Category: სლაიდერი

  • ვემზადებით სახალხო გამოსვლებისთვის, რომელსაც უნდა გადავაყოლოთ ხელისუფლება – ხაბეიშვილი

    “მე პირდაპირ გეტყვით, მე ჩემს თანამებრძოლებთან, მეგობრებთან ერთად ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებ და ვემზადებით, რომ მასობრივი, სახალხო გამოსვლები დაიწყოს ამ ქვეყანაში, რომელსაც აუცილებლად უნდა გადავაყოლოთ ეს ხელისუფლება. სხვანაირად არ გამოდის”

    ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი TV პირველთან საუბრისას.

  • არ ვაპირებ მონობასთან შეგუებას, ხვალ ჩავატარებ ერთი კაცის აქციას – მამა პეტრე

    ‘დღეს წირვაზე ვერ დავდექი, რადგან წუხელ თრომბი ისე მიტევდა, ლამის დამამარცხა. ვიცი, ეს ამბავი ბევრს გაუხარდებოდა და იტყოდნენ, ძლივს არ დადუმდაო?! იქნებოდნენ ისეთებიც, გაუხარდებოდა, მაგრამ არ შეიმჩნევდა, ნიანგის ცრემლებს ისე დაღვრიდა, ვითომ არასდროს უნატრია ჩემი განადგურება… ძვირფას კუბოშიც მომათავსებდნებ და უკანასკნელ გზაზე ისეთი პატივით გამაცილებდნენ, ცოცხალი რომ ვყოფილიყავი, საკუთარი თავის შემშურდებოდა, მაგრამ ჯერ ცოცხალი ვარ და ჩემი ნება რომ იყოს, ცოტა ხანი სიკვდილს არ ვაპირებ…

    წუხელ ერთმა სასულიერო პირმა ისეთი მძიმე მოსასმენი ისტორია მომწერა, კანში ვერ ვეტევი.

    აქ არ ვდებ შეგნებულად, რომ პრობლემა არ შეექმნას…
    ბოლოს ისიც მითხრა, ვინმეს იმედი გაქვსო?! ეს კითხვა ძალიან ორაზროვანი იყო, თავადაც იცოდა, სად ჩვენი სისტემა და სად ერთსულოვნება…

    დიახ, მთელი ცხოვრება ისე მოვდივარ, რომ არავის იმედი არ მაქვს და მადლობა იმ ადამიანებს, რომ თავის დროზე იმედი გამიცრუეს და სასტიკი რეალობის წინაშე დამაყენეს…. ჰო, ამის მერე მივხვდი, რომ სრულიად მარტო ხარ ამ სამყაროში და ან ეგუები ყველა უსამართლობას, ან ეწირები უთანასწორო ბრძოლას. მე მეორეს ვირჩევდი სულ და ახლა მითუმეტეს… რეალობა იმაზე რთულია ვიდრე წარმოგიდგენიათ…

    ამერიკიდან, ახლოდანაც დამიკავშირდნენ მეგობრები და მითხრეს, არ შეუშინდე, კომუნალურების გადახდაში დაგეხმარებითო…

    მადლობის მეტი რა მეთქმის, მაგრამ სულ სხვას რატომ უნდა ვუყურო?! რატომ უნდა წუხდებოდეს ყოველთვის სხვა იმისთვის, რომ თავი გაიტანო…

    უუნარო, უმოქმედო, შეუგნებელი, უცოდინარი ვარ, რომ სხვამ მარჩინოს?!

    არა, არასდროს მქონია სურვილად ვინმეს ჯიბეზე ვიყო ჩამოკიდებული და მან მართოს ჩემი ცხოვრება… თავის დროზე, თუნდაც ახლაც, როგორც სახელწიფოში, ისე ეკლესიაში, ნეპოტიზმით, ვაზელინობით, ვითომ მორჩილებით და სინამდვილეში მონობით, ზიზილ-პიპილოებისადმი ტრფიალით, ენის მიტანით და დასმენით რომ არ შეერჩიათ კადრები და მართლაც სწორი აქცენტები გაკეთებულიყო, ეკლესიას ამდენი ადამიანი არ დაუპირისპირდებოდა, ის პირღია ვითომ კრიტიკოსებიც არ იქირქილებდნენ, რა ბნელები და უწიგნურები არიანო…

    ისიც ვიცი, ვინც ჩირგვებიდან მხარს მიჭერს და გაჰყვირის ყველაფერში გეთანხმებიო, უკვე ძალიან ვადაგასული მეთოდებით მიძვრება ,,იქ” და კიდევ ერთი ძალიან ყალბი ერთგულების დასამტკიცებლად მკიცხავს, რა დღეშია, ეს ეკლესიის მტერიო…

    თვითონ ვერ ხვდება, არ უჭრის ისე გონება, მაგრამ არც არავინ გამოჩნდა მის გვერდით, რომ სხვამ მაინც უთხრას, ქრისტეს გამყვიდველობაა მისი ასეთი საქციელი…

    მე არაფერი მაქვს დასაკარგი, ღმერთს ადამიანები ვერ დამაკარგვინებენ, ის ჩემს გულში ცოცხლობს…. ღმერთი ხომ თავად გვასწავლის, გავთავისუფლდეთ მონობისაგან…

    ჩემზე ,,ღირსეული” სასულიერო პირები ხომ გვმოძღვრავენ, გაემიჯნე ცოდვას, იბრძოლე ცოდვის წინააღმდეგო… ჰოდა, ვემიჯნები… ამხელა უსამართლობა, უთანასწორობა, სხვისი ტკივილის და შეჭირვებული მდგომარეობის ფეხზე დაკიდება უმძიმესი ცოდვაა…

    მე არ ვამბობ მხოლოდ ჩემს გამო, შენს გამოც ვამბობ, ვინც მაკრიტიკებ, მაგრამ არც შენ ხარ უკეთეს დღეში და მითუმეტეს ხვალ და ზეგ უარეს სიტუაციაში აღმოჩნდები…

    ყველაფერი ადვილი მოსაგვარებელია…. ოღონდ ამის სურვილი არ არსებობს… მასობრივი დასტრესილი მდგომარეობა, ამხელა უსიყვარულობა, უნდობლობა, მრისხანება, დანარჩენს ვეღარ ჩამოვთვლი, შორს წავა, არ მგონია ქრისტიანობის ნიშნები იყოს…

    მე არ ვაპირებ მონობასთან შეგუებას…

    ვიცი, არავინ შეიწუხებს თავს, მაგრამ საკუთარი სინდისის წინაშე მართალი ვიქნები…

    ხვალ დავდგები და ჩავატარებ ერთი კაცის აქციას და გავაპროტესტებ ყველაფერს, რაც ამ ქვეყნის მოსახლეობის 90 პროცენტს აწუხებს!.. გავაპროტესტებ სიკვდილამდე!”

    წერს მამა პეტრე Facebook-ზე.

  • საგარეჯოში ადგილობრივებმა კონცერტის ჩაშლა სცადეს – ნაცემია 2 პოლიციელი

    საგარეჯოში ადგილობრივებმა კონცერტის ჩაშლა სცადეს – ნაცემია 2 პოლიციელი

    საგარეჯოში შობის ღამეს პოლიციასა და ადგილობრივებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ნაცემია ორი პოლიციელი. შსს-მ ორი პირი დააკავა.

    ადგილობრივები ავღანეთში მებრძოლი ჯარისკაცის დაკრძალვის მეორე დღეს ქალაქში საახალწლო ღონისძიების გამართვას აპროტესტებდნენ. ისინი სცენაზე ავიდნენ და კონცერტის ჩაშლა სცადეს, რა დროსაც მათსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ პოლიციელს თავში ბოთლი ჩაარტყეს.

    “საქართველოს სადარაჯოზე ომარ ხუბულური იდგა, სამჯერ ავღანეთში მყოფი, გარდაიცვალა ტრაგიკულად და დღეს აქ კონცერტი გამართეთ. მთავრობას ეს არ უნდა გაეკეთებინა, ეს ნაძვის ხეც უნდა მოეშალა”,  – თქვა მამაკაცმა.

    შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.

  • შეგვიძლია ვთქვათ, რომ დადასტურებული შემთხვევების 10% ომიკრონია – გამყრელიძე

    “ლაბორატორიულად დადასტურებული გუშინდელის შემდეგ არ შეცვლილა, 600 გვაქვს, მაგრამ რამდენიმე ასეული საეჭვო შემთხვევა არის კვლევაში, ანუ დიდი ალბათობით ომიკრონის შემთხვევები მოიმატებს დღეს და ხვალ. დიდი ალბათობით, დღეს საერთოდ დადასტურებული შემთხვევების 10%, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ომიკრონი. იმატებს 18 წლამდე ბავშთა და მოზარდთა ასაკში შემთხვევების რაოდენობა.

    ჯერჯერობით ჰოსპიტალურ სექტორზე დატვირთვა არ იზრდება, მაგრამ იზრდება ლაბორატორიულ და ამბოლატორიულ სექტორზე. ჰოსპიტალში ომიკრონის 600 შემთხვევიდან სულ მოხვდა 8 ადამიანი”

    ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე რუსთავი 2-თან საუბრისას.

  • “საბაგარო” – სამგზავრო ბარათზე შეცდომის გამო მისი გაყიდვა 1 დღით შეჩერდა

    დღეს, 9 იანვარს, ერთი დღით, თბილისში სამგზავრო აბონემენტების გაცემა შეჩერდება. საქართველოს ბანკის განცხადებით, ამის მიზეზი ბარათზე დატანილ ტექსტში დაშვებული შეცდომაა. აბონემენტზე საბაგიროს ნაცვლად “საბაგარო” წერია.

    “საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის სისტემის მართვას საქართველოს ბანკი უზრუნველყოფს, ვადიანი სამგზავრო აბონემენტების დამზადებას და რეალიზაციას კი საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია “მს+”. სამწუხაროდ, ხსენებული კომპანიის მიერ დაშვებული იყო მცირედი უზუსტობა. ბარათზე დატანილ ტექსტში კი დაშვებული იყო მექანიკური შეცდომა. სწორედ ამის გამო, დღეს, 9 იანვარს, ერთი დღით, შეჩერდება აბონიმენტების გაცემა.

    ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. უკვე ხვალიდან, 10 იანვრიდან კი განახლდება ბარათის სწორი ვერსიის გაცემა.

    აქვე გაცნობებთ, რომ ბარათების ახალი ვერსიის ბეჭდვას საქართველოს ბანკი უზრუნველყოფს”, – აცხადებს საქართველოს ბანკი.

  • მოგიწოდებთ, პატივი ეცით ადამიანის უფლებებს – ბორელი ყაზახეთის ხელისუფლებას

    ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და ქვეყანას კრიზისის მოგვარებაში დახმარებას სთავაზობს.

    ის ასევე მოუწოდებს ყაზახეთის ხელისუფლებას, მოქალაქეების უფლებებს პატივი სცეს.

    “შეშფოთებული ვართ იმ ძალადობით, რომელმაც ყაზახეთში მშვიდობიანი პროტესტის შემდეგ იფეთქა. ყაზახეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროკავშირისთვის, ძალაშია გაძლიერებული პარტნიორობის და თანამშრომლობის შეთანხმება რეგიონის სტაბილურობის გამო.

    ღრმად ვწუხვართ დაღუპულთა გამო და მკაცრად ვგმობთ ძალადობის ფართოდ გავრცელებულ აქტებს. მნიშვნელოვანია შემდგომი ესკალაციებისა და ძალადობის წაქეზების თავიდან აცილება, თავშეკავება და არეულობის სხვა მიზნებისთვის გამოყენებისგან თავის არიდება.

    ჩვენ მზად ვართ, კრიზისის მშვიდობიანი მოგვარებისთვის დახმარება გავუწიოთ. გარე სამხედრო მხარდაჭერამ პატივი უნდა სცეს ყაზახეთის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, ისევე როგორც ყველა მოქალაქის ფუნდამენტურ უფლებებს.

    მოვუწოდებთ ყაზახეთის ხელისუფლებას, შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები ამ რთულ დროს, მათ შორის, პატივი სცენ ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, განსაკუთრებით, შეკრების, გამოხატვის და მედიის თავისუფლებას”,– წერილია ბორელის განცხადებაში.

    ყაზახეთში დაპირისპირება და მასობრივი საპროტესტო აქციები, რომელიც 2 იანვარს საწვავის ფასის ზრდის გამო დაიწყო, რამდენიმე დღეა გრძელდება. ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანიფესტაციების გამო ქვეყნის მთავრობა გადადგა, თუმცა ამას პროტესტის შეჩერება არ მოჰყვა.

    თოყაევმა “ტერორიზმის შესაჩერებლად” დახამრება კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას (ОДКБ) სთხოვა, რის შემდეგაც ყაზახეთში ჩავიდნენ რუსი და სომეხი სამხედროები. ყაზახეთის პრეზიდენტმა არმიას უფლება მისცა, მომიტინგეებს ცეცხლი გაფრთხილების გარეშე გაუხსნან.

  • სოფელ მუხრანის ტყეში ახალგაზრდა კაცის ცხედარი ხეზე მიბმული იპოვეს

    სოფელ მუხრანის ტყეში ახალგაზრდა კაცის ცხედარი ხეზე მიბმული იპოვეს

    მთავარი არხის ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხრანის ტყეში 40 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივების თქმით, ის ხეზე იყო მიბმული.

    ცხედარი პოლიციამ ექსპერტიზაზე გადაასვენა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • ყაზახეთში 6 000-მდე მომიტინგე დააკავეს – დაძაბულობა გრძელდება

    ყაზახეთში მიმდინარე აქციებზე 5 969 ადამიანი დააკავეს. ინფორმციას BBC ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. დაკავებულები არიან უცხოელებიც.

    არსებული ინფორმაციით, შეტაკებებისას 16 სამართალდამცავი დაიღუპა და დაშავდა 1 300-ზე მეტი.

    ყაზახეთის პრეზიდენტმა არმიას უფლება მისცა, მომიტინგეებს ცეცხლი გაფრთხილების გარეშე გაუხსნან.

    ყაზახეთში დაპირისპირება და მასობრივი საპროტესტო აქციები, რომელიც 2 იანვარს საწვავის ფასის ზრდის გამო დაიწყო, რამდენიმე დღეა გრძელდება. ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანიფესტაციების გამო ქვეყნის მთავრობა გადადგა, თუმცა ამას პროტესტის შეჩერება არ მოჰყვა.

    თოყაევმა “ტერორიზმის შესაჩერებლად” დახამრება კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას (ОДКБ) სთხოვა, რის შემდეგაც ყაზახეთში ჩავიდნენ რუსი და სომეხი სამხედროები.

  • კომენტატორებად იქცნენ, ჩემი კონკურენტები გახდნენ – ხუხაშვილი ოპოზიციაზე

    “ოპოზიციას დღის წესრიგი არ აქვს საერთოდ. რამდენი ე.წ. სატოპკე აუწია ისტორიის ჩარხმა – დაწყებული ტოტალური მოსმენებით, მერე ლექსოს და ჟურნალისტების დარბევის საქმე, გაყალბებული არჩევნები, შარლ მიშელის ხელშეკრულების გადახევა, საერთაშორისო უტიფრობაზე გადავიდა ხელისუფლება და ყველაფერი შერჩა. რატომ შერჩა? იმიტომ რომ ოპოზიციამ იფაფხურა, იფაფხურა, ილაპარაკა ამ თემაზე, ისინი იქცნენ ერთგვარ კომენტატორებად, ჩემი და ჩემი კოლეგების კონკურენტები გახდნენ. მათ ჰგონიათ, რომ ეთერში რომ დასხდებიან, დავარცხნილად ჭკვიანად რომ ისაუბრებენ, ეს არის პოლიტიკა. ეს არ არის პოლიტიკა, მე ვამბობ კიდეც რომ არ ვარ პოლიტიკაში, ასე მეც ვარ მაშინ პოლიტიკაში, ასე გამოდის”

    ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ოპოზიციის შესახებ TV პირველის ეთერში.

  • ობიექტური სურათის გამოსატანად დაიქირავეს, ეს უტიფარი მორალზე ლაპარაკობს – ხუხაშვილი გეჯაძეზე

    პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ეხმიანება ლექსო ლაშქარავას საქმეში ჩართული TV პირველის მიერ დაქირავებული ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის განცხადებას, რომ დამქირავებელს ექსპერტიზის დასკვნაზე ინფორმაცია იმ მიზეზით არ მიაწოდა, რომ ამის უფლება არ ჰქონდა.

    ხუხაშვილის შეფასებით, ექსპერტის განცხადება “თავხედობაა”, რადგან მისი დაქირავების მიზეზი დამკვეთისთვის ობიექტური სურათის მიწოდება იყო, ამიტომ დასკვნაზე ხელმოწერამდე TV პირველისთვის უნდა ეცნობებინა.

    “სრულიად აშკარაა რაც ხდება, იუნესკოს დასკვნა, მეორე დღეს [სამხარაულის], თეთრით ძაფით, ნაჯახით არის ნამუშევარი. გამოყავთ ახლა გეჯაძე და ლაპარაკობს, რომ თურმე დამკვეთისთვის ჩემი დასკვნის გაზიარების უფლება არ მქონდა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარეო. წარმოგიდგენიათ?! თავხედობის დონე მითხარით, რა.

    შე კაი ადამიანო, გამოქვეყნებას ხომ არავინ გეუბნებოდა, შენ რომ ადამიანმა დაგიქირავა, გაარკვიე იქ რა ხდება და შენი დამქირავებელი სულ სხვა წყაროდან იღებს ინფორმაციას, რომ რაღაცაზე ხელი გაქვს მოწერილი, რაც საერთოდ არ იყო შენი მოვალეობა… გეჯაძე იმისთვის დაიქირავეს, რომ სამხარაულის დასკვნაზე მოეწერა ხელი, თუ იმისთვის რომ ობიექტური სურათი გამოეტანა და დამკვეთისთვის მოეხსენებინა? ეს უტიფარი ადამიანი ახლა გამოდის და კიდევ მორალზე და ზნეობაზე ლაპარაკობს. ასე რა, ყველაზე უარესები ლაპარაკობენ, რომ არიან ანგელოზები”,– ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი TV პირველის ეთერში.

    ალექსანდრე გეჯაძე განმარტავს, რომ ექსპერტიზა რომ დანიშნულიყო არა გამოძიების, არამედ, მაგალითად, მხარის მიერ, დამკვეთს ექსპერტიზის შედეგებს გაუმხელდა, თუმცა ამ შემთხვევაში დამკვეთი გამოძიება იყო, შესაბამისად, სანამ გამოძიება არ გამოაქვეყნებდა დასკვნას, უფლება არ ჰქონდა TV პირველისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა.

    “არანაირი ინტერესი, არანაირი მიზანი ამ ინფორმაციის დამალვის მე არ მქონდა, დამკვეთი იყო გამოძიება, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სანამ გამოძიება არ გაამზეურებდა ამ დასკვნას, მე უფლება არ მქონდა, რომ მესაუბრა ამ დასკვნაზე”,– აღნიშნავს ექსპერტი.

    ცნობისთვის, ტელეკომპანია პირველის დირექტორი, ვატო წერეთელი აცხადებს, რომ ლაშქარავას საქმეზე მან დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე დაიქირავა, თუმცა გეჯაძეს მისთვის სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის შესახებ 30 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით არ უცნობებია. მისი აზრით, ეს “გონივრულ ეჭვს” ბადებს, რომ დასკვნა მას შემდეგ დაწერეს, რაც UNESCO-მ ლექსო ლაშქარავა მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა.

    UNESCO-მ ლექსო ლაშქარავა მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა, შემდეგ კი, 7 იანვარს შსს-მ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნა გამოაქვეყნა, რომელიც, უწყების მტკიცებით, 2021 წლის 30 დეკემბერს შეიქმნა. დოკუმენტის მიხედვით, ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ჰეროინით ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობაა.