Category: სლაიდერი

  • ყაზახეთში დაპირისპირება გრძელდება – დაკავებულია 2298 დემონსტრანტი

    არსებული ინფორმაციით, ყაზახეთში საპროტესტო აქციებში მონაწილე 2 298 პირი დააკავეს.

    ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილი სამართალდამცველების რიცხვი 18-მდე გაიზარდა, ხოლო 748 დაიჭრა.

    რაც შეეხება მომიტინგეებს, მათ შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ცნობილია, რომ დაღუპულია ათობით, ხოლო დაშავებულია ასობით აქტივისტი.

    ცნობისთვის, ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები რამდენიმე დღის წინ, თხევადი აირის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შემდეგ მანგისტაუს რეგიონში დაიწყო. შემდეგ აქციებმა მთელი ქვეყანა მოიცვა, რასაც მთავრობის გადადგომა მოჰყვა. პროტესტი ამის მიუხედავად არ ცხრება და სიტუაცია დღითიდღე იძაბება. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

    ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოყაევმა “ტერორისტული თავდასხმის საფრთხისგან დასაცავად” დახმარების თხოვნით “კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას” ОДКБ-ს მიმართა. არსებული ინფორმაციით, რუსეთმა ჯარების გადასროლა უკვე დაიწყო.

  • ჩვენი დამცველი და მომკითხავიც აღარავინ დარჩება, თუ ხელი არ გავანძრიეთ – სააკაშვილი

    “აი რა ხდება, როცა თავს აცხადებ რუსული გავლენის სფეროს ნაწილად და დასავლეთიდან დისტანცირდები. დღეს დაიწყო ფართომასშტაბიანი შეჭრა ОДКБ-ს საფარქვეშ მოქმედი რუსული ჯარების ყაზახეთში, სადაც მთელი ხალხი აჯანყებულია სოციალური უსამართლობის, კორუფციის და არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. ეს ნიშნავს, რომ ყაზახეთის ხელმძღვანელობა საკუთარ ხალხს დაახოცინებს რუს, სომეხ და სხვა მეზობლების ჯარისკაცებს.

    გვინდა ჩვენ ასეთი სცენარი ჩვენი ქვეყნისთვის? რა თქმა უნდა, არა და თუ არა – უნდა ვისწავლოთ ყველანაირი წყენის და პირადი ამბიციების გვერდზე გადაწევა და ერთობლივი, მასობრივი და უწყვეტი ქმედებებით, ყველა ლეგიტიმური ბერკეტის გამოყენებით მიზნის მიღწევა. სხვანაირად ჩვენი ხალხი, რომლის 80% უკვე სიღატაკეში ცხოვრობს, ან შიმშილით დაიღუპება, ან მოუხდება ჩვენი ქვეყნის დატოვება. შეუძლებელია ამ კომუნალური ტარიფებით, ამ ფასებით წამლებზე და პროდუქტებზე, იმ პირობებში, როცა შრომას ფასი არა აქვს, უბრალოდ პატიოსანი მუშაობით, ოჯახის გამოკვება, არსებობის გაგრძელება.

    ხოლო იმ პირობებში, რომ მინიმუმ ბოლო ორ არჩევნებში დამარცხებული ჯგუფი არალეგიტიმურად რჩება კაბინეტებში და დასავლეთის წინააღმდეგ ღიად აკეთებს განცხადებებს, ჩვენი დამცველი და მომკითხავიც აღარავინ დარჩება, თუ ხელი არ გავანძრიეთ.

    საქართველოში 90-იანი წლებიდან არ ყოფილა ისეთი მძლავრი ოპოზიციური მუხტი, როგორც ახლა. ამჯერად პოლიტიკოსების, აქტივისტების, უბრალოდ აქტიური მოქალაქეების ვალია ეს მრავალრიცხოვანი საპროტესტო ნაკადული ერთ მძლავრ, ფართო საპროტესტო მდინარედ ვაქციოთ და წყალს გავატანოთ ყველაფერი, რაც ხელს გვიშლის საკუთარ ქვეყანაში ღირსეულად ცხოვრებაში და პარავს ჩვენ შვილებს მომავალს”

    წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

  • ბოლო 30 წელია საქართველო პოლიტიკურად ყაზახეთზე თავისუფალი ქვეყანაა – ნოდია

    “ისევ ყაზახეთის ამბებზე. ჩვენს ფეისბუქში ხან თვითგვემაა – “ყაზახებმა გვაჯობეს“ (ან “ყაზახებმაც კი გვაჯობეს“), ხან ვიღაცის დატუქსვა (ოღონდ არ აზუსტებენ, კონკრეტულად ვისი), რატომ ჰგონიათ თავი ყაზახებზე უკეთესიო.

    ზოგადად “ჩვენ ყაზახებზე მაღლა ვდგავართ“ და “ყაზახები გვჯობიან“ – ორივე თანაბრად სისულელეა. მაგრამ რაღაც კონკრეტულ სფეროში ერთმა ერმა შეიძლება მეორეზე მეტს მიაღწიოს და ამის თქმა არ არის პრობლემა.

    მაგალითად, მგონია, რომ იტალიელები ოპერის ხელოვნებაში ინგლისელებს ჯობნიან. მაგრამ პოლიტიკური ინსტიტუტების მშენებლობაში ინგლისელები მათზე ერთი თავით მაღლა დგანან. მგონია, რომ ქართველებს ესტონელებზე უფრო მაგარი კინო გვაქვს, მაგრამ დემოკრატია იმათ უკეთესი აქვთ. არც ერთ ამ ნათქვამში არაფერია “რასისტული” ან “ქედმაღლური”.

    ბოლო ოცდაათი წელია, საქართველო პოლიტიკურად უფრო თავისუფალი ქვეყანა იყო, ვიდრე ყაზახეთი და ასეთად რჩება. ეს ყველა ობიექტური საზომით ასეა და ამის თქმა არც ქართველისგანაა არასწორი, არც ყაზახისგან და არც ნორვეგიელისგან.

    უფრო საჩოთიროა იმის აღიარება, რომ პოლიტიკური თავისუფლება, როგორც წესი, საზოგადოების კულტურასთანაა კავშირში; ამ აზრით, თუ ქვეყანა დემოკრატიული არის ან არ არის, ეს უპირველეს ყოვლისა, “ხალხის ბრალია“. ეს დემოკრატიის თეორიაში ნორმალური აზრია (წიგნების და სტატიების დასახელებას არ დავიწყებ).

    თუ ჩვენ ყაზახეთთან შედარებით უფრო დემოკრატიული წყობა გვაქვს, ეს ჩვენი საზოგადოების “ბრალია“; მეორეს მხრივ, ის, რომ ჩვენ სულ მცირე მეოთხედი საუკუნეა ე.წ. „ჰიბრიდული რეჟიმის“ სტადიაზე “ვბუქსაობთ“, ხოლო, ვთქვათ, იმავე ესტონეთში დემოკრატიული ინსტიტუტები დიდი ხანია გამართულად მუშაობს, ესეც ჩვენს და მათ საზოგადოებებს შორის განსხვავების “ბრალია“. არც ერთ ამ გამოთქმაში არაფერი “რასისტული“ არ არის.

    ოღონდ ამის აღნიშვნა მოწინავე ინტელექტუალებს შმუშვნას აწყებინებს, რადგან პოლიტკორექტულობის მოქმედ კატეხიზმოს ეწინააღმდეგება. მულტიკულტურალიზმის ეპოქაში “კულტურის“ სანკტიფიკაცია ხდება, რომელიმე კულტურაზე კრიტიკული რამის თქმა “რასიზმს“ უთანაბრდება. რაც სისულელეა.

    მეც ვთვლი, რომ არ არსებობს ცალსახად “მაღალი” და “დაბალი” კულტურა, მაგრამ არსებობს განსხვავებული კულტურები. ამასთან, ზოგი კულტურა უფრო უწყობს ხელს ლიბერალურ წესრიგს, ზოგი – არა. ზოგში უფრო გამოდის კარგი ოპერა ან კინო, სხვაში შეიძლება ნაკლებად. თუ ასეა, ამის ხმამაღლა თქმასაც არა უშავს.

    თავის ხელისუფლებაზე სამართლიანად გაბრაზებულ ყაზახებს ვუსურვებ, მათ ამბოხს მათი ქვეყნისთვის წარმატება მოეტანოს. მაგრამ თუ მე ან ვინმე სხვა ამაზე რამე სკეპტიკურს ვიტყვით (მაგალითად, იმას, რომ ასეთმა ამბოხმა შეიძლება მეტი თავისუფლება არც მოიტანოს), ნურავინ დამაბრალებს, რომ, როგორც ქართველი, თავს ყაზახებზე მაღლა ვაყენებ”

    ასე ეხმიანება პოლიტოლოგი გია ნოდია ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს.

  • რასაც ივანიშვილი აკეთებს საქართველოში, ამ გზას მივყავართ ყაზახური მოვლენებისკენ – ვახო სანაია

    “რასაც ივანიშვილი აკეთებს საქართველოში, ამ გზას მივყავართ სწორედ ყაზახური მოვლენებისკენ. და ამით გვაშანტაჟებს კიდეც”- ამის შესახებ ტელეწაყმვანი ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს. ვახო სანაია აცხადებს, რომ ოპოზიციამ სწრაფად უნდა მოახერხოს და ყველას აჩვენოს, რომ ივანიშვილის რეალური ალტერნატივაა.

    “რასაც ივანიშვილი აკეთებს საქართველოში, ამ გზას მივყავართ სწორედ ყაზახური მოვლენებისკენ. და ამით გვაშანტაჟებს კიდეც. საზოგადოების ერთ ნაწილს აშინებს – აი ხომ ხედავთ, რა ხდება ყაზახეთში, ეს გინდათ ?! მეორე ნაწილს კი ეუბნება – აი რა ბრძნული პოლიტიკა მაქვს, ჩვენთან მშვიდობაა. ამიტომ გამეშვით და შემეგუეთ.

    სინამდვილეში ეს ყველაფერი დაიყვანება მარტივ ფორმულამდე – თუ დამიპირისპირდებით, რუსებს შემოვიყვან. ამით დასავლეთსაც აშანტაჟებს. ამიტომაც ,,ეკაჩავებიან” მისი ხელქვეითები დასავლელ პარტნიორებს და დიდი გული აქვთ.

    რუსეთს საქართველოსთვისაც აქვს კიდევ სხვა ,,დამაშნიე ზაგატოვკი”. შემთხვევითი არ არის, რომ ივანიშვილმა გზა გაუხსნა ყველაზე რადიკალურ რუსულ ძალებს ჩვენს ქვეყანაში. მოქმედების თავისუფლებაც მისცა და თანამშრომლობს კიდეც მათთან. ეს სადამსჯელო რაზმები დაკავშირებული არიან კიდევ ერთ პლაცდარმთან – საპატრიარქოში მოკალათებულ პრორუსულ ჯგუფთან. ივანიშვილი ხელს ვერ ახლებს ამ ჯგუფებს, რადგან ისინი პირდაპირ მოსკოვიდან იმართებიან. მათთან დაპირისპირება რუსეთის გაბრაზებას ნიშნავს, რასაც ვერ გაბედავს. ამიტომ თანამშრომლობას არჩევს. რეპეტიციაც ერთად გაიარეს 5 ივლისს.

    ამიტომაა ივანიშვილის მმართველობა ძალიან სახიფათო. ამიტომაა აუცილებელი, დასავლეთი იყოს მკაცრი და პრინციპული საქართველოს საკითხში. ამიტომაა აუცილებელი, ოპოზიცია ჩამოყალიბდეს ძლიერ ალტერნატივად დასავლეთის თვალში. ხალხმრავალი და შეუპოვარი ბრძოლა მნიშვნელოვანია. ამასთან, სხვა რამეცაა გასაკეთებელი – დასავლეთმა უნდა დაინახოს, რომ სინამდვილეში ივანიშვილია დესტაბილიზაციის წყარო და არა ის ხალხი, მათ შორის ოპოზიცია, რომელიც მას უპირისპირდება.

    ივანიშვილი პრობლემაა და დასავლეთი ახლა ამ პრობლემას აკონსერვებს, რაც დიდი შეცდომაა. მერე უფრო დიდ პრობლემად იქცევა, მაგრამ ისევ მივდივართ ძირითად საკითხთან – ოპოზიციამ ძალიან სწრაფად უნდა მოახერხოს და ყველას აჩვენოს, ყველა დაარწმუნოს – დასავლეთიც და მოსახლეობასაც, რომ ივანიშვილის რეალური ალტერნატივაა. თუ ამას შეძლებს, ასეთ შემთხვევაში ბრძოლის მწვავე ფორმები მისაღები კი არა, აუცილებელია.
    პროტესტის ფორმები კი არაა პრობლემა, არამედ რაც შეიძლება სწრაფადაა შესაქმნელი ამ პროტესტის ფონი.”- წერს ვახო სანაია.

  • ივანიშვილი ეწევა ქვეყნის ნაზარბაევიზაციის პოლიტიკას – ხიდაშელი

    ივანიშვილი ეწევა ქვეყნის ნაზარბაევიზაციის პოლიტიკას – ხიდაშელი

    “ნაზარბაევის მთავარი წარმატების ფორმულა, თუ შეიძლება ეს სიტყვა ვიხმაროთ, იმაში მდგომარეობს, რომ მან უბრალოდ გააქრო პოლიტიკური დისკუსია, პოლიტიკური ცხოვრება ქვეყანაში. ხშირად საქართველოში ამბობენ, რომ ივანიშვილი ქვეყნის პუტინიზაციას, ან ბელორუსიზაციას ეწევა, მე სულ ვამბობდი, რომ არა, ეს არ არის სწორი, ის ეწევა ქვეყნის ნაზარბაევიზაციის პოლიტიკას, რადგან მისი მთავარი ამოცანა არის ზუსტად ეს – პოლიტიკური დისკუსიის, პოლიტიკის გაქრობა ქვეყანაში. თუ ამას მიაღწია, შემდეგ ვიქნებით იმავე მდგომარეობაში, როგორშიც ახლა ყაზახეთია, როცა ძალაუფლება ქუჩაში ეგდო, მაგრამ პოლიტიკური ძალა არ არსებობდა, რომელიც მას აიღებდა ხელში და ქვეყნის სასარგებლოდ გამოიყენებდა”

    ამბობს საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინიტრი, თინა ხიდაშელი მთავარ არხთან საუბრისას ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას.

  • ვინც 2 ქვითარი მიიღო, გადაუხდელობის შემთხვევაში ქსელიდან არ გაითიშება – სემეკი

    ვინც 2 ქვითარი მიიღო, გადაუხდელობის შემთხვევაში ქსელიდან არ გაითიშება – სემეკი

    საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის განცხადებით, მომხმარებლები ვინც ახალ წლამდე და ახალი წლის შემდეგ წყლისა და დენის ორი ქვითარი მიიღო, იმ შემთხვევაში თუ გადასახადს ვერ გადაიხდიან, ქსელიდან არ გაითიშებიან.

    სემეკში ირწმუნებიან, რომ წყლისა და დენის გადასახადი არ გაზრდილა.

    “ელექტროენერგიის და სასმელი წყლის გადასახადები საქართველოში არ გაზრდილა, იგივე ტარიფები მოქმედებს, ყველაფერი არის იგივე, ერთადერთი შეიცვალა აღრიცხვიანობის სისტემა. ახალი სისტემა რომ შესულიყო ძალაში, ზოგიერთმა ჩვენმა მოქალაქემ მიიღო ორი ქვითარი, თუმცა არ შეცვლილა არც იქ გადასახადის ოდენობა, ერთ ქვითარში რაც უნდა ყოფილიყო, ის გაიყო ორად.

    მიუხედავად ამისა, გარკვეული შეშფოთებები გამოითქვა, ამიტომ დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება კომპანია თელმიკოსთან და GWP-სთან ერთად, რომ ყველა ის მომხმარებელი. ვინც მიიღო ორი ქვითარი, წლის ბოლოს და წლის დასაწყისში, თუ ვერ გადაიხდიან ან არ გადაიხდიან შესაბამის საფასურს, არ გაითიშებიან ქსელიდან, ანუ მათ ექნებათ იმის საშუალება, რომ ჩვეულებრივად, როგორც აქამდე, თვის ბოლოს გადაიხადონ”,- ამბობს სემეკის წარმომადგენელი გიორგი ფანგანი.

    სემეკის განმარტებით, ახალი სისტემის მიხედვით, “თელმიკო” დენის გადასახადის აღწერას დაიწყებს ყოველი თვის ბოლო ოთხ დღეში და მოსახლეობა ქვითრებს მიიღებს მომდევნო თვის პირველ რიცხვებში.

  • ლარი გამყარდა – ახალი კურსი

    ლარი გამყარდა – ახალი კურსი

    ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.74 თეთრით გამყარდა, რის შემდეგაც 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0890 ლარი გახდა.

    რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებით 0.71 თეთრით გამყარდა, შედეგად, ევროს ღირებულებამ 3.4952 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან, 7 იანვრიდან შევა.

  • იტალიაში 50 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის აცრა სავალდებულო გახდა

    იტალიაში 50 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა. იტალიის პრემიერმინისტრის ცნობით, ეს წესი საჭიროა საავადმყოფოებზე ზეწოლის შესამსუბუქებლად და ინფექციების შესანელებლად, რაც გუშინ 190 000-მდე გაიზარდა.

    იტალია პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელმც ვაქცინცია სავალდებულო გახადა.

    გარდა ამისა, 15 თებერვლიდან, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებულმა 50 წელზე უფროსმა პირებმა დამსაქმებელს უნდა წარუდგნონ მწვანე პასპორტი ან ახლო წარსულში კორონავირუსის გადატანის შესახებ ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მუშაობის გაგრძელების უფლება აღარ ექნებათ.

  • ყაზახეთში შეტაკებებს 13 სამართალდამცველი ემსხვერპლა, 2 მათგანს თავი მოკვეთეს

    ყაზახური მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებას 13 სამართალდამცავი ემსხვერპლა, მათ შორის ორს თავი მოკვეთეს.

    „ალმათის ადმინისტრაციულ შენობებსა და პოლიციის დეპარტამენტზე ღამით მასშტაბური შეტევა მოხდა. ათობით თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს მათი ვინაობის დადგენა“, – აცხადებენ ქალაქ ალმათის პოლიციის დეპარტამენტში.

    დიდია მსხვერლი მანიფესტანტებშიც. როგორც ცნობილია, პოლიციამ ადმინისტრაციული შენობების დაცვის დროს ათობით მომიტინგე მოკლა.

    ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პროტესტის შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანია დაშავებული, 400-მდე ჰოსპიტალიზებულია, ხოლო 62 ინტენსიური მკურნალობის ქვეშაა.

    ცნობისთვის, ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები რამდენიმე დღის წინ, თხევადი აირის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შემდეგ მანგისტაუს რეგიონში დაიწყო. შემდეგ აქციებმა მთელი ქვეყანა მოიცვა, რასაც მთავრობის გადადგომა მოჰყვა. პროტესტი ამის მიუხედავად არ ცხრება და სიტუაცია დღითიდღე იძაბება. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

    ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოყაევმა “ტერორისტული თავდასხმის საფრთხისგან დასაცავად” დახმარების თხოვნით “კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას” ОДКБ-ს მიმართა. არსებული ინფორმაციით, რუსეთმა ჯარების გადასროლა უკვე დაიწყო.

  • ომიკრონის ტალღა მოგვიახლოვდა, შემთხვევების ზრდა გადაუვალია – კულუმბეგოვი

    “ომიკრონის ტალღა მოგვიახლოვდა, შემთხვევების ზრდა გადაუვალია.

    რაც ამ ეტაპზე ვიცით, მაღალი რისკია რეინფიცირების და ვაქცინირებულებში “გაპარული” ინფექციის, ოღონდ ასეთ ადამიანებში უჯრედული იმუნიტეტი მუშაობს (თან საკმაოდ კარგად),შესაბამისად, მათ რეანიმაცია ნაკლებად ესაჭიროებათ.

    ამერიკაში და ბრიტანეთში ჩანს, რომ მართვით სუნთქვაზე ძირითადათ აუცრელი ხალხი ხვდება, მაშინ როდესაც ჰოსპიტალში საკმაოდ ბევრი აცრილი და გადატანილი ინფექციის მქონე ადამიანია (თუმცა ნაკლები ვიდრე დელტას დროს).

    ჩვენს ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 31%-ია მხოლოდ აცრილი, პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.

    ატარეთ პირბადე, სოციალური კონტაქტები შეზღუდეთ და აიცერით რაც შეიძლება მალე (განსაკუთრებით > 50 წლის და რისკის-დაავადების მქონე ხალხმა)”

    წერს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი. 5 იანვრის მდგომარეობით ქვეყანაში ლაბორატორიულად “ომიკრონის” 335 შემთხვევაა დადასტურებული