Category: სლაიდერი

  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

    საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტი, რიკ დემსი სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვია. ის შეხვედრებს ორი დღის განმვალობაში, 27 და 28 ივლისს გამართავს.

    რიკ დემსი შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ მინისტრს, ასევე, საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს. შეხვედრები გაიმართება საპარლამენტო უმრავლესობასთან და ოპოზიციასთანაც.

    გარდა ამისა, დემსი ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებსაც შეხვდება.

  • წულუკიანს არ ვიკადრებ – ტორესა მოსიმ ”ლიტერას” პრემიიდან საკუთარი წიგნი მოხსნა

    წულუკიანს არ ვიკადრებ –  ლიტერატურული პრემიის, ”ლიტერას” ერთ-ერთმა კონკურსანტმა, ტორესა მოსიმ საკუთარი წიგნი, ორდროშობანა კონკურსიდან მოხსნა. მისი თქმით, კულტურის სამინისტროს დაფინანსებულ ნებისმიერ პროექტში მონაწილეობაზე უარს აცხადებს და სანამ კულტურის მინისტრი თეა წულუკიანია, ის უწყებას ბოიკოტს უცხადებს

    “გრძელ სიაში ჩემი ორდროშობანაცაა, თუმცა როგორც უკვე განვაცხადე უარს ვამბობ კულტურის სამინისტროს დაფინანსებულ ნებისმიერ პროექტში მონაწილეობაზე. უკვე ველაპარაკე ჩემ გამომცემელს და შესაბამისად, ორდროშობანა მოიხსნება ლიტერადან.

    წულუკიანს არ ვიკადრებ მე. სანამ ეგ ქალია კულტურის მინისტრი სრულ ბოიკოტში ვიქნები მაგ უწყებასთან.”- წერს ტორესა მოსი.
  • რესპუბლიკური პარტია მხარს დაუჭერს მერობის რომელიმე ოპოზიციურ კანდიდატს – სამნიძე

    რესპუბლიკური პარტია თბილისის მერობის კანდიდატს არ დააყენებდეს და რომელიმე ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭერს მხარს. ამის შესახებ ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

    „არიან ამომრჩევლები, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ სხვა მერობის კანდიდატს, კარგი იქნება, რომ იყოს კიდევ მერობის კანდიდატი, მაგრამ ამ ეტაპზე არ არის კანდიდატი, რომელიც ალტერნატიულ როლს შეასრულებს.

    რესბულიკური პარტია თავის კანდიდატს არ დაასახელებს. თუ რაიმე ერთობა შედგა, ისევე როგორც ნიკა მელიას ერთობა შეიქმნა, იქნება კანდიდატი, თუ არ იქნება, ეს ნიშნავს, რომ მხარს ვუჭერთ რომელიმე ოპოზიციურ კანდიდატს”,– ამბობს სამნიძე პალიტრანიუსის ეთერში.

    მანვე აღნიშნა, რომ ყველაფერი რამდენიმე დღეში გაირკვევა.

  • სტრატეგია აღმაშენებელმა კანდიდატი რომ წამოაყენოს, 2%-სთვის უნდა იბრძოლოს – მელია

    სტრატეგია აღმაშენებელმა კანდიდატი რომ წამოაყენოს, 2%-სთვის უნდა იბრძოლოს – მელია

    პარტია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ამბობს, რომ თუ ნებისმიერი სხვა ოპოზიციური პარტია თბილისის მერობის კანდიდატს დააყენებს, ამას საზოგადოება ობიექტურად შეაფასებს.

    მისი თქმით, ნათელი იქნება, რომ ის გამარჯვებისთვის არ იბრძვის, მაგალითად კი სტრატეგია აღმაშენებელი მოჰყავს.

    “ნათელი იქნება, რომ ეს ადამიანი, ვინც დადგება, არ იბრძვის გამარჯვებისთვის. სტრატეგია აღმაშენებელმა ახლა მერობის კანდიდატურა რომ წამოაყენოს, ხომ ნათელი იქნება, რომ ის ვერ იქნება ჩვენი კონკურენტი, 2%-სთვის ბრძოლაში უნდა შევიდეს, ეს ჩვენ ხელს ვერ შეგვიშლის. თუკი რამეზე ვდარდობ, ის ჯგუფები დაზიანდებიან, რომლებიც ამ საერთო ოპოზიციურ მოძრაობას არ შეუერთდებიან, რომელიც უზრუნველყოფს არამხოლოდ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებას, არამედ ეს იქნება დასაწყისი კანონიერად ხელისუფლების ცვლილებებისა”,– ამბობს ნიკა მელია.

    ნიკა მელია ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატია, ელენე ხოშტარია კი საკრებულოს თავმჯდომარეობის. მათ მხარს უჭერენ ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, გირჩი – მეტი თავისუფლება და “დროა”.

     

     

  • ჩვენი გაერთიანება არაა შერწყმა, ურთიერთკონტროლის პრინციპია – ხოშტარია

    ოპოზიციიდან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების საერთო კანდიდატებზე შეთანხმება შერწყმა არ არის, მისი თქმით, ეს ურთიერთკონტროლის პრინციპია.

    “საკრებულოში ყველა ცალ-ცალკე სიით გავდივართ ჩვენი გაერთიანება არაა შერწყმა, არავითარ შემთხვევაში. ეს იქნებოდა საზოგადოების მოტყუება და სამომავლოდ იქნებოდა საშიში. ჩვენ ერთი ძალა ძალაუფლებაში არ გვჭირდება. კარგი მმართველობის პირობებშიც კი მონოლითურმა ძალაუფლებამ გააფუჭა საქმე ამ ქვეყანაში. ურთიერთკონტროლის პრინციპს ვთავაზობთ ერთმანეთს.

    საკრებულო და მერია – ეს პატარა მოდელია. მე ჩემი სიით გავდივარ, გირჩი საკუთარი სიით, ევროპული საქართველო საკუთარი სიით… ყველას აქვს არჩევანი, ის გამა აირჩიოს, რომლისაც უფრო სჯერა. უბრალოდ, ვამბობთ, რომ გამარჯვებისთვის და სამომავლო წესრიგისთვის, აი, ამ მერობის კანდიდატზე ვთანხმდებით, ეს გუნდი კი თანხმდება, რომ ელენე ხოშტარია, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი პროცენტით გავა, იქნება საკრებულოს თავმჯდომარე”,– აცხადებს ელენე ხოშტარია ფორმულასთან საუბრისას.

  • დიდუბეში კაცს მატარებელი დაეჯახა

    თბილისში, დიდუბეში ახალგაზრდა კაცს მატარებელი დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, კაცს მატარებელი ლიანდაგზე გადასვლის დროს დაეჯახა.

    ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.

  • წულუკიანი მახსენებს 90-იანების საძმოს წევრ ქალს, რომელიც ყველაფრის მკადრებელი იყო – მელია

    “ქალბატონი წულუკიანი მახსენებს, ქალბატონებს, რომლებიც 90-იან წლებში ძალიან მძიმე როლს ასრულებდნენ ხოლმე საძმოების ფარგლებში. 90-იანი წლები ძალიან მძიმე იყო – იყო სხვადასხვა უბნებში სხვადასხვა საძმოები, თითო საძმოს ყავდა თავისი ქალი წევრი, რომელიც ყველაფრის მკადრებელი იყო და ხშირ შემთხვევაში საფუძველი იყო დაჯგუფებებს შორის შეტაკებისა. ამ შეგრძნებებს მიღვივებს ეს ქალბატონი. ქალბატონი, რომელიც პირდაპირ ეთერში უბრალოდ ძალადობს.

    აუცილებელია, რომ რომელიღაცა ქუჩის ტროტუარზე ჩამომჯდარი იჯდეს ადამიანი და ისე სჩადიოდეს დანაშაულს?! სენაკის თეატრში სავარძელში იჯდები და ისე ჩაიდენ დანაშაულს რაც ვიხილეთ, თუ უბრალოდ სადღაცას ლოტკინზე, ღამე ჩადიხარ დანაშაულს, რა მნიშვნელობა აქვს?! კულტურის მინისტრმა თქვა, რომ რადგან ჩვენ ქვეყანაში უმრავლესობით ვართ წარმოდგენილი, შეგვიძლია ვიძალადოთ”

    თქვა თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ფორმულას ეთერში.

  • 2022-დან მოპედის სამართავად მართვის მოწმობა იქნება საჭირო – კანონპროექტი

    შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი წარადგინა, რომლის მიხედვით, 2022 წლიდან მოპედების დარეგისტრირება სავალდებულო იქნება.

    დარახველიძის განმარტებით, სავალდებულო იქნება მოპედის მართვის მოწმობის აღებაც. ამისთვის დაემატება მართვის მოწმობის AM კატეგორია. მოქალაქეებს მისი აღება 16 წლიდან შეეძლებათ. ასევე დამატებული იქნება A2 კატეგორიის მართვის მოწმობაც, რომელიც გულისხმობს საშუალო სიმძლავრის მოტოციკლის ტარების უფლებას. A2 კატეგორიის მოწმობის აღება შესაძლებელი 18 წლიდან იქნება.

    “მოგეხსენებათ, მოპედის მართვისთვის სპეციალური მართვის მოწმობა საჭირო არაა. ნებისმიერ პირს შეუძლია შეიძნოს მოპედი და მართოს. მხოლოდ რამდენიმე რეგულაცია ვრცელდება, ჩაფხუტის ხმარებასთან და ნასვამ მდგომარეობაში მართვასთან დაკავშირებული. თუმცა სხვა ტიპის რეგულაციები მოპედებზე არ გვხვდება. წარმოდეგენილი კანონით, დირექტივის შესაბამისად ხდება ახალი კატეგორიის AM-ის დამატება. ამ კატეგორიაში გავა ყველა მოპედი, გარდა ამისა ემატება A2 კატეგორია – საშუალო სიმძლავრის მოტოციკლები. დღეს ეს A კატეგორიაში გადის და დირექტივის მოთხოვნით ცალკე კატეგორია ემატება.

    მოპედების მართვის საშუალება ექნებათ მათ, ვისაც შეუსრულდათ 16 წელი, ჩააბარებენ შესაბამის გამოცდას და აიღებენ მართვის მოწმობას. მათთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული გარკვეული შეღავათებიც იქნება. რაც შეეხება A2 ქვეკატეგორიას, საშუალო სიმძლავრის მოტოციკლის მართვა 18 წლიდან იქნება შესაძლებელი” – თქვა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

     

  • კალაძეს და მელია-ხოშტარიას ტანდემს ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება – ელისაშვილი

    ალეკო ელისაშვილის თქმით, პარტია “მოქალაქეეებს” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატი არ ეყოლებათ.

    მისივე განცხადებით, ისინი არც კალაძეს დაუჭერენ მხარს და არც მელია-ხოშტარიას.

    “ჩვენ ამ არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ როგორც პარტია, თბილისში, ძირითად რაიონებში გვეყოლება მაჟორიტარობის კანდიდატები და ჩვენ პარტიული სიით მივიღებთ მონაწილეობას. ღრმად ვარ დარწმუნებული, სოლიდურად ვიქნებით თბილისის საკრებულოში წარმოდგენილი. დღეს ვინც დასახელებულია მერობის კანდიდატებად, არცერთს ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება. პირველ რიგში, გამორიცხულია, რომ კალაძეს ჰქონდეს ჩვენი მხარდაჭერა და რა თქმა უნდა, ასევე მელია-ხოშტარიას ტანდემს”,– განაცხადა ელისაშვილმა.

  • ხობში სპორტსმენები პოლიციელებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

    ხობში სპორტსმენებმა პოლიციელებს სცემეს. დაკავებულია ოთხი ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორისაა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი, ნუგზარ წურწუმია.

    არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ სპორტსმენებთან განყოფილების თანამშრომლები მივიდნენ და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, რაზეც ისინი გაღიზიანდნენ. მათ პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

    დაკავებულები ფოთის პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი, მათ ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.

    მომხდარზე დაკავებული 4 პირიდან ორ მათგანთან მიმართებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით (პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა) მიმდინარეობს, ხოლო დანარჩენ ორზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) დაიწყო.