Category: სლაიდერი

  • შენ გამოცდა ვერ ჩააბარე, აქ უნდა მდგარიყავი – ჩარკვიანი ნიკა მელიას

    “თბილის-ქალაქის მერობა რომ გადაწყვიტე, აქ უნდა იყო, აქ უნდა ყოფილიყავი, მე შენ განზრახ არ დაგირეკე, ეს იყო ჩემი გამოცდა შენდამი. შენს მამას თბილის-ქალაქში 100-იანზე აქვს გამოცდა ჩაბარებული, შენ ჯერ არ ჩაგიბარებია. მინდა, რომ 30-მდე მაგრად ჩააბარო, თორემ თბილისმა 2-იანის დაწერა იცის. მე გეუბნები ამას, ყველაზე უფრო ჭირისუფალი. ისე მინდა ჩააბარო გამოცდა, როგორც უმაგრესმა ანზორ მელიამ ჩააბარა ეს გამოცდა თბილისელებთანაც, ზუგდიდელებთანაც, მთელ საქართველოსთან! მაინც, პრევენციულად გეუბნები ამ შენიშვნას, შენ, ჩემო თბილისის მომავალო მერო, დღეს აქ უნდა მდგარიყავი, ისე როგორც გია ბარამიძე დგას. შენ გამოცდა ვერ ჩააბარე! მაგრამ მე 14-ში აუცილებლად მოვალ და გასწავლი, რომ საქართველოსთვის გამოცდა რუსთაველზე ბარდება. კარგად დაიმახსოვრე!”

    მიმართა თაკო ჩარკვიანმა თბილისის მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციიდან. მის მიერ ორგანიზებულ აქციას არ შეუერთდა ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი.

  • თაკო ჩარკვიანი პოლიტიკურად ბეცი და მიშაზე მეტი მიშისტია – ცოტნე კობერიძე

    პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერის, თაკო ჩარკვიანის მიერ ორგანიზებულ აქციას, სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, არ შეუერთდა “გირჩი – მეტი თავისუფლება”. პარტიის წევრისა და თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატის, ცოტნე კობერიძის განმარტებით, მათი მხარდამჭერები თავად გადაწყვეტენ, მიიღონ თუ არა აქციაში მონაწილეობა.

    მისივე თქმით, თაკო ჩარკვიანი “პოლიტიკურად ბეცია”, რომლის კაპიტალი სააკაშვილის დავალებების შესრულებაზე დგას.

    “პარტია, როგორც ასეთი, “გირჩი” არ უერთდება, თუმცა  მხარდამჭერები, წევრები, თვითონ ინდივიდუალურად გადაწყვეტენ შეუერთდნენ თუ არა ამ აქციას. თაკო ჩარკვიანი არის პოლიტიკურად ბეცი, მორალის არმქონე ადამიანი. მიშაზე მეტი მიშისტია ხოლმე, როცა მას სჭირდება, სწორედ ეგ არის ის პოლიტიკური სუბიექტი, რომლის მთელი პოლიტიკური კაპიტალი დგას მიხეილ სააკაშვილის დავალებების შესრულებაზე,”- აცხადებს კობერიძე რუსთავი 2-თან საუბრისას.

    მანამდე თაკო ჩარკვიანმა პარტიები, რომლებიც მის აქციას არ შეუერთდნენ, “ელემენტარული ღირებულებებისა” და ყოფილი პრეზიდენტის ღალატში დაადანაშაულა.

    აქცია ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარეობს.

  • მე-2 ტურებამდე სააკაშვილის გათავისუფლება ხელისუფლებისთვის კრახი იქნება – ბოკუჩავა

    “პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლება მეორე ტურებამდე ხელისუფლებისთვის გარდაუვალი კრახი იქნება, თუმცაღა მისი ფიზიკურად ქვეყანაში ყოფნის პირობებში მაინც ძალიან მნივშვნელოვანი მამობილიზებელი როლი აქვს მას ოპოზიციური ამომრჩევლისთვის, თუნდაც გარეთ არ იყოს.

    ის ნამდვილად ხედავს საკუთარი თავისუფლების გზას საქართველოს თავისუფლების ხარჯზე. მეორე ტურები მართლა ძალიან გარდამტეხი მომენტი იქნება, იმიტომ რომ ეს იქნება პირველი გამარჯვება ოლიგარქიაზე”

    ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინა ბოკუჩავა TV პირველის ეთერში.

  • ნიკო კვარაცხელიას ოჯახი ბათუმში გარდაცვლილი ბავშვების ძმებს სტიპენდიას უნიშნავს

    15 სექტემბერს ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას ოჯახი ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების ძმებს სტიპენდიას უნიშნავს. ამის შესახებ კვარაცხელიას ოჯახი განცხადებას ავრცელებს.

    “მოზიარე ვართ თქვენი დიდი მწუხარების. ყველაზე კარგად ჩვენს ოჯახს ესმის, რას გრძნობთ ახლა, რა ტკივილი გაქვთ და როგორ დათმობდით ყველაფერს, რომ თქვენი ცოლი და შვილები გადაგერჩინათ. ვერაფრით განუგეშებთ, რადგან ეს ტკივილი არის განუკურნებელი. ერთადერთი, რითაც ჩვენს ოჯახს შეუძლია გამოხატოს თქვენდამი თანადგომა — ნიკოს სტიპენდიაა. ჩვენი გადაწყვეტილებით, თქვენი შვილები ყოველთვიურად მიიღებენ ნიკოს სტიპენდიას, რომლითაც იმედი გვაქვს, შეძლებისდაგვარად უზრუნველვყოფთ მათთვის უკეთესი განათლების მიცემის შესაძლებლობას. გვჯერა, რომ მხოლოდ განათლებულ, პასუხისმგებლობის მქონე პროფესიონალ ადამიანებს შეუძლიათ იმ უკეთესი საქართველოს მშენებლობა, რომელშიც ასე გვინდოდა, რომ ჩვენს შვილებს ეცხოვრათ”,– წერია განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელია 15 სექტემბერს საკუთარ მანქანასთან ჩაცხრილის, რის შედეგადაც 16 სექტემბერს ის გარდაიცვალა.

    მის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულები – აკაკი ჭელიძე და გიორგი კავილაძე წყნეთში 7 ოქტომბერს დააკავეს.

  • ბათუმში გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახების ფონდში თანხას გადავრიცხავთ – Tbilisi Pride

    Tbilisi Pride-ის განცხადებით, ბათუმში ტრაგედიით დაზარალებულთა ოჯახების დახმარების ფონდში თანხას გადარიცხავენ.

    “თბილისი პრაიდის” გუნდი ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს. ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას და რეაბილიტაციას ვუსურვებთ.

    ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანი ღირებულებებია პასუხისმგებლობა, ზრუნვა და სოლიდარობა. ყოველ ჩვენს ქმედებას, დიდსა თუ მცირეს, საფუძვლად უნდა ედოს აზრი, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ბედნიერებას.

    “თბილისი პრაიდი” ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში თანხას გადარიცხავს”,– აცხადებს ორგანიზაცია.

    ბათუმში 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, რასაც 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, 3 ბავშვია.

  • მუღანლოელებმა სააკაშვილს ცხვარი დაუკლეს და შიმშილობის შეწყვეტა სთხოვეს

    საგარეოს მუნიციპალიტეტის, სოფელ მუღანლოს მცხოვრებლებმა რუსთავის ციხესთან დაკლული ცხვარი მიიტანეს და მესამე პრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტა ამ ფორთმის სთხოვეს. გარდა ცხვირს ხორცისა, მათ ციხესთან მიიტანეს ნატურალური წვენები, ნაზუქები, ნამცხვრები და სხვა პროდუქტები.

    მუღანლოელების თქმით, სააკაშვილმა უნდა იკვებოს, რადგან მისი მომავალი საქართველოს მომავალია.

    “მთელი აზერბაიჯანელები მხარს ვუჭერთ მიხეილ სააკაშვილს, რადგან ამის დროს ერის გარჩევა არ იყო, ყველა იყო თანაბარი”,- ამბობეს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქე აქციაზე.

    რადიო თავისუფლების ცნობით, მათ მიხეილ სააკაშვილისთვის განკუთვნილი ძღვენი ბათუმელ ტარიელ მეკეიძეს დაუტოვეს, რომელიც რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მეხუთე დღეა იმყოფება.

  • ბრალდებულებმა მოშალეს როგორც მზიდი, ისე არამზიდი კედლები – პროკურატურა

    პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულებმა ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე შიმოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კედლები, რითაც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა.

    პროკურატურამ სამივე დაკავებულს, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე სახლის მეპატრონეს, ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა.

    „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ზ.ბ. სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ შეუთანხმდა ფიზიკურ პირებს – ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ქ. ბათუმში, 26 მაისის ქუჩა N13-ში მდებარე კორპუსის პირველ სართულზე მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინებში სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების თაობაზე, რაც ზემოხსენებულ ფართებში, როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქციების (კედლების) მოშლას მოიცავდა.

    2021 წლის 4 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრამდე დროის პერიოდში, ზ.ბ.-სთან შეთანხმებით და მის მიერვე ხელშეკრულების გარეშე აყვანილმა პირებმა – ხ.ს.-მ და გ.ს.-მ, სახელმწიფოსგან ყოველგვარი ნებართვის გარეშე, თვითნებურად აწარმოეს სამშენებლო სამუშაოები, რაც ყოველგვარი საინჟინრო და უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა, შესაბამისი საინჟინრო ცოდნის მქონე სპეციალისტის მონაწილეობის გარეშე. ბრალდებულებმა მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქცია (კედლები), რითაც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა, რამაც გამოიწვია შვიდსართულიანი კორპუსის ნგრევა, რასაც შედეგად მოჰყვა ამავე კორპუსში მყოფი 9 პირის, მათ შორის სამი არასრულწლოვნის გარდაცვალება და უძრავი და მოძრავი ქონების განადგურება“, – აცხადებს უწყება.

    პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

  • სახელმწიფოსა და საზოგადოების მიერ გამოთქმული “მწუხარება” ფარისევლურია – იმამი ბათუმზე

    “სამძიმარი

    ბათუმში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა ნათელი მაგალითია ქვეყანაში არსებული განუკითხავი მდგომარეობისა.

    ჩვენს საზოგადეობას ჩვევად აქვს ურემი რომ გადაბრუნდება, შემდეგ ვიშვიში, მანამდე კი სძინავთ ტკბილი ძილით.

    ტრაგედიის დროს დაღუპული ადამიანები მსხვერპლნი არიან, ერთი მხრივ, სახელმწიფოს მხრივ უნიათობის, უპასუხისმგებლობის, მეორე მხრივ, საზოგადეობის გულგრილობისა. მომიტევეთ, მაგრამ ორივე მათგანის მხრიდან გამოთქმული “მწუხარება” ფარისევლურია და დაგვიანებულად მეჩვენება.

    (მომხდარ ტრაგედიაზე მთავარი პასუხისმგებელი სახელმწიფოა. სადაა სახელმწიფო მაშინ როცა უკანონოდ თვითნებურად ხდება ყოველდღე მიშენება, დაშენება ან სადაა ამ დროს საზოგადეობა, რომელიც ხედავს ამ ყველაფერს და ჩუმადაა?!)

    ასეთი ტრაგედიებიდან რაც მალე გავაკეთებთ ანალიზს და რაც მალე გამოფხიზლდება ხელისუფალიც და ერიც მით უკეთესი.

    მწუხარებას გამოვთქვამ მსხვერპლად შეწირული ადამიანების დაღუპვის გამო ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს.

    პატივიცემით ჯამბულ აბულაძე”

    წერს ჭელის მეჩეთის იმამი ჯამბულ აბულაძე Facebook-ზე. ცნობისთვის, ბათუმში 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, რასაც 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, 3 ბავშვია.

  • ეს დიდი სიყვარულის ისტორიაა, პატივი ეცით ჩემს პირად ცხოვრებას – სააკაშვილი იასკოზე

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თავის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ყველა წარსული ურთიერთობა დაასრულა, ახლა კი ურთიერთობაშია ლიზა იასკოსთან.

    სააკაშვილი მოუწოდებს საზოგადოებას, პატივი სცენ როგორც მის, ასევე სანდრა რულოვსის პირად ცხოვრებას.

    “ამ ეტაპზე იმაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვან ბრძოლაში ვარ ჩართული, ვიდრე ჩემი პირადი ცხოვრებაა. თუმცა, რადგანაც ჩემი ცხოვრების ეს ნაწილიც ინტერესის სფეროა და არაერთი კითხვა დაისვა ამ თემის გარშემო, მინდა გიპასუხოთ – ჩემი ყველა წარსული ურთიერთობა დასრულებულია. მე და ლიზამ დიდი ხნის წინ დავუკავშირეთ ერთმანეთს ჩვენი ცხოვრება და უკვე მრავალი თვეა ერთად თანავცხოვრობთ, როგორც სრულფასოვანი პარტნიორები. ეს არის დიდი სიყვარულის ისტორია და თავს ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ.

    მე ვთხოვ ხალხს პატივი სცენ ჩვენს პირად ცხოვრებას, ისევე როგორც სანდრას პირად ცხოვრებას, რომელსაც კეთილგანწყობით, პატივისცემით ვეპყრობი და მადლობელი ვარ მისი ერთად წარმოუდგენელი ცხოვრებისათვის.

    ახლა სრულად ვარ კონცენტრირებული ჩემს ბრძოლაზე. ვაგრძელებ შიმშილობას და გადაწყვეტილი მაქვს ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო”,– წერს სააკაშვილი.

  • 258 უბნის შედეგები გადავთვალეთ, 121 უბანზე შედეგები მცირედით შეიცვალა – ცესკო

    ცესკოს განცხადებით, ამ დროისთვის გადაითვალა 258 უბნის შედეგები, რის შედეგადაც, 121 უბანზე შედეგები მცირედით შეიცვალა.

    ცესკოს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის დმანისში, წყალტუბოსა და მარტვილში კვორუმი არ შედგა და შესაბამისად აღნიშნული ოლქების 12 უბანზე გადათვლის პროცედურა არ ჩატარდა.

    მისივე ინფორმაციით, 68 საოლქო საარჩევნო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციით იმ საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგები გადაითვალა, სადაც წარდგენილი იყო შედეგების გადათვლის/გადასინჯვის მოთხოვნით საჩივრები ისეთი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ, რომლებსაც გააჩნიათ არჩევნებზე მრავალწლიანი დაკვირვების გამოცდილება და 2 ოქტომბრის არჩევნებს ფართო წარმომადგენლობით დააკვირდნენ, ამასთან, არჩევნების შემდეგ აქვეყნებენ თავიანთ ანგარიშებს.

    ცესკოს მტკიცებით, რომ ამ ორგანიზაციების მიერ არ ყოფილა წარდგენილი საჩივრები, მაგრამ შემაჯამებელ ოქმებში ფიქსირდება ბათილი საარჩევნო ბიულეტენების მაღალი რაოდენობა კონკრეტული საარჩევნო ოლქების მიხედვით;

    “9 ოქტომბრის მდგომარეობით, შემაჯამებელ ოქმებში ბათილი ბიულეტენების და ნამდვილი ხმების ჯამი აჭარბებდა, 5-ით აღემატებოდა კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობას.

    შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბრამდე გადათვლილია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, წილისყრით გამოვლენილი 72 საარჩევნო ოლქის 360 საარჩევნო უბნის საარჩევნო ბიულეტენები , 1080 შემაჯამებელი ოქმის მონაცემები. გადათვლების შედეგად უცვლელი დარჩა 239 საარჩევნო უბნის მონაცემები, რაც გადათვლილი უბნების 66.7%-ს შეადგენს.

    121 საარჩევნო უბანზე მცირედით არის მონაცემები შეცვლილი. იყო ხარვეზებიც, რომელიც გადათვლის შედეგად გამოვლინდა და, რა თქმა უნდა, შესაბამისი ცვლილება განხორციელდა მონაცემებში. შედეგად, ცალკეულ კანდიდატებს მცირედით მოემატათ ან დააკლდათ ხმათა რაოდენობა, თუმცა ამას საერთო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

    ამასთანავე, საოლქო საარჩევნო კომისიებმა, საკუთარი ინიციატივით, ასევე, საჩივრების საფუძველზე 194 საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალეს. საერთო ჯამში 9 ოქტომბრამდე გადაითვალა 554 საარჩევნო უბნის შედეგი, საიდანაც ცალკეულ კანდიდატებს თუ სუბიექტებს მცირედით მოემატათ ან დააკლდათ ხმათა რაოდენობა. 9 ოქტომბრამდე გადათვლილი ბიულეტენების თაობაზე დეტალური სტატისტიკა ხელმისაწვდომია ცესკოს ვებგვერდზე.

    ამ დროისთვის ჯამში გადათვლილია 812 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგი”. – განაცხადა ნათია იოსელიანმა.