Category: სლაიდერი

  • ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმე – ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

    სასამართლომ ბათუმში სადარბაზოს ჩამონგრევაში ბრალდებულ 3 ადამიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

    სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა, რომლებიც ბრალდებულების მიმართ პატიმრობას ითხოვდა. პროკურორის ალექანდრე ძირკვაძის თქმით, ბრალდებულებმა შენიშნეს კედლების მოძრაობა, მისი გამაგრება სცადეს, შემდეგ კი შენობა დატოვეს.

    ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და გასაჩივრებას გეგმავენ. მათი თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მათ დაცვის ქვეშ მყოფები გულგრილად მოიქცნენ და ისინი სამუშაოს ნახაზის მიხედვით მოქმედებდნენ. სასამართლო პროცესი პირველ დეკემბერს ჩაინიშნა.

    8 ოქტომბერს ბათუმში სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 3 არასრულწლოვანი. ერთი დაშავებულის მდგომრეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური, ის გუშინ სასუნთქი აპარატიდან მოხსნეს.

    გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღეა.

  • ბრალდებულებმა კედლების მოძრაობა შენიშნეს, გამაგრება სცადეს და შენობა დატოვეს – პროკურორი

    პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძის განცხადებით, ბრალდების მხარეს ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებული სამივე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

    მისი თქმით, ფაქტი, რომ მოცემულ სახლებში განხორციელდა ე.წ. საყრდენი კედლების დემონტაჟის სამუშაოები, დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებით და ბრალდებულთა გამოკითხვის ოქმებით.

    “ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ 8 ოქტომბერს, როცა დილის საათებში ბრალდებულები აღნიშნულ ფართში სამუშაოს გასაგრძელებლად მივიდნენ, შენიშნეს, რომ კედლებს მოძრაობა ჰქონდა დაწყებული. სცადეს აღნიშნული კედლების გამაგრება რკინის კონსტრუქციებით, თუმცა, შემდეგ დატოვეს შემთხვევის ადგილი. აქედან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ მოცემულ სახლებში განხორციელდა ე.წ. საყრდენი კედლების დემონტაჟის სამუშაოები, დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებით და ბრალდებულთა გამოკითხვის ოქმებით“, – თქვა პროკურორმა IPN-ის ცნობით.

    8 ოქტომბერს ბათუმში სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 3 არასრულწლოვანი. ერთი დაშავებულის მდგომრეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური, ის გუშინ სასუნთქი აპარატიდან მოხსნეს.

    გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღეა.

  • თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს! – მსოფლიო ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი

    სერბეთის სახელით მოასპარეზე მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სოლიდარობას უცხადებს და მის გათავისუფლებას ითხოვს.

    “თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს!”,– დაწერა მან Facebook-სთორიში მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

    ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის სახელით მას შემდეგ ასპარეზობს, რაც იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებია, რადგან საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მას თავს დაესხა – 2019 წლის იანვარში გეგა გეგეშიძე მას ფიზიკურად გაუსწორდა.

    გეგეშიძე 2019 წლის 22 იანვარს დააკავეს, თუმცა მალევე 5000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს.

    ზურაბ დათუნაშვილი ამბობდა, რომ გეგეშიძესთან დაპირისპირების მიზეზი ჭიდაობის ფედერაციაში კორუფცია იყო. ის ითხოვდა, გეგა გეგეშიძეს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დაეტოვებინა, თუმცა, უშედეგოდ.

  • ენმ-სთვის კამპანიის სააკაშვილის გათავისუფლებაზე აგება წამგებიანი იქნება – ხუხაშვილი

    “სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი უდავოდ მნიშვნელოვანია და ამ თემაზე ღლიცინი, მიუხედავად ჩვენი დამოკიდებულებისა, უადგილოდ და დაუშვებლად მიმაჩნია.

    ცხადია, რომ პასუხისმგებელი მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ხელისუფლებაა.

    ამასთანავე მინდა გითხრათ, რომ თუ ხელისუფლებამ შეძლო მისი ჯანმრთელობის შენარჩუნება, მელიასთვის და ნაც. მოძრაობის სხვა კანდიდატებისთვის წინასაარჩევნო კამპანიის აგება სააკაშვილის განთავისუფლებაზე, ნაცვლად თანამოქალაქეთა პრობლემების წარმოჩენისა, მხოლოდ წამგებიანი იქნება.

    ეს არითმეტიკულად ძალიან მარტივად დასათვლელია.
    პოლიტიკოსი, რომელიც პროცესს მხოლოდ საკუთარ თავში ხედავს და არა საკუთარ თავს პოლიტიკურ პროცესში, მხოლოდ აზიანებს იმ მიზნებს, რომლის დეკლარირებასაც ახდენს, რითაც მოწინააღმდეგის ამოცანას აადვილებს”

    წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი Facebook-ზე.

  • COVID-19-ით გარდაიცვალა 23 ადამიანი, დადასტურდა 1530 ახალი შემთხვევა

    საქართველოში კორონავირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 530 ახალი შემთხვევა, ხოლო 1 848 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

    დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8.64%-ია, ბოლო 14 დღის – 6.25%, ბოლო 7 დღის  – 7.60%.

    ბოლო 24 საათში ჩატარდა 3 442 აცრა.

  • ვუყურებთ სასიკვდილოდ განწირულ ადამიანს, მოგვეკითხება! – გურული და გეგეჭკორი სააკაშვილზე

    აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმები, ზურაბ გურული და ნანა გეგეჭკორი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ერთობლივ წერილს ავრცელებენ.

    ისინი ილია ჭავჭავაძის მოთხრობას “სარჩობელაზედ” იხსენებენ და ამბობენ, რომ საზოგადოებამ ძალისხმევა უნდა გააერთიანოს, რათა ზვიად გამსახურდიას ისტორია არ განმეორდეს.

    “ვისაც ილიას „სარჩობელაზედ“ გულდასმით წაუკითხავს, კარგად ეხსომება გულუბრყვილო პეტრე, რომელსაც ახალგაზრდა კაცის ჩამოხრჩობა უხეირო ხუმრობა ეგონა, მასში მონაწილე მღვდელი და ჯალათი მასხარები, რადგან ვერ დაეჯერებინა რომ მხიარულად მოღრიანცელე ბრბო ადამიანის სიკვდილს ასე აგდებით უყურებდა.

    -დილამდე რომ სულ ეგრე იქნივო ფეხები, მაინც არ დაგიჯერებ- იმშვიდებდა თავს პეტრე.
    ალბათ გახსოვთ ამ დიდებული მოთხრობის ფინალიც, როცა ჩამოხრჩობილის ძმამ გულუბრყვილო პეტრეც დაადანაშაულა.
    -მე რა შუაში ვარო! – შეშინდა მოხუცი.
    -მართლაც და ჩვენი ბებერი პეტრე რა შუაში უნდა იყოსო – იკითხა ილიამ და ჩვენ დაგვიტოვა ეს კითხვა საპასუხოდ.
    -ჩვენ რა შუაში ვართ; დამნაშავეა და პასუხი აგოს! და რაც ყველაზე მთავარია, ისევ ის უდარდელი ხორხოცი სიკვდილთან პირისპირ დარჩენილი ადამიანის ცქერისას. ასე იყო მაშინაც, იმ ბნელ 90-იანებში, როცა გულგრილად დავტოვეთ „სარჩობელაზედ“ პრეზიდენტი გამსახურდია. ჩვენ რა შუაში ვიყავით?

    პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა – გვაცნობა მისმა პირადმა ექიმმა.
    -თაფლსა და წვენს მიირთმევს სააკაშვილი, მეტი საქმე არა აქვს თავი მოიკლას –
    იმშვიდებს თავს მავანი ქართველი და თავისივე ხუმრობით გამხიარულებული უდარდელად უყურებს სასიკვდილოდ განწირულ ადამიანს. ჩვენ ვდუმვართ ბებერი პეტრესავით და თავს ვიმშვიდებთ, რომ ჩვენი ბრალი არ არის. ჩვენ რა შუაში ვართ? ვართ! მოგვეკითხება!

    ზუსტად ისე, როგორც უკვე მოგვეკითხა ყველას ერთად. ყველას, ვინც 93 წლის 31 დეკემბერს ახალი წლის სუფრასთან შევხვდით და მარტო შევატოვეთ ხიბულაში „სარჩობელას“ პრეზიდენტი გამსახურდია. მოგვეკითხა დაკარგული ახალგაზრდობით, სამუდამოდ დაკარგული ტერიტორიებით, ასიათასობით ლტოლვილით, ემიგრაციაში გაქცეული თაობებით. და ამიტომ, ყველამ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა, რომ მორიგი „სარჩობელა“ ავიცილოთ თავიდან. ეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ჩვენ გვჭირდება, ჩვენს სინდისს, რომ ის საბედისწერო კითხვა, რომელიც ილიამ დაგვიტოვა, ისევ ახალ თაობას არ დავუტოვოთ თავის სამტვრევად”,– წერემ ზურაბ გურული და ნანა გეგეჭკორი.

    მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა. მისი თქმით, სააკაშვილს სისხლის იშვიათი დაავადება აქვს, რაც მის მდგომარეობას უფრო ართულებს.

  • სახელმწიფოს სირცხვილია, რაც ხდება – ხოშტარია მიხეილ სააკაშვილზე

    “წარმოუდგენელია და დაუშვებელი სიმპატია-ანტიპატიამდე დაიყვანო ის, რაც მესამე პრეზიდენტის გარშემო ხდება. ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო, მთავრობა ღიად და დემონსტრაციულად ჩადის დანაშაულებს, ღვარძლის, სიძულვილის, დევნის, რევანშის, ძალადობის გარდა სათქმელი არაფერი აქვს მიტაცებულ სახელმწიფოში ოცნებას და ამ დროს, ჩვენ, მძიმე ისტორიის მქონე ხალხი, ვმარჩიელობთ, მოშიმშილე მესამე პრეზიდენტი რა კონდიციაშია. სახელმწიფოს სირცხვილია, რაც ხდება”

    წერს “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია. მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა. მისი თქმით, სააკაშვილს სისხლის იშვიათი დაავადება აქვს, რაც მის მდგომარეობას უფრო ართულებს.

  • ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში ჭერი ჩამოინგრა – ვიდეო

    ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში ჭერი ჩამოინგრა. ვიდეო სოციალურ ქსელში ვრეცლდება. როგორც ცნობილია ჭერი მეორე სართულზე, ერთ-ერთ პალატაში ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

    “ბათუმელების” ინფორმაციით, ჭერის ჩამონგრევის შემდეგ საავადმყოფოში ბავშვების მშობლებმა კომპიუტერული ტექნიკა დაამტვრიეს და ადგილზე პასუხისმგებელი პირების მისვლას ითხოვენ.

    „მე ვიყავი პირველ სართულზე, ჭერი მეორე სართულზე ჩამოინგრა. ჩემი პატარა ძმა მყავდა საავადმყოფოში, თერმომეტრის აღება მინდოდა მისთვის, რა დროსაც ეს შემთხვევა მოხდა. დავინახე, ერთი ბავშვის მამა ბოლო ხმაზე ყვიროდა. უკან მოყვებოდა მეორე მშობელი, იძახდნენ, ვინ არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზეო. კომპიუტერები დაამტვრიეს. შემდეგ პოლიცია გამოიძახეს. ბავშვები ცუდად გახდნენ. ტიროდნენ. ერთ-ერთი ბავშვის დედამ თქვა, „მე გადავეფარე ჩემს შვილს, თორემ მთლიანად გადაემხობოდა ჭერი საწოლსო,“ – უყვება ერთ-ერთი თვითმხილველი დიანა ზიადუსტი  „ბათუმელებს“.

  • საქართველოში გლოვის დღეა – სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშები დაუშვეს

    დღეს, 11 ოქტომბერს საქართველოში გლოვის დღეა, რის გამოც სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშები დაუშვეს. გლოვის დღე გამოცხადდა ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად.

    8 ოქტომბერს სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია. ერთი დაშავებულის მდგომრეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური, ის გუშინ სასუნთქი აპარატიდან მოხსნეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. უწყების ცნობით, მათ მოშალეს შენობის როგორც მზიდი, ისე არამზიდი კედლები, რამაც სადარბაზოს ჩამოშლა გამოიწვია.

  • პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, სააკაშვილის მდგომარეობა არ გაუარესებულა

    სპეციალური პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია და “სიმართლეს არ შეესაბამება მედიასაშუალებებით გავცრელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა”.

    მიხეილ სააკაშვილი იღებს დანიშნულ მედიკამენტებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. სასიცოცხლო მაჩვენებლები არის ნორმაში. კერძოდ: წნევა – 120/90; პულსი – 90; სატურაცია – 97. გლუკოზა – 101mg/dl.

    როგორც მოშიმშილე, მიხეილ სააკაშვილი მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ”,– წერია უწყების განცხადებაში.

    მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა. მისი თქმით, სააკაშვილს სისხლის იშვიათი დაავადება აქვს, რაც მის მდგომარეობას უფრო ართულებს.