Category: სლაიდერი

  • საქართველოში Pfizer-ის ვაქცინა ჩამოიტანეს

    საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის 28 000 დოზა შემოვიდა. ამერიკულ-გერმანული წარმოების ვაქცინაზე რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 14 ივლისის 15:00 საათიდან შეეძლებათ პორტალზე booking.moh.gov.ge, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება.

    „ამ ეტაპზე, შემოსულია 28 000 დოზა, რომელიც გაიყოფა ორნაწილად – 14 000-14 000. მოგეხსენებათ, რომ მეორე დოზა კეთდება სამი კვირის შემდეგ, ამიტომ, ყველა ადამიანს რომ გარანტირებულად შეხვდეს, ანუ პირველად აცრილს, რა თქმა უნდა, მისთვის იქნება გარანტირებული (მეორე დოზა).

    ამ ეტაპზე, ჯავშნები იქნება 18 წლის ზემოთ, მაგრამ იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება უკვე არსებობს იმაზე, რომ „ფაიზერზე“ ასაკი დაიწევა – როგორც ამ ეტაპზე ინსტრუქციით არის -16 წლის ზემოთ. მომავალ კვირაში ეს გაფორმდება მინისტრის შესაბამისი ბრძანებით და „ფაიზერის“ უკვე, მეორე პარტია რომ შემოვა ქვეყანაში ასაკი იქნება 16 წლის ზემოთ. ამ ეტაპზე „ბუკინგ ჯავშნები“ იქნება მხოლოდ 18 წლის ზემოთ. არ არის ზედა ზღვარი“. – აცხადებს გამყრელიძე.

    ამ დროისთვის Pfizer-ის ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია მოქალაქეებისთვის 18 წლის ასაკიდან. თუმცა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, Pfizer-ის შემდეგი პარტიის მიღების შემდეგ, აცრა 16 წლიდან იქნება შესაძლებელი.

  • უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყება უცოდინრობას ნიშნავს – ელისაშვილი

    უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყება უცოდინრობას ნიშნავს – განაცხადა, პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

    „უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყება უბრალოდ ღიმილისმომგვრელია ოპოზიციის მხრიდან, ელემენტარულ უცოდინრობას ნიშნავს, მათ შორის, მათემატიკის არცოდნას. უნდობლობა შეიძლება გამოაცხადო მხოლოდ უმრავლესობის ხმების მეშვეობით. ამიტომ, სხვა უფრო ეფექტურ მეთოდებზე უნდა ვიფიქროთ, მათ შორის, 5 ივლისის მოვლენებზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე და არ ვხარჯოთ დრო ფუჭად ამაო ძალისხმევაზე. ერთ- ერთი პირველი ვიქნებოდი, ვინც გამოვუცხადებდი ღარიბაშვილის მთავრობას უნდობლობას, მაგრამ არ გამოვა ეს ამბავი. ეს შედეგს ვერ მოიტანს, 76 ხმა არის საჭირო, 64 გვაქვს ოპოზიციას, ელემენტარული მათემატიკაა – 12 ხმას არ გვასესხებს „ქართული ოცნება”, არ დაგვითმობს, არც გვაჩუქებს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

  • დაისაჯოს ყველა მოძალადე! -4-მა ტელეკომპანიამ მაუწყებლობა 24 საათით შეწყვიტა

    დაისაჯოს ყველა მოძალადე!- ოთხი ტელეკომპანია, “მთავარი არხი”, “ფორმულა”, “კავკასია” და “ტვ პირველი” მაუწყებლობას 24 საათით წყვეტს.ამ დროისთვის, ოთხივე აღნიშნული ტელეკომპანიის ეკრანებზე მხოლოდ შავი ფონია გამოსახული, რომელზეც თეთრი ასოებით წერია იმ ჟურნალისტებისა და ოპერატორების სახელები და გვარები, რომლებიც 5 ივლისის მოვლენებისას დაშავდნენ.

    მანამდე კი, რეგიონული არხების წარმომადგენლებმა ეთერი გუშინ, 13 ივლისს, 15:00 საათზე, ლექსო ლაშქარავას დაკრძალვის დროს 10 წუთით გათიშეს.

  • თავის არეში უმძიმესი ტრავმებით დაზიანებული ადამიანი, რამდენიმე დღეშიც შეიძლება გარდაიცვალოს – ზურაბ გურული ლექსო ლაშქარავაზე

    ”თავის არეში უმძიმესი ტრავმებით დაზიანებული ადამიანი რამდენიმე დღის შემდეგაც შეიძლება გარდაიცვალოს” – აშშ–ში მოღვაწე ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული, ტელეკომპანია პირველის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება და შუალედური ექსპერტიზის დასკვნას ეჭვქვეშ აყენებს.

    ”საინტერესო იქნებოდა ქართული ექსპერტიზის დასკვნის წაკითხვა, თუ როგორ დაადგინეს გვამის გაკვეთით ნარკოტიკული ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილი. დარწმუნებული ვარ, ჩვეული “პროფესიონალიზმით” იქნება შედგენილი.

    ასევე ნარკანით “რეანიმაციის” პიკანტური წვრილმანებიც; მაგრამ …
    მაგრამ ამ კამათში ჩარევა სრული უაზრობაა. უაზრობაა თუნდაც იმიტომ, რომ ეს სცენარები უაზრო კამათის გასახურებლადაა შექმნილი; კამათის, რომელიც საბოლოოდ მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება; ქართული საზოგადოების “საკონტროლო პაკეტს” მიაწოდონ მოხერხებულად შექმნილი “საფუძვლიანი ეჭვი” მსხვერპლის შესახებ; ეჭვი, რომლითაც “პაკეტი” სინდისს დაიცხრობს და თავს დაირწმუნებს, რომ უდანაშაულო ოპერატორი სადისტური ძალადობის მსხვერპლი კი არ გახდა, რომელზეც პასუხისმგებელი მის მიერ არჩეული მთავრობაა, არამედ მან პრაქტიკულად თავი მოიკლა.

    მურტალოს ცნობილი ცინიკური ფილოსოფიაა: – ყველა კაცი თავად იკლავს თავს -.
    მარტივი და ბოროტი ტაქტიკა. წმინდა მილიციურ-“ნასედკური”; ციხეებში აპრობირებული. დამნაშავედ თავად მსხვერპლი გამოჰყავთ. არავითარი აზრი არა აქვს საფუძვლიან კამათს იმის შესახებ, რომ თავის ( და არამარტო ) არეში უმძიმესი ტრავმებით დაზიანებული ადამიანი რამდენიმე დღის შემდეგაც შეიძლება მოულოდნელად გარდაიცვალოს უამრავი სახიფათო მიზეზის გამო; არც იმის შესახებ, რომ ცხედარის ბარბაროსულად გატაცება და არაბუნებრივი სისწრაფით ჩატარებული “ექსპერტიზა” თავისთავად ქმნის საფუძვლიან ეჭვს; მთავარი კამათის წამოწყებაა; კამათის, რომელსაც ოფიციალურ სამთავრობო მედიაში მოხერხებულად წარმართავენ პროფესიონალი აფერისტები და დემაგოგები, ხოლო სოცქსელებში კი გაწვრთვნილი “ნასედკები”, რომლებსაც პოლიტკორექტულად ტროლ-ბოტებს უწოდებენ.

    ზუსტად ანალოგიური მეთოდიკით წარიმართა ყველა გახმაურებული მკვლელობის საქმე. საზოგადოებაში მიმდინარე პროტესტი უსასრულო კამათში გადაიზარდა და საბოლოოდ როგორ დასრულდა, ვერც კი გავიგეთ.

    – სახელმწიფოს არ გადაგატრიალებინებთ ვიღაც ნარკომანის გამო, რომელიც ზედოზირებით მოკვდა – ეს არის ის მესიჯი, ძალიან ხანმოკლე დაბნეულობის შემდეგ უცებ რომ აიტაცა “საკონტროლო პაკეტმა” და უტეხი ცინიზმით პირში ჩრის ოპონენტებს. არგუმენტები იმის შესახებ, რომ ქვეყანა პოლიციურ ჯოჯოხეთად იქცა, რომ არ არსებობს თავისუფალი სასამართლო, რომ ადამიანებს უარს ეუბნებიან კონსტიტუციით გარანტირებულ ბაზისურ უფლებებზე, რომ ქართული სახელმწიფო სეკულარიზმი ფიქციაა, რომ ფსევდორელიგიური ფანატიზმი სახელმწიფო დონეზეა წახალისებული, რომ ზიზღისა და სიძულვილის ენა რუტინულად ჟღერს უმაღლესი რანგის პოლიტიკოსთა სამეტყველო აპარატებიდან … ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია. “მურტალო” ამბობს, რომ ყველა კაცი თავად იკლავს თავს; ჰოდა ლექსომაც მოიკლა და მორჩა ბაზარი.

    სცადეთ და გაიაზრეთ ეს სიდამპლე თავისი ყველა ასპექტით. სასოწარკვეთილი შეძრწუნება მოაქვს, არა? “- წერს ზურაბ გურული.

  • წინასწარ არ ვსაუბრობთ სანქციებზე, ყურადღებით ვადევნებთ თვალს პროცესებს – სახელმწიფო დეპარტამენტი

    “წინასწარ არ ვსაუბრობთ სანქციებზე, ყურადღებით ვადევნებთ თვალს პროცესებს”- ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ამის შესახებ, ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მას საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე დაუსვეს კითხვა. პრაისმა სიტყვა, გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახის სამძიმარით დაიწყო.

    “სამძიმარს ვუცხადებთ ლექსოს ოჯახს. ყურადღებით ვადევნებთ თვალს ინფორმაციას მისი გარდაცვალების შესახებ. მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ და იმ ძალადობის დასრულებისკენ, რომელმაც უკვე შეიწირა ერთი სიცოცხლე ტრაგიკულად.

    ქართველი ჟურნალისტების უსაფრთხოება და დემოკრატიის სანდოობა საქართველოში მოითხოვს, რომ ყველა ინდივიდუალური პირი რომელიც თავს დაესხა მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებს 5 და 6 ივლისს, ასევე ისინი ვინც წააქეზა ძალადობა, იქნას იდენტიფიცირებული დაკავებული და მათ აგონ კანონის მთელი სიმკაცრით. ლიდერებს საქართველოში და სამართალდამცველ უწყებას შევახსენებთ მათ პასუხისმგებლობას, რომ დაიცვან ყველას კონსტიტუციური უფლება. შევახსენებთ მათ პასუხისმგებლობასაც, რომ დაიცვან ჟურნალისტები და მედიის თავისუფლება. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ საქართველოში ყველამ, მათ შორის ხელისუფლებამ, საჯაროდ დაგმოს ასეთი ძალადობა. მისი ადგილი არაა დემოკრატიაში.

    ჩვენ ამაყად განვაგრძობთ ძალისხმევას მსოფლიოს გარშემო, რომ დავიცვათ ლგბტქი მოსახლეობა ძალადობის, დისკრიმინაციის, კრიმინალიზაციისა და სტიგმისგან. ვცდილობთ გავაძლიეროთ ლგბტქი+ მოძრაობები და ადამიანები. ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ძალადობას ლგბტქი ჯგუფების წინააღმდეგ და ასეა ამ შემთხვევაშიც, ჩვენ ვგმობთ სასტიკ ძალადობას თქვენი ყოფილი კოლეგის მიმართ, რომელიც გარდაცვლილია.

    პრემიერ-მინისტრის მომავალს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს არის გადაწყვეტილება რომელიც ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს.

    ჩვენ გვაქვს რამდენიმე მექანიზმი მათ მიმართ ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევასა და ძალადობაში მსოფლიოს გარშემო. სანქციები ნამდვილად არის ამ მექანიზმებიდან ერთ-ერთი. როგორც იცით, წინასწარ არ ვსაუბრობთ სანქციებზე, სანამ არ შემოვიღებთ მას, მაგრამ თვალს ვადევნებთ ვითარებას დიდი ყურადღებით.

    გვინდა დავინახოთ, რომ ყველა ვინც დანაშაული ჩაიდინა, პასუხი აგოს. რაც შეეხება პოლიტიკურ აქტორებს საქართველოში, კვლავაც მოვუწოდებთ მათ, რომ საჯაროდ დაგმონ ეს ძალადობა. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, გავიმეორებ, ჩვენ მოწოდებას ზედმიწევნით გამოიძიონ ეს საქმე და შედეგად სამართლის წინაშე აგონ პასუხი ამ საშინელი დანაშაულის ჩამდენებმა” – თქვა ნედ პრაისმა.

  • სიკვდილის მიზეზზე დასკვნების გამოტანის საფუძველი ექსპერტიზას არ აქვს – გეჯაძე ლაშქარავაზე

    სიკვდილის მიზეზზე დასკვნების გამოტანის საფუძველი ექსპერტიზას არ აქვს – ასე ეხმაურება დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე, გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას და აცხადებს, რომ შუალედური ექსპერტიზის დასკვნა რომელიც შსს-მ გაასაჯაროა არ იძლევა დასკვნების გაკეთების საფუძველს.

    “მიმაჩნია, რომ მივმართო გამოძიებას ამ ექსპერტიზაში ნარკოლოგის, კლინიკური ტოქსიკოლოგისა და ნევროპათოლოგის ჩართულობის მიზანშეწონილობის თაობაზე, რადგან მოჭარბებული რაოდენობით არიან ნარკოტიკების მიმღები პირები მთლიანობაში. რომ გააჩეროთ ქუჩაში 10-დან 2-3-ს შეიძლება, ჰქონდეს, თუ 5 კომპონენტი არა, 2-3 კომპონენტი მაინც იმ ნივთიერების, რაც აღმოაჩნდა გარდაცვლილს, მაგრამ ისინი დადიან, ცხოვრობენ, მუშაობენ. სწორედ ამიტომ, მჭირდება მე ეს სპეციალისტები, რომ ერთად დავსხდეთ, ეს მონაცემები გავაანალიზოთ. თვისობრივად აღმოჩნდა ეს პრეპარატები, მაგრამ მნიშვნელობა აქვს, რა რაოდენობით იყო. ამ პრეპარატების ურთიერთდამოკიდებულებას მნიშვნელობა აქვს, ანუ აძლიერებენ თუ არა ისინი ეფექტს, ზემოქმედებას ახდენენ თუ არა უფრო მეტად ერთად აღებული სუნთქვის ფუნქციაზე, რამეთუ ამ დროს ძირითადად სიკვდილის მიზეზი არის სუნთქვის დამბლა ანუ სუნთქვის მწვავე უკმარისობა”, – განაცხადა გეჯაძემ.

  • იმედია ქართული დემოკრატია ალექსანდრესთან ერთად არ დაასაფლავეს – მუხთარლი

    აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას და 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

    “იმედები მაქვს, რომ ქართული დემოკრატია ალექსანდრესთან ერთად არ დაასაფლავეს”- აცხადებს მუხთარლი.

  • ტკივილები მაქვს თავის არეში, ჰემატომა ტვინში – დაზარალებული ფოტოგრაფი

    ინტერპრესნიუსის ფოტოგრაფს, გიორგი ნიკოლიშვილი, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივმა ჯგუფებმა სცემეს, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ნიკოლიშვილი ამბობს რომ ცემის ეპიზოდო არ ახსოვს თუმცა დაზიანებები მძიმეა.

    “სიტუაცია სტაბილურია, სტაბილურად მძიმე. ტკივილები მაქვს თავის არეში, ჰემატომა ტვინში და ეს სიტუაციაა. ინფორმაცია მაქვს, რომ დაკავებულია სამი პირი ამ საქმეზე. მათი ამოცნობა ჩემთვის შეუძლებელია, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არა მარტო ჩემს ნაწილში, არამედ ნებისმიერ ნაწილში თითოეული ჩემს კოლეგაზე მოძალადე იქნება სამართლის ფარგლებში უმკაცრესად დასჯილი”.- აცხადებს ფოტოგრაფი.

  • ეხლა დამწკრივდით და მომისმინეთ პრიმიტივო პრემიერმილისტო ღარიბაშვილო – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

    ეხლა დამწკრივდით და მომისმინეთ პრიმიტივო პრემიერმილისტო ღარიბაშვილო – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

    “ეხლა დამწკრივდით და მომისმინეთ პრიმიტივო პრემიერმილისტო ღარიბაშვილო”- ასე მიმართავს დეკანოზი ილია ჭიღლაძე მმართველი გუნდის წევრებს.

    “ეხლა დამწკრივდით და მომისმინეთ პრიმიტივო პრემიერ-მილისტო ღარიბაშვილო, მილისტო წულუკიანო, თმაგაჩეჩილო კობახიძევ და დანარჩენო მეოცნებეებო, საქართველოს დამაქცევრებო და მშვიდობიანი მოსახლეობის მჟუჟავებო, 5 ივლისის სისხლის და სხვა ბევრი ეროვნული უბედურების ჩამდენებო.

    ეკლესიის მტრობა, ანტიეკლესიური ქცევა ზაგორსკული კადრის ან ნაციხარი მეუფეების დანაშაულებრივ საქმეთა კრიტიკა არაა, პირიქით ესაა ეკლესიის გაწმენდის და გადარჩენის მცდელობა;

    ეკლესიის მტრობა და ანტიეკლესიური საქმეა ეკლესიის სწავლების და ღვთისმეტყველების უარყოფა, დამახინჯება, გაყალბება;

    ეკლესიის მტრობაა მისი ავსება კრიმინალებით და უვიცებით, კორუფციით და სხვა სიმახინჯეებით;

    ეკლესიაში დაბუდებულ ანაფორიან ავაზაკთა მხილება არათუ ეკლესიის მტრობა არაა, პირიქით ეკლესიის მოყვრობა და მოკეთეობაა”, — წერს დეკანოზი ფეისბუქგვერდზე.

  • სირცხვილი თქვენს დედებს, რომლებმაც ასეთი ჯალათები გაგზარდეს – გიგა ოთხოზორიას დედა

    “სირცხვილი თქვენს დედებს, რომლებმაც ასეთი ჯალათები გაგზარდეს”- „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს ოკუპანტების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა ეხმაურება.

    „5 ივლისიდან საკუთარ თავს ვებრძვი, ჩუმად ჩემთვის გამოვხატავ აღშფოთებას და ვეკითხები იმ “ვაი პატრიოტებს” რა გასამრჯელო მიიღეთ საქართველოს ღალატში? რაში მოიხმართ იმ თანხას, რომელიც რუსული საქმის გაკეთებაში აიღეთ. სირცხვილი და მრავალჯერ სირცხვილი თქვენ და თქვენ გამზრდელ დედებს, რომლებმაც ასეთი ჯალათები გაგზარდეს.

    მეცოდება თქვენი შვილებიც… ჩემს შვილთან და მრავალ საქართველოსთვის დაღუპულ ქართველებთან ერთად დაგტირი ღირსეულო ქართველო“, – წერს ჯულიეტა ჭანტურია