Category: სლაიდერი

  • დავით ბაქრაძე საპარლამენტო ბოიკოტს უერთდება

    დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ბაქრაძე ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს უერთდება და ყოველდღიურ საპარლამენტო მუშაობაში ჩართულობაზე უარს აცხადებს.

    “დღეს დილით დავბრუნდი საქართველოში, არ მქონდა საშუალება გუშინ გამომეხატა ჩემი პოზიცია, როდესაც საპარლამენტო ფრაქციებმა “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ლელომ” განაცხადეს, რომ უარს ამბობენ პარლამენტის ყოველდღიურ მუშაობაში ჩართულობაზე. ამ პოზიციას, რა თქმა უნდა, მთლიანად ვიზიარებ და ვუერთდები. ამ ფონზე, როდესაც არათუ არ არის გამოძიებული და დასჯილი არ არიან დამნაშავეები, არამედ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ლექსო ლაშქარავას დააბრალოს საკუთარი სიკვდილი, წარმოუდგენლად მეჩვენება პარლამენტის პლენარულ დარბაზში შესვლა და საკითხებზე მსჯელობა”, -განაცხადა ბაქრაძემ.

    ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო მუშაობას წყვეტს და მხოლოდ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებასა და კონსტიტუციის კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას.

  • ვიცი, მაგრამ ვერ გეტყვით – გამყრელიძე “ფაიზერის” შემოტანის თარიღზე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ “ფაიზერის” ვაქცინის შემოსვლის თარიღი იცის, თუმცა ვერ იტყვის.

    “რა თქმა უნდა, მე თარიღი ვიცი, მაგრამ, სანამ თვითმფრინავი არ დაჯდება ნამდვილად ვერ გეტყვით. მალე იქნება Pfizer-ის გარკვეული დოზები. რაც მთავარია, ეს იქნება პირველი პარტია, შემდეგ ამას მოჰყვება მეორე სწრაფად, მესამე და ჩვენ გვექნება, ჩვენი გათვლებით წელს, ოქტომბრის ბოლომდე სადღაც მილიონ-ნახევარი დოზა Pfizer-ი.

    სერიოზულად ვემზადებით ჩვენ Pfizer-ის ადმინისტრირებისთვის. მოხდა გადამზადება, ე.წ. რეფრეშინგი იმ კლინიკების, სადაც Pfizer-ის ადმინისტრირება მიდიოდა. იმას ემატება კიდევ დაახლოებით 150-მდე ბრიგადა — 32 ბრიგადა აწარმოებდა Pfizer-ის ადმინისტრირებას, ეს ადის ივლისის ბოლომდე 150-მდე და შემდეგ, დაახლოებით, 300 ბრიგადამდე აგვისტოში”,– ამბობს გამყრელიძე.

     

  • კრიმინალების ბრბო ცდილობს ლექსოს სახელის გაშავებას – სააკაშვილი

    “ლექსო ლაშქარავას ბოლო ინტერვიუს ვუყურე.
    რა ნორმალური, გონიერი, ადამიანური ბიჭი ყოფილა და ასეთ ადამიანებს სწირავენ საქართველოში. თანაც, ეს მართლა ნარკომანების და კრიმინალების ბრბო ცდილობს, როგორც ყველა დანარჩენი მათი მსხვერპლის, ლექსოს სახელისაც სიკვდილის შემდეგ გაშავებას.

    მართლა დიდი დანაკარგია საქართველოსთვის ლექსო და უდიდეს სამძიმარს ვუცხადებ მის დედას, მის ოჯახის წევრებს და ყველა მის ახლობელს”

    წერს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook–ზე.

  • ლაშქარავას სიკვდილი გამოწვეული იყო თუ არა 5 ივლისს მიღებული დაზიანებებით? – ელისაშვილი

    პარტია “მოქალაქეების” ლიდერს, ალეკო ელისაშვილს აინტერესებს, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება გამოიწვია თუ არა 5 ივლისს მიღებულმა დაზიანებებმა. მისი აზრით, ასეთ შემთხვევაში უნდა “გამძაფრდეს” პასუხისმგებლობის საკითხი.

    “მე მაქვს მთავარი კითხვა, რომელიც წესით ყველა ნორმალურ ადამიანს უნდა ჰქონდეს – ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება გამოწვეული იყო თუ არა 5 ივლისს მიღებული დაზიანებებით, ასევე, რა გახდა რეალურად მიზეზი მისი გარდაცვალების, არის თუ არა მზად ხელისუფლება, რომ ჩაერთონ უცხოელი ექსპერტები, იმისთვის რომ სანდო გახდეს პასუხები.

    ასევე, გრძნობს თუ არა, მაგალითად, ღარიბაშვილი, რომ მან ერთგვარად თვალის ჩაპაჭუნებით წაახალისა ძალადობა 5 ივლისს, ან გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას ბატონი გომელაური, როდესაც მან ვერაფერი იღონა 5 ივლისს დარბევის დროს. ამ კითხვებზე უნდა მოგვესმინა [პასუხები]”,– თქვა ელისაშვილმა “იმედის” ეთერში.

    მისივე განცხადებით, “ვიღაცას ქვეყნის არევა უნდა, ვიღაცას კი ქვეყნის სამსახური”.

    “ჩვენ ქვეყნის არევა არ გვინდა, ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს მშვიდი, წყნარი ქვეყანა და განვითარდეს ნორმალურად, სადაც თანამდებობის პირები რამეს რომ დააშავებენ, უნდა გრძნობდნენ პასუხისმგებლობას”,– აღნიშნა ელისაშვილმა.

    ცნობისთვის, შსს ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის გარეშე ვარაუდობს, რომ ლექსო ლაშქარავა  ზედოზირებით გარდაიცვალა. TV პირველის ოპერატორს 5 ივლისს პუტინისტური ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. 11 ივლისს ის გარდაიცვალა. მას დღეს დაკრძალავენ.

     

  • კალაძე ფიქრობს, რომ კონკრეტული ტელევიზიები “ფსიქოლოგიურად” ძალადობენ

    თბილისის მერი კახა კალაძე ტელევიზიებს “ფსიქოლოგიურ ძალადობაში” ადანაშაულებს.

    “ძალადობა მარტო ფიზიკური არ არის, რომ მუშტი დაარტყა ვიღაცას, ძალადობა არის ფსიქოლოგიურიც, რაც კონკრეტული ტელევიზიების მხრიდან ხდება. ამას დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ მომავალში”,– ამბობს დედაქალაქის მერი.

    მისივე თქმით, ზოგადად ძალადობაა მიუღებელი და ყველა მოძალადე დაისჯება.

    “კატეგორიულად ვემიჯნებით მომხდარს და გუშინაც მოვისმინეთ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მკაცრად იქნება დასჯილი, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ამ ძალადობაში და ყველას მოეთხოვება პასუხი, ვისაც რაიმე დანაშაული მიუძღვის. ძალადობა, აგრესია, შეურაცხყოფა და ზოგადად, ის ანტაგონიზმი, რაც იკვეთება ბოლო თვეების განმავლობაში სხვადასხვა, პოლიტიკურად მოაზროვნე ადამიანებს შორის, არ ვარგა ეს, დაუშვებელია”,– განაცხადა კახა კალაძემ.

  • ცდილობენ, ლექსოს სახელი წაბილწონ, ნარკომანი? ეს სახელი რატომ უნდა მისცე – ლაშქარავას დედა

    TV პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავს დედა ეხმიანება შსს-ს “ექსპერტიზის შუალედური დასკვნის შედეგებს”, რომლითაც უწყება ირწმუნება, რომ ლაშქარავა შესაძლოა ზედოზირებით გარდაიცვალა.

    “ცდილობენ, როგორმე ლექსოს სახელი წაბილწონ. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, თაიასთვის [შვილისთვის]? რატომ? ასე ცაში აყვანილი, ყველა გიჟდებოდა და რას, რომ მის შვილს ნარკომანი…

    ჩემთვის ნარკომანზე უფრო საზიზღრობა არ არსებობს, ჩემ შვილს ეს სახელი რატომ უნდა მისცე. ნარკომანი? ეს სახელი? ჩემს შვილს რატომ?”– ამბობს ლაშქარავს დედა “მთავართან” საუბრისას.

    ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ. მედიამენეჯერები, ჟურნალისტები და მოქალაქეები ლექსოს სახლიდან სასაფლამდე მსვლელობით მივლენ. გამოსვენება – იოსელიანის ქუჩა N37-დან, 15:00 საათზე იქნება.

    ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, დილით, დედამ საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. მას 5 ივლისს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პუტინისტური ჯგუფები თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ.

    მედიაკორპუსი და ოპოზიცია პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვს ძალადობის წახალისების გამო. მათ ბოლო 2 დღეში რუსთაველის გამზირზე მრავალათასიანი აქციები გამართეს.

  • 1500-ზე მეტი შემთხვევა კრიტიკული ზღვარია, რომ თავისუფლად გავაგრძელოთ აქტივობები – გაბუნია

    “1500-ზე მეტი შემთხვევა არის საკმაოდ კრიტიკული ზღვარი, იმისთვის, რომ ჩვენ ასე სრულიად თავისუფალი რეჟიმით გავაგრძელოთ სოციალური აქტივობები. ამდენად, საკოორდინაციო საბჭო დაელოდება და დააკვირდება რამდენიმე დღის განმავლობაში ეპიდვითარებას.

    რა თქმა უნდა, არასაჭირო ღონისძიებები, როგორიც არის, მაგალითად, არააუცილებელი – სკოლების ბანაკი და სხვა მსგავსი ღონისძიებები, მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ ან ვაკონტროლოთ დამსწრეთა რაოდენობა.

    აქციები არის არაბუნებრივი მობილობა, განსაკუთრებით მაღალი მობილობა. ამის გამოცდილება ჩვენ ნოემბერ-დეკემბერშიც გვქონდა. რა თქმა უნდა, ეს ხელს უწყობს და არცერთ შემთხვევაში არ უშლის ინფექციის გავრცელებას. პირიქით, იქ პირბადე არც არავის არ გამოუყენებია და, რა თქმა უნდა, არც სოციალური დისტანცია არ არის დაცული. მესმის, საზოგადოებრივი აქტივობა ამ შემთხვევაში აქციების ფონზე ძალიან მაღალია. ერთადერთი დაცვის საშუალება, რაც შეგვიძლია გამოვიყენოთ, არის პირბადე”

    განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1862 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

  • თავი ავარიდოთ ყოველგვარ შეკრებას, ბევრი თავყრილობებია – გამყრელიძე

    თავი ავარიდოთ ყოველგვარ შეკრებას, ბევრი თავყრილობებია – გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ყოველგვარი შეკრებებისგან.

    “ბევრი სემინარები ტარდება, ბევრი ბანაკებია, ბევრი თავყრილობებია და ამას უნდა ავერიდოთ. მაგრამ თუ ტარდება რომელიმე შეკრება, ის უნდა იყოს მხოლოდ ვაქცინირებული და წინასწარ გატესტილი ადამიანებისთვის”,– ამბობს გამყრელიძემ.

    ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ხელი შეუწყო იმან, რომ შეზღუდვები აღარ მოქმედებს და მაღალი აქტივობაა თავყრილობებზე, მიტინგებზე, ორგანიზებული სახის კონფერენციებზე.

  • ირაკლი აბსანძის თქმით, მოტეხილი ხელი სავარაუდოდ საოპერაციო აქვს

    საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეწამყვანი, ირაკლი აბსანძე აცხადებს, რომ მოტეხილი მკვლავი სავარაუდოდ საოპერაციო აქვს.

    ის გუშინ, ქართული ოცნების ოფისთან აქციაზე დააკავეს. გათავისუფლების შემდეგ მან დაწერა, რომ პოლიციამ ხელი მოტეხა. აბსანძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

    ირაკლი აბსანძემ 5 ივლისს მომხდარი ძალადობას დაგმო და მმართველი გუნდი უმოქმედობაში დაადანაშაულა. კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ირაკლი აბსანძის დაკავებას მედიის დაშინების მცდელობად აფასებს.

  • ჯანდაცვის სამინისტრო უერთდება ჯანსაღ და სამართლიან მოძრაობას ამ ქვეყანაში – გაბუნია

    “ჯანდაცვის სამინისტროს სახელით მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ღრმა მწუხარება ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალების გამო, მივუსამძიმრო მის ოჯახს, ძალიან მძიმე დანაკარგია. ჯანდაცვის სამინისტრო სრულად იზიარებს ამ დანაკარგის სიმძიმეს, ისევე როგორც უერთდება იმ ჯანსაღ და სამართლიან მოძრაობას ამ ქვეყანაში დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის. ძალიან მძიმე დღეა ამ ქვეყანაში და მე იმედი მაქვს, რომ საღი აზრი ამ ქვეყანაში ყველას მოგვცემს საშუალებას, რომ ერთიანი, კონსტრუქციული გადაწყვეტა ამ სიტუაციიდან ვნახოთ და დავუბრუნდეთ დემოკრატიული განვითარების პროცესებს, როგორც ეს ყველას მოლოდინია”

    თქვა ჯანდაცვის მინისტრმა, თამარ გაბუნიამ ლექსო ლაშქარავაზე. მანამდე ჟურნალისტებმა ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვეს.