Category: სხვადასხვა

  • მოვუწოდებთ ბატონ მიხეილს,ჩვენს ეთერს ნუ გამოიყენებს საეჭვო და არაჯანსაღი პროპაგანდისთვის –ტელეკომპანია კავკასია მიხეილ ცაგარელის განცხადებებს ემიჯნება

    მოვუწოდებთ ბატონ მიხეილს,ჩვენს ეთერს ნუ გამოიყენებს საეჭვო და არაჯანსაღი პროპაგანდისთვის –ტელეკომპანია კავკასია მიხეილ ცაგარელის განცხადებებს ემიჯნება

    ტელეკომპანია კავკასიის ხელმძღვანელობა ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის გადაცემა “ჰოროსკოპში“ მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ემიჯნება. ცაგარელმა 1 მაისის გადაცემაში კორონავირუსის პანდემია მასონების გლობალურ შეთქმულებას დააბრალა, რომლის მიზანი ადამიანების “დაჩიპვა“ და დამორჩილებაა. მის თეორიებს დიდი გამოხმარურება მოჰყვა.

    გთავაზობთ არხის განცხადებას მიხეილ ცაგარელის გადაცემასთან დაკავშირებით:

    “თავს ვალდებულად ვთვლით გავაკეთოთ განცხადება ტელეკომპანია კავკასიის ეთერში 1 მაისს გასულ გადაცემა “ჰოროსკოპთან“ დაკავშირებით, რომელსაც უძღვება ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი.

    ბოდიშს ვუხდით მაყურებელს იმ გაურკვეველი და დაუსაბუთებელი პროპაგანდისთვის, რაც ბატონმა მიხეილმა ჩვენი ეთერით შესთავაზა საზოგადოებას.

    ვწუხვართ, რომ გვიწევს ამ განცხადების გაკეთება, რადგან მრავალი წელია ბატონ მიხეილ ცაგარელთან გვაკავშირებს თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობა, თუმცა მთელი მსოფლიოსთვის და საქართველოსთვის ამ უმძიმეს დროს ადამიანების მოწამვლა შავ–ბნელი პროპაგანდით და შეთქმულებების დაუსაბუთებელი თეორიებით იმდენად ზღვარგადასული ქმედებაა, რომ არ შეიძლება მისი შეფასების გარეშე დატოვება.

    დღეს, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ადამიანების რეალური ცოდნით და ინფორმაციით შეიარაღება გლობალური საფრთხის წინააღმდეგ, რაციონალური ქმედებები და გააზრებული ბრძოლა. ვფიქრობთ, რომ ამ საქმეში მედიის როლი განუზომლად დიდია. სწორედ ამიტომ ვწუხვართ, რომ ჩვენი ეთერის გამოყენება მოხდა სრულიად საპირისპირო მიზნით.

    ტელეკომპანია კავკასია კატეგორიულად ემიჯნება მიხეილ ცაგარელის გადაცემაში გამოთქმულ მოსაზრებებს, მოუწოდებს ბატონ მიხეილს, პატივი სცეს მაყურებელს და ჩვენს ეთერს ნუ გამოიყენებს საეჭვო და არაჯანსაღი პროპაგანდისთვის“– ნათქვამია ტელეკომპანია კავკასიის განცხადებაში.

     

  • ცრუ განგაში: ვეფხვის დასაჭერად ვერტმფრენით და იარაღით მობილიზებულ პოლიციას ხელში სკულპტურა შერჩა

    ცრუ განგაში: ვეფხვის დასაჭერად ვერტმფრენით და იარაღით მობილიზებულ პოლიციას ხელში სკულპტურა შერჩა

    ბრიტანეთში, კენტის საგრაფოში შეიარაღებული პოლიციელები და ვერტმფრენი გაგზავნეს ვეფხვის დასაჭერად, რომელიც გავრცელებული პოლიციისთვის მიწოდებული ინფორმაციით ზოოპარკიდან გაიქცა და ტყეში იმალებოდა. თუმცა, “შემთხვევის ადგილზე“ პოლიციამ აღმოაჩინა, რომ ვეფხვი ნამდვილი არ იყო.

    კენტის პატარა სოფელ ანდერრივერში მისულ პოლიციას ადგილზე ვეფხვის ფიგურის ავტორი – 85 წლის ქალი ჯულიეტ სიმპსონი დახვდა.

    “კარგად იცინეს და ბევრი ფოტოები გადაიღეს“ – ამბობს სკულპტორი.

    ქალმა მეზობლებისგან შეიტყო, რომ ვიღაცამ პოლიციაში დარეკა და შეატყობინა, რომ მეზობლად ტყეში გაქცეული ვეფხვი ნახეს. სიმპსონი მიხვდა რაშიც იყო საქმე და მაშინვე სკულპტურისკენ გაემართა, რომელიც მისი სახლის სიახლოვეს დგას.

    “მეზობელი მინდვრიდან შეიარაღებული პოლიციელების მთელი ჯგუფი მოგვიახლოვდა. იმ მომენტისთვის უკე მიხვდნენ, რომ განგაში ცრუ იყო. ჩემი ვეფხვი მართლაც ნამდვილს გავს. ასე ჩავიფიქრე თავიდანვე. ის გზიდან 30 მეტრში დგას და არც ისე კარგად ჩანს“ – ამბობს ქალი.

    მავთულისა და ებოქსიდური ფისისგან დამზადებული ვეფხვი ამ ადგილზე უკვე 20 წელია დგას და არც თუ საუკეთესო მდგომარეობაშია.

    როგორც სკულპტორი ამბობს, ვეფხვი მისი სახლის უკან მდებარე ტყეში დროებით დადგა, თუმცა იმ ადგილს იმდენად მოუხდა, რომ გადაწყვიტა აღარ გაეყიდა და მას შემდეგ ასე დგას.

    კენტის საგრაფოს პოლიციის ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პოლიციელები სოფელ ანდერრივერში მას შემდეგ გაგზავნეს, რაც მიიღეს ინფორმაცია, რომ ამ რაიონში დიდი ზომის მტაცებელი კატისებრი შენიშნეს.

    “ შეიარაღებული პოლიციელები ადგილზე უსაფრთხოების ზომის ფარგლებში მივიდნენ, თუმცა ძებნის შედეგად დაადგინეს, რომ ადგილზე არავითარი ცხოველი და რისკი ადამიანებისთვის არ არსებობს.“ ვეფხვის დასაჭერად ადგილზე ვერტმფრენიც გაგზავნეს.

    თუმცა პოლიციის ქმედება გადამეტებული სიფრთხილე სულაც არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ კენტის საგრაფოში რამდენიმე საფარი–პარკია, სადაც ბევრი ველური ცხოველი, მათ შორის ვეფხვი ცხოვრობს.

    წარსულში არაერთხელ ყოფილა შემთხვევები, როცა მტაცებლები გალიიდან გაიქცნენ.

  • როდის დაბრუნდება პანდემიის გამო გაჩერებული ფეხბურთი

    როდის დაბრუნდება პანდემიის გამო გაჩერებული ფეხბურთი

    საფეხბურთო კლუბი სასუოლო პირველი იქნება იტალიური სერია A–ს გუნდებიდან, რომლებიც პანდემიის შედეგად იძულებითი პაუზის შემდეგ ვარჯიშს დაიწყებს. იტალიის ჩემპიონატი 10 მარტიდან შეჩერდა. როგორც გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, თავიდან ფეხბურთელები ცალ–ცალკე, მარტო ივარჯიშებენ. ჯგუფური წვრთნები კი ოფიციალურად 18 მაისიდან აღდგება, სოციალური დისტანციის ზომების გათვალისწინებით.

    ბუნდესილიგის სეზონის განახლების შესახებ ტრიბუნებზე მაყურებლის გარეშე საუბრობს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჰორსტ ზეეხოფერი. მისი თქმით, თუ გაირკვევა, რომ გუნდში ვინმე ავად არის, კლუბს თვითიზოლაციაში ორი კვირის გატარება მოუწევს.

  • “ყველა გაუგებრობა გარკვეულია. სჯობს ერთობლივი ბრძოლა გავაგრძელოთ ვირუსის და არა ერთმანეთის წინააღმდეგ“–ზურაბ გურული ქართველ კოლეგებთან დაპირისპირებაზე

    “ყველა გაუგებრობა გარკვეულია. სჯობს ერთობლივი ბრძოლა გავაგრძელოთ ვირუსის და არა ერთმანეთის წინააღმდეგ“–ზურაბ გურული ქართველ კოლეგებთან დაპირისპირებაზე

    აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი ზურაბ გურული ფეისბუქზე წერს, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ექიმების ქართველ კოლეგებათან არსებული დაპირისპირება გარკვეული და გაანალიზებულია. შედგა ერთობლივი შეხვედრა, რომელიც ყოველკვირეული გახდება. გურული მოუწოდებს კოლეგებს, ამ თემაზე სპეკულაციები შეწყდეს და ვირუსთან ბრძოლა ერთობლივად განაგრძონ:

    “ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო,

    ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოში პლაქვენილის თემა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა მიზეზთა და მიზეზთა გამო. 17 აპრილს ფეისბუქის კედელზე განთავსებული ჩემი სტატუსი, რომელიც არ წარმოადგენდა კონკრეტულ მიმართვას არცერთი ქართველი პროფესიონალისათვის, ატარებდა ერთადერთ მიზანს, დაეცვა პაციენტები შესაძლო არასასიამოვნო გართულებებისაგან და მიმეწოდებინა ჩემთვის ხელმისაწვდომი უახლესი ინფორმაცია კოლეგებისათვის.

    ეს მიმართვა იყო გაგრძელება კოვიდ 19-თან დაკავშირებული სტატუსებისა და პოსტებისა, რომლებიც წარმოადგენდნენ ჩემი გამოცდილების დაუშურველად გაზიარების სურვილს საქართველოში მყოფი კოლეგებისათვის. მივიღე არაერთი მადლობა მიწოდებული ინფორმაციისათვის, რაც მათ დაეხმარა რეალურ პრაქტიკაში ახალი მიდგომების დასანერგად. მე არ მაქვს სურვილი იმისა, რომ ჩემს მიერ სოციალურ ქსელებში საჯაროდ გაზიარებული პროფესიული ხასიათის ინფორმაცია ვინმემ საკუთარი დესტრუქციული მიზნების განსახორციელებლად გამოიყენოს.


    შესაბამისად, მრავალი მიზეზის გამო არ ვაპირებ ამ მედიკამენტის ირგვლივ დისკუსიის გაგრძელებას. გარდა ჩემი პოზიციისა, ინფორმაცია საკმარისად არის საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში და საკმარისი ექსპერტებიც გვყავს ამ თემაზე სასაუბროდ.


    ამასთან, სიამოვნებით გავაგრძელებ ჩემს სტატუსებსა და პოსტებს კოვიდ-19 თან დაკავშირებული თემატიკის ირგვლივ, რადგან მიმაჩნია, რომ დღევანდელ, უაღრესად რთულ და ცვლილებად პერიოდში გამოცდილების გაზიარება ამ ვერაგ და საშიშ ვირუსთან ბრძოლის შესახებ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასევე კიდევ ერთხელ, ხაზგასმით, პატივისცემას ვუცხადებ კოვიდთან მებრძოლ ყველა ქართველ კოლეგას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.


    თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ პლატფორმაზე გუშინ უკვე შედგა უაღრესად პროდუქტიული შეხვედრა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მყოფი ქართველი ექიმებისა, რასაც ყოველკვირეული ხასიათი ექნება. ყველა გაუგებრობა გარკვეული და გაანალიზებული იქნა და ქართველი ექიმები ერთ გუნდად გააგრძელებენ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას.


    მოვუწოდებ იმ კოლეგებს, რომლებიც ისევ აგრძელებენ ამ თემაზე უსიამოვნო სპეკულაციებს, რომ სჯობს ერთობლივი ბრძოლა გავაგრძელოთ ვირუსის და არა ერთმანეთის წინააღმდეგ.
    გმადლობთ!
    პატივისცემით!“– წერს ზურაბ გურული.

  • “ადამიანს არა აქვს ჩივილი, სად მიგყავთ, რა კლინიკა, რა საავადმყოფო, მტრები ხართ? რა მავნებლები ხართ“–გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი

    “ადამიანს არა აქვს ჩივილი, სად მიგყავთ, რა კლინიკა, რა საავადმყოფო, მტრები ხართ? რა მავნებლები ხართ“–გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი

    გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს სტრატეგიას აკრიტიკებს და თვლის, რომ უსიმპტომო მსუბუქ ავადმყოფებს საავადმყოფოებში გადაყვანა არ ჭირდება:

    “ადამიანს არა აქვს ჩივილი, სად მიგყავთ, რა კლინიკა, რა საავადმყოფო, მტრები ხართ? ვინ ხართ, რა მავნებლები ხართ. საავადმყოფოებია პირველი წყარო, სამედიცინო პერსონალი დატესტეთ, ხალხს, რომელსაც აქვს ბედნიერება რომ სოფელშია, ბუნებაშია, დატოვეთ, ისეირნოს, 1,5მეტრიანი დისტანცია დაიცვას და დაიცავს კიდეც, ნუ ძალადობთ ადამიანებზე, ნუ აავადებთ ადამიანებს თქვენი სისტემით, თქვენი არაჰიგიენური და საბჭოური სისტემით.“– წერს ის ფეისბუქზე. გარდა ამისა, იაგო ფრანგიშვილი თვლის, რომ როცა ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი დაბალია, ქვეყანა უნდა გაიხსნას:

    “ყველა ქვეყანა იხსნება, სადაც კი იკლებს მძიმე შემთხვევათა რიცხვი. გაიგო მსოფლიომ, რომ მსუბუქი კორონიანი იდეალური ვარიანტია, რადგან ასე ხდება ადამიანების იმუნიზაცია. საერთოდ არ იტესტება მსუბუქი შემთხვევა, რადგან ყველგან, მთელ მსოფლიოში ყველგან გაიგეს, რომ უსიმპტომო პაციენტის ვირუსის რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ ის სხვა ადამიანშიც უსიმპტომო შემთხვევებს იწვევს. მხოლოდ მართლა სარისკო ადამიანები, ტრანსპლანტირებულნი, იმუნურთერაპიიანები, ქიმიოთერაპიის ადამიანები და მოხუცებია დასაცავი. მათ შეიძლება გაუვითარდეთ რაიმე სერიოზული გართულება. თუმცა, მათთანაც, ასევეა, რომ რაც ნაკლებია ვირუსის რაოდენობა, მით უფრო მსუბუქია ფორმა.

    თუკი გყავთ საქართველოში ეპიდემიოლოგები ან ინფექციონისტები და იციან რა არის ,,რეპროდუქციის მაჩვენებელი,, აი იმათ ეცოდინებათ რომ როცა იგი 1ზე დაბალია, ძალიან კარგია. 1 ზე დაბლა კი ვერაფრით ჩამოვა, თუკი არავინ არ გადაიტანა. ეს რიცხვი შემდეგი ფორმულით Rt = Ro ( 100% – n%( სადაც ეს პატარა ენ არი მოსახლეობაში იმ ადამიანების რაოდენობა, რომელმაც გადაიტანა ინფექცია.

    ერ ნული არის რიცხვი, რომელიც არის ბაზისური რეპროდუქცია კორონასათვის და დადგენილია როგორც მაქსიმუმ 3,3. ანუ, თუკი გვინდა რეპროდუქცია იყოს 1ზე დაბალი, 70%ზე მეტს უნდა ჰქონდეს გადატანილი, საუკეთესო შემთხვევაში მსუბუქად.
    ამიტომაც, ბევრი ქვეყანა ტესტავს, არა იმიტომ რომ საავადმყოფოში დააწვინოს უსიმპტომო, არამედ რომ იცოდეს, თუ რა მდომარეობაა აი ამ რეპროდუქციის მაჩვენებლით.

    მაგალითად ბელგიამ და ჰოლანდიამ ჩაატარეს 1000 ზოგადი ,,პაციენტის,, კვლევა, სხვადასხვა სოციალური გარემო, ქალაქ სოფელი, დიდ პატარა და ასე შემდეგ და დაადგინეს შესაძლო იმუნიზაციის ხარისხი.

    არავის მოსდის აზრად რომ უსიმპტომო ან ნაკლებსიმპტომიანი საავადმყოფოში გაუშვას,
    ვიცით, უკვე ყველამ ვიცით,რომ ეს ადამიანები აავადებენ პერსონალს, აავადებენ ერთმანეთს, ამძიმებენ ერთმანეთს.

    უკვე ყველამ ვიცით რომ აუცილებელია ///// არაფრის გაკეთება, არაფრის, გაიგეთ შეიგნეთ ამ თქვენს ხრონგ თავში, რომ უსიმპტომო ადამიანს სჭირდება …… არაფერი. არაფერი.
    ინჰალაციით ამძიმებ.
    წამლებით ამძიმებ
    იზოლაციით ამძიმებ
    ერთად კოლექტიური კარანტინით ამძიმებ.
    სამედიცინო პერსონალს აავადებ და იწვევ ეპიდემიას.
    შეიგნეთ ხეპრენო თუ მავნებელნო და შეაგნებინეთ ამ ხეპრეებს.
    რა უნდათ.
    მეტს დატესტავ და გეყოლება მეტი ვირუსის მატარებელი, ეს ხომ ფაქტია.
    ამიტომაც, ყველა ქვეყანა, რომელსაც ნაკლები რაოდენობით ყავს ახალი მძიმე ავადმყოფები და უსიმპტომოების რიცხვი გაცილებით აჭარბებს სიმპტომიანების რიცხვს, იხსნება.
    გაუხსენით რა ამ ხალხს ტვინი და გონება ვინმემ.“– წერს იაგო ფრანგიშვილი ფეისბუქზე.

  • “ჩალაგამოვლებული დავბრუნდი ბანკიდან. არც არაფერი არ მეკუთვნის“–ლალი მოროშკინა სასტუმრო ბიზნესს ყიდის

    “ჩალაგამოვლებული დავბრუნდი ბანკიდან. არც არაფერი არ მეკუთვნის“–ლალი მოროშკინა სასტუმრო ბიზნესს ყიდის

    ლალრი მაროშკინა, რომელიც სიღნაღში სასტუმროს ფლობს ფეისბუქზე წერს, რომ სასტუმროს გაყიდვა გადაწყვიტა. მისი თქმით ხელისუფლების მიერ დაპირებული დახმარება სასტუმროების მფლობელთათვის მის ბიზნესს არ ეხება:

    “სასტუმროს მფლობელების საყურადღებოდ!
    როგორც შეგპირდით გაგეგზავნეთ ბანკში და აი რა სიტუაციაა:
    სახელმწიფო იხდის პოცენტის და არა თანხის 70%!!!!!
    ანუ თუ თვეში გადასახადი გვაქვს 1000 ლარი და აქედან 100 ლარია პროცენტი-
    100 ლარის -70% -ს იხდის სახელმწიფო, რაც მიზერიც არაა,
    მაგრამ ამასაც იხდის იმ შემთხვევაში თუ:
    თუ, სესხი არის ბიზნეს-სესხი!! მაგალითად ჩემი არის იპოთეკური და მიზნობრიობაში მიწერია- “სასტუმროსთვის”- არ მეთვლევა ბიზნეს სესხად!
    ასევე არ გვეკუთვნის დახმარება თუ ვართ შპს.(მხოლოდ ინდ.მეწარმე)
    ასე, ჩალაგამოვლებული დავბრუნდი ბანკიდან.
    არც არაფერი არ მეკუთვნის…
    ვყიდი სიღნაღს
    P.S.ეს მიზერული პროცენტის, პროცენტის გადასახადიც სულ 6 თვე მუშაობს.“– წერს ლალი მოროშკინა.

  • “მართლაც უცნაური ვირუსი გამოდგა კორონა. თან ძალიან ლეტალურია და თან არც არის“– ზურაბ გურული

    “მართლაც უცნაური ვირუსი გამოდგა კორონა. თან ძალიან ლეტალურია და თან არც არის“– ზურაბ გურული

    აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი ზურაბ გურული ახალი კორონავირუსის სამედიცინო სფეროზე და მთელ მსოფლიოზე კოვიდ 19–ის გავლენაზე წერს:

    “ოცი წელია საოპერაციოს ინტენსიურ ცხოვრებას მივყვები და არ მახსენდება ასეთი ხანგრძლივი პერიოდით პაუზა აეღო ქირურგიულ გართულებებს. დადუმდა ღამის საოპერაციო განრიგი. თითქოს მიიძინა ყველა სხვა ტკივილმა და დარჩა მხოლოდ ერთი შიში. ინტერნეტ სივრცით გაერთიანებულმა მსოფლიო გონმა ერთნაირად გადაანაწილა ეს ახალი შიში და ყველას გონებაში ახალი, მძლავრი ცენტრი წარმოიქმნა, რომელმაც გადაფარა ყველა სხვა ნეგატიური ტალღა.

    სწორედ ეს არის ერთი ლოგიკური ახსნა იმისა, რომ მთელ მსოფლიოში მკვეთრად იკლო არაკოვიდ კლინიკურმა მიმართვებმა. ტვინი მართავს ყველა დაავადების მიმდინარეობას და ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ყველა პრობლემის სათავეცა და დასასრულიც ჩვენივე გონებაშია. მართლაც უცნაური ვირუსი გამოდგა კორონა. თან ძალიან ლეტალურია და თან არც არის; თან უმსუბუქესად მიდის, თან უმძიმესად; თან ადვილი სამართავია, თან უსაშველოდ ძნელი; თან თითქოს ლოგიკურია, თანაც საოცრად ალოგიკური. კომპიუტერული ვირუსიცაა კორონა; მსოფლიოს გაერთიანებული ვირტუალური გონების ვირუსი. თანამედროვე მსოფლიოს განვითარების არაერთ საოცარ ალოგიკურობაზე გააკეთა აქცენტები კოვიდმა.

    პლანეტის წამყვან ქვეყნებში, რომელთა კლინიკებში ურთულესი ქირურგიული ოპერაციები კეთდებოდა, დღეს იაფფასიანი ნიღბების რესტერილიზაციის გზებზე ფიქრობენ და ეძებენ. გაყოყოჩებული მსოფლიო უცებ უმწეო ბავშვივით დაეცა ზურგზე და დაიბნა, წამოდგომა უჭირს; ვერც კი ხვდება რა სჭირს. მსოფლიოს ცნობიერი გაითიშა და წინა პლანზე პრიმიტიული ქვეცნობიერი გამოვიდა, ყველა აშვებული დემონის, ზიზღის, სიძულვილისა და სისასტიკის აფეთქებებით. მიზანი მხოლოდ ერთია, ცხოველური შიშის გადაფარვა. ამ შიშმა ხომ ყველა სხვა შიშის დათრგუნვაც მოახერხა უკვე რამდენიმე თვეა.

    მსოფლიო გონი ეძებს გზებს ბალანსის აღსადგენად. სწრაფად უნდა დაიბრუნოს ცნობიერმა თავისი შემაკავებელი გავლენა, თორემ პრიმიტივიზმისაკენ მიექანება პლანეტა ფიზიკურადაც და სულიერადაც.“– წერს ფეისბუქზე ზურაბ გურული.

  • კორონავირუსის პანდემიას მსოფლიოს 23 ქვეყანაში 55 ჟურნალისტი ემსხვერპლა

    კორონავირუსის პანდემიას მსოფლიოს 23 ქვეყანაში 55 ჟურნალისტი ემსხვერპლა

    კორონავირუსის პანდემიას მსოფლიოს 23 ქვეყანაში მინიმუმ 55 ჟურნალისტი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ დამოუკიდებელი ორგანიზაცია Press Emblem Campaign (PEC) ავრცელებს, რომელიც მედიის თანამშრომელთა უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს.

    Covid19–ით დაღუპული ჟურნალისტების შესახებ ანგარიში პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს მიეძღვნა, რომელიც ყოველწლიურად 3 მაისს აღინიშნება.

    “ჟურნალისტების უსაფრთხოება ამ კრიზისის დროს განსაკუთრებული რისკის ქვეშ არის, რადგან მათ უნდა განაგრძონ ინფორმაციის გადაცემა შემთხვევის ადგილებიდან, გააკეთონ რეპორტაჟები საავადმყოფოებიდან, აიღონ ინტერვიუები ექიმებისგან, ექთნებისგან და პაციენტებისგან“– ნათქვამია კომუნიკეში.

    ორგანიზაციის სტატისტიკით ყველაზე მეტი ჟურნალისტი პანდემიის დროს ეკვადორში გარდაიცვალა. ამ ქვეყანაში კორონავირუსს 9 ჟურნალისტი ემსხვერპლა. აშშ–ში რვა ჟურნალისტის გარდაცვალება დაფიქსირდა, ბრაზილიაში ოთხი, დიდ ბრიტანეთში სამი ჟურნალისტი გარდაიცვალა. ამდენივე გარდაიცვალა ესპანეთში. რუსეთში კი კორონავირუსით ერთი ჟურნალისტი გარდაიცვალა.

     

  • ვინ გამდიდრდა კრიზისის დროს: კორონავირუსის პანედმიამ ტექნოლოგიური გიგანტების გავლენა და ფასი გაზარდა

    ვინ გამდიდრდა კრიზისის დროს: კორონავირუსის პანედმიამ ტექნოლოგიური გიგანტების გავლენა და ფასი გაზარდა

    მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ჯერ კიდევ კარანტინშია. ადამიანები სახლებში სხედან და ნაკლებ ფულს ხარჯავენ, რის გამოც ბევრი კომერციული კომპანია გაკოტრების ზღვარზეა.

    თუმცა მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრიის მთავარი გიგანტები, როგორც ჩანს გლობალური კრიზისიდან მინიმალური დანაკარგებით გამოვლენ. უფრო მეტიც, შესაძლოა საბოლოო ჯამში კრიზისმა ისინი კიდევ უფრო გააძლიეროს და მათი გავლენა გაზარდოს.

    ამ დღეებში ცნობილი გახდა კომპანია Alphabet–ის ფინანსური შედეგები, რომლის საკუთრებაა Google. გამოქვეყნდა კომპანიების: Apple, Facebook და Amazon–ის ანგარიშებიც.

    ბევრი თვლის, რომ ეს ოთხეული, რომელსაც მათი დასახელების პირველი ასოებისგან შემდგარ სახელს, GАFА–ს უწოდებენ მეტისმეტად მაღლა აფრინდა და დრო მოვიდა მათ ფრთები შეუკვეცონ.

    გუგლი და ფეისბუქი პრაქტიკულად მთლიანად სარეკლამო შემოსავლებზე არიან დამოკიდებული. ბევრი კომპანია პანდემიის დროს სარეკლამო ბიუჯეტებს ამცირებს და შესაძლოა გვევარაუდა, რომ ინტერნეტ გიგანტებისთვისაც რთული დრო დადგებოდა.

    Alphabet–ის ხელმძღვანელმა, სუნდარ პიჩაიმ ისაუბრა მარტის თვეში მოულოდნელ და მნიშვნელოვან კლებაზე სარეკლამო შემოსავლებში, თუმცა კომპანიის აქციების ფასი მაშინვე სწრაფად გაიზარდა, როგორც კი ფირმამ ივარაუდა, რომ სიტუაცია გაუმჯობესებას იწყებდა.
    ფეისბუქმა განაცადა, რომ პანდემია გავლენას ახდენს მის სარეკლამო ბიზნესზე და კომპანიის კვარტალური მოგება ნელა იზრდებოდა, ვიდრე სხვა დროს. თუმცა არ ყოფილა მკვეთრი ვარდნა, რომელსაც მედია –გაზეთები და კომერციული მაუწყებლები შეეჯახნენ, რომლებიც ასევე რეკლამაზე არიან დამოკიდებული.

    ეფლში ელექტრონიკის გაყიდვა შემცირდა, მათ შორის iPhone –ების, სამაგიეროდ გაიზარდა შემოსავალი ინტერნეტ მომსახურებებიდან.

    მკვეთრად გაიზარდა ამაზონის ონლაინ გაყიდვები. სტაბილურად იზრდებოდა კომპანიის შემოსავლები ქლაუდ მომსახურებიდან, თუმცა პანდემიასთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებს ისიც ვერ გაექცა.

    კომპანიის ხელმძღვანელმა, ჯეფ ბეზოსმა ინვესტორები გააფრთხილა, რომ მაღალი დივიდენდების იმედი არ უნდა ქონდეთ, რადგან მოგება ახლა მისთვის პრიორიტეტი არ არის.

    წარსულში ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად შემდეგი სტრატეგიის ხარჯზე იქცა: “ხარჯვა, ხარჯვა, ხარჯვა, რომ ზრდას მიაღწიო“. დღეისათვის ყველა საფუძველი არსებობს იმის საპროგნოზოდ, რომ მისი კომპანია კრიზისიდან კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვა.

    Microsoft–ის ხელმძღვანელმა, სატია ნადელამ ამ კვირას განაცხადა, რომ ციფრული ტრანსფორმაცია, რომელსაც ორი წელი უნდა დასჭირვებოდა ორ თვეში მოხდა.

    კომპანიას ამ დროისთვის ძალიან კარგი შედეგები აქვს. მისი თქმით, ევოლუციური ციკლის დაჩქარებამ, რომლის წყალობით კომპანიები ასეთი ძლევამოსილები გახდნენ, შესაძლოა მათი დომინირება გაზარდოს.

    ბარაკ ობამას ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი, ჯეისონ ფურმანი ყველას მოუწოდებს მაღალი ტექნოლოგიების სფეროს გიგანტები უფრო მკაცრად და საგულდაგულოდ დაარეგულირონ. ის ამბობს, რომ კრიზისის გამო მათზე ზეწოლა შესაძლოა შემცირდეს.

    “თუ ეს მათ შემდგომ კონსოლიდაციას და მათ კიდევ უფრო გამყარებას, ასევე მათზე სამართლებრივი ზეწოლის შემცირებას გამოიწვევს, მომავალში შესაძლოა კიდევ უფრო დიდ ეკონომიკურ პრობლემას წავაწყდეთ“– ამბობს ის.

    ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ აშშ–ს და ევროპის ქვეყნების ეკონომიკებმა საშინელი შედეგები აჩვენეს. თუმცა ამასთან აქციების მსხვილი შესყიდვებიც მოხდა, ამერიკულმა ფასიანმა ქაღალდებმა კი ბოლო 30 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს.

    ეს ძირითადა იმით არის განპირობებული, რომ ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაგალითად, ამაზონის და ნეტფლიქსის აქციების ფასი მარტის შუა რიცხვებიდან 40%–ით გაიზარდა.

    აშშ–ს პრეზიდენტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დოუ–ჯონსის ინდექსი.
    შესაძლოა ის ფაქტი, რომ ტექნოლოგიური კომპანიები მის შენარჩუნებას ახერხებენ, ტრამპის ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანი არგუმენტი გახდეს საიმისოდ, რომ მათ მიმართ მკაცრი შემზღუდავი ზომები არ გამოიყენოს.

  • მარნეულში ქალებმა, მოსავალის შესანარჩუნებლად, Covid-19-ით ინფიცირებული ოჯახის ნაკვეთი გათოხნეს

    მარნეულში ქალებმა, მოსავალის შესანარჩუნებლად, Covid-19-ით ინფიცირებული ოჯახის ნაკვეთი გათოხნეს

    მარნეულში,  სოფელ მარადისში ქალებმა კორონავირუსით ინფიცირებულთა ოჯახებს კარტოფილის მოსავალის შესანარჩუნებლად ნაკვეთი გათოხნეს. ამის შესახებ ინფორმაციას  სოციალურ ქსელში UN Women Georgia-ი ავრცელებს.

    ადგილობრივმა ნაირა პაქსაძემ, სხვა აქტიურ ქალებთან ერთად, სარეველაშერეული ნაკვეთი გათოხნა და ოჯახს, რომლის წევრებიც ახლა საავადმყოფოში მკურნალობენ, შემოსავლის ერთადერთი წყარო არ დაუკარგა.

    “სხვა რა უნდა გავაკეთოთ ამ მდგომარეობაში? რაც შეგვიძლია, ეს არის. ახლა რომ არ გაგვეთოხნა, სარეველა სულ გააფუჭებდა. საავადმყოფოდან რომ გამოვლენ, საარსებო ხომ უნდა დახვდეთ”, -ამბობს ნაირა პაქსაძე.