) ძირითად  პროფილაქტიკურ ღონისძიებად ხელების ხშირად დაბანას და სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავებას მიიჩნევს. ამიტომ სადეზინფექციო ხსნარი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში განუყოფელ ნაწილად იქცა.

    პროფესორი გრეგ ბოისი ამასთან დაკავშირებით, სადეზინფექციო ხსნართან დაკავშირებით რეკომენდაციებს იძლევა და საზოგადოებას მოუწოდებს რომ არ დატოვონ სადეზინფექცო საშუალებები მანქანაში.

    ფლორიდის Gold Coast University-ის პროფესორი, გრეგ ბოისი აცხადებს, რომ სადეზინფექციო ხსნარის მანქანაში დატოვება არ შეიძლება, რადგან სიცხე გამოიწვევს ხსნარში არსებული სპირტის აორთქლებას. სპირტი კი სადეზინფექციო ხსნარში ყველაზე აუცილებელი კომპონენტია ვირუსების დასამარცხებლად. ამიტომ თუ სადეზინფექციო ხსნარი მანქანაში დაგრჩათ, მაღალი ტემპერატურა გამოიწვევს სპირტის აორთქლებას და ხსნარი ფაქტობრივად გამოუსადეგარი და მავნებელიც კი შეიძლება იყოს. ვინაიდან შეიძლება გვეგონოს რომ ხსნარით დამუშავებული ხელები ჩვენთვის უკვე უსაფრთხოა მაგრამ სპირტის გარეშე ხელის ხსნარით დამუშავება მხოლოდ  შექმნის უსაფრთხოების ილუზიას, ეს კი უფრო მეტი რისკის შემცველია.

    გარდა ამისა, თბილმა საფეზინფექციო ხსნარმა შეიძლება კანი გააღიზიანოს, ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ.

     

  • დღეიდან ევროპაში მენთოლიანი სიგარეტი აიკრძალა

    დღეიდან ევროპაში მენთოლიანი სიგარეტი აიკრძალა

    ბრიტანეთში და ევროკავშირის ქვეყნებში 20 მაისიდან მენთოლიანი სიგარეტის გაყიდვა იკრძალება, თუმცა არა მხოლოდ მენთოლიანის: აკრძალვა ეხება ყველა არომატიზირებულ სიგარეტს, სპეციფიური გემოთი. თუმცა, რადგან არომატიზირებული სიგარეტის ბაზრის უდიდესი წილი სწორედ მენთოლის გემოზე მოდის, ამ აკრძალვას ასე მოიხსენიებენ.

    სხვადასხვა გემოს მქონე სიგარეტების გარდა მაღაზიათა დახლებიდან გაქრება ფილტრები, ქაღალდი და კაფსულები, რომლებიც არომატიზატორებს შეიცავს.

    ბრიტანეთში იკრძალება წვრილი სიგარეტის გაყიდვაც. ჩინოვნიკებს იმედი აქვთ, რომ ახალი ზომა ახალგაზრდა მწეველების რიცხვის შემცირებას გამოიწვევს.

    რატომ აიკრძალა მაინცდამაინც მენთოლიანი სიგარეტი?

    მიზეზი მისი არომატიზირების მექანიზმში და მისდამი მწეველების დამოკიდებულებაშია: ხშირად ფილტრის შიგნით თავსდება კაფსულა, რომელიც დაჭერისას სკდება და გემოს ცვლის. ანდა თავად ფილტრია გაჟღენთილი მენთოლის ზეთით, რომელიც სიგარეტს არომატს აძლევს.

    პირველად სიგარეტის ფილტრში მენთოლის დამატება 1920–იან წლებში დაიწყეს. მწარმოებლები ამტკიცებდნენ, რომ ასეთი სიგარეტი ჯანმრთელობისთვის უფრო უსაფრთხო იყო, საკუთარი პროდუქტის რეკლამირებისას კი ბუნების სურათებს – გრილი გაზაფხულის და წყლის გამოსახულებებს იყენებდნენ.

    ამით მყიდველს უჩნდებოდა სისუფთავის და უსაფრთხოების განცდა. სამიზნე ჯგუფი სწორედ დამწყები მწეველები და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მწეველები იყვნენ.

    სინამდვილეში კი ორგანიზმზე მისი ზემოქმედებით სხვადასხვა არტომატის მქონე სიგარეტი არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი სიგარეტისგან და ზუსტად ისევე იწვევს სხვადასხვა დაავადებების განვითარებას.

    არადა, როგორც  სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულმა არაერთმა კვლევამ აჩვენა, ახალგაზრდებს აქვთ რწმენა, რომ მენთოლიანი სიგარეტი ნაკლებად საშიშია.

    მენთოლის არომატი კვამლის სუნს ნიღბავს, გარდა ამისა მენთოლს მოწევისას გამაგრილებები ეფექტი აქვს და შეიძლება ხველა ან ყელში უსიამოვნო შეგრძნება შეამსუბუქოს, რაც ბევრ მწეველს უჩნდება.

    ექიმები თვლიან, რომ სწორედ ამით აიხსნება ახალგაზრდების რწმენა მენთოლიანი სიგარეტის ნაკლებად მავნებლობის შესახებ. კვლევები აჩვენებს, რომ სწორედ ამიტომ ყიდულობენ ისინი ხშირად მენთოლიან სიგარეტს.

    კვლევებმა აჩვენა, რომ დამწყები მწეველები, თუ არომატიზირებული სიგარეტის მოწევას იწყებენ, უფრო მეტი შანსი აქვთ ნიკოტინდამოკიდებულები გახდნენ, ვიდრე მათ, ვინც არაარომატიზირებულ სიგარეტს ეწევა.

    “მენთოლის გამაგრილებელი და მაანესთეზირებელი მოქმედება მოწევის მოკლევადიან ნეგატიურ ფიზიოლოგიურ ეფექტებს ნიღბავს, როგორიცაა ყელის ტკივილი, წვა და ხველა. ეს კი  მწეველის ფისქოლოგიაში იწვევს რწმენას, რომ ასეთი სიგარეტი ნაკლებად საშიშია ჯანმრთელობისთვის.“ – ამბობს სან ფრანცისკოს უნივერსიტეტის პროფესორი სტეისი ანდერსონი.

    უფრო მეტიც , სტატისტიკა მოწმობს, რომ მენთოლის სიგარეტის მომხმარებლები უფრო მეტს ეწევიან და იშვიათად ანებებენ თავს მოწევას. საქმე იმაშია, რომ მენთოლიანი სიგარეტისთვის თავის დანებება ბევრისთვის უფრო რთულია, მისი სასიამოვნო გემოს გამო.

    ბრიტანეთში ბოლო წლების მანძილზე არომატიზირებული სიგარეტის წილი ბაზარზე მუდმივად იზრდებოდა.

    ფორმალურად ამკრძალავი კანონი ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღეს, ანუ ბრექსითამდე, თუმცა ბრიტანეთმა გადაწყვიტა ის დღესაც  აქტუალურად აღიაროს, და ევროკავშირის სხვა ქვეყნების  მსგავსად 20 მაისიდან აამოქმედოს.

    მენთოლიანი სიგარეტის გაყიდვა კანადაში 2017 წლის 1 ოქტომბრიდან აიკრძალა.

    მას შემდეგ ექსპერტები სიტუაციას აკვირდებოდნენ და ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნეს დასკვნა, რომლის მიხედვით აკრძალვიდან ერთი წლის შემდეგ ბევრმა ადამიანმა მოწევას თავი დაანება(24%), ან მცდელობა დაიწყო(64%).

  • რატომ არის დაუშვებელი ყუნწიანი მარწყვის ტორტში გამოყენება–ინფექციონისტის აზრი

    რატომ არის დაუშვებელი ყუნწიანი მარწყვის ტორტში გამოყენება–ინფექციონისტის აზრი

    ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის აზრით ყუნწიანი მარწყვის ტორტში გამოყენება გაუმართლებელია, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ მარწყვი სათანადოდ არ არის გარეცხილი და ბაქტერიების გამრავლების შედეგად სერიოზული დაავადებები შეიძლება განვითარდეს:

    “ზოგი ახირებად მითვლის, მაგრამ წლებია მაწუხებს ყუნწიანი მარწყვების ნახვა კრემიან ტორტებზე. შეუძლებელია მარწყვი ყუნწის მოცილების გარეშე ადექვატურად გაირეცხოს. აღარაფერს ვამბობ ბაქტერიებზე, რომლებსაც დიდი შანსი აქვთ იქ არსებობის, ყუნწის მოცილებისას ხილული ჭუჭყიც შეიმჩნევა ხოლმე. ახლა, რა თქმა უნდა, კორონავირუსის კონტექსტში არ ვწერ ამას, ჩვეულებრივ ბაქტერიებს ვგულისხმობ, რომლებიც ადვილად აინფიცირებს ადამიანს, თუ ხილი და ბოსტნეული კარგად არ არის გარეცხილი გამდინარე წყლით. ასევე ადვილად მრავლდება ბაქტერიები კრემში და სერიოზულ დაავადებებს იწვევს (საკვებისმიერი ინფექციები). არაერთხელ გამიგია, რომ ადამიანი მარწყვმა “მოწამლა”. ასევე ხშირია კრემიანი ნამცხვრებით “მოწამვლის” შემთხვევებიც.


    მოკლედ, განსაკუთრებით ამ ეპოქაში, როდესაც ადამიანებმა ისეთი უცნაური და არასაჭირო ქცევა დაიწყეს, როგორიცაა პროდუქტების შეფუთვების დეზინფექცია და ხილის და ბოსტნეული საპნით რეცხვა, ყუნწიანი (ანუ ფაქტიურად ცუდად გარეცხილი) მარწყვი თავმომწონე ტორტზე კიდევ უფრო გასაკვირია.“– ამბობს ინფექციონისტი.