Category: სლაიდერი

  • დადასტურდა COVID-19-ის 1398 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 11 ადამიანი

    საქართველოში კორონავირუსის 1398 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 11 ადამიანი, ხოლო 1164 გამოჯანმრთელდა.

    15 ივლისის მონაცემებით ქვეყანაში:

    • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 382 734 
    • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 362 491
    • მათ შორის გარდაცვლილი – 5503 
    • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 30867, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16167, PCR ტესტით – 14700
    • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,53%, ბოლო 14 დღის – 4,21%, ბოლო 7 დღის – 4,65%
    • სულ აცრილია – 324802, დღიურად აცრილია – 7228
    • კარანტინის რეჟიმში – 55
    • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3838
    • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1065
  • არ მინდა, რომ გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი – ვახტანგ მეგრელიშვილი

    არ მინდა, რომ გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი – ვახტანგ მეგრელიშვილი

    “ხომ უნდა შეგვეძლოს ვთქვათ, რა არის ჩვენი მიზანი? არის დასჯა შს მინისტრის და ღარიბაშვილის, რაც ჩემი აზრით სრულიად უშინაარსოა, ოპოზიცია დღეს ამას ითხოვდეს სასაცილოა, ჩემი აზრით. იმიტომ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეს ადამიანები არიან მარიონეტები, ანუ ხელისუფლება არის სრულიად განსხვავებული ადამიანების ჯგუფის ხელში, ვიდრე ჩვენ ამას ვუყურებთ.

    თუ ასეთი დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას ამ ადამიანების მიმართ, რა მნიშვნელობა აქვს ღარიბაშვილი იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თუ კობახიძე ჩაანაცვლებს. შეიძლება, რომ ეს ძვირფასი თვეები, ანუ ორ-ნახევარი თვე დავხარჯოთ იმაზე, გადადგება თუ არა ღარიბაშვილი? აი, საერთოდ არ მაინტერესებს, პირიქით, არ მინდა რომ გადადგეს, ანუ მინდა რომ მშვიდად მივიდეთ 2 ოქტომბრამდე”

    განაცხადა “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში.

  • ალტ-ინფოს დამფუძნებელი შსს-ში გამოკითხვის შემდეგაც ქუჩაში ხალხის გამოყვანით იმუქრება

    პუტინისტური, ძალადობრივი პლატფორმის, ალტ-ინფოს დამფუძნებლები შსს–მ გამოკითხა. განყოფილების დატოვების შემდეგაც მათ ძალადობრივი მოწოდებები გააკეთეს.

    კონსტანტინე მორგოშია ქუჩაში ხალხის გამოყვანით დაიმუქრა.

    “არასდროს საქართველოში გეი პრაიდი არ ჩატარდება. ძალიან მალე იმაზე მეტ ხალხს ნახავთ, ვიდრე ოდესმე გინახავთ და ნებისმიერ მთავრობას, მათ შორის ამასაც, მოუწევს იმ კანონპროექტის მიღება, სადაც გეი პრაიდი კი არა, ჰეტეროსექსუალები ვერ გამოვლენ და ვერანაირი სექსუალური ორიენტაციის ადამიანი ვერ გამოვა. ჩვენ შევაგროვებთ 100 000-ს ხელმოწერას და იმას თქვენ არითმეთიკულად განახებთ,” – აცხადებს “ალტ-ინფოს” დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია.

    “ალტ-ინფო” პრორუსული პლატფორმაა, რომელიც ადამიანებს ძალადობისკენ მოუწოდებს და ჰომოფობიურ გზავნილებს ავრცელებს.

    ცნობისთვის, 5 ივლისს თბილისი პრაიდის ოფისის დარბევისთვისა და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმისთვის 21 პირია დაკავებული.

  • გადადგეს მკვლელი მთავრობა – 17 ივლისს, პარლამენტთან აქცია გაიმართება

    “გადადგეს მკვლელი მთავრობა” – 17 ივლისს, პარლამენტის წინ აქცია დაანონსდა.

    ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოება კვლავ გააპროტესტებენ 5 ივლისის მოვლენებს, როდესაც პუტინისტურმა ჯგუფებმა 53 ჟურნალისტზე იძალადეს, სასტიკი თავდასხმის შემდეგ კი 11 ივლისს, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

    “მწვავე საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად, მმართველი პარტია უტიფრად აგრძელებს რუსული ხელწერის სიძულვილის კამპანიას და უარს ამბობს აიღოს პასუხისმგებლობა 5 და 6 ივლისს, თბილისის ქუჩებში განვითარებულ მოვლენებზე.

    ამასთან ერთად, სამთავრობო პროპაგანდისტული არხების მიერ ურცხვად გრძელდება დაღუპული ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დისკრედიტაციის კამპანია, რომლის მიზანია ყალბი ინფორმაციის გავრცელების გზით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. შესაბამის უწყებებს, ამ დრომდე არ გამოუვლენიათ და არ დასჯილან კრემლისტური ჯგუფების ლიდერები, რომლებიც კვირების განმავლობაში აორგანიზებდნენ ჯგუფური ძალადობის აქტს და სხვებს თანამონაწილეობისაკენ მოუწოდებდნენ”,– აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

    მათი თქმით, ხელისუფლება ძირს უთხრის ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს და ღია ომი გამოუცხადეს მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას.

    “ეს არის ბრძოლა რუსეთსა და დასავლეთს შორის, ბრძოლა დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის. ფაქტია, რომ ხელისუფლებას აშინებს ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის უპრეცედენტო ერთიანობა. სწორედ ამიტომ, ეს პროტესტი იქნება უკომპრომისო და აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით. ივანიშვილის რეჟიმი ამ ბრძოლაში დამარცხდება! ვიკრიბებით შაბათს, 18:00 საათზე, პარლამენტის წინ. დაისაჯოს ყველა მოძალადე! გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი!”,– წერია აქციის აღწერაში.

  • კობახიძის ინფორმაციით, 19 ივლისს საქართველოს შარლ მიშელი ეწვევა

    ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციის, საქართველოში 19 ივლისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ჩამოვა.

    მისი თქმით, მიშელს ინფორმაციას მიაწვდიან 5 ივლისთან დაკავშირებით.

    “დაგეგმილია ვიზიტი, როგორც ვიცი 19, თუ 18 ივლისს აპირებს ჩამოსვლას. 5 ივლისს რაც შეეხება, შარლ მიშელს მივაწვდით სრულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა რისკები იყო მოსალოდნელი, რა რისკები იყო გათვლილი, როგორ იმოქმედეს სამართალდამცავმა ორგანოებმა. მივაწვდით ინფორმაციას, რა რეაქცია ჰქონდა სახელმწიფოს ძალადობის ჩადენის შემდეგ, კონკრეტულ დაკავებებზე და გამოძიებებზე”,– თქვა კობახიძემ.

  • 3 ტელევიზიაში შავი ფული ტრიალებს, გამოსაძიებელია, კანონის დარღვევაა – კობახიძე

    3 ტელევიზიაში შავი ფული ტრიალებს, გამოსაძიებელია, კანონის დარღვევაა – კობახიძე

    ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ კრიტიკულ 3 ტელევიზიაში “შავი ფული” ტრიალებს, რაც, მისი აზრით, გამოსაძიებელია.

    “2012 წლიდან მოყოლებული ძირითადად 3 პარტიულ ტელევიზიებზე ჯამში არის ასეულობით მილიონი ინვესტირებული და დახარჯული კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან. დღეს ისინი პასუხს სთხოვენ ამ ე.წ. მედიამენეჯერებს. ეს არის შავი ფული, გამოსაძიებელია, შავი ფული ტრიალებს ამ 3 ტელევიზიაში. მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვამტკიცო, რომ ყოველწლიურად ამ ტელევიზიებზე ათეულობით მილიონი შავი ფული იხარჯება. ერთია კანონის დარღვევა, რასაც აკეთებენ, მეორეა, რომ ესენი არიან პარტიული ტელევიზიები”,– ამბობს კობახიძე რუსთავი 2-ის ეთერში.

    მისივე განცხადებით, მედიამენეჯერები ვერ ასრულებენ “არჩევნების მოგების ან გადატრიალების დაკვეთას”, რის გამოც მათი პასუხისმგებლობა “ინვესტორის” მიმართ იზრდება.

    “ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მოხდა ამ ადამიანების სრული ლუსტრაცია. დღეს უკვე ღიად გამოდიან პოლიტიკური მესიჯებით და ღიად პოზიციონერებენ, როგორც პარტიული ტელევიზიები, ეს ძალიან კარგია”,– ირწმუნება კობახიძე.

  • მელაძემ იცოდა, რომ ლაშქარავას გარდაცვალებას ცემასთან კავშირი არ ჰქონდა – კობახიძე

    მელაძემ იცოდა, რომ ლაშქარავას გარდაცვალებას ცემასთან კავშირი არ ჰქონდა – კობახიძე

    ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციური არხების მენეჯერებს “ამორალურებსა” და “პარტიულ ლიდერებს” უწოდებს.

    მისი თქმით, ისინი ცდილობენ, საკუთარი გარდაცვლილი კოლეგის სიკვდილზე “პოლიტიკური ქულების დაწერას”.

    კობახიძე ექსპერტიზის დასკვნის გარეშე ამტკიცებს, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას მის სასტიკ ცემასთან კავშირი არ ჰქონია.

    “ნოდარ მელაძემ, მაგალითად, იმ დილითვე იცოდა, რაშიც იყო საქმე. საზოგადოებამ იცის, რაშიც იყო საქმე და ამაზე არ მინდა ყურადღების გამახვილება. ნოდარ მელაძემ იმ დილითვე იცოდა, რომ ცემის ფაქტთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა ახალგაზრდა კაცის გარდაცვალებას, შესაბამისად, მისი ქმედება იყო აბსოლუტურად ამორალური”,– ამბობს კობახიძე რუსთავი 2-ის ეთერში.

    მისივე მტკიცებით, 5 ივლისს არა 53, არამედ 6 ჟურნალისტი დაშავდა ფიზიკურად.

    “ჩვენ გვახსოვს, წინა ხელისუფლების დროს ხელისუფლება მასობრივად ძალადობდა ჟურნალისტებზე”,– აღნიშნა კობახიძემ.

  • უნდობლობის გამოცხადების პროცედურას დავიწყებთ, როცა 50 დეპუტატის ხელმოწერა გვექნება – მანჯგალაძე

    სტრატეგია აღმაშენებლის წევრი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ 50 ოპოზიციონერის ხელმოწერის შეგროვებას ცდილობენ, რომ მთავრობის უნდობლობის პროცედურა დაიწყონ. მისი თქმით, ოპოზიციის გარკვეული ჯგუფი ამ საკითხზე “ფიქრობს”.

    “ჩვენ ინიციატორები ვიყავით უნდობლობის პროცედურის გამოცხადების, მაგრამ არ არის „სტრატეგია აღმაშენებელი“ ისეთი დიდი, რომ შეგვეძლოს 50 კაცის შეგროვება. რამდენიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა დრო ითხოვა, რომ ჩამოაყალიბოს პოზიცია. როგორც კი გვექნება 50 ხელმოწერა, მაშინვე დავიწყებთ უნდობლობის პროცედურის გამოცხადებას, რაც არის კონსტიტუციური.

    50 დეპუტატის მოგროვების პრობლემა თეორიულად არ არის, მაგრამ პრაქტიკულად ჩვენ ამ წუთში 50 ხელმოწერა არ გვაქვს. ამ წუთში არის 46 დეპუტატის თანხმობა, დანარჩენები ფიქრობენ. ვადა აქვთ ხვალამდე აღებული და მოვლენებს არ დავასწრებ. მათი არგუმენტია, რომ მაინც ვერ გავიყვანთ ბოლომდე, 76-ზე”, – განაცხადა მანჯგალაძემ პალიტრანიუსის ეთერში.

    მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად 76 დეპუტატის ხმა არის საჭირო.

  • “როდის გადადგებით?” – ღარიბაშვილი კითხვას არ პასუხობს

    პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ პასუხობს კითხვას, როდის გადადგება. ეს კითხვა ზაზა გახელაძის გათავისუფლების შემდეგ, ფორმულას ჟურნალისტმა მას დაუსვა, რის შემდეგაც ღარიბაშვილმა ზურგი შეაქცა და ტერიტორია დატოვა.

    https://www.facebook.com/lado.bichashvili/videos/1693151777540485/

     

    ცნობისთვის, 5 ივლისს ძალადობის წახალისებისთვის ჟურნალისტთა კორპუსი და ოპოზიცია ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვს.

    ამ დღეს პუტინისტურმა ჯგუფებმა 53 ჟურნალისტზე იძალადეს. TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც სასტიკად გაუსწორდნენ, 11 ივლისს გარდაიცვალა.

  • მთავრობის ინტენსიური მუშაობის შედეგად, პატრიარქის, პრეზიდენტის ჩართულობით თავისუფალია – ღარიბაშვილი გახელაძეზე

    მთელი მთავრობა ვიყავით მობილიზებული ამ თვეების განმავლობაში, ჩვენ ინტენსიური მოლაპარაკებები ვაწარმოეთ და ზაზა გახელაძე თავისუფალია – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერგნეთში, ზაზა გახელაძის გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.

    „მადლობა ზაზას, პირველ რიგში, ამ გმირ კაცს, ვაჟკაცს! მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ინტენსიური მუშაობის შედეგად, ჩვენი პატრიარქის და პრეზიდენტის უშუალო ჩართულობით, მთელი მთავრობა ვიყავით მობილიზებული ამ თვეების განმავლობაში; ჩვენ ინტენსიური მოლაპარაკებები ვაწარმოეთ და ზაზა არის თავისუფალი! მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა. მადლობა პატრიარქს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, სუს-ის ხელმძღვანელობას, შინაგან საქმეთა მინისტრს, ყველას ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მადლობა მინდა ვუთხრა ამ გმირი კაცის დედას, მამას, მეუღლეს და მის შვილებს, რომლებიც ელოდებიან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.