Category: ჯანმრთელობა

  • რა უნდა ვიცოდეთ ახალი კორონავირუსის ჯი-მუტაციაზე

    კარგი ამბით დავიწყოთ: კოვიდ-19-ის გამომწვევი ვირუსის მუტაცია სახელად დი-614-ჯი (D614G), დღევანდელი მოცემულობით, არ ხდის ადამიანებს კიდევ უფრო ავად, ან უფრო მეტად არ ამძიმებს ინფიცირებულებს. ამ ეტაპზე, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის უფრო დამაზიანებელია ადამიანის ორგანიზმისთვის, ვიდრე სხვა მუტაციები, რომელიც იწვევს დაავადებას კოვიდ-19.

    აღნიშნული მუტაცია სიახლეს არ წარმოადგენს. ის ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე, ახალ კორონავირუსზე გამოქვეყნებულ კვლევებში არაერთხელ აღწერეს. აღნიშნულ მუტაციაზე ერთ-ერთი პირველი კვლევა 29 აპრილით არის დათარიღებული და მისი ავტორები ბეტ კორბერის მეთაურობით, ნიუ-მექსიკოს ლოს-ალამოს ეროვნული ლაბორატორიის მეცნიერები არიან. „ამერიკის ხმა“ ამ მუტაციაზე 8 მაისს წერდა.

    თუმცა, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სულ უფრო მეტი მეცნიერი ფიქრობს, რომ შეიძლება სწორედ ეს მუტაცია იყოს პასუხისმგებელი სარს-კოვ-2-ის შედარებით დომინანტურ ვერსიაზე. დი-614-ჯი, ან უბრალოდ ჯი-მუტაცია (G) რამდენადმე განსხვავდება ვუჰანში პირველადი აფეთქების დროს გავრცელებული ვირუსის ორიგინალისგან.

    პრობლემა იმაშია, რომ მეცნიერების აზრით, დღევანდელი მოცემულობით, ის უფრო გადამდები ჩანს, ვიდრე სარს-კოვ-2-ის სხვა მუტაციები. თუმცა, მეორეს მხრივ, ის, რომ დი-614-ჯი უფრო გადამდებია, ესეც ჯერჯერობით მხოლოდ ლაბორატორიული ექსპერიმენტების საფუძველზეა ცნობილი.

    ამ საკითხზე მეცნიერები ჯერ კიდევ კამათობენ. ნაწილი ფიქრობს, რომ ევროპაში ვირუსი შემთხვევითი აფეთქებებით გამრავლდა. მეორე ჯგუფი არ გამორიცხავს, რომ ეს მუტაციის ბრალი იყოს. ფაქტია, რომ ჯერჯერობით ამ ვირუსზე და მის მუტაციებზე სამეცნიერო კონსენსუსი არ არსებობს და არაფერი გადაჭრით ცნობილი არ არის. შესაბამისად, არც პანიკის და არც დამშვიდების საფუძველს ეს მონაცემები არ იძლევა.

    საინტერესოა მუტაციის დი-614-ჯი გეოგრაფია. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ის მსოფლიოს ბევრ ნაწილში დომინირებს, იქ სადაც პანდემიის აფეთქება განსაკუთრებით ძლიერი იყო. კერძოდ – ევროპაში და ამერიკის შეერთებული შტატების უმეტეს ნაწილში.

    მუტაციას ყველა ვირუსი განიცდის, ეს ჩვეულებრივი ამბავია და გამონაკლისს არც სარს-კოვ-2 წარმოადგენს – ვირუსი, რომელმაც მილიონობით ადამიანი კოვიდ-19-ით დააავადა და რომლის გამოც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა. ჯი-მუტაცია მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ერთი შედარებით ახალი კვლევის გამო მოხვდა, რომელიც ჯერ სამეცნიერო ჟურნალში არ გამოქვეყნებულა.

    ფლორიდაში მდებარე სკრიფსის კვლევითი ცენტრის მეცნიერთა ნაშრომი, 12 ივნისს მათივე ვებგვერდზე დაიდო. ის იმეორებს და ამყარებს ნიუ-მექსიკოს მეცნიერების კვლევების შედეგებს დი-614-ჯი მუტაციაზე. სკრიფსის მკვლევარები ადასტურებენ, რომ აღნიშნულ მუტაციაში ვირუსის ბიოლოგიური ფუნქცია რამდენადმე შეცვლილია.

    ჯი-მუტაციის შემთხვევაში, ვირუსის ე.წ. სპაიკ-ცილები, რომლებიც გრაფიკულ გამოსახულებაზე საცეცებს ჰგავს, დაახლოებით, 5-ჯერ მეტი აქტივობით გამოირჩევა. როგორც ცნობილია, სწორედ მათი საშუალებით ეჭიდება ვირუსი უჯრედებს და აინფიცირებს მათ. შესაბამისად, რაც უფრო მეტად აქტიურია ეს სპაიკ-ცილები, მით უფრო დიდი უნარი აქვს ვირუსს ორგანიზმში შეღწევის. კვლევის წამყვანი ავტორები თვლიან, რომ ვირუსის ჯი-მუტაციას გადადების და გავრცელების 10-ჯერ მეტი შანსი აქვს, ვიდრე სხვებს.

    პანდემიის დაწყებიდან, მეცნიერებმა შეისწავლეს მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან აღებული ათასობით გენომის სიკვენსი (დნმ-ის შემადგენელი ერთეულების თანმიმდევრობა). ამ უნიკალურ პროექტში ლუგარის ლაბორატორიის სახით, საქართველო და ქართველი მეცნიერებიც მონაწილეობენ. ინფორმაცია ღია და განახლებად საერთაშორისო ინტერნეტ-ბაზაში იყრის თავს, რომელიც ვირუსების ევოლუციაზე და გავრცელების ტენდენციებზე დასაკვირვებლად, მეცნიერებისთვის ფასდაუდებელ წყაროს წარმოადგენს.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • მსოფლიოში დექსომეტაზონის დეიფიციტია მას შემდეგ, რაც ის Covid19-ის წინააღმდეგ ეფექტურ საშუალებად აღიარეს

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოდის მოწოდებით პრეპარატ დექსომეტაზონის წარმოება გაიზარდოს. ეს პრეპარატი კორონავირუსით დაავადებული მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების სიკვდილიანობის შესამცირებლად ეფექტური საშუალება აღმოჩნდა.

    ორგანიზაციის მეთაურმა, ტედროს გებრეიესუსმა განაცხადა, რომ პრეპარატზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევა ამ პრეპარატის უპირატესობების შესახებ.

    დაახლოებით 2 000 პაციენტი კლინიკური კვლევის დროს სტაციონარში დექსომეტაზონს იღებდა. გაირკვა, რომ ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე შეერთებული პაციენტებისთვის ლეტალური შედეგის რისკი დექსომეტაზონის გამოყენების შედეგად 40–დან 28%–მდე შემცირდა, სუნთქვის აპარატზე შეერთებული პაციენტებისთვის კი 25–დან 20%–მდე.

    “ჩენთვის შემდგომი გამოცდა იქნება წარმოების მოცულობების გაზრდა, ასევე დექსომეტაზონის სწრაფი და სამართლიანი განაწილება მთელ მსოფლიოში და აქცენტის გაკეთება იმ ადგილებზე, სადაც ის განსაკუთრებით აუცილებელია“– განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.

    დექსომეტაზონი მედიცინაში უკვე 60 წელია გამოიყენება. ის ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებით ხასიათდება. ჯანმო ხაზს უსვამს, რომ პრეპარატი მხოლოდ მძიმედ დაავადებულ პაციენტებში გამოიყენება და მხოლოდ მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ.

  • COVID-19–ის სიმძიმეს ადამიანში სისხლის ჯგუფი და გენეტიკური ფაქტორები განაპირობებს– ახალი ევროპული კვლევა

    ევროპელი მკვლევარების მონაცემებით, რომლებიც ეძებენ მიზეზებს, რატომ ვითარდება კორონავირუსი რთული ფორმებით ზოგ ადამიანში, ზოგ ორგანიზმში კი მსუბუქად მიმდინარეობს, კორონავირუსის ინფექციის სერიოზულობაზე სისხლის ჯგუფმა და სხვა გენეტიკურმა ფაქტორებმა შეიძლება მოახდინონ გავლენა.

    The New England Journal of Medicine–ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგებში ნავარაუდევია, რომ მეორე ჯგუფის სისხლის ადამიანებს კორონავირუსით დაინფიცირების უფრო მაღალი რისკი და ინფექციის მძიმე სიმპტომებით განვითარების საფრთხე აქვთ.

    ეპიდემიის პიკზე ევროპელმა მკვლევარებმა 4000–ზე მეტი ადამიანის გენების ანალიზი ჩაატარეს, რათა მოეძებნათ ის ვარიანტები, კოვიდ19–ის რთული ფორმებით დაავადებულთა შორის იყო საერთო.

    მათ აღმოაჩინეს, რომ გენებში ვარიანტების კლასტერი, რომლებიც იმუნურ პასუხთან არის დაკავშირებული, უფრო გავრცელებული იყო კოვიდ19–ისმძიმე ფორმით დაავადებულ ადამიანებში. ეს გენები ასევე დამოკიდებულია უჯრედის ზედაპირის ცილასთან, რომელსაც ACE2 ეწოდება. სწორედ მას იყენებს კორონავირუსი ორგანიზმის უჯრედში შესაღწევად და მის დასაზიანებლად.

    მკვლევარებმა, რომლებსაც გერმანელი მკვლევარი ანდრე ფრანკე და ნორვეგიელი მეცნიერი ტომ კარლსენი ხელმძღვანელობდნენ, ასევე აღმოაჩინეს კავშირი ახალ კორონავირუსსა და სისხლის ჯგუფს შორის.

    კოვიდ19–ის მძიმე ფორმის განვითარების რისკი 45%–ით მაღალი აღმოჩნდა მეორე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებში, ვიდრე სხვა ტიპის სისხლის მქონეებში. რისკი 35%–ით დაბალი აღმოჩნდა პირველი ჯგუფის სისხლის მქონე პაციენტებში.

    “მიღებული მონაცემები კონკრეტულ მინიშნებას გვაძლევს იმასთან დაკავშირებით, რა დაავადებები შეიძლება განვითარდეს კორონავირუსის რთული ფორმების დროს.“ – თქვა კარლსენმა როიტერთან ინტერვიუში და აღნიშნა, რომ საჭიროა დამატებითი კვლევები, სანამ ეს ინფორმაცია რეალურად საჭირო გახდება.

    “ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს და სხვა შედეგები გვაჩვენებს გზას კოვიდ19–ის ბიოლოგიის უფრო ღრმა გაგებისთვის“– დაწერა  თავის ბლოგში აშშ–ს ნაციონალური ჯანდაცვის ინსტიტუტის დირექტორმა, გენეტიკის ექსპერტმა ფრენსის კოლინზმა.

    მეცნიერები ასევე ვარაუდობენ, რომ გენეტიკური ტესტი და სისხლის ჯგუფი შესაძლოა სასარგებლო ინსტრუმენტები გახდეს მათ გამოსავლენად, ვისაც სერიოზული დაავადების უფრო დიდი რისკი აქვს.

     

     

  • იაფფასიანი პრეპარატი დექსომეტაზონი კორონავირუსის წინააღმდეგ “სიცოცხლის გადამრჩენლად“ აღიარეს

    ერთ–ერთ ყველაზე იაფ და ფართოდ ხელმისაწვდომ პრეპარატს, დექსომეტაზონს კორონავირუსით სერიოზულად დაავადებული პაციენტების სიცოცხლის გადარჩენის უნარი აღმოაჩნდა.

    ბრიტანელი ექსპერტები ამტკიცებენ, რომ სტეროიდების დაბალი დოზებით მკურნალობა კორონავირუსთან ბრძოლაში დიდი გარღვევაა.

    ამან მესამედით შეამცირა იმ პაციენტების სიკვდილიანობის რიცხვი, ვინც ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე არიან შეერთებული. მათში  კი, ვისაც ჟანგბადი ხელოვნური გზით მიეწოდებათ სიკვდილიანობა ხუთჯერ შეამცირა.

    პრეპარატი მსოფლიოში უმსხვილესი მსოფლიო კვლევის ნაწილი გახდა, რომელიც სწავლობს დღეისათვის არსებული მკურნალობის მეთოდების ეფექტურობას და ცდილობს დადგენას, რომელი მათგანი მუშაობს კორონავირუსის წინააღმდეგ ყველაზე კარგად.

    მკვლევარების შეფასებით პრეპარატი დიდ ბრიტანეთში პანდემიის დაწყებიდანვე რომ გამოეყენებინათ მკურნალობაში  5000 სიცოცხლის გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი. იმის გამო, რომ ეს პრეპარატი იაფფასიანია, მას შეუძლია უდიდესი სარგებელი მოუტანოს შედარებით ღარიბ ქვეყნებს, რომლებიც კორონავირუსით დაავადებული დიდი რაოდენობით პაციენტების გადარჩენას ცდილობენ.

    პრეპარატს უკვე მოიხსენიებენ სიცოცხლის გადამრჩენლად.

    ბიბისიში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით 20 დან დაახლოებით 19 პაციენტი ჰოსპიტალიზაციის გარეშე გამოჯანმრთელდა. მათგან კი, ვინც საავადმყოფოში ხვდება უმრავლესობა ასევე გამოჯანმრთელებას ახერხებს. თუმცა ზოგიერთს შესაძლოა ჟანგბადი ან ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია დაჭირდეს.

    ესენი არიან მაღალი რისკის მქონე პაციენტები, რომლებსაც როგორც ირკვევა დექსომეტაზონი  ასევე შველის.

    პრეპარატს უკვე იყენებენ სხვადასხვა მდგომარეობაში ანთებების შესამცირებლად და როგორც ჩანს, მას აქვს უნარი ზოგიერთი დაზიანება შეაჩეროს, რომლებიც შესაძლოა მაშინ მოხდეს, როცა ორგანიზმის იმუნური სისტემა კორონავირუსთან ბრძოლაში გადატვირთვას იწყებს.

    ორგანიზმის გადაჭარბებული რეაქცია ვირუსზე, რასაც ციტოკინურ ქარიშხალს უწოდებენ, როგორც ცნობილია მომაკვდინებელი შეიძლება აღმოჩნდეს.

    კვლევაში, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის გუნდმა ჩაატარა, საავადმყოფოში მყოფი 2000 პაციენტის შედეგები, რომლებიც დექსომეტაზონს იღებდნენ შეადარეს 4000 პაციენტის შედეგებს, რომლებსაც ეს პრეპარატი არ მიუღიათ.

    ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მყოფ პაციენტებში მან სიკვდილიანობის მაჩვენებელი 40–დან 28%–მდე შეამცირა.

    პაციენტებში, რომლებიც ხელოვნურ ჟანგბადს საჭიროებენ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 25–დან 20%–მდე შემცირდა.

    მთავარი მკვლევარი, პროფესორი პიტერ ჰორბი ამბობს, რომ ჯერჯერობით ეს არის ერთადერთი პრეპარატი, რომელიც სიკვდილიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს და ეს დიდი გარღვევაა.

    წამყვანი მკვლევარის, პროფესორ მარტინ ლენდრეის თქმით მიღებული შედეგები გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ამ პრეპარატს ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფი ყოველი მერვე პაციენტის გადარჩენა შეუძლია.

    “ეს არის აშკარა და მკაფიო უპირატესობა. დექსომეტაზონით მკურნალობა მაქსიმუმ 10 დღე გრძელდება და ის დაახლოებით 5 ფუნტი სტერლინგი ღირს ერთი პაციენტისთვის დღეში. ამიტომაც, თითო პაციენტის სიცოცხლის გადარჩენა საშუალოდ 35 ფუნტი სტერლინგი ჯდება. ეს პრეპარატი მთელ მსოფლიოშია ხელმისაწვდომი “ – ამბობს ის.

    პროფესორ ლენდრეის თქმით, ამიერიდან საავადმყოფოში მყოფმა პაციენტებმა საჭიროების შემთხვევაში პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ, თუმცა ადამიანები მის საყიდლად ქუჩაში არ უნდა გამოვიდნენ და ის სახლში არ უნდა მიიღონ.

    როგორც ჩანს, დექსომეტაზონი ნაკლებად შველის კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებს, ანუ მათ, ვისაც სუნთქვისას დახმარება არ ჭირდებათ.

    კორონავირუსის მკურნალობისას გამოყენებად პრეპარატებზე კვლევა მარტიდან მიმდინარეობს. მათ შორის, გამოიკვლიეს ჰიდროქსილქლოროქინი, რომელიც მოგვიანებით უარყოფილ იქნა იმის გამო, რომ მან შეიძლება სიკვდილიანობა და გულის პრობლეები გაზარდოს.

    კიდევ ერთი პრეპარატი, რემდესივირი, რომელიც სავარაუდოდ მკურნალობის ხანგრძლივობას ამცირებს, ამჟამად დაშვებულია, თუმცა მის ეფექტურობასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.

  • ბოსტნეული, რომელიც სისხლში შაქრის დონეს დაბლა წევს

    სისხლში შაქრის მომატებული დონე თანამედროვეობის ერთ–ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული პრობლემაა.  დიაბეტის განვითარების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ყოველდღიურად ისეთი მცენარეული პროდუქტები მოვიხმაროთ, რომლებიც სისხლში შაქრის დონეს შეამცირებს.

    ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური პროდუქტი კიტრია. საქმე იმაშია, რომ ეს ბოსტნეული პეკტინს შეიცავს, რომელსაც აქვს უნარი ორგანიზმიდან ტოქსინები და ჭარბი გლუკოზა გამოდევნოს. გარდა ამისა, მისი საკვები ბოჭკო ინსულინის გამოყოფას და ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას უწყობს ხელს.

    სპეციალისტები გვირჩევენ კიტრთან ერთად ბოლოკი და კამაც მივიღოთ, რადგან ორივე ე.წ. დიურეტიკია, რომლებიც ორგანიზმიდან ზედმეტი წყლის და გლუკოზის გამოდევნაში გვეხმარება.

  • ევროპულმა ქვეყნებმა ფარმაკოლოგიურ გიგანტთან Covid19-ის ვაქცინის 300 მილიონ დოზაზე შეკვეთა გააფორმეს

    ევროკავშირის ოთხმა ქვეყანამ შეთანხმებას მიაღწია ფარმაკოლოგიურ გიგანტ AstraZeneca–სთან 300 მილიონი დოზა კორონავირუსისი ვაქცინის მიწოდების შესახებ. ეს ვაქცინა ამჟამად ოქსფორდის უნივერსიტეტში გადის ტესტირებას.

    შაბათს გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნების სწრაფი, კოორდინირებული ქმედება ამ კრიზისში ყველასთვის მნიშვნელოვანია.

    ხელშეკრულებას ანგლო–შვედურმა კომპანიამ და ევროპის ინკლუციური ვაქცინაციის ალიანსმა მოაწერეს ხელი. ვაქცინა  ევროკავშირის ნებისმიერი ქვეყნისთვის იქნება ხელმისაწვდომი, რომელიც ინიციატივაში მონაწილეობას მოინდომებს.

    ხარჯები ქვეყნების ბიუჯეტებიდან დაფინანსდება.

    “ეს შეთანხმება  იმას ნიშნავს, რომ ასობით მილიონ ევროპელს წვდომა ექნება ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინაზე , როგორც კი ის წარმატებით დამტკიცდება.იმედი გვაქვს ჩვენი ევროპული მომარეგების ქსელის საშუალებით ვაქცინა სწრაფად და ფართოდ გავრცელდება. “ – განაცხადა კომპანია AstraZeneca–ს აღმასრულებელმა დირექტორმა პასკალ სორიოტმა.

     

    AstraZeneca–მ ცოტა ხნის წინ ანალოგიური შეთანხმებები გააფორმა დიდ ბრიტანეთთან, აშშ–სთან, ნორვეგიაში მდებარე ინოვაციების კოალიციასთან და ვაქცინაციის საერთაშორისო ალიანსთან.

    შეთანხმება მოხდა ინდოეთის შრატის ინსტიტუტთან 1 მილიარდ დოზაზე.

    კქვიდ 19–ისი ვაქცინის კვლევები დიდ ბრიტანეთში აპრილში 1000 ჯანმრთელი მოხალისის მონაწილეობით დაიწყო. მათი ასაკი 18–დან 55 წლამდეა. კიდევ ერთი რაუნდი 10 000 მოხალისით მაისში დაიწყო.

    კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ სხვა კომპანიებიც, მათ შორის ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna და ფრანგული ფარმაცევტული კომპანია Sanofi . ვაქცინის შექმნა ერთადერთი ეფექტური გზაა მსოფლიო პანდემიის შემდეგ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს.

  • კოვიდ-19-ის ვაქცინის მასშტაბური კლინიკური გამოცდა ივლისში დაიწყება

  • პირბადეებმა შესაძლოა პანდემიის მომდევნო ტალღები, აკრძალვებისა და საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეაჩეროს

    პანდემიის პიკი მსოფლიომ შეიძლება ითქვას უკვე გადაიარა და ქვეყნების დიდმა ნაწილმა გახსნაც დაიწყო, სპეციალისტები კი ახალი კორონავირუსის კვლევას აგრძელებენ. სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ პანდემიის მომდევნო ტალღა გვიანი შემოდგომისთვის იქნება თუმცა ბრიტანელი სპეციალისტების დასკვნა იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლოა მომდევნო ტალღები ვერ ვიხილოთ ან ის გაცილებით სუსტი იყოს ვიდრე მოლოდინი იყო.

    კოვიდ19-ის მომდევნო ტალღების შემცირების მთავარი წყარო არა საგანგებო მდგომარეობა და აკრძალვები, არამედ შეიძლება პირბადეები გახდეს, რომელიც დღეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აუცილებელი ნივთია. ბრიტანელი სპეციალისტები კემბრიჯიდან ამბობენ, რომ ახალი კორონავირუსის შეკავება პირბადეებს შეუძლიათ.

    დასკვნაში წერია, რომ ამისთვის საჭირო მხოლოდ სამედიცინო ნიღბები არ არის, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ხელნაკეთ პირბადესაც შეუძლია თავისი დიდი როლი შეიტანოს ვირუსის გავრცელების პრევენციის საქმეში.

    ბრიტანელი სპეციალისტები თვლიან, რომ პირბადეების გამოყენება და სოციალური დისტანცირების დაცვა შესაძლებელს ხდის პანდემიის მართვას და ეკონომიკების გახსნას, მანამ, სანამ ვაქცინაზე მუშაობა დასრულდება. ბრიტანელების კვლევის შესახებ ინფორმაცია სამეცნიერო ჟურნალში Proceedings of Royal Society A უკვე გამოქვეყნდა.

    პირბადეების გამოყენების შესახებ რეკომენდაცია გასულ პარასკევს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამაც გასცა.

    წყარო:ამერიკის ხმა
  • “ჩვენთან მშობლებს ბავშვების კურორტებზე დასვენებისგან გადაჭარბებული მოლოდინები აქვთ.“–ინფექციონისტის აზრი, სად ჯობს ზაფხულში ბავშვების დასვენება

    ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი იმ მითებზე საუბრობს, რომლებიც კურორტებზე დასვენებასთან დაკავშირებით არსებობს. მისი თქმით, ბევრი მითი სიმართლეს არ შეესაბამება და არავითარი ფაქტებით არ არის გამყარებული. ინფექციონისტის აზრით დღეს მნიშვნელოვანია კურორტებთან დაკავშირებულმა მითებმა კორონავირუსის საფრთხის ზრდა არ გამოიწვიოს. ის მშობლებს ურჩევს ბავშვები ხალხმრავალ ადგილებს მოარიდონ:

    “ჩვენთან მშობლებს ბავშვების კურორტებზე დასვენებისგან გადაჭარბებული მოლოდინები აქვთ. კერძოდ, ბევრს გონია, რომ რომელიღაც კონკრეტული კურორტის ჰაერი აუცილებელია ბავშვის ჯანმრთელობისთვის. ზოგსაც მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს სხვადასხვა ჰაერის მონაცვლეობა, მაგალითად, ზღვის და მთის. ზოგსაც წიწვოვანი მცენარეების მიერ მოხდენილი სასწაულების სჯერა. ამ ყველაფერს სამეცნიერო მტკიცებულებები არ გააჩნია და ისტორიულად, თაობებზე გადაცემული მითებია, როგორიცაა, მაგალითად, ბროწეულის წვენი რომ „სისხლისთვის კარგია“

    ეს მითები, თავისთავად, არაფერს აშავებს და თუ მშობელს ამის სჯერა, ბოლოს და ბოლოს ამ „ჰაერის გამოცვლაში“ დიდი სარგებელი თუ არა, მავნებლობაც არაფერია. პრობლემაა უბრალოდ ის, რომ ჯერ ერთი, ხშირად ოჯახები უკანასკნელი სახსრების მობილიზაციას აკეთებენ ზოგიერთ ამ კურორტზე ბავშვის წასაყვანად და ეს თანხები უფრო სასარგებლოდაც შეუძლიათ გამოიყენონ, თუმცა, ჩემი, როგორც ინფექციონისტის თემა ეს არ არის და მე უფრო სხვა მოსაზრებით წამოვწიე ეს საკითხი.

    საქმე იმაშია, რომ ამ არასწორი მოლოდინების გამო, რომ ბავშვის ჯანმრთელობისთვის რაღაც ძალიან კარგს ვაკეთებთ, ხშირად ინფექციური დაავადებების რისკს ვუქმნით. რამდენს გაქვთ ეს გამოცდილება, რომ კურორტზე წაყვანილი ბავშვი უკან დიარეით, ღებინებით, სიცხით წამოგიყვანიათ. არადა, ზოგიერთებს არაჩვეულებრივი პირობები აქვთ სოფელში, სადაც შეიძლება შვილიშვილების ნახვის ნატვრით დატანჯული ბებო იცდის, რომელიც სუფთა, ნატურალურ კვებას უზრუნველყოფს ბავშვისთვის სოფელში, სადაც ერთად ბევრი ადამიანი არ არის თავმოყრილი და შესაბამისად, ინფექციური დაავადებების რისკიც მნიშვნელოვნად დაბალია. სოფელში, სადაც მანქანების გამონაბოლქვი თითქმის არ არის, უამრავი მცენარეებია და ჰაერის დაბინძურება დაბალი. ჯანმრთელობისთვის კი სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი და არა გინდა თუ არა ის ამოჩემებული კურორტები, სადაც, ვითომდა რაღაც განსაკუთრებული ჰაერია. ეს ხომ არავითარ სამეცნიერო მტკიცებულებებს არ ემყარება, ისევე როგორც ის, რომ ბავშვს „სხვადასხვა ჰაერი უნდა ვუცვალოთ“.

    ზოგიერთ კურორტზე იმდენი ხალხი და მანქანებია, რომ გამონაბოლქვი შეიძლება ქალაქებზე ნაკლები არც იყოს. აღარაფერს ვამბობ ინფექციურ დაავადებებზე, რაც უკვე ვახსენე.

    სამწუხაროდ, ჩვენს კურორტებზე ჰიგიენური პირობები ხშირად არც თუ ისე სახარბიელოა. მაგალითად, რესტორნებსა და სასტუმროებში ხშირად არ არის ჭურჭლის რეცხვის ავტომატური სისტემა მაღალ ტემპერატურაზე და ჭურჭელი ხშირად ერთად ჩაყრილი, ხელით ირეცხება, ზოგჯერ სრულიად ზედაპირულად, რაც სისუფთავის და ინფექციების პრევენციის გარანტიას საერთოდ არ იძლევა. ხშირად საეჭვოა ასევე პროდუქტების სწორად შენახვის პრაქტიკაც. სწორედ ეს ყველაფერი ქმნის ბავშვების (და ხშირად არა მარტო ბავშვების) ასე მასიურად ინფიცირების რისკებს.

    რა თქმა უნდა, ყველას გვინდა, რომ ჩვენი შვილებისთვის საინტერესო ზაფხული უზრუნველვყოთ, მაგალითად ზღვაზე. ეს ნამდვილად არის ბავშვის კურორტზე წაყვანის არგუმენტი (თუნდაც ჩამოთვლილი რისკების გათვალისწინებით), მაგრამ მხოლოდ „ჰაერის გამოცვლა“, რაც, კიდევ ვიმეორებ, არაფრით არ არის გამყარებული, ჩემი აზრით, ხალხმრავალ კურორტებზე წასვლის (და დღეის კონტექსტში კორონავირუსის გადაცემის საფრთხის შექმნის) საფუძველი არ უნდა გახდეს.“– ამბობს მაია ბუწაშვილი.

  • მეცნიერებმა დაადგინეს ვის კბენენ ყველაზე ხშირად კოღოები

    მეცნიერებმა დაადგინეს ვის კბენენ ყველაზე ხშირად კოღოები

    მეცნიერებმა დაადგინეს ვის კბენენ ყველაზე ხშირად კოღოები

    მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყველაზე მიმზიდველი კოღოებისთვის 1 ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები არიან. მათ, ვისაც მეორე ჯგუფის სისხლი აქვთ კოღოები ნაკლებად ეტანებიან.

    კოღოების არჩევანზე ასევ გავლენას ახდენს სხეულის ტემპერატურა, მკვეთრი სუნები, განსაკუთრებით ოფლის სუნი და აქტიური სისხლის მიმოქცევა. მეტაბოლიზმის მაღალი დონე ადამიანში მეტი ნახშირმჟავა გაზის გამომუშავებას იწვევს, რომლითაც კოღოები საკვების წაყაროს განსაზღვრავენ. ამიტომაც ისინი უფრო ხშირად კბენენ ადამიანებს სხეულის მასის მაღალი ინდექსით. ასევე მათ, ვინც ფიზიკური შრომით არის დაკავებული.

    მკვლევარების აზრით კოღოებთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ გზად კვლავ რჩება ულტრაბგერითი მოწყობილობები. მათ დასაფრთხობად ასევე ეფექტური შეიძლება იყოს წვრილფოთლიანი ლავანდის ზეთი და წყალში გაზავებული ვანილი.