Category: სლაიდერი

  • ნუ დავაკავშირებთ დევნილების პრობლემასთან – მინისტრი დევნილის თვითმკვლელობაზე

    ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ აქციის დროს დევნილის შენობიდან გადმოხტომა “უბედური შემთხვევაა” და ის არ უნდა დავაკავშიროთ დენილების პრობლემასთან.

    “პირველ რიგში, მივუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, ვერ დაგეთანხმებით რომ ეს რამე კავშირში შეიძლება იყოს წინა დღეებში განვითარებულ მოვლენებთან. ეს არის უბედური შემთხვევა, რაც სამწუხაროდ, მოხდა და ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას.

    რაც შეეხება სანატორიუმ “ქართლში” დაკავშირებულ პრობლემებს, ამასთან დაკავშირებით, სამინისტროში ჩემი მისვლის პირველივე დღიდან იმართება კონსულტაციები, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა და გეგმა, როგორ უნდა უზრუნველვყოთ დევნილები, პრიორიტეტები რაც გვაქვს დასახული – 13 ათასი ოჯახი უზრუნველვყოთ ბინით. ზუსტად ვიცით, როგორ გავაკეთოთ ეს, რა გეგმებს უნდა მივყვეთ.

    გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, პირველადი ინფორმაციით, ეს არის უბედური შემთხვევა და ჩემი თხოვნა იქნება, გამოძიების შედეგებს დაველოდოთ და ნუ დავაკავშირებთ ამას დევნილების პრობლემასთან”. – თქვა ზურაბ აზარაშვილმა.

    ცნობისთვის, გუშინ სანატორიუმ ქართლის მცხოვრებმა დევნილმა კაცმა პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა, ის შენობის სახურავიდან გადმოხტა. ამის შემდეგ სამინისტრომ განაცხადა, რომ “ქართლში” მცხოვრებ დევნილებს ბინებს უპირობოდ გადასცემენ.

  • ეს ღირდა ამ ბინის საფასურად?! განა რას ითხოვდა საწყალი?! – გარდაცვლილი დევნილის და

    გუშინ, სანატორიუმ “ქართლის” შენობასთან გარდაცვლილი დევნილის და ამბობს, რომ მისი ძმის გარდაცვალება ხელისუფლების მიერ უყურადღებობამ გამოიწვია. მისივე თქმით, მამაკაცი არაადეკვატური არ ყოფილა.

    “ვითხოვდით ბინას, კუთვნილ ბინას, რომელიც გვეკუთვნის. 2 თვეა ასე ვწანწალებთ და ვიქცევით. არავინ არ მოგვაქცია ყურადღება არც მთავრობამ, არც აფხაზეთის მთავრობამ. არცერთმა ყური არ გვიგდო. აი შედეგიც, ეს ღირდა ამ ბინის საფასურად?! ღირდა?! განა რას ითხოვდა საწყალი?! როგორც ლაპარაკობენ, არაადეკვატური იყოო, არ ყოფილა ასეთი”,– ამბობს გარდაცვლილი და მთავარ არხთან საუბრისას.

    ცნობისთვის, გუშინ სანატორიუმ ქართლის მცხოვრებმა დევნილმა კაცმა პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა, ის შენობის სახურავიდან გადმოხტა. ამის შემდეგ სამინისტრომ განაცხადა, რომ “ქართლში” მცხოვრებ დევნილებს ბინებს უპირობოდ გადასცემენ.

  • წიგნში გაპარულ შეცდომაზე ბაქრაძესთან სერიოზულ განხილვებს ვგეგმავთ – კულტურის სამინისტრო

    საქართველოს კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ 31 დეკემბრის შემდეგ სამინისტროს “არაერთმა სამართლიანად აღშფოთებულმა მოქალაქემ” მიმართა იმის გამო, რომ ქართული ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნი, სადაც ხსენებული ავტორის კუთვნილებად გამოცხადებულია ანა კალანდაძის ორი ლექსი.

    აღნიშნული შეცდომის შესახებ ინფორმაცია თავად მუზეუმის დირექტორმა, ლაშა ბაქრაძემ 2 იანვარს გაავრცელა და საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

    კულტურის სამინისტროს განცხადებით, ისინი ლაშა ბაქრაძესთან უახლოეს პერიოდში “სერიოზული განხილვებს” გეგმავენ.

    “ეს სამწუხარო ფაქტი, კულტურის სამინისტროს მიერ შესწავლის შედეგად, ახლა უკვე უდავოდ დადასტურებულია და, ბუნებრივია, რომ მის გამომჟღავნებას საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა.

    ეს არც არის გასაკვირი, რადგან საქმე გვაქვს ქართული ლიტერატურის კლასიკოსთან, სიცოცხლეშივე პოეზიის დედოფლად აღიარებულ შემოქმედთან, ვისი ორი ლექსიც სხვა ავტორს მიაკუთვნეს. ისიც არ არის შემთხვევითი, რომ აუცილებელ რეაგირებას ლიტერატურის მუზეუმის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი უწყებისგან, კულტურის სამინისტროსგან მოითხოვენ.

    წიგნის შემდგენელია ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე, რედაქტორი – დირექტორის მოადგილე თეა თვალავაძე. რედაქტორი გულწრფელად განიცდის აღნიშნულ შეცდომას, რასაც მისი ავად გახდომაც კი მოჰყვა. სამინისტრო პატივს მიაგებს თეა თვალავაძის მუზეუმში მრავალწლიან კეთილსინდისიერ საქმიანობას და მას მომავალშიც მხნეობას უსურვებს.

    რაც შეეხება წიგნის შემდგენელსა და, იმავდროულად, მუზეუმის ხელმძღვანელს, ის კოვიდით არის ავად. უახლოეს პერიოდში, სამინისტრო მასთანაც გეგმავს საკითხის სერიოზულად განხილვას. აუცილებელია, გაირკვეს, რამ განაპირობა ესოდენ მასშტაბური რეზონანსის გამომწვევი შეცდომა ისეთ სოლიდურ დაწესებულებაში, როგორიც ლიტერატურის მუზეუმია.

    სამინისტროსთვის, ასევე, პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმის პრევენციას, რომ სისტემის შიგნით მსგავსი სამწუხარო ფაქტების ალბათობა მაქსიმალურად გამოირიცხოს. საზოგადოებას აქვე ვაცნობებთ, რომ სამინისტრომ უკვე მოითხოვა მუზეუმისაგან, რომ შეწყდეს აღნიშნული გამოცემის გავრცელება და მუზეუმმა მიმართოს შესაბამის ზომებს, მესამე პირებზე გადაცემული ეგზემპლარების დასაბრუნებლად.

    კულტურის სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ პირს, ვინც წიგნში არსებული შეცდომის შესახებ მას დროულად შეატყობინა”,– ნათქვამია წულუკიანის უწყების განცხადებაში.

    ლაშა ბაქრაძემ 2 იანვარს Facebook-ზე დაწერა, რომ ელენე ბაქრაძის წიგნში “უაღრესად სამწუხარო” შეცდომა გაეპარათ, რომლითაც “არაკეთილმოსურნეებმა გაიხარეს” და “ზიზღის ნთხევა დაიწყეს”.

    “შეგვეშალა და ბოდიშს ვიხდით. ამ შეცდომის შესახებ ჩვენ გასულ წელს უკვე ვიცოდით, მაგრამ არ გვინდოდა, შეცდომის აღიარება ჩაკარგულიყო ამ საახალწლო ეიფორიაში.

    არანაირი ბოროტგანზრახვა, რასაკვირველია, აქ არ არის და არ შეიძლება, რომ ყოფილიყო.
    მაგრამ, სამწუხაროდ, ლიტერატურის მუზეუმს ბევრი არაკეთილმოსურნე აღმოაჩნდა, დიდი ხნის წინ გარდაცვლილ ელენეს კი ისედაც ჰყავს – რომლებმაც გაიხარეს ამ უნებლიე შეცდომით და მათთვის ჩვეული ზიზღისა და სიძულვილის ნთხევა დაიწყეს” – წერს ლაშა ბაქრაძე.

  • თბილისის ზღვასთან და გონიოში ფინანსური ცენტრის შექმნის იდეა გვაქვს – პრემიერი

    გვაქვს 2 ფინანსური ცენტრის შექმნის იდეა:

    ერთი შეიქმნას თბილისში, თბილისის ზღვასთან, 110 ჰექტარზე განთავსდება სავარაუდოდ ჩვენი სურვილისამებრ. ქვეყნის და რეგიონის გამორჩეული საქმიანი ცენტრი გახდეს ეს ადგილი.

    ანალოგიური ცენტრის ჩამოყალიბება იგეგმება გონიოში. გონიოში უფრო მულტიფუნქციური ცენტრის შექმნას ვგეგმავთ. ამაზე უკვე დავიწყეთ აქტიური მუშაობა.

    სპეციალური ფინანსური ზომები საერთაშორისო კომპანიებს შესთავაზებენ საერთო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ, ლიბერალურ სამართლებრივ რეჟიმს, ასევე, საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ ლიბერალურ რეგულატორულ და ფისკალურ რეჟიმებს. ამ ცენტრების პერსონალის დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეები იქნებიან, რაც მათ განსაკუთრებული პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას მისცემს

    თბილისის და გონიოს ფინანსური ცენტრების შექმნაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის და გამოცდილების მქონე კომპანიები, როგორიცაა ჩვენი მრჩეველი კომპანია – Rothschild”

    თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

  • თურქეთის ბაზარი გაიხსნა, წამლები გაიაფდება – ირაკლი ღარიბაშვილი

    პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეიდან მედიკამენტების იმპორტისთვის თურქეთის ბაზარი გაიხსნა, რაც წამლის ფასების შემცირებას გამოიწვევს.

    “ჩვენ დღეს ხელი მოვაწერეთ მთავრობის განკარგულებას, შესაბამისად, უკვე გაიხსნა თურქეთის ბაზარი. შესაბამისად, თურქეთიდან შემოვა GMP-ის მაღალი ხარისხის წამლები. საგრძნობლად დიდია სხვაობა ფასებს შორის.

    ყველაზე მოთხოვნადი წამლები, პირობითად, ჩვენთან თუ ღირს 10 ლარი, თურქეთში ღირს ლარი და 2 ლარი, ამიტომ არავითარი არგუმენტი იმისა, რატომ არ უნდა ყოფილიყო გახსნილი თურქეთის ბაზარი, არ არსებობს, ვერ მოვისმინე, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება და თურქეთის ბაზარი გაიხსნა. იმედი მაქვს, იმპორტიორი კომპანიები მაღალი ხარისხის წამლებს შემოიტანენ თურქეთიდან, რაც მნიშვნელოვნად გააიაფებს წამლებს საქართველოში”. – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

    მანვე აღნიშნა, რომ მთავრობის ამოცანა უნდა იყოს მედიკამენტებზე ფასების მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი.

  • ვის დაუსუბსიდირებს მთავრობა ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს – პრემიერის განმარტება

    პირველი საკითხი ეხება ელექტროენერგიის სუბსიდირების საკითხს. ჩვენი გადაწყვეტილებით, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, დაახლოებით მილიონ ადამიანს დავუსუბსიდირებთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს. ეს შეეხება მიზნობრივ ჯგუფებს. 150 000 და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას. რაც დაახლოებით 1 მილიონ ადამიანს შეადგენს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ აღნიშნული პროგრამა გვქონდა პანდემიის დაწყების დღიდან და გრძელდებოდა 2 წელი, ეს იანვარში შეწყდა, ჩვენ ახლა მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს პროგრამა გავაგრძელოთ და მოსახლეობის იმ ფენას, ვინც ყველაზე მეტად გაჭირვებულია, დავუსუბსიდიროთ ელექტროენერგიის ნაზარდი. ეს ამოქმედდება იანვრიდან მთელი წლის განმავლობაში”

    თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

  • რუსეთს ადრეც გამოუყენებია ძალა უკრაინის, საქართველოს წინააღმდეგ – სტოლტენბერგი

    ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ რუსეთისგან უკრაინაში შეჭრის საფრთხე რეალურია, რადგან მას ადრეც გამოიყენებია სამხედრო ძალა უკრაინის, საქართველოს და სხვა მეზობლების წინააღმდეგ.

    მისივე განცხადებით, NATO-მ დიალოგი უნდა აწარმოოს, თუმც მზად უნდა იყოს, რომ რუსეთი ძალას ისევ გამოიყენებს.

    “ვიცით, რომ რუსეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა სამხედრო ძალები, ასევე, გვესმის მუქარის შემცველი რიტორიკა. მათი განცხადებით, თუ არ გავაკეთებთ იმას, რასაც ისინი ამბობენ, სამხედრო ტექნიკური შედეგების წინაშე აღმოვჩნდებით, რაც მუქარას ჰგავს უკრაინის წინააღმდეგ.

    ჩვენ ასევე ვიცით რუსეთის გამოცდილება. რუსეთს აქამდეც გამოუყენებია სამხედრო ძალა მეზობლების – უკრაინის, საქართველოსა და სხვების წინააღმდეგ, ამის გათვალისწინებით საფრთხე რეალურია, ამიტომ, მნიშვნელოვანია დიალოგი, მაგრამ ასევე უნდა ვემზადოთ, რომ რუსეთმა შესაძლოა ძალა ისევ გამოიყენოს და გავუგზავნოთ ნათელი მესიჯები, რომ თუ ამას იზამს, მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები მოჰყვება” – ამბობს იენს სტოლტენბერგი  CBS -თან ინტერვიუში.

  • COVID-19-ით კიდევ 32 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3656 ახალი შემთხვევა

    COVID-19-ით კიდევ 32 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3656 ახალი შემთხვევა

    ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 32 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 3656 ახალი შემთხვევა, ხოლო 3066 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

    დღიურად აიცრა 2 290 პირი.

  • ინტენსიური თოვის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს – სია

    საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში შეუფერხებლად მიმდინარეობდა და ახლაც ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზებზე განუწყვეტლივ იყრება ტექნიკური მარილი, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს.

    მათივე ცნობით, ამ დროისთვის, გადაადგილების სპეციალური რეჟიმები მოქმედებს შემდეგ საავტომობილო გზებზე:

    • ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
    • დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვანი-სულორის საავტომობილო გზის კმ6-კმ11 მონაკვეთზე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
    • თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის კმ2-კმ5 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
    • ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
    • ინტენსიური თოვის გამო, საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
    • რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა და ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
    • დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი -ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
    • ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
    • დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ28-კმ50 მონაკვეთზე, (ბაღდათი-საირმე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
    • ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის კმ16-კმ29 მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
    • ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ42-კმ125 მონაკვეთზე (ცაგერი-მელე) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ42 (წყალტუბოს გადასახვევი-ცაგერი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
    • შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ186 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.
    • საავტომობილო გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

    საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

  • 7 მიზეზი, თუ რატომ არ ღირს, დაგემართოს ომიკრონი – კულუმბეგოვი

    და მაინც, რატომ არ ღირს დაგემართოს ომიკრონი:

    – მიუხედავათ დაავადების მთლიანობაში შემსუბუქებისა, მაინც დიდი რისკის ვარიანტია ასაკოვანი და ქრონიკული დაავადების მქონე პოპულაციისთვის

    – დაავადება გემართება დროში შენი ნების საწინააღმდეგოდ და სოციალური და ოჯახური გარემოსგან გამოგთიშავს მინიმუმ 8 დღე

    – შენ შეიძლება ავადმყოფობის დროს გახდე მოწყვლადი ადამიანების დაინფიცირების მიზეზი

    – შენი იმუნური პასუხი გასტანს მხოლოდ თვეები და არა მთელი ცხოვრება

    – შენ შეიძლება დამატებითი ტვირთი გახდე ჯანდაცვის სისტემისთვის

    – თუ შენ ეხლა ავად გახდები, დიდი ალბათობით არ მოგიწევს სამკურნალო პრეპარატების მიღება (პაქსლოვიდი, მოლნუპირავირი, სოტროვიბამი…), რომლებიც ჯერ ჯერობით ძალიან დეფიციტურია მსოფლიოში

    – შანსი, რომ ომიკრონის მერე ხანგრძლივი კოვიდი დაგრჩეს, დიდია

    ასე რომ, პირზე და ცხვირზე კარგად მოირგე ნიღაბი (სამედიცინო ან რესპირატორი), თავი შეიკავე შეკრებებისგან, სახლი თუ სამუშაო სივრცე ხშირად გაანიავე და გაიკეთე აცრა (ბუსტერი)!!!

    წერს ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი Facebook-ზე.