Category: ჯანმრთელობა

  • მეცნიერებს კოვიდ-19-ის რუსულ ვაქცინაზე შეკითხვები აქვთ და მისი ეფექტურობის ჯერ არ სჯერათ

    მეცნიერებს კოვიდ-19-ის რუსულ ვაქცინაზე შეკითხვები აქვთ და მისი ეფექტურობის ჯერ არ სჯერათ

    რუსეთმა განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინა უკვე მზად აქვს და რომ შედეგს 2 თვეზე ნაკლებ დროში ადამიანებზე გამოცდის საფუძველზე მიაღწიეს. თუმცა, ამ განცხადებამ მეცნიერები მსოფლიოს მასშტაბით შეაშფოთა, ერთის მხრივ დროის ასეთ მოკლე პერიოდში მისი შემუშავების და მეორეს მხრივ იმის გამოც, რომ არ არსებობს ვაქცინის გამოცდის სრული მონაცემები. მათ მიაჩნიათ, რომ სრული მონაცემების გაცნობის გარეშე, ძალიან ძნელია ამ ვაქცინის ნდობა.

    კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის გლობალურ რბოლაში რუსეთი ცდილობს პირველი იყოს. თუმცა, ახლა ქვეყანამ ვაქცინის ფართომასშტაბიანი გამოცდა უნდა ჩაატაროს, რათა არსებობდეს რეალური მონაცემები იმის დასამტკიცებლად, რომ ის მართლაც ეფექტურად მოქმედებს. იმუნოლოგებისა და ინფექციონისტების აზრით, ახლა, ეს იქნება „წინდაუხედავი“ ნაბიჯი.

    ვარვიკის ბიზნეს სკოლის მედიკამენტების სპეციალისტი აიფერ ალი ამბობს, რომ ვაქცინის ასეთი სწრაფი შემუშავება ნიშნავს იმას, რომ ვაქცინის შესაძლო გვერდითი მოვლენები, დიდი ალბათობით, არაა შესწავლილი. ასეთი გვერდითი ეფექტები, შეიძლება იყოს ცოტა, თუმცა ძალიან სერიოზული, ამბობს ექსპერტი.

    რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ვაქცინა მოსკოვში, გამალეიას სახელობის უმუნოლოგიის ინსტიტუტში შექმნეს და ის უსაფრთხოა. მეტიც, პუტინმა თქვა, რომ ვაქცინა მის ქალიშვილსაც გაუკეთეს.

    „ვიცი, რომ ის საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, ძლიერ იმუნიტეტს აყალიბებს და ვიმეორებ, მან [ვაქცინამ] ყველა საჭირო შემოწმება გაიარა“, თქვა პუტინმა.

    ფრანსუა ბალუქსი, ექსპერტი ლონდონის გენეტიკის ინსტიტუტში ამბობს, რომ ეს არის „უგუნური და სულელური გადაწყვეტილება“.

    „მასობრივი აცრები ვაქცინით, რომელსაც საკმარისი ტესტირება არ გაუვლია, არის არაეთიკური“, ამბობს ის. „ნებისმიერი პრობლემა, რომელიც რუსულ ვაქცინას შეექმნება იქნება კატასტროფა ორი მიმართულებით: ხალხის ჯანმრთელობაზე ნეგატიური ზეგავლენა და მომავალში, ვაქცინებისადმი მიმღებლობის ნაკლებობა საზოგადოებაში“, თქვა ბრიტანელმა ექსპერტმა.

    ამ აზრს ეთანხმება იმუნოლოგი და პროფესორი „ლონდონის იმპერიული კოლეჯიდან“ დენი ალტმანი. ის ამბობს, რომ ნებისმიერი ვაქცინის მასობრივი გამოცდა არის უდიდესი ზიანის მომტანი იმ შემთხვევაში, თუ მისი უსაფრთხოობისა და ეფექტურობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

    სანამ რუსეთი გამარჯვებას ზეიმობს და ამბობს, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინა მზად აქვს, სხვა ქვეყნებიც არ აჩერებენ ვაქცინაზე მუშაობას. თითოეული მათგანი ფართომასშტაბიან ცდებს ატარებს ადამიანებზე და ათობით ათასი მოხალისე მონაწილე ჰყავს.

    რამდენიმე მათგანი, მათ შორის „მოდერნა“, „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“, ამბობენ, რომ წლის ბოლოს ეცოდინებათ არის თუ არა ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური.

    ყველა მათგანს მოუწევს, რომ გამოცდების შედეგები და ყველა მონაცემი გამოაქვეყნოს და მარეგულირებლებს ჩააბაროს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპასა და ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, სადაც ამ ვაქცინის აპრობაციის სურვილი ექნებათ. მხოლოდ ამ მონაცემების შესწავლისა და ვაქცინის უსაფრთხოებაში დარწმუნების შემდეგ გახდება ცნობილი მიიღებს თუ არა რომელიმე ვაქცინა ლიცენზიას.

    რუსულმა ვაქცინამ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროსგან თანხმობა მანამდე მიიღო, ვიდრე ის ათასობით ადამიანზე გამოიცდებოდა, როგორც წესი, ამას მესამე ფაზა ჰქვია და უმნიშვნელოვანესი ეტაპია ვაქცინის გამოცდაში. მესამე ფაზის გავლის გარეშე ვაქცინა ლიცენზიას ვერ იღებს.

    პიტერ კრემსნერი, გერმანელი ექსპერტია, რომელიც ვაქცინების კლინიკურ გამოცდებზე მუშაობს. ის ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან ეს იყო „უგუნური“ ნაბიჯი.

    „როგორც წესი, საჭიროა ხალხის დიდი რაოდენობა, რათა ტესტირება ჩატარდეს, სანამ ვაქცინას მიიღებ. ვფიქრობ უგუნურებაა ეს გააკეთო, თუ უამრავ ადამიანზე ის უკვე გამოცდილი არაა“, ამბობს ექსპერტი.

    ექსპერტები ამბობენ, რომ არ არსებობს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა ვაქცინა, არის თუ არა ის უსაფრთხო, როგორია იმუნური სისტემის პასუხი მასზე და შეუძლია თუ არა ამ ვაქცინას კოვიდ 19-ის ინფექციის პრევენცია. ამ კითხვებზე პასუხის გარეშე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და ხალხი, ფაქტბრივად, სიბნელეში არიან, ამბობენ მეცნიერები.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • რას ნიშნავს უსაფრთხო სექსი კორონავირუსის პანდემიის დროს და რას გვირჩევენ ექსპერტები

    რას ნიშნავს უსაფრთხო სექსი კორონავირუსის პანდემიის დროს და რას გვირჩევენ ექსპერტები

    ახალმა კორონავირუსმა მსოფლიოში ბევრი რამ შეცვალა, ბევრი ახალი წესი დამკვიდრდა სამსახურში თუ საყიდლებზე სიარულისას. სექსუალური ჯანმრთელობის დაცვის საქველმოქმედო ორგანიზაციის მონაცემებით ცვლილებები შეეხო სექსსაც.

    ტერენს ჰიგინსის ფონდი აქვეყნებს რჩევებს, რომელთა მიხედვით ადამიანებს ეძლევათ რეკომენდაცია თავი შეიკავონ კოცნისგან, გაიკეთონ ნიღაბი სექსის დროსაც და მოერიდონ ისეთ პოზებს, რომელთა დროსაც პარტნიორების სახეები ერთმანეთს ახლო მანძილზე ეხება.

    ეს შესაძლოა ძნელად მოგეჩვენოთ, თუმცა ფონდის განცხადებით “ადამიანებმა უნდა მოძებნონ გზა, სექსის მოთხოვნილება, პარტნიორთან სიახლოვის სურვილი და  Covid19-ის გავრცელების საფრთხე როგორღაც დააბალანსონ.“

    ჰიგინსის ფონდის განცხადებით პანდემიის დროს საკუთარი თავის საუკეთესო პარტნიორი თქვენ თვითონვე ხართ, ან ის ადამიანი, ვისთან ერთადაც ცხოვრობთ. მასტურბაცია, სექს–სათამაშოების გამოყენება, ტელეფონით ან ინტერნეტით სექსი კი ფონდის რჩევით ყველაზე უსაფრთხოა.

    ეს არ ნიშნავს, რომ რეალურ სექსზე უარი თქვათ, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ჯობს იმ ადამიანთან გქონდეთ ურთიერთობა, ვინც თქვენი ოჯახის ნაწილია.

    ადამიანებთან დისტანციის შენარჩუნება მსოფლიო მაშტაბით კვლავ აქტუალურად რჩება, მაგრამ იზოლაციის თვეების შემდეგ ექსპერტების თქმით არარეალურია იმის მოლოდინი, რომ ადამიანები გაურკვეველი ვადით უარს იტყვიან სექსზე. ამიტომაც ისინი გვირჩევენ,თუ სექსუალური კავშირები არაოჯახის წევრებთან გაქვთ, პარტიორთა რაოდენობა  შეზღუდოთ.

    კარგი იქნება გააკონტროლოთ, ხომ არ გაქვთ თქვენ ან თქვენს პარტნიორს კორონავირუსის სიმპტომები და თუ რომელიმე სიმპტომი აღმოგაჩნდათ, იზოლაციას მიმართოთ.

    რისკი მეტია, როცა უცნობ ადამიანთან გაქვთ სექსი. ასეთ დროს ნაკლებია შანსი დაადგინოთ, ხომ არ აქვს მას ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს კორონავირუსის სიმპტომები.

    გადადის თუ არა კორონავირუსი სექსის მეშვეობით?

    ამ კითხვას პანდემიის დაწყებიდან ხშირად სვავდნენ. პასუხი ცალსახაა– კორონავირუსი უშუალოდ გენიტალიების საშუალებით არ გადადის, თუმცა ის გადადის კოცნისას და ახლო დისტანციაზე ურთიერთობისას – ნერწყვის და სუნთქვის საშუალებით. შესაბამისად რისკი, რომ სექსის დროს პარტნიორისგან კორონავირუსი გადაგედოთ ძალიან მაღალია.

    ამიტომაც ჰიგინსის ფონდი გვირჩევს სექსის დროს კოცნისგან თავი შევიკავოთ, ვატაროთ ნიღაბი და უარი ვთქვათ იმ პოზებზე, რომლებიც პარტნიორის სახესთან სიახლოვეს იწვევს.

    ფონდის ინფორმაციით ვირუსი სპერმაშიც და ფეკალიებშიც აღმოჩნდა, ამიტომაც პრეზერვატივი უნდა გამოიყენოთ და ორალურ სექსზე უარი თქვათ რისკის შესამცირებლად.

    რა თქმა უნდა, ექსპერტები გვირჩევენ პანდემიისას აქტუალური უსაფრთხოების ძირითადი რეკომენდაციები  სექსის შემდეგაც გამოვიყენოთ – ხელების კარგად დაბანა და სადეზინფექციო სითხე.

    ფონდის ექსპერტები იმასაც გვირჩევენ, რომ ახალი რეალობის გამო ზოგადად სექსუალური ჯანმრთელობა არ უნდა დავივიწყოთ, კორონავირუსის გარდა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებსაც მივაქციოთ ყურადღება და ამ მიმართულებითაც ჩავიტაროთ ტესტირება.

  • “ინფიცირდება COVID-19 დიაგნოზის მქონე პირთან კონტაქტში მყოფების საშუალოდ 5%“–ინფექიონისტი

    “ინფიცირდება COVID-19 დიაგნოზის მქონე პირთან კონტაქტში მყოფების საშუალოდ 5%“–ინფექიონისტი

    ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანისგან ინფექციის გადადების რისკი საშუალოდ 5%–ს შეადგენს.

    “სერიიდან – ხშირად დასმული კითხვები კორონავირუსთან დაკავშირებით.
    რა პროცენტში ხდება კორონავირუსის გადაცემა დაავადებულთან კონტაქტში მყოფებზე?
    ხშირად ადამიანები გაოცებულები არიან იმ ფაქტით, რომ კოვიდის მქონე პაციენტთან კონტაქტში მყოფს არ გამოუვლინდა ინფექცია და ეჭვი უჩნდებათ დიაგნოსტიკის სისწორეში.

    საქმე იმაშია, რომ გადაცემა 100%-ს არ შეადგენს არც ერთი ტიპის კონტაქტის შემთხვევაში. კვლევებით დგინდება, რომ ინფიცირდება COVID-19 დიაგნოზის მქონე პირთან კონტაქტში მყოფების საშუალოდ 5%, თუმცა ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მერყეობს კონტაქტების ტიპის მიხედვით. მაგალითად, უშუალოდ ოჯახის წევრებზე ინფექციის გადაცემის რისკი 10-დან 40%-მდეა; ახლო, მაგრამ არამუდმივი კონტაქტის შემთხვევაში (მაგალითად, თუ ერთად ისადილეს), რისკი საშუალოდ 7%- შეადგენს, ხოლო ნაკლებად ახლო კონტაქტის შემთხვევაში (მაგალითად, „შოპინგის“ დროს), გადაცემის რისკი დაახლოებით 0.6%-ია.


    იმ ჯანდაცვის მუშაკებზე გადაცემის რისკი, რომელთაც არ იციან, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს მკურნალობენ, ანუ ნაკლებად იცავენ სიფრთხილის ზომებს, საშუალოდ 3%-ია.“– ამბობს მაია ბუწაშვილი.

  • ამერიკელმა ექიმებმა კორონავირუსის მოულოდნელი სიმპტომი დააფიქსირეს

    ამერიკელმა ექიმებმა კორონავირუსის მოულოდნელი სიმპტომი დააფიქსირეს

    ხშირი სლოკინი შეიძლება კორონავირუსის ერთ–ერთი სიმპტომი იყოს. ამის შესახებ ჟურნალი The American Journal of Emergency Medicine წერს. 62 წლის პაციენტის გამოკვლევის შემდეგ, რომელიც ჩიკაგოდან არის და რომელსაც არც ხველა, არც ტემპერატურა ან მკერდში ტკივილი არ ქონია, ექიმებმა აღნიშნეს, რომ ოთხი დღის მანძილზე ის მუდმივად ასლოკინებდა.

    Covid19-ის ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. ეს პირველი ოფიციალურად დარეგისტრირებული შემთხვევაა, როცა კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტს მსგავსი პრობლემა აწუხებდა.

  • როგორ შეცვალა ვაქცინებმა მსოფლიო. ნახეთ მე-18 საუკუნიდან დღემდე შექმნილი ვაქცინების ისტორია, რომლებმაც მილიონობით ადამიანი გადაარჩინეს

    როგორ შეცვალა ვაქცინებმა მსოფლიო. ნახეთ მე-18 საუკუნიდან დღემდე შექმნილი ვაქცინების ისტორია, რომლებმაც მილიონობით ადამიანი გადაარჩინეს

    Covid-19–ის პანდემიამ კაცობრიობა აიძულა გაეხსენებინათ, რა საშიში და დამანგრეველი შეიძლება იყოს ინფექციური დაავადებების აფეთქება და როგორ რჩება ასეთ დროს ვაქცინა ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნების ერთადერთ იმედად.

    კორონავირუსი პირველი მტერი არ არის, რომლის გასანადგურებლად მთავარ იარაღად მასობრივი ვაქცინაცია უნდა იქცეს. ასობით მილიონ ადამიანს მსოფლიოში გაუმართლა და ცოცხალი გადარჩა იმის გამო, რომ მოიძებნა იარაღი ისეთი უხილავი მკვლელების წინააღმდეგ, რომლებიც მსოფლიოს ატერორებდნენ.

    ვნახოთ რამდენიმე მაგალითი, როგორ შეცვალეს ვაქცინებმა ადამიანების ცხოვრება.

    ჩუტყვავილა

    ჩუტყვავილას აცრა შეიძლება ითქვას, რომ ამ სფეროში ყველაზე დიდ წარმატებად ითვლება.

    მხოლოდ 20–ე საუკუნეში ამ უკიდურესად გადამდებმა ვირუსულმა დაავადებამ 300 მილიონზე მეტი ადამიანი შეიწირა. უფრო ადრეული ეპოქების მსხვერპლი კი არც არავის დაუთვლია.

    ჩუტყვავილათი დაავადებულთა 30% კვდებოდა, ხშირად ტანჯვით, იმიტომ რომ მთელი სხეული ჩირქოვანი ბუშტებით იფარებოდა. დანარჩენები ბრმავდებოდნენ ან მთელი ცხოვრება კანზე საშინელი შრამები რჩებოდათ.

    ასწლეულების მანძილზე ადამიანები გამუდმებით ეძებდნენ ჩუტყვავილას საწინააღმდეგო საშუალებას და ბოლოს და ბოლოს პირველი ვაქცინა შექმნეს.

    იდეა, რომ დაავადების ხელოვნურად გამოწვეულ მსუბუქ ფორმას ადამიანის ორგანიზმში იმუნიტეტის გამოწვევა შეეძლო სავარაუდოდ ჩინეთში დაიბადა. წყაროების ცნობით  იქ ადამიანები დაახლოებით 1000 წლის მანძილზე ყნოსავდნენ ფხვნილს, რომელსაც ჩუტყვავილათი დაავადებული ადამიანების დაჩირქებული კანიდან აქერცლილი ნაჭრებისგან ამზადებდნენ, ან ყურებში იდებდნენ ჩირქში დასველებულ ბამბას. აფრიკაში კი კანში ჩირქით გაჟღენთილ ნემსს ირჭობდნენ.

    18–ე საუკუნეში ბრიტანეთში ჩუტყვავილას აცრას აქტიურ პროპაგანდას უწევდა ცნობილი არისტოკრატი და ინტელექტუალი ქალი მერი მონტეგიუ, რომელმაც ახალგაზრდობაში თავად გადაიტანა ჩუტყვავილა და შესაბამის პრაქტიკებს გაეცნო თურქეთში, სადაც მისი ქმარი ელჩად მუშაობდა.

    მეთოდი სანდოობით არ გამოირჩეოდა. საშუალოდ ყოველი ოცდამეათე პაციენტი ჩუტყვავილას მძიმე ფორმით ავადდებოდა და იღუპებოდა.

    ამასობაში ინგლისელმა ფერმერებმა შენიშნეს, რომ ძროხის ჩუტყვავილა ადამიანისთვის გადამდები იყო, თუმცა არა მომაკვდინებელი. ამ მოვლენის შესწავლის შემდეგ ექიმმა ედუარდ ჯენერმა ძროხის ჩუტყვავილას ბაზაზე საიმედო და უსაფრთხო ვაქცინა შექმნა.

    1796 წლის 14 მაისს ჯენერმა ფერმერის რვა წლის შვილი, ჯეიმს ფიპსი აცრა, რომელმაც ღრმა სიბერემდე იცოცხლა, ორი წლის შემდეგ კი ცნობილი ბროშურა გამოუშვა ძროხის ჩუტყვავილას მოქმედების მიზეზების კვლევის შესახებ საკუთარი ხარჯებით, რადგან სამეფო სამეცნიერო საზოგადოება ჯენერის მეთოდს უნდობლად შეხვდა.

    ეჭვები მას შემდეგ გაქარწყლდა, რაც ბრიტანეთის არმიის და ფლოტის სამხედროები სავალდებულო წესით აცრეს და არცერთ მათგანს უარყოფითი რეაქცია არ გამოუვლინდა.

    თითქმის ასი წლის შემდეგ ლუი პასტერი ჯენერის მიმართ პატივისცემის ნიშნად ხელოვნური იმუნიტეტის შექმნის პრინციპზე დაფუძნებული პრეპარატებისთვის ვაქცინის დარქმევის ინიციატივით გამოვიდა: ფრანგული სიტყვიდან  vache  გამომდინარე, რაც ძროხას ნიშნავს.

    ღარიბ ქვეყნებში ჩუტყვავილა კიდევ მინიმუმ 150 წელი მძვინვარებდა. მის საბოლოოდ დამარცხებას ჯანმოს მიერ 1967 წელს დაწყებულმა მასობრივმა ვაქცინაციამ შეუწყო ხელი.

    ითვლება, რომ მოსახლეობაში კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოსაყალიბებლად 80%–ის აცრაა საჭირო. რამდენიმე მილიარდი ადამიანის აცრა შეუძლებელი იყო. სამაგიეროდ საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა წერტილოვანი იმუნიზაციის ტაქტიკა, რომელიც პირველად აღმოსავლეთ ნიგერიაში გამოსცადეს: ჩუტყვავილას კერების სწრაფი გამოვლენა და მეზობლად მცხოვრებთა აცრა. ჩუტყვავილას აღმოფხვრა 12 მილიონიან რეგიონში 750 ათასი აცრის საშუალებით მოხერხდა.

    ამჟამად ჩუტყვავილას ცოცხალი ვირუსები დედამიწაზე მხოლოდ ორ ადგილზე დარჩა – აშშ–სა და რუსეთის დაცვის უმაღლესი დონის მქონე ლაბორატორიებში.

    პოლიომელიტი

    ამ დაავადებამ ბევრად ნაკლები ადამიანი მოკლა, ვიდრე ჩუტყვავილამ, სამაგიეროდ უფრო სასტიკია ცოცხლად გადარჩენილების მიმართ.

    ეს დაავადება ძირითადად ბავშვებს ემართებათ. ვირუსი ორგანიზმში პირიდან აღწევს, შემდეგ სისხლში ხვდება და ნერვულ სისტემას აზიანებს, რაც ხშირად განუკურნებელ დამბლას იწვევს. ძირითადად ის ფეხებს აზიანებს, თუმცა ყოველი მეათე პაციენტი ფილტვის კუნთის დამბლის გამო იგუდება და კვდება.

    ასეთი დაავადებულების ერთადერთ იმედად ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია რჩებოდა სპეციალურ კამერებში, რომლებიც 1920–იან წლებში შეიქმნა და სახელად “რკინის ფილტვები“ ეწოდა. ასეთ ლითონის კამერებში ადამიანები კვირებს, და ზოგჯერ მთელ დარჩენილ ცხოვრებას ატარებდნენ.

    ვინაიდან პოლიომელიტს ჩუტყვავილასგან განსხვავებით გარეგნული ნიშნები არ აქვს, მისი ინფექციური ბუნება მხოლოდ 1905 წელს, შვედმა ექიმმა ივარ ვიკმანმა დაადგინა.

    იმ დროისათვის დიდ ქალაქებში სასმელი წყლის ხარისხის გაუჯობესებამ შეამცირა როგორც პოლიომელიტის შემთხვევების რაოდენობა, ისე იმ ადამიანთა პროცენტი, ვისაც მის მიმართ იმუნიტეტი ქონდა. დაავადების აფეთქებები კი უფრო შესამჩნევი გახდა.

    არსებობდა მოსაზრება, რომ პოლიომელიტი ძირითადად განვითარებული ქვეყნების პრობლემა იყო, თუმცა ის მოგვიანებით გაქარწყლდა.

    1952 წელს ამერიკელმა ექიმმა ჯონას სალკმა პოლიომელიტის ვაქცინა შექმნა. 1961 წელს მისმა კოლეგამ, ალბერტ სეიბინმა მისი გაუმჯობესებული ვერსია მოიგონა, რომლის ორალური გზით მიღება იყო შესაძლებელი ნაცვლად ინექციისა. ევროპასა და აშშ–ში დაავადების გავრცელება მკვეთრად შემცირდა.

    პოლიომელიტის აცრას უკავშირდება ერთ–ერთი ყველაზე საშინელი შეცდომა ვაქცინირების ისტორიაში. 1955 წელს ამერიკულმა ფირმამ Cutter Laboratories შეცდომით გამოუშვა პრეპარატის ასიათას დოზაზე მეტი, რომელიც პოლიომელიტის ცოცხალ ვირუსს შეიცავდა. შედეგად ათი ბავშვი გარდაიცვალა და 160 ბავშვი სამუდამოდ პარალიზებული დარჩა.

    1988 წელს კი ჯანმომ გამოაცხადა მსოფლიოში პოლიომელიტის აღმოფხვრის პროგრამის შესახებ. 1994 წელს ამ დაავადებისგან თავისუფლად გამოცხადდა აშშ, 2000 წელს ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა, 2002 წელს ევროპა, 2014 წელს კი სამხრეთ აღმოსავლეთ აზია.

    ექსპერტების შეფასებით პოლიომელიტის ვაქცინის წყალობით მილიონნახევარი ადამიანი სიკვდილს გადაურჩა, 18 მილიონი ადამიანი კი პარალიზებას.

    “მშობლების კოშმარის“ სახელით ცნობილი დაავადება ამჟამად მხლოდ ავღანეთში, პაკისტანში და ნიგერიაში თუ იჩენს ხოლმე თავს, თანაც წელიწადში სულ რამდენიმე ათეული შემთხვევა.

    წითელა

    წითელას ვაქცინაცია ერთდროულად არის წარმატების და წარუმატებლობის მაგალითი.

    თუ აფრიკაში ებოლას ვირუსის აფეთქებამ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, როცა  20 ათასი ადამიანი შეიწირა, გასულ წელს  წითელამ 207 ათასი ადამიანი სრულიად უხმაუროდ მოკლა, არადა მის წინააღმდეგ აცრა 1963 წლიდან არსებობს.

    უკიდურესად სწრაფად გადამდები ვირუსი ხველისა და ცემინების დროს წვეთების გზით, ან პირდაპირი კონტაქტის საშუალებით გადადის, იწვევს მაღალ ტემპერატურას და გამონაყარს, მძიმე შემთხვევებში კი პაციენტის სიცოცხლეს ემუქრება – დიარეის, პნევმონიის და ტვინის ქერქის ანთების გამო.

    ვაქცინის შექმნამდე წითელა საშუალოდ მსოფლიოში 2.6 მილიონ ადამიანს კლავდა. თუმცა მისი სრულად დამარცხება ვაქცინის შექმნის შემდეგაც ვერ მოხერხდა, რადგან მის მიმართ კოლექტიური იმუნიტეტი მხოლოდ მაშინ იქმნება, როცა მოსახლეობის 95 პროცენტია აცრილი.

    აშშ–სა და ევროპაში წითელას დაავადება ბოლო წლებში კვლავ გაიზარდა ანტივაქსერების მოძრაობის გააქტიურების პარალელურად.

    ბიძგი ამ ყველაფერს ბრიტანელმა ექიმმა ენდრიუ უიკფილდმა მისცა, რომელმაც 1998 წელს გამოაქვეყნა ხმაურიანი სტატია იმის შესახებ, რომ წითელას, წითურას და ყბაყურას კობინირებული აცრა ბავშვებში აუტიზმს იწვევს. მართალია სტატიის მონაცემები მოგვიანებით გაბათილდა, თავად უიკფილდს კი ექიმის ლიცენზია ჩამოართვა, თუმცა მის მიერ დათესილი ეჭვის მარცვალი გაღვივდა.

    თუ განვითარებულ ქვეყნებში წითელასგან შედარებით იშვიათად კვდებიან, აფრიკაში საქმე ბევრად უარესად არის. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში წითელას აფეთქებამ შარშან 7 ათას ადამიანზე მეტი, ძირითადად ბავშვები შეიწირა.

    განვითარებად ქვეყნებში მთავარი პობლემა არა ცრურწმენები, არამედ ვაქცინის უკმარისობა და სამედიცინო ინფრასტრუქტურის არარსებობაა, განსაკუთრებით მიყრუებულ ადგილებში. ჯანმო გაეროს წევრ ქვეყნებს 255 მილიონ დოლარ დამატებით დაფინანსებას სთხოვს წითელას ვაქცინაციისთვის.

    მალარია

    მეცნიერები თვლიან, რომ ადამიანები მალარიით ჯერ კიდევ პრეისტორიული პერიოდიდან ავადდებოდნენ. მაშინ დაავადება ჭაობის ცხელების სახელით იყო ცნობილი.

    დღეისათვის კაცობრიობის ნახევარი მალარიით დაავადების რისკის ქვეშ არის, 400 ათასი ადამიანი კი ყოველწლიურად ამ დაავადებით კვდება.

    მალარიით გარდაცვლილთა ნახევარი აფრიკის ქვეყნებზე მოდის.

    დაავადებას ერთუჯრედიანი ბაქტერია–პარაზიტი იწვევს – მალარიული პლაზმოიდი, რომელიც ადამიანსი სისხლში აღწევს მალარიული კოღოს კბენის შედეგად.

    მალარიასთან ბრძოლის ძირითადი ხერხი ჭაობების ამოშრობა, კოღოების საწინააღმდეგო ბადეები და წამლებია, რომლებიც დაავადებას ადრეულ სტადიაზე ახშობს.

    მალარიის ვაქცინა, რომელიც იმუნიტეტის ფორმირებას მოახდენს, ჯერჯერობით ვერ შეიქმნა, მიუხედავად 32 წლიანი ინტენსიური მუშაობისა და 700 მილიონი დოლარის დახარჯვისა.

    ერთადერთი საცდელი ნიმუში გამოცდას განაში, მალავიში და კენიაში გადის. ცდები 2023 წელს უნდა დასრულდეს. ჯერჯერობით არსებული მონაცემებით ის მალარიისგან 40%–ით იცავს და მაქსიმუმ ოთხი წლის ვადით. ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია სხვა დაავადებების ვაქცინებთან შედარებით, თანაც საჭირო არა ერთი და ორი, არამედ ოთხი დოზის გაკეთება.

    სპეციალისტები თავშეკავებულ ოპტიმიზმს გამოთქვამენ, თუმც გვაფრთხილებენ რომ მალარიის ვაქცინა პანაცეა სავარაუდოდ არ იქნება.

  • კორონავირუსის ჩინური ვაქცინა მზად წლის ბოლომდე იქნება

    კორონავირუსის ჩინური ვაქცინა მზად წლის ბოლომდე იქნება

    ჩინური კომპანია Sinopharm პირობას დებს, რომ ვაქცინას წლის ბოლომდე დაამზადებს. კომპანიის მეთაურმა, ლიუ ცზინჩჟენმა განაცხადა, რომ ტესტირების ბოლო ეტაპი შესაძლოა უახლოეს სამ თვეში დასრულდეს.

    მანამდე კომპანია აცხადებდა, რომ ვაცინა 2021 წელზე ადრე ვერ იქნებოდა მზად, რადგან ჩინეთში კლინიკური ცდების ჩასატარებლად საკმარისი პაციენტები არ არიან.

    თუმცა ახლა ჩინურმა კომპანიამ ვაქცინის ორი შტამის ტესტირებისთვის მოხალისეები არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში იპოვა. იქ კვლევებში დაახლოებით 15 000 ადამიანი მონაწილეობს.

    კიდევ ერთი ჩინური კომპანია, Sinovac Biotech თავისი ვაქცინის ტესტირებისთვის მესამე სტადიაზე ბრაზილიელ მოხალისეებს იყენებს.

    შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის ვაქცინის შესაქმნელად მეცნიერების არაერთი ჯგუფი სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობს. განსაკუთრებით წარმატებულია ორი სხვადასხვა საცდელი ვაქცინა. ერთი ოქსფორდის უნივერსიტეტის და ბრიტანული-შვედური ფარმაცევტული კომპანია „ასტრაზენეკას“ თანამშრომლობით შეიქმნა და ადამიანებზე გამოცდის ბოლო სტადიებზე აჩვენა, რომ ძლიერ იმუნურ პასუხს უწყობს ხელს. მეორე, ჩინური ბიოტექნოლოგიური კომპანიის, „კანსინო ბიოლოგიკის“ მიერ შექმნილი ვაქცინაა, რომელიც მათი განცხადებით, პოზიტიურ შედეგებს აჩვენებს.

    პარალელურად, ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ „პფაიზერმა“ და მისმა გერმანულმა პარტნიორმა „ბიოენტექმა“ ასევე განაცხადეს, რომ მათი ვაქცინის კანდიდატი პოზიტიურ პროგრესს აჩვენებს.

    ყველაზე მეტ ყურადღებას, ოქსფორდის და „ასტრაზენეკას“ მიერ შექმნილი ვაქცინა იწვევს. კომპანიამ უკვე ბევრ მთავრობასთან მოაწერა ხელი შეთანხმებას, ვაქცინის მიწოდების თაობაზე, თუ მისი ეფექტურობა დადასტურდება. კომპანიამ უკვე დადო შეთანხმება ორი მილიონი დოზის წარმოებაზე.

    „ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, ვაქცინა 10,000 მოხალისეზე უკვე გამოსცადეს ბრიტანეთში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში. შეერთებულ შტატებში კი 30,000 მოხალისე ჩაერთვება ვაქცინის გამოცდის პროცესში მომავალ კვირას.

    სავარაუდოდ ვაქცინა სექტემბრისთვის იქნება მზად.

  • რამდენად მომაკვდინებელია Covid19- რა ვიცით პანდემიის  5 თვის თავზე

    რამდენად მომაკვდინებელია Covid19- რა ვიცით პანდემიის 5 თვის თავზე

    15.5 მილიონამდე ინფიცირებული; 631 000-ზე მეტი გარდაცვლილი; 9.3 მილიონზე მეტი გამოჯანმრთელებული – ასეთია დღეისთვის კოვიდ-19-ის სტატისტიკა. იმის მიუხედავად, რომ პანდემია მსოფლიოში უკვე 5 თვეზე მეტია მძვინვარებს, სპეციალისტებს ჯერჯერობით მაინც უჭირთ ზუსტად იმის თქმა, თუ რამდენად მომაკვდინებელია ახალი კორონავირუსი.

    მითუმეტეს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა შეიძლება გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე ამას ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს. ზოგიერთი შეფასების მიხედვით, ახალი კორონავირუსი შეიძლება 10-ჯერ, 13-ჯერ მეტ ადამიანსაც კი ჰქონდეს, მაგრამ უსიმპტომობის გამო, მათ ამის შესახებ არც კი იცოდნენ.

    დღევანდელი მოცემულობით, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მათთვის, ვისაც კოვიდ-19 დაემართება, სიკვდილის შანსი 0.5%-დან 3.4% -მდე შეიძლება იყოს. ეს ციფრები შეიძლება ერთი შეხედვით დაბალ მონაცემებად მოგეჩვენოთ. სინამდვილეში კი განსხვავება აქ მოყვანილ მინიმალურ და მაქსიმალურ პროცენტს შორის შეიძლება ისეთივე იყოს, როგორც ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლეს და მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს შორისაა.

    სხვა ფაქტორებთან ერთად, ფატალობის პროცენტულ მონაცემზე დიდ გავლენას ახდენს ის სტატისტიკური მეთოდებიც, თუ როგორ ხდება სხვადასხვა ქვეყანაში მონაცემთა შეკრება და საერთაშორისო ბაზაში შეყვანა, რა პრინციპით ითვლიან ინფიცირებულებს და გარდაცვლილებს. უფრო დაზუსტებული მონაცემების მიღებას ხელს ისიც უშლის, რომ ჯერჯერობით ზუსტად ვერ გვეცოდინება, თუ საბოლოო ჯამში გლობალურად მოსახლეობის რა ნაწილი დაინფიცირდება.

    იდეალურ შემთხვევაში, კოვიდ-19-ის ტესტი მთელი მსოფლიოს მოსახლეობამ უნდა აიღოს და შემდეგ უკვე ინფიცირებულებს შორის სიკვდილიანობის მაჩვენებლით მოხდეს ფატალობის დაანგარიშება. ჯერჯერობით ეს შეუძლებელია. ამიტომ, ფატალობის კოეფიციენტის გამოსაყვანად, ჯერ უკეთესი მეთოდი არ არსებობს, ვიდრე მისი ინფიცირების და სიკვდილიანობის არსებული მაჩვენებლების მიხედვით გამოყვანაა.

    ჯანდაცვის ბევრი სპეციალისტი ფიქრობს, რომ უნივერსალურ ტესტირებასთან ყველაზე ახლოს იყო იაპონიაში შეყოვნებული საკრუიზო ხომალდის “Diamond Princess Cruise” შემთხვევა. გემი რამდენიმე კვირის მანძილზე კარანტინში იმყოფებოდა და ანალიზი მასზე მყოფ თითქმის ყველა მგზავრს აუღეს. სიკვდილიანობის მაჩვენებელი გემზე 1.2%-ს არ აღემატებოდა.

    იმის მიუხედავად, რომ საკრუიზო ხომალდი დასაკვირვებლად საინტერესო შემთხვევაა, ის მაინც ვერ იქნება ორიენტირი ფატალობის კოეფიციენტის განსაზღვრისთვის. მიზეზი კი ის არის, რომ ქვეყნებს შორის ჯანდაცვის ხარისხის და ხელმისაწვდომობის მხრივ, დრამატული განსხვავებებია, რაც უზარმაზარ გავლენას ახდენს სიკვდილიანობის მონაცემებზე.

    ვირუსით სარს-კოვ-2 ინფიცირების შემდეგ, გართულების რისკებს ბევრი რამ განსაზღვრავს. მათ შორის ასახელებენ: სახელმწიფოში არსებულ ჯანდაცვის ხარისხს და ხელმისაწვდომობას, ადამიანის ასაკს, რასას, სოციალური ჯგუფს, ჯანმრთელობის მდგომარეობას, წონას, ცხოვრების წესს და ა. შ. აქედან ზოგიერთი ფაქტორი ერთმანეთთან მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია.

     

  • რამდენი ფულია საჭირო ბედნიერებისთვის – მეცნიერებმა პასუხი იპოვეს

    რამდენი ფულია საჭირო ბედნიერებისთვის – მეცნიერებმა პასუხი იპოვეს

    არაერთხელ გაგვიგონია, რომ ბედნიერებას ვერ იყიდი, მაგრამ რამდენიმე ამერიკული კვლევის ავტორები ამ საკთხთან დაკავშირებით მივიდნენ დასკვნამდე, რომ შემოსავლის ზრდის პარალელურად ბედნიერების შეგრძნება იზრდება.

    ამასთან , მეცნიერებმა მარტივი კანონზომიერება დაადასტურეს, რომელსაც ადრეც ბევრი ხვდებოდა: რაც უფრო მეტი ფული აქვს ადამიანს, მით უფრო ბედნიერად გრძნობს თავს.

    2010 წელს გამოქვეყნებული კვლევის ავტორები ამტკიცებდნენ, რომ ბედნიერების დონე მას შემდეგ აღარ იზრდება, რაც ადამიანი წელიწადში 75000 დოლარიანი ხელფასის ზღვარს გადალახავს, თუმცა ახალი სამეცნიერო კვლევა, რომელიც ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა ამტკიცებს, რომ ზღვარი არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში ადამიანების ზოგიერთი კატეგორიისთვის.

    კვლევის ერთ–ერთი ავტორი, ფსიქოლოგი ჯინ ტვენჯერი სან დიეგოს უნივერსიტეტიდან  ყვება, რომ მისი დასკვნები 30 წელს გადაცილებული 40 ათასი ამერიკელის მონაცემებს ეფუძნება.

    კვლევის დროს, რომელიც 1972 –დან 2016 წლამდე გრძელდებოდა, მეცნიერები შეეცადნენ განესაზვრად, როგორ იცვლებოდა ამ წლების მანძილზე კავშირი ბედნიერების შესახებ წარმოდგენასა და ფულის რაოდენობას შორის.

    მკვლევარებმა დაადგინეს, რომ დღევანდელობაში ბედნიერება ფინანსებზე უფრო მეტად არის დამოკიდებული, ვიდრე წარსულში. ანუ, თუ მათ დასკვნებს დავუჯერებთ, ჩვენს დროში ფულით უფრო მეტი ბედნიერების ყიდვა შეიძლება, ვიდრე ადრე.

    მეცნიერებმა გადაწყვიტეს ეს საკითხი კვლევის მონაწილეთა სოციალური კლასის პრიზმაში განეხილათ, განსაკუთრებით შემოსავლებისა და განათლების კუთხით.

    1970–იან წლებში თეთრკანიან ამერიკელებს შორის თანაბრად “ძალიან ბედნიერები“ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც უმაღლესი განათლება მიიღეს და ისინიც, რომლებიც საშუალო სკოლით შემოიფარგლა – ამ კატეგორიის გამოკითხულთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 40%.

    თუმცა, 2010 წლისთვის განათლებამ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა თეთრკანიან მოსახლეობაში ბედნიერების შეგრძნების მატებაში. მათ შორის, ვისაც უმაღლესი განათლება არ მიუღია, მხოლოდ 29%–მა დაასახელა თავი ბედნიერად, უმაღლეს განათლებამიღებლთა შორის კი ეს მაჩვენებელი კვლავ 40 % აღმოჩნდა.

    ანალოგიური მაჩვენებელი დაფიქსირდა 2010 წელს შემოსავლებისა და ბედნიერების კავშირის კვლევისას.

    შავკანიან ამერიკელთა შორის განათლებული და მდიდარი ადამიანების ბედნიერების დონე დაკვირვების განმავლობაში გაიზარდა, უფულო და განათლების არმქონე ადამიანებში კი არსებითად არ შეცვლილა.

    უფრო მეტიც, წინა კვლევებისგან განსხვავებით გაირკვა, რომ ამ კატეგორიაში ბედნიერების დონე გამუდმებით იზრდება შემოსავლის ზრდის კვალდაკვალ: მაგალითად, ადამიანები, ვისაც წელიწადში 160 ათასი დოლარი აქვთ შემოსავალი, უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე ისინი, ვინც წელიწადში 115–დან 160 ათას დოლარამდე გამოიმუშავებს.

    სოციალური უთანასწორების უფსკრული:

    ამას რამდენიმე ახსნა აქვს. ჯერ ერთი, ბოლო წლების მანძილზე შემოსავლებში უთანასწორობა კიდევ უფრო გაიზარდა – მდიდრები კიდევ უფრო გამდიდრდნენ, ღარიბები კი კიდევ უფრო გაღარიბდნენ.

    დღევანდელობაში კომპანიის ხელმძღვანელი დაახლოებით 271–ჯერ მეტ ხელფასს იღებს, ვიდრე საშუალო თანამშრომელი – ამბობს ჯინ ტვენჯერი. მისი თქმით, ეს 1978 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 30–ჯერ მეტია. მაგრამ თუ ადრე უმაღლესი განათლების არმქონე ადამიანისთვის სახლის ყიდვა და ოჯახის უზრუნველყოფა უფრო ადვილი იყო, ახლა ეს ბევრად გართულდა.

    როგორც კვლევის ავტორი ამბობს, მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფსკრული იზრდება. მათი რიცხვი კი, ვინც საშუალო კლასს მიეკუთვნება იკლებს. ნაწილობრივ ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანის ძირითად მოთხოვნილებათა ღირებულება, როგორიც არის საცხოვრებელი, განათლება, ჯანდაცვა – უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ინფლაცია. ამასთან, ხელფასები ადეკვატურად არ გაზრდილა, მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლები უფრო ნაყოფიერად მუშაობენ.

    გარდა ამისა, ბედნიერების დონეში ცვლილებები შესაძლოა დაკავშირებული იყოს იმასთან, თუ რამდენი ადამიანია დაქორწინებული. ტვენჯერის თქმით, ადამიანები, რომლებმაც ოჯახი შექმნეს როგორც წესი უფრო ბედნიერად გრძნობენ თავს, ვიდრე მარტოხელები.

    1970–იან წლებში ქორწინებების პროცენტი საზოგადოების სხვადასხვა კლასში ფაქტიურად არ განსხვავდებოდა. მაგრამ ახლა უფრო მაღალშემოსავლიანი და კარგი განათლების მქონე ადამიანები ოჯახს უფრო ხშირად ქმნიან, ვიდრე დანარჩენები.

  • რატომ არ შეიძლება ენერგეტიკული სასმელების ხშირად დალევა

    რატომ არ შეიძლება ენერგეტიკული სასმელების ხშირად დალევა

    ენერგეტიკული სასმელები თითქოს “დამუხტვაში“ გვეხმარებიან, მაშინ, როცა გვეძინება, მაგრამ საქმე გვაქვს და სიფხიზლე გვჭირდება. ან გვინდა მალე გამოვფხიზლდეთ ძილისგან. თუმცა, სამწუხაროდ ენერგეტიკული სასმელების ეფექტრი მხოლოდ დროებითი, ხანმოკლე სიფხიზლეა. ნახეთ, რატომ არ უნდა დავლიოთ ხშირად ენერგეტიკული სასმელი:

    არაერთი კვლევის შედეგების გაანალიზებით მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ენერგეტიკული სასმელები ჯანმრთელობას არაერთ პრობლემას უქმნის. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ მათი დალევის შემდეგ ცუდად გძინავთ, შეიძლება წნევამ აგიწიოთ, ხშირი მოხმარების შედეგად კი წონაშიც მოიმატოთ. გარდა ამისა, ასეთმა სასმელებმა შესაძლოა ფსიქიური პრობლემები გამოიწვიოს და დიაბეტის რისკი გაზარდოს, პრობლემა შეუქმნას კბილებს და თირკმელებს.

    ენერგეტიკული სასმელების შემადგენლობაში შედის დიდი რაოდენობით შაქარი, სიმინდის წვენი, ხელოვნური არომატიზატორები. შაქრის გადაჭარბებული მოხმარების დროს ორგანიზმს მისი მონელება უჭირს, უფრო მეტი ინსულინი ჭირდება იმისათვის, რომ გლუკოზამ უჯრედებში შეაღწიოს. ამან კი შესაძლოა მეორე ტიპის დიაბეტის განვითარება გამოიწვიოს. სისხლში გადაჭარბებული შაქარი  ნერვულ ბოჭკოებს აზიანებს და სისხლის წნევაზე მოქმედებს, რაც გულისა და თირკმელების პრობლემებს იწვევს.

    ენერგეტიკული სასმელები ასევე კოფეინის მაღალი შემცველობით გამოირჩევა– 100 მგ. სასმელში 300მგ.–მდე. ზრდასრული ადამიანის დღიური დოზა 400 მგ. –ია, ანუ შეიძლება ნახევარი ჭიქა ენერგეტიკული სასმელით დღიურ დოზას სრულად იღებთ. თუ ნორმას მუდმივად დაარღვევთ, სიმხნევის ნაცვლად შეიძლება შფოთვითი აშლილობა ან დეპრესია დაგემართოთ. კოფეინდამოკიდებულება ცუდად მოქმედებს განწყობაზე და ძილზე.

    ნეგატიურად მოქმედებს ორგანიზმზე ენერგეტიკული სასმელების სხვა დანამატებიც, მაგალითად ტაურინი და გუარანო. მეცნიერები მათ მუდივად სწავლობენ და უფრო დეტალურ ინფორმაციას  შემდგომ წლებში დადებენ, როცა უფრო მეტი სტატისტიკური ინფორმაცია გაჩნდება ენერგეტიკული სასმელების მოხმარების შესახებ.  მეცნიერების თქმით, ვინაიდან ჯერჯერობით ენერგეტიკული სასმელის მასობრივი მომხმარებელი ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანები არიან, რთულია შესაძლო შედეგების მთელი სპექტრის შეფასება.

    ენერგეტიკული სასმელების იშვიათი და არა მუდმივი გამოყენება ორგანიზმს დიდ ზიანს არ აყენებს. თუმცა, მეცნიერების აზრით ჯობს ენერგიის მოსამატებლად სხვა საშუალებებს მივმართოთ.

  • ასობით მეცნიერი კორონავირუსის ჰაერიდან გადადებაზე საუბრობს და ჯანმოს რეკომენდაციების შეცვლას სთხოვს

    ასობით მეცნიერი კორონავირუსის ჰაერიდან გადადებაზე საუბრობს და ჯანმოს რეკომენდაციების შეცვლას სთხოვს

    ასობით მეცნიერის განცხადებით, არსებობს მტკიცებულება, რომ ახალმა კორონავირუსმა შესაძლოა ადამიანები ჰაერში არსებული მცირე ნაწილაკებით დააინფიციროს. ამის შესახებ გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“ იტყობინება. მეცნიერები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას რეკომენდაციების გადახედვისკენ მოუწოდებენ.

    ჯანმო-ს განცხადებით, კოვიდ-19, ძირითადად, ერთი ადამიანიდან მეორეზე დაინფიცირებული ადამიანის მიერ დახველების, დაცემინების ან საუბრის დროს ცხვირიდან ან პირიდან გამოყოფილი მცირე ზომის წვეთებით – ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება.

    ორგანიზაციისთვის გაგზავნილ ღია წერილში, რომელსაც 32 ქვეყნის 239 მეცნიერი აწერს ხელს, დასახელებულია მტკიცებულებები, რომლებიც იმაზე მიუთითებს, რომ კორონავირუსის გადადება ჰაერიდანაა შესაძლებელი მცირე ზომის წვეთების ჰაერში არსებობის გარეშე.

    მიუხედავად იმისა, თუ როგორ ხდება ვირუსის გავრცელება, დახველების, დაცემინების, საუბრის დროს გამოყოფილი წვეთების, თუ ჰაერში გავრცელებული გაცილებით მცირე და მსუბუქი ნაწილაკების შესუნთქვით, მეცნიერები ამბობენ, რომ კორონავირუსი ჰაერით ვრცელდება.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ დღემდე წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ ვირუსი ჰაერით ვრცელდება, არ არის დამაჯერებელი.

    “განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩვენ რამდენჯერმე ვთქვით, რომ ჰაერით გადაცემა შესაძლოდ მიგვაჩნია, მაგრამ ეს არ არის დადასტურებული მყარი ან თუნდაც ნათელი მტკიცებულებებით,“ უთხრა „ნიუ-იორკ ტაიმს“ ჯანმოს ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ხელმძღვანელმა.

    წყარო: ამერიკის ხმა