Category: სხვადასხვა

  • დასახელდა 2022 წელს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ავტომობილები

    2022 წლის პირველ ნახევარში მსოფლიოში დაახლოებით 40 მილიონი ახალი მსუბუქი მანქანა და მსუბუქი კომერციული ავტომობილი გაიყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაყიდვები 5%–ით არის შემცირებული. ამის შესახებ ვებგვერდ focus2move–ის მიერ მოყვანილი სტატისტიკა მოწმობს.

    ავტოწარმოების შემცირება, რაც  კორონავირუსისა და კომპონენტების დეფიციტის შედზეგი იყო, წელს ზოგიერთ ქვეყანაში შენელდა, ზოგ ქვეყანაში კი ოდნავ გაიზარდა კიდეც. ისევე როგორც წინა წელს, ახლაც ყველაზე მეტი ავტომობილი ჩინეთში აწარმოეს.

    2022 წელს მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ავტომარმოებელი ქვეყნები არიან:

    1. ჩინეთი – 12 117 136 ავტომობილი (-4% გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით)
    2. აშშ– 4939 943 (+4)
    3. იაპონია — 3 633 290 (-14%);
    4. ინდოეთი — 2 668 478 (+20%);
    5. სამხრეთ კორეა — 1 779 039 (-2%)

    არ შეცვლილან ლიდერები მსოფლიოს ავტობაზარზე. ყველაზე მეტი ავტომობილი წლის პირველ ნახევარში Toyota-მ გაყიდა, მეორე ადგილს ინარჩუნებს Volkswagen.პრაქტიკულად ყველა მსხვილ ავტოკონცერნს წელს გაყიდვების მნიშვნელოვანი შემცირება აქვს.

    1. Toyota — 4,77 მილიონი ავტომობილი (-8,4%  2021 წელთან შედარებით )

    Volkswagen — 3,84 მილიონი ავტომობილი (-20,2%)

    Stellantis — 3,33 მილიონი ავტომობილი (-19,8%)

    Hyundai-Kia — 3,16 მილიონი ავტომობილი (-9,2%)

    Renault-Nissan Alliance — 3,16 მილიონი ავტომობილი (-21%)

    General Motors — 2,64 მილიონი ავტომობილი (-15,8%)

    Honda — 1,89 მილიონი ავტომობილი (-18,9%)

    Ford — 1,74 მილიონი ავტომობილი (-24%)

    Suzuki — 1,38 მილიონი ავტომობილი (-1,3%)

    Mercedes-Benz — 1,18 მილიონი ავტომობილი (-15,8%)

    ავტორუბრიკას წარმოგიდგენთ სოკარი

    მოდელებს შორის ლიდერობას ინარჩუნებენ Toyota Corolla  და  RAV4, მესამე ადგილზე კი  ელექტრომობილმა  Tesla Model 3–მა გადმოინაცვლა,  45,3 პროცენტიანი ზრდის შემდეგ.

    მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მოდელების ათეული 2022 წელს ასე გამოიყურება

    1. Toyota Corolla — 553 ათასი(-14,1%)
    2. Toyota RAV4 — 459 ათასი (-17,8%)
    3. Tesla Model 3 — 384 ათასი (+45,3%)
    4. Ford F-Series — 359 ათასი (-16,8%)
    5. Toyota Camry — 328 ათასი (-5,9%)
    6. Honda CR-V — 299 ათასი (-29%)
    7. Chevrolet Silverado — 298 ათასი (-5,2%)
    8. Hyundai Tucson — 297 ათასი (-5,6%)
    9. Tesla Model Y — 297 ათასი (+126,2%)
    10. Toyota Hilux — 296 ათასი (+4,7%)

     

  • რუსული კატასტროფის პირველი მერცხლები უკვე გამოჩნდნენ რუსული ცენტრალური ტელეარხების ეთერებში–არესტოვიჩი

    უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ რუსული სამხედრო მობილიზაცია კატასტროფულად მიმდინარეობს. ამავე დროს, ბზარები გაჩნდა რუსულ პროპაგანდაში:

    “რუსული კატასტროფის პირველი მერცხლები უკვე გამოჩნდნენ რუსული ცენტრალური ტელეარხების ეთერებში.

    მთავარი რუსი პროპაგანდისტები არ მალავენ მობილიზაციაში დიდ პრობლემებს.

    არ იციან მობილიზებულებს რა ჩააცვან, რა აჭამონ, სად განათავსონ.

    ეს ნათლად მეტყველებს კატასტროფაზე, რომელიც გასაგები გახდა მობილიზაციის დაწყებიდან ერთ კვირაშივე. მობილიზაცია რუსეთის საკადრო არმიას ვერ დაეხმარება.

    პირველ მობილიზებულებს მალე მასობრივად ჩაყრიან სანგრებში. მათ არავინ მოამზადებს და არ აღჭურვავს. მათ უბრალოდ დაივიწყებენ.

    მერე მეორეებს, მესამეებს…

    უცნობია, რუსეთის რამდენი მოქალაქის სიკვდილი მიახვედრებს რუსულ საზოგადოებას, რომ რუსულენოვანი ხალხის მთავარი მჩაგვრელები და მკვლელები მოსკოვში სხედან.

    თუმცა, იმის გაცნობიერება, რომ “გამეორება“ შეუძლებელია, უმძიმეს მორალურ კატასტროფამდე მიიყვანს მათ, ვინც პუტინს მხარს უჭერდა და რამენაირად მაინც ჯეროდა პროპაგანდის.

    გაირკვევა, რომ ვერავის და ვერაფერს ენდობი, ეკონომიკა დანგრეულია, პერსპექტივა აღარ არის, უკრაინაში კი ათეულობით ათასი რუსი უგზოუკვლოდ იკარგება.

    ამის გადათამაშება უკვე აღარ გამოვა“– ამბობს არესტოვიჩი.

  • NASA-ს აპარატის შეჯახების შემდეგ ასტეროიდ Dimorphos–ს “კუდი“ გაუჩნდა და კომეტას დაემსგავსა

    ჩილეს უდაბონო ატაკამაში დამონტაჟებულმა ტელესკოპმა გადაიღო  ნამსხვრევებისგან ფორმირებული 10 ათას კილომეტრიანი “კუდი,“ რომელიც ასტეროიდ დიმორფს გაუჩნდა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ასტეროიდს ნასას მიერ გაშვებული ზონდი–კამიკაძე DART მთელი სიჩქარით შეეჯახა.

    მისიის მიზანი იყო შემოწმება, შეიძლება თუ არა მომავალში დედამიწელებს ამ მეთოდის იმედი ქონდეთ პოტენციურად საშიში ასტეროიდებისგან პლანეტის დასაცავად, რომლებიც დედამიწას შეჯახებით დაემუქრებიან და შესაძლებელია თუ არა შეჯახების შედეგად ასტეროიდის ტრაექტორიის შეცვლა.

    თავად დარტყმა გეგმასთან სრულ შესაბამისობაში განხორციელდა. 325 მილიონი დოლარი პირდაპირი გაგებით მტვრად იქცა, როცა ნახევარ ტონიანი აპარატი 24 000 კმ/სთ სიჩქარით მასზე ზომით და მასით ბევრად დიდ ასტეროიდს შეეჯახა.

    მისიის წარმატებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ, მართლაც შეიცვალა თუ არა ასტეროიდის მოძრაობის ტრაექტორია ისე, როგორც ნასაში ვარაუდობდნენ.

    ამის მიუხედავად, ნასას პლანეტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ლორი გლეიზი დარწმუნებულია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მისიამ გაამართლა.

    “ჩვენ კაცობრიობისთვის ახალ ერაში შევდივართ. ერაში, სადაც თეორიულად გვაქვს შესაძლებლობა პლანეტა დავიცვათ ისეთი საფრთხისგან, როგორიც არის პლანეტის ასტეროიდთან შეჯახება. ეს გასაოცარია– ადრე ამის საშუალება არ გვქონია“– ამბობს ის.

     

  • მეცნიერების გათვლებით დედამიწაზე ახალი სუპერკონტინენტი ჩამოყალიბდება. დასახელებულია ვადაც

    ახალი კვლევის ფარგლებში ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ტექტონიკური ფილების მდუმივი მოძრაობა ადრე თუ გვიან კონტინენტების შეჯახებას გამოიწვევს და წარმოიქმნება ახალი კონტინენტი, შუაში დიდი უდაბნოთ. ამის შესახებ Zme Science წერს.

    მოგეხსენებათ, დედამიწის ზედაპირი ყოველთვის ერთნაირად არ გამოიყურებოდა. პლანეტის ქერქი რამდენიმე მყარ ფილად არის დაყოფილი, რომლებსაც ტექტონიკური ფილები ეწოდება. ისინი ადგილზე უძრავად არ დგანან, არამედ წელიწადში რამდენიმე სანტიმეტრით გადაადგილდება. წლების, ასწლეულების და ათასწლეულების პერიოდშიც კი არსებითი განსხვავების დანახვა შეუძლებელია, თუმცა, თუ 10 მილიონი წლის წინანდელ პერიოდს დავუბრუნდებით, ადვილად შესამჩნევი იქნება კოლოსალური განსხვავება დღევანელობასთან.

    ზოგიერთი ტექტონიკური ფილა ერთმანეთის მიმართულებით მოძრაობს, ზოგი ერთმანეთს შოროდება, ზოგჯერ კი   ერთმანეთს ეჯახება. დედამიწის გეოლოგიურ ისტორიაში ეს უწყვეტი პროცესია, რომელიც ახლაც გრძელდება. ამჟამად ატლანტიკა წელიწადში რამდენიმე სანტიმეტრის სიჩქარით იზრდება, იმ დროს, როცა წყნარი ოკეანე იმავე სიჩქარით მცირდება. ამგვარად, კონტინენტების და ოკეანეების კონფიგურაცია იმის მიხედვით შეიცვლება, თუ როგორ შემცირდება ან  გაქრება გაქრება წყნარი ოკეანე ან ატლანტიკის ოკეანე როგორ  გარდაიქმნება მეგაოკანედ.

    კონტინენტი პანაგეა, რომელზეც დღევანდელი პოლიტიკური რუკაა დატანილი

    როგორც ახალი კვლევა აჩვენებს, 200–300 მილიონი წლის შემდეგ კონტინენტები გაერთიანდებიან და სუპერკონტინენტის ფორმირება მოხდება, რაც წარსულშიც მომხდარა, პირველ რიგში კონტინენტ პანგეაზე. პანგეის დროს კონტინენტების გარშემო ერთი დიდი ოკეანე იყო –პანტალასა.

    როგორც კერტინის უნივერსიტეტის მეცნიერი, ჩუან ხუანი აღნიშნავს, ბოლო ორი მილიარდი წლის განმავლობაში დედამიწის კონტინენტები ერთმანეთს ეჯახებიან და ყოველ 600 მილიონ წელიწადში ერთხელ სუპერკონტინენტს ქმნიან. ამიტომაც სრულიად რეალურია, რომ ამჟამინდელ კონტინენტებს იგივე ბედი ელის.

    “ჩვენი დასკვნით, ახალი სუპერკონტინენტი ამასია ზუსტად 280 მილიონი წლის შემდეგ ჩამოყალიბდება, დედამიწაზე ხმელეთის უდიდესი ნაწილი კი გაერთიანდება“– ამბობენ ექსპერტები.

    ამასიის ფორმირება პლანეტაზე ბევრ რამეს შეცვლის. სპეციალისტების მონაცემებით, ზღვის დონე უფრო დაბალი იქნება,სუპერკონტინენტის შუა ნაწილში კი, რომელიც მთლიანად მოწყვეტილი იქნება ნოტიო ქარებისგან, უკიდურესად მშრალი ტემპერატურა იქნება. თუმცა, კარგი ამბავი ის არის, რომ ამასიის ხმელეთის უდიდესი ნაწილი იმავე განედის გარშემო იქნება შემოკრებილი, სადაც ახლაა.

    ზოგიერთი წინა მოდელირებების შედეგად მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ხმელეთის მასივი ჩრდილოეთ პოლუსის გარშემო მოიყრიდა თავს,  რაც პლანეტას ადამიანის ცხოვრებისთვის ნაკლებად ხელსაყრელს გახდიდა, თუმცა ახალი მოდელირება აჩვენებს, რომ დედამიწა სიცოცხლისთვის გამოსადეგი კიდევ დიდი ხნის მანძილზე იქნება.

  • ხარკოვის ოლქსა და ლიმანში მარცხის შემდეგ რუსული პროპაგანდის ტონი შეიცვალა – (ISW)

    ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტის  (ISW) მორიგი ანალიზი მთლიანად ეძღვნება იმას, თუ როგორ შეიცვალა რუსული საინფორმაციო სივრცე ხარკოვის ოლქსა და ლიმანში რუსული არმიის მარცხის, ასევე სამხედრო მობილიზაციის შემდეგ. ამერიკელი ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსულ პუბლიკას ბევრად მეტი კრიტიკა ესმის ტელეეთერიდან გენერლების მისამართით.

    “კრემლის მიერ გამოცხადებულმა მობილიზაციამ ფართო საზოგადოებას აგრძნობინა ხარკოვის ოლქში, შემდეგ კი ლიმანში მარცხის შედეგები, და კრემლის მცდელობები წარმოეჩინა ომი, როგორც რაღაც შეზღუდული,  მთლიანობაში წარმატებით დაიმსხვრა“– წერენ ანალიტიკოსები.

    მათი აზრით, ლიმანში მარცხმა რუსულ საინფორმაციო მეინსტრიმში კიდევ უფრო მეტი აღშფოთება და კრიტიკა გამოიწვია, ვიდრე გაზაფხულზე ჩრდილოეთ უკრაინიდან გამოსვლამ და ხარკოვის ოლქში მარცხმაც კი, სწორედ იმიტომ, რომ მობილიზაციას დაემთხვა.

    ISW–ს ანალიზში ნათქვამია, რომ დაიწყო სამხედრო ხელმძღვანელობის ღია და ხმამაღალი კრიტიკა “პატრიოტი“ სამხედრო ბლოგერების მხრიდან, რომლებიც სატელევიზიო თოქ–შოუებში ნებადართული სტუმრები არიან. ასევე მწვავე განცხადებებით გამოვიდნენ რამზან კადიროვი და ევგენი პრიგოჟინი.

    ამასთან, ანალიტიკოსები გვახსენებენ, რომ სანფორმაციო სივრცეს დიდწილად პუტინი აკონტროლებს, მაგრამ ბოლომდე მისი ჩახშობა არ შეუძლია. მას არ აქვს ცენზურის ისეთი მანქანა, როგორიც საბჭოთა კავშირის დროს იყო, ამიტომაც საინფორმაციო სივრცეში “არეულობა“ მისთვის შეიძლება უფრო საშიში იყოს, ვიდრე საბჭოთა ხელისუფლებისთვის.

    ISW–ს შეფასებით, პუტინი სამხედრო ბლოგერებს მნიშვნელოვანწილად ეყრდნობა – მას ისინი ჭირდება როგორც მისი პოზიციების მასებში გასავრცელებლად, ასევე ფრონტებზე არსებულ ვითარებაზე რეალური ინფორმაციის მისაღებად.

    “დრო გვიჩვენებს, რამდენს მოითმენს პუტინი (კრიტიკას) და რა მოხდება მაშინ, თუ ის შეეცდება სამხედრო ბლოგერების კრიტიკა ჩაახშოს, რომელიც სულ უფრო ხშირად ეხება მის გადაწყვეტილებებს“– წერენ ანალიტიკოსები.

  • ალა პუგაჩოვამ მოსკოვთან მდებარე სასახლე გასაყიდად გამოიტანა და რუსეთი კვლავ დატოვა

    რუსმა მომღერალმა, ალა პუგაჩოვამ გადაწყვიტა გაყიდოს მისი საყოველთაოდ ცნობილი სასახლე სოფელ გრიაზში, მოსკოვიდან 40 კილომეტრში. სასახლის ღირებულება 1 მილიარდი რუბლი, ანუ 16 მილიონი დოლარია. გაურკვეველია, სასახლე ანტიკვარულ ნივთებთან ერთად იყიდება, თუ მათ გარეშე.

    სწორედ ამ მდიდრულ სასახლეში ცხოვრობდა ალა პუგაჩოვა ქმართან, მაქსიმ გალკინთან და უმცროს შვილებთან ერთად 2006 წლიდან.

    სასახლე წყვილმა თვითონ ააშენა და დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდა. უზარმაზარ კომპლექსში არის აუზი, სახლები მოსამსახურეებისთვის, პარკი და პატარა ობსერვატორიაც კი. თავად სასახლე 6 სართულიანია. ის მთლიანად ანტიკვარული ავეჯით არის მოწყობილი და ძველი გობელენებით და ნახატებით გაფორმებული.

    პოპლარულ მომღერალს ასევე აქვს ორი მდიდრული ბინა მოსკოვის ცენტრში. ერთ ბინას, ტვერის ქუჩაზე ის შვილთან, კრისტინა ორბაკადესთან ერთად ფლობდა, ახლა კი ბინის ერთადერთი მფლობელი შვილი გახდა.

    ამ დროისთვის პუგაჩოვას სასახლეს მისი შვილიშვილი, ნიკიტა პრესნიაკოვი უვლის. თავად ალა პუგაჩოვამ შვილებთან, ლიზასთან და გარისთან ერთად რუსეთი დატოვა. ის მოსკოვში რამდენიმე კვირის წინ დაბრუნდა ისრაელიდან, სადაც უკრაინაში ომის დაწყებისთანავე ოჯახთან ერთად გადავიდა. სკოლიდან ბავშვების საბუთების გამოტანის შემდეგ კი 29 სექტემბერს კერძო თვითმფრინავით ისევ ისრაელში გაემგზავრა.

    ცოტა ხნის წინ რუსეთში მაქსიმ გალკინი უცხოეთის აგენტთა რეესტრში შეიყვანეს. გალკინი რუსეთში ომის დაწყების შემდეგ აღარ დაბრუნებულა.

    პუგაჩოვას რუსეთიდან გამგზავრებაზე კომენტარი აღარ გაუკეთებია, თუმცა გაირკვა, რომ მას ისრაელის პასპორტიც აქვს. ვარაუდობენ, რომ ის რუსეთში აღარ დაბრუნდება.

  • ამირან გამყრელიძე თანამდებობიდან წასვლის შემდეგ პირველ განცხადებას ავრცელებს

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე თანამდებობიდან წასვლის შემდეგ პირველად ვრცელ მიმართვას ავრცელებს, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

    “ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო,
    მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა და აღვნიშნო, რომ გენერალური დირექტორის თანამდებობის დაკავების თითქმის ათწლიანი პერიოდის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო აღნიშნული პოსტი და ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება მოვახმარო უპირატესად სამეცნიერო საქმიანობასა და შემდგომი თაობების განათლებას.

    მსურს მადლობა გადაგიხადოთ ამ პოსტის დაკავებიდან მოყოლებული მნიშვნელოვანი პერიოდისთვის. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო კიდევ ერთხელ, საკმაოდ ხანგრძლივად, ვყოფილიყავი საქართველოს სახელმწიფო სამსახურში და დირექტორად მუშაობისას მქონოდა საშუალება, გარკვეული წვლილი შემეტანა ჯანდაცვის სექტორის შემდგომ განვითარებასა და ჩვენი ქვეყნის წინსვლაში, დაკისრებული მანდატის ფარგლებში, რაც მნიშვნელოვანი პირობაა მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის. განვლილი ათი წლის მანძილზე იყო ბევრი გამოწვევა სხვადასხვა მიმართულებით, რისი დაძლევაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, როგორც პროფესიიდან, ასევე დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე და ამავე დროს, ეს დრო სავსე იყო დიდი თუ პატარა მიღწევითა და წარმატებით და ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევებით. არსებული შედეგები შეუძლებელი იქნებოდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთლობის ეროვნული ცენტრის გამორჩეული და დიდი გუნდის, თითოეული თანამშრომლის თავდადების და საქმისადმი ერთგულების გარეშე.

    ამ მნიშვნელოვანი დაწესებულების საქმიანობა და წარმატება შესაძლებელი გახდა გუნდის დაუღალავი შრომით და მისი წვლილი ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობაში განუსაზღვრელია. განსაკუთრებული მადლიერებით მინდა გამოვყო ბოლო წლები, პანდემიის პერიოდი, როდესაც ცენტრის მთლიანი შემადგენლობა, ცენტრალური წარმომადგენლობა, რეგიონების და მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურების ჩათვლით, მუდმივ რეჟიმში, 24/7-ზე ჩართული იყვნენ, ერთი მხრივ, ამ ვერაგი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ხოლო, მეორე მხრივ, ახორციელებდნენ რუტინულ საქმიანობას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისების ქვეყნის ყველა კუთხეში, თითოეულ მოქალაქემდე უწყვეტად მისატანად. ამასთან, მსურს გამოვყო ჩვენი გუნდის წვლილი მნიშვნელოვანი წამოწყებების, მრავალი დიდი პროექტის წარმატებულ წარმართვასა და განხორციელებაში, რომლებსაც ერთობლივად ვნერგავდით ბოლო 10 წლის განმავლობაში. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო:

    ჯანდაცვის ძირითადი ინდიკატორების (0-5 წ. ბავშვთა სიკვდილიანობა, მკვდრადშობადობა, ნეონატალური სიკვდილიანობა, მოზარდთა ორსულობა, აბორტების რაოდენობა) შემცირების პოზიტიური დინამიკა, ლუგარის კვლევითი ცენტრის სრული ფუნქციური ინტეგრაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზაციულ სტრუქტურაში და მისი შემდგომი განვითარება – გენომიკური კვლევები, ლაბორატორიების საერთაშორისო აკრედიტაციები, ახალი ვირუსების აღმოჩენა/იდენტიფიცირება მსოფლიო და საქართველოს მასშტაბით, წითელას ეპიდაფეთქების მართვა, წითურას ელიმინაცია, ცოფის ერთეულ შემთხვევებამდე დაყვანა ან საერთოდ განულება, მალარიის ადგილობრივი გადაცემის აღმოფხვრა, პოლიოვირუსის ველური და ვაქცინადერივატული შტამით გამოწვეული შემთხვევების ნულოვანი მაჩვენებელი, 6 ახალი ვაქცინის დამატება იმუნიზაციის ეროვნულ კალენდარში და რუტინული და პრევენციული ვაქცინაციით მოცვის მკვეთრად გაუმჯობესება, ქვეყნის მასშტაბით გამართული „ცივი ჯაჭვის“ ინფრასტრუქტურა ვაქცინების შენახვა-დისტრიბუციისა და ხარისხის შენარჩუნებისთვის, ტუბერკულოზის ყველა ფორმის გავრცელების მკვეთრი კლება, აივ/შიდსის პრევენციული სისტემის შექმნა და სერვისების გაფართოება, ქვეყანაში „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპების დანერგვა, ჰეპატიტი C-ს ელიმინაციის ფლაგმან პროგრამაში უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანა, რითაც საქართველო მსოფლიოში აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე ქვეყანად, სისხლის ინფექციებზე კონტროლის უმაღლესი სტანდარტის შემუშავება და ქვეყანაში სისხლის დონორთა ერთიანი ელექტრონული ბაზის დანერგვა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნის შესაძლებლობების მნიშვნელოვნად გაძლიერება და გადაუდებელი ოპერაციული ცენტრის ჩამოყალიბება, რამაც მიმდინარე პანდემიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, არტერიული ჰიპერტენზიის მასობრივი სკრინინგის დანერგვა, იოდის ეროვნული კვლევა, იოდის ოპტიმალური ნუტრიციული სტატუსის მიღწევა და ქვეყანაში იოდ-დეფიციტის აღმოფხვრა, ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის „საზოგადოებრივი მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის” ინიცირება, თამბაქოს კონტროლის გაძლიერება და ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების შემცირების ყოველწლიური მზარდი დინამიკის ხელშეწყობა, ცენტრში გარემოს დაცვის დეპარტამენტის ჩამოყალიბება და ამ მიმართულების მნიშვნელოვნად განვითარება, მათ შორის ქიმიურ რისკ-ფაქტორთა შეფასების ლაბორატორიის შექმნა-ამოქმედება, პოპულაციური რეგისტრებისა და მეთვალყურეობის ელექტრონული ინფორმაციული სისტემების განვითარება, ჯანდაცვის დიგიტალიზაციის ხელშეწყობა, კიბოს ერთიანი ინფორმაციული სისტემის, დაბადების რეგისტრის, დაბადება/გარდაცვალების სისტემის ადმინისტრირება და მრავალი სხვა, რომელთა შესახებ მეტი ინფორმაცია საჯაროდ ზიარდება როგორც ცენტრის წლიურ, ასევე მიზნობრივ ანგარიშებში.

    თუმცა ყველა მიღწევის პარალელურად კვლავ განსაკუთრებულად გამოსაყოფია ამ საუკუნის უდიდესი გლობალური გამოწვევა და მსოფლიო კრიზისის მიზეზი – კოვიდ-პანდემია, პრობლემა, რომლის მსგავსიც კაცობრიობის ისტორიის საუკუნეში ერთხელ თუ შეიძლება მოხდეს და რის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებოდა და კვლავ იმყოფება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. აქვე მინდა განსაკუთრებული თანაგრძნობა და თანადგომა გამოვხატო მათი ოჯახების და ახლობლების მიმართ, ვისი გადარჩენაც, სამწუხაროდ, შეუძლებელი იყო. მათ შორის ბევრია ჩემი მეგობარი, ნაცნობი, ახლობელი და კოლეგა. ამ ბოლო წლებმა ჩემზეც მოახდინა განსაკუთრებული სტრესული და ფსიქოლოგიური გავლენა და დიდი დამღა დამასვა, როგორც ჯანმრთელობის, ასევე ემოციური კუთხით, რადგან პანდემიასთან ასოცირებული ახალი ინფორმაცია და პროცესების ყოველდღიური ანგარიშგება, მათ შორის ნეგატიური, ერთ-ერთი პირველი ზიარდებოდა ცენტრთან, პირადად ჩემთან და ჩვენს მიერ გაანალიზებული მიეწოდებოდა მთავრობასა და შესაბამის უწყებებს. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე კეთდებოდა ანალიზი და სათანადო რეკომენდაციები ქვეყნისა და მოსახლეობისთვის, რაც შემდგომ განიხილებოდა ჯანდაცვის სამინისტროსა და უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიერ.

    ალბათ განვლილმა წლებმა მომცა უფლება და მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა, გამოვყო საქართველოს ისტორიის საკმაოდ რთული პერიოდი, 1994-დან 2004-მდე წლები, როდესაც ვიყავი ეროვნული ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ყველა პროცესის მომსწრე და მონაწილე და უღრმესი მადლობა გადავუხადო ქვეყნის ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს თითოეულ მუშაკს, ამ ყველაზე ფაქიზი და სათუთი სფეროს წარმომადგენლებს, ქვეყნის პანდემიის წინააღმდეგ რეაგირებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და ასევე, დამოუკიდებლობის პერიოდში სისტემის აღმშენებლობისათვის გაწეული საქმიანობისთვის.
    გასაკეთებელი წინ კვლავ მრავლადაა.

    ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და პრევენცია არის 21-ე საუკუნის და მომავლის მედიცინის ძირითადი ორიენტირი, რისთვისაც მნიშვნელოვანია თითოეულმა ჩვენგანმა, მთლიანად მოსახლეობამ, გაითავისოს მისი არსი და მნიშვნელობა. ახლო მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდეს „საზოგადოებრივი მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის“ და მოხდეს მისი მაქსიმალური ხელშეწყობა, რათა ჩვენი შემდგომი თაობებისთვის იგი უკვე ცხოვრების ნორმა, ყოველდღიურობაში დამკვიდრებული მიდგომა იყოს. ავადობის ძირითადი ტვირთის გამომწვევი დაავადებების წინააღმდეგ ქვეყანაში უნდა გაძლიერდეს პირველადი, მეორეული და მესამეული პრევენცია და მაქსიმალურად მოხდეს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა, რაც მეცნიერულად დასაბუთებული და მრავალ წამყვან ქვეყანაში უპირობოდ აღიარებული სწორი და ეფექტური მიდგომაა. განსაკუთრებულია დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, რაც ჩემი შეხედულებით, ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი უნდა იყოს ყოველთვის და განსაკუთრებით დღეს. გაძლიერებულ ყურადღებას საჭიროებს ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული პრობლემები და დარგის სპეციალისტებთან ერთად უნდა შემუშავდეს ხელშეწყობის სტრატეგია და მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა. ასევე უნდა მოხდეს ადრეულ ეტაპზე ბევრი მნიშვნელოვანი დაავადების დიაგნოსტიკის გაუმჯობესება და გამოვლენა, მათ შორის კიბოსა და სხვა წამყვანი ქრონიკული დაავადებების. ქვეყანაში უფრო მეტად ხელშეწყობილი უნდა იყოს მედიცინის დიგიტალიზაცია, გაძლიერდეს პრეციზიოზული, მიზნობრივი და გენომური მედიცინა და მასზე დაფუძნებული მეთვალყურეობა, გენომის შესწავლა, რაც 21-ე საუკუნის მედიცინის ქვაკუთხედია. ყველა არსებული და ახალი მიდგომა ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ინტერვენციებსა და სამეცნიერო ფაქტებს. ამის გარანტია ეროვნული სამედიცინო მეცნიერების განვითარებაა, აკადემიურ წრეებსა და სასწავლო დაწესებულებებთან მუდმივი კავშირი და უკუკავშირი, რასაც ახორციელებს ჩვენი ცენტრი და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა.
    სამწუხაროდ ამ პერიოდის მანძილზე ყველა დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელი არ იყო. წინ კვლავ ბევრი ამოცანაა შესასრულებელი და პრობლემაა აღმოსაფხვრელი. ახლო მომავალში უნდა გაძლიერდეს ეროვნული გენომური ცენტრი და გაფართოვდეს მისი საქმიანობა, რაც ქვეყნისა და რეგიონის სავიზიტო ბარათი გახდება, მომავალი 5 წლის მანძილზე სრულად უნდა მოხდეს ჰეპატიტი C-ს ელიმინაცია და ტყვიის მაღალი შემცველობით გამოწვეული ჯანმრთელობაზე მოქმედი რისკ-ფაქტორების მეთვალყურეობა და კონტროლი, მაქსიმუმამდე უნდა იყოს აყვანილი იმუნიზაციის მოცვის მაჩვენებლები და მინიმუმამდე დაყვანილი ვაქცინით მართვადი დაავადებები, გაუმჯობესდეს ინტერსექტორული თანამშრომლობა „ერთიანი ჯანმრთელობის“ ფარგლებში, დაავადების მეთვალყურეობის პროგრამებში მუდმივად ხდებოდეს უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების ინტეგრირება, გაუმჯობესდეს რისკ-ფაქტორების მონიტორინგი და შემცირდეს მათი ნეგატიური გავლენა. ქვეყანაში უნდა გაიზარდოს ჯანსაღი ქალაქის პრინციპების განმახორციელებელი დასახლებების რაოდენობა, მოსახლეობის ფართო ფენებში ჯანმრთელობის ფარგლებში ამაღლდეს ცნობიერება და მაქსიმალურად დაინერგოს „ჯანსაღი ცხოვრების“ მიდგომები.

    მწამს, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობა და განათლება უნდა იყოს ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი, რაც შემდგომ განაპირობებს ცოდნაზე და გამოცდილებაზე დამყარებულ ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას, მდგრადობას, კეთილდღეობასა და სწორ განვითარებას. ჩემი ყოველდღიური საქმიანობა, მათ შორის დღეს დაკავებული პოზიციიდან, ამისკენ იყო მიმართული, ამ მიზნის მიღწევისთვის ვშრომობდი და ვიბრძოდი მთელი პროფესიული კარიერის მანძილზე, ვასწავლიდი და ვუზიარებდი ჩემს სტუდენტებს და შემდგომშიც ენთუზიაზმით გავაგრძელებ ამ მიმართულებით მოღვაწეობას. ვამაყობ, რომ მომეცა საშუალება, წლების მანძილზე მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის, ვყოფილიყავი საქართველოს დიდი სამედიცინო საზოგადოების ერთ-ერთი აქტიური წევრი, ამ პერიოდში ქვეყნის გარეთ, მაღალი დონის სხვადასხვა პლატფორმიდან, საქართველოს სახელი ღირსეულად წარმომეჩინა და წარმედგინა, მონაწილეობა მიმეღო სხვადასხვა მნიშვნელოვან ეროვნულ და საერთაშორისო ინიციატივასა და აქტივობაში, რითაც ქვეყანა უფრო ცნობადი, დაფასებული და წარმატებული გახდა გლობალურ სამედიცინო ოჯახში და კიდევ უფრო მეტად დაიმკვიდრა ადგილი საერთაშორისო ასპარეზზე.

    ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და არსებული პროგრესის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია ერთიანი ევრო-ატლანტიკური სივრცის, ამ დიდი ოჯახის წევრობა, ევრო-სტრუქტურებთან მეტი დაახლოება და ინტეგრაცია, ისევე როგორც ჩვენი მთავარი პარტნიორის, აშშ-ს დარგობრივ ინსტიტუციებთან თანამშრომლობა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჩემი მოღვაწეობის პერიოდში, როგორც ყოველთვის, ჰქონდა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და თანადგომა პარტნიორი უცხოელი კოლეგებისგან, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. ჩემი მხრიდან დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის, უცხოელი კოლეგისა და მეგობარი ქვეყნის მიმართ, რომელთა მხარდაჭერით, დახმარებითა და აქტიური ჩართულობით შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ ცენტრის მუშაობის გაძლიერება, არამედ ქვეყნის ერთიანი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაუმჯობესება. იმედს ვიტოვებ, რომ შემდგომი თაობა განაგრძობს და კიდევ უფრო გააღრმავებს პარტნიორებთან თანამშრომლობას და უფრო მეტი წარმატებული ერთობლივი პროექტი განხორციელდება ჩვენი მოსახლეობისა და ქვეყნის სასარგებლოდ.
    და ბოლოს, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მინდა მადლობა გადავუხადო 2013 წლის დასაწყისიდან, ჩემი ამ პოზიციის დაკავებიდან მოყოლებული, ქვეყნის მმართველ გუნდს, მთავრობას – აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, ჯანდაცვის მინისტრებს, ცალკე გამოვყოფ კოვიდ-პანდემიის პერიოდში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ჩვენი ცენტრის ყველა მნიშვნელოვანი ინიციატივის მხარდაჭერას და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლიერება საქართველოს მოსახლეობას, ვისაც სჯეროდა ჩვენი, ვისაც სწამდა და ვისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მიწოდებული რეკომენდაციები, ითვალისწინებდა და მომავალშიც გაითვალისწინებს მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებულ რჩევებს და აღასრულებს მათ. როგორც მოსახლეობის კეთილგანწყობა, ასევე პოლიტიკის შემქმნელების ჩართულობა და მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი საქმიანობისთვის, დასახული მიზნებისა და ამოცანების წარმატებით შესრულებისთვის, რაც კვლავ და კვლავ ქვეყნის ჯანდაცვის ინდიკატორების და შესაბამისად, მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებით გამოიხატება.

    ნათქვამია, რომ „ყველაფერი, რასაც აქვს დასაწყისი, აქვს დასასრული“. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო, სამედიცინო დარგში მოღვაწეობის მეოთხე ეტაპი მთავრდება, რომელიც კარიერისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეულად დასამახსოვრებელია. რამდენად წარმატებულად გავიარე ეს მიმდინარე ან სხვა გასული ეტაპები მომავალში კოლეგები, ჩვენი საზოგადოება და დრო შეაფასებს. ჩემი მხრიდან, მინდა წარმატება ვუსურვო ცენტრის მომავალ ხელმძღვანელს, ასევე ჩვენს დიდ გუნდს, და ახალგაზრდა თაობას, რომელთა დაოსტატება და განვითარება ჩემი მუდმივი საზრუნავი იყო და ყოველთვის დიდი ხალისით და უკეთესი მომავლის იმედით ვცდილობდი მაქსიმალურად შემეწყო მათთვის ხელი. იმედს ვიტოვებ, რომ დაწყებული ყველა პროექტი დასრულდება საუკეთესო შედეგით, ხოლო ახალი წამოწყებები კიდევ მეტ სარგებელს მოუტანს ჩვენს თითოეულ მოქალაქეს და ქვეყანას.

    მადლობა ჩემთვის მოცემული შესაძლებლობებისთვის.

    მუდამ საქართველოსა და ჩვენი თითოეული მოქალაქის სამსახურში მიგულეთ.
    პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით,
    ამირან გამყრელიძე
    მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

  • გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ტრამპის ფლორიდის სახლში ჩხრეკა ჩაატარა

    ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ორშაბათს გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები ფლორიდაში, მის კუთვნილ სახლში შეიჭრნენ და სეიფი გატეხეს. ტრამპის ვაჟმა დაადასტურა, რომ ეს იმ გამოძიების ნაწილი იყო, რომელიც ტრამპის მიერ საპრეზიდენტო ჩანაწერების თეთრი სახლიდან ფლორიდის კურორტზე გადატანას ეხებოდა.

    ყოფილი პრეზიდენტის სახლის უპრეცედენტო ჩხრეკით შესაძლოა აღინიშნოს მნიშვნელოვანი ესკალაცია ჩანაწერების საკითხზე გამოძიებაში, რაც ერთ-ერთია რამდენიმე გამოძიებიდან, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობის და კერძო ბიზნესში ყოფნის პერიოდს მოიცავს.

    აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა უარი განაცხადა კომენტარზე ჩხრეკის შესახებ, რომელსაც ტრამპმა თავის განცხადებაში შეჭრა უწოდა და თქვა, რომ ამაში „გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტების დიდი ჯგუფი“ მონაწილეობდა. ბიუროს მთავარმა ოფისმა ვაშინგტონში და მაიამის პერიფერიულმა ოფისმა კომენტარზე უარი თქვეს.

    ყოფილი პრეზიდენტის ერთ-ერთმა ვაჟმა, ერიკ ტრამპმა „ფოქს ნიუსს“ უთხრა, რომ ჩხრეკა იმ დოკუმენტების ყუთებს ეხებოდა, რომელიც ტრამპმა თეთრი სახლიდან წამოიღო და მამამისი ამ საკითხზე ეროვნულ არქივთან თვეების განმავლობაში თანამშრომლობდა.

    „ფოქს ნიუსის“ ციფრული გამოცემის თანახმად, ჩხრეკის დროს ტრამპი ფლორიდის სახლში არ იმყოფებოდა და ნიუ-იორკში იყო.

    ფედერალური კანონი, რომელსაც აშშ-ის საპრეზიდენტო ჩანაწერების აქტი ეწოდება, პრეზიდენტის ოფიციალურ მოვალეობებთან დაკავშირებული სამსახურებრივი ჩანაწერების, წერილების, შენიშვნების, ელექტრონული ფოსტის, ფაქსების და სხვა წერილობითი კომუნიკაციის შენახვას მოითხოვს.

    კერძო საცხოვრებლის ნებისმიერი ჩხრეკა ნებადართული უნდა იყოს მოსამართლის მიერ, მას შემდეგ რაც სამართალდამცავი სააგენტო აჩვენებს სარწმუნო საფუძველს, რომ ჩხრეკა გამართლებულია.

    თითქმის უეჭველია, რომ ასეთი ნაბიჯი ნებადართული უნდა ყოფილიყო გამოძიების ფედერალური ბიუროს ტრამპის მიერ დანიშნული დირექტორის, ქრისტოფერ ვრეის და პრეზიდენტ ბაიდენის მიერ დანიშნული მთავარი პროკურორის, მერიკ გარლანდის მიერ.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი 2007 წლის აგვისტოს ის დღე იყო, როდესაც საქართველოს მოქალაქეობა მომანიჭეს–ფადი ასლი

    საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი საქართველოში, ფადი ასლი  ფეისბუქ სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც წერს, როგორ უყვარს საქართველო:

    “საქართველოში ყველაფერს ვეტრფი: პეიზაჟებს, ბუნებას, ხალხს, კულტურას და ისტორიას; ჩემი სიყვარული ამ ქვეყნის მიმართ იმდენად უსაზღვროა, რომ რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ის ადამიანებიც კი მიყვარს, რომლებიც მძულს.

    სხვათა შორის, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი 2007 წლის აგვისტოს ის დღე იყო, როდესაც საქართველოს მოქალაქეობა მომანიჭეს; მადლიერებისა და სიამაყის საოცარი გრძნობა დამეუფლა და ასეთ სრულფასოვნად და ბედნიერად არასოდეს მიგრძვნია ცხოვრებაში თავი.

    ამ ქვეყანაში ჩამოსვლისთანავე ვიგრძენი, რომ ქართველობა მხოლოდ ეროვნება და სამართლებრივი სტატუსი არ არის. ეს სულიერი მდგომარეობა და ცხოვრების წესია.
    ჩვენ არ ვირჩევთ ქვეყანას ან იმ ოჯახს, სადაც ვიბადებით – ამას ბედისწერა განსაზღვრავს.
    მაგრამ, ჩვენ ვირჩევთ საყვარელ ადამიანებს, ცხოვრების თანამგზავრს, რომელთანაც მთელი სიცოცხლის გატარება გვწადია. ზუსტად იმავე მოსაზრებით ვხელმძღვანელობთ იმ ქვეყანასთან მიმართებაში, რომელსაც სახცოვრებლად ვირჩევთ, განსაკუთრებით, როდესაც ეს ქვეყანა საქართველოა.

    ვისწავლე, რომ ეროვნება არ გახლავთ სამართლებრივი დოკუმენტი; ეს სულიერი მდგომარეობაა! თუკი გიყვარს ქვეყანა, სადაც არ დაბადებულხარ, გიყვარს მისი ბუნება, მისი ხალხი, მისი ისტორია და ცხოვრების წესი, შენ გულით ამ ქვეყნის მოქალაქე გახდები და ვერავინ ვერასდროს წაგართმევს ამას; როგორც ნაშვილები ბავშვის შემთხვევაში, შეიძლება შეიყვარო „ნაშვილები“ ქვეყანა, მეტად, ვიდრე შენი საკუთარი.

    ამ დღეს ჩვენს საყვარელ საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას და სამუდამო წარმატებებს.
    ფადი ასლი
    2022 წლის 8 აგვისტო“–წერს ფადი ასლი ფეისბუქზე.

  • მთაში ოჯახების შექმნა და მოსახლეობის დაბრუნებაო ხო ?! 3 დღე იწვიმა შატილში და დენი გაითიშა – მარგარეტ დაიაური

    ”3 დღე იწვიმა შატილში და დენი გაითიშა, ახლა ჩართულია, მაგრამ მხოლოდ ნახევარ სოფელს მიეწოდება ელექტროენერგია, მეორე ნახევარი სიბნელეშია, არ ჰყოფნის მთელ სოფელს. ჩვენ გენერატორი გვაქვს უკვე, მაგრამ სხვებს ?!!!

    თვეების ბავშვი ჰყავს აქაურ გოგოს შატილში და სიბნელეში ზის, მეორე შვილთან ერთად, რამდენი გადასაფარებელი უნდა დააფაროს ამ სიცივეში ან რანაირად უნდა მიხედოს მთელი ღამე ტელეფონის განათებით !!! დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია მანანა მაცაცო ნარიმანიძე მცხეთა-მთიანეთის მხარე საქართველოს მთავრობა
    .
    აქ ვერც შვილი უნდა გააჩინო და ვერც უნდა წამოიყვანო ?!!! თან მთაში ოჯახების შექმნა და მოსახლეობის დაბრუნებაო ხო ?!!! მაღალმთიან სოფლებში ქალების მხარდაჭერაო არა ?!!! და ამ დროს, „შატილობის” გრანდიოზული კონცერტისთვის 100 000 ლარი გაქვთ გამოყოფილი, ერთდღიანი კონცერტისთვის, რომელიც არაფერში დაგვეხმარება და არცერთ ჩვენს პრობლემას არ მოაგვარებს !!! რა ადამიანები ხართ ?!!! ან საერთოდ, როგორ იძინებთ ღამით ?!!!”

    წერს, შატილში მცხოვრები მარგარეტ დაიაური და ხელისუფლებისგან კვლავ  დახმარებას ითხოვს.  შატილში არსებული ჰესი, „ბიტეხი 1“, რომელსაც 20-30 ოჯახი უნდა მოემარაგებინა ელექტროენერგიით, წელიწადში რამდენჯერმე გამოდის მწყობრიდან.

    მარგარეტი და გიორგი პირველი წყვილია, რომელმაც 21-ე საუკუნეში შატილში ოჯახი შექმნა და დაფუძნდა.