Category: სლაიდერი

  • PCR-მა, შესაძლოა ადრეულ ეტაპზე ომიკრონი ვერ დაადგინოს, გირჩევთ, იზოლაციაში დარჩეთ – გაბუნია

    PCR-მა, შესაძლოა, ადრეულ ეტაპზე ომიკრონი ვერ დაადგინოს, გირჩევთ, იზოლაციაში დარჩეთ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ “იმედის” ეთერში განაცხადა. 

    “გაჩნდა კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რამდენად შეგვიძლია ანტიგენ ტესტის გამოყენება – შემდეგ მეტად ჩაღრმავებული კვლევები ჩატარდა და ჯერჯერობით რეკომენდაცია მაინც არის იმგვარი, რომ კი, ანტიგენ ტესტების გამოყენება ნამდვილად არის რეკომენდებული ომიკრონის დიაგნოსტირებისთვის, თუმცა მაინც მეტი სიფრთხილე გვმართებს – თუ ადამიანს აქვს სიმპტომი და ტესტი არის უარყოფითი, ამ შემთხვევაში დამშვიდების საფუძველი, შეიძლება, არ გვქონდეს და მაინც ფრთხილად უნდა მოეკიდოს მის მდგომარეობას.  სიმპტომების შემთხვევაში, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ადამიანმა გაიკეთოს სწრაფი ტესტი. თუ სიმპტომები გამოხატულია, სწრაფი ტესტი მარტივად ადგენს დაავადებას. თუ მეტად საეჭვო მდგომარეობაა და სიმპტრომი არ არის, კონტაქტია, რაღაც მიზეზია, რომ PCR ტესტი ჩატარდეს, ექიმი ურჩევს, რომ ჩაიტაროს PCR ტესტი. ” – აცხადებს გაბუნია.

  • რამდენიმე შემთხვევაა, როცა PCR-ით არ დადასტურდა “ომიკრონი” – მაკა ბულეიშვილი

    “სწრაფი ტესტით ხშირად არ ხდება „ომიკრონის“ დადასტურება, რამდენიმე შემთხვევაა, როცა PCR-ით არ დადასტურდა ვირუსი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანმა, რომელსაც სიმპტომები აქვს, სიფრთხილე არ გამოიჩინოს”- განაცხადა, კლინიკურმა ექსპერტმა, პროფესორმა მაკა ბულეიშვილმა “ინტერპრესნიუსთან”.

    “ხშირ შემთხვევაში, რასაც ვაკვირდებით, „ომიკრონი“ უფრო მეტად მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს, ბავშვთა და მოზრდილი ასაკის პაციენტებს არ გავუფრთხილდეთ. ამავე დროს გვაქვს როგორც „დელტას“ და „ომიკრონის“ შტამები, ისე სეზონური გრიპი. ყველაფერი ეს ერთობლიობაში, რა თქმა უნდა, პრობლემას ქმნის. სწრაფი ტესტით ხშირად არ ხდება „ომიკრონის“ შტამის დადასტურება. არის რამდენიმე შემთხვევა, როდესაც PCR ტესტითაც არ დადასტურდა ვირუსი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა, რომელსაც აღენიშნება სიმპტომები: ცემინება, სურდო, ყელისა და კუნთების ტკივილი, სხეულის ტემპერატურის მატება და ა.შ. სიფრთხილე არ გამოიჩინოს. ამიტომ ყველა ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ადამიანი არ გახდეს წყარო ასეთ დაძაბულ მდგომარეობაში, შემდგომში შესაძლოა აღმოჩნდეს „ომიკრონის“ შტამი”, – განაცხადა მაკა ბულეიშვილმა.

  • “ეს კაცი მართლა მუშაობს გერმანიაში? საქართველოში სოფლის საავადმყოფოს ექიმადაც არ აიყვანდნენ“–თენგიზ ცერცვაძე იაგო ფრანგიშვილს წერილს უძღვნის

    “ეს კაცი მართლა მუშაობს გერმანიაში? საქართველოში სოფლის საავადმყოფოს ექიმადაც არ აიყვანდნენ“–თენგიზ ცერცვაძე იაგო ფრანგიშვილს წერილს უძღვნის

    ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე გერმანიაში მცხოვრებ ქართველ ექიმს, იაგო ფრანგიშვილს წერილს უძღვნის. “იაგო ფრანგიშვილის ზღაპრები“– ასე ქვია თენგიზ ცერცვაძის წერილს, რომელშიც ის ამბობს, რომ იაგო ფრანგიშვილი “დაუკრეფავში გადავიდა“ ქართველი ექიმების შეცდომებზე საუბრისას:

    “გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი ბ-ნი იაგო ფრანგიშვილი სისტემატურად აქვეყნებს ფანტასმაგორიულ პოსტებს, სადაც გაუთავებლად ლაპარაკობს ქართველი ექიმების შეცდომებზე COVID ავადმყოფების მართვაში, იმაზე თუ რა უვიცები არიან ქართველი ექიმები და როგორ ცუდად მართავენ კოვიდს და როგორი კარგები არიან გერმანელი ექიმები და როგორ კარგად მართავენ თავიანთ COVID ავადმყოფებს.

    ამ კომიკური პერსონაჟის პოსტებზე, ალბათ რეაგირება არ ღირს და დიდხანს არც ვრეაგირებდით, მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან გაუტია და დაუკრეფავში გადავიდა. ცუდი ის არის, რომ საქართველოში ვიღაცებს – საბედნიეროდ ძალიან მცირერიცხოვან ჯგუფს, მაგრამ მაინც მართლა სჯერათ ბ-ნი იაგოს სისულეელების, დიდი ალბათობით იმიტომ, რომ ბ-ნი იაგო გერმანიაში საქმიანობს. მაგალითად როგორ არაადამიანურად მოექცეოდნენ და ცუდად უმკურნალებდნენ საქართველოში ბაიერნის ფეხბურთელ იოზუა კიმიხს?! (რა შუაშია?) და როგორ ადამიანურად მოექცნენ და კარგად უმკურნალეს მას გერმანიაში. ან ის, რომ COVID -ის სამკურნალოდ საუკეთესო საშუალება აზითრომიცინია?! (მისი გავლენით ვიღაცები საქართველოშიც მკურნალობენ აზითრომიცინით, რაც ნონსენსია) და ა.შ. ბ-ნი იაგოს პოსტები, რომლებიც ხშირად საღ აზრს სცდება, ეთიკურ მომენტს რომ თავი დავანებოთ, სტრესავს ისედაც სტრესულ მდგომარეობაში მყოფ ქართულ მოსახლეობას, უკარგავს ნდობას ქართველი ექიმებისადმი და ა.შ. ისეთ კომენტარებსაც კი ვხვდებით, სადაც ცალკეული ქართველი მოქალაქეები ბ-ნ იაგოს სთხოვენ ჩამოვიდეს საქართველოში?!, დაიხსნას ისინი საშინელი ქართველი ექიმებისგან?! გადაარჩინოს ისინი COVID-ისგან და ა.შ.

    ვიმეორებ, ეს ყველაფერი სასაცილო იქნებოდა, ვიღაცებს მართლა რომ არ სჯეროდეთ.
    ისე, მინდა ვკითხო ბ-ნ იაგოს – თუ ქართველი ექიმები ასეთი ცუდები არიან და მასიურად ასე ცუდად მკურნალობენ COVID პაციენტებს, ხოლო გერმანიაში პირიქით, შესანიშანვი ექიმები არიან და COVID პაციენტებს შესანიშნავად მკურნალობენ, მაშინ რატომ არის, რომ COVID პაციენტების კლინიკური მართვის მთავარი და პრაქტიკულად ერთადერთი ინდიკატორი – ყველა დადასტურებულ ავადმყოფს შორის სიკვდილობის პროცენტი ე.წ. CFR (case fatality rate) ა.წ. 1 იანვრისთვის გერმანიაში იყო 1.58%, ხოლო საქართველოში – 1.48%. სხვანაირად რომ ვთქვათ, საქართველოში ექიმები უფრო მეტი COVID ავადმყოფის გადარჩენას ახერხებდნენ, ვიდრე გერმანიაში და ეს მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში საქართველოზე შეუდარებლად ძლიერია, შეუდარებლად ძლიერი ჯანდაცვის სისტემით და ამასთან გერმანიაში ამ დროისთვის უკვე ფართედ იყო გავრცელებული ე.წ. ომიკრონის შტამი, რომელიც გაცილებით უფრო ნაკლებად მძიმე დაავადებას და ნაკლებ სიკვდილობას იწვევს, ვიდრე ე.წ. დელტა შტამი, რომელიც დღემდე დომინანტურია საქართველოში.

    ისე, ვინმემ თუ იცით ეს კაცი მართლა მუშაობს გერმანიაში? საქართველოში ხომ მას სოფლის საავადმყოფოს ექიმადაც კი არ აიყვანდნენ და თუ ის გერმანიაში მართლა მუშაობს, მაშინ ეს ერთგვარი კურიოზი და სერიოზული განსჯის საგანია.

    ბ-ნ იაგოს კი ვაფრთხილებთ, რომ თუ ის კიდევ გააგრძელებს მსგავს ინსინუაციებს, ჩვენ ამოვკრეფთ მის მარგალიტებს, ვთარგმნით და გავუგზვანით მის ხელმძღვანელობას და/ან გავაცნობთ გერმანულ საზოგადოებას.“– წერს თენგიზ ცერცვაძე.

    ცერცვაძე ხელისუფლების კოვიდ პოლიტიკის კრიტიკოსებს ტრადიციულად ვრცელი წერილებით პასუხობს. განსაკუთრებით მწვავედ რეაგირებს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ექიმების კრიტიკაზე, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოში კოვიდი არასწორად იმართება.

  • ნატოელმა პარტნიორებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღება საქართველოს გარეშე – ზალკანიანი

    “ნატოელმა პარტნიორებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღება საქართველოს გარეშე “- განაცხადა,  საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა.მისი თქმით, ბრიუსელში ნატო-ს მიწვევით ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ნატოელი პარტნიორებისთვის საქართველოსთან ურთიერთობა და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია არის პრიორიტეტული და ის არ გადაიხედება.

    „ვფიქრობ, რომ ჩვენი პოზიციების ურთიერთგაცვლა ვიზიტის დროს, ნატო-ს ხელმძღვანელობასთან ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მექნება სხვა შეხვედრებიც ნატო-ს წარმომადგენლებთან, რაც იქნება ძალიან სასარგებლო და ჩვენ შევაჯერებთ პოზიციას იმისთვის, რომ შემდგომი მოლაპარაკებების დროს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენი ნატოელი პარტნიორები იყვნენ აღჭურვილი ჩვენი პოზიციითაც და ეს პოზიცია არის სრულ თანხვედრაში”, -განაცხადა ზალკალიანმა.

  • “აწამეს ბავშვი, გაეკეთებინათ საკეისრო რომ არ იბადებოდა” – მშობიარე ქალის ოჯახი, ექიმის გათავისუფლებას ითხოვს

    “აწამეს ბავშვი, გაეკეთებინათ საკეისრო რომ არ იბადებოდა” – 24 წლის მშობიარე ქალის, ანა ჭყონიას ოჯახს, ისინი ბავშვის გარდაცვალებაში მკურნალ ექიმს ადანაშაულებენ.  ბათუმის კლინიკა “ბაუ”-ში, ახალშობილის გარდაცვალების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ,  ორსული ქალი კლინიკაში სრულიად ჯანმრთელი შეიყვანეს და ახალშობილის გარდაცვალების მიზეზი ექიმების უყურადღებობა გახდა.

    “სრულიად ჯანმრთელი ბავშვი იყო, ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა მისი მდგომარეობა. 2 საათი იყო ღამის რომ მოიყვანეს, იმის შემდეგ აწამეს დილის 10 საათამდე. გაეკეთებინათ საკეისრო რომ არ იბადებოდა ბავშვი, ხომ არის ექიმი, ცოდნა ხომ აქვს? ხომ უნდა გააკეთოს ის, რაც გასაკეთებელია. დაიღუპა ალბათ ბავშვი და 20 წუთის მერე იძახდნენ, რომ ბავშვი არის გარდაცვლილი”, – ამბობს მშობიარე ქალის ოჯახის წევრი.

    კლინიკის დიერქტორი აცხადებს, რომ კომენტარს მაშინ გააკეთებს როდესაც ექპსერტიზის პასუხი გახდება ცნობილი.

  • აშშ და ნატო მზად არიან, კვლავ შეხვდნენ რუსეთს – სახელმწიფო დეპარტამენტი

    აშშ და ნატო მზად არიან, კვლავ შეხვდნენ რუსეთს – ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს გუშინ ტელეფონით რუსეთისა და უკრაინის საკითხზე ესაუბრა. მათ რუსეთთან დიალოგის მზაობა გამოთქვეს.

    “ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო მზად არიან კვლავ შეხვდნენ რუსეთს და დიპლომატიისა და დიალოგის გაგრძელების ერთგული რჩებიან. აშშ და ნატოში მისი მოკავშირეები ერთიანები არიან და მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომების უკრაინაში მიმდინარე აგრესიის დეესკალაციისთვის”, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

  • ბათუმის კლინიკაში ახალშობილი გარდაიცვალა

    ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში ახალშობილი გარდაიცვალა. 24 წლის მშობიარე ქალი კლინიკაში გუშინ შეიყვანეს ხოლო დღეს ექიმებმა ოჯახს უთხრეს რომ ჩვილი გარდაიცვალა.

    კლინიკაში მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ და ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან. ოჯახის წევრები ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებენ.

    “მის ექიმს ჩავაბარეთ სამის ნახევარზე. გაუკეთდა გაუტკივარება, გადის დრო და ათის ნახევარზე ბავშვი მირეკავს, მამიდა, ვიმშობიარეო, მაგრამ ბავშვი წაიყვანეს და არ ვიცი რატოო. გადის დრო, ვითხოვთ ექიმს, არავინ არ ჩანს. შემდეგ როცა მოვედი, ექიმები დამხვდნენ და მითხრეს, რომ გამოსვლის დროს ბავშვი დამძიმდა”, – ამბობს ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი.

  • საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზით 105 552 ადამიანია აცრილი

    15 იანვრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 2 603 603 აცრაა ჩატარებული. ვაქცინაციის სტატისტიკა ასეთია:

    • სულ მცირე 1 დოზით აცრილია 1 306 788 ადამიანი
    • სრულად ვაქცინირებულია 1 189 398 ადამიანი
    • ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 105 552 ადამიანს.
  • რუსთავში არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს

    რუსთავში არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს

    რუსთავში არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ, სიკვდილი ალკოჰოლით ინტოქსიკაციამ გამოიწვია.

    მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • საქართველოში „ომიკრონის“ 1185 შემთხვევაა დადასტურებული

    საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 1185 შემთხვევა. აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

    ამასთან, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5381 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 30 პაციენტი.