Category: სლაიდერი

  • მიშა, მოიცადე ცოტა ხანი, გადადე შენი ულტიმატუმის დღე – ყიფშიძე სააკაშვილს

    რუსთავის ციხეში კვლავ არ შეუშვეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი. ნიკოლოზ ყიფშიძემ მას სთხოვა, გადადოს პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის მიმართვა და ექიმების შესვლას დაელოდოს.

    “მქონდა მე მოლოდინი, რომ შემიშვებდნენ, მაგრამ დაშვება არ გაქვთო. იმიტომ მოვედი დღეს აქ, რომ ეხლა რომ მოეცათ საშუალება მენახა, იქნებ გადაეფიქრებინა ამ უკიდურესი ფორმის, დაწყება, შიმშილობის დაწყება. თუ გვისმენს მიშა, ვეტყოდი, რომ მიშა, მოიცადე კიდევ ცოტა ხანი, ექიმები ადრე თუ გვიან შემოვლენ შენთან, და თუ შეიძლება გადადე შენი ულტიმატუმი დღე”, – თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ რუსთავის ციხესთან.

    ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს ორი მოთხოვნა აქვს – 6 იანვრამდე მასთან დამოუკიდებელი ექიმების ჯგუფი შევიდეს და კომუნიკაცია სრულყოფილად აღდგეს, წინააღმდეგ შემთხვევში, ადვოკატის თქმით, ის პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. შოთა თუთბერიძეს არ დაუკონკრეტებია, იქნება თუ არა ეს შიმშილობა.

  • ყაზახეთში მთავრობის გადადგომის მიუხედავად პროტესტი გრძელდება

    ყაზახეთში მთავრობის გადადგომის მიუხედავად, საპროტესტო აქციები გრძელდება. ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ ყაზახეთში ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი გათიშეს. ბრიტანული კომპანია NetBlocks, რომელიც მსოფლიოში ინტერნეტის მდგომარეობას აკვირდება, ადასტურებს, რომ ყაზახეთში ინტერნეტი დაბლოკილია და ტრაფიკი დაეცა.

    პროტესტი მანგისტაუს რეგიონში საწვავის ფასის ზრდის გამო 2 იანვარს დაიწყო, მოგვიანებით კი თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა. მასობრივი პროტესტის ფონზე : პოლიციის ნაწილი გადავიდა ხალხის მხარეს, ასევე ხალხის მხარეს გადავიდა წყლის მტყორცნი მანქანის ეკიპაჟი.

  • სააკაშვილს სურს, მათი “შავი სია” შექმნას, ვინც მოქალაქეებს პოლიტიკურად დევნის

    ენმ-ს წევრის, რომან გოცირიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაა, შეიქმნას ე.წ. შავი სია სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების, რომლებიც ადამიანებს პოლიტიკურად დევნიან, ეს სია კი მათ დასასანქცირებლად საერთაშორისო პარტნიორებს მიეწოდოთ.

    “მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა ის იდეა, რომელიც ეხებოდა ე.წ. შავი სიის შექმნას ძალოვანი და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების – მოსამართლეების, პროკურორების, პოლიციელების და სხვათა მიმართ, რომლებიც ეწეოდნენ ადამიანების პოლიტიკურ დევნას, რეპრესიას. ეს სია უნდა გახდეს მთელი ქვეყნისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისათვის ცნობილი, რათა შევუზღუდოთ მათ საზღვარგარეთ თავისუფალი გადაადგილება ევროპაში და ამერიკაში.

    ასევე სხვა სახის აპრობირებული პერსონალური სანქციები იყოს დაწესებული მათ მიმართ. ის ადამიანები, რომლებიც ხალხზე და პოლიტიკოსებზე ძალადობენ სასამართლოს სახელით, თბილად არიან მოკალათებული, აგროვებენ სიმდიდრეს და თავს გრძნობენ დაუსჯელად. უნდა ჩამოყალიბდეს იურისტთა ჯგუფი, რომელიც ყველა ამ საკითხს შეისწავლის, ბევრი რამ პირდაპირ ზედაპირზე დევს და შემდეგ ეს სია უნდა გადავცეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“,– ამბობს გოცირიძე ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

  • ოკუპანტებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე

    ოკუპანტებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

    “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი”. ინფორმაცია მყისიერად მიეწოდა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად.

    ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალას. უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ სტაბილურობას”,– აცხადებს უწყება.

  • რა თქმა უნდა, ამ საგამოძიებო კომისიას ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება – იოსელიანი

    “ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საგამოძიებო კომისიებია შესაქმნელი და ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში ბევრი რამეა მომხდარი, რასაც გამოძიება ჭირდება.

    არ შეიძლება პარლამენტში არ იყო და განუწყვეტლივ ლანძღავდე და ტალახს ასხამდე ადამიანებს, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ, აკეთებენ თავის საქმეს, მხარს რომ არ გიჭერენ, არ ნიშნავს, რომ შენი მტრები არიან. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ საგამოძიებო კომისიას ბევრი მიზეზის გამო ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება, მაგრამ ვისურვებდი, რომ ისინი დაბრუნდნენ პარლამენტში და ვიმუშავოთ სხვა საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის”

    თქვა “მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა ხატია დეკანოიძესთან შეხვედრის შემდეგ.

  • ენმ საგამოძიებო კომისიის მხარდაჭერაზე “გირჩთან” შეთანხმდა, “მოქალაქეებთან” – ვერა

    ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე შეხვდა “გირჩის” ლიდერს, იაგო ხვიჩიას და “მოქალაქეების” დეპუტატს, ლევან იოსელიანს.

    მისი თქმით, გირჩთან შეთანხმების მიღწევა მოხერხდა, მოქალაქეებთან კი ვერა. დეკანოიძე აღნიშნავს, რომ “მოქალაქეებთან” კონსულტაციები გაგრძელდება.

    “გირჩის” პოზიციაა, რომ დაუჭერენ მხარს საგამოძიებო კომისიას და ასევე შევთანხმდით, რომ თუ მათაც ექნებათ საინტერესო იდეები საგამოძიებო კომისიაზე ან ზოგადად კანონპროექტზე, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს განხილვის თემა და ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ნებისმიერი თანამშრომლობა და მხარდაჭერა ოპოზიციას შორის უნდა იყოს კონკრეტული წინადადებების გარშემო. ამიტომ იაგოსთან საინტერესო საუბარი მქონდა.

    ლევან იოსელიანთან ვერ შევთანხმდით ამ ეტაპზე, მაგრამ შევთანხმდით იმაზე, რომ გავაგრძელებთ საუბარს და ვფიქრობ, რომ გადავიარეთ ეს თავდასხმა და მნიშვნელოვანია, სხვანაირ რეჟიმში დავბრუნდეთ. საუბრის შედეგად, კონკრეტული შედეგი ლევანთან არ არის, მაგრამ ვაპირებ მასთან გავაგრძელო კომუნიკაცია, რომელიც იქნება ცივილიზებული და თანამშრომლობაზე ორიენტირებული.

    “გირჩი” წინააღმდეგი არ არის მხარი დაუჭიროს ამ კომისიას. მე არ მაინტერესებს “ქართული ოცნების” პოზიცია, ერთადერთი ჩემი ინტერესის საგანს წარმოადგენს, რომ შევთანხმდე ოპოზიციასთან . “გირჩთან” მოლაპარაკებებით კმაყოფილი ვარ, ლევანთან ვერ შევთანხმდით, მაგრამ გავაგრძელებთ საუბარს,”- განაცხადა დეკანოიძემ.

    როგორც ცნობილია, გახარიას პარტია არ აპირებს საგამოძიებო კომისიისთვის მხარდაჭერას, ქართული ოცნება კი მხარდაჭერას არ გამორიცხავს. საპარლამენტო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის ხმა სჭირდება.

    ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სურს, პარლამენტში ციხეში მის მიმართ მოპრყობასთან დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას, რომელიც შეისწავლის მის მიმართ არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ფაქტს და იმ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულები.

  • ციციშვილის კლინიკაში, კორონავირუსით 4 თვის ჩვილი გარდაიცვალა

    ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით 4 თვის ჩვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე ადასტურებს. როგორც ის აცხადებს, ჩვილი მათთან 31 დეკემბერს შეიყვანეს, იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და მდგომაროება უკიდურესად მძიმე იყო.

    “31 დეკემბერს შემოვიდა ჩვენთან 4 თვის ჩვილი, რომელიც დაბადებული იყო დღენაკლი, დაბალი წონის და დაბადების შემდეგ იმყოფებოდა ერთ-ერთ კლინიკაში. ბავშვი მართვით სუნთქვაზე იყო, როდესაც ჩვენთან გადმოვიდა. მას ჰქონდა კომბინირებული ურთულესი მანკი. ერთი ჩარევა უკვე გაკეთებული ჰქონდა 1 თვის ასაკში, ამის შემდეგ ბავშვის მდგომარეობა კვლავ მძიმე იყო”, – თქვა ჩხაიძემ.

  • დასავლეთის გარეშე არ იარსებებს არაღიარების პოლიტიკა, არ შემოვა ფული, გავქრებით – ჯაფარიძე

    “დასავლეთის გარეშე არ იარსებებს არაღიარების პოლიტიკა, არ შემოვა ფული, გავქრებით “- წერს ”გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მმართველი გუნდის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით. კობახიძემ აშშ-ის საელჩოს კრიტიკული განცხადების შემდეგ თქვა, რომ “ასეთი განცხადებები არყევს საზოგადოების ნდობას დასავლეთის მიმართ”.

    “ეს არ არის პირველი შემთხვევა და არც კობახიძეა პირველი, ვინც დასავლეთიდან წამოსულ კრიტიკას პასუხობს ასეთი შინაარსისა და ტონალობის ტექსტით. თვეებია, რაც ეს “პატერნი” ჩამოყალიბდა:

    1. დასავლეთი აკრიტიკებს ოცნების რომელიმე კონკრეტულ ნაბიჯს, რომლითაც ივანიშვილი და მისი ხელის ბიჭები კიდევ უფრო მეტ ძალაუფლებას იგდებენ ხელში ან იმყარებენ უკვე არსებულ ძალაუფლებას, რითიც კიდევ უფრო ზრდიან პოლარიზაციას, კიდევ უფრო აშორებენ ქვეყანას ევროატლანტიკურ სტრუქტურებს, კიდევ უფრო კლავენ განვითარების შანსებს და ა.შ. (ასე მოხდა უზენაეს სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კლანის ჩაბეტონების შემდეგ, სრულად პროპორციულ და 2%-იან ბარიერიან საარჩევნო სისტემაზე არ გადასვლის შემდეგ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კლანის ძალაუფლების გაძლიერების შემდეგ, სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის გაუქმების შემდეგ);

    2. დასავლეთის კრიტიკაზე ოცნების სინდისისგან (ნაწილი) და/ან ტვინისგან (ნაწილი) დაცლილი მოლაპარაკე თავები პასუხობენ რომ ა) ჩვენ დასავლელ მეგობრებს არ ესმით კარგად, რა მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარეს მათ და რომ ეს რეფორმა იყო ერთადერთი სწორი და აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო ბ) დასავლეთის კრიტიკაში შეცდომებია (“ტექნიკური ხასიათის”), რომლებიც იმით არის გამოწვეული, რომ ჩვენი მეგობრები არ ფლობენ სრულად ინფორმაციას გ) დასავლეთიდან წამოსული კრიტიკა არასწორია და რომ ეს კონკრეტული ბიუროკრატების ბრალია (აშშ-ს ელჩს დაადეს პირდაპირ ხელი) დ) ასეთი კრიტიკის გამო დასავლეთი ნდობას კარგავს “ქართული საზოგადოების” თვალში ე) იქით მიუთითებენ პრობლემებზე, მაგალითად 5 ივლისის სისხლიან დარბევაზე წამოსულ კრიტიკაზე ახლანდელმა პარლამენტის სპიკერმა უპასუხა – თქვენც ხომ ვერ შეაჩერეთ BLM-ის აქციების დრო ქუჩაში ძალადობაო;

    3. ოცნების მხრიდან ასეთი პასუხი მყისიერ საჯარო მხარდაჭერას ჰპოვებს პრორუსული ფაშისტური ჯგუფების მხრიდან, იქნება ეს ალტ-ინფომაგვარი წარმონაქმნები, საპატრიარქოს მაღალი თუ დაბალი იერარქები თუ რუსეთის რომელიმე ცალკეული გავლენის აგენტი – ვინ ეკითხება დასავლეთს, ჩვენ როგორ ვიცხოვრებთ, თავიანთ პიდარასტებს მიხედონ მაგათ, მაგ ქვეყნების ასაკის მუხა გვიდგას ჯემალას ეზოში, მაგათზე უკეთ ვიცით, როგორ უნდა ავაშენოთ ქვეყანა.

    ეს არ ხდებოდა 2021 წლამდე. შარშან დაიწყო. მანამდე ოცნება რიტორიკის დონეზე მაინც ანგარიშს უწევდა დასავლეთის აზრს. 2020-მა გადატეხა სიტუაცია, როდესაც პანდემიის წინააღმდეგ მიმართული ზომების ფონზე ივანიშვილი/ოცნება დარწმუნდა, რომ “ეს ხალხი ყველაფერს აიტანს”. კლასიკაა უკვე.

    რომ გავამარტივოთ:

    1. ივანიშვილი/ოცნება არ თმობს ძალაუფლებას, პირიქით, და ამას სწირავს ჩვენი შვილების მომავალს;
    2. დასავლეთი ეუბნება, რომ ასე ქვეყანას კიდევ უფრო ეტირება დედა;
    3. ივანიშვილი სატელიტებით პასუხობს – გამოექანეთ რაშმორიდანო.

    ეს ყველაფერი ცხადია მოსწონს რუსეთს, რადგან დასავლეთთან გაუცხოება ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს:

    1. არანაირი ნატო და რუსეთისგან უსაფრთხოება საქართველოში;
    2. არანაირი ეკონომიკური დამოუკიდებლობა საქართველოსთვის;
    3. არანაირი ლიბერალური დემოკრატიის წარმატებული მაგალითი რუსეთის სამხრეთ საზღვართან;
    4. რუსეთის მხრიდან მორიგი დემონსტრირება მსოფლიოსთვის, რომ ეს რეგიონი არის მისი ბოსტანი;
    5. გრძელვადიანად სრულად რუსეთის კეთილ ნებაზე ჩამოკიდებული საქართველო (და ჩვენი შვილების მომავალი, თუ მანამდე არ გაიქცნენ აქედან) და, შესაბამისად კავკასიაც.

    განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულებისთვის, რომლებიც ამას ვერ ხედავენ (ვინც ხედავს და ეს უნდა, მათთის ახსნას აზრი არ აქვს), მაინც ავხსნი, რომ დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე:

    1. არ იარსებებს არანაირი არაღიარების პოლიტიკა და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების პროცესი წავა თითქმის დომინოს პრინციპით;
    2. ამ ქვეყანაში არ შემოვა ფული, რომელიც არ გვაქვს, საერთოდ არ გვაქვს, არადა გვჭირდება განვითარებისთვის, და დავრჩებით ისეთივე განუვითარებელ უტვინო სირებად, როგორებიც ახლა ვართ (პირველ რიგში პუტინის თვალში);
    3. გრძელვადიანად – ვერ გადავრჩებით. გავქრებით. ვინც გაასწრებს, გაასწრებს.

    ეგაა სულ. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ რუსთაველი ლამაზად გაანათეს, გიჟდება ხალხი.”- წერს ჯაფარიძე.

  • კობახიძის განცხადების ზიანი იმაზე დიდია, ვიდრე მხოლოდ ქვეყნის იმიჯის შელახვა – “დროა”

    “კობახიძის განცხადების ზიანი იმაზე დიდია, ვიდრე მხოლოდ ქვეყნის იმიჯის შელახვა”- პარტია დროა ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც აშშ-ის საელჩოს ეხება.

    “პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ დაესხა თავს საქართველოს მთავარ პარტნიორებს და განაცხადა, რომ მათი განცხადებები “არყევს ქართული საზოგადოებს ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ”, რასაც მმართველი პარტია “არ დაუშვებს”.  მსგავსი რიტორიკა ძალიან ჰგავს რუსული სტილის “სუვერენული დემოკრატიის” მოდელს, რომელიც სახელმწიფოების მხრიდან ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის დამახინჯებულ გაგებას გულისხმობს და გზას უხსნის ავტორიტარიზმს.

    ამ განცხადებისა და დამოკიდებულების ზიანი იმაზე დიდია, ვიდრე მხოლოდ ქვეყნის იმიჯის შელახვა. მსოფლიოში სწორედ ახლა ყალიბდება რეალობა, რომელიც საქართველოს მომავალს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. გასული სამი დღის განმავლობაში ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან არაერთი საყურადღებო ნაბიჯი გადაიდგა:

    დასავლეთისთვის საერთაშორისო დღის წესრიგში ბრუნდება ღირებულებების მნიშვნელობა და დასავლეთი მოკავშირედ დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოებს მიიჩნევს, ავტორიტარულ სახელმწიფოებს კი – მოწინააღმდეგეებად:

    სწორედ ამ ფონზე, განგაშის ზარი უნდა იყოს საქართველოში აშშ-ის საელჩოს 3 იანვრის განცხადება, რომელშიც საქართველოს მთავრობა სახელმწიფოს ანგარიშვალდებულებისთვის ძირის გამოთხრასა და სასამართლო სისტემის შესუსტებაში ამხილა. ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ღიად აღნიშნა, რომ დემოკრატიაზე ამგვარი დარტყმები საქართველოს ნატოსა და ევროკავშირის აშორებს და დაუცველს ხდის რუსული საფრთხეების წინაშე;

    ამ ფონზე, ირაკლი კობახიძის მხრიდან სტრატეგიულ პარტნიორებზე თავდასხმა მიმდინარე გეოპოლიტიკური ტენდენციებისაგან ჩამოშორების გეგმაზომიერი ნაწილია. საქართველოს მომავლის განმსაზღვრელ შეხვედრებში მთავრობის წევრები არათუ არ მონაწილეობენ, არამედ ხშირად მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების შესახებ შესაბამისი უწყებები განცხადებებსაც კი არ ავრცელებენ”, – წერია განცხადებაში.

  • არასერიოზულია, 1 კვირის წინ წამების მსხვერპლი იყო, ახლა ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობს – იოსელიანი სააკაშვილზე

    ძალიან არასერიოზული და არათანმიმდევრულია, როცა ვიგებთ, რომ ადამიანი ერთი კვირის წინ წამების მსხვერპლი იყო, მერე იყო ცუდად, ხოლო ახლა ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

    „ამას სჭირდება დებატები პარლამენტში, სადაც პოლიტიკური დისკუსიის ადგილია. აქ უნდა იყოს პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა თუ აზრთა თანხვედრა. ეს არის ნორმალური პოლიტიკური პროცესი და ეს რომ არ ხდება, ამიტომაც არის, რომ ერთმანეთის ინიციატივებისა და გამოთქმების ასეთი შეფასებები გვიწევს. „ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში რომ იყოს მიხვდებოდნენ, რომ ქვეყანაში მთავარი მარტო მათი პოლიტიკური დღის წესრიგი არ არის და უამრავი სხვა პრობლემა არსებობს.„ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობა” ოპოზიციონერი კოლეგების მიმართ კარგად არ იქცევა, რადგან ყოველთვის ფაქტის წინაშე გვაყენებენ და ეს ფაქტი ყოველთვის მათი პარტიული ინტერესია და სხვა არაფერი. ეს იმ პირობებში, როცა თავად პარლამენტში არ არიან. ვისურვებდი, რომ ჯერ შემოვიდნენ და კონსულტაციები დაგვეწყო – ამის შემდეგ შეიძლება რაღაცაზე შევთანხმდეთ ან ვერ შევთანხმდეთ. ჩვენ პარლამენტის საგამოძიებო კომისიას მხარს არ დავუჭერთ არა იმიტომ, რომ ვიღაცებისთვის სამაგიეროს გადახდა გვინდა – უბრალოდ სწორად არ მიგვაჩნია, მხარი საგამოძიებო კომისიას მიხეილ სააკაშვილის საკითხზე დავუჭიროთ, მაშინ როდესაც საუბარი აღარ არის 5 ივლისის საქმის საგამოძიებო კომისიაზე და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გამოძიებაზე – მათ შორის, სუს-იდან გამოჟონილ ინფორმაციებზე. ამ საკითხების დავიწყება სწორად არ მიმაჩნია. თუ მაინცა და მაინც საგამოძიებო კომისია წამებაზე უნდა შეიქმნას, ვისურვებდი, ყველა იმ ადამიანის წამების ფაქტი გამოვიძიოთ, რასაც მათ შორის “ნაციონალური მოძრაობის” დროს ჰქონდა ადგილი და დღემდე გამოძიებული არ არის – ეს ყველაფერი კომპლექსურად გამოვიძიოთ!”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.