Category: სლაიდერი

  • ზუგდიდში ბიუჯეტის ფულით მანქანებში ავზის მოცულობაზე მეტი საწვავი 863-ჯერ ჩაასხეს – აუდიტი

    სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის თანახმად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა ბიუჯეტის ფულით ავტომანქანებში ავზის მოცულობაზე მეტი საწვავი 863-ჯერ ჩაასხეს. ამ მიმართულებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 145.1 ათასი ლარი დახარჯა.

    “გამოიკვეთა, რომ რიგ შემთხვევებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ერთჯერადად ჩასხმულია ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი. კერძოდ, გამოვლინდა 44 ავტომანქანაზე ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით საწვავის ჩასხმის 863 შემთხვევა.

    ამ ავტომანქანებზე ჯამურად სულ ჩასხმულია 145.1 ათასი ლარის ღირებულების, 71,908 ლიტრი საწვავი. ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი საწვავის ჩასხმა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ჩიპი მოხსნილია და მიმაგრებულია სხვა ავტომობილის ავზზე ან/და სხვა სახის რეზერვუარზე”, – წერია აუდიტის დასკვნაში.

    2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ გაიხარჯა 601,2 ათასი ლარის ღირებულების საწვავი. რაც შეეხება მოცულობის გადაჭარბება, ამ მანქანებში ჯამურად ჩასხმულია 145,1 ათასი ლარის ღირებულების, 71,908 ლიტრი საწვავი. ასევე შესამოწმებელ პერიოდში გამოიკვეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დროის მცირე მონაკვეთში არაერთგზის და ავზის მოცულობასთან შედარებით შეუსაბამოდ მეტი ოდენობით საწვავის ჩასხმის ფაქტები.

    აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი საჭიროებისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები. გამოვლინდა, რომ “აგაი” სისტემის ჩიპი მყარად არ იყო დამაგრებული 11 ავტომანქანაზე, მოხსნილი იყო 6 მანქანაზე, აქედან 4 “ჩიპის” ადგილმდებარეობა პასუხისმგებელი პირების მიერ ვერ დადგინდა.

    “აგაი” სისტემის ჩიპის გამოყენება შესაძლებელი იყო სხვა მანქანებზეც. აღნიშნული გარემოებები წარმოშობს არაავტორიზებულ ავტომანქანებში საწვავის ჩასხმისა და მისი არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებს. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის წინა აუდიტის პერიოდშიც გამოვლინდა მსგავსი ხარვეზები. მიუხედავად ამისა, მერიამ არც 2019-2020 წლებში გაითვალისწინა აუდიტის სამსახურის მიერ წინა აუდიტის პერიოდში გამოვლენილი გარემოება და რეკომენდაცია”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

     

  • დადასტურდა კორონავირუსის 5 381 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 30 ადამიანი

    საქართველოში ბოლო 24 საათში, დადასტურდა 5 381 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 065 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.47 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.24%.

    ამ ეტაპზე, 50 595 აქტიური შემთხვევაა. 1 005 მძიმე პაციენტია, 294 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

  • შსს–მ facebook რეკლამის ხარჯების 60% ლექსო ლაშქარავას კადრების გავრცელებაში დახარჯა

    “ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო 18 თვეში ფეისბუქ რეკლამაში დახარჯული თანხების დიდი ნაწილი ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას კადრების რეკლამირებაში დახარჯა.

    შსს-მ “ფეისბუქის” ინფორმაციის რეკლამირების ფუნქციით 2020 წლის 4 აგვისტოდან 2022 წლის 7 იანვრის პერიოდში ჯამში 1,049 აშშ დოლარი დახარჯა. 18 თვის განვალობაში სამინისტრომ მხოლოდ 19 ამბავი დაარეკლამა. საშუალოდ, სამინისტრო ახალი ამბის დარეკლამებისთვის 100$ ნაკლებ თანხას იყენებს, თუმცა იყო ორი შემთხვევა, როდესაც სამინისტრომ ინფორმაციის გავრეცელებისთვის ყველაზე დიდი თანხა – 600$ დახარჯა.

    ჯამში დახარჯული 1,049 დოლარიდან სამინისტორომ 600$ 5 ივლისს განვითარებული მოვლენების შედეგად გარდაცვლილი ჟურნალისტის ლექსო ლაშქარავს ვიდეოების გავრცელებისთვის დახარჯა, ხოლო დანარჩენი 449$ სამინისტროში მიმდინარე სიახლების გასავრცელებლად. 100$-ზე ნაკლები დაიხარჯა სამინისტროს მიერ წარდგენილი 10 წლიანი საქმოქმედო გეგმის რეკლამირებაში. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა იმ მნიშვნელოვან ცვლილებებზე რომლებიც იგეგმება, მომდევნო 10 წლის განმავლობაში. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული თემის რეკლამირებისთვის 100$-ზე ნაკლები იყო დახარჯული, ამბავი ფეისბუქმომხმარებლების შედარებით მცირე ნაწილმა ნახა. სამინისტორს მიერ სოციალურ ქსელში რეკლამებზე დახარჯული თანხის მიხედვით ნათლად ჩანს სამინისტროსთვის პრიორიტეტული სიახლეები.

    ხოლო რაც შეეხება, ფეისბუქზე რეკლამირებაში დახარჯულ 600$-ს, შსს-მ მოკლული ჟურნალისტის, ალექსანდრე ლაშქარავას თბილისში გადაადგილების ამსახველი ორი ვიდეო მასალა გამოაქვეყნა, 2021 წლის 12-13 და 14 ივლისს.

    12 ივლისს გამოქვეყნებული კადრების გავრცელებაში სამინიტრომ 300-399 აშშ დოლარი დახარჯა. ეს თანხა 4-ჯერ აღემატება შსს მიერ რეკლამებში საშუალოდ დახარჯულ თანხის ოდენობას. აქედან გამომდინარე ნათელია სამინისტოს მიზანი, რომ ალექსანდრე ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი კადრები რაც შეიძლება მეტ ადამიანს ენახა.

    რაც შეეხება მეორე ვიდეოს, რომელიც სამინისტრომ 13-14 ივლისს გამოაქვეყნა, ვიდეოს რეკლამირებისთვის სამინისტრომ ჯამში 200-299$ დახარჯა.

    2022 წელს UNESCO-მ მსოფლიოს მასშტაბით მოკლული ჟურნალისტების სია განაახლა.
    2021 წლის მონაცემებით სულ 55 ჟურნალისტი მოკლეს, მათგან ერთ-ერთი ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავაა. აღსანიშნავია, რომ 2008 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო ამ სიაში მოხვდა.

    იუნესკოს ხელმძღვანელმა, ოდრი აზულაიმ ჯერ კიდევ 2021 წლის ივლისში მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ გამჭვირვალედ და სრულყოფილად წარემართა ლექსო ლაშქარავას სიკვდილის გამოძიება.

    ლექსო ლაშქარავას სიკვდილი ასევე შეყვანილია ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია “ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის”(CPJ) მონაცემთა ბაზაშიც.

    აქვე, საინტერესოა, რომ როგორც სახელმწიფო შესყიდვების საიტიდან ვგებულობთ, შსს 2022 წელს უფრო აქტიურად აპირებს “facebook” სივრცის გამოყენებას და ბიუჯეტი 4000 აშშ დოლარამდე გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2021 წლის 28 დეკემბერს მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, რომლისგანაც 4000 აშშ დოლარის გამარტივებულ შესყიდვაზე ითხოვდა თანხმობას. შსს-მ უკვე მიიღო ნებართვა გამარტივებული წესით შეისყიდოს “facebook” რეკლამირების მომსახურება.

    ხოლო რაც შეეხება 2021 წლის შსს-ს მიერ რეგისტრირებულ და გახსნილ დანაშაულთა სტატისტიკას, 2021 წლის იანვარი-ნოემბრის თვის მონაცემებით საქართველოში 52,078 დანაშაული იქნა რეგისტრირებული, საიდანაც მხოლოდ 25,140 დანაშაული იქნა გახსნილი. ყველაზე დიდი რაოდენობით ჩადენილ დანაშაულთა სამეული კი შემდეგნაირად გამოიყურება: დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ – 19,477 შემთხვევა, დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ – 9,074 შემთხვევა, დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ – 3,996 შემთხვევა.

    შსს-ს საქმიანობის შეფასების ნაწილში ასევე აღსანიშნავია წლების განმავლობაში არსებული გამოუძიებელი საქმეები, მათ შორის სამართალდამცავთა მიერ დანაშაულის ჩადენის შესაძლო შემთხვევები. 2020 წლის ანგარიშში Human Rights Watch-ი საუბრობს ძალოვანი სტრუქტურების მიერ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე.

    Human Rights Watch-ის ახალი ანგარიშის თანახმად, 2021 წელს პოლიტიკური კრიზისის ფონზე საქართველომ ადამიანის უფლებათა რიგ სფეროებში უკუსვლა განიცადა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ გადაუჭრელ პრობლემად დარჩა სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე არასათანადო პასუხისმგებლობა. შეშფოთებას იწვევდა სხვა საკითხებიც, მათ შორის პოლიციელთა უხეში ჩარევა შეკრების თავისუფლებაში, თავდასხმები ჟურნალისტებზე და მედიაპლურალიზმის შეზღუდვის მზარდი საფრთხე. სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დარღვევებზე საუბარია სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელიც მიუთითებს პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, მათ შორის აშკარად გადამეტებული ძალის გამოყენებისა და დაკავების შემდეგ განხორციელებული წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტებზე.
    პარალელურად კი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება წლიდან წლამდე იზრდება. 2020-2022 წლებში შსს-ს დაფინანსებამ 2,410,835,600 ლარი შეადგინა, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე 1,602,117,800 ლარი დაიხარჯა. 2022 წელს, 2020 წელთან შედარებით სამინისტროს დაფინანსება 99,164,400 ლარით გაიზარდა, ხოლო შრომის ანაზრაურებაზე დახარჯული თანხები 89,134,200 ლარით.
    წელი/დაფინანსება სრულად/შრომის ანაზღაურება
    2020 წელი – 765,835,600/493,891,800
    2021 წელი – 780,000,000/525,200,000
    2022 წელი – 865,000,000/583,026,000

  • აშშ ეჭვობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად პროვოკაციებს აწყობს

    პენტაგონის წარმომადგენელმა ამერიკული მედიის კვალდაკვალ უკრაინაში რუსეთის აგრესიის ახალ სავარაუდო სცენარზე ისაუბრა. ვაშინგტონის მონაცემებით მოსკოვმა დივერსანტების ჯგუფი მოამზადა ქვეყნის აღმოსავლეთში “სხვისი დროშის ქვეშ“ ოპერაციის ჩასატარებლად, რათა უკრაინაში შეჭრის საბაბი შექმნას.

    ოქტომბერში ამერიკული მედია დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით საუბრობდა უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების კონცენტრაციის გაზრდაზე. მოგვიანებით მათ ოფიციალური პირები შეუერთდნენ. ამერიკული მხარის მონაცემებით წლის ბოლოსთვის ამ მიმართულებით დაახლოებით 100 ათასი რუსი სამზედრო იყო თავმოყრილი.

    მოსკოვი აცხადებს, რომ არ ემზადება თავდასხმისთვის და შეუძლია საკუთარ ტერიტორიაზე საკუთარი ჯარები საკუთარი შეხედულებებისამებრ გადაადგილოს. ამის შესახებ მან აშშ–სთან, ნატოსთან და ეუთოსთან მოლაპარაკებებზეც განაცხადა მიმდინარე კვირას. ამ მოლაპარაკებებმა უშედეგოდ ჩაიარა.

    პარასკევს კი, მოლაპარაკებების სამი რაუნდის დასრულების შემდეგ სიენენმა და სხვა მედიამ ახალი ვერსიის შესახებ განაცხადეს. აშშ–ს აქვს ინფორმაცია, რომელიც მიანიშნებს, რომ რუსეთმა მოამზადა დივერსანტების ჯგუფი უკრაინის აღმოსავლეთში ოპერაციის ჩასატარებლად “სხვისი დროშის ქვეშ“. ამის შესახებ სიენენ–ს  ამერიკული ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა, რომლის ვინაობა არ სახელდება.

    ანალოგიური ცნობები გამოჩნდა გაზეთ Washington Post–ში, ასევე სააგენტო როიტერში, ფრანს პრესსა და ბლუმბერგში. როიტერმა ზუსტად იგივე ციტატა მოიყვანა, რაც სიენენმა.

    ამავდროულად უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველომ პარასკევს განაცხადა, რომ რუსეთის სპეცსამსახურები პროვოკაციას ამზადებენ რუსი სამხედროების წინააღმდეგ არაღიარებულ დნესტრისპირეთში, რათა თავდასხმაში უკრაინა დაადანაშაულონ. საქმე ეხება არტილერიის საწყობებს უკრაინის საზღვართან, რომლებსაც რუსი სამხედროები იცავენ.

    აშშ–ს პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა ჯერ კიდევ ხუთშაბათს თქვა, რომ ამერიკის დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია, რომ რუსეთი ამზადებს ნიადაგს უკრაინაში შეჭრის საბაბის ფაბრიკაციისთვის.

    “ჩვენ ვნახეთ ეს გეგმა მოქმედებაში 2014 წელს. ისინი კვლავ ამზადებენ ამ გეგმას“– ამტკიცებს სალივანი.

    პენტაგონის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ პარასკევს თავის განცხადებაში ასევე გაიხსენა ყირიმის 2014 წლის ანექსია.

    კირბიმ ოფიციალურად გაახმოვანა ვერსია, რომლის მიხედვით აშშ–ს აქვს ინფორმაცია, რომელიც მეტყველებს, რომ რუსეთი აქტიურად მუშაობს შესაძლო შეჭრის საბაბის შესაქმნელად.

    სიენენის მსგავსად პენტაგონის პრესმდივანი ამტკიცებს, რომ რუსეთმა დივერსანტების ჯგუფი მოამზადა ოპერაციის ჩასატარებლად სხვისი დროშით, რამაც ისეთი შთაბეჭდილება უნდა დატოვოს, თითქოს უკრაინის რუსულენოვან მოსახლეობას ან რუს სამხედროებს თავს დაესხნენ.

    პენტაგონის წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა იმის ნიშნებზე, რომ დაიწყო გარკვეული მტკიცებულებების ფაბრიკაცია სოციალურ ქსელებში. მან ხაზი გაუსვა, რომ არ შეუძლია დეტალებზე საუბარი.

    კრემლის წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა პუბლიკაციებს რუსული პროვოკაციის მზადების შესახებ რეალობასთან შეუსაბამო უწოდა და თქვა, რომ ყველა ეს განცხადება ცარიელი სიტყვებია და არაფრით დასტურდება.კრემლში თვლიან, რომ შესაძლო შეჭრის შესახებ პუბლიკაციები აშშ–ს ხელისუფლების პროვოკაციაა.

    თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ პსაკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ შეშფოთებულია რუსეთის ხელისუფლების მიერ უკრაინაში შეჭრის მზადებით, რამაც შეიძლება ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა და სამხედრო დანაშაულები გამოიწვიოს,თუ დიპლომატია თავის მიზნებს ვერ მიაღწევს.

    აშშ–სა და მისი მოკავშირეების მოლაპარაკებები რუსეთთან ამ კვირაში ჩიხში შევიდა. ახლო მომავალში მოლაპარაკებების ახალი რაუნდი არ იგეგმება.

    14 იანვარს გამთენიისას ხაკერებმა უკრაინის სამინისტროების საიტები გატეხეს და მუქარის შემცველი მიმართვები გაავრცელეს. ნატოში აცხადებენ, რომ მზადდება უკრაინასთან შეთანხმების ხელმოწერა კიბერუსაფრთხოების სფეროში.

  • გზები, რომელიც რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოს

    უკრაინის საზღვართან დაძაბულობა იზრდება, რუსეთი ამ დრომდე აძლიერებს მეზობელი ქვეყნის საზღვართან სამხედრო ძალის მობილიზებას და შეიარაღებას. დასავლეთში მიაჩნიათ, რომ კრემლი კიევზე თავდასხმისთვის ემზადება, თუმცა ბრალდებებს მოსკოვი უარყოფს.

    სამხედრო ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თავდასხმა უკრაინაზე მალე დაიწყება, რადგან რუსეთს არ აქვს ფინანსური რესურსი იმისთვის, რომ ჯარები უკრაინის საზღვართან დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს. გარდა ფინანსური ფაქტორისა, ანალიტიკოსები სეზონზეც ამახვილებენ ყურადღებას. მათ მიაჩნიათ, რომ გაზაფხულზე რუსულ ჯარებს უკან დახევა მოუწევთ.

    სამხედრო ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ თავდასხმისთვის ზამთრის პერიოდი უკეთესია, ვიდრე გაზაფხული.

    უკრაინის საზღვრის მახლობლად, ამ დროისთვის 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო იმყოფება. ანალტიკოსები ფიქრობენ, რომ უახლოეს პერიოდში ეს რიცხვი 170 000-მდე გაიზრდება.

    ამერიკის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა შესაძლოა იანვარში დაიწყოს, რადგან ახლა მიწა უფრო მკვრივია, რაც რუსულ ტანკებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემს.

    მოლაპარაკებების კვირა

    ამ კვირაში გამართული მოლაპარაკებებისას, რუსეთი ნატოსგან და ამერიკისგან ცდილობდა მიეღო უსაფრთხოების გარანტიები. დასავლეთში მიაჩნიათ, რომ დიალოგი ახლა ყველაზე სწორი ნაბიჯია და კრიზისის განმუხტვა რუსეთმა უნდა დაიწყოს. რუსეთი ამტკიცებს, რომ თავდასხმას არ გეგმავს და დასავლეთისგან მოითხოვს შეცვალოს ნატოს გაფართოების გადაწყვეტილება.

    კრემლის სურვილია, 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება შეიცვალოს, სადაც მკაფიოდ გაკეთდა განაცხადი, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან. მოსკოვის სურვილია, ეს ჩანაწერი შეიცვალოს შემდეგი წინადადებით: „საქართველო და უკრაინა არასდროს გახდებიან“ ნატოს წევრი ქვეყნები.

    დასავლეთში ამბობენ, რომ ეს ასე არ მოხდება. ვაშინგტონში ამბობენ, რომ ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება თავად მიიღოს გადაწყვეტილება როგორ დაიცვას საკუთარი უსაფრთხოება და რომელ ორგანიზაციაში გაერთიანდეს. მეტიც, ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსეთთან საქართველოზე ან უკრაინაზე არ ისაუბრებენ, თუ პროცესში ქართველები ან უკრაინელები ჩართულები არ იქნებიან.

    ამ ფონზე, დასავლეთში ამბობენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

    ნატოს გენერალური მდივნის თქმით, რუსეთმა საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან ჯარები უნდა გაიყვანოს. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი ვერ ჩაერევა ნატოს გადაწყვეტილებებში და ვერ მოახდენს ნატოს გადაწყვეტილებებზე გავლენას. ნატო ამბობს, რომ ორგანიზაცია ღია კარის პოლიტიკას განაგრძობს და გაფართოებაზე უარს არ იტყვის.

    ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ჩრდილოატლანტიკური კავშირი მზადაა მოსკოვთან შემდგომი მოლაპარაკებებისთვის, მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა შეიარაღება და რაკეტების განთავსება.

    მაგრამ როგორი შეიძლება იყოს რუსული თავდასხმა და რისი მიღწევა შეუძლია კრემლს ამით?

    კეირ ჯაილსი “ჩეთამ ჰაუსის” წარმომადგენელი ამბობს, რომ ახლა რუსეთი რამდენიმე სცენარზე მუშაობს და არსებული განლაგება რამდენიმე ვარიანტზე მიუთითებს.

    ესკალაცია დონბასში

    რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მძიმედ შეიარაღებული სეპარატისტები 2014 წლის შემდეგ აკონტროლებენ აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილს. შეტაკებები უკრაინის სამთავრობო ძალებთან კი წლებია მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო და ძირითადი საომარი მოქმედებები შეწყდა.

    ოფიციალური კიევი ამბობს, რომ დონბასში სამხედრო შეტაკებებს 15 000 ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინა წლებია ამბობს, რომ რუსეთს რეგიონში რეგულარული ჯარი ჰყავს შეყვანილი, თუმცა ამ ფაქტს მოსკოვი უარყოფს და თავის მხრივ, რუსეთი უკრაინას, რეგიონში კონტროლის აღსადგენად ძალის გამოყენებაში ადანაშაულებს.

    ანალიტიკოსების თქმით, დონბასში არსებული ვითარება რუსეთს აძლევს საშუალებას ისე წარმართოს პროცესები, როგორც თავად სურს და დაპირისპირება გააღვივოს.

    ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ერთ-ერთი სავარაუდო სცენარით, დონბასში თავდასხმის პროვოცირება მოხდება, რის შემდეგაც სეპარატისტები რუსეთს სთხოვენ დახმარებას. თავის მხრივ კი მოსკოვი დონბასში ჯარს შეიყვანს და ბრძოლები უფრო ფართომასშტაბიანი გახდება.

    ნილ მელვინი აქვე ამბობს, რომ მოსკოვმა შეიძლება სცადოს აზოვის ზღვაზე უკრაინის სანაპირო ტერიტორიების ხელში ჩაგდება-„ეს უკრაინის მთავრობას დიდ დარტყმას მიაყენებს“,“- ამბობს მელვინი.

    თავდასხმა ყირიმიდან

    რუსეთი სამხედროების მობილიზებას ახდენს 2014 წელს ანექსირებულ ყირიმშიც, საიდანაც მოსკოვს შეუძლია უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნას და დაიკავოს ახალი ტერიტორიები მდინარე დნეპრამდე, რომელიც შეიძლება გახდეს ბუნებრივი ბარიერი უკრაინის ნებისმიერი კონტრშეტევისთვის,-ამბობს, პოლონელი კონრად მუიზიკი.

    ისი თქმით, სამხედრო ოპერაცია შესაძლოა დაიწყოს საარტილერიო, სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებით უკრაინულ ქვედანაყოფებზე, ხოლო სპეცრაზმა შესაძლოა დაიკავოს ხიდები და სარკინიგზო კვანძები, რაც ჯარებსა და ტანკებს წინსვლის საშუალებას მისცემს.

    მუიზიკი ამბობს, რომ ყირიმიდან მხოლოდ ორი გზა არის, რომელიც შეიძლება დაიბლოკოს ან განადგურდეს, რაც პოტენციურ სისუსტეს წარმოადგენს.

    მულტი ფრონტ შეტევა

    ამერიკის დაზვერვის საჯარო დოკუმენტებში ნათქვამია, რომ რუსეთს აქვს სესაძლებლობა იანვარში განახორციელოს შეჭრა 100-მდე ბატალიონის, ტაქტიკური ჯგუფის ან დაახლოებით 175 000 ჯარისკაცით.

    დოკუმენტებში ნათქვამია, რომ კრემლს ამ გზით შეუძლია კიევის კონტროლი შავ ზღვაზე აღკვეთოს-ამბობს საერთაშორისო უსაფრთხოების კვლევების დირექტორი ნილ მელვინი. მისი თქმით, ნატო შავ ზღვაში ყოფნას შეამცირებს. რუსეთი ამ ტერიტორიას, როგორც „ნოვორასიას“ მიწებს განიხილავს, ამბობს ის.

    მრავალმხრივი თავდასხმა ასევე შეიძლება მოიცავდეს ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში გადასვლას და ალყაში მოქცევას, მაგრამ შეაძლოა, რუსული ჯარი არ შევიდეს ქალაქებში, რადგან შესაძლოა მათ ადგილობრივ ბრძოლებში რესურსი არ დაკარგონ.

    ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ რუსეთმა ასევე შეიძლება გამოიყენოს ბელარუსთან არსებული ურთიერთობები და უკრაინის წინააღმდეგ ჩრდილოეთ ფრონტიც გახსნას.

    სამხედრო ანალიტიკოსები აქვე ამბობენ, რომ თუ რუსეთმა დაამარცხა უკრაინული არმია, რომელიც მისი ზომის ნახევარია, შეიძლება შეიქმნას პარტიზანული ტიპის წინააღმდეგობა, რაც ართულებს ხელში ჩაგდებული ტერიტორიების შენარჩუნებას.

    რას გეგმავს დასავლეთი

    ვაშინგტონი, ბრიუსელი და ნატო რუსეთს მძლავრი ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამის შესახებ ვლადიმირ პუტინს სატელეფონო საუბრის დროსაც უთხრა. არ არის გამორიცხული სანქციები თავად ვლადიმირ პუტინსაც შეეხოს.

    სანქციების პაკეტზე მსჯელობა მიმდინარეობს და დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა ვაშინტონი ამბობს, რომ თუ რუსეთი უკარინაში შეიჭრება, მოსკოვს უმძიმესი ეკონომიკური სანქციები დაუწესდება, ისეთი, როგორიც აქამდე არ ყოფილა.

    ვაშინგტონის პოზიციას სრულად იზიარებენ ბრიუსელში. პროცესში ჩართულია ნატოც.

    პარალელურად, ვაშინგტონი კიევს როგორც ეკონომიკურად, ასევე სამხედრო შეიარაღებითაც ეხმარება. კიევს უკვე გადაეცა საჰაერო თავდაცვითი იარაღი და სხვადასხვა ტიპის შეიარაღება. უკრაინამ ამერიკის დახმარებით გაზარდა გავლენა შავ ზღვაზეც.

    უკრაინული დაზვერვა 2021 წლის დეკემბერში ამბობდა, რომ რუსეთი 2022 წლის იანვარში მათ თავს დაესხმებოდა. მას შემდეგ, კიევი მუდმივ მზადყოფნაშია. უკრაინული ჯარი კი ქვეყნის დასაცავად ყოველდღიურ მზადების პროცესშია. გაიმართა არაერთი სამხედრო წვრთნა ნატოელ მოკავშირეებთან ერთად.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • გიგი უგულავამ გადაცემა “მთავარ ჭკვიანში“ 50 000 ლარი მოიგო

    ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა “მთავარი არხის” ინტელექტუალური შოუს გამარჯვებულია.

    “მთავარი ჭკვიანის” საახალწლო ეთერში, რომლის წამყვანიც არხის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაა, უგულავამ 50 ათასი ლარი მოიგო.

    მანამდე კი მთავარი ჭკვიანი ბექა ადამაშვილი გახდა. მან 50 ათასი ლარი გასული წლის 7 მაისს მოიგო.

  • ჩემი პოზიცია იქნება მისთვის უფლებამოსილების არშეწყვეტა – წილოსანი ჯაფარიძეზე

    “ჩემი პოზიცია იქნება მისთვის უფლებამოსილების არშეწყვეტა”- აცხადებს, ”ქართული ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი პარტია “ლელოს” ლიდერისთვის, ბადრი ჯაფარიძისთვის პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტაზე საუბრისას.

    “ყველამ ვიცით, რომ სესიაზე პარლამენტო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ირებს. ამასთან მიმარტებით გუნდში მკაფიო პოზიცია არ გავქვს. მე ჩემი გადმოსახედიდან ვიტყვი რომ იმ ოპოზიციურ ველზე, რომელიც პარლამენტში გვყავს, ყველა სხვასთან შედარებით, ბადრი ჯაფარიძე ნამდვილად არის ერთ-ერთი პოზიტიური მოვლენა და ჩემი პოზიცია იქნება მისთვის უფლებამოსილების არშეწყვეტა. თუმცა რა თქმა უნდა, მეც და ჩემი ნებისმიერი კოლეგა, ვიქნებით ჩვენი, ერთიანი გუნდის გადაწყვეტილების ნაწილი”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

  • მოქალაქეობრივი გადაწყვეტილება იყო – არგუმენტებსა და საუბარს შედეგი აქვს – ვახტანგ კალოიანი კლუბებზე

    “მოქალაქეობრივი გადაწყვეტილება იყო – არგუმენტებსა და საუბარს შედეგი აქვს”  – ამბობს ევროპული საქართველოს მდივანი ჯანდაცვის საკითხებში, ვახტანგ კალოიანი TV პირველთან საუბარში.

    ”მოქალაქეობრივი გადაწყვეტილება იყო ღამის კლუბების ხელმძღვანელების, რომლებმაც თავად შეაჩერეს ფუნქციონირება. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ადამიანებთან საუბარს, არგუმენტებსა და ციფრებს აქვს შედეგი, ისინი თვითმკვლელები არ არიან და ეს იყო ჩვენი მოქალაქეების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადაწყვეტილება პანდემიის მართვის პერიოდში.

    დღეს ჩვენ ვართ ომიკრონის სისუსტის და საკუთარი პასუხისმგებლობის იმედად. სამწუხაროდ, სახელმწიფომ გვითხრა, რომ ეს 50 ტესტი, ისიც კოჭლი, არის მაქსიმუმი, რასაც გააკეთებს. სამედიცინო სისტემა რაც გვაქვს, ეს გვაქვს, მისი გამოწვევებით და ადამიანების ფიზიკურ გამძლეობაზე და მორალურ გამძლეობაზე. ჩვენი დაცვა ამ ეტაპზე არის მაქსიმალურად გამოყენება სამედიცინო ნიღბის, მაქსიმალურად თვითშეზღუდვა დახურულ სივრცეში დიდხანს ყოფნის და დისტანცირება.  ” – განაცხადა კალოიანმა.

  • ვაქცინირებული პირებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება

    ვაქცინირებული პირებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება.  ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში ექსპერტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

    ვირუსის მსუბუქი მიმდინარეობით პირი იზოლაციაში 8 დღე იქნება, მძიმე და საშუალო მიმდინარეობით, მინიმუმ, 10. ამის შესახებ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა.

    „მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში გახდა შესაძლებელი და საერთაშორისო რეკომენდაციები გამოიცა იმასთან დაკავშირებით, რომ შემცირდეს იზოლაცია-კარანტინისთვის დაწესებული ვადები. ვადები ასეთი განისაზღვრა: ასიმპტომური-მსუბუქი შემთხვევებისთვის ეს იქნება 8 დღე, ამასთან სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი და იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღის მანძილზე მკაცრად არის რეკომენდებული ნიღბის ტარება.საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის ვადა არის მინიმუმ 10 დღე, სახეზე უნდა იყოს მკვეთრად გაუმჯობესების დინამიკა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში და აქაც იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად სავალდებულოა ნიღბის ტარება.რაც შეეხება კონტაქტებს, ვადები აქაც მცირდება და მსუბუქდება. თუ კონტაქტი ვაქცინირებულია, მათ შორის, ბუსტერვაქცინაციის მქონე პირები და პირები, რომლებსაც ჩატარებული აქვთ მხოლოდ პირველი ორი დოზა, ამ დოზების მიღებიდან 2 კვირა-90 დღის ვადაში, კარანტინის ვადა ეხსენებათ. ანუ არ არის საჭირო მათთვის კარანტინი და ასევე, პირებს კოვიდინფექციის გადატანიდან 60 დღის მანძილზე ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაციის პირობებში კონტაქტიდან 10 დღის შემდეგ შეუძლიათ კარანტინში აღარ იყვნენ.

    რაც შეეხებათ არავაქცინირებულ პირებს, აქ მაინც რჩება რეკომენდაცია კონტაქტის შემდეგ 8 დღის განმავლობაში დარჩნენ კარანტინში და 9-12 დღის პერიოდში უნდა გამოიყენონ პირბადე. ეს ცვლილებები ძალაში შევა ორშაბათიდან, ახლა მიმდინარეობს დაზუსტება“, – განაცხადა გაბუნიამ.

    ცვლილებები ძალაში ორშაბათიდან, 17 იანვრიდან შევა.

  • სწორი იქნებოდა ვეტოს გამოყენება, ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა პრეზიდენტის მხრიდან – სამადაშვილი

    ”სწორი იქნებოდა ვეტოს გამოყენება, ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა პრეზიდენტის მხრიდან” – ამის შესახებ “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

    „რაც შეეხება ვეტოს საკითხს, ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა, თუმცა, მე მიმაჩნია, რომ განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა სახელმწიფო ინსპექტორთან დაკავშირებული კანონმდებლობის მიღება მოხდა დაჩქარებული წესით პარლამენტში, სწორი იქნებოდა მას ვეტოს შესაძლებლობა გამოეყენებინა, რითაც შექმნიდა სივრცეს იმისთვის, რომ ამ საკითხს კიდევ ერთხელ დავბრუნებოდით როგორც პარლამენტში, ისე საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა კიდევ ერთხელ გააქტიურებულიყო ამ საკითხზე. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა პრეზიდენტის მხრიდან. ეს ცხადია, არ არის კავშირში იმ პროცესთან, რომელიც მან დააანონსა ახალ წლამდე, მაგრამ მისი მხრიდან ვეტოს გამოყენების შესაძლებლობა დაეხმარებოდა დეპოლარიზაციის თუ მოლაპარაკების პროცესს, რომელიც წამოიწყო. ვნახოთ რა გაგრძელება მოჰყვება ამ პროცესს, ეს მისი ინიციატივა იყო და მასზეა დამოკიდებული როგორ ხედავს ამ პროცესს,“- განაცხადა სამადაშვილმა.