Category: სლაიდერი

  • გაზსადენზე ავარიის გამო, თბილისის 7600 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება

    კომპანია “თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, კახეთის გზატკეცილზე, გაზსადენზე გვიან ღამით მომხდარი ავარიის გამო, გაზმომარაგება 7600 აბონენტს შეუწყდება.

    გაზის მიწოდება შემდეგ მისამართებზე შეიზღუდება:

    • კახეთის გზატკეცილის 3ა;
    • კახეთის გზატკეცილის 33ა (ჯავახეთის ქუჩის მიმდებარედ);
    • ვარკეთილის ზემო პლატოს კორპ. 39, 40, 41, 42, 43, 43ა, 43ბ, 51, 51ა, 51ბ;
    • კალოუბნის ქუჩა 22, 24დ. 2, 26დ. 3, 28დ. 4, 30დ. 5, 32, 33, 34, 35, 36, 38, 10-1ს/დ;
    • ვარკეთილის მე-3 მასივის 1, 3, 9, 10 კვარტლების (10-ჟ, 10-ე, 10-გ, 10-ზ, 10-ი), დ-1, დ-8, 6-ვ. 97 (მე-3 მასივის კვ.6, კორპ.9), (მე-3 მასივის კვ. 3-შპს ენერგო სახლი);
    • გახოკიძის ქ.6;
    • ბერიაშვილის ქ.7ა;
    • შუამთის ქ. ა და ბ;
    • ქიზიყის ქ.1, 3-ში მდებარე კორპუსები;
    • აბაშვილის ქ.3-ში მდებარე სამხედრო დასახლების საცხოვრებელი კორპუსები.
    • რევაზ მამისაშვილი ქუჩა;
    • რაზიკაშვილის ქუჩა;
    • მშენებელთა დასახლება;
    • გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა;
    • ანდრია დადიანი (ნავთლუღ-კახეთის) ქუჩა;
    • ეკატერინე ბაღდავაძის ქუჩა;
    • კახეთის ჩიხი;
    • კახეთის გზატკეცილის კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე, ტერიტორიაზე განთავსებულ კომუნალურ, საკვების ობიექტებს.
    • საცხენისის ქუჩა;
    • კახეთის გზატკეცილზე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისი, შპს თეგეტა მოტორსი.
    • კალაუბნის ქ.34

    თბილისი ენერჯის ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა 10:00 საათზე დაიწყო და 19:00 საათზე დასრულდება.

  • პანდემიასთან ბრძოლის სამართლიანი გეგმის შემუშავებამდე ვაგრძელებთ მუშაობას – კლუბები

    თბილისში არსებული კლუბები საერთო განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ სანამ სახელმწიფო არ შეიმუშავებს არადისკრიმინაციულ და სამართლიან გეგმას, ისინი მუშაობას გააგრძელებენ.

    მათივე ცნობით, არასწორია ინფორმაცია, თითქოს შეზღუდვის პარალელურად საკლუბო სივრცეები კომპენსაციას მიიღებენ, რადგან არ წარმოადგენს საქართველოს მთავრობასა და კლუბებს შორის ერთობლივად მიღწეულ გადაწყვეტილებას.

    „ჩვენთვის ცნობილია, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან წარმოდგენილი იყო ეს შეთავაზება, თუმცა სივრცის მფლობელებსა და თბილისის საკლუბო სცენის წარმომადგენლებს შემხვედრი პასუხი ამ ეტაპამდე არ გაგვიცია.

    ეჭვგარეშეა, რომ ისეთი რადიკალური ნაბიჯების შესახებ, როგორიცაა დაგეგმილი და დაანონსებული ღონისძიებების მოულოდნელი გაუქმება, შესაბამისი ღონისძიების ორგანიზატორებს უნდა ეცნობოთ გონივრულ ვადაში, რადგან საკლუბო სცენის წარმომადგენლები ამ ეტაპამდე კეთილსინდისიერად ვხელმძღვანელობთ შესაბამის უწყებებთან შეთანხმებული რეგულაციების დაცვით, ხოლო ახალი ზომები უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის რეგულაციების შესახებ ჯერ დადასტურებული არაა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც არის თავად მთავრობის მხრიდან შესაბამისი შეხვედრების გადავადება,“ – წერია კლუბების განცხადებაში.

    ისინი აღნიშნავენ, რომ თავად სახელმწიფოს მხრიდან იყო შემთავაზებული და მხარდაჭერილი 31 დეკემბრიდან – 16 იანვრამდე მათ მიერ ღონისძიებების ჩატარების იდეა, ხოლო მომდევნო ღონისძიებების ჩატარების წესებსა და პროტოკოლზე იანვრის დასაწყისში უნდა ემსჯელათ.

    „ამიტომ ვთვლით, რომ მოთხოვნა ცალმხრივად განხილული გადაწყვეტილების დაცვის და 14-15 იანვრის დაანონსებული ღონისძიებების გაუქმების, რომლის დასაორგანიზებლადაც ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფმა სივრცეებმა დიდი ხარჯი გავწიეთ, არის არალეგიტიმური და არ ეფუძნება შეთანხმებაზე დაფუძნებული ორმხრივი თანამშრომლობის პრინციპებს.

    უტყუარია, რომ ჩვენს მიერ გატარებული უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის მექანიზმები ჩვენს სივრცეებს ყველაზე დაცულ ადგილებს აქცევს მიმდინარე პანდემიაში, რაც, თავის მხრივ, არ ნიშნავს, რომ ვირუსის გავრცელების რისკები ნულამდეა დაყვანილი. აქამდე ჩატარებული ყველა კვლევით, საკლუბო სივრცეებში ვირუსის გავრცელების რისკი რამდენჯერმე ნაკლებია გარე გავრცელების რისკებთან შედარებით.

    ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე და უსაფრთხო სივრცის იდეის ერთგული წარმომადგენლები, ვიზიარებთ იმ მოსაზრებასაც, რომ ვირუსის ახალი შტამის, “ომიკრონის” გავრცელებამ შეცვალა სურათი არამხოლოდ საკლუბო სცენაზე, არამედ მთელს ქვეყანაში. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ განიხილება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ზომების შემოღება და გამკაცრება, ეს რეგულაციები უნდა ეხებოდეს ყველა სარისკო სივრცეს და არამხოლოდ კლუბებს, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან გადაწყვეტილების მიღებამდე და შეთანხმების მიღწევამდე წარმოდგენილი უნდა იყოს ვირუსთან ბრძოლის იმგვარი სამოქმედო გეგმა, რომელიც გამორიცხავს კლუბების მიმართ კიდევ ერთხელ არასამართლიან და დისკრიმინაციულ მიდგომას.

    პანდემიასთან ბრძოლის ახალი, სამართლიანი და არადისკრიმინაციული გეგმის შემუშავებამდე ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას 2022 წლის 14-15 იანვრის დღეებში აქამდე არსებული შეთანხმებისა და რეგულაციების შესაბამისად,“ – წერია განცხადებაში.

    ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღამის კლუბებს მუშაობის უფლება ისევ შეეზღუდათ.

  • ანაკლიიდან გამოგვაგდეს? წალენჯიხიდან გავაგრძელეთ – ხაზარაძე

    “ვიწყებ მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრებს. წინასაარჩევნოდ და კარდაკარ კი არა, პირისპირ შეხვედრებს, ახსნას, რა არის გამოსავალი, იმედის მიცემას.

    ამავე დროს, წალენჯიხის პროექტი, რომელზეც მე ვმუშაობ არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად, რომელიც იქ არის ჩამოყალიბებული და საზოგადო მოღვაწეებთან, რომლებიც განცალკევებით არიან – მათი თავმოყრით ვარ დაკავებული.

    ორი ფაქტორის გამო – წალენჯიხაში დემოკრატიული პროცესი მოხდა და წალენჯიხელებს კიდევ ერთხელ მადლობა, რომ ვაჟკაცობა გამოიჩინეს და ამხელა მეტასტაზებით გაჯერებულ მმართველობაში მოახერხეს ოპოზიციური მმართველობა შემოიტანეს. და მეორე, საოკუპაციო ხაზია წალენჯიხა.

    თუ გინდა, რამეს მიაღწიო, დიდი მიზანი უნდა დაისახო. ჩვენი დიდი მიზანი არის გაერთიანება და აფხაზებთან ახალი ფურცლის დაწყება. თუ ამაზე არ ვისაუბრეთ და ქმედებები არ დავიწყეთ, ეკონომიკას ვერ ავაშენებთ.

    ანაკლიიდან გამოგვაგდეს? წალენჯიხიდან გავაგრძელეთ. მეორე ნაბიჯი იქნება ანაკლია. მესამე იქნება გაცილებით დიდი”

    აცხადებს პარტია ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე.

  • დადასტურდა COVID-19-ის 5326 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 48 ადამიანი

    ბოლო 24 საათში კორონავირუსით საქართველოში კიდევ 48 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 5326 ახალი შემთხვევა, ხოლო 3044 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

    ვაქცინით დღიურად აიცრა 9 700 ადამიანი.

  • ენმ-ს წარმატებას რეორგანიზაცია-რეფორმირებაში ვხედავ, ცვლილებები იქნება – მელია

    “ნაციონალურ მოძრაობაში ხდება ის, რაც უნდა მომხდარიყო შარშან ამ დროს. შარშან იანვრის თვეს, როცა ელექტრონულ ფორმატში აირჩა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, მე მაშინ ჩემს პროგრამულ სიტყვაში ვთქვი, თუ რა არის გასაკეთებელი და მალევე შევუდექი მეგობრებთან ერთად პარტიაში რეფორმების გატარებას. მცირე ნაწილი გატარდა და მალევე აღმოვჩნდი იქ, სადაც აღმოჩენის დიდი სურვილი არ მქონდა. […]

    მე პარტიის წარმატებას მხოლოდ და მხოლოდ ვხედავ პარტიის რეორგანიზაციასა და რეფორმირებაში. ეს ეხება არა მხოლოდ საკადრო რეფორმებს, არამედ ხედვის კორექტირებასაც. პარტია ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა ისწავლოს ყოველდღიური მუშაობა.

    ქართულ პოლიტიკაში ყველა პარტია არჩევნებამდე 3-4 თვით ადრე აქტიურდება. არჩევნებიდან არჩევნებამდე ვცხოვრობთ, რაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საზოგადოების ნდობა გაზარდო. თუ გვინდა ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი მოვიმხროთ და ჩვენში დაინახონ ალტერნატივა, პრაქტიკულად, ყოველდღე უნდა ვიყოთ საარჩევნო რეჟიმში.  უნდა ვემზადოთ გადამწყვეტი ეტაპისთვის. იქნება რიგგარეშე არჩევნები? მხოლოდ და მხოლოდ გაგვიხარდება.

    პოლიტიკური საბჭო არის მნიშვნელოვანი ორგანო, პარტიის პარლამენტი, სადაც მნიშვნელოვანი აზრები, იდეები, ინიციატივები იბადება, დისკუსიები უნდა მიმდინარეობდეს, ამის შემდეგ კი ხალხის საჭიროებაზე მორგებული წინადადებები აღმასრულებელ რგოლში გადადიოდეს.

    ინფრასტრუქტურული მონოლითი არის ასაშენებელი.

    ცენტრალური აპარატი არ არსებობდა. აი, ფილმი რომ არის, “მარტო სახლში”, დაახლოებით ასე ვიყავი პარტიაში გადანაწილებული პასუხისმგებლობის თვალსაზრისით. ყველა სხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა იყო აუთვისებელი და რეალობის გათვალისწინებით, ამ გადაწყვეტილებების აუცილებლობა დადგა.

    მომდევნო პერიოდში იქნება იმაზე მეტი ცვლილება, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. იქნება მტკივნეული ცვლილებებიც, რეფორმა გულიხმობს მტკივნეულ ცვლილებებს, მაგრამ ორიენტაცია იქნება პროგრესსა და განვითარებაზე”

    აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია ფორმულას ეთერში.

  • ამინდის გაუარესების გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა – სია

    საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვა მოქმედებს შემდეგ საავტომობილო გზებზე:

    • მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
    • გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ15-კმ38 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
    • კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ105-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
    • ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

    ამასთან, დაწესებული შეზღუდვები ძალაში რჩება შემდეგი საავტომობილო გზებისთვის:

    • საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
    • ბათუმი -ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
    • ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ88-კმ125 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
    • საავტომობილო გზის კმ1-კმ88 (წყალტუბოს გადასახვევი-ლენტეხი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
    • ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია
    •  საავტომობილო გზის კმ1-კმ138 (ზუგდიდი-მესტია) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

    საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

  • ჯანმოს აზრით კოვიდის ვაქცინის ბუსტერ დოზების ხშირად გაკეთება არარეკომენდირებულია

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თვლის, რომ განმეორებითი ვაქცინაციები კოვიდის წინააღმდეგ სიცოცხლისუნარიანი სტრატეგია არ არის. იმავე აზრზეა ევროპის მედიცინის სააგენტო.

    “თუ გვექნება სტრატეგია, რომლის თანახმად ბუსტერებს ყოველ ოთხ თვეში გავიკეთებთ, შეიძლება იმუნური პასუხის პრობლემები შეგვექმნას, და რა თქმა უნდა, არის რისკი რომ მოსახლეობა გადავღალოთ მუდმივი ვაქცინირებებით“– თქვა ევროპის მედიცინის სააგენტოს ვაქცინაციის განყოფილების ხელმძღავნელმა, მარკო კავალერიმ.

    მისი თქმით, ამის ნაცვლად ქვეყნებმა ჯობს დაწყონ ფიქრი იმაზე, რომ რევაქცინაცია უფრო ხანგრძლივი ინტერვალების შემდეგ ჩაატარონ და მოახდინონ მისი სინქრონიზება ცივი სეზონის დასაწყისთან, როგორც ამას გრიპის ვაქცინასთან დაკავშირებით აკეთებენ.

     

    ამასთან, ევროპული რეგულატორი ადასტურებს, რომ კვლევების მიხედვით ომიკრონით დაინფიცირების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის რისკი 50–70%–ით უფრო დაბალია, ვიდრე დელტა ვარიანტით ინფიცირებისას.

  • შვებით ამოვისუნთქე, პატიმრობას რომ გადაურჩნენ – ზარქუა ხაზარაძე-ჯაფარიძეზე

    “ჩემი პოზიცია ასეთია, მე პირდაპირ გეტყვით, ძალიან გამიხარდა, გუშინ შეგნებულად არ გამოვრჩენილვარ ჟურნალისტებთან, რადგან ჩემთვის ძალიან რთული იყო, მძიმე იყო. ძალიან გამიხარდა, რომ პატიმრობას გადაურჩა, განსაკუთრებით, ბატონი ბადრი ჯაფარიძე, რა თქმა უნდა, ხაზარაძე და ბატონი წერეთელიც. შვებით ამოვისუნთქე, პირდაპირ გეტყვით”

    ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე.  ცნობისთვის, დღეს ლელოს ლიდერებსა და ავთანდილ წერეთელს ბრალი გადაუკვალიფიცირეს და ფულის გათეთრების ნაცვლად, დამნაშავედ თაღლითობაში ცნეს. მოსამართლემ მათ 7 წელი მიუსაჯა, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობის გამო სასჯელი გაუუქმეს.

  • ნიკა მელიას ღირსება რომ ჰქონდეს, დღესვე დატოვებდა ენმ-ს – ზარქუა

    „ახლა რატომ არიან ასე „შეფუცხუნებული? – იმიტომ, რომ ის ჯიგარი ჩამოვიდა – ბიძა ალასანია, მილიონობით რომ დაიხარჯა. ბოლოს გახსოვთ აქციებს რომ ატარებდნენ და ქუჩა-ქუჩა დადიოდნენ? ბოლოს უკვე 57, 117, 43 კაცი მიჰყვებოდათ და მოსთხოვა, აბა, სად არის ის მილიონები რაც დავხარჯე და ჩავდე ამ აქციებშიო? მაგაზე იყო მთელი შიდა ომები. თუმცა ეს მათი თემაა და ეს გადაჯგუფებები. მელია მოამწყვდიეს ალყაში. მელიას ღირსება რომ ჰქონდეს, დღესვე დატოვებდა იმ პოლიტიკურ პარტიას და გვერდზე გაიწეოდა. აგერ თქვენ და მე და ცოტა ხანში სხვანაირად ილაპარაკებს, როცა გაემიჯნება და იტყვის, სხვა გზა მაქვს და სხვა მეთოდი განვითარებისო. სავარაუდოდ “ლელოში“ [გადავა], როგორც ქალბატონი ხოშტარია. ესეც ცალკე მებრძოლი იქნება და რაღაც გაერთიანება იქნება, 4%-იანი პარტიის ლიდერები იქნებიან ეს 4 თუ 5 კაცი”

    თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პალიტრანიუსის ეთერში.

  • ვთხოვ დამოუკიდებელ იურისტებს, დღევანდელი გადაწყვეტილება შეაფასონ – ხაზარაძე

    “ეს არის უაზრობა, რაც დღეს გააკეთეს, ეს არის იურიდიული ნონსენსი და კაზუისტიკაა. მე მინდა ვთხოვო, არაჩვეულებრივი იურისტები გვყავს, რომლებიც პოლიტიკაში არ არიან ჩართულები და იქნებ რაღაც კონფერენციასავით უბრალოდ მოიწვიოთ, ერთი ხუთი-ათი კაცი შეიკრიბოთ, უამრავი იურისტია. მე მინდა, რომ დამოუკიდებლად შეიკრიბონ და დღეს რა გადაწყვეტილებაც მიიღო მოსამართლემ, ამის შეფასება დამოუკიდებელმა იურისტებმა გააკეთონ. საზოგადოება მიხვდეს, თუ რასთან გვაქვს საქმე. ჩვენ ამას გავასაჩივრებთ და გავასაჩივრებთ სტრასბურგამდე, რადგან თადუმაძის იმედი აქ გასაგებია, რომ არ მაქვს და ეს რომ ჩამოკიდეს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დაგვიჭირონ, არ გვადარდებს”

    მიმართავს ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე იურისტებს ტვ პირველის ეთერში.