Category: სლაიდერი

  • გამაოგნეს ანაფორიანმა ადამიანებმა, რომელთაც ვეღარ ვუწოდებ ღვთის მსახურებს – თამრიკო ჭოხონელიძე

    “გამაოგნეს ანაფორიანმა ადამიანებმა, რომელთაც ვეღარ ვუწოდებ ღვთის მსახურებს”- ასე აფასებს, მომღერალი და პიანისტი, თამრიკო ჭოხონელიძე, 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს.

    ”რით მოგწამლეს ასე, რომ ასეთი ზიზღი ჩანერგეს ხალხში, ვინც ასე გამეტებით ურტყავს და იმეტებს თავის თანამოქალაქეს?! მე გამაოგნეს ანაფორიანმა ადამიანებმა, რომელთაც ვეღარ ვუწოდებ ღვთის მსახურებს. ის ძალადობრივი ქმედებები, რომელიც ხალხმა ჩაიდინა, მრევლმა, რომლებიც ძალიან იჩემებენ რომ ქრისტიანები არიან, მართლმადიდებლები არიან, ღმერთის სწამთ და ღმერთის ეშინიათ, ეს სწორედ ამ ანაფორიანი ხალხის ძალისხმევით მოხდა. თვითონ ამბობენ, რომ არც ერთ მღვდელს არ დაურტყამს, მაშინ როდესაც შენ უბიძგებ ათეულობით ადამიანს ეს გააკეთოს, ეს არ არის დარტყმა?!”- განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ.

  • ღარიბაშვილი უარს ამბობს უმცირესობების დაცვაზე – იან კელი

    “ღარიბაშვილი უარს ამბობს უმცირესობების დაცვაზე” –  საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი, ქვეყნის პრემიერ მინისტრს აკირტიკებს და მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, ღარიბაშვილის მიერ ნათქვამი უარით, უმცირესობების დაცვაზე, დაუშვებელია. ამის შესახებ, იან კელი Twitter-ზე წერს.

    ”საქართველოს პრემიერმინისტრი უარს ამბობს უმცირესობების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვაზე. ეს დაუშვებელია ნებისმიერ გარემოებებში, მაგრამ განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, რომელიც ისწრაფის დასავლეთის საზოგადოებაში გაწევრიანებისკენ” – წერს იან კელი. 

  • თურმე მთავრობის გადაყენების პროცედურა უნდა დავიწყოთ, უცოდინრობასთან გვაქვს საქმე – ბურჯანაძე

    თურმე მთავრობის გადაყენების პროცედურა უნდა დავიწყოთ, უცოდინრობასთან გვაქვს საქმე – ბურჯანაძე

    “თურმე მთავრობის გადაყენების პროცედურა უნდა დავიწყოთ, უცოდინრობასთან გვაქვს საქმე”- ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ  განაცხადა.

    „იმედია, ახლა მაინც დარწმუნდა დეპუტატების უმრავლესობა, მათ შორის, ვინც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს, რომ პარლამენტში არ არის დღეს ოპოზიციის ადგილი და ეს არ არის პარლამენტი, სადაც შეიძლება ოპოზიციამ ნორმალურად იმუშაოს. ვფიქრობ, რომ ამ განვითარებული მოვლენების შემდეგ კატეგორიულად წარმოუდგენელია ჩემთვის, რეალური ოპოზიციონერი პარლამენტში დარჩეს.

    სიმართლე გითხრათ, ძალიან გაოცებული ვიყავი, როდესაც მესმოდა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე უნდობლობის მექანიზმი უნდა აამუშაონ. ეს გაგრძელდება თვეების განმავლობაში, ხელისუფლება გადააგორებს ამ კრიზისს და სათავისოდ გამოიყენებს, თურმე გადაყენების პროცედურა უნდა დავიწყოთ. აქ საერთოდ ან უცოდინრობასთან გვაქვს საქმე, ან შეგნებულ მოტყუებასთან ადამიანების იმიტომ, რომ გადაყენების პროცედურისთვის საჭირო 76 ხმა ოპოზიციას არ გააჩნია, თურმე საგამოძიებო კომისიები უნდა შევქმნათ, ვინ გასცა განკარგულება ჟურნალისტების დარბევაზე, ვინ ჩამოხია და რატომ ჩამოხია ევროკავშირის დროშა. უკაცრავად, მაგრამ ეს იქნება უბრალოდ დაცინვა საზოგადოების და იმედია, ოპოზიციის უმეტესი ნაწილი გონს მოვა და მსგავსი, აბსოლუტურად ცარიელი ნაბიჯების გადადგმაზე არ წავა იმიტომ, რომ ეს არის ან უცოდინრობა კონკრეტული დეპუტატების მხრიდან, როგორ წარიმართება ეს პოლიტიკური პროცესი და საპარლამენტო პროცესი, ან არის შეგნებული მცდელობა, რომ ნებისმიერ ფასად დარჩნენ პარლამენტში საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად, თუნდაც იმ ფასად, რომ ხელისუფლებამ ეს კრიზისი გადააგოროს.

    მე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ვარ და ძალიან კარგად ვიცი საგამოძიებო კომისიის პროცედურაც, გადაყენების პროცედურაც, უნდობლობის გამოცხადების პროცედურაც. უნდობლობის პროცედურას რომ გამოაცხადებენ, პრემიერ-მინისტრს ვის წარადგენენ ძალიან მაინტერესებს და პროგრამას და ხელისუფლებას ამით ელაპარაკებიან? ოპოზიციამ პირველ რიგში თვითონ მიიღოს ის გადაწყვეტილება რა გადაწყვეტილებაც არის მისაღები და გამოასწოროს მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა და პარლამენტში შელაგება, უკანონო პარლამენტის „გაპრავება“ და შემდეგ უფრო მეტი მორალური უფლება გვექნება, რომ ხალხს მოვუწოდოთ, რომ გამოვიდნენ გარეთ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

     

  • შვილები შეიძლება დაგიხოცონ, იმისთვის, რომ აირჩიეს ჟურნალისტის პროფესია – ვახო სანაია

    “შვილები შეიძლება დაგიხოცონ, იმისთვის, რომ აირჩიეს ჟურნალისტის პროფესია”- ამის შესახებ, ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ განაცხადა, რითიც, 5 ივლისის მოვლენებს და ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.

    ”ხელისუფლება ცდილობს, 5 ივლისის მოვლენებსა და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას შორის წყალგამყოფი გააკეთოს. უფრო შორსაც წავიდნენ, დღეს მედია დაადანაშაულეს სახელმწიფოს, ეროვნული ინტერესებისა და ეკლესიის წინააღმდეგ დანაშაულში. მინდა, მივმართო საზოგადოებას, ჩვენ ასეთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ? თუ არ გვჭირდება თავისუფალი მედია, თავისუფალი სასამართლო, არ გვჭირდება პროკურატურა, პოლიცია, რომელიც ჩვენ დაგვიცავს?ხომ შეიძლება, პოლიციელის, ექიმის, ან პოლიტიკოსის შვილმა პროფესიად ჟურნალისტობა აირჩიოს და შეკითხვა, მათ უნდა მოუკლან შვილი?ჩვენი საქმეა, დავიცვათ ჩვენი კოლეგის ღირსება. თვითოეული ჩვენგანის ღირსება დავიცვათ, ამიტომ ვართ აქ” – ამბობს ვახო სანაია.

  • აიღეთ პასუხისმგებლობა 5 ივლისზე, დატოვეთ თანამდებობა – Tbilisi pride ღარიბაშვილს

    Tbilisi pride პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს 5 ივლისს მომხდარ ძალადობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს.

    “თბილისი პრაიდის” გუნდი გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას „TV პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და ყველა ადამიანს, ვისაც ადამიანის უფლებების დაცვისთვის უპირობო ბრძოლის სწამს.
    ეს ტრაგედია მოჰყვა 5-6 ივლისს მომხდარ ორგანიზებულ ძალადობას ჰომოფობიურ ნიადაგზე, რომელზეც პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას, მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსა და სიძულვილის რადიკალურ ჯგუფებს ეკისრებათ!
     აქვე გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჰომოფობიურ და ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას, რომელშიც მან 5 ივლისს მომხდარ შემზარავ ძალადობაზე პასუხისმგებლობა “თბილისი პრაიდსა” და სამოქალაქო აქტივისტებს დააკისრა, რითაც კიდევ ერთხელ წაახალისა ჩვენზე ძალადობა.
     ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ორი დაპირისპირებული მხარე, რომელზეც ღარიბაშვილმა ისაუბრა, არ არსებობს! როცა სახელმწიფო ტოლობის ნიშანს სვამს მშვიდობიან სამოქალაქო პროტესტსა და სიძულვილის რადიკალურ ჯგუფებს შორის, რომლებიც ადამიანების უსაფრთხოებას, ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს უქმნიან საფრთხეს, ეს მისი დისფუნქციურობის მაჩვენებელია.
    უმნიშვნელოვანესია, გვახსოვდეს, რომ ხელისუფლებას არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები, რათა თავიდან აეცილებინა 5 ივლისს მომხდარი ძალადობა. ჩვენ სისტემატურად ვაწვდიდით მათ ინფორმაციას სიძულვილის ჯგუფების ორგანიზებაზე, ვაფრთხილებდით დაანონსებული ძალადობის შესახებ, ვთხოვდით, მიეღოთ პრევენციული ზომები, რომ თავიდან აგვერიდებინა 2013 წლის მსგავსი არეულობა თბილისის ქუჩებში, შევთავაზეთ ღირსების მარშის ალტერნატიული გეგმაც. ნაცვლად ამისა, მივიღეთ დახურული ალტერნატიული ლოკაციის დაპირება, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების პრინციპებს. 4 ივლისის საღამოს შემდეგ კი, მიუხედავად შეთანხმებისა შემდგომი სამუშაო პროცესის შესახებ, შსს-მ ჩვენთან კომუნიკაცია შეწყვიტა.
     ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც უკიდურესად პრიმიტიულად ესმის დემოკრატიის იდეა, გვსურს განვუმარტოთ, რომ დემოკრატია უმრავლესობის მმართველობაა, რომელშიც დაცული და გარანტირებულია უმცირესობის უფლებები, განურჩევლად მათი რასის, ეთნოსის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, კონფესიური, რელიგიური, სოციალური, იდეოლოგიური თუ სხვა კუთვნილებისა!
     5-6 ივლისს მთელმა მსოფლიომ იხილა ის ჰომოფობიური გარემო, რომელიც ქვიარ ადამიანებისთვის ყოველდღიურობაა. სწორედ ქვიარ ადამიანების მოუთოკავი სიძულვილი, წახალისებული და ინსტრუმენტალიზებული ხელისუფლებისა და საპატრიარქოს მიერ, ამოძრავებდათ ადამიანებს, რომლებიც ღირსების მარშის ორგანიზატორებს მთელი დღის განმავლობაში დაგვდევდნენ ქუჩებსა და ოფისებში, ფიზიკურად უსწორდებოდნენ ჟურნალისტებსა და ოპერატორებს და არბევდნენ “თბილისი პრაიდისა” და მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისებს. მათი მთავარი სამიზნე სწორედ “თბილისი პრაიდი” და თანასწორობისთვის ბრძოლაში ჩვენი პარტნიორი მოძრაობები იყვნენ. უმნიშვნელოვანესია, ამ მძლავრ სამოქალაქო ბრძოლაში არ გაქრეს ქვიარ თემის ადგილი, ჩვენი ბრძოლა ღირსეული ცხოვრებისთვის და მკაფიოდ მოინიშნოს სახელმწიფოსა და საპატრიარქოს ჰომოფობია. სამწუხაროდ, ამ მართული და მიზანმიმართული ძალადობის შედეგად, მიმდინარე დღეებში, თბილისის ქუჩებში კვლავ გრძელდება თავდასხმები არამხოლოდ ქვიარ ადამიანებზე, არამედ ყველა მოქალაქეზე, ვინც სიძულვილის ჯგუფების “სტანდარტს” ვერ აკმაყოფილებს. აუცილებელია, საზოგადოებამ გადაიაზროს სიძულვილი ქვიარ ადამიანების მიმართ და გახდეს ჩვენი აქტიური მოკავშირე იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ შეძლოს საჯარო სივრცეში ღიად და უსაფრთხოდ არსებობა.
     მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 5 ივლისს სამოქალაქო საზოგადოების მხარდამხარ, წინა ფლანგზე იბრძოდნენ მედიის წარმომადგენლები, ისინი იცავდნენ ჩვენს უფლებებს და ცდილობდნენ, საზოგადოებისთვის სიძულვილის რეალური სახე ეჩვენებინათ. გამოჩენილი სამოქალაქო გმირობისთვის, გვინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ თავისუფალ მედიას და თითოეულ ჟურნალისტს, ვინც სიცოცხლის რისკის ფასად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენ ყოველთვის ვიდექით და ვიდგებით მედიის და ყველა იმ ადამიანის გვერდით, ვინც დემოკრატიული სახელმწიფოსთვის იბრძვის!
    დასასრულს, კვლავ მივმართავთ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ საზოგადოების მოტყუების, შუღლისა და სიძულვილის გაღვივების ნაცვლად, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა 5 ივლისს მომხდარ ძალადობაზე, ქვიარ თემის წევრებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე გამოცხადებულ ნადირობაზე და დატოვოს თანამდებობა!!!”-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
  • დეპუტატმა ჩიგოგიძემ ჩამარტყა, 46 კგ ვარ მე, ის ცენტნერი – ჟურნალისტი ნენე დალაქიშვილი

    “დეპუტატმა ჩიგოგიძემ ჩამარტყა, 46 კგ ვარ მე, ის ცენტნერი” – ჟურნალისტი ნენე დალაქიშვილი მედიასთან დეტალურად საუბრობს, თუ როგორ იძალადა მმართველი გუნდის დეპუტატმა, ვასილ ჩიგოგიძემ მასზე კითხვის დასმის შემდეგ.

    “სხდომათა დარბაზში, როდესაც ჟურნალისტებიც შევედით, როგორ არ გრცხვენიათ მეთქი, ვუთხარი, ვეტყოდი, ბუნებრივია, მოკლეს ახალგაზრდა ბიჭი, მამა, ერთადერთი შვილი მოუკლეს დედას, პროფესიული საქმიანობის გამო მოკლეს ადამიანი… რატომ მოკალით ბიჭი მეთქი და ფერდში მკრა, 46 კილო ვარ მე და ჩიგოგიძე არის ცენტნერი ან ტონა. მითხრა, წადი შე თხაო და კარგად ჩამარტყა”, – ამბობს დალაქიშვილი.

  • ჩვენი სტუდიები გადმოვა რუსთაველზე – ჟურნალისტები პარლამენტთან იკრიბებიან

    სანამ ღარიბაშვილი არ გადადგება, პროტესტს არ შევწყვეტთ, ჩვენი სტუდიები გადმოვა რუსთაველზე – განაცხადა, “პირველების” პოლიტიკური თოქ-შოუების ხელმძღვანელმა,  ინგა გრიგოლიამ და ასევე აღნიშნა, რომ პრემიერის გადადგომა აქციის მთავარ მოთხოვნად რჩება.

    ”სანამ არ გადადგება ღარიბაშვილი, პროტესტს გავაგრძელებთ. ღარიბაშვილთან ერთად პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ყველა პირს, ვინც მედიის წინააღმდეგ განხორციელებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას იღებდა. რა სიბინძურეები არ უნდა უგორონ ჩვენს კოლეგას, არაფერი გამოგივათ, ხალხო. მედია გამოიყვანეთ ქუჩაში. ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ საპროცესო მიტინგზე პოლიტიკურ მოთხოვნებს დავაყენებდი. იმის ნაცვლად, რომ ახლა ტელევიზიაში ვიყო და გადაცემებზე ვმუშაობდე, ვზივარ პარლამენტის კიბეებზე. არ შევალ სტუდიაში, ჩვენი სტუდიები გადმოვა აქ”- განაცხადა ინგა  გრიგოლიამ.

  • მძიმე რკინა მომხვდა ფეხში, ათამდე პოლიციელმა გადამიარა – ნინო ჯანგირაშვილმა პარლამენტთან ფეხი დაიზიანა

    მძიმე რკინა მომხვდა ფეხში, ათამდე პოლიციელმა გადამიარა – ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა, პარლამენტთან, სამართალდამცავებთან დაპირისპირებისას ფეხი დაიზიანა.

    “მადლობა პატრულს. პრინციპში, ფეხების დამტვრევას ვიმსახურებდი როგორც ანტისახელმწიფოებრივი ელემენტი, მაგრამ მძიმე დაბეჟილობით და ნაღრძობით გადავრჩი” – წერს ნინო ჯანგირაშვილი ერთ-ერთი საავადმყოფოდან.

    ”რადგან ბევრი კითხვაა, ერთბაშად ყველას გიპასუხებთ და აღვწერ მოკლედ სად, როგორ და როდის დამიზიანდა ფეხი: როგორც ნახეთ, პარლამენტის უკანა შესასვლელთან ჟურნალისტები ვიდექით, რომლებსაც არ გვიშვებდნენ პარლამენტში.პოლიცია გაშმაგებული იცავდა შენობას ჩვენი, ჟურნალისტების შესვლისგან. ერთ–ერთ კართან ვიდექით მე და ვატო წერეთელი. ამ დროს გაიღო შიგნიდან კარი. ატყდა ჩოჩქოლი, მოვარდა პოლიცია, ვატო შევიდა, მე შევრჩი ხელში. გადამიარეს და გადამჯეგეს, რაღაც მძიმე რკინა მომხვდა ფეხში და + ათამდე პოლიციელმა გადამიარა. სულ ეს არის.” – წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.

  • ღარიბაშვილმა ჩემი განცხადება პატრიარქის დაკავებაზე აქციაზე გამომსვლელებს დააბრალა – ბასილ კობახიძე

    ღარიბაშვილმა ჩემი განცხადება პატრიარქის დაკავებაზე აქციაზე გამომსვლელებს დააბრალა – ბასილ კობახიძე

    “ღარიბაშვილმა ჩემი განცხადება პატრიარქის დაკავებაზე აქციაზე გამომსვლელებს დააბრალა”- თეოლოგი ბასილ კობახიძე, პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პატრიარქის დაკავებასთან გაკეთებული განცხადება მას ეკუთვნის და არა აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს.

    ”ირაკლი ღარიბაშვილს პირადად არ დავუსახელებივარ, მაგრამ ჩემი განცხადება გააჟღერა პატრიარქ ილია მეორის დაკავებაზე პოლიციის მიერ. პრემიერ- მინისტრმა ჩემი განცხადება გუშინდელ მანიფესტაციაზე გამომსვლელებს და ოპოზიციურ ტელევიზიებს დააბრალა. სინამდვილეში, მხოლოდ მე მოვითხოვე ილია მეორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაყენება. ღარიბაშვილი დემაგოგიურად იყენებს პატრიარქის და ეკლესიის ავტორიტეტს თავისი შერყეული ძალაუფლების განსამტკიცებლად და მედიის, ოპოზიციის და საზოგადოების დასაშინებლად. ანტიეკლესიურები ხართო, გაჰყვირის ის. პატრიარქი, მოსაყდრე შიო და კიდევ მრავალი სასულიერო პირი მართლაც უნდა დააკავოს პოლიციამ ძალადობის ორგანიზებისათვის, ისევე, როგორც თვითონ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, იმავე დანაშაულისათვის. ღარიბაშვილს შევახსენებ, ვარდების რევოლუციის დროს პარლამენტში შევარდნაძის სულ უკანასკნელ სიტყვებს: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი… მე ვლაპარაკობ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე.”- აცხადებს ბასილ კობახიძე.

  • მასთან კავშირის დამყარება ლოცვით არის შესაძლებელი – პატრიარქის სამძიმარი ლექსო ლაშქარავას ოჯახს

    “მასთან კავშირის დამყარება ლოცვით არის შესაძლებელი”- საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახს უსამძიმრებს.

    ”სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ქალბატონ თინათინ კახიძეს, მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.  რა თქმა უნდა, შვილის გარდაცვალება თქვენთვის უდიდესი ტრაგედია და ტკივილია, მაგრამ უნდა განგამტკიცოთ რწმენამ მარადიული ცხოვრებისა, რომლის მკვიდრიც ლექსო (ალექსანდრე) უკვე გახდა.

    ეჭვი არ შეგეპაროთ, იგი ცოცხალია და მასთან კავშირის დამყარება ლოცვით არის შესაძლებელი.

    ჩვენც ვლოცულობთ მისთვის, მისი უკვდავი სულისათვის, მით უმეტეს, ვიცი, ჩვენთან შეხვედრა სურდა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დედის გულმხურვალე ვედრებას ვერაფერი შეცვლის. ამიტომაც თქვენი სიცოცხლე, თქვენი ლოცვითი თანადგომა მას ძალიან სჭირდება.

    ღმერთმა მოგცეთ ამისი ძალა და მოგანიჭოთ შინაგანი მშვიდობა და მხნეობა.

    ღმერთმა დალოცოს ლექსოს ცოლ-შვილი.

    პატივისცემით, ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ”- ნათქვამია გავრცელებულ მიმართვაში.