Category: სლაიდერი

  • ქართველი ხალხის გადასაწყვეტია ქვეყნის ხელმძღვანელად ვინ სურთ – კელი დეგნანი

    საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ეხმაურება და აცხადებს, რომ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია თუ ვინ იქნება ქვეყნის ხელმძღვანელი. ამით დეგნანი გუშინ, 11 ივლისს პრემიერმინისტრის გადადგომის მოთხოვნას გამოეხმაურა, და ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახს მიუსამძიმრა.

    “რა თქმა უნდა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს მშვიდობიანი გარემო ადამიანებისთვის, იმისთვის რომ მათ გამოხატონ კონსტიტუციური უფლებები, მათ შორის შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, ასევე, ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების უფლება. სამწუხაროდ, 5 და 6 ივლისს ეს ვერ დავინახეთ, თუმცა იმედი მაქვს მომავალში იქნება მეტი დაფასება, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებულია ეს თავისუფლებები და უფლებები. ქართველი ხალხის გადასაწყვეტია ვინ სურთ მათ ლიდერად, ქვეყნის ხელმძღვანელად მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი დემოკრატიული პროცესის ფარგლებში წარიმართოს”, – განაცხადა დეგნანმა.

  • პარლამენტის კარი ჩაკეტეს – საკანონმდებლო ორგანოში მედიას არ უშვებენ

    პარლამენტის კარი ჩაკეტეს – საკანონმდებლო ორგანოში მედიას არ უშვებენ. როგორც მანდატურის სამსახური აცხადებს, მედიას არ აქვს უფლება შესვლის თუმცა განმარტებას ვერ აკეთებს თუ რატომ ვერ ახერხებს, მედია პარლამენტში შესვლას და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას, მაშინ როცა აკრედიტაციაც აქვს და საკანონმდებლო ორგანოში გადაადგილების უფლებაც.

     

  • თეა წულუკიანი ვიცეპრემიერად დაინიშნა

    პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცეპრემიერებად თეა წულუკიანი და ლევან დავითაშვილი დანიშნა.

    “ჩვენს ორ ვიცეპრემიერს ვნიშნავთ დღეს – ვიცეპრემიერები იქნებიან ქალბატონი თეა წულუკიანი და ბატონი ლევან დავითაშვილი”, – თქვა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

    ვიცეპრემიერის პოსტს აქამდე საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იკავებდა.

  • სირცხვილია, რომ 5 ივლისის შემდეგ გომელაური თავს მინისტრად მიიჩნევს – ელისაშვილი

    ”სირცხვილია, რომ 5 ივლისის შემდეგ გომელაური თავს მინისტრად მიიჩნევს”-„მოქალაქეების” ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზზე სანდო პასუხი გაიცეს, აუცილებელია, ექსპერტიზის პროცესში უცხოელი სპეციალისტების ჩართვა.

    „ამ ეტაპზე ყველას გვჭირდება პასუხი კითხვაზე – რა გახდა ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი, სანდო პასუხი გვინდა და არა ის, რაც მოიფიქრეს ან მოიფიქრებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ან ექსპერტიზის ბიუროში. გვინდა, სანდო და ნამდვილი პასუხი. იმისათვის, რომ სანდო პასუხი მივიღოთ, აუცილებელია, გამოძიებაში უცხოელი ექსპერტები ჩაერთონ, რაც პროცესს სანდოს გახდიდა.ეს ამბავი ორად უნდა გავყოთ, რათა ზედმეტი კუდები არ ედებოდეს არც ერთ საკითხს. მეორეა, გარდაცვალების ამბავი. იმისათვის, რომ გარდაცვალების ამბავზე არ იყოს ჭორები და სიბინძურეები, ნამდვილი პასუხი გვინდა, რის შედეგად გარდაიცვალა ლექსო ლაშქარავა. 5 ივლისი არის ცალკე საკითხი, სადაც ათეულობით ჟურნალისტზე, ოპერატორსა და ფოტოგრაფზე იძალადეს მიზანმიმართულად. გავეშებული ადამიანების ერთი ჯგუფი დასდევდა მეორე ადამიანების ჯგუფს, ამას სჭირდება რეალური გამოძიება და ყველას დასჯა. სირცხვილია, რომ 5 ივლისის შემდეგ გომელაური თავს მინისტრად მიიჩნევს. როცა ქუჩაში ვერაფერს აკონტროლებ, უნდა ინამუსო და წახვიდე”,- განაცხადა ელისაშვილმა.

  • ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებზე ძალადობა ნაციონალურ მოძრაობას დააბრალა

    პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებზე ძალადობაც ნაციონალურ მოძრაობას დააბრალა.

    “მოგეხსენებათ, რომ 5 ივლისს მთავრობის სხდომაზე წინასწარ განვაცხადე, რომ იგეგმებოდა ძალიან დიდი მასშტაბური პროვოკაცია, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის წინააღმდეგ. მე კონკრეტული სახელი და გვარიც ვთქვი, ვინც ამ რევანშისტული რადიკალური შეთქმულების უკან დგას, ეს არის ბატონო სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი. კითხვები დაისვა თუ რა კავშირი ჰქონდა ლგბტ თემს და მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას კონკრეტულად სააკაშვილთან, მაშინ როცა მე განვმარტე, რომ აღნიშნული ღონისძიების თანაორგანიზატორი და მხარდამჭერი იყო “სირცხვილია”, რომელიც აბსოლუტურად, სრულად იმართება სააკაშვილის ორგანიზაციების მიერ, ეს არის დადასტურებული ფაქტი.ჩვენ კარგად გვახსოვს მეგობრებო და არავის არ დაავიწყდება ამ ქვეყანაში, თუ რა მეთოდებით მართავდნენ აღნიშნული მოძალადეები და მკვლელები ჩვენს ქვეყანას, როცა ხდებოდა ტერორისტული აქტების დადგმაც კი საკუთარ მოქალაქეებზე”,- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

  • საქართველოში კორონავირუსის 659 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 16

    საქართველოში კორონავირუსის 659 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

    ქვეყანაში ბოლო 24 საათში 713 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 16 პაციენტი.

    ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 14 200 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 608, „პისიარ“ ტესტით – 7 592.

    ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,64 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,87 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,24 პროცენტი.

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 377 811 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 359 939 გამოჯანმრთელდა, 5 468 კი გარდაიცვალა.

    სულ აცრილია – 303 407 ადამიანი, დღიურად აცრილია 1 019.

    კარანტინის რეჟიმშია 67, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 740 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 902 პირი.

  • ყოველდღე უკეთებდნენ მორფინს, მას ნარკოტიკული ნივთიერება არ გაუკეთებია – გეჯაძე ლაშქარავაზე

    დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, რომ TV პირველის ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას ტკივილის გამო ყოველდღე უკეთებდნენ მორფინს, რაც გამორიცხავს, რომ ის ნარკოტიკულ ნივთიერებას იღებდა.

    “ოპერაციის შემდეგ ძლიერი ტკივილების გამო უკეთდებოდა მორფინი. ავადმყოფობის ისტორიის ჩანაწერებით, რაც მე ვნახე და შევისწავლე, ყოველდღე უკეთებდნენ მორფინს, თითო ამპულას, იყო გარკვეული დღეები – დღეში რამდენჯერმეც. ბოლო მორფინის გაკეთება დაფიქსირებულია 8 რიცხვში, შესაბამისად, ამით ოფიციალურად მას ნარკოტიკული ნივთიერება არ გაუკეთებია. ყოველ შემთხვევაში, ამის მერე რა ხდება, ბუნებრივია მე ინფორმირებული არ ვარ”,– ამბობს გეჯაძე.

    ცნობისთვის, შსს ექსპერტიზის დასკვნის გარეშე მიანიშებს, რომ ლექსო ლაშქარავა შესაძლოა ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარდა. მათი განცხადებით, გუშინ ის ფონიჭალის დასახლებაში იმყოფებოდა, შემდეგ კი სახლში არაფხიზელ მდგომარეობაში დაბრუნდა.

    5 ივლისს ლექსო ლაშქარავაზე პუტინისტებმა სასტიკად იძალადეს, დღეს კი ის გარდაიცვალა.

  • ივანიშვილს გადარჩენის ერთი შანსი დარჩა, ჩაატაროს არჩევნები და წავიდეს – ხუხაშვილი

    “ივანიშვილს ისტორიულად გადარჩენის ერთადერთი შანსი დარჩა:

    აღიაროს, რომ ხელისუფლებაში არსაიდან მოიყვანა უინტელექტო, უზნეო და უტიფარი დაჯგუფება, რომელსაც არ უყვარს სამშობლო, პატივს არ სცემს სახელმწიფოს და ძალაუფლების მეტი არაფერი აინტერესებს.

    დაიბრუნოს პასუხისმგებლობა, დაიკავოს პრემიერ-მინისტრის პოსტი ერთადერთი მისიით – ჩაატაროს გამჭვირვალე, კონკურენტული, სამართლიანი რიგგარეშე არჩევნები. ისეთი არჩევნები, რომელშიც დამარცხებული მიულოცავს გამარჯვებულს.

    ჩაატაროს და წავიდეს…

    ეს კარგი წინადადებაა მისთვის….

    ყველა სხვა გზას ის მიყავს უცილობელი კატასტროფისკენ….”

    წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

  • შსს ღარიბაშვილის გადასარჩენად ამტკიცებს, რომ ლაშქარავა ნარკომომხმარებელი იყო – მშვენიერაძე

    შსს ღარიბაშვილის გადასარჩენად ამტკიცებს, რომ ლაშქარავა ნარკომომხმარებელი იყო – მშვენიერაძე

    “შსს ყველაფერს აკეთებს იმის დასამტკიცებლად, რომ ლაშქარავა ნარკოტიკების მომხმარებელი იყო და ამით ცდილობს გადაარჩინოს ღარიბაშვილის სკამი. სხვას არაფერს ემსახურება ეს ე.წ. საზოგადოების ინფორმირება, სამარცხვინო, არაფრისმომცემი ვიდეოჩანაწერების ჩვენება და ჭორების მოყოლა, აფთიაქში რომ შესულა ადამიანი და სავარაუდოდ არაფხიზელი რომ იყო. ამის ნახევარი არ გაუკეთებიათ მოძალადეების დასაჭერად”

    ამბობს გიორგი მშვენიერაძე. ცნობისთვის, შსს აცხადებს, რომ ლაშქარავა გარდაცვალებამდე ფონიჭალაში იმყოფებოდა, შემდეგ კი სახლში არაფხიზელ მდგომარეობაში დაბრუნდა.

  • ლაშქარავა სახლში სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში დაბრუნდა – შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ლექსო ლაშქარავა გუშინ სახლში არაფხიზელ მდგომარეობაში დაბრუნდა.

    “ალექსანდრე ლაშქარავა მიმდინარე წლის 10 ივლისს, 15:28 სთ-ზე, მოპედით ტოვებს საცხოვრებელ მისამართს.

    15:31 სთ-ზე მეგობართან ერთად შედის ბახტრიონის ქუჩაზე ერთ-ერთ აფთიაქში. აფთიაქიდან გამოსვლის შემდეგ იწყებს გადაადგილებას ფონიჭალის დასახლების მიმართულებით, სადაც ფიქსირდება 16:31 სთ-ზე.

    აღნიშნულის შემდეგ ფონიჭალიდან მოდის ორთაჭალაში და მოგვიანებით 19:41 სთ-ზე ისევ ბრუნდება ფონიჭალაში. საიდანაც გადაადგილდება „დედა ენის ბაღის“ მიმართულებით, სადაც დაჰყო გარკვეული პერიოდი, ხოლო 00:10 სთ-ზე ბრუნდება საბურთალოს ტერიტორიაზე საცხოვრებელ მისამართზე, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში”,- აცხადებს უწყება.

    ცნობისთვის, ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც პუტინისტებმა 5 ივლისს სასტიკად სცემეს, დღეს გარდაიცვალა.