Category: სლაიდერი

  • არის თუ არა ბუნტი N17 ციხეში – პენიტენციურის განმარტება

    სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს რუსთავის N 17 პენიტენციურ დაწესებულებაში არის ბუნტი და პატიმრებს გამოკეტილი ჰყავთ დაცვა, რაც სიცრუეა.

    “ეს არის იმ ბინძური დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

    ხანძრის გამო, რომლის ლოკალიზების პროცესიც თითქმის დასრულებულია, პენიტენციურ დაწესებულებას, სახანძრო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ მიეწოდება ელექტროენერგია.
    ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის შემდგომ ყველა პატიმარს მიეცემა ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა.

    კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან და პატივი სცენ ჩვენს საზოგადოებას. N17 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის მინისტრი პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობასთან ერთად პირადად აკონტროლებს ადგილზე ვითარებას”,- აცხადებს უწყება.

  • სააკაშვილს არ აცადეს ხინკლის ჭამა, ის შეჭამს ხინკალს, თქვენ დაგრჩებათ კუჭები! – უგულავა

    “ვუსურვოთ მიშას თავისუფლება, ის დღეს ჩვენზე თავისუფალია. 18 წლის წინ მან დალია ჩაი, რომელმაც შეცვალა ამ ქვეყნის ისტორია. დღეს მას არ აცალეს ხინკლის ჭამა, ის აუცილებლად შეჭამს თავის კუთვნილ ხინკალს, თქვენ დაგრჩებათ კუჭები, იმიტომ რომ მეტს არაფერს იმსახურებთ”

    თქვა ფოთის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე.

  • თუ გვინდა ცივილიზებული ქვეყანა, გვჭირდება დიდი შერიგება და უარი რევანშზე – მიხეილ სააკაშვილის წერილი საპატიმროდან

    “თუ გვინდა ცივილიზებული ქვეყანა, გვჭირდება დიდი შერიგება და უარი რევანშზე ” – საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან წერილს ავრცელებს, რომელიც “მთავარი არხის” დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, თავისუფლების მოედანზე გააჟღერა.

    ” მოგესალმებით, სამარტოო საკნიდან. ტელეეკრანის შემყურე დარჩენილ სიცოცხლეს გაცვლიდი იმაში რომ თქვენთან ერთად ვიყო. ჩვენს მრავალ ათას თანამემამულესთან, საიდანაც ერთი ხელის გაწვდნეაზე ვარ, მაგრამ მაინც ვერ გიერთდებით, ვერ გიერთდებით ჯერ. ჩემი უპირველესი ნატვრა და მთავარი სურვილი ქართველებს ჰქონდეთ სახელმწიფო გამორჩეული თავისუფლებით და კეთილდღეობით, სამართლიანობით და დაცულობით, უძველეს ევროპელებს უნდა ჰქონდეთ ევროპული ქვეყანა,  სხვა ევროპულ ქვეყნებში კი დავდიოდეთ ტურისტებად, სასწავლებლად, ბიზნესის საკეთებლად, მაგრამ ყოველთვის უნდა ვბრუნდებოდეთ შინ, როგორც მე დავბრუნდი.

    რატომ ვარ დღეს საქართველოში

    მე აქ ვარ რადგან ვერ ვიქნები ბედნიერი, თუნდაც ჩემთვის ძალიან ახლობელ უკრაინაში. ვერ ვიქნები სხვაგან როცა ამდენ სისასტიკეს და უბედურებას ვხედავ ჩემს უსაყვარლეს სამშობლოში, უემოციოდ ვერ ვუყურებ როგორ გარბის მასობრივად ჩვენი ქვეყნიდან ხალხი და როგორ ცარიელდება საქართველო წესიერი, ნიჭიერი და მშრომელი დამიანებისგან. ვერ ვიქნები ჩვენი სამშობლოს განადგურების გვერდიდან მაყურებელი ამას სიკვდილი მირჩევნია. ამიტომაც ვარ აქ და მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი დავრჩე აქ და ჩემი წვლილი შევიტანო რეჟიმის დამარცხებაში, ჩემი წვლილი შევიტანო ქართველი ხალხის ბრძოლაში, სიღატაკის, კორუფციის, ნგრევის და  უსამართლებოის წინააღმდეგ. ქართველ ხალხთან ერთად აღვუდგე ივანიშვილის რეჟიმს, რომელიც პუტინის რუსეთში მიათრევს ჩვენს საქართველოს, ყველამ ერთად არ უნდა დავუშვათ ეს. ყველამ ერთად საქართველო უნდა დავაბრუნოთ დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე. ვაქციოთ დემოკრატიის, რეფორმების, განვითარების შუქურად. ისტორიას ჩავაბაროთ ის სიბნელე, სიღატაკე უსამართლობა და ნგრევა, რომელიც ივანიშვილის ოცნებამ მოიტანა. ამისთვის ყველანი უნდა გავერთიანდეთ ქვეყნის შიგნით და მის გარეთ, ციხეში მყოფნი და თავისუფლებაზე მყოფნი. ახლა არანაირი ნიშნით დაყოფის დრო არ არის, არც პარტიული, არც რაიმე სხვა ნიშნით. საქართველოს გამოხსნის და გადარჩენის დროა და ამისთვის საჭირო ერთიანობაა.

    მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება შერიგება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ქვეყნისთვის აუცილებელია შევწყვიტოთ დამცირება და ზიზღი, მივუტევოთ ერთმანეთს. ამას ვწერ ციხის საკნიდან უკანონო პატიმარი, მაგრამ გარეთ პირველ რიგში ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებ.

    კიდევ ერთი რევანში და შურისძიება მორალურად გაანადგურებს ჩვენს საზოგადოებას და საბოლოოდ დაანგრევს ქვეყანას. წინ დიდი ცვლილებები გველის მაგრამ ამისთვის ყველანაირი წყენა უნდა დავივიწყოთ, გვერდით გადავდოთ ჩვენი ნეგატიური ემოციების ტვირთი, რადგან ამის მოშორბის გარეშე, ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა. ერთმანეთზე გაბოროტებული საზოგადოებას არასდროს დაუყენებია პროგრესის გზაზე ქვეყანა, არასდროს შეუქმნია რაიმე ფასეული და ყოველთვის დამარცხებულა საკუთარ ბრაზთან და აგრესიასთან. ცივილიზებული ქვეყანა ვერ იქნება დაფუძნებული შუღლზე და თუ გვინდა ცივილიზებული ქვეყანა მაშინ აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება და უარი რევანშზე და შურისძიებაზე. გვეყოფა მარცხი! ძირს ხელჩამოშვებულობა და ნიჰილიზმი!30 ოქტომბერს ყველანი არჩევნებზე დავიცვათ თითოეული ხმა და შემდეგ ერთად ვიზეიმოთ ნიკა მელიას გამარჯვება თბილისში, ხატია დეკანოიძის გამარჯვება ქუთაისში, გიორგი კირთაძის გამარჯვება ბათუმში, ანზორ მელიას გამარჯვება ზუგდიდში, დავით კირკიტაძის გამარჯვება რუსთავში, გიგი უგულავას გამარჯვება ფოთში, კობა ნაყოფიას გამარჯვება სენაკში, გიორგი ბოტკოველის გამარჯვება თელავში, იოსებ ბუაძის გამარჯვება ხაშურში, ნიკოლოზ ახალკაცის გამარჯვება ქარელში, გიორგი რობაქიძის გამარჯვება ბაღდათში, ზაზა მეტრეველის გამარჯვება წყალტუბოში, თემურ ჯანაშიას გამარჯვება მარტვილში, ბესო შენგელიას გამარჯვება ხობში, გიორგი ხარჩილავას გამარჯვება წალენჯიხაში, ბადრი ქარჩავას გამარჯვება ჩხოროწყუში, მიშა ობოლაძის გამარჯვება ხელვაჩაურში და ჩვენი ყველას ერთად გამარჯვება საქართველოში. ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა გადასადგმელი და ივანიშვილის რეჟიმი – ეს სიცრუის, ბოროტების, ჩაგვრის და ღალატის კართაგენი აუცილებლად დაინგრევა. ბნელი შეიცვლება ნათელით, ბოროტს სძლევს კეთილი, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. აბა თქვენ იცით, თქვენი დიდი სიყვარულით და გამარჯვების ურყევი რწმენით, მიხეილ სააკაშვილი”- ნათქვამია წერილში.

  • პენიტენციური სამსახური ციხეში ხანძართან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს

    პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ N17 პენიტენციურ დაწესებულებას ხანძრის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება ამ ეტაპზე შეწყვეტილი აქვს და მისი აღდგენისთანავე ყველა პატიმარს ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა მიეცემა.

    მათი ინფორმაციით, დაწესებულების სამზარეულოში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

    “N17 დაწესებულების სამზარეულოში ხანძარი დაახლოებით, 14:20 საათზე გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს. აქვე განმარტავთ, რომ N17 დაწესებულება საკმაოდ მოშორებით მდებარეობს რუსთავში მდებარე სხვა პენიტენციური (N 5, N 6, N 12, N 16) დაწესებულებებისგან და შესაბამისად ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს”,- აცხადებს უწყება.

  • მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე აქცია დაიწყო

    საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე აქცია დაიწყო.  თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებულია სცენა საიდანაც „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართავენ.  აქციას კოლონებით შეუერთდნენ, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეებიც ლოზუნგებით : ,,თავისუფლება მესამე პრეზიდენტს. საქართველო!”

    ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი უკვე გადაკეტილია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

    პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული.

  • მელიამ იცის, რომ ჩამოამხობენ პარტიას და იძულებულია, გაყვეს ამ სიბრიყვეს – ხუხაშვილი

    მელიამ იცის, რომ ჩამოამხობენ პარტიას და იძულებულია, გაყვეს ამ სიბრიყვეს – ხუხაშვილი

    “აქცია ჩაატარა ქალბატონმა თაკო ჩარკვიანმა. როგორი საყვედურები წამოვიდა მელიასკენ, ხომ ნახეთ, რომ გამოცდა ვერ ჩააბარა. მელიას შეიძლება ესმის კიდეც, რომ არასწორად ხდება ყველაფერი, მაგრამ სხვა გზა არ აქვს, დაეშლება პარტია, იცის, ჩამოამხობენ პარტიას და იძულებულია, გაყვეს ამ სიბრიყვეს.

    მე იმას კი არ ვამბობ, რომ მიშა სააკაშვილის დაპატიმრება არ უნდა გააპროტესტონ, უნდა გააპროტესტონ, სხვანაირად არც გამოვა, მაგრამ საარჩევნო დღისწესრიგსაც მიყვნენ”

    ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “რადიო თავისუფლებასთან” საუბრისას. ცნობისთვის, ამ წუთებში ნაციონალური მოძრაობა თბილისში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავს.

  • ხელისუფლება არ აორგანიზებს – სუბარი ადამიანებზე, რომლებიც კოლონებს ცოცხებს ესვრიან

    ხელისუფლება არ აორგანიზებს – სუბარი ადამიანებზე, რომლებიც კოლონებს ცოცხებს ესვრიან

    ქართული ოცნების დეპუტატი, სოზარ სუბარი ამბობს, რომ მმართველი პარტია არ აორგანიზებს იმ ადამიანთა ჯგუფებს, რომლებიც სხვადასხვა ადგილზე აქციის კოლონებს ცოცხებით და ყავარჯნებით ხვდებიან.

    “არანაირი დაორგანიზება ხელისუფლების მხრიდან არ ხდება და ამის ვერც ერთ ფაქტს ვერ წარმოადგენენ. სულ მესმის მთელი დღის განმავლობაში, რომ ქვები ესროლეს მანქანებს, გზები გადაკეტეს, თუმცა ვერც ერთი მაგალითი გზის გადაკეტვის და ქვების სროლის ვერ ვნახეთ. მეორეს მხრივ, როგორც არის აქციის უფლება, ისე არის კონტრაქციის უფლებაც, ადამიანები გამოხატავენ თავის პოზიციას და ცოცხი და ყავარჯენი არის სიმბოლო იმ ხელისუფლების, რომელიც ძალმომრეობის და ადამიანის ღირსების შელახვის სიმბოლოდაა ქცეული. ეს ადამიანები გამოხატავენ თავის პროტესტს”,- ამბობს სუბარი.

    მისივე თქმით, ქართული ოცნების წევრებს უფლება აქვთ, მიიღონ კონტრაქციაში მონაწილეობა.

    ცნობისთვის, თბილისისკენ მიმავალ აქციებს მაგისტრალებზე, მათ შორის, სამტრედიაში, რუსთავში, ქუთაისში, გორში და სხვა ქალაქების გასასვლელებში ხვდებიან ქართული ოცნების მხარდამჭერები და ცოცხებს ესვრიან. ენმ-ს წევრის, ანა წითლიძის თქმით, აღნიშნულ კონტრაქციაში მონაწილეობას იღებდნენ ზუგდიდის საკრებულოს წევრები მმართველი პარტიიდან.

  • ხანძარი მსჯავრდებულების კორპუსიდან მოშორებით გაჩნდა – პენიტენციური

    პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოები მიმდინარეობს.

    “N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ადგილზე 11 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

    სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში ხანძარი 14:20 საათზე სამზარეულოში გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს”,- აცხადებს უწყება.

  • პატრიარქის კურთხევა თუ იქნება, სააკაშვილზე პეტიციას ხელს მოვაწერ – მეუფე გრიგოლი

    პატრიარქის კურთხევა თუ იქნება, სააკაშვილზე პეტიციას ხელს მოვაწერ – მეუფე გრიგოლი

    წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლ კაცია აცხადებს, რომ ხელს მოაწერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის შექმნილ პეტიციას, თუ პატრიარქის კურთხევა ექნება.

    ამ პეტიციას უკვე შეუერთდნენ მიტროპოლიტი ნიკოლოზი, იოსები, მელქისედეკი, გრიგოლი და ანანია.

    ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ისინი არ გამოხატავენ საპატრიარქოს პოზიციას.

  • აცრა და პირბადე, პირბადე და აცრა! – პრეზიდენტი მოსახლეობას ვაქცინაციისაკენ მოუწოდებს

    აცრა და პირბადე, პირბადე და აცრა! – აღნიშნული მოწოდება საქართველოს პრეზიდენტმა ჟენევაში დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან ტედროს გებრეიესუსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

    ,,დღეს აქედან, ჟენევიდან და ჯანდაცვის  მსოფლიო ორგანიზაციიდან მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მოსახლეობას, რომ აცრა აუცილებელია! პანდემია არსად გაქრება, ამიტომ ჯობია, რომ ჩვენ  ყველა საჭირო ზომა მივიღოთ, და ეს აცრით იწყება.

    დღევანდელ დღეს ჩვენ საქართველოში 4 212 ახალი შემთხვევა აღინიშნა. ეს ნიშნავს, რომ პანდემია გრძელდება და შეიძლება რაღაც მატებაც იყოს.

    აცრა აუცილებელია ყველასათვის და პირველ რიგში, იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯანდაცვის სექტორში და სკოლებში მუშაობს, მასწავლებლებისა და სხვებისათვის.

    თუ გვინდა, რომ ბავშვებმა გააგრძელონ (და ყველას ეს ძალიან გვინდა) სკოლებში სიარული და არ ვიყოთ იძულებული ახალი რეგულაციები შემოვიტანოთ, აუცილებელია, რომ ჩვენ ყველა ვიყოთ პასუხისმგებელი.

    აცრა და პირბადე, პირბადე და აცრა!”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.