Category: სლაიდერი

  • ზურაბიშვილმა ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონს ვეტო არ დაადო

    პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო არ დაადო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს. მან კანონს დღეს ხელი მოაწერა.

    მისი განმარტებით, ამგვარი სტრუქტურული ცვლილებების მიმართ არსებობდა და არსებობს განსხვავებული შეხედულებები, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ შეიცავს თავისთავად კატეგორიული ხასიათის სამართლებრივ წინააღმდეგობას.

    “სამსახურის გაუქმება და ახალი სტრუქტურების დაარსება თავისთავად არ იძლევა საფუძველს პრეზიდენტის მხრიდან სამართლებრივი ხასიათის მოტივირებული შენიშვნებისათვის.

    თუმცა მიუღებლად მიმაჩნია ასეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღება დაჩქარებული წესით, ყოველგვარი კონსულტაციებისა და სათანადო დისკუსიის გარეშე. მით უმეტეს, რომ დაჩქარებული წესით მისი განხილვის საჭიროება არაფრით არ ყოფილა გამართლებული.”,– აცხადებს პრეზიდენტი.

    მისივე თქმით, მიუღებელია, რომ ქვეყანაში, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიის გამყარებას, ისეთ საკვანძო საკითხს, როგორიც არის პირადი მონაცემების დაცვა, დისკუსიისათვის სათანადო დრო და სივრცე არ ეთმობა.

    “ძალიან ცუდი პრეცედენტია, რომ დამოუკიდებელი სამსახურის ხელმძღვანელი, 6 წლის ვადით არჩეული პირი, სამსახურიდან თავისუფლდება ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა თუ მისი პროფესიული საქმიანობის მიმართ არგუმენტირებული შენიშვნების გარეშე. მით უმეტეს, როცა ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ ერთ-ერთ დიდ გამოწვევად რჩება თანამდებობის პირების დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის გამყარება.

    მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად შექმნილია უსამართლო ვითარება, რასაც ვიზიარებ და გამოვხატავ ჩემს უარყოფით დამოკიდებულებას. ვიტოვებ იმედს, რომ გამოსავალი იქნება მოძიებული, რათა ახლად შექმნილ ერთ-ერთ სამსახურში სახელმწიფო ინსპექტორს მიეცეს საკუთარი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა, დამოუკიდებლობის ყველა გარანტიით. მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება ასევე განაპირობებს დანარჩენი თანამშრომლების დამოუკიდებლობის ხარისხს”,– აღნიშნულია ზურაბიშვილის განცხადებაში.

  • მე რომ ვყოფილიყავი მებაჟე, არ გავუშვებდი – ელგუჯა ცომაია სააკაშვილის გადმოყვანაზე

    მე რომ ვყოფილიყავი მებაჟე, არ გავუშვებდი – აცხადებს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეში ბრალდებული ელგუჯა ცომაია, საქართველოს მესამე პრეზიდენტეზე, მიხეილ სააკაშვილზე. ცომაია დეტალურად ყვება, როგორ გადმოიყვანა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში. მისი თქმით, გემზე დალუქული ტრაილერი ისე გახსნა, რომ ლუქის ნიშანი არ დააზიანა და შიგნით მიხეილ სააკაშვილი დამალა.

    პროკურორის კითხვაზე: ”მებაჟეც ისე დაადებდა ამ კარს ლუქს, რომ არ დაზიანდებოდა იგი და თქვენც ისე გააღებდით კარს, რომ არ დაზიანდებოდა ლუქი, სწორად გავიგე?”

    ელგუჯა ცომაიამ  პასუხობს:  “კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი გამოცდილებით, ახლა, არ გეწყინოთ, მაგრამ მე რომ ვყოფილიყავი მებაჟე, არ გავუშვებდი, იმიტომ რომ მე გამოცდილება მაქვს ბევრი რაღაცის”.

    საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით სააკაშვილთან ერთად, იმავე მუხლით ბრალდებულია ელგუჯა ცომაია.

  • ამინდის გაუარესების გამო, საქართველოს მასშტაბით გზებზე შეზღუდვები დაწესდა

    რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო გზებზე რამდენიმე სახის შეზღუდვა მოქმედებს.

     ამ დროისათვის მოქმედებს შემდეგი სახის შეზღუდვები:

    თოვლისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

    ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ15-კმ38 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

    თოვის, ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისკოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ105-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

    ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

    ინტენსიური თოვის გამო, საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

    დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი -ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

    თოვლისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ88-კმ125 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
    საავტომობილო გზის კმ1-კმ88 (წყალტუბოს გადასახვევი-ლენტეხი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

    შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.

    საავტომობილო გზის კმ1-კმ138 (ზუგდიდი-მესტია) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

    საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

  • სააკაშვილის ციხეში ყოფნა დიდ შეცდომასა და ჩვენს “გამოთაყვანებას” ნიშნავს! – ჩარკვიანი

    “ათასჯერ გავიმეორებ – ამ მასშტაბის პოლიტიკოსის (სააკაშვილის) ყოფნა ციხეში, დიდ შეცდომას და ჩვენს “გამოთაყვანებას” ნიშნავს! მითუმეტეს რუსეთთან ბრძოლის დროს”

    წერს პარტია კანონი და სამართლის ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ექსპრეზიდენტ სააკაშვილზე.

  • ჯანო ბაგრატიონი გარდაიცვალა

    სპორტსმენი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი და პედაგოგი – 83 წლის ასაკში ჯანო ბაგრატიონი გარდაიცვალა.

    ჯანო ბაგრატიონი იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, მიღებული ჰქონდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი; იყო ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ორდენოსანი, ვახტან გორგასლის სახელობის ორდენის კავალერი.

    ჯანო ბაგრატიონმა დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი; ასევე, საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი.

  • ამ კვირის ბოლოს, ალბათ, ომიკრონის ცირკულაცია 60%-მდე იქნება – გამყრელიძე

    “1 009 არის დადასტურებული [ომიკრონის შემთხვევა], მაგრამ ჩვენ უკვე ლაბორატორიებს მივეცით მითითება, რომ შერჩევითად გამოგზავნონ საეჭვო შემთხვევები. დაახლოებით აგზავნიან საერთო შემთხვევების 10%-დან 20%-მდე. იმდენად მაღალია საეჭვო შემთხვევების რაოდენობა და ის მერყეობს უკვე იმ ნიშნებით, რომ ჩვენ ეჭვი მიგვაქვს შეიძლება თუ არა იყოს ომიკრონი, ამ ტიპის შემთხვევების რაოდენობა ლაბორატორიულად საერთო დიაგნოსტირებულებში უკვე 60%-ს ასცდა. ცირკულაციაში ომიკრონის რაოდენობა უკვე 45%-დან, რასაც ვამბობდით, ზემოთ მიდის და ალბათ ამ კვირის ბოლოს, ჩვენი გათვლებით, ის იქნება 60%-მდე მთლიანად დადებითი შემთხვევების.

    სადღაც 16%-ის ფარგლებში გვაქვს რეინფიცირება. 16%-ს რომ გეუბნებით, ესენი დადასტურებული შემთხვევებია, ლაბორატორიულად. 16% რომ არის ლაბორატორიულად დადასტურებული, იქიდან ეპიდემიოლოგიურად რომ შეისწავლეს ყველა 1009 არ არის შესწავლილი, შესწავლილია 777 შემთხვევა დეტალურად და ამ ეტაპზე აქედან 16% არის რეინფიცირება”

    აცხადებს NCDC-ის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე რუსთავი 2-ის ეთერში.

  • თოვა, ქარბუქი, ნისლი – როგორი ამინდია მოსალოდნელი 17 იანვრამდე

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13-დან 17 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ამინდის არახელსაყრელი პირობები: დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

    სინოპტიკოსების პროგნოზით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

    15-18 იანვარს კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე დაწევა, რამაც შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს.

  • განცდა მრჩება, რომ ბოლო პერიოდში საზოგადოების ნაწილის მაჯისცემიდან ხელი ავიღეთ – მელია

    “განცდა მრჩება, რომ უკანასკნელ პერიოდში საზოგადოების ნაწილის მაჯისცემიდან ჩვენ ხელი ავიღეთ. ამიტომ, ბევრ ფრონტზე გვიწევს ერთდროულად მუშაობა და გვჯერა, რომ ჩვენი შრომა გამოიღებს შედეგს ბევრი მიმართულებით, მათ შორის, იმ მიმართულებით, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ტყვეობა ჰქვია. უბრალოდ, ისტორიული უსამართლობა თუ რამეა, ჩემი აზრით, არის ის, რაც ახლა ხდება სასამართლოს კედლების მიღმა”

    ამბობს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია.

  • სამშობლოს გულშემატკივარი და მოჭირნახულე – ილია II რეზო ამაშუკელზე

    “საქართველოს გულშემატკივარი, სამშობლოს მოჭირნახულე, დაუღალავი ბატონი რეზო (რევაზ) ამაშუკელი დღეს სამზეოს ტოვებს.

    მისი ბასრი სიტყვა და მკვეთრი პოზიცია იმ რეალობასთან შეჯახების შედეგი იყო, რომელიც გულწრფელად არ მოსწონდა.

    მართალია, მისი პოზიციისადმი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს განსხვავებული აზრი ჰქონდა, მაგრამ, ალბათ, ყველა, ვისაც კი სამართლიანობის გრძნობა და ლიტერატურის სიყვარული აქვს, აღიარებს, რომ იგი იყო ბობოქარი სულის დიდი პოეტი, რომელიც გამორჩეული გარეგნობით, ძლიერი ხმითა და თავისი შესანიშნავი ლექსების დეკლარირებით წარუშლელად დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.

    აღვავლენთ ლოცვებს ბატონი რეზოს (რევაზის) უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო ახლობლებსა და გულშემატკივართ მომადლოს მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა”

    აცხადებს საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე პოეტ რეზო ამაშუკელზე, რომელიც 2 დღის წინ გარდაიცვალა.

  • 2021 წელს საქართველომ ადამიანის უფლებათა რიგ სფეროებში უკუსვლა განიცადა – HRW-ის ანგარიში

    საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა ადამიანის უფლებათა ტენდენციებზე რიგით 32-ე, ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. 

    საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წელს მმართველ ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე მწვავე დაპირისპირების ფონზე, საქართველომ ადამიანის უფლებათა რიგ სფეროებში უკუსვლა განიცადა.

    „გადაუჭრელ პრობლემად დარჩა სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე არასათანადო პასუხისმგებლობა. შეშფოთებას იწვევდა სხვა საკითხებიც, მათ შორის პოლიციელთა უხეში ჩარევა შეკრების თავისუფლებაში, თავდასხმები ჟურნალისტებზე და მედიაპლურალიზმის შეზღუდვის მზარდი საფრთხე, ბავშვების ინსტიტუციონალიზაცია, ძალადობა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების წინააღმდეგ და შრომის პირობების უსაფრთხოების უგულებელყოფა”,– წერია ანგარიშში.

    Human Rights Watch-ის თანახმად, ევროკავშირი, აშშ და სხვა დასავლელი პარტნიორები მთელი წლის განმავლობაში ეხმარებოდნენ საქართველოს პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში, აგვისტოში კი ევროკავშირმა განაცხადა, რომ 75 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების მისაღებად საქართველომ ვერ შეასრულა მართლმსაჯულების რეფორმირების პირობები.

    მუნიციპალური არჩევნები

    ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასებისას, ორგანიზაცია იხსენებს ეუთოს მისიის შეფასებას, რომ არჩევნები კონკურენტული და „ტექნიკურად კარგად ადმინისტრირებული“ იყო, მაგრამ „ამომრჩევლებზე ზეწოლის, ამომრჩეველთა მოსყიდვისა და უთანასწორო პირობების შესახებ ბრალდებებმა პროცესი დააზიანა“. ასევე, „რესურსებს შორის მკვეთრი დისბალანსი და ხელისუფლებაში ყოფნით მინიჭებული შეუსაბამო უპირატესობა მმართველ პარტიას დამატებით აძლევდა ხელს და არათანაბარ საასპარეზო პირობებს ქმნიდა.“

    გარდა ამისა, არჩევნების პერიოდის შეფასებისას განხილულია პირველ ოქტომბერს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავება და აღნიშნულია, რომ სააკაშვილმა ყველა ბრალდება უარყო და მათ პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

    სამართალდამცველთა დანაშაულების არასათანადო გამოძიება

    Human Rights Watch-ის შეფასებით, სამართალდამცველთა დაუსჯელობა მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების შემთხვევებზე გადაუჭრელ პრობლემად დარჩა. 2021 წლის სექტემბრისთვის სახალხო დამცველის სამსახურმა 133 საჩივარი მიიღო ციხის პერსონალის თუ პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე და ყველა ამ შემთხვევაზე გამოძიების დაწყების თხოვნით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა.

    „პოლიციამ შეზღუდა შეკრების თავისუფლების უფლება, როდესაც დემონსტრანტებს პარლამენტის შენობის წინ კარვების დადგმის საშუალება არ მისცა.

    თებერვალში პოლიციამ 20-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა დაუმორჩილებლობის ბრალდებით, როდესაც სამართალდამცავებმა დემონსტრანტებს კარავი წაართვა, რასაც იქ შეკრებილ აქტივისტებთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა. 23 თებერვალს პოლიცია ძალის გამოყენებით შეიჭრა ენმ-ის სათაო ოფისში, რათა პარტიის ლიდერი ნიკა მელია, გირაოს დამატებითი თანხის გადაუხდელობის გამო დაეპატიმრებინა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, დააკავა 21 ადამიანი დაუმორჩილებლობის ბრალდებით და ოფისიდან კომპიუტერული სერვერები ამოიღო. ერთ-ერთი წამყვანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) განცხადებით, პოლიციამ ცრემლსადენი გაზის სახით არაპროპორციული ზომა გამოიყენა და ვერ განმარტა კომპიუტერული ტექნიკის ამოღების საფუძვლები“, – წერია ანგარიშში.

    ანგარიშში ასევე მოხვდა პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რითიც გამკაცრდა სანქციები წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობაზე.

    “ქართულმა უფლებადამცველმა ჯგუფებმა ეს ცვლილებები გააკრიტიკეს, რადგან ისინი „კიდევ უფრო დიდ სივრცეს ხსნის საპოლიციო რეპრესიული მექანიზმებისა და სახდელების თვითნებურად გამოყენებისთვის“. უფლებადამცველებმა ხაზი გაუსვეს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სასამართლო გადაწყვეტილებები ხშირად მხოლოდ პოლიციელის ჩვენებებს ეყრდნობა და სამართლიანი სასამართლოს ნორმებს უგულებელყოფს”.

    Human Rights Watch-ი ეხმიანება სუს-იდან გამოჟონილ ათასობით ფაილსაც და აცხადეს, რომ  ისინი სავარაუდოდ, უკანონო თვალთვალის და მიყურადების გზით იყო მოპოვებული. მასალებში ჟურნალისტების, ოპოზიციური პოლიტიკოსების, საჯარო მოხელეების და უცხოელი დიპლომატების საუბრებიც იყო.

    მედიის თავისუფლება

    Human Rights Watch-ის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს ქართველმა ჟურნალისტებმა და მედიის სხვა წარმომადგენლებმა დაშინება და თავდასხმა განიცადეს. ანგარიშში მოხვდა ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა, კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ „მთავარი არხის“ ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევა და 5 ივლისის მოვლენები, “ტვ პირველის” ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ჩათვლით.

    „5 ივლისს დაგეგმილი „პრაიდ მარშის“ წინააღმდეგ ორგანიზებული ჰომოფობიური ძალადობის დროს, სიძულვილის ჯგუფები სიტყვიერად და ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის სულ ცოტა 53 თანამშრომელს. რამდენიმე ჟურნალისტი დაშავდა და მათ ხანმოკლე დროით ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ. პოლიცია ხშირად ადგილზე იყო, მაგრამ ძალადობრივი ინციდენტების აღკვეთა ვერ შეძლო. „ტვ პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც ცემის შედეგად სახის ძვლების მოტეხილობა, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები ჰქონდა და ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, რამდენიმე დღის შემდეგ საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს”,– წერია ანგარიშში და აღნიშნულია, რომ ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის დაჩქარებულად გამოქვეყნებულ შედეგებში ეჭვი შეიტანა საზოგადოებამ და ლაშქარავას ოჯახმა.

    სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა

    ანგარიშში 5 ივლისის მოვლენები ამ კონტექსტშიც არის აღწერილი. HRW-ს აღწერს ულტრამემარჯვენე, პუტინისტი ჯგუფების მიერ თბილისი პრაიდის ოფისის დარბევას, ჟურნალისტებზე ძალადობასა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში შეჭრას. მასში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ პრაიდის ორგანიზატორები და მონაწილეები, მათი უსაფრთხოების და შეკრების თავისუფლების დაცვის ნაცვლად, დაადანაშაულა.

    კერძოდ, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „მიზანშეუწონლად“ გამოაცხადა საჯარო ადგილას იმ დემონსტრაციის გამართვა, რომელსაც „სამოქალაქო დაპირისპირება“ შეიძლება გამოეწვია, შსს-მ შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გააფრთხილა ორგანიზატორები, არ ჩაეტარებინათ საჯარო ადგილას ასეთი მარში.

    ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მარტში ხელისუფლებამ პირველად დაუშვა სქესის სამართლებრივი აღიარების პრეცედენტი და ტრანსგენდერ პირს სქესის აღნიშვნა „მამრობითიდან“ „მდედრობითით“ შეუცვალა, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ ადამიანმა სქესის შეცვლის ოპერაციის დამადასტურებელი საბუთი წარადგინა. საქართველოში სქესის სამართლებრივი აღიარებისთვის ტრანსგენდერებს სქესის შეცვლის ოპერაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა მოეთხოვებათ. HRW-ის შეფასებით, ეს მოთხოვნა სერიოზულ ბარიერებს უქმნის ტრანსგენდერ ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, იწვევს მათ მარგინალიზაციას და უმუშევრობის და სიღარიბის რისკებს ზრდის.

    ბავშვთა უფლებები

    ბავშვთა უფლებების ნაწილში ანგარიშში აღწერილია საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული ნინოწმინდის პანსიონში განვითარებული მოვლენები. მასში ასევე ვკითხულობთ, რომ პანდემიის გამო, იუნისეფის შეფასებით, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შემდეგ საქართველოში დაახლოებით 50 000 ბავშვი დარჩა განათლებაზე წვდომის გარეშე.

    შრომითი უფლებები

    ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ შრომითი კანონმდებლობის ძირეული ცვლილებები ძალაში 2021 წლის პირველი იანვრიდან შევიდა და ამ რეფორმამ შრომის ინსპექციის მანდატი გააფართოვა, რომელმაც შრომის ყველა სტანდარტის დაცვის ზედამხედველობა მოიცვა. აქვე ნათქვამია, რომ ასევე, ამოქმედდა ახალი რეგულაციები მუშაობის საათების, ზეგანაკვეთურ მუშაობისა და დასვენების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით.

    HRW-ის აზრით, ამ რეფორმების მიუხედავად, პრობლემად რჩება სათანადო სამუშაო პირობების უზრუნველყოფა — სოციალური დაცვა მინიმალურია, პროფკავშირებს არა აქვთ იურიდიული გარანტიები, რაც მათ სისტემურ ცვლილებებზე ეფექტიანი მოლაპარაკებების წარმართვის შესაძლებლობას მისცემდა, შრომის ინსპექციის ეფექტიანობას კი რესურსების ნაკლებობა აფერხებს. HRW დამოუკიდებელი პროფკავშირის სოლიდარობის ქსელის ივნისის ანგარიშზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ექთნების შემოსავალი საარსებო მინიმუმზე ნაკლებია.

    ორგანიზციის შეფასებით, პრობლემად რჩება სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა. კერძოდ, ანგარიშში შრომის ინსპექციაზე დაყრდსნობით მითითებულია, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით 20 ადამიანი დაიღუპა და 189 დაშავდა სამუშაოს შესრულების დროს.

    “კოვიდ-19-ის პანდემიის გამო მიტანის სერვისზე მოთხოვნის მკვეთრმა ზრდამ სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისთვის ბრძოლის ახალი კერა გააჩინა. 2021 წლის დასაწყისში 100-ზე მეტმა კურიერმა გამორთო მიტანის სერვისის აპლიკაციები, რათა გაეპროტესტებინათ შრომის არარეალისტური ნორმირება, რომელიც, მათი განცხადებით, სამუშაოს უფრო სახიფათოს ხდიდა“, — ნათქვამია ანგარიშში.

    საერთაშორისო აქტორები

    Human Rights Watch ანგარიშში ასევე მოხვდა ევროკავშირის, აშშ-სა და სხვა დასავლელი პარტნიორების მედიაციის პროცესი საქართველოს პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად.

    გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ თებერვალში ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, აშშ-ის საელჩომ წუხილი გამოხატა იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებამ უგულებელყო შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ, ხოლო ევროკავშირმა განაცხადა, რომ მელიას დაკავების შემდეგ გაზრდილი პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოს დემოკრატიას ასუსტებდა.