Category: ჯანმრთელობა

  • კორონავირუსი კანზე 9 საათი ძლებს

    ახალ კვლევაში, რომელიც 3 ოქტომბერს გამოქვეყნდა, იაპონელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სარს-კოვ-2, დაავადება კოვიდ-19-ის გამომწვევი ვირუსი, ადამიანის კანზე 9 საათი ძლებს. და ეს მაშინ, როცა ინფლუენზას (გრიპის) ვირუსის სიცოცხლისუნარიანობა კანზე საშუალოდ 2 საათი იყო. კვლევაში „ა“ ტიპის ინფლუენზას ვირუსს (IAV) აკვირდებოდნენ.

    აქამდე მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ ახალი კორონავირუსი სხვადასხვა ზედაპირზე, როგორიცაა მაგალითად უჟანგავი მეტალი, ან პლასტმასა, 8-ჯერ მეტი გამძლეობით გამოირჩეოდა, ვიდრე გრიპის ვირუსი. ადამიანის კანზე კი მისი სტაბილურობა ჯერ დაზუსტებული არ იყო.

    ამგვარი გამძლეობა ახალი კორონავირუსით ინფიცირების რისკებს კონტაქტით კიდევ უფრო ზრდის, რაც პანდემიასთან ბრძოლას ართულებს. თუმცა, ყველაზე კარგი სიახლე ამ ყველაფერში ის არის, რომ იაპონელი მეცნიერების თქმით, ვირუსის სარს-კოვ-2 განეიტრალება ადამიანის კანზე, სულ 15 წამში ხდება, 80%-იანი ეთილის სპირტით.

    შესაბამისად, ადეკვატური ჰიგიენა გავრცელების რისკებს სწრაფად და ეფექტურად ამცირებს. საუბარია ხელის ხშირი დაბანაზე და სადეზინფექციო საშუალებების რაციონალურ მოხმარებაზე.

    იაპონელ მეცნიერთა ნაშრომი 3 ოქტომბერს გამოქვეყნდა ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების ჟურნალში „კლინიკური ინფექციური დაავადებები“. მისი დეტალურად გაცნობა შეიძლება „ოქსფორდის უნივერსიტეტის პრესის“ მეშვეობით. კვლევის წამყვანი ავტორები არიან რიოჰი ჰიროში და ჰიროში იკეგაია.

  • Covid19: დაკარგული ყნოსვის და გემოს შეგრძნება შესაძლოა დიდხანს არ დაბრუნდეს

    ახალი კვლევის მიხედვით კორონავირუსით დაინფიცირებული იმ ადამიანების 90%–ს, ვისაც ყნოსვის და გემოს დაკარგვის სიმპტომი ქონდათ, ერთ თვეში ყნოსვა და გემოს შეგრძნება დაუბრუნდათ.

    იტალიელი მედიკოსების ინფორმაციით პაციენტების 49%–ს ყნოსვა და გემოს შეგრძნება სრულად აღუდგა, 40%–ს კი არასრულად, თუმცა გაუუმჯობესდა. რაც შეეხება 10%–ს, სიმპტომები არ შეცვლილა და გაუარესდა კიდეც.

    პანდემიის მაშტაბებს თუ გავითვალისწინებთ, ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ მრავალი ათასი ადამიანისთვის დაავადების შედეგები შეიძლება გრძელვადიანი აღმოჩნდეს.

    გემოს და ყნოსვის დაკარგვა კორონავირუსის ერთ–ერთ მთავარ სიმპტომად ითვლება. ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურის ექიმების რეკომენდაციით ისინი, ვინც მსგავს სიმპტომს შენიშნავს დაუყოვნებლივ თვითიზოლაციაში უნდა გადავიდეს და კორონავირუსის ტესტი ჩაიტაროს.

    როგორ უკავშირდება ეს სიმპტომები დაავადების სიმძიმეს

    ექიმების საერთაშორისო ჯგუფმა 187 იტალიელის დააადების მიმდინარეობა შეისწავლა, რომლებსაც კორონავირუსი მსუბუქი ფორმით ჰქონდათ და ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებიათ.

    მათ სთხოვეს შეეფასებინათ  სუნის აღქმა დიაგნოზის დასმისთანავე და შემდეგ კი ერთი თვის თავზე.

    გემოს და ყნოსვის შეგრძნების ცვლილება 113–მა ადამიანმა აღნიშნა. მათგან:

    • 55 ადამიანმა აღნიშნა, რომ ყველა შეგრძნება სრულად დაუბრუნდა.
    • 46 –ს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდა მდგომარეობა
    • 12–მა კი აღნიშნა, რომ სიმპტომები კვლავ დარჩა ან გაუარესდა.

    იმ ადამიანების გამოჯანმრთელებას, რომლებსაც მკაფიოდ გამოკვეთილი სიმპტომები ქონდათ უფრო მეტი დრო დაჭირდა.

    ექიმი კლერ ჰოპკინსი, რომელიც ამ კვლევით ჯგუფში შედის და ბრიტანეთის რინოლოგთა საზოგადოებას ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ მისი გუნდი ამჟამად განაგრძობს იმის შესწავლას, როგორ გრძნობენ თავს ის ადამიანები, ვისაც სიმპტომები დიდხანს შემორჩათ.

    “ჩვენი დაკვირვებით და დაგროვილი მონაცემებით ნათელია, რომ ადამიანების დიდი ნაწილი სწრაფად ახერხებს გამოჯანმრთელებას, თუმცა ვიღაცისთვის ეს პროცესი შეიძლება გაჭიანურდეს. მათში, ვინც სწრაფად გამოჯანმრთელდება კორონავირუსი როგორც ჩანს მხოლოდ ცხვირის ლორწოვანი გარსის უჯრედებს ეხება. მათ ორგანიზმში კი, ვისაც გამოსაჯანმრთელებლად დიდი დრო ჭირდება, როგორც ჩანს ვირუსი იმ ნერვულ დაბოლოებებსაც აზიანებს, რომლებიც ყნოსვის შეგრძნების გადაცემაზეა პასუხისმგებელი. ამ ნერვული უჯრედების აღდგენას და რეგენერირებას კი უფრო დიდი დრო ჭირდება.“– ამბობს კლერ ჰოპკინსი.

    ამ კვლევების შედეგები ამერიკის ოტოლარინგოლოგთა ასოციაციის სპეციალიზირებულ ჟურნალ JAMA Otolaryngology – Head and Neck Surgery–ში გამოქვეყნდა.

    მასალაში საუბარია იმაზე, რომ სრული გამოჯანმრთელების მაღალი პროცენტის მიუხედავად იმის გათვალისწინებით, რომ კორონავირუსი მილიონობით ადამიანმა გადაიტანა, ექიმები ვარაუდობენ, რომ მათ მომავალში უამრავი პაციენტი მიაწყდება, ვისაც ვირუსმა სიმპტომები დაუტოვა.

  • ისრაელში ექსპერიმენტული პრეპარატით Covid19-ის მკურნალობა წარმატებული აღმოჩნდა

    იერუსალიმის ჰადასის საავადმყოფოში მძიმე ან კრიტიკულ მდგომარეობაში  მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 5 პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა რამდენიმე დღიანი ექსპერიმენტული მკურნალობის შემდეგ. ტესტებმა მათ სისხლში ვირუსი ვეღარ აღმოაჩინა.

    პაციენტებმა პრეპარატ  Allocetra–ს მკურნალობის კურსი გაიარეს. ეს პრეპარატი ისრაელის კომპანია Enlivex Therapeutics–მა შექმნა, რომელიც იმუნურ თერაპიაზეა სპეციალიზირებული.

    Allocetra იმუნური სისტემის მომეტებულ რეაქციას აქვეითებს, რომელიც ხშირად შეინიშნება Covid19-ით ინფიცირებულ პაცინეტრებში. სწორედ ეს რეაქცია იწვევს ბევრი ორგანოს მუშაობის გაჩერებას და ხშირად სიკვდილსაც კი.

    თუმცა, სრული გარანტიისთვის ექიმები გამოჯანმრთელებულ პაციენტებს კიდევ 28 დღე უნდა დააკვირდეს. ჯერჯერობით არცერთ მათგანს არანაირი გვერდითი ეფექტი არ გამოვლენია.

    კომპანია Enlivex ამის შემდეგ უფრო ფართომაშტაბიან კლინიკურ კვლევებს დაიწყებს.

  • 75 წელს გადაცილებულთა გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები ბევრად გაუმჯობესდა – მეცნიერების დასკვნა

    75 წელს გადაცილებულთა გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები ბევრად გაუმჯობესდა – მეცნიერების დასკვნა

    75 წელს გადაცილებული ადამიანების გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები ამჟამად ბევრად მაღალია, ვიდრე მათი თანატოლების შესაძლებლობები იყო 30 წლის წინ. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ფინეთის იუვიასკიულის უნივერსიტეტის მეცნიერები.

    არავისთვის არის საიდუმლო, რომ ბოლო ათწლეულებში ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაგალითად, იგივე ფინეთში 1960-იან წლებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 52 წელი იყო. დღეისათვის კი 80 წელია. თუმცა, ხანდაზმულ ასაკში ცხოვრების ხარისხის შესახებ ბევრი მონაცემი არ არსებობს.

    მეცნიერებში ასეთი ხუმრობაც კი იყო: სიცოცხლეს წლები კი მიემატა, მაგრამ ამ მიმატებული წლებისთვის სიცოცხლის დამატება დაავიწყდათო.

    ახლა კი ფინეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვითარება შეიცვალა.

    საქმე იმაშია, რომ 28 წლის წინ იქ უკვე ტარდებოდა მსგავსი კვლევა ასობით მოხალისის მონაწილეობით, რომელთა ასაკობრივი კატეგორია 75–80 წელი იყო. იკვლევდნენ მათ ფიზიკურ და კოგნიტიურ შესაძლებლობებს. მეცნიერებს მხოლოდ ექსპერიმენტის გამეორება დაჭირდათ, იგივე მეთოდიკის გამოყენებით.

    გაირკვა, რომ დღევანდელი 70–80 წელს გადაცილებული ადამიანები სქესის მიუხედავად ბევრად კარგ ფიზიკურ და გონებრივ ფორმაში არიან, ვიდრე მათი თანატოლები, რომლებიც გასული საუკუნის დასაწყისში დაიბადნენ, გადაიტანეს ომები, შიმშილი, სიღატაკე და სხვა სირთულეები.

    მეცნიერების აზრით მიღებული შედეგები გაუმჯობესებული განათლების, დიდი ეკონომიკური შესაძლებლობების, მაღალი ფიზიკური აქტივობის და კარგი კვების კომბინაციის დამსახურებაა.

    “მართალია ეს შედეგები კონკრეტულად ფინეთისთვის არის დამახასიათებელი, თუმცა ის სავარაუდოდ ის ყველა სხვა ქვეყანაზე ვრცელდება, რომლებმაც ბოლო 100 წლის განმავლობაში ანალოგიური ცვლილებები განიცადეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში“– ამბობენ კვლევის ავტორები და დასძენე, რომ ძირფესვიანად მოძველდა ჩვენი წარმოდგენები ხანდაზმულ ადამიანებზე, რადგან დამატებითი წლები არა სიცოცხლის ბოლო პერიოდს, არამედ საშუალო ასაკს მიემატა.

  • მეცნიერები: კორონავირუსი უჩვეულოდ მდგრადი და ელასტიური აღმოჩნდა

    მეცნიერები: კორონავირუსი უჩვეულოდ მდგრადი და ელასტიური აღმოჩნდა

    კორონავირუსი უჩვეულოდ ელასტიური და მაღაი ტემპერატურის მიმართ მდგრადია –ეს დასკვნა ბუდაპეშტში მდებარე ზემელვეისის უნივერსიტეტის მკვლევარების ჯგუფმა გააკეთა, რომელმაც  Sars-CoV-2–ის უწვრილესი ნემსით გახვრეტა გადაწყვიტა. მათ უნდოდათ შეემოწმებინათ, რა ძალა იქნებოდა საჭირო იმისთვის, რომ უმცირესი ნაწილაკი საპნის ბუშტის მსგავსად გამსკდარიყო. თუმცა ნაწილაკი არ გასკდა.

    ნაწილაკის ზომა 80 ნანომეტრის დიამეტრის იყო, ნემსის წვერი კი კიდევ უფრო მცირე. მეცნიერებმა ნემსის წვერი არაერთხელ მიიტანეს ნაწილაკის ზედა მხარის გარსთან და ბოლომდე შეარჭეს მას. ნაწილაკი იდრიკებოდა, თუმცა მისი გახვრეტა ვერ მოხერხდა. მეცნიერებმა ქმედება 100–ჯერ გაიმეორეს, თუმცა უშედეგოდ.

    გარდა ამისა, მათ ნაწილაკი 90 გრადუს ცელსიუსამდე 10 წუთით გაახურეს. თუმცა მისი გარეგნული მხარე და სტრუქტურა თითქმის არ შეცვლილა , მხოლოდ რამდენიმე “წვეტი“ მოსძვრა.

    საიტ biorxiv.org–ზე გამოქვეყნებულ ნაშრომში მეცნიერები გაოცებას არ მალავენ, რამდენად მოქნილი და თერმომდგრადი აღმოჩნდა კორონავირუსის ნაწილაკი.

    “მისი მექანიკური თვისებები და თვითაღდგენის შესაძლებლობები ვირუსს საშუალებას აძლევს გარემოს ყველაზე განსხვავებულ პირობებს შეეგუოს.“ – თვლიან მეცნიერები.

    ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულმა კიდევ ერთმა კვლევამ კი აჩვენა, რომ ამერიკელებში პანდემიის გამო სტრესმა, შფოთვამ და დეპრესიამ იმატა.

    კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევაში 2020 წლის მარტ–აპრილში მონაწილეობა მიიღო 6500–მა ამერიკელმა. მეცნიერები აფასებდნენ, რა გავლენას ახდენს პანდემია ადამიანებზე რეალურ დროში.

    ჟურნალ Science Advances–ში გამოქვეყნებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ სტრესის, შფოთვის და დეპრესიის გაძლიერებას საბოლოო ჯამში ისეთი ფაქტორები იწვევდნენ, როგორიც არის სამსახურის და შემოსავლის დაკარგვა, გარდა ამისა, კორონავირუსთან დაკავშირებული მედიაკონტენტის მოხმარება.

  • Covid19-ის რუსული ვაქცინით პუტინის შვილი აიცრა. შეიძლება თუ არა უკვე ამ ვაქცინის გამოყენება

    Covid19-ის რუსული ვაქცინით პუტინის შვილი აიცრა. შეიძლება თუ არა უკვე ამ ვაქცინის გამოყენება

    რუსმა მეცნიერებმა ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ში კორონავირუსის რუსული ვაქცინის კვლევის შედეგების შესახებ სტატია გამოაქვეყნეს. პუბლიკაციაში ისინი ამტკიცებენ, რომ რუსულ პრეპარატს შეუძლია ადამიანის ორგანიზმში Covid19-ის წინააღმდეგ იმუნიტეტი შექმნას. თუმცა დასავლელი ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ვაქცინის ფართო გამოყენებამდე კიდევ გრძელი გზაა გასავლელი.

    სტატიაში ნათქვამია, რომ კვლევის მონაწილე ყველა პაციენტის ორგანიზმში ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამომუშავდა და არცერთ მათგანს სერიოზული გვერდითი მოვლენები არ ქონია. საუბარია ვაქცინაზე სახელწოდებით “Спутник-V”, რომელზეც გამალეის სამეცნიერო კვლევის ცენტრმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ერთობლივად იმუშავეს.

    რუსეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც მოხმარებისთვის თანხმობა მიიღო კორონავირუსის ვაქცინამ. 11 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პრეპარატი უკვე დარეგისტრირებულია და მის ერთ–ერთ ქალიშვილს აცრა უკვე გაუკეთეს. ამასთან, პუტინმა თქვა რომ პირველი ნემსის შემდეგ მის შვილს სიცხემ 38 გრადუსამდე აუწია, მეორე დღეს უკვე 37 გრადუსი ჰქონდა. მეორე ნემსის შემდეგაც ტემპერატურამ მცირედით მოიმატა, თუმცა შემდეგ ყველაფერი მოგვარდა და ის თავს კარგად გრძნობს.

     

    შაბათს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ აცრა გაიკეთა. “თავს საკმაოდ ნორმალურად ვგრძნობ, არც ტემპერატერა მომატებულა, არც სხვა რაიმე გართულება ყოფილა. ყველას ვურჩევ ამ ვაქცინის გაკეთებას “– ციტირებს ინეტრფაქსი შოიგუს.

     

    ბევრი დასავლელი ექსპერტი ამბობდა, რომ კლინიკური კვლევების მაშტაბი მეტისმეტად მცირეა, რათა ვაქცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება დაამტკიცოს. ზოგიერთი მეცნიერი აღნიშნავდა, რომ რუსული ვაქცინის გამოყენება მეტისმეტად სწრაფად დაიწყეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა საჭირო პროცედურა მისი შემუშავებისას დაცული არ ყოფილა.

    თუმცა, მოსკოვი ამტკიცებს, რომ Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგები კრიტიკოსების ყველა პრეტენზიას პასუხობს.

     

    რა წერია პუბლიკაციაში?

    სტატიის მიხედვით ვაქცინამ კლინიკაური კვლევების ორი სერია ივნისში და ივლისში გაიარა. ყოველ მათგანში 28 ჯანმრთელი მოხალისე მონაწილეობდა 18–დან 60 წლის ასაკამდე. ყოველმა მათგანმა ვაქცინა ორჯერ მიიღო – პირველი დოზის მიღებიდან სამი კვირის შემდეგ დამატებითი დოზა.

    ექიმები კვლევის  მონაწილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას 42 დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ისინი ამტკიცებენ, რომ სამ კვირაში ყველა მათგანის სისხლში კორონავირუსის ანტისხეულები გაჩნდა. ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენა იყო თავის და სახსრების ტკივილი.

    კვლევებში შემთხვევითი შერჩევის მეთოდი და პლაცებო არ გამოუყენებიათ, ანუ ყველა მოხალისემ იცოდა, რომ კორონავირუსის ვაქცინას იღებდა.

    “იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ ვაქცინის გრძელვადიან უსაფრთხოებასა და ეფექტურობაში, საჭიროა სრულმაშტაბიანი და გრძელვადიანი კვლევა, მათ შორის პლაცებოს გამოყენებასთან შედარება“ – ნათქვამია პუბლიკაციაში.

    სტატიის ავტორები წერენ, რომ კვლევის მესამე ფაზაში მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ასაკის 40 ათასი მოხალისე სხვადასხვა რისკჯგუფიდან.

  • კორონავირუსის ტესტის დადებითი პასუხი ყოველთვის არ ნიშნავს, რომ დაავადებული ხართ. მეცნიერების ახალი მონაცემები

    კორონავირუსის ტესტის დადებითი პასუხი ყოველთვის არ ნიშნავს, რომ დაავადებული ხართ. მეცნიერების ახალი მონაცემები

    მეცნიერების მტკიცებით ძირითადი ტესტი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება, იმდენად მგრძნობიარეა, რომ შესაძლოა გადატანილი ინფექციის შედეგად დარჩენილი  მკვდარი ვირუსების ფრაგმენტები გამოავლინოს.

    ტესტირებული ადამიანების უმრავლესობა შესაძლოა დაახლოებით ერთი კვირის დაინფიცირებული იყოს, თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგაც ტესტის პასუხი შესაძლოა დადებით იყოს.

    მკვლევარები ამბობენ, რომ ამან შეიძლება პანდემიის მაშტაბების გაზვიადება გამოიწვიოს.

    თუმცა ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ გაუგებარია, როგორ შეიძლება საიმედო ტესტი შექმნა, რომელსაც არცერთი შემთხვევა არ გამოიეპარება.

    პროფესორ კარლ ჰენეგანის თქმით, რომელიც კვლევის ერთ ერთი ავტორია ,იმის ნაცვლად, რომ ტესტი დიახ/არა პაუხს იძლეოდეს, იმის გათვალისწინებით, აღმოჩნდა თუ არა რამე ვირუსი, ტესტებს გაფილტვრის უნარიც უნდა ქონდეს, რათა ვირუსის ძალიან მცირე რაოდენობამ პოზიტიური შედეგი არ აჩვენოს.

     

    ის თვლის, რომ ძველი ვირუსის კვალის აღმოჩენით შეიძლება ნაწილობრივ აიხსნას, რატომ იზრდება კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა, მძიმე შემთხვევების და ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა კი არა.

    ოქსფორდის უნივერსიტეტის მტკიცებითი მედიცინის ცენტრმა 25 კვლევის მონაცემები განიხილა, რომლებშიც ვირუსის ნიმუშები დადებითი ტესტებიდან სპეციალურ გარემოში მოეთავსეს, რათა ენახათ, ქონდათ თუ არა მათ სიცოცხლისუნარიანობა.

    “ვირუსის კულტივირების“ მეთოდს შეუძლია გვიჩვენოს, პოზიტიურ ტესტში ამოსული ვირუსი აქტიურია, რომელსაც გავრცელება შეუძლია თუ უბრალოდ ვირუსის მკვდარი ფრაგმენტია, რომელსაც არც ლაბორატორიაში შეუძლია გამრავლება და არც ადამიანის ორგანიზმში.

    ამ პრობლემის შესახებ თავიდანვე იყო ცნობილი, თუმცა კიდევ ერთხელ მოხდა იმის ილუსტრაცია, რატომ არის მონაცემები კოვიდის შესახებ არასრულყოფილი.

    როგორ ხდება კორონავირუსის დიაგნოსტირება

    PCR ტესტი ნაცხით დიაგნოსტიკის სტანდარტული მეთოდია. ის ქიმიურ ნივთიერებებს იყენებს ვირუსის გენეტიკური მასალის გასაძლიერებლად, რათა მისი შესწავლა შესაძლებელი გახდეს.

    თქვენი ტესტის ნიმუშმა რამდენიმე ციკლი უნდა გაიაროს ლაბორატორიაში, სანამ ვირუსის საკმარისი რაოდენობა “გაცოცხლდება“.

    თუმცა, ტესტების დიდ ნაწილს არ შეუძლია იმის განსაზღვრა, თქვენს ორგანიზმში აღმოჩენილი ვირუსი “კულტივირებადი“ და გადამდებია, თუ უბრალოდ ვირუსის პაწაწინა ფრაგმენტები.

    პოზიტიური ტესტის რისკები

    როდესაც კორონავირუსის ტესტს იკეთებთ, პასუხად მხოლოდ დადებითს ან უარყოფითს იღებთ. არავითარ მითითებას იმაზე, რა რაოდენობით იყო ვირუსი ნიმუშში  და რამდენად სავარაუდოა, რომ ეს არის აქტიური ინფექცია, თქვენ ვერ იღებთ.

    ადამიანი, რომელიც დიდი რაოდენობით აქტიურ ვირუსს ავრცელებს და ადამიანი, რომელსაც უკვე გადატანილი ინფექციის ფრაგმენტები აქვს შემორჩენილი, ტესტის ერთნაირ შედეგს იღებენ.

    ბრიტანელი პროფესორი ჰენეგანი ამბობს, რომ კორონავირუსის “გადამდებობა“ ზუსტად ერთ კვირაში იკლებს. ის ამბობს, რომ მართალია შეუძლებელია ყოველი ტესტის გადამოწმება და ნახვა, აქტიურია თუ არა ვირუსი, ალბათობა რომ ცრუდადებითი ტესტები შემცირდეს, არსებობს, თუ მეცნიერები შეძლებენ იმ ზღვრის დადგენას, როცა გაფილტვრა შესაძლებელია.

    შედეგად, უკვე გადატანილი ძველი ინფექციის ნარჩენების მქონე ადამიანებს ტესტი დადებით შედეგს აღარ უჩვენებს. ეს კი ბევრ ადამიანს  ტყუილი  იზოლაციისა და კარანტინისგან, სპეციალისტებს კი კონტაქტების კვლევისგან დაიცავს და უკეთეს წარმოდგენას მოგვცემს პანდემიის ამჟამინდელი რეალური მაშტაბების შესახებ.

    მეცნიერები მუშაობენ, როგორ შეიძლება ისეთი ფილტრის დადგენა ან ლაბორატორიული ციკლის დამატება, რომ ტესტმა ვირუსის ფრაგმენტული ნარჩენი ცოცხალი ვირუსისგან განასხვავოს.

     

  • ბავშვები  Covid-19 –ის ფარული მატარებლები არიან

    ბავშვები  Covid-19 –ის ფარული მატარებლები არიან

    Covid-19–ის ვირუსი ბავშვის ცხვირხახაში სამ კვირამდე ცოცხლობს, თუმცა ამასთან მის მატარებელს დაავადების არანაირი გამოვლინება არ ეტყობა, მათ შორის არც ხველა და ცემინება. ამ დასკვნამდე სამხრეთკორეელი მკვლევარები მივიდნენ.

    პანდემიის დაიწყებიდანვე ცნობილია, რომ ბავშვები კორონავირუსით იშვიათად ავადდებიან და დაავადება ადვილად გადააქვთ, თუმცა მათი როლი კორონავირუსის გავრცელების საკითხში კვლავ ყურადღების საგანია.

    “არალოგიკური იქნებოდა გვევარაუდა, რომ ბავშვები ვირუსს არ ავრცელებენ, რადგან ის მათ ორგანიზმში არსებობს ““ – ამბობს ვაშინგტონის ნაციონალური ჰოსპიტლის პედიატრიის განყოფილების უფროსი რობერტ დე ბიაზი.

    თუმცა ლივერპულის უნივერსიტეტის ბავშვთა დაავადებების პროფესორი, კალუმ სემპლი ვარაუდობს, რომ სასუნთქ გზებში ვირუსის არსებობა მის გადაცემას არ უდრის, თუ ადამიანი არ ახველებს და არ აცემინებს.

  • თენგიზ ცერცვაძის მორიგი განცხადება: სჭირდება თუ არა საქართველოს ინფექციური საავადმყოფო

    თენგიზ ცერცვაძის მორიგი განცხადება: სჭირდება თუ არა საქართველოს ინფექციური საავადმყოფო

    ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე მორიგ განცხადებას ავრცელებს იმასთან დაკავშირებით, სჭირდება თუ არა საქართველოს ინფექციური საავადმყოფო. ამ საკითხის განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრმა პაციენტების მიღება შეწყვიტა მძიმე პირობების გამო. ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ არ არის აუცილებელი ცალკე ინფექციური საავადმყოფოს არსებობა და ჯობს ინფექციური პაციენტების მომსახურება  მრავალპროფილურ საავადმყოფოებში ხდებოდეს. ცერცვაძე განცხადებაში მათაც პასუხობს:

    “სჭირდება თუ არა საქართველოს ინფექციურ დაავადებათა
    საავადმყოფო

    პერიოდულად ცალკეული ექსპერტების მიერ განიხილება საკითხი, სჭირდება თუ არა ქვეყანას ცალკე ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფო, თუ სჯობს ინფექციური პაციენტების მომსახურება ხდებოდეს მრავალპროფილურ საავადმყოფოებში.

    გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ამ საკითხზე.

    ცნობილია, რომ ჭეშმარიტების კრიტერიუმი პრაქტიკაა და ყველაფერი უნდა შეფასდეს შედეგებით. შედეგები კი ასეთია: საქართველოში სულ ა.წ. 25 აგვისტოსთვის დაფიქსირებულია COVID-19-ის 1436 შემთხვევა, რომლებიც მკურნალობდნენ ქვეყნის 11 COVID კლინიკაში. მათგან სამი COVID კლინიკა განთავსებულია ინფექციური პროფილის საავადმყოფოებში – ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი, აკ. ბოჭორიშვილის სახ. კლინიკა და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო, ხოლო დანარჩენი 8 COVID კლინიკა – მრავალპროფილურ საავადმყოფოებში.

    სამი ინფექციური პროფილის საავადმყოფოში სულ გატარებულია 595 COVID-19-ით პაციენტი, რომელთაგან გარდაიცვალა მხოლოდ ერთი პაციენტი (ლეტალობა – 0,17%), ხოლო 8 ზოგადი პროფილის საავადმყოფოში გატარებულია – 836 პაციენტი, რომელთაგან გარდაიცვალა 17 პაციენტი (ლეტალობა 2%). ანუ ინფექციური პროფილის კლინიკებში COVID-19-ით სიკვდილობა იყო 12-ჯერ ნაკლები, ვიდრე მრავალპროფილურ კლინიკებში. ეს შემთხვევითობაა? შესაძლოა, მაგრამ მაინც ფაქტია. კიდევ უფრო დიდია (გაცილებით დიდია) სხვაობა ევროპისა და ამერიკის ქვეყნებთან შედარებით, სადაც მრავალპროფილურ კლინიკების უმეტესობაში სიკვდილობის მაჩვენებელი 3-დან 15%-მდეა.

    ნიშანდობლივია, რომ სადღეისოდ საქართველოს კლინიკებში სულ COVID-19-ით 100-ზე მეტი სამედიცინო პერსონალია დაინფიცირებული, მათგან მხოლოდ ოთხია ინფექციური პროფილის კლინიკებში, ხოლო დანარჩენი – ზოგადი პროფილის კლინიკებში. ეს ფაქტიც მრავლისმეტყველია.

    კიდევ ერთი მაგალითი – განსაკუთრებით საშიში ინფექცია ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება. მარტო 2020 წელს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში გატარებულია ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით 12 ავადმყოფი, რომელთაგან მხოლოდ ერთი გარდაიცვალა (ლეტალობა 8,3% – ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ევროპაში), მაშინ როდესაც ქვეყნის სხვა კლინიკებში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით 5 პაციენტი შევიდა და მათგან 3 გარდაიცვალა (ლეტალობა 60%). ესეც შემთხვევითობაა?

    ან კიდევ აივ/შიდსი. საქართველოში აივ/შიდსით პაციენტებში სიკვდილობის მაჩვენებელი 2.5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე საშუალოდ მსოფლიოში და 2-ჯერ ნაკლებია ვიდრე აშშ-ში. ესეც შემთხვევითობაა?

    ასეთი მაგალითების გაგრძელება კიდევ შეიძლება.

    აღმოსავლეთ ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში და ე.წ. განვითარებადი ქვეყნების უმეტესობაში (საქართველოც მათ რიცხვში შედის) ინფექციურ დაავადებათა ჰოსპიტლები, როგორც წესი, ცალკე სამედიცინო დაწესებულების სახითაა წარმოდგენილი. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ მძიმე და გადამდები ინფექციების რიცხვი (COVID-19-ის გარდა) ამ ქვეყნებში გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში. თუმცა, დასავლეთის განვითარებული ქვეყნების ნაწილშიც ინფექციური პროფილის საავადმყოფოები ცალკე სამედიცინო დაწესებულებების სახითაც არსებობს, მაგალითად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ინფექციურ დაავადებათა კლინიკა – „Lazzaro Spallanzani“ – National Institute for Infectious Diseases, ქ. რომში, იტალიაში. ან თუნდაც ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ნაციონალური ინსტიტუტი (NIAID/NIH), ქ. ბეთესდაში, აშშ-ში, რომლის წლიური ბიუჯეტი 4.8 მილიარდი აშშ დოლარია.

    რაც შეეხება დასავლეთის იმ ქვეყნებს, სადაც ინფექციურ დაავადებათა სამსახურები ზოგადი პროფილის კლინიკებშია განთავსებული, იქ ეს უკანასკნელები ისეთი სტანდარტებით არის აშენებული და მოწყობილი (თავისი ბოქსირებული განყოფილებებით), რომელიც შესაძლებელს ხდის მოემსახუროს ინფექციური დაავადებებით, მათ შორის, გადამდები და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით ავადმყოფებს. ასეთი სტანდარტების მრავალპროფილური საავადმყოფოები/ ინსტიტუტები ძალიან ძვირი ჯდება და საქართველოში სადღეისოდ არ არსებობს და სავარაუდოდ კიდევ კარგა ხანს ვერ იქნება. შესაბამისად, სადღეისოდ საქართველოში, ისევე როგორც მისი განვითარების დონის მქონე სხვა ქვეყნებში ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფოს/ინსტიტუტის ცალკე სამედიცინო დაწესებულების სახით არსებობას ალტერნატივა არა აქვს და ამას ჩვენი ყოველდღიური პრაქტიკაც ადასტურებს. შორეულ მომავალში რა იქნება, ამას დრო გვიჩვენებს.

    და ბოლოს, საერთაშორისო რეკომენდაციებით მსოფლიოს ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს სულ ცოტა ერთი სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც მძიმე, გადამდები და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით ავადმყოფების მიღება და მომსახურება შეეძლება. ასეთი კი საქართველოში დღეს მხოლოდ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრია. ყველა დანარჩენი საავადმყოფო ან კერძო საკუთრებაშია, ან კიდევ მძიმე, გადამდები და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით ავადმყოფების მომსახურებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა არა აქვს”,-აცხადებს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

    შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს ინფექციურმა საავადმყოფომ პაციენტების მიღებაზე უარი თქვა. თენგიზ ცერცვაძემ იმავე დღეს საჯაროდ განაცხადა, რომ კლინიკას აღარ აქვს COVID 19-ის და აივ ინფიცირებული პაციენტების მომსახურების რესურსი. საავადმყოფოს ხელმძღვანელი ასევე ამტკიცებს, რომ კრიზისის შესახებ დიდი ხნის წინ აცნობა ჯანდაცვის უწყებას და რეაგირებაც სთხოვა, მაგრამ უშედეგოდ.

    ამ განცხადებას კი ეკონომიკის სამინისტრო გუშინ, 21 აგვისტოს გამოეხმაურა, განცხადებაში კი ეწერა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოს უფლება მიეცა გადაუდებელი სამუშაოების დროს 300 ათასი ლარი გამოიყენოს. 

  • შვედეთი და ბრიტანეთი:Covid19-თან ბრძოლის განსხვავებული სტრატეგია და ერთნაირი შედეგი

    შვედეთი და ბრიტანეთი:Covid19-თან ბრძოლის განსხვავებული სტრატეგია და ერთნაირი შედეგი

    ლონდონში და სტოკჰოლმში კორონავირუსის გავრცელების ტემპები დაახლოებით ერთნაირი აღმოჩნდა, მიუხედავად მასთან ბრძოლის სხვადასხვა სტრატეგიისა, რომლებიც ამ ქვეყნებმა აირჩიეს. ამის შესახებ კვლევის შედეგები მეტყველებს.

    სტოკჰოლმმა პანდემიის დასაწყისიდანვე გადაწყვიტა უარი ეთქვა მკაცრი საკარანტინო ზომების შემოღებაზე, იმ დროს, როცა პრაქტიკულად ყველა ევროპულ ქვეყანაში კარანტინი შემოიღეს, შვედეთში რესტორნები და მაღაზიები ჩვეულებრივ მუშაობდა.

    ექსპერტები პროგნოზირებდნენ, რომ მაისისთვის კორონავირუსისადმი იმუნიტეტი სტოკჰოლმის მოსახლეობის 40%–ს გამოუმუშავდებოდა, თუმცა როგორც ჩატარებული კვლევის შედეგები მეტყველებს, შვედეთის დედაქალაქის მოსახლეობის მხოლოდ 17%–ს  აღმოაჩნდა მაისის დასაწყისისთვის Covid19-ის ანტისხეულები.

    კვლევის  შედეგები ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალ Journal of the Royal Society of Medicine–ში გამოქვეყნდა.

    როგორც გაირკვა, მოსახლეობის ამდენივე პროცენტს აღმოაჩნდა აპრილსა და მაისში  ანტისხეულები ლონდონში. და ეს იმის გათვალისწინებით, რომ ბრიტანეთმა, რომელიც თავიდან მკაცრი საკარანტინო ზომების უარყოფისა და “კოლექტიური იმუნიტეტის“ გამომუშავების სტრატეგიის არჩევას გეგმავდა, საბოლოოდ ხანგრძლივი და მკაცრი კარანტინი შემოიღო.

    გარდა ამისა, ამ ორ ქვეყანაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი თითქმის ერთნაირი აღმოჩნდა, მიუხედავად კორონავირუსთან ბრძოლის პრინციპულად განსხვავებული სტრატეგიებისა. ბრიტანეთში, რომლის მოსახლეობა 66 მილიონს აღემატება, კორონავირუსის ინფექციით 46500 ადამიანზე მეტი გარდაიცვალა. ეს ქვეყნის მოსახლეობის 0.07 პროცენტია. შვედეთში 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. აქ კორონავირუსით 5500 ადამიანი გარდაიცვალა, ანუ მოსახლეობის 0.06%.

    ამასთან, შვედეთიც და ბრიტანეთიც Covid19-ით ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მქონე ევროპული ქვეყნების რიცხვში არიან.შვედეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი აღმოჩნდა ჩრდილოეთ ევროპის იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც კარანტინი შემოიღეს.

    შვედეთის ხელისუფლებამ პანდემიის დასაწყისში გააკეთა არჩევანი კოლექტიური იმუნიტეტის სასარგებლოდ და კარანტინზე უარი თქვა. ამის მიუხედავად, ქვეყნის მოქალაქეებს რეკომენდაცია მისცეს დაეცვათ სოციალური დისტანცია, შეძლებისდაგვარად სახლში დარჩენილიყვნენ, კომპანიებს კი რეკომენდაცია მისცეს თანამშრომელთა ნაწილი დისტანციურ სამუშაოზე გადაეყვანათ.

    ანალოგიურ მსუბუქ ზომებზე ფიქრობდა ბრიტანეთის ხელისუფლებაც, თუმცა დაინფიცირებულთა რიცხვის სწრაფი ზრდის გამო ამ ვარიანტზე უარი თქვა და მკაცრი კარანტინი შემოიღო. სოციალური დისტანციის დაცვა და სოციალურ კონტაქტებზე უარის თქმა ბრიტანელებისთვის უფრო რთულია, ვიდრე შვედებისთვის, მათ შორის მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვის გამო.

    შვედეთში სიმჭიდროვე ერთ კვადრატულ კილომეტრზე 20 ადამიანია, ბრიტანეთში კი 250 ადამიანი.

    კვლევის ავტორები ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეიჯდან, დევიდ გოლდსმიტი და ერიკ ორლოვსკი წერენ:

    “ ამ მომენტში მიუხედავად მკაცრი, თუმცა დაგვიანებით შემოღებული კარანტინისა ბრიტანეთში და უფრო მსუბუქი შემზღუდავი ზომებისა შვედეთში, ამ ორ ქვეყანაში კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია დაფიქსირებული შვიდდღიან პერიოდში, სხვა სკანდინავიურ ქვეყნებთან და ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით“.

    თუმცა მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მიღებული შედეგების შეფასება და შეცდომების გამოვლენა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

    გარდა ამისა, ჯერჯერობით დადგენილი არ არის როგორც  მოქმედებს სისხლში ანტისხეულების არსებობა იმუნიტეტზე, უზრუნელყოფს თუ არა ანტისხეულები კორონავირუსისგან სრულ, ან ნაწილობრივ დაცვას. ასევე მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ, რამდენად დიდხანს ნარჩუნდება ორგანიზმში ანტისხეულები დაავადების გადატანის შემდეგ.

    კვლევის ავტორები ვარაუდოებნ, რომ შესაძლოა შვედეთის ხელისუფლება შეცდა, როცა გათვლა კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავებაზე გააკეთა.