Category: სლაიდერი

  • შესწორებულია : თქვენთვის დამოუკიდებლობის ერთი თაობა არსებობს და ამ ერთ თაობაში მანძილი თქვენს საზოგადოებებსა და ევროკავშირს შორის უპრეცედენტოდ შემცირდა- შარლ მიშელი

    “თქვენთვის დამოუკიდებლობის ერთი თაობა არსებობს და ამ ერთ თაობაში მანძილი თქვენს საზოგადოებებსა და ევროკავშირს შორის უპრეცედენტოდ შემცირდა” – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოზე, უკრაინასა და მოლდოვაზე საუბრისას განაცხადა.

    „დემოკრატიული მმართველობა არის იმის გასაღები, რომ ლიბერალური დემოკრატია სამართლის უზენაესობის, მართლმსაჯულების, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით მნიშვნელოვან აქცენტად იქცეს. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური აუცილებლობა, ეს არის აუცილებელი ფაქტორი იმ შესაძლებლობების გამოსაყენებლად, რასაც იძლევა ეს ინსტრუმენტი. ეს შეხვედრა – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ლიდერების არის იმის შესაძლებლობა, რომ აქცენტი გაკეთდეს ასოცირების პარტნიორების ტრიოს ინიციატივაზე, იმისათვის, რომ გაძლიერდეს კოორდინაცია ასოცირების პარტნიორებს შორის ბრიუსელთან. ეს კიდევ უფრო მეტად მოგვცემს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობას, უფრო ფართო დღის წესრიგზე, რაც მომავლისთვის გვაქვს დასახული. ასევე, ხაზს ვუსვამ რამდენად მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა ასოცირების პარტნიორებს შორის. და კიდევ ერთი შემოთავაზება – მოდით, დავნერგოთ სასამართლო რეფორმის კონკურენტური სამიზნე ორიენტირი და ვნახოთ როგორი მხარდაჭერა შეიძლება იქნეს მობილიზებული ამ კავშირების გასამყარებლად ევროკავშირთან.

    მიმაჩნია, რომ ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ლოკომოტივი ტრანსფორმაციის, კეთილდღეობისა და ზრდისთვის. ეს არის ასევე ძლიერი სიმბოლო ღიაობის, ურთიერთნდობისა და ჩვენი თანამშრომლობის. თქვენთვის დამოუკიდებლობის ერთი თაობა არსებობს და ამ ერთ თაობაში მანძილი თქვენს საზოგადოებებსა და ევროკავშირს შორის უპრეცედენტოდ შემცირდა. ევროკავშირი თქვენი ყველაზე ერთგული პარტნიორია მეტი დემოკრატიისთვის, მეტი სტაბილურობისთვის, მეტი კეთილდღეობისთვის და რაც მთავარია, თქვენი ქვეყნების მოსახლეობის სასარგებლოდ“ , – განაცხადა მიშელმა.

    სტატიის თავდაპირველი სათაური იყო: “ერთი თაობა არის ის მანძილი, რომელიც აშორებს თქვენს საზოგადოებას ევროკავშირის კარებს”. 

    თავდაპირველ ვერსიაში დაშვებული იყო შეცდომა, სინქრონულ თარგმანში, რომელიც გასწორებულია. 

     

  • “აქ უნდა ყოფილიყო პრემიერმინისტრის გამოსვლა” – მთავარმა არხმა კონფერენციაზე ღარიბაშვილის ნაცვლად შავი ეკრანი აჩვენა

    “აქ უნდა ყოფილიყო საქართველოს პრემიერმინისტრის გამოსვლა” – მთავრმა არხმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლის დროს კადრი და ხმა გათიშა და შავი ეკრანი აჩვენა.

    უკვე ერთ კვირაზე მეტია ჟურნალისტები და საზოგადოების ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე მოძალადეების დასჯას მოითხოვს.

  • Alt-Info-ს ვებგვერდი Facebook-მა ჩვენი შეტყობინების საფუძველზე წაშალა – ISFED

    ძალადობრივი და პრორუსული არხის, Alt-Info-ს ვებგვერდი Facebook-მა , ორგანიზაცია ”სამართლიან არჩევნების”,  შეტყობინების საფუძველზე წაშალა.ISFED- მა Facebook-ს მიმართა და Alt-Info-ს მიერ მის პლატფორმაზე გაკეთებული სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებისა და ძალადობრივი ჯგუფების მობილიზების შესახებ აცნობა.

    Facebook-ის შესაბამისი განყოფილების გადაწყვეტილებით, Alt-Info-მ Facebook-ის გამოყენების წესები და პოლიტიკა დაარღვია”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

    ძალადობრივი და პრორუსული არხი, Alf-Info Facebook-ზე 16 ივლისს აღარ იძებნებოდა, თუმცა, ამ დროისთვის მათ უკვე შექმნეს ახალი გვერდი.

  • “როდის გადადგებით?” – ჟურნალისტების კითხვა ღარიბაშვილმა უპასუხოდ დატოვა

    პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვა, თუ  როდის დატოვებს თანამდებობას, კვლავ უპასუხოდ დატოვა.  ჟურნალისტებმა ღარიბაშვილს ეს კითხვა ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე დაუსვეს. მან პასუხის გაცემას თავი რამდენჯერმე აარიდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მედიის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ მასთან მხოლოდ ეს შეკითხვა აქვთ, პრემიერმა პრესკონფერენცია შეწყვიტა და ტრიბუნა დატოვა.

  • მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოშია

    მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოშია. მოლდოვის პრეზიდენტს აეროპორტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დახვდა.

    მოუთმენლად ველი დღევანდელ დღეს ბათუმში, სადაც შევხვდები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს. 2021 წლის ბათუმის კონფერენციის ფარგლებში. განვიხილავთ, როგორ გავაძლიეროთ მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინის სამმხრივი ურთიერთობები და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალს, ერთად უფრო ძლიერები ვართ,- დაწერა მაია სანდუმ.

    როგორც ცნობილია, მაია სანდუ ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემაა – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში შეთანხმება.

    ამასთან, მოლდოვის პრეზიდენტი საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ერთობლივ შეხვედრაში.

  • თბილისში ქვეითს ავტობუსი დაეჯახა – დაზარალებულს ფეხის ამპუტირება დასჭირდა

    თბილისში ქვეითს ავტობუსი დაეჯახა – დაზარალებულს ფეხის ამპუტირება დასჭირდა

    თბილისში, ახმეტელის მეტროს მიმდებარედ ქვეითს ავტობუსი დაეჯახა. ქალს ფეხის ამპუტირება დასჭირდა.დაშავებული ქალი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს.

    კლინიკაში ამბობენ, რომ პაციენტი მათთან შოკურ მდგომარეობაში შეიყვანეს. პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ კი ამპუტირება ჩაუტარდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • მართლმსაჯულების რეფორმა შეთანხმების მთავარი ნაწილი და EU-ს დახმარების წინაპირობაა – შარლ მიშელი

    “მართლმსაჯულების რეფორმა შეთანხმების მთავარი ნაწილი და EU-ს დახმარების წინაპირობაა”- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

    „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა სრულად არ ასახავს იმ კონსულტაციების შედეგებს, რომელიც იყო საერთაშორისო პარტნიორებსა და ასევე, ადგილობრივ დაინტერესებულ ჩართულ პირებთან. ეს ნამდვილად არის დაკარგული შესაძლებლობა“, – განაცხადა მიშელმა.

  • მივაწოდე ინფორმაცია, რომ ყველა ვალდებულებას ვასრულებთ – ღარიბაშვილი მიშელთან შეხვედრის შემდეგ

    ”მივაწოდე ინფორმაცია, რომ ყველა ვალდებულებას ვასრულებთ… ოპოზიციის დიდ ნაწილს შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერია ” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

    ”ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ მიშელთან. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, მნიშვნელოვანი სტუმრები არიან ჩამოსულები, პრეზიდენტი მიშელი, უკრაინის პრეზიდენტი და მოლდოვას პრეზიდენტი. პირველ რიგში, მივაწოდე ინფორმაცია, როგორ სრულდება ნაკისრი ვალდებულებები ჩვენი მხრიდან… ჩვენი მხრიდან ყველა ვალდებულება სრულდება და შესრულდა რაც იყო გათვალისწინებული შეთანხმებაში. ვუთხარი, რომ დღემდე ოპოზიციის დიდ ნაწილს ხელი არ აქვს მოწერილი შეთანხმებაზე, რაც შემაფერხებელია… ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად მობილიზებული, რომ მოახლოებული არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად მშვიდ გარემოში” , – ამბობს ღარიბაშვილი.

  • შარლ მიშელს ვეწუწუნე „ნაცმოძრაობაზე“ და „ქართულ ოცნებაზე“ – ვახტანგ მეგრელიშვილი

    „ბატონ პრეზიდენტს, ძირითადად, ჩვენ მოვუყევით, ვეწუწუნეთ ჩვენს გაჭირვებაზე. ალბათ, ყველა პარტიამ იმ კუთხით მოვუყევით თვითონ, რაც გვაწუხებდა. საბოლოო ჯამში, ბატონი მიშელი დახმარების გაგრძელებას დაგვპირდა. მე გპირდებოდით და თქვენ შეიძლება არ გჯეროდათ, მაგრამ აქ, აი, მესამედ ვარო. გარკვეულწილად, დახმარების გაგრძელებას დაგვპირდა ისევე, როგორც დასავლეთის ნამდვილ პარტნიორს სინამდვილეში შეეფერება. პირადად მე, შემიძლია ჩემს თავზე გითხრათ. მე ვეწუწუნე ორ დიდ პარტიაზე, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და „ქართულ ოცნებაზე“, რომლებიც ერთმანეთთან ჩხუბის და პოლარიზაციის გამო საშუალებას არ გვაძლევენ, სხვებისთვის მნიშვნელოვან თემებზე ვისაუბროთ. თუმცა, არ მგონია, რომ ეს მისთვის დამალული ინფორმაცია იყო“

    ამის შესახებ, „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ევროსაბჭროს პრეზიდენთტან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

  • არასამთავრობო სექტორი და მედია შარლ მიშელს მიმართავს – რას ითხოვენ ორგანიზაციები

    სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მიმართავენ, სთხოვენ გააგრძელოს ხელისუფლების აქტიური კომუნიკაცია და გააკეთონ საჯარო განცხადებები ქვეყანაში დემოკრატიულ ჩავარდნაზე.

    “მმართველმა პარტიამ არ შეასრულა ევროკავშირისა და აშშ-ს მედიაციით 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება. ამით მან კიდევ უფრო შეარყია საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა გამოიწვია. არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ სასამართლოს არსებითი რეფორმის განხორციელებამდე შეჩერებულიყო მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურები, მმართველმა პარტიამ უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლე დაამტკიცა. “ქართულმა ოცნებამ” უგულებელყო კრიტიკა როგორც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, ასევე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მხრიდან.

    არ ჩანს პოლიტიკური ნება, რომ ძირეულად შეიცვალოს ქვეყნის საარჩევნო სისტემა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადადგომის მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობა კვლავ პრობლემურია. თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობისა და სერიოზული დარღვევების ალბათობის გამო საერთაშორისო და ადგილობრივი აქტორები ინტენსიურად უნდა დააკვირდნენ და შეისწავლონ საარჩევნო პროცესი.

    ამ თვეში დაშვებულმა ჰომოფობიურმა ძალადობამ საფუძველი შეურყია ქვეყანაში ადამიანის ძირითად უფლებებს და ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებები. საქართველოს მთავრობამ ვერ დაიცვა საკუთარი მოქალაქეები და წაახალისა ულტრამემარჯვენე ჯგუფების ძალადობა, რომლებიც აგრეთვე სარგებლობდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მხარდაჭერით. “თბილისი პრაიდის” მსვლელობა გაუქმდა, ხოლო ულტრამემარჯვენე მოძალადე ჯგუფები არასაკმარისი საპოლიციო დაცვის ფონზე, თავს დაესხნენ ჟურნალისტებს. ამ ძალადობის შედეგად ფიზიკურად დაზიანდა ათობით ჟურნალისტი, გარდაიცვალა ოპერატორი ლექსო ლაშქარავა.  საზოგადოება მძიმედ არის ტრავმირებული. აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს მედიამ და სამოქალაქო საზოგადოებამ გამოიჩინეს უპრეცედენტო სოლიდარობა და მზაობა, რომ დაიცვან ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება და თანასწორობა.

    მიუხედავად რამდენიმე პირის დაკავებისა, ძალადობის ორგანიზატორები დაუსჯელები არიან, მმართველი პარტია აგრძელებს მედიაზე თავდასხმას, კრიტიკულ მედიასაშუალებებს  კი  ბოიკოტს უცხადებს, რითაც არღვევს საქართველოს ვალდებულებებს, დაიცვას გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტები.

    დღეს, ისე როგორც არასდროს, მოველით, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ერთად დადგებიან ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის ძირითადი თავისუფლებების დასაცავად. გთხოვთ, გააგრძელოთ საქართველოს ხელისუფლებასთან აქტიური კომუნიკაცია და გააკეთოთ საჯარო განცხადებები ქვეყანაში დემოკრატიულ ჩავარდნებზე და იმუშაოთ სამოქალაქო საზოგადოებასთან იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის სვლა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ”, – წერია საერთო განცხადებაში. 

    განცხადებას ხელს აწერენე:

    1. მაუწყებელთა ალიანსი
    2. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
    3. სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
    4. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
    5. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
    6. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
    7. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
    8. საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
    9. უფლებები საქართველო
    10. ღია საზოგადოების ფონდი
    11. საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
    12. ლიბერალური აკადემია თბილისი
    13. მედიის განვითარების ფონდი
    14. მედიის უფლებები
    15. მედია კლუბი
    16. სატელევიზიო ქსელი
    17. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
    18. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
    19. ადამიანის უფლებათა ცენტრი
    20. მოძრაობა სირცხვილია
    21. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
    22. საფარი
    23. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის
    24. პენცენტრი
    25. მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი (MCERC)
    26. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
    27. მწვანე სექტორი
    28. Მთავარი არხი
    29. ფორმულა
    30. ტვ პირველი
    31. ტელეკომპანია კავკასია
    32. მედიაჰოლდინგი ჰერეთი
    33. გაზეთი ბათუმელები
    34. ნეტგაზეთი
    35. ინდიგო მედია
    36. პუბლიკა
    37. ტაბულა
    38. მედიაჰოლდინგი ქრონიკა
    39. მედია.ჯი
    40. გამომძებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”
    41. ინტერნიუსი საქართველო
    42. ღია რუსთავი.ჯი
    43. რუსთავის მედია ჯგუფი
    44. გურიის მოამბე
    45. მეტრონომ.ჯი
    46. ქუთაისი თუდეი
    47. რადიო ძველი ქალაქი
    48. Dailyunfo.ge
    49. At.ge
    50. FirtsNews.ge
    51. News Agency Expressnews
    52. ტელეკომპანია ახალი
    53. ტელეკომპანია ოდიში