Category: სხვადასხვა

  • კევინ სპეისიმ სექსუალური შევიწროების საქმეზე სასამართლო მოიგო

    მსახიობმა კევინ სპეისიმ ნიუ–იორკის სასამართლოში სექსუალური შევიწროების საქმეზე დავა მოიგო. მას მსახიობი ენტონი რეპი უჩიოდა. სასამართლომ დაადგინა, რომ რეპმა ვერ შეძლო მისი ბრალდებების დადასტურება იმის შესახებ, რომ ჰოლივუდის მსახიობი მას სექსუალურად ავიწროებდა. ბრიტანეთში სპეისის კიდევ რამდენიმე ბრალი აქვს წაყენებული სექსუალურ შევიწროებაზე და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომლის განხილვას სასამართლო მომავალი წლის ზაფხულში დაიწყებს.

    რეპი ერთ–ერთი პირველი იყო, ვინც სპეისის სექსუალური შევიწროების ბრალდება წაუყენა. მან 2017 წლის ზაფხულში  ინტერვიუში ისაუბრა 1986 წელს მომხდარ ამბავზე, როცა ის 14 წლის იყო, 26–27 წლის სპეისიმ კი მასთან სექსი სცადა.

    რეპის თქმით, ეს სპეისის სახლში წვეულების შემდეგ მოხდა, როცა ყველა სტუმარი წავიდა.

    “ხელი მომხვია. მე თავის დახსნა ვცადე, საწოლზე დამაწვინა და ზევიდან დამაჯდა“–მოყვე რეპმა. მისი თქმით, ამ დროს სპეისი ძალიან მთვრალი იყო.

    ამჟამად რეპი 50 წლის არის. მან სასამართლოს 2020 წლის სექტემბერში მიმართა და კომპენსაციის სახით 40 მილიონი დოლარი მოითხოვა.

    ხუთშაბათს, მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში სამკვირიანი განხილვის შემდეგ დაადგინა, რომ რეპმა მისი ბრალდებების დამტკიცება ვერ შეძლო. მსაჯულები ვერდიქს საათზე მეტხანს განიხილავდნენ, მისი გამოცხადების შემდეგ კი სპეისი მის ადვოკატებს გადაეხვია და სასამართლოს დარბაზი დატოვა. სასამართლოს შემდეგ მას კომენტარი არ გაუკეთებიან.

    სასამართლოს მსვლელობისას მსახიობი ბრალდებებს უარყოფდა. რეპის ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ ის ამბობდა, რომ ასეთი შემთხვევა საერთოდ არ ახსენდება, თუმცა მსახიობს ბოდიშს უხდის.

    “შეძრწუნებული ვარ ამ ისტორიით. მართალია, არ მახსოვს ეს შემთხვევა, ეს ხომ 30 წლის წინ იყო. მაგრამ თუ ასე ვიქცეოდი, როგორც ის აღწერს, გულწრფელად ვუხდი ბოდის.“– წერდა 2017 წელს სპეისი ტვიტერზე.

    სასამართლოზე მან თქვა, რომ შოკირებულია რეპის 5 წლის წინანდელი საჯარო ბრალდებით. “არ ვიცი, ეს როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო“–თქვა 63 წლის მსახიობმა და დასძინა, რომ შეუძლებელი იყო ის რეპს მიეზიდა, როგორც პოტენციური სექსუალური პარტნიორი, რადგან ძალიან პატარა იყო.

    სპეისის ადვოკატი ამტკიცებდა, რომ რეპის ისტორია გამოგონილია და ამ სასამართლო საქმით მან შეძლო უფრო დიდი ყურადღების მიქცევა, ვიდრე მთელი მისი სამსახიობო კარიერის განმავლობაში.

    სექსუალურ შევიწროებაზე მრავალრიცხოვანმა ბრალდებებმა ფაქტიურად უკვე დაანგრია სპეისის წარმატებული სამსახიობო კარიერა.

    ამ ბრალდებების შემდეგ, რომლებიც რეპის აღიარებას მოჰყვა, ნეტფლიქსმა სპეისი პოპულარული სერიალიდან, “ბანქოს სახლი“ გაუშვა, ფილმ “მსოფლიოს ყველა ფულში“ კი ის მისი როლი კრისტოფერ პალმერმა მიიღო.

    აგვისტოში აშშ–ს სასამართლომ სპეისის 31 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა სერიალ “ბანქოს სახლის“ პროდიუსერებისთვის,  მსახიობის შოუდან გაშვების შემდეგ მთელი სეზონის გადაკეთების ხარჯების ასანაზღაურებლად.

  • საფრანგეთი შეძრწუნებულია 12 წლის გოგოს მკვლელობით, რომლის ცხედარი პლასტმასის კონტეინერში იპოვნეს

    საფრანგეთის მოსახლეობა შეძრწუნებულია 12 წლის გოგოს მკვლელობით, რომლის ცხედარი პარიზში, მისი სახლის ეზოში პლასტმასის კონტეინერში იპოვნეს.

    12 წლის ლოლა დავიე პარასკევს დილით სკოლაში წავიდა, დღის მეორე ნახევარში კი სახლში არ დაბრუნდა. მამამ განგაში ატეხა. მალევე გოგოს ცხედარი უსახლკარო მამაკაცმა პარიზის 19–ე რაიონში მდებარე მრავალსართულიანი სახლის ეზოში აღმოაჩინა.

    პოლიციამ საქმე აღძრა მუხლით – ბავშვის მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში წამების სახით. მოგვიანებით ბრალდებას სექსუალური ძალადობაც დაემატა.

    საფრანგეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა მკვლელობაში ბრალი წაუყენეს ქალს, რომელსაც “ დაბია ბ“–ს უწოდებენ. მანამდე პრესაში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილი 24 წლის არის და ის საფრანგეთში ალჟირიდან გადავიდა საცხოვრებლად.

    სამშაბათს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა განაცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია 25 წლამდე ასაკის ქალი, რომელიც ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებოდა, თუმცა აქამდე პოლიციას არ დაუკავებია.

    “ის რეგულარულად ჩამოდიოდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე როგორც სტუდენტი. დაახლოებით ერთი თვის წინ მას ჩვენი ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს“–თქვა დარმანენმა რადიოსადგურ RTL-ის ეთერში.

    ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლოლა იმ სახლის ზედამხედველის შვილი იყო, სადაც ეჭვმიტანილი დროებით დასთან ერთად ცხოვრობდა.

    ლოლას ფოტო დედამ ფეისბუქზე გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც ის სკოლიდან არ დაბრუნდა

    ბრალდების ვერსიით, ქალმა ლოლა თავის ბინაში შეიტყუა, “ბოროტი განზრახვით ჩაიდინა სექსუალური ხასიათის ქმედებები, რამაც ბავშვის სიკვდილი გამოიწვია, მისი ცხედარი კი კონტეინერში დამალა“. გამოძიებას აქვს გარე მეთვალყურეობის ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომელშიც ჩანს, რომ გოგო ეჭვმიტანილთან ერთად შენობაში შედის.

    მოწმეთა ჩვენებით, ამის შემდეგ დაბია ბ. ქუჩაში დიდი პლასტმასის კონტეინერით ნახეს. მოწმეები ამბობენ, რომ ის უცნაურად იქცეოდა. ერთ–ერთი გამვლელის თქმით, ის მას დახმარებას  დახმარებას თხოვდა ფულის სანაცვლოდ, რომელიც “ორგანოებით ვაჭრობის საქმეში იშოვნა.“ თუმცა, პოლიცია ამ ვერსიას სერიოზულად არ განიხილავს და იხრება ვერსიისკენ, რომ ლოლას მკვლელობა რაიმე რაციონალური მოტივის გარეშე მოხდა. გამოძიებაც და სასამართლოც, რომელმაც დაბია ბ.–ს დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო, აღიარებენ, რომ ქალს ფსიქიური აშლილობის მძიმე ფორმა აქვს.

    ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დროებით დასთან ცხოვრობდა. პოლიციაში ამბობენ, რომ მას საკუთარი სახლი არ ქონდა.

    ბრალი წაუყენეს 43 წლის მამააცსაც, რომელიც მედიის ინფორმაციით შეიძლება ქალს ბავშვის ცხედრის ტარნსპორტირებაში ეხმარებოდა. პოლიცია კიდევ ორ ადამიანს კითხავს, რომლებიც მკვლელის თანამონაწილეობაში არიან ეჭვმიტანილი, თუმცა მათი ვინაობა არ სახელდება.

    ცხედრის აღმოჩენის შემდეგ გაირკვა, რომ გოგოს ხელ–ფეხი შეკრული ქონოდა. სხეულზე ძალადობის მრავალი კვალი ემჩნეოდა, კისერზე კი ჭრილობა. თუმცა, გაკვეთამ აჩვენა, რომ ის გაგუდვისგან გარდაიცვალა. გოგონას ფეხსაცმელზე მიკრული იყო წარწერები ციფრებით “1“ და “0“.

    დაკავებულ 43 წლის მამაკაცს გამოძიების ვერსიით, მკვლელობის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში ქალი გოგონას ცხედართან ერთად პარიზის გარეუბნებში დაჰყავდა, შემდეგ კი იმ სახლში დაბრუნდნენ, სადაც მკვლელობა მოხდა. იქ, მოწმეების ჩვენებით დებს შორის ხმამაღალი ჩხუბი მოხდა, შემდეგ კი დაბია ბ. ისევ წავიდა – ამჯერად კონტეინერის გარეშე.

    პარასკევ–შაბათის ღამე მან პარიზის ჩრდილო–დასავლეთ გარეუბანში, ბუა–კოლომბში გაატარა, სადაც პოლიციამ დააკავა.

    გამოძიების ვერსია რამდენიმე კამერის ჩანაწერს, სატელეფონო ზარებს და ჩხრეკისას აღმოჩენილ მტკიცებულებებს ეყრდნობა. დაკავებული ქალის ადვოკატი ხაზს უსვამს, რომ მის კლიენტს უდანაშაულობს პრეზუმფციის უფლება აქვს.

    სკოლაში, სადაც 12 წლის გოგო სწავლობდა, ორშაბათს გლოვა იყო. სკოლაში განათლების მინისტრი პაპ ნდიაი და პარიზის მერი, ან იდალგო მივიდნენ. ამჟამად სკოლაში ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ჯგუფები მუშაობდნენ.

    “ჩემი შვილი მთელი შაბათ–კვირა ტიროდა და საერთოდ არ ძინებია. უკვე ვეღარავის ვეღარ ვენდობით ამ რაიონში. ძალიან მეშინია ჩემი შვილების გამო“ – ამბობს გასმი, სოლის ერთ–ერთი მოსწავლის მამა.

    “თითქოს შიგნიდან ყველაფერი ამომიტრიალდა. დღეს დილით შვილს სკოლაში გავყევი. რამდენიმე მეტრის დაშორებით მივყვებოდი. მისი უსაფრთხოებისთვის“–ამბობს კიდევ ერთი ქალი.

  • ხელოვნურად გაზრდილ ტვინის უჯრედებს ვიდეოთამაში ასწავლეს

    მეცნიერების საერთაშორისო გუნდმა შეძლო ლაბორატორიულ პირობებში ტვინის უჯრედების კოლონიის გაზრდა, რომლებმაც 70–იანი წლების ვიდეოთამაში Pong “აითვისეს“, რომელიც რაღაცით ტენისს გავს. დღეს ეს თამაში ძალიან პრიმიტიულად გამოიყურება, თუმცა 70–იან წლებში ნამდვილი ფურორი მოახდინა.

    როგორც თავის სტატიაში ჟურნალ Neuon–ში ექქიმი ბრეტ კაგანი აცხადებს კომპანია Cortical Labs–იდან, მან და მისმა კოლეგებმა პეტრას ჭიქაში პირველი “გონიერი“ ხელოვნური ტვინი შექმნეს, ანუ, შესაძლოა მას ცნობიერება არ აქვს, მაგრამ მინიმუმ შეუძლია გარე სამყაროს აღქმა და მასთან ურთიერთქმედება.

    რიგი ექსპერტების აზრით, მართალია სტატიის ავტორების მიღწევა აღტაცებას იწვევს, მაგრამ ამ ტვინის უჯრედებისთვის გონიერი უჯრედების დარქმევას ისინი არ იჩქარებდნენ.

    თავად ექიმი კაგანიც განმარტავს, რომ მათ უბრალოდ ვერ შეძლეს მათი ქმნილებისთვის უკეთესი ტერმინის მოგონება, რადგან მას შეუძლია “გარე წყაროებიდან ინფორმაცია მიიღოს, გადაამუშავოს და რეალურ დროში მასზე რეაგირება იქონიოს.“

    პირველად “მინი–ტვინები“, თუ შეიძლება მათ ასე ვუწოდოთ, ლაბორატორიულ პირობებში ჯერ კიდევ 2013 წელს შეიქმნა მიკროცეფალიის შესასწავლად. ეს არის გენეტიკური დარღვევა, რომლის დროსაც ადამიანები განუვითარებელი თავის ტვინით იბადებიან. მას შემდეგ ასეთი უჯრედების მაგალითზე მეცნიერები ტვინის განვითარებას იკვლევენ.

    თუმცა, ამჯერად მკვლევარებმა დაახლოებით 800 ათასი უჯრედისგან შემდგარი ადამიანის ტვინის  კოლონია გაზარდეს “უნივერსალური“ ღეროვანი უჯრედების და ნაწილობრივ თაგვის ჩანასახის უჯრედებისგან. შემდეგ ელექტროდების დახმარებით ეს მინი–ტვინი გარე წყაროს მიუერთეს: ამ შემთხვევაში ვიდეოთამაშს, რომელშიც ბურთი მოედნის ერთი ნაწილიდან მეორეში უნდა გადააგდო.

    საპასუხოდ უჯრედებმა საკუთარი ელექტრონული აქტივობის გამოვლინება დაიწყეს. თამაშის გაგრძელების პარალელურად ეს აქტივობა სუსტდებოდა, თუმცა გადატვირთვის შემდეგ, როცა ბურთი მოულოდნელ ადგილზე აღმოჩნდებოდა, უჯრედები კვლავ აღეგზნებოდნენ, რადგან მოულოდნელ სიტუაციაზე რეაგირებდნენ.

    საინტერესოა, რომ მინი–ტვინს თამაში სულ 5 წუთის განმავლობაში ასწავლეს. და მართალია ის ხშირად აცილებდა ბურთს, მაგრამ წარმატებული გარტყმების რაოდენობა საშუალოზე გაცილებით მაღალი იყო.

    ექიმ კაგანს იმედი აქვს, რომ მის მიერ შემუშავებული ტექნოლოგია გამოიყენება ისეთი ნეიროდეგენრატიული დაავადებების მკურნალობის ახალი მეთოდების დასატესტად, როგორიც არის მაგალითად ალცჰეიმერის დაავადება.

    “როცა ადამიანები უყურებენ უჯრედებს პეტრას ჭიქაში, ჯერჯერობით მხოლოდ იმის დანახვა შეუძლიათ, ავლენენ თუ არა ისინი აქტივობას. მაგრამ, თავის ტვინის უჯრედების ამოცანა ხომ იმაში მდგომარეობს, რომ ინფორმაცია რეალური დროის რეჟიმში დაამუშაონ. და თუ მათ ამ ჭეშმარიტ ფუნქციას ავამოქმედებთ, შეიძლება ბევრი სხვა სფერო აღმოვაჩინოთ კვლევისა და დეტალური შესწავლისთვის“– ამბობს ის.

    თავად ექიმი კაგანის შემდგომი მიზანია შეისწავლოს ალოჰოლის შესაძლო ზემოქმედება მინი–ტვინის უნარზე, ვიდეოთამაში Pong ითამაშოს.

    თუ ლაბორატორიული ტვინების რეაქცია ნამდვილი ადამიანური ტვინის რეაქციის მსგავსი აღმოჩნდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მინი–ტვინების გამოყენება წარმატებით შეიძლება ადამიანებზე გათვლილ ექსპერიმენტებში.

    თუმცა, უნდა ითქვას, რომ “გონივრულობის“ განმარტება, რომელიც ექიმმა კაგანმა ლაბორატორიაში გაზრდილ უჯრედებს მიანიჭა, განსხვავდება ტრადიციული განმარტებისგან, რადგან ეს ტერმინი გრძნობების და ემოციების განცდის უნარსაც გულისხმობს.

    ამიტომაც, კარდიფის ფსიქოლოგიის სკოლის საპატიო მეცნიერ–თანამშრომელი, დინ ბერნეტი ამჯობინებს ტერმინ “მოაზროვნე სისტემის“ გამოყენებას.

    “ჩვენ ვხედავთ ინფორმაციის გადაცემას და გამოყენებას, რაც იწვევს აშკარა ცვლილებებს, ასე რომ, უჯრედების მიერ მიღებული სტიმულაციის პრიმიტიულ დონეზე გააზრება ხდება“–განმარტავს ის.

    კვლევების გაგრძელების პარალელურად მინი–ტვინები სავარაუდოდ სულ უფრო განვითარებული გახდება, მაგრამ ექიმი კაგანი და მისი კოლეგები აქტიურად თანამშრომლობენ ბიოეთიკის სპეციალისტებთან, რათა შემთხვევით ნამდვილად მოაზროვნე ტვინი არ შეიქმნას, რამაც პოტენციურად, წარმოუდგენელი ეთიკური პრობლემები შეიძლება შექმნას.

  • იმედგაცრუება პუტინისთვის: ევროპაში უჩვეულოდ თბილ ზამთარს პროგნოზირებენ

    ევროპელებს და აშშ–ს აღმოსავლეთ სანაპიროს მაცხოვრებლებს წელს დიდი ალბათობით უჩვეულოდ თბილი ზამთარი ელით. ამის შესახებ ბლუმბერგი წერს.

    მეცნიერებმა კლიმატის ცვლილების სამსახურიდან  Copernicus Climate Change Service,  რომელმაც ხუთშაბათს სეზონური პროგნოზი განაახლა, განაცხადეს, რომ ტემპერატურა დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით სავარაუდოდ ამ პერიოდის საშუალო ნორმაზე ბევრად მაღალი იქნება. ანუ, გათბობის სეზონზე ამ ტერიტორიების მოქალაქეებს ენეგიის მოხმარების ზრდა არ მოუწევთ და არც შეზღუდვები შეაწუხებთ, რომლებიც რუსულ ენერგომატარებლებთან დაკავშირებულ პრობლემებს მოჰყვა.

    ანომალურად მაღალი ტემპერატურა სავარაუდოდ შეამცირებს მოთხოვნას ბუნებრივ აირზე, რომლის მომარაგებასაც ევროპული ქვეყნები ასე ჩქარობენ. რუსეთ–უკრაინის ომმა  ენერგომატარებლების ფასები რეკორდულად გაზარდა, რამაც ევროპაში ცხოვრების ღირებულება გააძვირა.

    მეცნიერების თქმით, არსებობს 50–60%–იანი ალბათობა, რომ დიდ ბრიტანეთში, ხმელთაშუაზღვის სანაპიროს დიდ ნაწილში და ცენტრალური ევროპის ნაწილში ტემპერატურა ამ პერიოდის საშუალო ტემპერატურაზე ბევრად მაღალი იქნება. კონტინენტის დანარჩენ ნაწილს კი 40–50%–იანი შანსი აქვს ისტორიულად დაფიქსირებულ საშუალო ტემპერატურას წლევანდელი მნიშვნელოვნად აღემატებოდეს.

    თუმცა, თბილი ზამთრის პროგნოზი მეტეოროლოგებს შორის უნივერსალური არ არის. კომერციული ამერიკული სინოპტიკური სამსახური, Commodity Weather Group თვლის, რომ ზამთარი ევროპაში შეიძლება უფრო ცივი იყოს ვიდრე გასულ წელს, და ოდნავ უფრო ცივი, ვიდრე ბოლო 10 წლის საშუალო მაჩვენებელი იყო, თუ მას გათბობის გრადუს–დღეებით გავზომავთ.

    ეს არის მეთოდი, რომელსაც იყენებენ ენეგიის მოხმარების ტემპერატურის გასაზომად, ამასთან უფრო მაღალი მაჩვენებელი უფრო ცივ რეჟიმს და გათბობისთვის საჭირო უფრო მეტი ენერგიის მოხმარებას ნიშნავს.

    მეტეოროლოგ უილიამ ჰენებერგის თქმით, წელს ზამთარში მისი კომპანიის გათვლებით, ეს მაჩვენებელი 2,330–ს გაუტოლდება, როცა შარშან 2085 იყო, ბოლო 10 წლის საშუალო მაჩვენებელი კი 2,233.

    ის ვარაუდობს, რომ ზამთარი ევროპაში არასტაბილური იქნება და თბილი და ცივი პერიოდები ერთმანეთს ხშირად შეცვლის.

    “რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ უცაბედად ყინვის მოძალებას ზამთრის რომელიმე პერიოდში, თუმცა ზოგად სურათს დიდი ალბათობით განაპირობებს სუსტი ცივი ფრონტების ხშირი მოძრაობა “– ამბობს ის.

    სანამ ევროპის კონტინენტი შანტაჟის იარაღად ქცეული რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს, რომ ზამთარი ეკონომიკისთვის დანაკარგების გარეშე გაიაროს, მეტეოროლოგები სხვადასხვა ფაქტორებს ითვლიან, რომლებიც ამ ზამთარს ტემპერატურაზე გავლენას მოახდენენ. მაგალითად, აკვირდებიან არქტიკას.თუ ჩრდილოეთ პოლუსის გარშემო მოძრავი ქარების სარტყელი, რომელსაც პოლარულ მორევს უწოდებენ, შესუსტდება, ცივი ჰაერი შეიძლება სამხრეთით, აშშ–ში, აზიაში ან ევროპაში დაიძრას.

    ძნელად პროგნოზირებადია, შესუსტდება და გაიშლება თუ არა არქტიკული ქარების სარტყელი, თუმცა ჯერჯერობით მეცნიერები ამის ნიშნებს ვერ ხედავენ.

    კომპანია Atmospheric G2–ის მეტეოროლოგიის განყოფილების დირექტორი, ტოდ კროუფორდი, რომელიც ამინდის პროგნოზის სპეციალისტია, ჯერჯერობით ვერანაირ ნიშნებს ვერ ხედავს იმისა, რაც ზამთარში ევროპაში ან ამერიკაში ძლიერ ყინვებს გამოიწვევდა.

    მეტეოროლოგები გრენლანდიის თავზე ჰაერის წნევასაც აკვირდებიან, რაც ასევე ახდენს გავლენას ევროპაში ამინდზე. აქაც ევროპაში და აშშ–ს აღმოსავლეთ ნაწილში  ცივი ამინდის არანაირი ნიშნები არ შეიმჩნევა.

    Copernicus Climate Change Service–ის მეცნიერები აშშ–ს მთელი კონტინენტური ნაწილის ტერიტორიაზე საშუალოზე მაღალ ტემპერატურას ელიან. ტეხასსა და სამხრეთის სხვა ნაწილებში კი არის ალბათობა, რომ ტემპერატურამ საშუალო მაჩვენებელს 70%–ით გადააჭარბოს.

  • “ადრე ადიდებული ალაზნიდან გამოიყვანა ადამიანი და გადაარჩინა…” – რას ჰყვებიან დევი მეზურნიშვილის მშობლები

    მამაკაცი, რომელმაც ვაკის პარკის შად­რე­ვან­ში შე­სუ­ლი ბავ­შვე­ბი, სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად გა­მო­იყ­ვა­ნა დევი მეზურნიშვილია. როგორც ირკვევა, ის  “ეკო­სერ­ვის ჯგუ­ფის” თა­ნამ­შრო­მე­ლი და  ვა­კის პარ­კის მე­ბა­ღეა.  “ადრე ადიდებული ალაზნიდან გამოიყვანა ადამიანი და გადაარჩინა…” – იხსენებს, დემი მეზურნიშვილის დედა.

    • “სა­მამ თბი­ლის­ში წა­ვი­დო­და, ხან ვე­ნა­ხებ­ში მუ­შა­ობ­და, ხან კონ­კრე­ტულ ობი­ექ­ტებ­ზე. ბოლო პე­რი­ოდ­ში თბი­ლის­ში წა­ვი­და, იქ სცა­და თა­ვი­სი ბედი. მუ­შა­ობს ვა­კის პარკში. მის­გან გუ­შინ­დე­ლი საქ­ცი­ე­ლი არ გამ­კვირ­ვე­ბია, რად­გან ბუ­ნე­ბით ასე­თი ადა­მი­ა­ნია. ადრე ალა­ზან­ზე და­დი­ო­და ხოლ­მე, მა­ში­ნაც ვი­ღაც გა­და­არ­ჩი­ნა. ისე­თი ადი­დე­ბუ­ლი წყლი­დან გა­მო­იყ­ვა­ნა ადა­მი­ა­ნი, რომ სა­კუ­თა­რი თავი საფრ­თხე­ში ჩა­იგ­დო. წუ­ხელ გა­ვი­გეთ, რომ რა­ღაც მოხ­და. არ ვი­ცო­დით, რა მოხ­და. როცა დაგ­ვი­რე­კა, თან ტი­რო­და. მოგ­ვიყ­ვა ყვე­ლა­ფე­რი, მარ­თა­ლია დენი მარ­ტყამ­დაო, მაგ­რამ ბავ­შვე­ბი იყ­ვნე­ნო… თა­ვა­დაც 16 წლის შვი­ლი ჰყავს, დი­ლა­საც ვტი­რო­დი, ალ­ბათ, რო­გორ გა­ნიც­დის მომ­ხდარს, იმის თა­ვი­დან ხომ არ ამო­ვა ეს სა­ში­ნე­ლი რა­ღაც. მე­ა­მა­ყე­ბა ჩემი შვი­ლის საქ­ცი­ე­ლი”.-  განაცხადა დევი მეზურნიშვილის დედამ. 
  • “ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმე გადადის თბილისის მერიაზე“–ნიკა გვარამია ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე

    ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ციხიდან ეხმაურება მთავარი არხის დირექტორი, ნიკა გვარამია:

    “უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა ვაკის პარკში. ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს, მასწავლებლებს.

    სანამ დანაშაულს უბედურ შემთხვევად გამოაცხადებდნენ, უნდა გავიხსენოთ, რომ ტრაგედიის წინა ღამეს თბილისის მერმა თავმომწონედ გახსნა მკვლელი შადრევანი. შესაბამისად, ის მკვლელი შადრევანი ექსპლუატაციაში მიღებულად უნდა მივიჩნიოთ, რაც თითქმის შეუძლებელს ხდის სამუშაოს შემსრულებლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამტკიცებას. ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმე გადადის თბილისის მერიაზე.

    რაც შეეხება თბილისის მერს: სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დასადგენია და სავსებით შესაძლებელია, მერის სამსახურებრივი გულგრილობა დადგინდეს. აი, პოლიტიკური პასუხისმგებლობა კი სრულიად ცალსახა და მკაფიოა.

    “ქართული ოცნების” ატკატების კორუფცია უკვე ფიზიკურად კლავს. კლავს ბავშვებს. ბავშვებს, რომელთაც, “ქართული ოცნების” კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, მეთვალყურე სჭირდებათ. თურმე მეთვალყურე სჭირდებათ 13 წლის მოზარდებს საჯარო გასართობ სივრცეში გართობისას. თუმცა “ქართული ოცნებისთვის” მეთვალყურეობა ის ცნებაა, რომელიც არასდროს ავიწყდებათ; “ქართული ოცნებისთვის”, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა.
    და ბოლოს, გახსოვთ როგორ მთავრდება ნოდარ დუმბაძის “კუკარაჩა”? – მეორე დღეს ომი დაიწყო და კუკარაჩა აღარავის ახსოვდა… ჰო და ამ წლების განმავლობაში ამ პრინციპის გამოყენებით მანიპულირებს ჩვენით “ქართული ოცნება” და ამ პრინციპით ვცხოვრობთ ჩვენც, ქართული საზოგადოება. ალბათ, ახლაც, ხვალ ან ზეგ, რაიმე სისაძაგლეს გამოაგდებს ხელისუფლება და ჩვენც, მორჩილად, ამ სისაძაგლეზე გადავერთვებით. და ჭირისუფლის გარდა აღარავის გვემახსოვრება აღარც მკვლელი შადრევანი, აღარც მკვლელი კორუფცია და აღარც გარდაცვლილი 13 წლის გოგონა, რომელსაც პარკში უმეთვალყურეოდ თამაში უყვარდა.

    უკვე მაზეგ კი ყველანი შევეგუებით იმას, რომ ბავშვებს პარკში უმეთვალყურეოდ თამაშის უფლება ჩამოერთვათ და “ოცნების” მიერ შემოთავაზებულ გულისამრევ “ჭეშმარიტებას” გავიმეორებთ: “უბედური შემთხვევა ყველგან ხდება. მშობელმა ბავშვს ხომ უნდა მიაქციოს ყურადღება?!”“– წერს ნიკა გვარამია ფეისბუქზე.

  • ”კოტიკო ბოთლი ჩანთით ჩაიტანე თუ სხვაგან გედო?”, ”არ დამჭირდა მოსკოვის მარკეტებში დამხვდა” – სოფო ჭყონიას და მორგოშიას დაპირისპირება

    ”ტკბილო კოტიკო ეს ბოთლი ჩანთით ჩაიტანე მოსკოვში თუ სხვაგან გედო?” – ასე გამოეხმაურა, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სოფო ჭყონია სოციალურ ქსელში, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის, კოკა მორგოშიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, რუსეთი “კოკა-კოლით“ საქართველოსგან მარაგდება.

    “დასავლეთის მიერ სანქცირებული “კოკა-კოლა”, რომელიც საქართველოდან მთელი რუსეთის მასშტაბით მარაგდება… “დაუმორჩილებელი” თემურ ჭყონია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა • United National Movement TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი მთავარი არხი • Mtavari Arkhi მთავარი დამფინანსებელი “ტკბილი თემურიკო”დაწერა,  მორგოშიამ.

    რაზეც, სოფო ჭყონიამ მორგოშიას ჰკითხა : “Konstantine Morgoshia/კონსტანტინე მორგოშია, “ტკბილო კოტიკო”, მაინტერესებს, ეს ბოთლი ჩანთით ჩაიტანე მოსკოვში თუ სხვაგან გედო?” 

    სოფო ჭყონიას კომენტარის პასუხად, მორგოშიამ ვიდეოები გაავრცელა და განაცხადა : ”სოფო ჭყონიას “კითხვაზე” ვატარებ თუ არა ჩანთებით კოკა-კოლის ბოთლებს, ვუპასუხებ, რომ არ დამჭირდა, ვინაიდან ქალაქ მოსკოვის მარკეტებშიც საკმარისად დამხვდა..არ დამეზარა და აგერ ბატონო, რომ დარწმუნდეთ. ასეთი ვითარებაა… “აღიარებაც რომ უტყდებათ”.

  • რუსმა სამხედრომ უკრაინაში მოპარული კამერა საკუთარ სახლში დაამონტაჟა.სიგანლის ტრანსლაცია კი ისევ ძველ მფლობელთან, უკრაინაში ხდება

    რუსმა სამხედრომ ლიმანში სათვალთვალო კამერა მოიპარა და ბურიატიაში, საკუთარ სახლში დაამონტაჟა. მისი ტრანსლაცია კი ისევ უკრაინაში ხდება. ბლოგერმა იან გორდიენკომ ვიდეო და ფოტოები გამოაქვეყნა და თქვა, რომ გარე მეთვალყურეობის კამერა რუსმა სამხედრომ მისი მეგობრების სახლიდან მოიპარა.

    გარკვეული დროის შემდეგ კი მოწყობილობა ბურიატიაში “გაცოცხლდა“. როგორც გაირკვა, ოკუპანტმა ის საკუთარ სახლში დაამონტაჟა. ვინაიდან მისი გადაწყობა არ მომხდარა, კამერის მიერ გადაღებული ვიდეოს ტრანსლირება ისევ მისი ძველი პატრონების მოწყობილობაზე ხდება და ისინი ლაივ რეჟიმში უყურებდნენ ქურდი სამხედროს სახლში მიმდინარე მოვლენებს.

  • “მათთვის ადვილია წამოაყრანტალონ – “ამერიკელი ექიმი იტყუება”…–ნანა გეგეჭორი საააშვილის ექიმის შესახებ ქართული ოცნების განცხადებებზე

    თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის უცხოელი ექიმები იტყუებიან, როცა ამბობენ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი პასუხობს. ის ვრცლად აღწერს, რა რთულია ამერიკაში ექიმის პროფესიის დაუფლება და რატომ არის გამორიცხული, ამერიკელმა ექიმმა ტყუილით მისი რეპუტაცია და კარიერა ეჭვქვეშ დააყენოს:

    “იცით რატომ ჰგონიათ საშუალო სტატისტიკურ კალაძეებს, რომ ამერიკელმა ექიმმა შეიძლება ყალბი დასკვნა დადოს პაციენტის საქმეზე?

    არასდროს უსწავლიათ, ერთი საათი განათლებაზე არ დაუხარჯავთ და მათთვის ადვილია ნაყიდი დიპლომის თუნდაც დაკარგვა, რამე რომ იყოს… ფული ხომ შერჩებათ…

    ქრთამს რომ იღებენ იმის შიში არ აქვთ, რომ მთელი ცხოვრების ნაშრომს წყალში გადაყრიან ერთი ფეხის წაცდენით. არასდროს უშრომიათ რაიმე საქმიანობის პროფესიულად წარმოების უფლებისთვის.

    ამერიკაში სამედიცინო პრაქტიკის ქონა დიდი პატივია, მაგრამ ამავე დროს ჯოჯოხეთურ შრიმას მოითხოვს.

    შევეცდები მოკლედ გატაროთ გზაზე რასაც ყველანი გავდივართ, ვისაც აქ ექიმის ლიცენზია გვაქვს და თავად მიხვდებით რამხელა აბსურდია, “ამერიკელი ექიმი იტყუება”.

    სამედიცინოზე ჩაბარებამდე, მინიმუმ ორი წელი კოლეჯის განათლება გჭირდება. თუ ძალიან მაღალ ქულებზე არ დაამთავრე, კონკურსი იმდენად მაღალია, სამედიცინო სასწავლებელში ვერ მოხვდები. მოსახვედრად აბარებ ურთულეს გამოცდას. მერე 4 წელი და უამრავი ურთულესი გამოცდა. ამას მოსდევს მედიცინის რეზიდენტურის სამი წელი და რეზიდენტურაში ჩაბარების უფლების მისაპოვებლად სამი, 9 საათიანი, მართლა ურთულესი გამოცდა. რეზიდენტურა ნამდვილი ჯოჯოხეთია. ჩემი დილა ჰოსპიტალში 7 საათზე იწყებოდა, მუდმივად გამოუძინებელი დადიხარ, სულ გამოცდები გაქვს, თვეში სამი ვიქენდი მორიგეობა გიწევს უმეტესად, მხოლოდ ერთი სრული ვიქენდი გაქვს. რეზიდენტურის ბოლოს ბორდის 9 საათიანი ურთულესი გამოცდაა. მანამდე სამი წლის განმავლობაში იგივე ტიპის გამოცდა სამჯერ გაქვს, ყოველწლიური პროგრესის შესაფასებლად. ამას მოსდევს ვიწრო სპეციალობის სამწლიანი ფელოუშიპი. მაგალითად, მე კარდიოლოგიის ფელოუშიპის ბოლოსთვის ოთხი ბორდის 5-8 საათიანი გამოცდა უნდა მქონდეს ჩაბარებული, ზოგადი კარდიოლოგის, ექოკარდიოგრაფიის, პერიფერიული სისხლძარღვების, ნუკლეარული კარდიოლოგიის. არც ესაა ყველაფერი. ამის მერე კარდიოლოგია ვიწროვდება და მაგალითად, ელექტროფიზიოლოგია თუ გაინტერესებს კიდევ ორწლიანი ფელოუშიპი გჭირდება. რასაც ასევე ელექტროფიზიოლოგიის ბორდის უგრძესი და ურთულესი გამოცდით ასრულებ. ამ გამოცდების ჩაწყობის მექანიზმი არ არსებობს. ყველაფერი კომპიუტერიზებულია და ციხის საკნის მსგავს უჯრედში ტარდება. იქ შესვლისას ლამის გახდილს გათვალიერებენ, რომ სადმე წარწერა არ გქონდეს. ტანსაცმლის ყველა ჯიბეს სათითაოდ ამოწმებენ, თითის ანაბეჭდს და ფოტოს გიღებენ და ისე იწყებ გამოცდას. 9 საათის განმავლობაში სულ ერთი საათი გაქვს შესვენება.

    ამას გადაანაწილებ მთელს საგამოცდო დღეზე. ოღონდ უნდა გაითვალისწინო, რომ ოთახიდან გასვლა შწმოსვლისას ყველა პროცედურა თავიდან იწყება. ანაბეჭდების აღება, ჯიბეების ტრიალი და ასე შემდეგ. ცხადია, ცდილობ მხოლოდ აუცილებელი საჭიროებისას გახვიდე. კომპიუტერთან კამერაა დამონტაჟებული რომელიც თვალებში გიყურებს. მეორე კამერა ოთახის სხვა ნაწილშია და ზურგის ფრონტს აკონტროლებს. ოთახს გამჭვირვალე კედელი აქვს და კედლის მიღმა ციცხალი მაყურებელია. ჯდომისას ფეხის მოხერხებულად სკამზე შემოდება და ზედ წამოსკუპება მჩვევია. რამდენი ამას ვიზამდი, იმდენი დამადგებოდა თავზე ფეხი ჩამოიღეო. არ ვიცი რას უშლიდა. ქაღალდზე რამის მოსანიშნად მათივე სპეციალური დაფა და მარკერი გეძლევა. გარედან ამ “საკანში” შესულს მხოლოდ საკუთარი თავის და ტვინის უჯრედებში ტატუირებული ცოდნის შეტანის უფლება გაქვს. წყალსაც და ერთჯერად ცხვირსახოცსაც კი იქვე გაძლებენ. პირადი ნივთების ქონის უფლება არ გაქვს. არც საათის. დრო კომპიუტეზე ტრიალებს ხოლმე და გგონია არასდროს იძვრის. ერთ კითხვაზე წუთზე ნაკლები გაქვს. კითხვა კი ხშირად იმხელაა სქროლვა გიწევს, რომ სავარაუდო პასუხი მონიშნო. ერთ გამოცდაზე დაახლოებით სამასზე მეტი კითხვაა ხოლმე. ამ ჯოჯოხეთის გავლის მერე გეძლევა ლიცენზია, რომელსაც ყოველ ათ წელში ხელახლა აბარებ. ის ათი წელი კი სპეციალური კრედიტები უნდა აგროვო, რომ ყოველ წელს შეინარჩუნო. კრედიტები ლექციებიდან, კურსებიდან და წაკითხული ელექტრონული მასალიდან გროვდება. ანუ, ისევ ყოველდღიურად სწავლა გევალება. რეზიდენტების და ფელოებისთვის სასწავლო გრანდ-რაუნდებს უკვე შემდგარი ექიმები ყიველდღიურად ესწრებიან, ეს მათთვის ცოდნის განახლების და კრედიტების დაგროვების აუცილებელი რიტუალია, რათა პაციენტთან მუშაობის უფლება ჰქონდეთ. სააკაშვილის ციხის ექიმმა მისი ვიზიტი კამერაზე რომ აღბეჭდა და მერე ჩვენ ყველამ ვნახეთ, ეს ფაქტი საკმარისი საფუძველი იქნებოდა ასეთი წვალებით მოპოვებული ექიმობის უფლების დასაკარგად. კიდევ უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, მხოლოდ ამ ერთი პაციენტის მოვლის პროცესში რაც იკადრეს იქიდან, როგორ დაემშვიდობებოდა ბევრი ექიმობის უფლებას.

    მოკლედ, იმ ამერიკელ ექიმებს ეს გზა აქვთ გავლილი იმისთვის, რომ პაციენტთან მიკარების უფლება მიიღონ. ძალიან შორს წამიყვანდა თორემ გამოგზაურებდით ჩემს ერთ მორიგეობაში, ან უბრალო დღეში და მიხვდებოდით რა ჯოჯოხეთური შრომაა და რამდენ ცოდნას იძლევა ყოველი დღე. ჰოდა ამას არანაირი მიზეზით არ დაკარგავ მერე რაიმე ტიპის კორუფციული გარიგების გამო.

    იცის მაინც კალაძემ რამდენია ორთოპედი ქირურგის შემოსავალი? პატიოსანი, ინტელექტუალური შრომით ამ წესიერი კაცის შემოსავალი მინიმუმ მილიონზე მეტი იქნება წლიურად. სავარაუდოდ ბევრად მეტი, შეიძლება რამდენიმე მილიონიც კი. ჰოდა რა უნდა გადაუხადონ ახლა მას ისეთი, რომ ამდენწლიანი კარიერა, ამხელა შრომა და ავტორიტეტი პაციენტთან დაკავშირებული ტყუილით გააფუჭოს. მეტიც, ტყუილი ზოგადად იმხელა უბედურებად ითვლება ამერიკაში, სადმე მინიმალურ, უწყინარ ტყუილში რომ გამოგიჭირონ, დასრულებულია კარიერა სამუდამოდ. სადაც არ უნდა ეცადო გაგრძელებას, თან გაგყვება მატყუარას იარლიყი და ვეღარ გააგრძელებ პაციენტთან მუშაობას. პაციენტისგან საჩუქრის მიღება კანონით იკრძალება. ლიმიტია და 100$-ზე მეტი ღირებულების ყვავილის მიღებაც კი არ შეგიძლია პაციენტისგან. ფედწრალურ სისტემაში ეს ზღვარი მგონი სულაც 35$-ია. ნაყიდდიპლომიან, ფულზე მანიაკალურად შეყვარებულებს ვერ წარმოუდგენიათ, პაციენტთან მუშაობის უფლებას წარმოუდგენელი შრომა, უდიდესი განათლება და მორალი რომ უმაგრებს ზურგს… ამიტომაცაა მათთვის ადვილი წამოაყრანტალონ – “ამერიკელი ექიმი იტყუება”…“ – წერს ნანა გეგეჭოკრი ფეისბუქზე.

  • “სააკაშვილმა მიყვირა, რომ “თვითონაა ქვეყანა და თუ თავად არ იქნება, ქვა ქვაზე ნუ დარჩება”–ჩერგოლეიშვილი

    “სააკაშვილმა მიყვირა, რომ “თვითონაა ქვეყანა და თუ თავად არ იქნება, ქვა ქვაზე ნუ დარჩება”–ჩერგოლეიშვილი

    ტაბულას დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი იმ პერიოდს იხსენებს, როცა ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნები წააგო. ვრცელ ფეისბუქ სტატუსში ის მიხეილ საააშვილის რეაქციებზე, შემდეგ კი მისი პარტიის დამოიდებულებებზე წერს:

    “2000 წელს წასული, საქართველოში, 2006 წელს დავბრუნდი სამუშაოდ.
    სააკაშვილს 1996 წლიდან ვიცნობდი, არასოდეს მასთან არანაირ სუბორდინაციაში არ ვყოფილვარ და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც, ისეთ წრეში ვხვდებოდი, სადაც უმეტესობა თანასწორად მიიჩნევს და შენობით ელაპარაკება.

    ამიტომ, მე მისი პიროვნების კულტის ელემენტს ვერ ვხედავდი – ჩემს წრეში ეს არ იგრძნობოდა.
    რამდენადაც მშვიდობიანობის დროს შეიძლება ნერვები დაგაგლიჯო, სტრესულ ვითარებაში დამამშვიდებელი გავლენა მაქვს – უკუღმართი ხომ ვარ. ამიტომ, არჩევნები რომ წავაგეთ, პირველი კვირების განმავლობაში ხშირად ვნახულობდი ხოლმე.

    წაგების შოკისგან, პირველი სამი კვირა უცნაურად ფხიზელი იყო, თვითკრიტიკული – ბევრს ვლაპარაკობდით იმაზე, რაც მოხდა, რატომ მოხდა.

    ჩემი რჩევა იყო, რომ რეალობისთვის თვალი გაესწორებინა – გაეაზრებინა რომ ტოქსიკურები ვართ, მოცემულობად მიეღო ეს ფაქტი და მხოლოდ ამ მოცემულობის მიღების შემდეგ დაეწყო ფიქრი იმაზე, როგორ შეგვეცვალა ეს მოცემულობა.

    ვცდილობდი ამეხსნა, რომ მის აქტიურობას ადგილობრივ თემებზე მხოლოდ უარყოფითი გავლენა აქვს, რადგან ხელისუფლებას აძლევს საბაბს იძახოს, რომ საქმის კეთებაში ხელს წინა ხელისუფლება უშლის, ამიტომ მყარად ვურჩევდი რომ საერთაშორისო თემებზე გადართულიყო და ადგილობრივ პოლიტიკას გაშვებოდა.

    თავიდან წყნარად მისმენდა, მაგრამ ერთ დღესაც ტელევიზორი ჩავრთე, ვხედავ რაღაც მინდორში დარბის და ყვირის რომ ლაზიკას ძროხები შეესიენ და დაჭაობდა….
    მეთქი, ვაი ჩვენს პატრონს…

    დავურეკე და მივედი სასახლეში, მეთქი მიშა – რა ძროხები, რა ლაზიკა, საკუთარი მასშტაბი იგრძენი, კაცი არა ხარ? ტელევიზორში ყოფნა თუ გინდა, აიღე ეს რუსთავი ორი, წადი დასავლეთში, ცხენზე ზიხარ – პირველი ხარ ვინც დათმო ძალაუფლება დემოკრატიულად, გიგა და რაფაელი გაგიკეთებენ ტურნეს, ჩადი ოქსფორდში, კემბრიჯში, იელში, ჰარვარდში, პრინსტონში… გადაავსე დარბაზები, ილაპარაკე რეგიონის გამოწვევებზე, შენს მემკვიდრეობაზე…

    სიტყვა “მემკვიდრეობა” ვახსენე და უცებ გადაირია…. დაიწყო კივილი რომ მიწას ვაყრი, რომ ჩემი ხელით ვასაფლავებ პოლიტიკურად, რომ მე ვარ მოღალატე და საერთოდ, უნდა შევიგნო, რომ თვითონაა ქვეყანა, თვითონ შექმნა ეს ქვეყანა და თვითონ თუ არ იქნება, ქვა ქვაზე ნუ დარჩება… ისეთი ისტერიკა ჰქონდა, ვიცინოდი რომ განმემუხტა და ვცდილობდი ამეხსნა, რომ ამ ქვეყანას ბევრი გამორჩეული საზოგადო მოღვაწე ჰყოლია და მათი სიკვდილის მერეც აგრძელებდა ეს ქვეყანა არსებობას და ისტორიული მისიისკენ სვლას, და რომ მცდარია ასე საკითხის დაყენება და კარგს არაფერს მოუტანს.

    ამ ყველაფერს რაფაელი შეესწრო, წამოვედით და მიშას მომსახურების ზონიდან გასვლის დარდი, მტკვარზე ჩავიხშეთ – კლუბში მივედით და დავლიეთ, აბა რა გვექნა?

    მეორე დღეს გიგას ველაპარაკე, მეთქი მთლიანად მოსრიალებულია გიგა… აღარაა ადეკვატური და რამენაირად საღ აზრთან უნდა დავაბრუნოთ, ან პარტიას ავუხსნათ, რომ მისი კონდიცია დედას უტირებს ყველაფერს და სულ ბიძინა დარჩება.

    გიგამ სევდიანი ღიმილით გადმომხედა – პარტიასთან კომუნიკაცია როდესმე გგონიაო? მეთქი არა. აი რომ გექნება, მერე მოდი და იგივე მითხარიო.

    გავიდა რაღაც დრო.

    მიშა გაიქცა.

    რაღაც საქმე მქონდა გიგასთან და პარტიაში გავედი, აეროპორტის გზაზე.

    რომ მივედი პოლიტსაბჭო იყო ახალი დასრულებული და დიდ თეთრ ოთახში იყო ყველა.
    შევიხედე გიგას საძებნელად, ბევრს სულ არ ვიცნობდი.

    მესმის შეძახილები:
    “მიშას გარეშე გამარჯვების ჩვენ არ გვჯერა”.
    “მიშას გარეშე გამარჯვებას რა ფასი აქვს”….

    პირი დავაღე. მეთქი რას ბოდავს ეს ხალხი… დავაკვირდი. ისიც დავინახე, რომ როცა შესძახებენ, რომ “მიშას გარეშე არაფერს ფასი არ აქვს” – ერთმანეთს უყურებენ თან.

    უცებ მივხვდი რომ რაღაც დისტოპიურ სცენარში ვარ, სადაც ვიღაცას ადიდებენ იმის იმედით, რომ ბელადი შეიტყობს, ერთგულებას დაუფასებს და სხვაზე წინ გასწევს… დავინახე პიროვნების კულტზე აცოცებული არარაობები, რომლებსაც კულტი სულ კიდიათ, საკუთარი გამორჩენისთვის კადრულობენ ქვეყნის დამცირებას.

    საოცრად მომინდა ამ საშინელი კლიმატის არევა და ნათამაშევი გულუბრყვილობით ძალიან ხმამაღლა ვიკითხე – მეთქი ხალხო, ყველა ადამიანები ყვართ, ყველა მოვკვდებით რაღაც დროს, და რომ მოკვდეს მიშა? … აი მერე რა იქნება? ვეღარ გაიმარჯვებს ვერასდროს საქართველო?
    მე ასეთი შემზარავი სიჩუმე არსად დამიყენებია.

    უცებ დავინახე ჩემკენ მომართული რამდენიმე ათეული წყვილი თვალი, რომელიც ვერ იგებდა როგორ გავბედე იმის თქმა, რომ ადამიანები კვდებიან…. როგორ ვაკადრე მიშას, რომ ისიც ადამიანია.

    აი იმ თეთრ დარბაზში მივხვდი, რა რთული გზა გველოდა წინ, იმ თეთრ დარბაზში დავინახე რომ გველეშაპს, რომელიც დასამარცხებელია ორი თავი აქვს და ორივე მოსაწყვეტია.
    ყველაფერი ისე წავიდა, როგორც თავიდანვე ჩანდა.

    ანუ ის რაც დღეს ხდება, ნათელი იყო მაშინ, როდესაც სააკაშვილმა მიყვირა, რომ “თვითონაა ქვეყანა და თუ თავად არ იქნება, ქვა ქვაზე ნუ დარჩება”.

    საქართველოც მაგიტომ აღარ აინტერესებს.
    თუ თვითონ არ იქნება – მისთვის საინტერესო არაა ეს ქვეყანა.

    ყველა შეიძლება გადაგვარდეს და გაგიჟდეს! მაგრამ გარემოცვის სიჯანსაღე იმით იზომება, როგორ რეაგირებს ამ სიგიჟეზე. სააკაშვილს არ აღმოაჩნდა გარშემო საკმარისი ერთგული ადამიანი, რომელიც მასზე როგორც ადამიანზე იზრუნებდა და საკუთარი თავისგან, საკუთარი შხამიანი დემონებისგან იხსნიდა.

    უმრავლესობამ მის წონაზე ცოცვა დაიწყო და ახლა ხდება ის, რაც ხდება – მესიიის გოდოლი ჩამონგრეულია, შეუმდგარი მესიის უბადრუკი გარემოცვა დამნაშავეებს ერთმანეთში ეძებს, ერთმანეთს ღალატში ამხელს და ისევ ერთმანეთზე ფეხის დაბიჯებით, სააკაშვილის წონის ლანდზე მიცოცავს.“–წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.