Category: სლაიდერი

  • რიგგარეშე არჩევნები არ არის, ოცნება ხელისუფლებაშია, გისამძიმრებთ! – წულუკიანი ჟურნალისტებს

    “სად არის რიგგარეშე არჩევნები? – არ არის, გილოცავთ ყველას. კარგია მეორე ტური, ოპოზიციას ისღა დარჩენია, რამდენიმე ადგილას მონაწილეობა მიიღოს. სად არის საპროტესტო აქციები და რევოლუცია? რატომ არის ღარიბაშვილი პრეზიდენტი? რიგგარეშე არჩევნები არ არის, ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერიმინისტრია, ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში, ამას გისამძიმრებთ. მივესალმები იმ უპრეცედენტო ძალისხმევას, რომელმაც ცესკომ გაწია და თქვენ გაგაჩუმათ”

    განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე.

  • ღარიბაშვილმა თქვა, მიშას მუხლებს დავუმატებთო – პოლიტიკური მართმსაჯულებაა – დეკანოიძე

    ქუთაისის მერობის კანდიდატი, ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ეხმიანება პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც სააკაშვილზე თქვა, რომ “წესიერად მოიქცეს”, “თორემ მუხლებს” დაუმატებენ.

    დეკანოიძის შეფასებით, ეს პოლიტიკური მართლმსაჯულებაა.

    “ღარიბაშვილის განცხადება გუშინ:
    – მიშა პოლიტიკურად აქტიურია და ამიტომ ვიყენებთ მართმსაჯულებას მის წინააღმდეგ;
    – თუ მიშა და ენმ პოლიტიკურად იაქტიურებს – მუხლებს კიდევ დავუმატებთ.
    ეს ნიშნავს პირდაპირ პოლიტიკურ მართმსაჯულებას. ასე თქვა ზუსტად”,– წერს ხატია დეკანოიძე.

     

  • ლაგოდეხში, სახლის ეზოში ორი ხელყუმბარა შეაგდეს – ერთი აფეთქდა

    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისსოფელ კაბალში, იმზარ მამედოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში ორი ხელყუმბარა შეაგდეს. არსებული ინფორმაციით, ორიდან ერთი ხელყუმბარა აფეთქდა და ეზოში მდგომი ავტომანქანა დააზიანა. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

    შემთხვევა, გამთენიისას მოხდა. ადგილზე სამართალდამცავების მობილიზაციაა.

    სოფელ კაბალში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, საცხოვრებელი სახლის ეზოში ხელყუმბარის შეგდების ეს უკვე მეორე შემთხვევაა.

    გავრცელებული ცნობით, კონფლიქტი ბიზნეს წილების გადანაწილებას უკავშირდება.

  • COVID-19-ს ემსხვერპლა 30 ადამიანი, დადასტურდა 867 ახალი შემთხვევა

    საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 867 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 30 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 1877 გამოჯანმრთელდა.

    დღე-ღამეში 16 066 ტესტი და 4 124 აცრა გაკეთდა.

  • დღეს დილით ხელისუფლებაში უნდა ყოფილიყვნენ და არ ჩანან რაღაც – წულუკიანი

     ქართული ოცნება, როგორც პარტია, გამარჯვებულია და ბევრად მეტი ხმა აქვს, ვიდრე ოპოზიციის მიერ გამოგონილი და გარედან ბეჭედდასმული 43 პროცენტი იყო;

    შესაბამისად, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხი საბოლოოდ მოხსნილია დღის წესრიგიდან;
    – არეულობისა და რევოლუციის სცენარი ჩაფლავებულია;

    დესტრუქციული ოპოზიციის დამნაშავე ბელადი ციხეშია, რუსთაველზე რევოლუციისა და სამოქალაქო დაპირისპირების ორგანიზატორობის ნაცვლად;

    უფრო მეტიც, ციხეში მყოფი ფიურერი აღფრთოვანებულია, რომ ზოგიერთ ადგილას მაინც ოპოზიცია მეორე ტურში გადავიდა და სისხლიანი რევოლუცია ჩაფლავდა (უცნაურია მისგან, მაგრამ ასე გვაუწყებენ მისი მეგობრები);

    – დღეს დილით ხელისუფლებაში უნდა ყოფილიყვნენ და არ ჩანან რაღაც;

    – ოცნების გუშინდელი პარტიული შედეგი (აღარაფერი რომ არ ვთქვათ გამარჯვებული მერებისა და მაჟორიტარების ოდენობაზე), აჩვენებს, რომ შარშანდელი არჩევნების სიყალბეზე საუბარი იყო უცხოელების თავის მოსაწონებლად ოპოზიციის მიერ გამოგონილი მითი;

    მოკლედ… ეხლა ბიდონი აიღეთ და იბრძოლეთ მეორე ტურებში გასამარჯვებლად, სადაც აუცილებლად დამარცხდებით. ეს შემოგითვალათ გუშინ იმ აღფრთოვანებულმა კაცმა ციხიდან, რომლის დანაშაულებზეც იდექით მთელი ცხოვრება. დანებდითო? ჰოდა, კარგიაო, გითხრათ.

    P.S. ბელადმა, მომწონს აქაურობაო, კარგად უმუშავია ქართულ ოცნებას ციხეებში პირობების გასაუმჯობესებლადო და დუბინკებით კი არ მომიწყვეს დერეფანში ე.წ. მიღება, არამედ სელფი გადაიღეს ჩემთან ერთადო (რავა მოუხდა სამშობლოს ჰავა, რაც ჩამოვიდა, სუ აღფრთოვანებული და გაღიმებულია). ჰოდა, ახლა ორი კითხვა:

    1. ქართული ოცნების მიერ შექმნილ ქართულ ციხეში ტელევიზორი ფუფუნება არაა, ყველას აქვს. პატიმარმა თავად უნდა შეიტანოს თავის საკანში, როგორიც უნდა ისეთი, და როცა სახლში წავა, თან წაიღებს (ვგულისხმობ, რომ მიშასნაირებს მიაქვთ ხოლმე). და უყიდეთ? შეუგზავნეთ? ჯერ არა? აჰ. გასაგებია, გირჩევნიათ, რომ თქვენ მიერ მოყოლილი ამბების მიხედვით არეგულიროთ მისი აღფრთოვანება. ასე ჯობს მართლაც, მისთვისაც და თქვენთვისაც.

    2. ქართული ოცნების მიერ შექმნილ ქართულ ციხეში ასევე შეიძლება კომპიუტერის ქონა, თუ დაასაბუთებს, რომ სჭირდება (მემუარების წერა თუ გადაწყვიტა, მაგალითად), მაგრამ მკაცრად აკრძალულია ინტერნეტი და ტელეფონი. მაშ, ვინ წერს ამ პოსტებს სოციალურ ქსელებში ბელადის სახელით? თქვენვე წერთ? თუ, გიკარნახებთ ხოლმე შეხვედრისას აზრს და მერე ლამაზ ფორმულირებებსა და შეძახილებს თქვენ არეგულირებთ? გმადლობთ, ყველაფერი გასაგებია.
    თქვენი სათამაშო რომ გახდა ეს ამოტოლა ბელადი, მარტო ეგ გეყოფათ საბოლოო კრახად”

    წერს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე.

  • ახლა პოლიტიკური ალიანსების ჩამოყალიბების დროა – აშშ-ს საელჩო

    აშშ-ს საელჩო მოუწოდებს პარლამენტს, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებს, კეთილსინდისიერად შეუდგნენ საქართველოს საარჩევნო სისტემის თანმიმდევრულად გაძლიერებას, განახორციელონ ძირითადი რეფორმები, მათ შორის სასამართლო რეფორმა რეკომენდებული ოდირის, ვენეციის კომისიისა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მიერ და მიიღონ კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს ყველა მომავალი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციულობას, რისი პირობაც გაცემულია.

    “რეფორმების პროცესი უნდა განხორციელდეს მოქალაქეთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით. ახლა, პარტიათა პოლიტიკური ალიანსების ჩამოყალიბების დროა, რათა დაუყოვნებლივ გადაიჭრას საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. წარსულის მსგავსად, საქართველო სიმტკიცითა და გამბედაობით უნდა გაუმკლავდეს გამოწვევებს დემოკრატიის აღმშენებლობის გზაზე. თითოეული არჩევნები დემოკრატიული პროცესის გაძლიერებისა და გაუმჯობესების შანსია.

    2 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა გამოიყენეს ხმის მიცემის, საკუთარი მოსაზრების მკაფიოდ დაფიქსირებისა და მათი პოლიტიკური ლიდერების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი უფლება”,– წერია განცხადებაში.

    საელჩო მოუწოდებს ყველა პარტიას, პოლიტიკური სიტუაციის პოლარიზაციისგან თავი შეიკავონ.

    “მეორე ტური არის შესაძლებლობა, რომ გაუმჯობესდეს პროცესი და ჩატარდეს ორგანიზებული, კონკურენტული მეორე ტური, რომლის მიმართაც საქართველოს მოქალაქეებს სრული ნდობა ექნებათ. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგას ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას ძლიერი დემოკრატიის, წარმატებული ეკონომიკისა და უსაფრთხო სტაბილური ქვეყნის მშენებლობის საქმეში”,– აცხადებს საელჩო.

  • ამომრჩევლები იმსახურებენ სამართლიანობის უფრო მაღალ სტანდარტს – აშშ-ს საელჩო

    აშშ-ს საელჩოს განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ არჩევნები ტექნიკურად კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ [საარჩევნო] გარემო დაზიანებული იყო ფართოდ გავრცელებული და განმეორებითი საჩივრებით დაშინების, ხმების მოსყიდვის, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლის, მოქალაქე დამკვირვებლების პარტიის წარმომადგენლებად არასათანადო გამოყენების, არათანაბარი სამოქმედო პირობების შესახებ, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდშიც.

    “მაშინ როცა ამომრჩევლებს ჰქონდათ შესაძლებლობა ძირითადად მშვიდ გარემოში მიეცათ ხმა 2 ოქტომბერს, საარჩევნო პროცესი უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ არჩევნების დღე. ჩვენ ვიზიარებთ ოდირის წუხილს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პოლარიზებული მედიაგარემო, რესურსების მნიშვნელოვანი დისბალანსი, კამპანიის ფინანსებზე არასაკმარისი ზედამხედველობა, ქალთა ნაკლები წარმომადგენლობა კამპანიაში, ცნობები ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენებისა და ჟურნალისტებზე ზეწოლის შესახებ.

    ჩვენ ვაფასებთ ადგილობრივ საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, განსაკუთრებით „ისფედს”, „საიას”, „მრავალფეროვან საქართველოსა”, და „საერთაშორისო გამჭვირვალობას”, საზოგადოებისთვის საფუძვლიანი და დაბალანსებული შეფასებებისა და სანდო ინფორმაციის მიწოდებისთვის კამპანიის პერიოდში და არჩევნების დღეს. მათმა მნიშვნელოვანმა წვლილმა დროთა განმავლობაში გააუმჯობესა საარჩევნო პროცესი. ჩვენ შეწუხებული ვართ ცნობებით, რომ ამ პატივსაცემ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს ექმნებოდათ დაბრკოლებები არჩევნების დაკვირვების პროცესში”,– აცხადებს აშშ-ს საელჩო.

    მათივე თქმით, სახელმწიფოსა და პარტიულ რესურსებს შორის წაშლილი ზღვარი ღრმად შემაშფოთებელია.

    “ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენების შესახებ მნიშვნელოვანმა ცნობებმა წარმოშვა ეჭვი არჩევნების ზოგადი სამართლიანობის შესახებ. ბევრ ქალაქსა და სოფელში მასწავლებლების, სამართალდამცველებისა და საჯარო სექტორის თანამშრომლების მიმართ ზეწოლამ, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხელი შეუშალა მათ თავისუფალი არჩევანის გამოხატვაში არჩევნების დღეს.

    ასეთი ტიპის დარღვევებს ხშირად ჰქონია ადგილი საქართველოს არჩევნებში, რაც სრულად შეუთავსებელია საქართველოს ევროატლანტიკურ იდეალებთან. არსებობს სახიფათო რისკი, რომ ეს და სხვა განმეორებადი ხასიათის საარჩევნო დარღვევები გარდაუვალი გახდეს. საქართველოში ამომრჩევლები იმსახურებენ საარჩევნო პროცესის სამართლიანობის უფრო მაღალ სტანდარტს”,– წერია საელჩოს განცხადებაში.

  • ჩამოვაყალიბებთ ჩრდილოვან ქალაქის მთავრობას, ყველა ძირითადი პარტია ჩაერთვება – მელია

    “ჩამოვაყალიბებთ ჩრდილოვან ქალაქის მთავრობას, ყველა ძირითადი პარტია ჩაერთვება”- ამის შესახებ, თბილისის მერობის ოპოზიციურმა კანდიდატმა და ენმ-ის თავჯდომარემ, ნიკა მელიამ  “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა. როგორც მელია აცხადებს, მეორე ტურის საარჩევნო კამპანიაში სხვადასხვა პარტიების წევრები ჩაერთვებიან, სხვა პარტიის წევრებთან კონსულტაციები კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში გაიმართება.

    “ჩვენ არ ვაპირებთ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ დავაკომპლექტოთ. ეს უნდა იყოს სამართლიანად გადანაწილებული, ყველა ძირითად პარტიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ წილი ჩადოს იმ გამარჯვებაში, რომელსაც ჩვენ მივაღწევთ და მოვუტანთ ამ ქალაქს 30 ოქტომბერს. ამიტომ, მე ვთავაზობ და უახლოეს დღეებში, ეს კონსულტაციები გაიმართება, ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ამ ჩრდილოვან ქალაქის მთავრობას და მერე უკვე გვექნება პრეზენტაცია, სადაც საზოგადოებაც დარწმუნდება იმაში, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვსაუბრობთ, არამედ საქმესაც ვაკეთებთ და ვგულისხმობთ იმას, რასაც ვამბობთ”,-განაცხადა ნიკა მელიამ.

  • ნებისმიერი ადამიანი პლანეტის ზურგზე რომ ჩამოვიდეს, გვთხოვოს, სააკაშვილის გამომშვები არ ვართ – ღარიბაშვილი

    ”სააკაშვილს დაემატა მეხუთე საქმე, საზღვრის უკანონო კვეთა, ეს ხუთ წლამდე საქმეა. ნებისმიერი ადამიანი პლანეტის ზურგზე რომ ჩამოვიდეს, გვთხოვოს, გვითხრას, მოგვიწოდოს, სააკაშვილის გამომშვები დღეს ხელისუფლებაში არც ერთი არ არის”

    განაცხადა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა “იმედის” ეთერში.

  • მთავრობას სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ – ECR

    ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი(ECR), “ქართულ ოცნებას” საქართველოს  ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ “პოლიტიკური რევანში” არ არის ის გზა, რომელსაც ხელისუფლება უნდა ირჩევდეს.

    “მიხეილ სააკაშვილს სრული უფლება ჰქონდა, დაბრუნებულიყო ქვეყანაში. მის წინააღმდეგ მმართველი პარტიის ბრალდებები უსაფუძვლოა. მოსახლეობას თავისუფლად უნდა შეეძლოს არჩევანის გაკეთება. პოლიტიკური ლიდერები თავისუფლად უნდა დებატობდნენ პოლიტიკურ საკითხებზე და არა ციხიდან გამოგზავნილი წერილებით.

    მიხეილ სააკაშვილს შთამბეჭდავი მიღწევები აქვს, როგორც საქართველოს რეფორმატორის, რომელმაც ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე დააყენა. ნათელია, რომ მიხეილ სააკაშვილის პრო-ევროპულ და პრო-ტრანსატლანტიკურ პოზიციას  საქართველოში ავტორიტარული რუსეთის შეჭრა მოჰყვა, რომელიც შეეცადა, გაენადგურებინა დემოკრატიული გაზაფხული ამ ქვეყანაში.

    ECR-ის ჯგუფი შეგახსენებთ იმასაც, რომ მიხეილ სააკაშვილმა ძალაუფლება მშვიდობიანად დათმო და ეს იყო პირველი შემთხვევა პოსტ-საბჭოურ საქართველოში. ჩვენ ძლიერ გვწამს, რომ პოლიტიკური რევანში არ არის ის გზა, რასაც მმართველი პარტია უნდა ირჩევდეს განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სააკაშვილის მთავრობის სხვა ოფიციალური პირების შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილებების შემდეგ, რომლებიც  პოლიტიკურად მოტივირებულად შეფასდა.

    ECR ხელისუფლებას მოუწოდებს, რათა მოუხსნან ბრალდებები სააკაშვილს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ პატიმრობიდან”. – წერია განცხადებაში.