Category: სლაიდერი

  • დილით თბილისში აფეთქება მოხდა -შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, დაზიანდა რამდენიმე სახლი

    წუხელ თბილისში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო, აფეთქება მოხდა.აფეთქდა 2 კომერციული ფართი და 1 საცხოვრებელი ბინა.

    საგანგებო სიტუაციების სამსახურში ადასტურებენ, რომ შემთხვევის შედეგად დაშავდა 1 ადამიანი.

    მოქალაქე ლაშა შეროზია, ვისი სახლიც დაზიანდა აფეთქების დროს, ვიდეო და ფოტომასალას ავრცელებს. შეროზია ჰყვება, რომ აფეთქებამდე ადგილზე გაზის სუნი იგრძნობოდა, ინფორმირებული იყო “თბილისი ენერჯიც”.

    “ეს არის შედეგი უპასუხისმგებლობის, უნიათობის, აღარ ვიცი რა დავარქვა ადამიანების ასეთ გაწირვას და ფეხებზე დაკიდებას.

    წუხელ ჩვენ წინ შენობა აფეთქდა, 19 წლის გოგო დაიწვა, გადარჩა საბრდნიეროდ. ამის შემდეგ, ისევ გაზის სუნი რომ იყო, სამაშველოს ვუთხარი, სუნია გაზის და გადაამოწმეთ ყველაფერი-თქო, იქედნურად ზურგი მაქცია და 114 იყო, გადაკეტა და საფრთხე აღმოფხვრილიაო. ეს სუნი გაიფანტა უბრალოდო, რის შემდეგაც იყო უდიდესი წნევით აფეთქება და ნგრევა” – წერს შეროზია.

    ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ს 240 და 240′ მუხლებით, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება

  • “გაკრიალებული რეპუტაციით“ რუსული საქმე აკეთო არ გამოვა. გამობრძანდეს არჩილ გაჩეჩილაძე, ჩვენც მოგვიყვეს იგივე, რომ ივანიშვილს თუ ვაწყენინეთ ეკონომიკა ჩამოგვენგრევა  – ნინო ჯანგირაშვილი

    ”საქართველოს ბანკის ჯგუფის აღმასრულებელი და გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე.
    მოძრაობს ძირითადად დიდ ბრიტანეთში , ხვდება პოლიტიკურ და ფინანსურ წრეებს და ცდილობს დაარწმუნოს, რომ ივანიშვილი არის საქართველოს ეკონომიკის 1/5 და მისი სანქცირება (მათ შორის მისი ახლო გარემოცვის) მთლიანად ფინანსურ სისტემაზე და ეკონომიკაზე იქონიებს მძიმე გავლენას”-  აცხადებს ამის შესახებ, ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი და ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი

    ”გასაჯაროება №1 , წყაროსგან ნებართვის მიღების შემდეგ:

    საქართველოს ბანკის ჯგუფის აღმასრულებელი და გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე.
    მოძრაობს ძირითადად დიდ ბრიტანეთში , ხვდება პოლიტიკურ და ფინანსურ წრეებს და ცდილობს დაარწმუნოს, რომ ივანიშვილი არის საქართველოს ეკონომიკის 1/5 და მისი სანქცირება (მათ შორის მისი ახლო გარემოცვის) მთლიანად ფინანსურ სისტემაზე და ეკონომიკაზე იქონიებს მძიმე გავლენას (რაღაც მონაცემებს დაატარებს ქაღალდებით),ჩამოშლის ორივეს, დასავლური ფულისთვის ჩაკეტავს საქართველოს და რუსეთის ამარა დატოვებს.

    რა თქმა უნდა, იქ არ ყვება, რამდენმა მილიარდმა რუსულმა რუბლმა გაიგრიალა საქართველოს ბანკის ანგარიშებზე ბოლო 3 წლის განმავლობაში. და არც საქართველოს ბანკის შვილობილზე ბელორუსში. თუმცა, საბედნიეროდ სამყარო მისი დავთრების იმედად არ არის.

    საქართველოს ბანკისთვის სტატუსქვო იდეალურია, და ნუ აცრემლდლებითხოლმე თუ შეიძლება მათ პატრიოტულ ვიდეორგოლებზე. ნურც ნურაფერს მოუწოდებთ პერიოდულად, აი “გადმოდი ნათელ მხარეს“ და ეგეთებს.

    ქართულ ბანკებს დასავლური წესრიგი არ სჭირდებათ. ევროპაში მათი ზემოგებები აღარ იარსებებს. ამიტომაც ლობირებენ ივანიშვილის და არა ქვეყნის სასარგებლოდ.
    ეს ადამიანები არიან დაინტერესებული მხარე. ისინი იცავენ საკუთარ კოლოსალურ მოგებას. მათთვის სულერთია, როგორი რეჟიმი იქნება ქვეყანაში, ოღონდ სტატუს-კვო არ შეიცვალოს.

    დღეს ქართული ბანკების მოგება რეკორდული და კოლოსალურია – 2024 წელს 3.1 მილიარდი. აქედან საქართველოს ბანკის მოგება – 1.5 მილიარდი, როგორიც აქამდე არ ღირსებია. თიბისის მოგება –1.2 მილიარდი. “კოლოსალური“ შეიძლება პირობითი იყოს, ამიტომ დავაზუსტებ: კოლოსალურია მათ კაპიტალთან მიმართებით და მათი მოგება სრულიად არანორმალურია ევროპული სტანდარტით. ევროკავშირის ბანკებში კაპიტალთან მიმართებით მოგება საშუალოდ 10%-ია (ზოგ ქვეყანაში 2–5%, ზოგან მეტი, გასაშუალოებული გამოდის 10).

    შედარებისთვის– ROE(Return on Equity), ანუ მოგება კაპიტალთან მიმართებაში საშუალოდ
    • საქართველო: 25–30% (Bank of Georgia 2025–ში 32%+)
    • აშშ: 10–12%
    • კანადა: 11–14%
    • ევროზონა (საშ.): ~10%
    • მაგალითად, გერმანია/საფრანგეთი/ბელგია: 2–5%
    • ესპანეთი/ნიდერლანდები: 6–7%
    • იაპონია: 3–6%
    • დიდი ბრიტანეთი: 7–10%

    რატომ არ უნდათ ქართულ ბანკებს ევროპა:
    საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ რაც უფრო მდიდარი და განვითარებულია ქვეყანა, რაც უფრო მაღალია კონკურენცია, მით უფრო დაბალია ბანკების მოგება კაპიტალთან მიმართებით. რა თქმა უნდა, რეგულაციების სიმკაცრეც ახდენს გავლენას. რაც უფრო სუსტი და ოლიგოპოლიზებულია ბაზარი, საქართველოს მსგავსად, მით უფრო მაღალია ბანკების მოგება.

    ევროპაში არის:
    1. მაღალი კონკურენცია: ბევრი ბანკი და ალტერნატიული კაპიტალის ბაზრები.
    2. მკაცრი რეგულაციები: Basel III/IV, ECB/EBA ზედამხედველობა.
    3. მაღალი სტანდარტები: კლიენტის დაცვა, შრომითი კანონმდებლობა, გადასახადები.
    4. დაბალი რისკი: სესხები მარტივად ბრუნდება, შესაბამისად პროცენტი დაბალია.

    სწორედ ამიტომ მდიდარ და განვითარებულ ქვეყნებში ბანკების ROE დაბალია. ღარიბ და ოლიგოპოლიურ ბაზრებზე — მაღალი.

    მე არ ვაღვივებ ანტისაბანკო ისტერიას. მძულს ეგ ამბავი. მაგრამ ივანიშვილის რეჟიმის ჩრდილოვან მსახურებს უნდა იცნობდეს ქვეყანა. “გაკრიალებული რეპუტაციით“ რუსული საქმე აკეთო არ გამოვა. გამობრძანდეს ღიად არჩილ გაჩეჩილაძე და საქართველოს მოსახლეობას უთხრას იგივე, რის ლობირებასაც დასავლეთში ცდილობს. ჩვენც მოგვიყვეს, რომ ივანიშვილის ხელში ვართ თურმე სამუდამოდ და მას თუ ვაწყენინეთ ეკონომიკა ჩამოგვენგრევა. გამოაცხადოს ეს ოფიციალურად მისი ბანკის პოლიტიკად.

    არ ვარ დარწმუნებული, რომ მედია ამ ინფორმაციას აიტაცებს. საქართველოს ბანკის სარეკლამო ბიუჯეტს ზოგჯერ მაგიური გავლენა აქვს. მაგრამ აქედან მაინც გავრცელდება ფართოდ. ივანიშვილის დანარჩენ ლობისტებს რაც შეეხება, ვცდილობ მათი ვინაობის გასაჯაროების უფლებაც მოვიპოვო, ვინც უფრო შტატების მიმართულებით მოძრაობენ. მე “ჩიტმა ამბავი მომიტანა“ ჟანრში არ ვმოღვაწეობ. თუ რამეს ფაქტად ვამბობ, სანდო წყაროებს ვეყრდნობი და მათ პირობებს პატივს ვცემ”.- წერს ნინო ჯანგირაშვილი.

    მანამდე, ნინო ჯანგირაშვილი, სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ სამი მსხვილი ბიზნესმენი შეერთებულ შტატებში “დაძრწის”, რათა ამერიკელ მაღალჩინოსნებს ივანიშვილის დასანქცირება გადააფიქრებინოს. 

    ”რახან უკვე ითქვა, მეც ვიტყვი: ჩემი წყაროების ინფორმაციითაც სამი მსხვილი ბიზნესმენი დაძრწის შტატებში და ირწმუნება, რომ არ დაასანქცირონ ივანიშვილი, რადგან ამით საქართველოს ეკონომიკას დიდი დარტყმა მიადგება, ვინაიდან ივანიშვილის ქონება საქართველოს მშპს მესამედია.ჯერჯერობით არ მაქვს მათი ვინაობის დასახელების უფლება, მაგრამ მინდა გავაფრთხილო: ყველა დანაშაულზე, რასაც რეჟიმი ჩაიდენს ამის შემდეგ პირადი პასუხისმგებლობა გეკისრებათ. არ იფიქროთ, რომ რამე იმალება. სიტყვასიტყვით გასაჯაროვდება თქვენი ბოდვები და მავნებლობა არცთუ ძალიან გვიან. ამ ე.წ. ბიზნესმენების ერთადერთი მოტივია სტატუსქვო შეინარჩუნონ, რუსული რუბლების გრიალით და საქართველოს რუსეთში შეტენვით მილიარდიანი მოგებები მიიღონ.

    და რაც მთავარია, ეს ე.წ. ბიზნესმენები ატყუებენ იქ ხალხს: არავითარი მშპ–ს მესამედი ივანიშვილის ქონება არ არის. არავითარი მონაწილეობა მის ფულს საქართველოს ეკონომიკაში არ აქვს. ყოველ შემთხვევაში, დადებითი. ივანიშვილი კანონებსაც კი ცვლის იმისთვის, რომ მილიონობით გადასახადები არ გადაიხადოს და ა.შ. არგუმენტი უამრავია და ძალიან მარტივია იმის დამტკიცება, რომ ივანიშვილის დესპანები ტყუიან. აქ კითხვაა: რას აკეთებს ოპოზიცია? მარტო ჯო ვილსონთან ფოტოს გადაღება ვაშინგტონში არ არის საკმარისი. ყველამ, ვისაც ეკონომიკაში კომპეტენცია და დასავლეთში კავშირები აქვს, უნდა იმუშაოს იმაზე, რომ ივანიშვილის მორიგი შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ ვერ შედგეს.

    ივანიშვილი ცდილობს ისევ მძევლად აყვანილი ქვეყნით ივაჭროს და ვისაც რა შეუძლია უნდა გააკეთოს ამის წინააღმდეგ. სხვა დეტალებს არ ვიტყვი, მაგალითად რა მესიჯებით დადიან კიდევ ვაშინგტონში ივანიშვილის მსტოვრები, თორემ თავად ქოცები გაპუტავენსიურპრიზად იყოს მათთვის. ”- დაწერა 18 სექტემბერს ნინო ჯანგირაშვილმა.

  • ლუქსემბურგში EU-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მაკა ბოჭორიშვილი არ მიიწვიეს

    “ოცნების”  საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ლუქსემბურგში დაგეგმილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დასასწრებად არ მიიწვიეს.ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.

    “საგარეო საქმეთა მინისტრები ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიდან და შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან მიწვეულნი არიან 20 ოქტომბერს ლუქსემბურგში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დასასწრებად. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიწვეული არ არის, თუმცა ქვეყანას მინისტერიალზე ელჩის დონეზე ეყოლება წარმომადგენელი.” – წერს იოზვიაკი.

  • არ მოსრიალდნენ, ფრთხილად – კალაძე ოპოზიციაზე და 4 ოქტომბრის აქციაზე

    არ მოსრიალდნენ, ფრთხილად იყვნენ […] 4 ოქტომბერს ვიზეიმებთ გამარჯვებას, ქართული ოცნება გაიმარჯვებს ყველა მუნიციპალიტეტში, გაიმარჯვებს დედაქალაქში, შენარჩუნებული იქნება მშვიდობა, სიმშვიდე და გაგრძელდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა.

    ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე ოპოზიციასა და 4 ოქტომბრის აქციაზე საუბრისას.

  • სტრასბურგმა რუსულ კანონზე სარჩელი წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო – საია

    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების მიერ რუსული კანონის საქმეზე შეტანილი სარჩელი წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო.

    განცხადება:

    რუსული კანონის” საქმეზე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს. ორგანიზაციებმა სასამართლოს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია ,,რუსული კანონის” მიღების შემდგომ გაუარესებული მდგომარეობის, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების შემზღუდველი ახალი კანონების მიღების, მათი რეპრესიული აღსრულების და სამოქალაქო ორგანიზაციების დევნის ერთიან პროცესზე, რომლის მიზანი დამოუკიდებელი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განადგურებაა.

    „რუსულ კანონზე” და მის მიერ გამოწვეულ მძიმე შედეგებზე საჩივრით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 16-მა მედია ორგანიზაციამ, 120-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ და 4-მა ფიზიკურმა პირმა 2024 წლის 17 ოქტომბერს მიმართა. სასამართლომ საქმის განხილვა უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში დაიწყო, რის შემდგომაც საქმის განხილვა ახალ ეტაპზე გადავიდა. სასამართლომ უკვე მიიღო სახელმწიფოს პასუხი საჩივართან დაკავშირებით. შემდეგ ეტაპზე იუსტიციის სამინისტროს კვლავ მოუწევს წერილობითი მოსაზრებების სასამართლოში წარდგენა და მომჩივნების წერილობით არგუმენტაციაზე პასუხის გაცემა.

    არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, ასევე ფიზიკური პირები სტრასბურგის სასამართლოში დავობენ, რომ ,,რუსული კანონი” არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ გაერთიანების თავისუფლებას (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლებას (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას (მე-8 მუხლი), დისკრიმინაციის აკრძალვის (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლების (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს (მე-18 მუხლი).

    სასამართლომ საქმე წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო. ამასთან, სასამართლოს მიერ გამოგზავნილ კორესპონდენციაში მითითებულია, რომ სასამართლომ საქმეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი შეიძლება მიანიჭოს. მსგავსი სტატუსი ენიჭება ისეთ საქმეებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევის გამორჩეულად მნიშვნელოვან საკითხებს ეხება.

    იუსტიციის სამინისტრომ საკუთარ პოზიციაში დამალა/არ მიაწოდა სასამართლოს ინფორმაცია “FARA”-ს მიღებისა და ,,გრანტების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების თაობაზე, რომლებიც სამოქალაქო სექტორის შევიწროებისა და დევნის მექანიზმებია და თავისი არსით წარმოადგენს ,,რუსული კანონით” დაწესებული შემზღუდველი რეჟიმის გაგრძელებას. ამასთან, იუსტიციის სამინისტროს მოსაზრებით ,,რუსული კანონი” არ არღვევს კონვენციით დაცულ უფლებებს.

    მომჩივნებმა სასამართლოს წარუდგინეს ინფორმაცია იმ რეპრესიული მექანიზმების და ეფექტების შესახებ, რაც ,,რუსული კანონის” ძალაში შესვლიდან დღემდე უფლებადამცველი და მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ გამოიყენება, მათ შორის, უკანასკნელ პერიოდში ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღების პროცესის შესახებ.

    საქმის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიანიშნებს ისიც, რომ მასში მესამე მხარედ ჩართვა ადამიანის უფლებების დამცველმა 8 საერთაშორისო ორგანიზაციამ/კოალიციამ 21 სუბიექტის სახელით მოითხოვა.1 ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქმის მნიშვნელობას და ხაზს უსვამს უფლებადამცველი და მედია ორგანიზაციების მიმართ იმ სისტემურ რეპრესიებს, რომლებსაც საკანონმდებლო დონეზე სათავე ,,რუსული კანონით” დაედო. საქმეში მესამე მხარის მოსაზრებები წარადგინეს, მათ შორის ვენეციის კომისიამ და ამნესთი ინთერნეშენალმა“, – ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

  • გერმანიაში საქართველოს ელჩად ალექსანდრე კარტოზია დაინიშნა

    გერმანიაში საქართველოს ელჩად ალექსანდრე კარტოზია დანიშნეს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    “ალექსანდრე კარტოზიას საჯარო სტრუქტურებში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს.სხვადასხვა წლებში (1998–2004) ის მუშაობდა განათლების მინისტრად, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორად.ალექსანდრე კარტოზია იკავებდა წამყვან აკადემიურ თანამდებობებს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში; ასევე, მუშაობდა მკვლევრად და უძღვებოდა სალექციო და სასემინარო კურსებს ბერლინის, ფრანკფურტის, ბრემენის წამყვან უნივერსიტეტებში.ალექსანდრე კარტოზიამ, როგორც მეცნიერმა და მთარგმნელმა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გერმანულ-ქართული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში.2022 წელს ის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დამსახურების ორდენით – „დამსახურების ჯვრით“ დაჯილდოვდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • NATO-ში საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დანიშნეს

    NATO-ში საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დაინიშნა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    “ირაკლი ბერაია სხვადასხვა დროს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის პოზიციებს იკავებდა.წლების განმავლობაში ირაკლი ბერია იყო საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. ასევე გახლდათ საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში.სხვადასხვა პერიოდში ირაკლი ბერაია ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დირექტორის თანამდებობებზე მსახურობდა”, – ნათქვამია  განცხადებაში.

  • გდდ-ს 4 000 თანამშრომელი ვერ მოერევა ათასობით მოქალაქეს! – წითლიძე

    საქართველოს მოქალაქეები 4 ოქტომბერს აპირებენ მშვიდობიანად იდგნენ და დაასრულონ რეჟიმი, აქციაზე მოდიან საკუთარი შვილებით, ოჯახის წევრებით, მაშინ ე.წ. ხელისუფლებამ და სპეცრაზმმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ კონსტიტუციით განსაზღვრული თავდაცვის უფლება და თავს დაიცავენ. ჩვენ არ მივცემთ შესაძლებლობას, რომ საქართველოს ერთი მოქალაქე მაინც დაჩაგროს რეჟიმმა.

    4 000 გდდ-ის თანამშრომელი, რომელსაც არანაირი მოტივაცია არ აქვს საერთოდ, განსაკუთრებით, იმ რღვევის შემდეგ, რაც ქართულ ოცნებაში ხდება, ვერ მოერევა ათასობით საქართველოს მოქალაქეს, თუ ის გაბედავს, რომ ხელი აწიოს მათზე.

    მშვიდობიანი იყო ყველა აქცია, მათ შორის დეკემბრის აქციები, რუსული კანონის დროს აქციები, როდესაც საქართველოს მოქალაქეები სასტიკად ცემეს. ლევან ხაბეიშვილი რომ გაიტაცეს და სასტიკად სცემეს, მშვიდობიანად იდგა და უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდის გადარჩენას ცდილობდა. დავით ქაცარავა მშვიდობიანად იდგა და აპროტესტებდა. გუკა როგავაც პირდაპირ ეთერში ერთვებოდა და მშვიდობიანად იდგა, როცა გდდ-ის სპეცრაზმელი მივიდა და სასიკვდილოდ გაიმეტა. ეს პრაქტიკა არის ხელისუფლების მხრიდან, მშვიდობიან მოქალაქეებს არბევს.

    კიდევ ერთხელ ვიმეორებ – თუ გადაწყვეტენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს გაუსწორდნენ და ისე სასტიკად მოექცნენ, როგორც რეჟიმი ყველა აქციის დროს იქცეოდა, მათ უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ კონსტიტუციური უფლება დაიცვან თავი.

    ამ ქვეყანაში ერთადერთი, 13 წლის განმავლობაში, თუ ვინმე ძალადობს, ეს არის რეჟიმი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ აქვს საქართველოს მოქალაქეებში, ამიტომ მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობა ჰგონია, რომ შეუძლია ასეთი ძალადობით.

    სახელმწიფო დაცვის სამსახური კი არა, სულ რომ უცხოპლანეტელები ჩამოიყვანოს 4 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოს ათასობით მოქალაქეს, რომელიც ქუჩაში იდგება, ვერ შეძლებს ვერავინ დაუპირისპირდეს. მართალი ხალხის ძალა არის ის, რასთანაც ყოველთვის წააგებს ოლიგარქი.

    განაცხადა ენმ-ის წევრმა, ანა წითლიძემ.

  • გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო

    პატიმრობაში მყოფმა, ბიზნესმენმა გიორგი ჩიკვაიძემ  შიმშილობა დაიწყო. ინფორმაციას მისი დედა, ეკა წერეთელი ავრცელებს.

    “პოლიტპატიმარმა გიორგი ჩიკვაიძემ შ ი მ შ ი ლ ო ბ ა გამოაცხადა… დღეს 23 სექტემბრს, მასზე განხორციელებული ზეწოლების გამო…

    პასუხისმგებლობა ეკისრება გლდანის მე-8 დაწესებულების ახალ დირექტორს რამაზ ფირცხალავას.

    P.,s. პოლიტპატიმრის მშობლებისადმი უდიდესი პატუვისცემის მიუხედავად, გთხოვათ, არ მოუწოდოთ შიმშილობის შეწყვეტისაკენ”, – წერს ის.

  • საფრანგეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა

    საფრანგეთმა ოფიციალურად აღიარა პალესტინის სახელმწიფო. ამის შესახებ, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა,  გაეროში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    “დადგა დრო. სწორედ ამიტომ, ჩემი ქვეყნის ისტორიული ერთგულებიდან გამომდინარე ახლო აღმოსავლეთში ისრაელებსა და პალესტინელებს შორის მშვიდობის დამყარების მიმართ, ვაცხადებ, რომ დღეს საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს,” – განაცხადა მაკრონმა.

    მანამდე, პალესტინის სახელმწიფო ასევე აღიარეს დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ავსტრალიამ და პორტუგალიამ.