Category: სლაიდერი

  • ქართველმა ხალხმა მყარი უარი უთხრა მოძალადეებსა და მოღალატეებს – კობახიძე

    “პოლარიზაციისა და ღალატის პირობებში მყარი ლეგიტიმაციის მიღება ცხადყოფს ქართველი ამომრჩევლის ნებას, გაგრძელდეს განვითარება, შენარჩუნდეს მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში. ქართველმა ხალხმა მყარი უარი უთხრა მოძალადეებსა და მოღალატეებს და ქვეყნის შეუქცევად განვითარებას დაუჭირა მხარი. 30 ოქტომბერს ეს რეფერენდუმი ბოლომდეა მისაყვანი. მას შემდეგ რაც მეორე ტურშიც კიდევ ერთხელ გავიმარჯვებთ, მომდევნო 3 წლის განმავლობაში ჩვენ მოგვეცემა ქვეყანაზე მშვიდად ზრუნვის შესაძლებლობა”

    თქვა ქართული ოცნების ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.

  • ქვეყნის მასშტაბით ოცნებამ 1 331 მანდატი მოიპოვა, ენმ-მ 502 – კობახიძე

    ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დასახელა მანდატების რაოდენობა, რომელიც პარტიებმა მიიღეს ადგილობრივ არჩევნებზე. მისი თქმით, ქართულმა ოცნებამ მანდატების 66% მიიღო, ნაციონალურმა მოძრაობამ კი 25%, ყველა სხვა პარტიამ ერთად– 9%.

    2 068 მანდატი ქვეყნის მასშტაბით ასე განაწილდა:

    • ქართული ოცნება – 1 331
    • ნაციონალური მოძრაობა – 502
    • საქართველოსთვის – 109
    • ლელო – 24
    • ევროპული საქართველო – 18
    • მესამე ძალა – 8
    • ერთიანი საქართველოსთვის – 6
    • პატრიოტთა ალიანსი – 5
    • ევროპული სოციალისტები – 4
    • ლეიბორისტული პარტია – 3
    • სახალხო პარტია – 3
    • პროგრესი და თავისუფლება – 2
    • ანა დოლიძე ხალხისთვის – 2
    • მოქალაქეები – 1
    • გირჩი – 1
    • გირჩი-მეტი თავისუფლება – 1
    • დამოუკიდებელი კანდიდატები – 2

    ცნობისთვის, 30 ოქტომბერს ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური ხუთივე თვითმმართველ ქალაქში და 15 მუნიციპალიტეტში ჩატარდება.

  • სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დანაშაულის დაფარვის გამო კიდევ ორი პირია დაკავებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა.

    “დაკავებულია კიდევ ორი პირი დანაშაულის დაფარვის ფაქტზე, რის შესახებაც საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. თავად მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის შემოსვლის მარშრუტი არის გამოძიებისთვის ცნობილი და მიმდინარეობს გამოძიება. ასევე დაწყებულია გამოძიება 344-ე მუხლით, რაც გულისხმობთ მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო შემოყვანას და სათანადო პირობების შექმნას”, – აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

  • “ქოცური ხელისუფლების დღეები დათვლილია” – სააკაშვილის წერილი ციხიდან

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან კიდევ ერთ წერილს აგზავნის. ის საზოგადოებას მისმა უფლებადამცველმა, დიტო საძაგლიშილმა გააცნო.

    ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ხელისუფლების დღეები დათვლილია.

    “ძალიან მაგარი შედეგები გვაქვს ამ ბოლო რეფერენდუმზე. ადგილობრივ არჩევნებს საქართველოში ეს მთავრობა ყოველთვის იგებდა უმარტივესად და ზედმეტი დაძაბვაც არ სჭირდებოდა. ახლა, როცა ეგონათ, რომ გატეხეს ხალხი, ყველა დიდ ქალაქში არის მეორე ტური და აქედან რამდენიმეში წინ არის ნაციონალური მოძრაობა. ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს – არამხოლოდ არ მოვდუნდით, არამედ კიდევ მეტად ვიბრძოლეთ. ქოცური ხელისუფლების დღეები დათვლილია”,– წერია სააკაშვილის წერილში.

  • სააკაშვილი ალბათ უარს იტყვის ექსტრადირებაზე – ადვოკატი

    სააკაშვილი ალბათ უარს იტყვის ექსტრადირებაზე – ადვოკატი

    მიხეილ სააკაშვილის ადვოკტის, გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, მესამე პრეზიდენტი უკრაინაში ექსტრადირებაზე სავარაუდოდ უარს იტყვის.

    “მიხეილ სააკაშვილის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის ის, რომ ის არის სამშობლოში ჩამოსული და აპირებს ბრძოლას. სავარაუდოდ კი არა, ალბათ [უარს იტყვის]. მისი პოზიცია არის ის, რომ აპირებს პოლიტიკურ ბრძოლას თავის სამშობლოში”, – თქვა ადვოკატმა.

    მისივე ინფორმაციით, სააკაშვილი აგრძელებს შიმშილობას.

    “ის არის საკმაოდ მხნედ, აგრძელებს შიმშილობას და აგრძელებს ბრძოლას ამ ფორმით. ვისაუბრეთ ბევრ რამეზე, მათ შორის სისხლის სამართლის საქმეებზე. მისი პოზიცია არის, რომ ბრძოლა გრძელდება. ის რომ არის პოლიტიკური პატიმარი, ცხადზე ცხადია. “, – ამბობს ჩივიაშვილი.

    უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ თქვა, რომ ის სისტემატურად აბრუნებს უკრაინის მოქალაქეებს უკრაინაში, სააკაშვილი კი გამონაკლისი არ იქნება.

    თეა წულუკიანის განცხადებით, სააკაშვილის ექსტრადირება არ მოხდება, რადგან ეს “სამართლებრივი ნონსენსია”.

  • არსებობს თუ არა სამართლებრივი საფუძვლები სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირებისთვის – ლია მუხაშავრიას განმარტება

    არსებობს თუ არა სამართლებრივი საფუძვლები სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირებისთვის – – იურისტი ლია მუხაშავრია განმარტავს, რა სამართლებრივი საფუძვლით შეუძლია უკრაინას მოითხოვოს ყოფილი პრეზიდენტის და რა შემთხვევაშია დასაშვები ამის განხორციელება.

    „უფრო კონკრეტულად, ვინაიდან ბოლო წლებში ჩვენს მართლმსაჯულებაზე ცალსახად იკვეთება, რომ ის არის მიკერძოებული, რომ სასამართლოს მართავს „კლანი“, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი საფუძველი, რომ საერთაშორისო სამართლისა და პრაქტიკის მიხედვით, უკრაინამ მოითხოვოს თავისი მოქალაქის მის ქვეყანაში ექსტრადირება და სასჯელის მოხდა და ამ საფუძვლით ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. თუმცა, ის განცხადებები, რაც გააკეთეს საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა, გვაფიქრებინებს, რომ მათ არ სურთ ეს, მაგრამ არსებობს სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რომელსაც შეუძლია და უფლებამოსილება აქვს, რომ ამ კატეგორიის საქმეები განიხილოს და ექსტრადიცია დააკმაყოფილოს, მათ შორის, გადაუდებელი პროცედურით“, – აცხადებს მუხაშავრია.

    „იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტმა კატეგორიული უარი განაცხადა სააკაშვილის შეწყალებაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილის ადვოკატები შეეცდებიან მისი ექსტრადირება მოახდინონ. ვინაიდან უკრაინის ტერიტორიაზე სააკაშვილს არანაირი დანაშაული არ აქვს ჩადენილი, ის ამ ქვეყანაში როგორც აქამდე დადიოდა თავისუფლად, ისე ივლის. ე.ი. აქ შემოდის კანონი – ტერიტორიული მოქმედების პრინციპი ანუ სასჯელი უნდა მოიხადო იმ ქვეყანაში, სადაც ჩაიდინე დანაშაული, ან სხვა ქვეყანაში თუკი ის დანაშაული იქაც ითვლება დანაშაულად, მაგრამ ვინაიდან უკრაინამ თავის დროზე არ მოახდინა მისი გადმოცემა საქართველოსთვის, უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი ექსტრადიციის შემდეგ სააკაშვილს არანაირი პატიმრობას არ აღუსრულებს.და ბოლოს, საერთაშორისო სამართლით ექსტრადიციისთვის არსებობს შემდეგი საფუძვლები:პირველი, ჩემი მოქალაქე მინდა, რომ სასჯელს იხდიდეს ჩემს ტერიტორიაზე, თუ მან ნამდვილად ჩაიდინა დანაშაული;

    მეორე, როდესაც მას ქვეყანაში, სადაც დააპატიმრეს, ელოდება სიკვდილით დასჯა ან წამება, ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იმ ქვეყანაში მის მიმართ მართლმსაჯულება არ განხორციელდება. აი, ეს არის ის საფუძვლები, რითაც თავისი მოქალაქის მოთხოვნა შეუძლია სახელმწიფოს და ის უნდა გადაეცეს მას“, – აცხადებს ლია მუხაშავრია.

  • ივანიშვილის ოფშორებში დამალული ქონება – ოლიგარქი Pandora Papers-ის სიაში

    გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმი (ICIJ) 35 მოქმედი და ძველი ლიდერის და 300-ზე მეტი საჯარო პირის ოფშორულ ბიზნესებსა და დამალული ქონებების შესახებ მონაცემები Pandora Papers-ის სახელით აქვეყნებს. მასში მოხვდა ყოფილი პრემიერი და ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილიც.

    მასალების მიხედვით, ივანიშვილმა ბრიტანეთში, ვირჯინიის კუნძულებზე 1998 წლიდან 2016 წლამდე 12 კომპანია დააარსა.

    ICIJ-ის ცნობით, ერთ-ერთი კომპანია Silverpot Holdings Ltd-ის დაფუძნების მიზანი იყო “საბროკერო ანგარიშის მეშვეობით საჯაროდ აღნუსხული კომპანიების” კონტროლი. კიდევ ერთი ეკონომიკური ობიექტი – Brighton Corporate Ltd კი იმისთვის შეიქმნა, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის “გარკვეული პროექტები ვალად აღებული სააქციო კაპიტალით დაფინანსებულიყო”.

    მასალებიდან ირკვევა, რომ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ფინანსური მარეგულირებელი 2011 წელს დაინტერესებული იყო ივანიშვილის კიდევ ერთი ოფშორული კომპანიის – Finsek-ის საქმიანობით, რაზეც პასუხად მიიღო, რომ ფირმა ივანიშვილის შვილებისთვის ქონების მინდობით მართვის საქმიანობას ეწეოდა.

    Alcogal-მა საპასუხოდ განაცხადა, კომპანია დაკავშირებული იყო ქონების მინდობით მართვასთან და ის ივანიშვილმა თავისი შვილებისთვის შექმნა.

    Pandora Papers-ში ასევე მოხვდნენ ისეთი გავლენიანი ლიდერები, როგორიც არის ვლადიმერ პუტინის, ილჰამ ალიევი, ანდრეი ბაბიში და სხვები.

  • ქუთაისი არ უნდა ჩავარდეს კაციჭამიებისა და ლეშიჭამიების ხელში – წულუკიანი

    “მინდა მეორე ტურში უპრეცენდენტო მობილიზაციისკენ მოვუწოდო ჩვენს ამომრჩეველს, იმიტომ, რომ ქუთაისი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი, აკვანი ქართული კულტურის და ძალიან ბევრი დიდი ადამიანის სამშობლო, არ ჩავარდეს მილიციელების, კაციჭამიებისა და ლეშიჭამიების ხელში, აი ეს არის ახლა ქუთაისში გასაკეთებელი და არა მხოლოდ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას”

    თქვა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, ქუთაისში, ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში ხატია დეკანოიძე იბრძოლებს. არჩევნები 30 ოქტომბერს ჩატარდება.

  • სააკაშვილის ექსტრადიციაზე საუბარი ვერ იქნება, ნონსენსია – წულუკიანი

    კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციას არ აპირებენ, რადგან ეს “სამართლებრივი ნონსენსია”

    “ექსტრადიციაზე საუბარი ვერ იქნება უკრაინაში, გარდა იმ შემთხვევაში, თუ იქ იციან ისეთი რამ, რაც ჩვენ არ ვიცით. ექსტრადიცია უკრაინაში ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც იმ ქვეყანაში მოთხოვნილი პირი არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. ამიტომ საუბარი ექსტრადიციაზე არის სამართლებრივი უაზრობა, ანუ ნონსენსი.

    თუ აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ სააკაშვილი გადავცეთ უკრაინას, რომ საქართველოს სასამართლოს მიერ მისჯილი სასჯელი მოიხადოს იქ, ამის არავითარი სურვილი ჩვენ არ გაგვაჩნია, არც სამართლებრივი მიზანშეწონილობა არსებობს. ყველა ქართული განაჩენი აღსრულდება ქართულ მიწაზე, ანუ ქართულ ციხეში. ექსტრადიციაზე საუბარი ვერ იქნება”,– განაცხადა მან.

    წულუკიანმა აღნიშნა, რომ გაკვირვებულია, რომ თუ სააკაშვილი მოწოდებულია, რომ “თავი შეწიროს იდეალებს”, მას არ უნდა უნდოდეს კიევში დაბრუნება.

    უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ თქვა, რომ ის სისტემატურად აბრუნებს უკრაინის მოქალაქეებს უკრაინაში, სააკაშვილი კი გამონაკლისი არ იქნება.

     

  • ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა

    ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში კორონავირუსით 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსთავი2-ი ავრცელებს. ბავშვს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა, კლინიკაში  18 სექტემბერს შეიყვანეს, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

    “ის იყო თანდაყოლილი ქრომოსომული პათოლოგიით, მცირე წონის იყო, აღინიშნებოდა ფსიქომოტორული სფეროს მკვეთრი ჩამორჩენა, გულის კომბინირებული მანკი, კოვიდის დადასტურებიდან დაახლოებით მეექვსე დღეს არის ჩვენთან შემოსული, მანამდე შევიდა სხვა კლინიკაში და იქიდან გადმოიყვანეს მძიმე მდგომარეობაში,” – ამბობს ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე.