Category: სლაიდერი

  • წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა 10.7%-ს შეადგენს – ღარიბაშვილი

    პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბოლო 11 თვის წინასწარი მონაცემების მიხედვით, ეკონომიკური ზრდა შეადგენს 10.7%-ს, რაც, მისი თქმით, ორნახევარჯერ მეტია თავდაპირველად პროგნოზირებულზე. მისივე თქმით, წლიური ზრდის ტემპიც 10.7% იქნება.

    “მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელიც და 59.6 მილიარდ ლარს შეადგენს. ექსპორტის ზრდამ შეადგინა 26.7%, მათ შორის ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ 28.7%. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წინა წელთან შედარებით 112%-ით გაიზარდა და 2019 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებლის 37% შეადგინა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ივლისიდან მოყოლებული ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წლის ანალოგიური თვის 50%-ს აჭარბებს, ნოემბერში 55% იყო.

    პირველ 11 თვეში წმინდა ფულადი გზავნილები 25.4%-ით გაიზარდა. წლიურად ჩვენ ველოდებით, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 10.5%-მდე შემცირდება, ხოლო საშუალო ვადიან პერიოდში დაუბრუნდება 5%-იან მაჩვენებელს. მთლიანი შიდა პროდუქტი 50%-მდე შემცირდა, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი თავდაპირველად დაგეგმილ 7.6%-ის ნაცვლად შემცირდა 6.1%-მდე. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა შეჯამებისთვის, რომ 2021 წელს ჩვენ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას”,– თქვა ღარიბაშვილმა.

  • $10 მილიარდის ინვესტიცია ციხეში ჰყავთ გამოკეტილი – ხაბეიშვილი სააკაშვილზე

    “10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია გამოკეტილი ჰყავთ ციხეში. 40-მილიონიანი უკრაინა იყენებდა ამ მიმართულებით და ჩვენ ?! კაცს, რომელსაც შეუძლია 200 000-მდე სამუშაო ადგილი შექმნას და ეკონომიკა გააცოცხლოს, არის რუსების ტყვეობაში!”

    წერს ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე.

  • დადასტურდა COVID-19-ის 2953 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 31 ადამიანი

    საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 2 953 ახალი შემთხვევა, ხოლო 1 085 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

    დღიურად აიცრა 1 899 ადამიანი.

  • ნიუ-იორკში კორპუსში ხანძარი გაჩნდა – გარდაიცვალა 19 ადამიანი

    ნიუ-იორკში კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 19 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 9 ბავშვი. ოფიციალური პირების განცხადებით, ხანძრის შედეგად 60 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 32 სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    ხანძარი ბრონქსში, 19-სართულიანი შენობის მეორე ან მესამე სართულზე გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობის პროცესში 200-მდე მეხანძრე მონაწილეობდა.

  • თუ რუსეთი იმოქმედებს, მზად ვართ, გადამწყვეტად ვუპასუხოთ – შაჰინი

    ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ დილომატიური გზით რუსეთს დეესკალაციის საშუალება აქვს, თუმცა თუ ის იმოქმედებს, აშშ მზად არის, გადამწყვეტად უპასუხოს.

    “სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგი წარმოადგენს დიპლომატიის კრიტიკული კვირის დასაწყისს რუსეთთან. პუტინისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ დიპლომატიური გზით მას აქვს ამ სიტუაციის დეესკალაციის შესაძლებლობა. არჩევანი მასზეა. მაგრამ ჩვენ მზად ვართ გადამწყვეტად ვუპასუხოთ, თუ რუსეთი იმოქმედებს”,– წერს ჯინ შაჰინი ტვიტერის გვერდზე.

    დღესვე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკემა განაცხადა, რომ აშშ არ მოითმენს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს და პუტინმა უკან უნდა დაიხიოს.

  • რუსეთმა უკან უნდა დაიხიოს, აგრესიას არ მოვითმენთ – ბლინკენი

    ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი CNN-თან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთმა უკან უნდა დაიხიოს. მისი განცხადებით, რუსეთი ბოლო ათწლეულის განმავლობაში აგრესიულად მოქმედებდა, მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ.

    ბლინკენი აღნიშნავს, რომ რუსეთისთვის ნათელი უნდა გახდეს, რომ მისი მხრიდან აგრესიას არ შეეგუებიან.

    “ძნელია რეალური პროგრესის დანახვა, საუბრისგან განსხვავებით, როდესაც უკრაინას თავზე იარაღი აქვს მიშვერილი. ამიტომ, თუ ჩვენ რეალურად ვაპირებთ პროგრესის მიღწევას, უნდა დავინახოთ დეესკალაცია. რუსეთმა უკან უნდა დაიხიოს იმ საფრთხისშემცველი მოქმედებებისგან, რომელიც ამჟამად უკრაინას ემუქრება.

    რატომ ვართ აქ? ბოლო ათწლეულის განმავლობაში რუსეთი ახორციელებდა აგრესიულ ქმედებებს მეზობლების – საქართველოს, მოლდოვისა და 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ, დღეს უკრაინაში განახლებული საფრთხეა. სასწორზეა მნიშვნელოვანი პრინციპები, რომლებიც ეხება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საფუძვლებს. რუსეთისთვის ცხადი უნდა გახდეს, რომ აგრესიას არ მივიღებთ, არ მოვითმენთ.

    ასევე, ეს არ ეხება დათმობაზე წასვლას, არამედ იმას, რომ რუსეთმა დაინახოს, დიალოგისა და დიპლომატიის კონტექსტში არსებობს თუ არა საკითხები, სადაც ორივე მხარეს, ყველა მხარეს შეუძლია მოქმედება დაძაბულობის შესამცირებლად”,– ამბობს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი.

  • ომიკრონი შეიძლება იყოს გვირაბის ბოლოს სინათლე, მაგრამ ჯერ შესასვლელში ვართ – კულუმბეგოვი

    “ომიკრონის ვარიანტი შეიძლება იყოს გვირაბის ბოლოს სინათლე, ხშირად ისმის მსგავსი შეფასება საქართველოშიც და საერთაშორისო მედიაშიც, მაგრამ არ დაგვავიწყდეს ჯერ მხოლოდ გვირაბის შესასვლელში ვართ!”

    წერს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი Facebook-ზე.

  • ვერაფერი გააჩერებს ომიკრონს, ჩვენ, ფაქტობრივად, რესურსი არ გვაქვს – ჩხაიძე

    “შემთხვევების რაოდენობა იქნება ყველაზე მეტი პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში. ჩვენ, ფაქტობრივად, რესურსი არ გვაქვს. ნიღბის ტარება ვერ გახდა ჩვენი ცხოვრების წესი და ვერ ვიყენებთ ამ ეფექტურ შესაძლებლობას. ბუსტერ დოზები, იმ ადამიანებში, რომლებსაც 2 დოზა აქვთ გაკეთებული, ასევე ვერ გახდა ის აუცილებლობა, რომელიც დეკემბრის ბოლოდან და იანვრის დასაწყისში უნდა ყოფილიყო განხორციელებული. ამიტომ, პრაქტიკულად ვერაფერი გააჩერებს ომიკრონს”

    ამბობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე რუსთავი 2-ის ეთერში.

  • ვიმედოვნებთ, სასამართლო გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს – უცხოელი ბიზნესმენების წერილი ხაზარაძეს

    ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებულები, უცხოელი ბიზნესმენები, კორპორაციების ხელმძღვანელები ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმესთან დაკავშირებით ერთობლივ წერილს ავრცელებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ სასამართლო 11 იანვარს გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. მიმართვას მამუკა ხაზარაძე ავრცელებს.

    “ჩვენ, ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებულები და მამუკა ხაზარაძის მეგობრები, OPM29 2000, ვიცნობთ მამუკას 1998 წლიდან და გვსურს დავადასტუროთ მისი გულწრფელობა, პატიოსნება და ერთგულება საქართველოს თანამოქალაქეების მიმართ. მამუკა ხაზარაძე ჩვენი ჯგუფის აქტიური წევრია, რომელიც შედგება ბიზნეს ლიდერებისგან მთელი მსოფლიოდან. 2013 წელს მან უმასპინძლა ჩვენს კურსდამთავრებულთა ყოველწლიურ შეკრებას საქართველოში. ეს შეკრება იყო ყველაზე წარმატებული და გასაოცარი სიახლე ჩვენთვის. ჩვენ აღმოვაჩინეთ ულამაზესი საქართველო, მისი მდიდარი კულტურითა და სტუმართმოყვარე ხალხით.

    მამუკა ყოველთვის ხელს უწყობდა ქვეყნის ცნობადობის გაზრდას. იგი დაუღალავად შრომობდა იმისათვის, რომ საქართველოში არსებული სხვადასხვა ბიზნეს შესაძლებლობა გაეცნო ჩვენი ჯგუფისთვის. მამუკამ მთელი მისი ცხოვრება საქართველოს აღმშენებლობას მიუძღვნა. მისმა აშკარა ძალისხმევამ და წარმატებამ, გააუმჯობესა მრავალი ინდუსტრია, მათ შორის, საბანკო სისტემა და მთელი ქვეყნის ეკონომიკა.

    ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს სასამართლო ამ ყველაფერს გაითვალისწინებს და გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს”,– ვკითხულობთ მიმართვაში.

    https://www.facebook.com/mamuka.khazaradze/posts/10159608327967071

     

    შეგახსენებთ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა 11 იანვარს, 11:00 საათზე გაიმართება.

  • ყაზახეთში დაპირისპირებას 164 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

    ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში მიმდინარე დაპირისპირებას 164 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამედიცინო დახმარება კი 2 ათასზე მეტ პირს დასჭირდა.

    უწყების ინფორმაციით, 164-დან 103 ქალაქ ალმათში დაიღუპა, 21 კაზილორდას რეგიონში, 10 ჟამბილის, 9 ალმათის რეგიონში. დაღუპულთანაგ ერთ-ერთი 4 წლის ბავშვია.

    ყაზახეთის შსს-ს ცნობით, დაღუპულია 16 სამართალდაცმველი, 1 300 კი დაშავდა.

    ყაზახეთში დაპირისპირება გრძელდება, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ ყველა რეგიონზე კონტროლი დამყარებულია და ვითარება სტაბილურია.