Category: სლაიდერი

  • “შევიდე პარლამენტში?” – შალვა ნათელაშვილი Facebook-ზე გამოკითხვას ატარებს

    ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, Facebook-ზე გამოკითხვას ატარებს. როგორც ნათელაშვილი აცხადებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ის ამ გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით მიიღებს.

    “მას შემდეგ, რაც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტში შესვლით აზრი დაუკარგა ბოიკოტს, ფიქრობთ თუ არა, რომ ლებორისტულმა პარტიამ უნდა გამოიყენოს თავისი მანდატი?”  – წერია შალვა ნათელაშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

  • ცვლილებები განპირობებულია იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დღეს ენმ და ქვეყანა დგას – მელია

    “ცვლილებები განპირობებულია იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დღეს ენმ და ქვეყანა დგას”- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

    ”რაც არ უნდა ორგანიზებული პოლიტიკური ძალა არსებობდეს, რაც არ უნდა პოლიტიკურად შემართული იყოს ესა თუ ის პოლიტიკური ძალა, გარკვეული, განსაზღვრული დროის შემდეგ მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების განახლება, პოლიტიკურ პარტიაში გადანაცვლებები იმისათვის, რომ პოლიტიკურმა პარტიამ კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას ამ ქვეყნის და ამ სახელმწიფოს საკეთილდღეოდ. რა თქმა უნდა, ცვლილებების აუცილებლობა განპირობებულია იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დღეს “ნაციონალური მოძრაობა” და ქვეყანა დგას. პროცესი, რომელიც დღეს დავიწყეთ, გაგრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით”, – ამბობს ნიკა მელია.

    ენმ-ში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა. პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია იქნება, მისი მოადგილის თანამდებობას კი აკაკი მინაშვილი დაიკავებს.

  • პრეზიდენტი სავარაუდოდ, ფიქრობს ვეტოზე – სიმონიშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

    “პრეზიდენტმა ვეტო უნდა გამოიყენოს და “ოცნება” მის გადაწყვეტილებებთან მარტო დატოვოს”- ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნიკა სიმონიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტს გამოეხმაურა.  როგორც სიმონიშვილმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილ სავარაუდოდ ფიქრობს ვეტოზე რადგან კანონზე ხელის მოწერა უნდოდეს ეს უკვე გაკეთებული ექნებოდა და 2 კვირიანი ვადის ამოწურვას არ დაელოდებოდა.

    „პრეზიდენტს კანონზე ხელის მოწერა რომ უნდოდეს, დიდი ხნის წინ გააკეთებდა და დასვენების დღეებს არ დაელოდებოდა. სავარაუდოდ, ფიქრობს ვეტოზე და ამ 2 -კვირიან ვადას, რომელიც ხელის მოსაწერად აქვს, სავარაუდოდ, იყენებს მოტივირებული შენიშვნების მოსამზადებლად. დაველოდოთ, როგორ განვითარდება პროცესები, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ პრეზიდენტმა უნდა გამოიყენოს და ვეტო უნდა დაადოს როგორც „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“, ასევე „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონებს. ამისთვის ერთ-ერთი მიზეზი არის მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ უაღრესად პოლიტიკურად პოლარიზებულ გარემოში ასეთი გადაწყვეტილებები ერთი პარტიის მიერ არ უნდა მიიღებოდეს ასეთი უმრავლესობით და მნიშვნელოვანია მონაწილეობითი პროცესი, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო პარტნიორების. ამ განცხადების შემდეგ, რაც პრეზიდენტმა გააკეთა, ლოგიკური და თანმიმდევრული იქნება თუ ის ვეტოს დაადებს და გამოიყენებს. ყველასთვის ცხადია და ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ შეეგებებოდნენ ამ ვეტოს და, რა თქმა უნდა, გადალახავდნენ, ეს, პრინციპში, არც გაგვიკვირდება. თუმცა ამ ვეტოს აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა, სწორედ იმის გამო, რომ პრეზიდენტი ამ ძალიან ცუდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უნდა გაემიჯნოს თავისი ვეტოთი და მისთვის იქნება რეპუტაციულადაც და პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ხელისუფლება დატოვოს ამ გადაწყვეტილების მიღებისას მარტო. ის როგორც სახელმწიფოს მეთაური და როგორც დამოუკიდებელი აქტორი, ამ პროცესს უნდა გამოეთიშოს სწორედ იმის გამო, რომ აქ წყდება ორი ძალიან მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი ორგანოს დამოუკიდებლობის ბედი

  • ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია იქნება

    ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია იქნება

    ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”,  პოლიტსაბჭოს თავჯდომარე კობა ნაყოფია იქნება, მისი მოადგილე კი აკაკი მინაშვილი გახდა.

    პარტიის გადაწყვეტილებით აღმასრულებელი მდივანი პეტრე ცისკარიშვილი გახდა, ხოლო თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ნიკა მელია იქნება.

  • აქვს თავის ტკივილი, ხელ-ფეხის დაბუჟება, ძილის პრობლემა – ალასანია სააკაშვილზე

    გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ ექსპრეზიდენტს ის ჩივილები, რაც ადრე ჰქონდა, გაუარესებული აქვს.

    “თვითონ მხნედ არის, ოპტიმისტურად არის და მიაჩნია, რომ ეს დროებითია, როგორც მე. ჯანმრთელობის მდგომარეობა ასეთია, რომ ის სიმპტომები, რაც ადრე ჰქონდა ისევ აქვს, ოღონდ უფრო გაუარესებული. თავის ტკივილები აქვს, ძილის პრობლემა, ტრემორი, ხელ-ფეხის დაბუჟება, ეს ყველაფერი არის, ოღონდ უფრო მძიმე ფორმით”,- ამბობს ალასანია.

    მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი “ვივამედის” ექიმმა მოინახულა და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტი მასთან კონსულტაციით კმაყოფილი დარჩა.

    ალასანიამ აღნიშნა, რომ სააკაშვილს გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეს.

  • საარჩევნო კამპანიაში ჩემი მონაწილეობის პირობებში საზოგადოება მოიგებს არჩევნებს – სააკაშვილი

    “ივანიშვილის პრემიერის დღევანდელი ცინიზმი მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს – მათ მთლიანად აქვთ დაკარგული რეალობის გრძნობა და მათგან მხოლოდ ცუდს უნდა ველოდოთ.

    რაც უფრო ხშირად გაიმეორებენ ივანიშვილის “რაც გინდა ის უწოდეები”, რომ ქვეყანაში არჩევნები არ იქნება, მით უფრო სწრაფად ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები. ქართველმა ხალხმა უკვე ბოლო სამ არჩევნებზე გასცა რეჟიმს პასუხი და ვინაიდან არჩევნები, როგორც ინსტიტუტი გაუქმებულია, ამჯერად უპასუხებს ძალიან მძლავრი, სამოქალაქო პროტესტით ქუჩაში – 14 ოქტომბერი ამის მხოლოდ პირველი მერცხალი იყო.

    ხალხის გატაცებასა და ძარცვას ბოლო მოეღება და საქართველო ისევ დაუბრუნდება სწრაფ განვითარებას. ქართველები შეძლებენ თავიანთ ქვეყანაში ღირსეულ, მაღალანაზღაურებად დასაქმებას. ბოლო მოეღება უსამართლობას და არავის არასდროს დაისვამენ თავზე. ამ უმძიმესი კრიზისიდან, რომელიც ქვეყანაში მძვინვარებს, ერთადერთი სწორი გამოსავალია საზოგადოების გაერთიანება და რიგგარეშე არჩევნების, რაც შეიძლება სწრაფი დანიშვნა.

    ვეთანხმები “ნაციონალური მოძრაობის” მიერ რეგიონებში გასვლას და ასევე, საერთო ეროვნული მობილიზაციის დღის გამოცხადებას, რომლის მთავარი მიზანი იქნება შეკრება და არდაშლა, სანამ არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები და მე არ შემეძლება უკანონო ტყვეობიდან გარეთ გასვლა.

    საარჩევნო კამპანიაში ჩემი მონაწილეობის და ხალხის მობილიზების პირობებში (რასაც ჩვენ ვგეგმავთ) საქართველოს საზოგადოება დიდი უპირატესობით მოიგებს რიგგარეშე არჩევნებს. დღევანდელი დღის შემდეგ მთელ საქართველოს უნდა გავაგებინოთ, რომ გვაქვს კონკრეტული გეგმა და აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ დაწყებულ საქმეს”

    წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

  • ნატო-რუსეთის სამიტის წინ მჭიდრო კონსულტაციებს ვაწარმოებთ, მათ შორის საქართველოსთან – იენს სტოლტენბერგი

    “ნატო-რუსეთის სამიტის წინ მჭიდრო კონსულტაციებს ვაწარმოებთ, მათ შორის საქართველოსთან”- ამის შესახებ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა,  ბრიუსელში, ნატო – uკრაინის კომისიის სხდომამდე უკრაინის ვიცე – პრემიერთან, ოლგა სტეფანიშინასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

    “მივესალმები, რომ რუსეთი დათანხმდა ჩვენს შეთავაზებას მიმდინარე კვირაში ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრის გამართვის შესახებ. ეს არის პოზიტიური სიგნალი. ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე, სამხედრო ქმედებებთან დაკავშირებულ გამჭვირვალობაზე, საფრთხეების შემცირებასა და შეიარაღების კონტროლზე. ჩვენ მოვისმენთ რუსეთის შეშფოთებას, თუმცა ნებისმიერი აზრიანი დიალოგი მიმართული უნდა იყოს ასევე რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით ჩვენ შეშფოთებაზეც და ის უნდა გაიმართოს უკრაინასთან კონსულტაციით, რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ. ჩვენ ასევე მჭიდრო კონსულტაციებს ვმართავთ ჩვენს სხვა პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან, მოლდოვასთან, ფინეთთან, შვედეთთან და ევროკავშირთან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

  • ენმ-ის ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

    ენმ-ის ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

    ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავარ ოფისში, პოლიტასბჭოს სხდომა მიმდინარეობს.  როგორც სხდომის დაწყებამდე პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ, თუ როგორი იქნება პარტიის სამომავლო სტრატეგია, როგორ აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას და რა იქნება მათი მთავარი მიმართულებები.

    ფორმულას ექსკლუზიური ინფორმაციით, ნიკა მელია პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეობიდან გადადგება, თუმცა დარჩება პარტიის ხელმძღვანელის პოსტზე. ასევე, ფორმულას ცნობითვე, მელია შეითავსებს თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტს. ამ თანამდებობაზე იგი ზაალ უდუმაშვილს ჩაანაცვლებს. მსჯელობა მიმდინარეობს იმაზეც, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნოს კობა ნაყოფია.

  • რეზო ამაშუკელი თავისი ქვეყნის საუკეთესო მოქალაქე იყო – ღარიბაშვილი

    „ძალიან დამწყვიტა გული თვალსაჩინო პოეტის, რეზო ამაშუკელის გარდაცვალებამ. სამშობლოსა და ადამიანის სიყვარულით აღსავსე, განუმეორებელი ხელწერით შექმნილი მისი პოეზია ჩვენი ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი შენაძენია. ამავე დროს, იგი იყო თავისი ქვეყნის საუკეთესო მოქალაქე. ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული, სიცოცხლის ბოლო წუთამდე, ბატონი რეზოს უკომპრომისო საზოგადოებრივი პოზიცია სამაგალითოა ყველა ჩვენგანისთვის.

    ამ მძიმე წუთებში, თანადგომასა და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ბატონი რეზოს ოჯახსა და მთელ საქართველოს”

    წერს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოეტ რეზო ამაშუკელზე, რომელიც 85 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.

  • “ახლა არ ვნანობ, რომ არ აგირჩიეთ” – მამა პეტრეს ღია წერილი ივანიშვილს

    “ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს:

    შობა-ახალ წელს გილოცავთ, ბატონო ბიძინა… 2012 წლიდან ათი წელი გავიდა… მაინც მჯერა, რომ კარგი გინდათ თქვენი ქვეყნისთვის და ალბათ, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტეთ, ეს იყო… შეიძლება ვცდები, მაგრამ ასე მინდა მჯეროდეს…

    ოცნება ისეთი სიტყვაა, ადამიანი ხშირადაც რომ არ იტყვის, რადგან ფასი არ დაეკარგოს და არ გახუნდეს… მხოლოდ მაშინ წამოიძახებს, როცა ძალიან გაუჭირდება და ვინ იცის, იქნებ აუხდეს კიდეც…

    დედა მეტყოდა ხოლმე, ჩემი ოცნებაა საკუთარ თავს და შენს და-ძმას გამოადგეო… დედა გარდაცვლილი მყავს, ამ სიტყვამ კი კიდევ უფრო მეტი დატვირთვა და პასუხისმგებლობა იქონია ჩემს ცხოვრებაში… მე არ ვარ თქვენი ამომრჩეველი, ზოგადად არც ერთი პარტია არ ამირჩევია…ახლა არ ვნანობ, რომ არ აგირჩიეთ… მითუმეტეს არ ვნანობ, რადგან სიტყვა ოცნებაც ისეთი გაუბედურებული, გაძარცვული და დაჩაგრული გახდა, დედაჩემის უკვე ჩამქრალი თვალებიდანღა მახსენდება, რა არის მისი ნამდვილი არსი და დანიშნულება…

    არ იცით, როგორი იმედი მქონდა, გული სიხარულით მიცემდა… ჩემთვის ვამბობდი, ამ კაცს ფული მაინც აქვს და საკუთარი ფულით მაინც გამოისყიდის აფხაზეთს და სამაჩაბლოს, მეთქი… მიამიტი ვარ, არა?! ვოცნებობ, ალბათ?! ჰოდა, თქვენ გამიჩინეთ ამის იმედი და მეც გეუბნებით, რომ ეს იყო ჩემი ქართული ოცნება… მაგრამ ოცნებაც გაქრა, ოცნებაც ჩაიკარგა…

    ამ ათი წლის მანძილზე, მარტო ის მესმის, რომ წინამორბედი ხელისუფლება იყო მოძალადე, ქართული სახელმწიფოს მტერი, დამნაშავე და ა.შ. მთელი ეს წლები ხელისუფლებამ მარტო ამაზე ისაუბრა, მარტო ეს ,,დაგვანახა”, რომ სულზე მოგვისწარით, თორემ დავიღუპებოდით… დიახ, თქვენი პარტიის ერთადერთი ხელჩასაჭიდი ის აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის უმეტესობას სძულდა ნაციონალური მოძრაობა… თქვენზე გამართლდა სიტყვები-,,ზოგი ჭირი მარგებელიაო”, თორემ ამ უნიათო ხელისუფლებას სხვა რა უშველიდა, აქამდეც რომ მოეღწია…

    მაინც მინდა მჯეროდეს, რომ თქვენც იმედი გაგიცრუათ, თქვენ მიერ დაარსებული პარტიის წევრებმა, თავიანთი არაპროფესიონალიზმით და უმოქმედობით… იმედია, არც თქვენ მოგწონთ ამ გაღატაკებულ ქვეყანაში პრემიერისგან იმის მოსმენა, თუ როგორი მზარდი ეკონომიკა გაგვაჩნია… შეიძლება ის სხვა რეალობაში ცხოვრობს… არ გვაქვს პრეტენზია, ჩვენც იქ გადაგვასახლოს და ჩვენც დაგვანახოს, როგორ აყვავდა და აშენდა ქვეყანა…

    ბატონო ბიძინა, მე ერთი რიგითი სასულიერო პირი ვარ, ძალიან არ მიყვარს პოლიტიკობანა და საკუთარი თავის მხარედ წარმოჩენა… არ მიყვარს, ვიღავის მეხოტბეობა… მხოლოდ ერთადერთი ავტორიტეტი მყავს, იესო ქრისტე და ეს საკმარისია ჩემთვის…

    ჰოდა, ახლაც მხარეს არ წარმოვადგენ, ეკლესიის სახელით არ გესაუბრებით… მსმენია, რომ დიდად არც სასულიერო პირები გიყვართ და სადღაც ამაშიც გეთანხმებით… უბრალოდ, გულს ვიოხებ, თორემ არ გეგონოთ რამის იმედი მქონდეს ამ ქვეყანაში… თქვენ ალბათ გიკვირთ, რა ალაპარაკებს ამ მღვდელს, ეკლესიას ხომ თანხა ეძლევაო… ბატონო ბიძინა, მარტო ჩემი არ მალაპარაკებს, ჩემს უკან ათასობით სასულიერო პირი დგას, ვისაც მართლა ისე შია, შეიძლება ლაპარაკის თავიც არ ჰქონდეს.

    მღვდლები, როგორც წესი მრავალშვილიანი ოჯახის მამები არიან… რატომ უნდა ჰქონდეს მღვდლის შვილს იმის კომპლექსი, მამამისი სასულიერო პირი რომ არ იყოს, საჭმელიც ექნებოდა და ჩასაცმელიც… პანდემიამ კიდევ უფრო მეტად დააზარალა მღვდლის ოჯახი… არც ნათლობა ტარდება, არც ჯვრისწერა… პანდემიას ზედ დაერთო ამ მთავრობის პოლიტიკოსობანას თამაში… მე პირადად ექვსი შვილი და ერთი შვილიშვილი მყავს… ბევრჯერ უთქვამს ჩემს უფროს შვილს, წამოდი იქიდან, როდემდე იქნები ამ მდგომარეობაშიო…

    ბატონო ბიძინა, მე ფულის საკეთებლად ეკლესიაში არ მოვსულვარ… ორი დისერტაცია დავწერე და ოცი წიგნის ავტორი ვარ, მაგრამ ღმერთი მიყვარს, ეკლესიაში მეტი სამართლიანობის იმედი მქონდა და ზღვა მეპატარავებოდა, ოკეანეზე ვფიქრობდი, აკვარიუმში მოვხვდი… დიახ, არასდროს მიფიქრია, მღვდლობით ფული მეშოვნა, მაგრამ ვერც იმას ვიფიქრებდი, თუ ასეთი უბედურება დამხვდებოდა… თუ პანაშვიდების პარკების ყურება მოგვიწევდა… ბატონო ბიძინა, შემზარავი საყურებელია, პანაშვიდის სუფრებს, როგორ იყოფენ დამშეული მღვდლები…

    ვიღაც, თქვენი პარტიის ტროლ-ბოტი, რომელსაც თბილისის მერიაში ხალხის ლანძღვის და შეურაცხყოფის გამო ხელფასს უხდიან, გამოხტება და იტყვის, მღვდლები ბიძინამ არჩინოსო?! არა, ეს არ მითხოვია, ბატონო ბიძინა, ბალანსის დაცვას ვითხოვ, თანხების სწორ გადანაწილებას და სასულიერო პირებისთვის ოდნავ მეტი ყურადღების მიქცევას…

    ყველას ერთ ქვაბში გვყრიან და გვხარშავენ… ფულიანს, უფულოს, ჯიპიანს, უჯიპოს, მშიერს, მაძღარს, წიგნიერს, უწიგნურს, ღირსეულს, უღირსს… ბატონო ბიძინა, თქვენც გსმენიათ, ალბათ, ერი უნდა გამრავლდეს, დემოგრაფიული საკითხი უნდა მოგვარდესო… თქვენ მითხარით, რომელი მრავალშვილიანი ოჯახია დაფასებული ჩვენს ქვეყანაში?! რისთვის გავმრავლდეთ, ერთმანეთი რომ დავხოცოთ?!

    ამ ხელისუფლებამ ერთი რამ ნადვილად გააკეთა – ყველას ემიგრაციაში მოგვინდა წასვლა… რომ არა ემიგრანტები, ქვეყნის მოსახლეობა ამოწყდებოდა, ბატონო ბიძინა!.. არ გეგონოთ, მარტო ჩემი ამბავი მაწუხებდეს… არა, ჩემზე უარეს დღეში არიან ის სასულიერო პირები, ჩემზეც ისაუბრეო, რომ მწერენ…

    ბატონო ბიძინა, მე არ დავიკარგები… ჩემს ოჯახს ხელს მოვკიდებ, მეც წავალ ემიგრაციაში, მაგრამ ეს ქვეყანა დიდხანს ვერ იარსებებს, თუ ასე გაგრძელდა და ძალიან ცუდად დაიწერება ,,ქართული ოცნების” ისტორია… თუ სიმართლე ვისაუბრეთ, თქვენი პარტიის დამქაშები გვიტევენ, ,,აგი ნაცი ყოფილა”… არა, ბატონო ბიძინა, არავითარი პარტია, ჩემი ქვეყანა და ეკლესია მტკივა… მშვიდობა და სიყვარული მინდა…

    არ მინდა გაზრდილი კომუნალურები, გასამმაგებული პროდუქტები, გაძვირებული საწვავი, კიდევ უფრო გაძვირებული ტრანსპორტი… 90-იანი წლების ნოსტალგია მაქვს, მაშინ ადამიანები სხვანაირად ვეპყრობოდით ერთმანეთს… მოპყრობის და კარგი ურთიერთობის რა გითხრათ, მაგრამ დავბრუნდით 90-იან წლებში და მალე ფეხით ვივლით, ალბათ…

    ჰოდა, ეს ძალიან ცოტა ამბავია, რაც მინდოდა მეთქვა… ვიცი, შედეგი არ ექნება ამ საუბარს, მაგრამ საკუთარ თავთან მაინც ვიქნები მართალი… ჩვენ ჯანდაბას, თქვენ მაინც იყავით კარგად, ბატონო ბიძინა!..”