Category: სლაიდერი

  • იუნესკო საგამოძიებო ორგანო არაა და დასკვნებს არ აკეთებს – შალვა პაპუაშვილი

    “იუნესკო საგამოძიებო ორგანო არაა და დასკვნებს არ აკეთებს “- ასე ეხმაურება  პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, UNESCO-ს მიერ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სიაში „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავა შეყვანას.

    „იუნესკო აწარმოებს სიას, როდესაც ხდება ჟურნალისტების გარდაცვალება. ამ შემთხვევაში, როგორც ვნახე, მთავრობაშია მოკითხული, რა ვითარება იყო ამასთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკრატურა გააკეთებს განცხადებას. გამოძიება მიმდინარეობს, ექსპერტიზაცაა ჩატარებული და საზოგადეობამ იცის წინასწარი მონაცემები. სამწუხაროა, რომ კვლავ ხდება ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან ადამიანის სიცოცხლით თუ სიკვდილით სპეკულირება. პარტიების წარმომადგენლები ახდენენ სპეკულაციას. ვინც ნახა იუნესკოს ეს სია, წერია, რომ მოკითხულია მთავრობასთან, რა ვითარებაში გარდაიცვალა ეს ოპერატორი. იუნესკო არ არის საგამოძიებო ორგანო და დასკვნებს არ აკეთებს. იქ ეს საკითხი ღია საკითხადაა მითითებული და ელოდებიან პასუხს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

  • 2022 წელი უნდა იყოს ერთმანეთთან მისასვლელი გზების ძებნის წელიწადი – ნიკა მელია

    “2022 წელი უნდა იყოს ერთმანეთთან მისასვლელი გზების ძებნის წელიწადი”- განაცხადა, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.

    ”საქართველო ნამდვილად იმსახურებს ბედნიერებას და  ძალიან მიხარია, რომ სამეგრელოს გულიდან მეძლევა შესაძლებლობა, მივულოცო შობის დღესასწაული მთელს საქართველოს.

    მიმაჩნია, რომ 2022 წელი უნდა იყოს ერთმანეთთან მისასვლელი გზების ძებნის წელიწადი. ჩვენ ერთმანეთი უნდა ვიპოვოთ.

    რაც არ უნდა დაპირისპირებულები ვიყოთ ერთმანეთთან, მოგვიწევს ამ ქვეყანაში ცხოვრება. ამიტომ, მინდა ვუსურვო მთელს ქვეყანას, განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა, ბედნიერება, წარმატება, სიყვარული და უნარი თანაცხოვრებისა.” – აცხადებს ნიკა მელია.

  • UNESCO-მ ლექსო ლაშქარავა 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა

    UNESCO-მ TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 2021 წელს გარდაცვლილი ჟურნალისტების სიაში შეიყვანა. განახლებულ მასალაში მითითებულია, რომ ლაშქარავა საქართველოში 2021 წლის 5 ივლისს მოკლეს.

    ლექსო ლაშქარავას ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა.

  • დადასტურდა კორონავირუსის 4 234 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 46 ადამიანი

    ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 234 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 953 410-ს.

    რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.41%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.61% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.17%.

    ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 727 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 910 540.

    ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 128 პირი ემსხვერპლა.

  • დღეს პანდემიაა, მსხვერპლი დიდია.. გარდაცვალება არ ნიშნავს არსებობის შეწყვეტას – ილია II

    დღეს პანდემიაა, მსხვერპლი დიდია.. გარდაცვალება არ ნიშნავს არსებობის შეწყვეტას – ილია II

    “დღეს პანდემიაა, მსხვერპლი დიდია.. გარდაცვალება არ ნიშნავს არსებობის შეწყვეტას”-
    სამების საკათედრო ტაძარში მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის 2022 წლის საშობაო ეპისტოლე წაიკითხეს.

    ”რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენგანს ჩვენი ჯვარი გვაქვს სატარებელი, მაგრამ არის საერთო განსაცდელებიც. მაგალითად, დღეს პანდემიაა ასეთი. ხალხი დაითრგუნა მუდმივი უარყოფითი ინფორმაციით, ჩაკეტვით, სიკვდილიანობით… მართალია, მსხვერპლი დიდია და სიფრთხილე ყოვლადაუცილებელი, მაგრამ სასოწარკვეთას არ უნდა მივეცეთ და არც შევშინდეთ. უნდა განგვამტკიცოს რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს არსებობის შეწყვეტას, რადგან ადამიანის სული უკვდავია. მთავარია, სულიერი სიკვდილის, მარადიული ტანჯვის მსხვერპლნი არ გავხდეთ.”- თქვა პატრიარქმა.

  • გენერალი გიგი კალანდაძე თავისუფალია – ეკა ხერხეულიძე

    ნაციონალური მოძრაობის წევრის, ეკა ხერხეულიძის თქმით, გერმანიაში დაკავებული საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, გიგი კალანდაძე თავისუფალია. ამის შესახებ ხერხეულიძე სოციალურ ქსელში წერს.

    “საქართველოს მთავრობა. გენერალი გიგი კალანდაძე თავისუფალია. ვიზიარებ თქვენს მწუხარებას”,-წერს ეკა ხერხეულიძე.

    გენერალი გიგი კალანდაძე გერმანიაში 19 დეკემბერს დააკავეს. მას საქართველოში ბრალი ელბერტ კობერიძის წამებაზე 2015 წელს წარუდგინეს, მას შემდეგ კალანდაძე საქართველოში არ ყოფილა. ის უკრაინის მოქალაქეა. საქართველოს გენერრალური პროკურატურა  გიგი კალანდაძის ექსტრადაციას ითხოვდა.

  • ერთადერთი ადამიანი, ვინც ოპოზიციას ხლეჩდა შუაზე, იყო გიგა ბოკერია – ჩარკვიანი

    “როდესაც განხეთქილებაზეა ლაპარაკი, აი, რა არის ნაციონალური მოძრაობის დანაშაული, რომ ძალა ერთობის პროექტიდან დაწყებული, ერთადერთი ადამიანი, ვინც ოპოზიციას ხლეჩდა ყოველთვის შუაზე, იყო გიგა ბოკერია. ეს იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც მთლიანობა არ მოსწონდა და მუდმივად ამას აკეთებდა. კოალიცია, სადაც არ იარსებებდა ნაციონალური მოძრაობა თავისი ლიდერით, ამის მომხრე იყო, მაგრამ ვერ გამოსდის მასშტაბით ბრძოლა და კომპლექსი მიხეილ სააკაშვილის.

    ძალა ერთობა, რისი დარდითაც კვდებოდა გიგა ბოკერია, სანამ არ გაგლიჯა შუაზე. მე ვაგებ პასუხს ამაზე”

    ამბობს პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი TV პირველის ეთერში.

  • “პარტია მსჯელობს” – შალვა ნათელაშვილი, შესაძლოა, პარლამენტში შევიდეს

    “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი არ გამორიცხავს, რომ პარლამენტის ბოიკოტი შეწყვიტოს და საკანონმდებლო ორგანოში შევიდეს. მისი თქმით, ამის შესახებ გადაწყვეტილებას პარტია მიიღებს და ასევე, ჩაატარებს გამოკითხვას Facebook-ზე.

    ნათელაშვილის განცხადებით, პარლამენტში ლეიბორისტული პარტიიდან ერთი კაცის შესვლა შეურაცხმყოფელია, თუმცა პირად ემოციას “ხალხის ინტერესებზე” წინ არ დააყენებს.

    “პარტიაში მიდის მსჯელობა, ხომ არ შევიდეთ და იქ კომფორტი დავურღვიოთ და ავაწიოკოთ. რა თქმა უნდა, ამის თანახმა არა ვარ. სიის ანულირება მოხდა, მაგრამ მე ხომ არ შემიწყვიტეს მანდატი. ხელფასს არ ვიღებ. […]

    ეს ჩემი პირადი სურვილი არ არის, შეიძლება ჩემი ტრაგედიაც იყოს, რადგან 25 წელია ვიბრძვი, რომ უმრავლესობით მოვიდე და ხალხს რაღაცა გავუკეთო – ღარიბს შვება მივცე, უმუშევარს სამუშაო ვაშოვნინო, სწავლის მსურველს განათლების საშუალება მივცე, ავადმყოფს წამალი მივცე, ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინო.

    ამას უნდოდა უმრავლესობით მოსვლა და არა ერთი დეპუტატის შეკინკილება იქ, ეს ჩემთვის არის სიკვდილი და შეურაცხყოფა, მაგრამ როცა ხალხის ინტერესებზეა საუბარი, პირადი ემოცია მეორეხარისხოვანია, ამიტომ მზად ვიქნები ეს ნაბიჯი გადავდგა, თუ პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას და რა თქმა უნდა, ჩვენ გავაკეთებთ გამოკითხავს სოციალურ ქსელებში”,– თქვა ნათელაშვილმა TV პირველის ეთერში.

    ცნობისთვის, ლეიბორისტულმა პარტიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 1 მანდატი მოიპოვა, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს ამ დრომდე ბოიკოტს უცხადებს.

  • ყაზახეთში 1991 წელი დადგა, ახლა იშლება საბჭოთა კავშირი იქ – სანიკიძე

    “თურმე გვაჯობეს [ყაზახებმა], ის ქნეს და ეს ქნეს, ბიჭო, ქართველ ხალხს იმდენი უბედურება აქვს გამოვლილი, კარგით ახლა, ყველაფერს კი ნუ ილაპარაკებთ ამ ხალხზე. რაღაცები მეც არ მომწონს, მაგრამ არ არის ასე, რომ ყველა ჩვენ გვჯობია და ჩვენ ვინ ვყოფილვართ. 1991 წელი დადგა იქ სინამდვილეში, ჩვენთან რაც იყო 1991 წელი, ახლა იშლება საბჭოთა კავშირი იქ. ნაზარბაევის ეპოქა დამთავრდა.

    ამბობს გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, გუბაზ სანიკიზე ყაზახეთის მოვლენებზე TV კავკასიის ეთერში.

  • ვინც იარაღს არ დაყრის, გავანადგურებთ – ყაზახეთის შსს დემონსტრანტებზე

    ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მანიფესტანტები, რომლებიც უარს ამბობენ იარაღის დაყრაზე, განადგურდებიან.

    „იარაღის დაყრის კანონიერი მოთხოვნის წინააღმდეგ შეიარაღებული წინააღმდეგობის შემთხვევაში, ისინი განადგურდებიან“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

    მათივე ცნობით, ქვეყანაში პოლიციისა და ეროვნული გვარდიის რაზმების პატრულირება გააქტიურდა, მოეწყო საგუშაოები, სამართალდამცავები კი ადგენენ და აკავებენ დამნაშავეებს. ამ დროისთვის პოლიციამ დააკავა აქციებში მონაწილე 2 298 პირი.

    ცნობისთვის, ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები რამდენიმე დღის წინ, თხევადი აირის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შემდეგ მანგისტაუს რეგიონში დაიწყო. შემდეგ აქციებმა მთელი ქვეყანა მოიცვა, რასაც მთავრობის გადადგომა მოჰყვა. პროტესტი ამის მიუხედავად არ ცხრება და სიტუაცია დღითიდღე იძაბება. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

    ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოყაევმა “ტერორისტული თავდასხმის საფრთხისგან დასაცავად” დახმარების თხოვნით “კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას” ОДКБ-ს მიმართა. არსებული ინფორმაციით, რუსეთმა ჯარების გადასროლა უკვე დაიწყო.