Category: სლაიდერი

  • მეუფე სტეფანე კელიაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს – საეკლესიო სიახლენი

    მსოფლიო საეკლესიო სიახლენის ინფორმაციით, ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილი ცაგერში, საკუთარ კელიაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

    მათი ცნობით, მიტროპოლიტი სტეფანე  სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კატასტროფის მანქანით თბილისში ერთ-ერთ საავადმყოოფში გადაიყვანა.

    ამ დროისთვის მეუფე სტეფანე ჰოსპიტალიზებულია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

    არსებული ინფორმაციით, მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება თორმეტგოჯა ნაწლავის გასკდომამ გამოიწვია.

  • ზურაბიშვილის მიმართვით ყბა ჩამომივარდა და ჯერაც ვერ გავისწორე – გვარამია

    “თანამდებობის პირების საახალწლო მიმართვებს არასდროს არ ვუსმენ. არასდროს. რ2ზეც და მთავარზეც ჩემი ინიციატივით არ გადიოდა/არ გადის არც ერთი ამგვარი მილოცვა, მეორე დღეს შუქდება. მაგრამ იმ მეორე დღესაც არ ვუსმენ.

    პირველად ცხოვრებაში, დავჯექი ახლა და ვუსმინე პრეზიდენტის საახალწლო მიმართვას. ხაზს ვუსვამ, პირველად ცხოვრებაში და ისიც სალომე ზურაბიშვილს.

    დიახ: დავჯექი, ვუსმინე სრულად და ყურადღებით. ვუსმინე და ყბა ახლაც ჩამომვარდნილი მაქვს. არ მოგეჩვენათ, მე, ნიკა გვარამიას, სალომე ზურაბიშვილის მიმართვით, ყბა ჩამომივარდა და ჯერაც ვერ გავისწორე”

    ამბობს მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საახალწლო მიმართვაზე.

  • COVID-19-ით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 796 ახალი შემთხვევა

    საქართველოში კორონავირუსით ბოლო 24 საათში კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 796 ახალი შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელდა 3 291 პაციენტი.

    დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.92%-ია, ბოლო 14 დღის – 5.49%, ბოლო 7 დღის – 5.67%.

  • ზაფხულის შუა რიცხვებისთვის უნდა გავიდეთ მოსახლეობის 70%-იან მოცვაზე – გამყრელიძე

    “ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, იმისთვის რომ ზაფხულის შუა რიცხვებისთვის ჩვენ გავიდეთ 70%-იან მოცვაზე მოსახლეობის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ 80-90% მოცვა ჰქონდეს ყველზე უფრო მოწყვლად ასაკში, რომელიც არის 60 წლის ასაკის ზემოთ ასაკი. აქ თუ მივაღწევთ 80-90% მოცვას, მაშინ სერიოზული გარდატეხა მოხდება პირველ რიგში სიკვდილიანობაში და, რა თქმა უნდა, მთლიანად პანდემიის დასრულებაში”

    ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე.

  • ინდოეთში, ტაძარში ჭყლეტის დროს სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა

    ინდოეთში მატა ვაიშნო დევის ტაძარში ჭყლეტის დროს სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

    პოლიციის განცხადებით, ჭყლეტა გამოიწვია ჩხუბმა.

    შემთხვევას ინდოეთის პრემიერი, ნარენდრა მოდი გამოეხმაურა და ადამიანების დაღუპვის გამო, მწუხარება გამოთქვა.

     

  • სააკაშვილის თხოვნით, მხარდამჭერები შიმშილობას წყვეტენ

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და მხარდამჭერებს სთხოვს, შიმშილობა შეწყვიტონ.

    “მიხეილ სააკაშვილი განიცდის თითოეული მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და თავადაც იძულებული გახდება, რომ მანაც განაახლოს შიმშილობა, რისი დაშვების უფლებაც არ გვაქვს არცერთ ჩვენგანს, ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის დაწყება იქნება ფატალური შედეგის მომტანი და ამიტომ, თანამებრძოლებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავიდეთ ბრძოლის შემდეგ ეტაპზე, რომელიც იქნება მრავალფეროვანი და არაძალადობრივი, მანამ, სანამ ქვეყანაში სამართლიანობა არ გაიმარჯვებს და არ დასრულდება პოლიტიკური მართლმსაჯულება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავდივართ ბრძოლის სხვა ეტაპზე”, – თქვა მელიამ.

  • მომავალ წელს განვითარება და პროგრესი გვექნება ყველა მიმართულებით – ღარიბაშვილი

    მომავალ წელს განვითარება და პროგრესი გვექნება ყველა მიმართულებით – ღარიბაშვილი

    “მომავალ წელს განვითარება და პროგრესი გვექნება ყველა მიმართულებით”- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საახალწლო მილოცვისას.

    ”გილოცავთ ახალი წლის შემობრძანებას. მომავალი წელი ჩვენი ხალხისთვის ყოფილიყოს წინსვლის, წარმატების, ერთიანობის, კეთილდღეობისა და კიდევ უფრო მეტი განვითარების მომტანი. ახალ წელს სურვილების ასრულების იმედით ვხვდებით და პირვცელ რიგში ვისურვებდი, რომ ამ ახალ წელს მსიდობა და პანდემიის დასასრული მოეტანოს დედამიწაზე, რათა ადამიანები დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას. ჩვენც ყველამ შევძლოთ ვიყუროთ წინ, ვიფიქროთ მომავალზე, განვითარებაზე, აღმშენებლობაზე, განახლებაზე, ახალი ამბიციური პროექტების განხორციელებაზე.

    2021 წელი გამოწვევებით დატვირთული წელი იყო, იყო პოლიტიკური ვნებათა ღელვაც, პანდემიით გამოწვეული დაბრკოლებები, ადამიანების დაკარგვით გამოწვეული ბევრი ტრაგედია. სამწუხაროდ, ბევრი ჩვენი თანამოქალქე დავკარგეთ ვირუსთან ბრძოლაში და კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა წუხილი.

    მაგრამ გასული წელი წარმატებებითაც აღინიშნა სხვადასხვა კუთხით, – ჩვენს ქვეყანას წინსვლა არ  შეუჩერებია არც ერთი წუთით და სერიოზული მიღწევები გვქონდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და მეტი წარმატებისთვის, ჩვენ გვჭირდება მმართველობის ახლებური მიდგომა, რაც პროგრესსა და სწრაფ განვითარებას გულისხმობს ყველა მიმართულებით. ამ ახლებურ შემართებას გაბედული და დროული გადაწყვეტილებები სჭირდება და ჩვენც ახალ წელს სწორედ ამ მიდგომით დავიწყებთ.

    მომავალი წელი კიდევ უფრო ძლიერ ბიძგს მისცემს ჩვენს საქმიანობას. პირველ რიგში, ეს იქნება  ეკონომიკის მიმართულება. გასული წელი  წარმატებული იყო, მოსალოდნელზე უფრო სწრაფი ტემპით დაიწყო აღდგენა ეკონომიკამ და ზრდის მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო გამორჩეული ლიდერია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით, ჩვენ მეტი გვჭირდება, კიდევ უფრო სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა უნდა მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს.

    მომავალ წელს ჩვენ შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს, უნდა შევამციროთ სიღარიბე, განვითარება და პროგრესი გვექნება ყველა მიმართულებით, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ხვალინდელი დღე გახდეს უკეთესი. ეკონომიკურად ძლიერი და გამთლიანებული საქართველო, ძლიერი ქართული სახელმწიფო – ეს უნდა გახდეს ჩვენი მთავარი მიზანი. ეს შესაძლებელია და ჩვენ ეს შეგვიძლია! ჩვენი ერთობით, თანმიმდევრული და თავდაუზოგავი შრომით, საქართველო აუცილებლად გახდება ასეთი სახელმწიფო. ახალ წელს ახალი იმედები მოაქვს ყოველთვის და სწორედ ამ იმედით მინდა მივულოცო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს 2022 წლის დადგომა. მთელი გულით ვისურვებდი, რომ ეს წელი გარდამტეხი ყოფილიყოს ჩვენი ურთიერთობების დაახლოების კუთხით და მალე განვითარებულ და გამთლიანებულ საქართველოში გვეცხოვროს ერთად.”-  განაცხადა ღარიბაშვილმა.

  • ყოველ ახალ წელიწადს მე გპირდებით თქვენ სიახლეს, მაგრამ პრობლემები მაინც რჩება –  ილია მეორე

    ყოველ ახალ წელიწადს მე გპირდებით თქვენ სიახლეს, მაგრამ პრობლემები მაინც რჩება – ილია მეორე

    ” ყოველ ახალ წელიწადს მე გპირდებით თქვენ სიახლეს, მაგრამ პრობლემები მაინც რჩება”- განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საახალწლო მილოცვისას.

    ”ძმანო და დანო, გილოცავთ ახალ წელს. ყოველ ახალ წელიწადს მე გპირდებით თქვენ სიახლეს, მაგრამ პრობლემები მაინც რჩება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ წინგანჭვრეტა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რეალურად, არსებობს სიძნელეები და ჩვენ უნდა გვქონდეს უნარი, რომ დავძლიოთ ეს წინააღმდეგობები.

    არ უნდა შევუშინდეთ სიძნელეებს, სიძნელე მოდის და მიდის. ასევე, სიხარული მოდის და მიდის. ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები, სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავვარდეთ. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს და არა მარტო მატერიალურად, არამედ სიტყვიერადაც, განსაკუთრებით, იმ ადამიანებს, რომელნიც არიან საავადმყოფოში და ციხეებში, გაჭირვებაში. ჩვენი ახალგაზრდობა, ბავშვები უნდა დავლოცოთ დედისა და მამის მიერ. დალოცვილი ბავშვები მართლა ბედნიერი იქნებიან. განსაკუთრებით ვლოცავ ჩემს ნათლულებს, ჩემი ნათლულები უნდა გამოირჩეოდნენ მომავლის რწმენით, სარწმუნოებით, ლოცვით. მომავალი საიმედო უნდა იყოს ჩვენთვის, უნდა გახსოვდეთ, რომ მომავალი ჩვენია, გისურვებთ ჯანმრთელობას პირველ რიგში.

    მე უნდა დაგლოცოთ, კურთხევა უფლისა თქვენ ზედა, მისითა და მადლითა და კაცთმოყვარეობითა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნისამდე, ამინ.” –  განაცხადა ილია მეორემ.

  • ჩემი ამოცანაა, ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის მოვნახოთ ეროვნული თანხმობის გზა – სალომე ზურაბიშვილი

    “ჩემი ამოცანაა, ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის მოვნახოთ ეროვნული თანხმობის გზა “- აცხადებს, ქვეყნის პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საახალწლო მილოცვაში.

    ,,რა გითხრათ, რით გაგახაროთ? რა მოვულოცოთ ჩვენს თავს?“- კითხულობდა 124 წლის წინ ილია და დღესაც მინდება იგივე კითხვის დასმა. ამ საახალწლო, ტრადიციული მოლოცვის მაგიერ, მინდა, მოგასმენინოთ არა ჩემი, არამედ ჩვენი შვილების ხმა… • მე ვარ მარი, 9 წლის. მყავს ორი ძმა. ვართ სოციალურად დაუცველები. არასდროს არ მითხოვია არაფერი. მინდა ნაძვის ხე, არ მაქვს. თუკი გაქვს საშუალება და გამახარებ კარგი იქნება. თუ არ გექნება, რითიც გამახარებთ მადლობელი ვიქნები. სოფელი დირბი • გამარჯობა. მე ვარ ვაკო, 7 წლის. მყავს პატარა დაიკო. ვართ დევნილები და სოციალურად დაუცველები. ძალიან გთხოვთ, კეთილ ადამიანებს, შეგვისრულეთ მე და ჩემს დაიკოს სურვილები. მე მაქვს თქვენი იმედი და დაგელოდებით. მჯერა ამისრულებთ ნატვრას. ქალაქი გორი • მე ვარ ნინი, 5 წლის ვხდები 5 მარტს. ვარ დევნილი. ძალიან მინდა, რომ თოვლის პაპამ მომიტანოს სამზარეულო. წინა წელსაც ველოდებოდი სამზარეულოს, მაგრამ არ მომიტანა. ქალაქი გორი • არ ვიცი, თუ გაქვთ საშუალება, რომ ჩვენც გაგვახარო. მაგრამ მე მაინც მაქვს იმედი. მე ვარ აკო, 11 წლის. მყავს ძმა 4 წლის და და ნანკა 1 წლის და 6 თვის. ვართ სოციალურად დაუცველები და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები. რისი საშუალებაც გექნება ყველაფერი გაგვიხარდება. განსაკუთრებით, ჩემი ძმა გაიხარებს თქვენი დანახვით. გელით დიდი სიხარულით. სოფელი დირბი • მე ვარ ანა 11 წლის. ვარ სოციალურად დაუცველი. მინდა თოვლის პაპამ გამახაროს და მომიტანოს პლანშეტი, დედა ვერ ყიდულობს, მყავს და-ძმა. ძმას აქვს ლეიკემია. ძალიან გვიჭირს, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი თანხა სჭირდება მის მკურნალობას. სოფელი ქიწნისი • მე ვარ დათუნა 8 წლის. ვართ სოციალურად დაუცველი. მე მინდა, რომ მომიტანო ტელეფონი თუ შეგიძლია, რადგან კომპიუტერი გამიფუჭდა და ონლაინგაკვეთილებზე ვერ ვერთვები. მეც მინდა, რომ ვისწავლო თანატოლებივით. სოფელი ქვეში ამ ბავშვებს შევუსრულეთ ეს საახალწლო სურვილები, მაგრამ ბევრ სხვას ვერა და კიდევ მეტს ვერც შევუსრულებთ დიდხანს. ილიასი არ იყოს ქვეყანა დგას უზარმაზარი თხრილის წინ, „და საკმაოა ხელი გვკრან და გადავიჩეხებით“. ოღონდ ილიას წუხილი უცოდინრობა, შრომის ნაკლებობა, მიზნის დაკარგვა თუ იყო… ჩვენ დღეს უარესი გვჭირს: ერთმანეთი დავკარგეთ, ერთმანეთს ვეჯიკავებით ამ თხრილისკენ, მტერიც აღარ გვჭირდება რომ ხელი გვკრას, მის საქმეს ჩვენვე ვაკეთებთ და ერთმნეთს ვკრავთ ხელს. უკიდეგანო შური და ბოღმა, სიძულვილი და დაპირისპირება, მოკლევადიანი გეგმები და კიდევ უფრო მოკლემჭვრეტელი ხედვა, სამაგიეროდ, გრძელვადიანი და უსაფუძვლო ამბიციები! ამ დღეებში ჩემი მთელი ძალისხმევა და რასაც მომავალ წელსაც გავაგრძელებ (და სანამ ამ თანამდებობაზე ვიქნები, რამეთუ ამ თანამდებობაზე მხოლოდ და მხოლოდ ამისთვის ვარ) მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე ერთმანეთთან მისასვლელი გზა თუ გზები მოვნახოთ. მოვახერხოთ ის, რომ ერთმანეთის მოსმენითა და საუბრით და არა შუღლით მოვახერხოთ ამ ქვეყნის გადარჩენა. ჩემი ამოცანაც ესაა – ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის მოვნახოთ ეროვნული თანხმობის გზა. არა როგორც ზოგზოგიერთი ავრცელებს, რომ ვითომც ეს ერთი რომელიმე ადამიანის გათავისუფლებისთვის კეთდება – არა! არა იმისთვის, რომ ვიღაცისთვის და ვიღაცასთან შერიგება მოვახერხო – არა! ეს იმისთვის კეთდება, რომ ჩვენ შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა და ერთმანეთთან შევთანხმდეთ იმ რაღაცებზე, რაც ამ ქვეყანას ააშენებს, რაც ამ ქვეყანას არა თუ გადაარჩენს, მაგრამ მოგვცემს საშუალებას, რომ ხვალინდელ ანას და სხვებს არა თუ შევუსრულოთ სურვილები, არამედ მომავალ წელს და შემდეგ წლებში არასოდეს ვთქვათ: – რით გაგახაროთ? გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს! ამ ქვეყნისათვის კი ვისურვებდი, რომ ამ წელსვე შევძლოთ ამ დიდი სურვილის ასრულება, შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა, შევძლოთ ერთმანეთისთვის აზრების გაზიარება! მე იმედიანად ვარ, რადგან ამ დღეებში ერთი რამ მაინც დავამტკიცეთ, რომ ყველას შეუძლია ამ სასახლეში მოსვლა, ამ სასახლეში დაჯდომა და ერთმანეთთან საუბარი! გილოცავთ დღევანდელ დღეს!” – სალომე ზურაბიშვილი

  • გამგებლები, სამსახურების ხელმძღვანელები – ნიკა მელიას კოალიციური გუნდი

    ნიკა მელიამ საკუთარი გუნდი დაასახელა, რომელიც მისი გამარჯვების შემთხვევაში თბილისის მართვას დაიწყებს.

    მერის მოადგილეები იქნებიან: ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე და ირაკლი აბესაძე.

    გარდა ამისა:

    • ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურეობის ხელმძღვანელი – სოფო ჯაფარიძე (ენმ)
    • კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ხელმძღვანელი – მედეა მეტრეველი (ლელო)
    • ანტიკორუფციული მიმართულება, შიდა აუდიტი – გიორგი ნონიაშვილი (ევროპული საქართველო)
    • შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი – მამუკა აჩბა (ერთიანი საქართველო)
    • მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი – დიმიტრი ბიძინაშვილი (ენმ)
    • იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი – გიგა ლემონჯავა (დროა)
    • მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – დავით ლაგვილავა (ენმ)
    • ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი – ვასო ურუშაძე (უპარტიო)
    • თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი – ნიკა ვაჩეიშვილი
    • თბილისერვის ჯგუფის ხელმძღვანელი – ბესო გაზდელიანი
    • არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი – ანა ბიბილაშვილი (ლელო)
    • გლდანის გამგებელი – თენგიზ გიორგაძე (ენმ)
    • ნაძალადევის გამგებელი – ლერი დემეტრაშვილი
    • დიდუბის გამგებელი – დავით ნაფეტვარიძე (უპარტიო)
    • ჩუღურეთის გამგებელი – კახა ჟღენტი (ლელო)
    • ვაკის გამგებელი – საბა ბუაძე (ლელო)
    • საბურთალოს გამგებელი – ოთარ თავართქილაძე (ერთიანი საქართველო)
    • ისნის გამგებელი – ლანა გალდავა (ლელო)
    • სამგორის გამგებელი – გულიკო ზუმბაძე
    • კრწანისის გამგებელი – რომეო ფარულავა
    • მთაწმინდის გამგებელი – თამაზ დათუნაშვილი (ლელო)